XIX საუკუნის მიწურულიდან I მსოფლიო ომამდე, რუსეთის იმპერიაში არსებული ფასებისა და შრომის ანაზღაურების შესახებ საყურადღებო ცნობებია დაცული საქართველოსა და რუსეთის სახელმწიფო არქივებში, ასევე, ქართველ პოლიტიკურ, სახელმწიფო და საზოგადო მოღვაწეთა თხზულებებში, მოგონებებსა და ეპისტოლურ მემკვიდრეობაში.
ეს ბუნებრივიცაა, ვინაიდან იმპერიის შემადგენლობაში, სხვა ქვეყნებთან ერთად, იმხანად საქართველოც შედიოდა. აქვე განხილულია იმავე პერიოდის რუსული ფულადი სისტემაც.
მუშათა ანაზღაურება
საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ფინანსთა და ვაჭრობა-მრეწველობის მინისტრ კონსტანტინე კანდელაკის (1883-1959) თხზულებაში “საქართველოს ეროვნული მეურნეობა” (ტ. II, პარიზი, 1960), მოყვანილია სტატისტიკური ცნობები 1914 წლის თებერვალში თბილისში არსებული საშუალო დღიური ხელფასებისა და პირველი მოთხოვნილების საგნების ფასების შესახებ.
ამ მონაცემების მიხედვით, საშუალო დღიური ანაზღაურების სახით მუშა იღებდა 2 რუბლსა და 39 კაპიკს. კონკრეტულად კი სხვადასხვა სპეციალობის მუშა დღიურად საშუალოდ იღებდა შემდეგ ხელფასს (რუბლებში): გამთბობი – 3,5; დურგალი, ხარატი და მლესავი – 3; ქვის მთლელი, მხურავი, მღებავი და ხურო – 2,5; მჭედელი – 2; მხერხავი – 1; ხოლო დღიური მუშა – 80 კაპიკს.
პირველი მოთხოვნილების საგნები იყიდებოდა გირვანქობით, რაც 409 გრამს შეადგენდა. ერთი გირვანქა ყველი თბილისში საშუალოდ ღირდა (კაპიკებში) 20; ერთი გირვანქა ზეთი – 18; ხორცი – 14; ბრინჯი – 11; ლობიო – 8; ხახვი – 5; პური – 4; მარილი – 4; კომბოსტო – 3,8; კარტოფილი – 1,7; ნავთი – 4; ერთი გირვანქა ნახშირი – 60 კაპიკი.
ამ მონაცემების მიხედვით, ზემოთ ჩამოთვლილი თორმეტივე დასახელების პირველი მოთხოვნილების საქონლის თითო გირვანქის შეძენა შეიძლებოდა საშუალოდ 1 რუბლად და 53,5 კაპიკად. ამდენად, მუშას საშუალო დღიური ანაზღაურებით – 2 რუბლითა და 39 კაპიკით, შეეძლო შეეძინა ყველა აქ დასახელებული პირველი მოთხოვნილების საქონელი თითო გირვანქის ოდენობით და თან დაუხარჯავი დარჩებოდა საშუალოდ 85,5 კაპიკი.
მეცნიერ-პედაგოგთა ანაზღაურება
ქვეყნის უპირველეს უმაღლეს სასწავლებელში – პეტერბურგის საიმპერატორო უნივერსიტეტში მოღვაწე მეცნიერთა და პედაგოგთა შრომის საშუალო ანაზღაურება, ბუნებრივია, უფრო მაღალი იყო.
ექვთიმე თაყაიშვილის (1863-1953) ცნობით, ნიკო მარს (1865-1934) “სტუდენტობაში მარტო სტიპენდია – 25 მანეთი ჰქონდა, სხვა არაფერი და ამით ცხოვრობდა, რასაკვირველია, ღარიბად. უნივერსიტეტში რომ დატოვეს, – 50 მანეთი ჰქონდა და როცა პრივატ-დოცენტი გახდა – 100 მანეთი”.
პეტერბურგის ცენტრალურ სახელმწიფო საისტორიო არქივში დაცული დოკუმენტიდან ნათელი ხდება, რომ ივანე ჯავახიშვილს (1876-1940) 1900 წლის იანვრიდან 1902 წლის ივლისამდე ეძლეოდა სამაგისტრო სტიპენდია თვეში – 50 რუბლი.
სამაგისტრო დისერტაციის დაცვის შემდეგ, 1903 წლის 1 იანვარს ივანე ჯავახიშვილი აირჩიეს პრივატ-დოცენტად და თვიურ ხელფასად 100 რუბლი დაუნიშნეს. ამ თანამდებობაზე ის 14 წლის განმავლობაში, სამშობლოში დაბრუნებამდე მუშაობდა. გაგრძელება
ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”
























გრიგოლი (გიგო) დაიბადა 1883 წელს ამბროლაურის რაიონის სოფელ თხმორში, გლეხ დავით კობახიძის ოჯახში. დაწყებითი განათლება სოფლის მღვდელთან მიიღო. 10 წლისა შინიდან გაიპარა, ბორჯომში ჩავიდა, სადაც მინის ქარხანაში მისი უფროსი ძმა ლევანი (ლეონტი) მუშაობდა. იქ 4 წელი დაყო. გარჯითა და შრომისმოყვარეობით მალე მოიპოვა ავტორიტეტი. დაეუფლა ყველა ტექნოლოგიას, რაც ქარხანაში იყო. გამომგონებლობის ნიჭიც აღმოაჩნდა – შეიმუშავა პროდუქციის გაზრდის მეთოდი. ქარხნის გამგებელმა, გერმანელმა შუმანმა ბიჭი ბორჯომის მეპატრონეს, დიდ მთავარ მიხეილსა და მის მეგობარ კონსტანტინე მუხრან-ბატონს წარუდგინა. ქებითა და ფულადი ჯილდოთი წახალისებული გიგო ჯერ თბილისის, 1902 წელს ოდესის, 1903 წელს – კრასნოდარის გუბერნიაში, დომბასის სამრეწველო ცენტრ კონსტანტინოვკის მინის ქარხანაში ჩავიდა. იქ გაიცნო და დაქორწინდა დაშა ნოდვიკოვაზე.
გრიგოლ კობახიძე საქართველოს დამოუკიდებლობას აღტაცებით შეეგება. სამშობლოში დაბრუნება და ქვეყნის სამსახურში ჩადგომა სურდა, მაგრამ 1919-21 წლებში მისი ბიზნესი ჯერ კიდევ ფეხს იდგამდა. ოკუპაციის შემდეგაც ცდილობდა სამშობლოს დახმარებას. “ნეპი” (“ახალი ეკონომიკური პოლიტიკა”, რომელიც სსრკ-ში გამოცხადდა 20-იან წლებში) ხელს უწყობდა უცხოურ კონცესიებს, ამიტომ ხელისუფლებას მინის დიდი ქარხნის მშენებლობა შესთავაზა. მოსთხოვეს კაპიტალის ჩადება, მაგრამ გრიგოლი არ დათანხმდა, – მას თვითონვე სურდა მშენებლობისათვის ეხელმძღვანელა, რადგან ფულს ვერ ანდობდა ბოლშევიკებს.
1929 წელს დაიწყო თავისი მასშტაბებითა და ხანგრძლივობით არნახული ეკონომიკური კრიზისი, რომელიც 1933 წლამდე გაგრძელდა. დიდი დეპრესიის პერიოდში ჯორჯ კობის საწარმომ მილიონები დაკარგა, რის გამოც 1930 წელს თავი მოიკლა მისმა კომპანიონმა იუჯინ (ევგენი) იგნატიევმა. კობი ფარ–ხმალს არ ყრიდა და თავდაუზოგავი შრომით კვლავ მოახერხა ფეხზე წამოდგომა. თავის სახლთან მოაწყო მინის წვრილმანი ნივთების პატარა ფაბრიკა და ბევრ რამეს თავისი ხელით აკეთებდა. გაიხსენა საწერ–კალმებისა და საკანცელარიო ნივთების დამზადების ხელობა და მუშტარიც გაიჩინა. მისი ბიზნესის გასაფართოებლად მნიშვნელოვან მოვლენად იქცა გიორგი მაჩაბლის შეკვეთა. ჯორჯ კობი ამზადებდა სუნამოს ფლაკონებს გიორგი მაცაბლის ფირმისთვის Prince Matchabeli.
1941 წ. 7 დეკემბერს, როცა ამერიკის შეერთებული შტატები II მსოფლიო ომში ჩაება, ჯორჯ კობიმ ოფიციალური მიმართვა გაუგზავნა ამერიკის მთავრობას და ფინანსური დახმარება ითხოვა, რათა მინის წარმოება აღედგინა საომარი შეკვეთებისათვის. მან სახელმწიფოსგან დაუყოვნებლივ მიიღო ლიცენზია და $2 მილიონი.
გრიგოლ კობახიძე მთელი ცხოვრების განმავლობაში ეწეოდა ქველმოქმედებას, განსაკუთრებით ეხმარებოდა ქართველ ემიგრამნტებს არამარტო ამერიკაში, არამედ ევროპაშიც. მას და დაშა ნოდვიკოვას შვილი არ ჰყავდათ და სურდათ კომპანიონად მინის წარმოების მცოდნე ქართველი მოეძებნათ. როგორც ჩანს ქართველთაგან ვერავინ დააინტერესეს წარმოებით. გრიგოლ კობახიძის წერილებიდან ირკვევა, რომ თავის დროზე ძმისშვილების, ან ახლო ნათესავების წაყვანა უნდოდა ამერიკაში, მაგრამ ვერ შეძლო და საბჭოთა კავშირში დაწყებული რეპრესიების გამო იძულებული იყო საერთოდ შეეწყვიტა ოჯახთან ურთიერთობა. საბოლოოდ გრიგოლმა კომპანიონებად იტალიური წარმოშობის ძმები ჯიმ და ჯული პაგლისები აიყვანა, რომლებმაც მისი საქმე გააგრძელეს.