close
არქეოლოგიაისტორია

აღმოჩენილია ისტორიაში უძველესი, 290 მილიონი წლის წინანდელი კანის ნამარხი

ის სულ ერთი ციცქნაა, თითის ფრჩხილზე პატარა. თუმცა, ოკლაჰომაში, ქვიშაქვის ერთ-ერთ მღვიმეში აღმოჩენილი ქვა მნიშვნელოვნად აფართოებს ჩვენს წარმოდგენას პრეისტორიული კანის შესახებ.

პალეონტოლოგებმა დაადგინეს, რომ მასში შემორჩენილი ტექსტურა წარმოადგენს განმარხებული კანის ჩვენთვის ცნობილ უძველეს ნიმუშს; კანის ნარჩენი ცხოველთა ძალიან მრავალფეროვან კლასიფიკაციას, ამნიონიანებს ეკუთვნის.

ის 290 მილიონი წლისაა, წინა რეკორდსმენ ნიმუშზე მთელი 21 მილიონი წლით ძველი; როგორც ჩანს, ქვეწარმავალს ეკუთვნის, რადგან ძალიან წააგავს თანამედროვე ნიანგის კანს.

გამომდინარე იქიდან, თუ რამდენად მნიშვნელოვანია კანი, რომელიც სხეულის დამცავი ბარიერის როლს ასრულებს, აღმოჩენა საკმაოდ მნიშვნელოვანია, რადგან გვეხმარება სრული ევოლუციური სურათის აღდგენაში.

„ნიმუში ძალიან შორეულ წარსულში გახედვის საშუალებას გვაძლევს. ამ ტიპის აღმოჩენები ნამდვილად ამდიდრებს ჩვენს წარმოდგენასა და გაგებას ამ ადრეულ ცხოველთა შესახებ“, — ამბობს კვლევის ავტორი, ტორონტოს უნივერსიტეტის პალეონტოლოგი ეთან მუნი.

ნამარხები შეიძლება მდიდარი და მრავალფეროვანი იყოს, მაგრამ სხეულის ზოგიერთი ნაწილი ძალიან ძნელად, იშვიათად ინახება. ასეთია ნებისმიერი რბილი ქსოვილი — კანი, ორგანოები და შემაერთებელი ქსოვილები ძვლებზე გაცილებით ადვილად იშლება და ხშირად იქამდე ქრება, ვიდრე ქანებში განმარხება მოხდება.

თუმცა, ზოგიერთი გარემო სწორედაც რომ შესაფერისია რბილი ქსოვილების შესანახად. ერთ-ერთი ასეთია რიჩარდ-სპურის მღვიმეთა სისტემა აშშ-ის ოკლაჰომის შტატში. დანალექი ძირითადად რბილი და დაწმენდილია, ჟანგბადის ნაკლებობა კი რბილ ქსოვილთა ხრწნას აჭიანურებს. ამას გარდა, პერმიულ ხანაში, ამ მღვიმეში აქტიურად ჟონავდა ნავთობი; ნავთობში შემავალი ნახშირწყალბადებით გაჟღენთილი დანალექები ასევე უწყობდა ხელს რბილ ქსოვილთა შენახვას.

ეს პერიოდი ცნობილია ტეტრაპოდების (ოთხფეხა ცხოველები) სიმდიდრითა და მრავალფეროვნებით. რიჩარდ-სპურის მღვიმეში აღმოჩენილია ერთ-ერთი ყველაზე ადრეული ამნიონიანები — ხმელეთის ხერხემლიანთა ჯგუფი, რომელშიც შედიოდნენ ქვეწარმავლები, ძუძუმწოვრები და ფრინველები.

თუმცა, ახლად აღმოჩენილი კანის ნამარხი რაღაც მართლა გამორჩეულია. კანი 3D-შია კარბონიზებული — ჩვენთვის პირველი ამ ფორმის ნამარხი პალეოზოური ეპოქიდან. ამავე დროს, ის ყველაზე ადრეული შემონახული კანის ნამარხია, რომელსაც არა მხოლოდ გარეთა ფენა აქვს, არამედ უფრო ღრმა, დერმის ფენასთან დაკავშირებული სტრუქტურებიც.

„შოკში ვიყავით იმით, რასაც ვხედავდით, რადგან სრულიად არ ჰგავდა იმას, რისი მოლოდინიც შეიძლება გვქონოდა“, — ამბობს მუნი.

მისი განცხადებით, ასე ძველი კანის ნამარხის აღმოჩენა განსაკუთრებული შესაძლებლობაა წარსულში ჩასახედად და იმის სანახავად, როგორ გამოიყურებოდა ზოგიერთი ყველაზე ადრეული ცხოველის კანი.

სამწუხაროდ, ჯერ ბევრი არაფერი ვიცით, თუ რომელ ცხოველს ეკუთვნოდა ეს კანი ერთ დროს. არ არის აღმოჩენილი მასთან დაკავშირებული ჩონჩხი. თუმცა, სწორი, კენჭების მსგავსი ფორმის კანის ზედაპირით ის თანამედროვე ნიანგების კანს ჰგავს, ქერცლებს შორის ზოგიერთი რეგიონი კი გველებისა და ჭია-ხვლიკებისას წააგავს.

მკვლევართა განცხადებით, აღმოჩენა აჩვენებს, რომ ძალიან ადრეც კი, როცა ამნიონიანებმა პირველად დაიწყეს დაყოფა, კანი უკვე ჰქონდათ და თანაც მნიშვნელოვანი.

„კერძოდ, ეპიდერმისის არსებობა მიუთითებს, რომ მათი კანი მნიშვნელოვანი ბარიერის როლს ასრულებდა ხმელეთის გარემოს წინააღმდეგ“, — წერენ მკვლევრები.

ნამარხი კანი ასევე გვთავაზობს ახალ ხელსაწყოს ძუძუმწოვართა თმის ფოლიკულებისა და ფრინველთა ფრთების ჩამოყალიბებისა და განვითარების შესასწავლად. ნამარხებში პირველი ძუძუმწოვრები დაახლოებით 225 მილიონი წლის წინ ჩნდებიან, ფრინველები კი დაახლოებით 150 მილიონი წლის წინ. შესაბამისად, ეს იდუმალი ცხოველი შეიძლება გასაღები იყოს ჩვენი რბილი კანის ჩამოყალიბებაში.

ჯერ კიდევ ბევრი რამ არ ვიცით, როგორ განსხვავდებოდა და ვითარდებოდა ცხოველთა სხვადასხვა ჯგუფის სხვადასხვა თვისებები. ასეთ თვისებათა ადრეული ნიმუშის ამოჩენა იშვიათი და განსაკუთრებული ფანჯარაა, რომელიც პლანეტაზე სიცოცხლის ამ უცნაურ და საოცარ ფორმათა ისტორიაში იხსნება.

კვლევა Current Biology-ში გამოქვეყნდა.

მომზადებულია ScienceAlert-ის მიხედვით.

ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი “დოქტრინა”

გაზიარება:
fb-share-icon0