close

 რეჟისორი, რომელიც ადამიანების ფსიქოლოგიური პორტრეტების წარმოჩენას საუკეთესოდ ახერხებს – ეს ოთარ იოსელიანია. მისი შემოქმედება შეიძლება ,,ქართულ“ და ,,ფრანგულ“ ეტაპებად დაიყოს, რომელიც როგორც მხატვრულ, ასევე დოკუმენტურ ფილმებს მოიცავს.
,,ფრანგული პერიოდი“ 1980-იანი წლებიდან იწყება, როდესაც ოთარ იოსელიანი საფრანგეთში გადადის საცხოვრებლად. კინორეჟისორი იძულებული გახდა დაეტოვებინა საქართველო და თავი საფრანგეთისათვის შეეფარებინა.  იქ არაერთ დოკუმენტურ თუ მოკლემეტრაჟიან ფილმს იღებს, მათ შორის – ,,მთვარის ფავორიტებს“ (1984 წელი), რომელიც ვენეციის კინოფესტივალის ჟიურის სპეციალური პრიზით  ჯილდოვდება. იოსელიანის სხვა ფილმებსაც არაერთი წარმატება ხვდა წილად, მათ შორის ,,და იყო სინათლე“ და ,,ყაჩაღები, თავი VII“ იმავე პრიზით დაჯილოდოვდა.  საინტერესო არის ის, რომ ოთარ იოსელიანი მსახიობის ამპლუასაც  წარმატებით ირგებს, 1999 წელს გამოდის მისი ახალი ფილმი „ In vino veritas!“,   რომელშიც ერთ-ერთ მთავარ როლს თავად ასრულებს. რეჟისორი აგრეთვე დაჯილდოებულია ჟან ვიგოს სპეციალური პრიზით – კინემატოგრაფის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის (კანი. 2010).

ოთარ იოსელიანი – რა შეიძლება ითქვას ამ რეჟისორზე?  შეუძლებელია, არ ითქვას ის, რომ მას  თავისი სამყარო აქვს, რომელშიც   კარგად ჩანს საზოგადოების სახე, საზოგადოების, რომელიც ნელ-ნელა იცვლება და კონორეჟისორის შემოქმედებაშიც აისახება ეს ცვლილებების  პროცესი. რეჟისორი მუდმივად განიცდიდა ზეწოლას საბჭოთა ხელისუფლების მხრიდან, რომლისთვისაც მისი კინოშემოქმედება იდეოლოგიურად მიუღებელი იყო:  „თავიდანვე  პარადოქსულ ფილმებს ვიღებდი, რაც მოსკოვს ძალიან აღიზიანებდა. რასაკვირველია, საქართველოს  ხელმძღვანელობა ემორჩილებოდა ცენტრალურ მთავრობას და, გაირკვა, რომ „პასტორალის” შემდეგ, კინემატოგრაფში ჩემი ადგილი აღარ იყო. ეს არ იყო ანტისაბჭოთა ფილმები, მაგრამ, ისეთ განწყობას ქმნიდნენ, თითქოს საბჭოთა ხელისუფლება საერთოდ არ არსებობდა. „გიორგობისთვე”, „იყო შაშვი მგალობელი”, „პასტორალი” აბსოლუტურად სისტემის გარეთ იდგა. გამომდინარე იქიდან, რომ უპირატესობას მსუბუქ ქართულ კომედიებს ანიჭებდა, ამ ფილმებმა მოსკოვი ძალიან გააღიზიანა და მითხრეს, თქვენ კინოს აღარ გადაიღებთო. მაშინ ედუარდ შევარდნაძეს ვთხოვე, რომ უცხოეთში მუშაობის უფლება მაინც მოეცათ. წავედი და გადავიღე „მთვარის ფავორიტები”…“

საზოგადოების დიდი ნაწილი უარყოფითად იყო განწყობილი მის მიმართ, რადგანაც იოსელიანის ფილმებში საკუთარ სახეს ხედავდა – ადამიანურობისგან დაცლილ სახეს. იყო შემთხვევები, როდესაც მის ფილმებზე კინოში მისულ მაყურებელს, საზოგადოების დიდი ნაწილი ლანძღვით ხვდებოდა და ა.შ. თუმცა წლებმა აჩვენა, თუ რა არის ღირებული და რა –  არა. ოთარ იოსელიანის შემოქმედება ადამიანის რეალური განცდების გადმოცემაა, ყოველგვარი შელამაზების გარეშე.

გადავწყვიტე, მისი შემოქმედებიდან 4 ფილმი ამეღო და ჩემი შთაბეჭდილებები თქვენთვის გამეზიარებინა.  ,,იყო შაშვი მგალობელი“, ,,გიორგობისთვე“, ,,აპრილი“, და  „პასტორალი“ , რეჟისორის შემოქმედების მწვერვალია, არა მარტო ,,ქართულ პერიოდში“, არამედ, ზოგადად, მის ფილოგრაფიაში.

ფილმი, ფაქტობრივად, მუნჯურია – თითქმის არანაირი დიალოგი, მხოლოდ მუსიკა, სპეციფიკური ხმები და ა.შ. ამ მოკლემეტრაჟიან ფილმში აღწერილია ახალგაზრდა წყვილის სასიყვარულო ისტორია, რომელიც თავდაპირველად ძალიან წრფელი და წმინდაა, ისინი ეძებენ თავშესაფარს, სადაც შეძლებენ ერთმანეთის ალერსს, შემდეგ კი ყველაფერი ერთბაშად იცვლება – უცებ მათ ცხოვრებაშ ჩნდება სახლი, ავეჯი, ძვირფასი ნივთები და სადღაც ქრება ის, რაც მათ ურთიერთობას განსაკუთრებულობას სძენდა. ის ურთიერთიბა, რომელიც თავისუფალი იყო ყოველგვარი მატერიალურობისაგან, ხდება უკიდურესად მატირიალისტური, მომხვეჭელობით აღსავსე, ,,მეშჩანური“. ახალდაქორწინებული ვაჟა და მზია ხვდებიან გარემოში, რომელიც სწორედ ასეთია და ისინიც ამ გარემოს ნაწილნი ხდებიან. თუკი თავდაპირველად მათი სიყვარული ბინაში ყველაფერს ცოცხალს ხდიდა, მათ შორის ნათურას, რომელიც თავისით ინთება, წყალს, რომელიც თავისით მოდის ონკანიდან, ფანჯარას, რომელიც თავისით იღება – შემდეგ ეს ყველაფერი ქრება. ყველაფერი თითქოს ერთი სკამის ჩუქებით იწყება, რომელსაც მეზობელი მამაკაცი ჩუქნის წყვილს, სწორედ აქ იწყება მათი მატერიალისტური სწრაფვა, ამას ერთვება კონფლიქტი მათ შორის, გარემოსაგან იზოლირების სურვილი. კარს დღითიდღე ემატება საკეტები, ბოქლომები, თითქოს ადამიანები ერთმანეთისაგან თავდაცვის სურვილით არიან შეპყრობილი, რომელიც სწორედ ამ მატერიალიზმიდან ამომდინარეობს. წყვილს ამ რადიკალურ შემობრუნებამდე ჰქონდა ,,მყუდრო ნავსაყუდელი“ ტრიალ მინდორში, სადაც იდგა დიდი ხე, მაგრამ ფუფუნებისადმი სწრაფვა, ქონებისადმი სიყვარული მათ უბიძგებს, რომ ეს ხე მოჭრან და ამით ავეჯი შემატონ სახლს, რომელიც უკვე გატენილია უამრავი ძვირფასი ნივთით.

ფილმი რეალობის კონტექსტს აბსოლუტურად არის მორგებული – მსოფლიო, რომელიც არა სულიერების, არამედ მატერიალურობისკენ არის მიმართული; მსოფლიო, რომელიც წვრილმანებით ცხოვრობს და ვერ ამჩნევს მთავარ ფასეულობებს; ესაა მსოფლიო, რომელიც ცდილობს გაემიჯნოს დანარჩენ სამყაროს. როდის და სად ჩნდება ადამიანში მატერიალიზმისაკენ სწრაფვა და როგორ შეიძლება მან თავიდან აიცილოს ეს? ალბათ მთავარი მოტივი სიყვარულში დევს, სიყვარულში, რომელიც იმდენად ძლიერია, რომ ადამიანის ცხოველურ მოთხოვნილებებს აცამტვერებს. ასე ხდება მზიასა და ვაჟას შემთხვევაში, რომლებიც დროზე მოდიან გონს, ფანჯრიდან ყრიან ყველა ნივთს და მოუხედავად დაცარიელებული ბინისა, ბედნიერად განაგრძობენ ცხოვრებას. ამ ყველაფერს ფონად სხვა ფანჯრებში არსებული რეალობა გასდევს, რომლებშიც ჩანს მუსიკოსები, ( მესაყვირე, მევიოლინე .. ) , ბალერინა, სპორტსმენი, თითქოს, ცოლ-ქმრის შერიგება ამ ადამიანებსაც უღვიძებს უნარს, აკეთონ თავიანთი საქმე და ორკესტრი იწყებს დაკვრას, ბალერინა ცეკვას, სპორტსემნი ვარჯიშს … ბოლო კადრები კი სიმბოლურია – ისევ ის ტრიალი მინდორი,  მოჭრილი ხე და ვაჟა და მზია, რომლებიც ისევ ბედნიერები არიან – მათ თავი დააღწიეს მატერიალიზმს და ბედნიერება სულ სხვა რამეში იპოვნეს.

შემდგომი ფილმი არის ,,გიორგობისთვე“, რომელიც 1966 წელს გადაიღო რეჟისორმა, ეს ფილმი ნამდვილ სკანდალად იქცა და საზოგადოებში ძალიან დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია, ამის მიზეზად  მის ანტისაბჭოურობას ასახელებდნენ, ზოგჯერ კი – ანტიქართულობას, თუმცა მეორე ვარიანტი გაუგებარია. კინოთეატრების დირექციას ფილმის ჩვენება აუკრძალეს.  რატომ? – იქნებ იმიტომ, რომ ფილმი ქართველი საზოგადოების, ქართული ყოფიერების ზუსტი ასახვა იყო ?!   ასეა თუ ისე, საქართველომ თუ არა, საფრანგეთმა მაინც დააფასა რეჟისორის ნამუშევარი და ჟან ვიგოს პრემიით დააჯილდოვეს იგი.მოხდა საოცრება –   ფილმი ნახა იმდოინდელმა საქართველოს კომპარტიის ცეკას მდივანმა – დევი სტურუამ. მოეწონა  და კინოგაქირავებასაც გადასცა.

ფილმი ერთი ჩვეულებრივი, თითქოსდა არაფრით გამორჩეული ბიჭის – ნიკო კეჟერაძის რამდენიმე დღის აღწერაა, რომელიც მუშაობას ღვინის ქარხანაში იწყებს, ქარხანაში კი მოულოდნელად უამრავ დარღვევას, უპასუხისმგებლობას აწყდება, რასაც ვერ ეგუება. ერთი შეხედვით, მაყურებელს რჩება შთაბეჭდილება, რომ ნიკო წარმოუდგენელია, იყოს პრინციპული, რომ ის კონფორმისტია.  მაგრამ იგი იმაზე ბევრად უფრო ძლიერი აღმოჩნდება, ვიდრე ამას პირველი შთაბეჭდილება ტოვებს. ისიც უნდა ითქვას, რომ ნიკო თავიდან უსუსურია, არ აქვს უნარი იმის, რომ მიუხედავად თანამდებობისა, იუფროსოს, რაღაც მართოს. არის უბრალო, თავისი მეგობრისგან განსხვავებით, რომელიც მას ურჩევს, რომ ქარხნის უბრალოდ მუშებს თავი არ გაუყადროს. ნიკო მზადაა დაეხმაროს ყველას – კასრების გადაგორებაში, ღვინის ჩამოსხმაში, ითამაშოს ფეხბურთი შესვენებებს შორის და ა.შ. მაგრამ ერთ დღესაც, იგი დილემის წინაშე დგება – ღვინის ქარხნის ხელმძღვანელობა გეგმის დროზე შესასრულებლად უხარისხო ღვინის ჩამოსხმას აპირებს, რომელიც ყოვლად დაუშვებელია, ნიკო თავიდანვე აპროტესტებს ამ ფაქტს, თუმცა თანამშრომლების ნაწილი მკაცრ უარზეა, ნაწილს კი, მართალია, იგივე აზრი აქვს, მაგრამ ერიდება ამ აზრების ,,გამომზეურებას“. ნიკო მიდის ხელმძღვანელობის წინააღმდეგ და ღვინოში ასხამს ჟელატინს, რომელიც ნიშნავს, რომ გეგმა დროზე ვერ მოესწრება, თუმცა ღვინო ნამდვილად იქნება ხარისხიანი.  ეს ფილმი სრული შედევრია – ისტორია, რომელიც ეხება უცხო გარემოში მოხვედრილ ადამიანს, მის დაკვირვებას, ცვლილებას, განსხვავებულ ღირებულებებს, დამახინჯებულ ურთიერთობებს… ნიკო ამ სამყაროში თითქოს ერთადერთი ნათელი წერტილია, დანარჩენი სამყარო კი ბრბო, ხროვა, რომელსაც ან საკუთარი აზრი არ გააჩნია, ან თუ გააჩნია, მზად არის, ამ აზრისთვის ყველა და ყველაფერი გასწიროს. ფილმში კარგად ჩანს ნიკოს შეგუების მცდელობები, დათმოს თავსი პრინციპები, მაგრამ სინდისი და მორალი არ აძლევს უფლებას მოიქცეს ასე. ნიკო ხდება მკაცრი, პრინციპული, სამართლიანობის მოყვარე, უფრო სწორედ- ამჟღავნებს ამ თვისებებს. რატომ შეიძლება აღქმულიყო ფილმი ანტისაბჭოურად ან ანტიქართულად? სრულიად ვიზიარებ იმ აზრს, რომ ფილმში ნამდვილად არის გადმოცემული ანტისაბჭოური ელემენტებო, მათ შორის გეგმის შესრულების პრინციპი, რომლისთვისაც მუშები მზად იყვნენ უხარისხო პროდუქციით ,,გაენებივრებინათ“ მომხარებელი. ოთარ იოსელიანმა აჩვენა, თუ რა ხდებოდა იმდროინდელ ყოფაში, რაზე იყვნენ ადამიანები ორიენტირებული, როგორი იყო რეალური საზოგადოება, სისტემა… თუმცა, ნიკოს უფასდება პრინციპულობა და სამართლიანობა – ყოველ შემთხვევაში, ყველასგან ,,დატუქსული“, ქარხნის დირექტორისგან შექებას იმსახურებს. იქნებ, ამით რეჟისორს იმის თქმა სურდა, რომ საკუთარი აზრის ქონა სულაც არ არის ისეთი საშინელი, როგორიც გვგონია? ყოველთვის არის შანსი, რომ ჩვენს მსხვერპლს, არაორდინალურ ქცევას ვიღაც მაინც დააფასებს და ოდესმე გამოიღებს ჩვენი მცდელობები შედეგს. თუმცა, ეს არცთუ ისე ხანგრძლივი პროცესი იქნება, საზოგადოება მაინც მდორე მდგომარეობაში ყოფნას ამჯობინებს და ასეთი ,,ნათელი წერტილები“ მაინც დიდს ვერაფერს შეცვლიან, სამწუხაროდ.

“იყო შაშვი მგალობელი“  ოთარ იოსელიანმა 1970 წელს გადაიღო, ფილმის სახელი თავიდანვე იპყრობს ყურადღებას, რაც შეიძლება შეხებოდა რეჟისორი და რა შეიძლება ეთქვა მას მისი საშუალებით?  რამდენჯერაც არ უნდა ვუყურო ამ ფილმს, მუდმივად მიჩნდება განცდა, რომ პირველად ვუყურებ და თავიდან ვიაზრებ ყველაფერს. არ ვიცი, ამას რა ახსნა შეიძლება მოეძებნოს, მაგრამ რეჟისორი, რომელიც ამას ახერხებს – გენიოსია. ოთარ იოსელიანმა  საუკეთესო უცხოენოვანი ფილმისთვის პრიზიც კი მიიღო იტალიაში. მსახიობები გენიალურად ირგებენ საკუთარ როლებს, განსაკუთრებით კი – მთავარი როლის შემსრულებელი – გელა კანდელაკი.  ფილმში ნაჩვენებია ერთი ახალგაზრდა ბიჭის – გიას ისტორია, რომელიც თითქოსდა უამრავი საქმით არის დაკავებული. მისი ცხოვრება მუდმივად მჩქეფარეა, ყველას უყვარს გარშემო, არის ორკესტრში დასარტყამი ინსტრუმენტის დამკვრელი. გიას ცხოვრება ყველა კატეგორიის ადამიანთან ურთიერთობით შემოიფრგლება – ბავშვებთან, მოხუცებთან, თანატოლებთან, მაგრამ ამ ყველა ურთერთობას აკლია რაღაც. თითქოსდა, ეს ადამიანი ურთიერთობებში, საქმეში არის ზერელე, არაფერს ეკიდება სერიოზულად და დროს უქმად ფლანგავს, დროს,რომელიც მუდმივად ახსენებს, რომ არ არის მარადიული. გია არაერთხელ იღებს ,,გაფრთხილებას“, ერთხელ, ქუჩაში მიმავალს კინაღამ გადმოვარდნილი ქოთანი ეცემა თავში, ხან ერთ-ერთი შენობის დემონტაჟის დროს არცთუ ისე უსაფრთხო მდგომარეობაში აღმოჩნდება, ან მანქანა ეჯახება და ეს მანქანა დროზე ამუხრუჭებს. რეალურად, გია  ვერავის ვერ ეხმარება, ფუჭია მისი ყოველი საქმე. ხელს უშლის ფილმის გადამღებებს ზედმეტი ცნობისმოყვარეობით, ხან აბანოში ,,უვარდება“ ადამიანებს და უხერხულ მდგომარეობაში ესაუბრება.  ორსკესტრში მისი საქმიანობა კი მუსიკალური ნაწარმოების კულმინაციაში დასარტყამი ინსტრუმენტის ერთი დარტყმით შემოიფარგლება. გია ცდილობს ,,არ დაკარგოს დრო”, იქამდე სხვა საქმეები მოასწროს და თავისი ნომრის დროს შემოვარდეს სცენაზე, რაც ძალიან დიდ უკმაყოფილებას იწვევს თანამშრომლებში. თუმცა ამას მათი ნაწილი იმით ამართლებს, რომ გიას საათნახვერიანი პაუზა აქვს და ამ დროს რეალურად არაფერს აკეთებს. ამის პარალელურად, რეჟისორი არასდროს ივიწყებს ჩვენს ყოფიერებაში არსებულ პრობლემებს, თუნდაც ტრანსპორტს, სადაც ადამაინები  უკიდურესად ხისტად და უხეშად ეპყრობიან ერთმანეთს, ეს განსაკუთრებით ამ ფილმსა და ,,გიორგობისთვეში“ შევნიშნე. რეჟისორი აბსოლუტურად არ სწყდება რეალობას და მიუხედავად იმისა, რომ ერთი შეხედვით ფილმი კომედიურად გვეჩვენება თავიდან, ეპილოგი ამბოლუტურ ტრაგიზმს ქმნის.

რა უნდა დავარქვათ სხვა, თუ არა ირონია იმას, როდესაც ვხედავთ, რომ გიას არსებობა მხოლოდ ქუდის საკიდად ღირდა, ამით შემოფარგლა იგი, მხოლოდ ეს შექმნა ღირებული, გია კვდება, მანქანა ეჯახება და ეს, მიუხედავად იმისა, რომ ამის  ,,წინათრგნობა“ გაქვს, მაინც წარმიუდგენელია. პროტესტის  გრნობა გიჩნდება, რატომ შეიძლება მომკვდარიყო ის?  ხომ არაფერს აშავებდა თავისი უსუსური არსებობით?  ასეა თუ ისე, რეჟისორი იმის თქმას ცდილობს, რომ ადამიანებმა ფუჭად არასდროს უნდა დავკარგოთ დრო, უნდა ვიცოდეთ მისი ფასი, იმიტომ რომ არასდროს ვიცით, როდის ,,წავალთ” და თუ ჩვენი არსებობს მხოლოდ საკიდით შემოიფარგლება, მაშინ უნდა მივიჩნიოთ, რომ ჩვენი არსებობს  არარსებობას უფრო ჰგავდა. მაინც მგონია, რომ გია ბოლომდე უკვალოდ არ წასულა ამქვეყნიდან, მისი საკიდიც ხომ საჭირო აღმოჩნდა, თუნდაც ერთი უბრალო მესაათისთვის, რომელმაც მასზე ქუდი ჩამოკიდა? ალბათ, ნებისმიერი ადამიანის არსებობას აქვს აზრი – ჩვენ ხომ ასეთებად არ ვიბადებით ? ჩვენ ვყალიბდებით და ამ ჩამოყალიბებაში არა მარტო გარემო, არამედ საკუთარი აზროვნება და დამოკიდებულება დროისადმი,  ასრულებს დიდ როლს.

ფილმი ძალიან ემოციურია და მოდუნების საშუალებას არ იძლევა, განსაკუთრებული დინამიკურობა მას თავის ,,პეწს“ სძენს. ალბათ, ყველა ადამიანის აღქმა განსხვავებული იქნება, თუმცა მესიჯი ნამდვილად ერთია – დრო ძვირფასია და იგი ამაოდ არ უნდა იხარჯებოდეს.

იყო შაშვი მგალობელი, რომელიც იყო, გალობდა, არაფერს აშავებდა, მაგრამ, ამასთან ერთად, დიდს ვერაფერს აკეთებდა…

ფილმში მონაწილეობენ: ნესტორ ფიფია, რეზო ჭარხალაშვილ, ნანა იოსელიანი და ა.შ. კიდევ ერთი საინტერესო დეტალი იოსელიანის შესახებ, რაც თვალში მოსახვედრად მეჩვენება.  ფილმის ნახევარზე მეტი  მეგრულ ენაზეა.  თბილისელი მუსიკოსები დასასვენებლად სამეგრელოს ერთ-ერთ სოფელში ჩადიან, პირველ დღეებში თითქოს ყველაფერი კარგადაა, სოფელში და ოჯახში, სადაც ისინი ისვენებენ სრული იდილიაა, მაგრამ რამდენიმე დღის შემდეგ, როდესაც სტუმრები ცოტა ,,მოშინაურდებიან“,  იწყება ჩხუბი, კინკლაობა, წყევლა-კრულვა. სოფლის ცხოვრება მდორედ მიედინება – ყოველდღიური რუტინა, მუდმივი საყოფახოვრებო პრობლემები  და ამათზე ფიქრი, კორუფცია, განუკითხაობა…რეჟისორი კარგად ასახავს დამახასიათებელ მანკიერებებს – სტუმრისათვის სასმლის დაძალებასა და ამით ,,ვაჟკაცობის” განსაზღვრას, მატერიალისტურ სწრაფვებს და უაზრო კინკლაობას, მაგალითად, იმაზე, თუ სახლს რომელ მხარეს უნდა ჰქონდეს ფანჯარა. ამ ყოფაში ადამიანები თავს ჩვეულებრივად გრძნობენ და არ აწუხებთ ის, რომ თუნდაც სტუმრებს უქმნიან დისკომფორტს.  საინტერესო დეტალად მიმაჩნია ის ფაქტი, რომ იოსელიანი ზედაპირულად, მაგრამ მაინც ეხება კოლმეურნეობას და საკმაოდ ირონიულ დამოკიდებულებასაც ავლენს, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც კოლმეურნეობის მუშაკი ცელს ართმევს ერთ-ერთ გლეხს და გლეხი მას ეუბნება : ,,არც თქვენ თიბავთ და არც სხვებს აძლევთ ცელს“, რასაც მუქარა ეძლევა საპასუხოდ.  გარდა ამისა, ფილმში გლეხებს აიძულებენ ყანაში მუშაობას, წინააღმდეგ შემთხვევაში კი, კოლმეურნეობიდან გარიცხვით ემუქრებიან.

ქართული სუფრის ტრადიციები, ღრეობამდე მისული ქეიფი და  სიმთვრალეში ,,გამსკდარი სიყვარულის ბუშტიც“ გამოამზეურა რეჟისორმა და იქნებ, ამიტომაც მოხვდა განსაკუთრებული კრიტიკის ქარცეცხლში?!

და რა ხდება ამდროს ? ნუთუ, ამ სოფელში სრული განუკითხაობაა და ,,საშველი არსაიდანაა?“ ფილმში ჩნდება ერთი ნათელი წერტილი ედუკის სახით, რომელიც იმ ოჯახის წევრია, სადაც ისვენებენ თბილისელი სტუმრები. ედუკი მოზარდია, რომელიც ხვდება, რომ სოფლის სამუშაოს გარდა სხვა რაღაცებიც არსებობს და ცდილობს სტუმრების საშუალებით მაინც გაექცეს ყოველდღიურ რუტინას.  ამ ერთფეროვნებაში ჩნდება განსხვავებული ინდივიდი, რომლის ინდივიდობაც სწორედ სტუმრების დამსახურებით იკვეთება. თუმცა, სტუმრები მიდიან სოფლიდან და ედუკი რჩება მარტო ისევ ამ ერთფეროვნებაში, თუმცა ამ ყოფნას მარტო ყოფნაც არ ჰქვია – მას რჩება მუსიკალური ფირფიტა. იქნებ, ეს სულაც მისთვის ერთადერთი საშუალება იყოს, რომელიც მოსწყვეტს ამ ჩამყაყებულ სამყაროს და ცოტა ხნით მაინც მისცემს გაქცევის საშუალებას?!

ედუკისნაირი ადამიანი ყველა საზოაგდოებაში არსებობს, თუმცა ჩაკარგულია და არ ეძლევა საკუთარი თავის გამოვლენის საშუალება. ვერ ვიტყვით, რომ აქ ამ გმირმა შესძლო საკუთარი თავის გამოვლენა, მაგრამ მან შესძლო მთავარი – საკუთარი თავის პოვნა და იმის აღმოჩენა, რომ არსებული სამყაროს მიღმა არსებობდა რაღაც უფრო ღრმა და მისეული.

ჩემი სუბიექტური მოსაზრებით, ეს ფილმი ერთ-ერთი ყველაზე მწვავეა რეჟისორის ფილმოგრაფიაში.

შეიცვლებოდა თუ არა ედუკის ცხოვრება?! იქნებ ის  ჩაკარგულიყო  კიდეც მომავალში საზოგადოებაში, რომელიც ყველაზე კარგად ირგებდა ბრბოს სახელს?! ამაზე პასუხი არ არსებობს, ალბათ ყველა ადამიანს განსხვავებული აზრი ექნება. მთავარი აქ არის ის, რომ ასეთი ადამიანების არსებობა, დიდად არაფერს ცვლის, ისინი არიან თავისთვის, აქვთ თავიანთი სამყარო, ისევე როგორც სხვებს და ცხოვრება მიდის – მიდის რუტინულად, მოსაწყენად, ჩვენივე დამსახურებით. ცხოვრების გამრავალფეროვნება ჩვენს ხელშია, უბრალოდ ჩვენ ბევრი ფიქრი და ცვლილებები გვეზარება.

კიდევ ბევრის წერა შეიძლება ოთარ იოსელიანის გენიაზე, თუმცა ვერცერთი სიტყვა ვერ იტყვის იმ სათქმელს, რაც ნამდვილად შეეფერება მის ფილმოგრაფიას. ფილმები, რომლებიც საოცრად უბრალოა, მაგრამ ამ უბრალოებაში დევს მთელი გენიალურობა. ტრაგიზმი, რეალობის განცდა, მეტაფორა,  ირონია და კიდევ უამრავი დამახასიათებელი შტრიხი – ეს ოთარ იოსელიანის სტილია.

შეუძლებელია, არაფერი ითქვას რეჟისორის გადაღების სტილზე, იგი განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევს დეტალებს – განსაკუთრებით საათი მახსენდება,როდესაც კადრები ციფერბლატზე არის შეჩერებული – ამ დროს იწყებ ფიქრს – რისი თქმა სურდა ამით რეჟისორს?! აუცილებლად უნდა აღინიშნოს ფილმების მუსიკა, რომელიც კიდევ უფრო ესთეტიზმს სძენს მათ. ეს ყველაფერი ალბათ ოთარ იოსელიანის მუსიკალური განათლებით აიხსნება.

ოთარ იოსელიანი ის კინორეჟისორია, რომელიც თამამად დაუპირისპირდა საბჭოთა ხელისუფლებას, ამხილა ქართული საზოგადოების მანკიერებები და სწორედ ამიტომ მოიძულა საკუთარმა სამშობლომ და სხვა მიწაზე მოუხდა გადასახლება. მთავარი ეს არ არის – მთავარი არის ის, რომ მან არ შეწყვიტა მუშაობა და მსოფლიოს არაერთი შედევრი შესძინა, რომლებიც კოსმოპოლიტურია და არა რომელიმე კონკრეტული ერის კუთვნილება. თუმცა, ჩვენ მაინც გვაქვს სრული უფლება, რომ ვიამაყოთ მისით.

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

 

 

გაზიარება:
fb-share-icon0
Tags : slid