close

ისტორია

არქეოლოგიაისტორიაკულტურასაქართველო

ესპანეთში იბერიული პერიოდის ტაძარში არქეოლოგებმა ქართული ასომთავრული ასო-ნიშანი აღმოაჩინეს

იბერიის ნახევარკუნძულზე, ესპანეთში ზალამეა დე ლა სერენას მუნიციპალიტეტში, ბადახოზის პროვინციაში, აღმოაჩინეს ძვ.წ. 550 წლისთვის აშენებული იბერიული სატაძრო კომპლექსი. მაშინ ამ ტერიტორიაზე ჯერ კიდევ არ ჰქონდა მოღწეული ინდო-ევროპულ ტომებს და ეს ტერიტორია ჯერ კიდევ დომინანტურად იბერო-კავკასიელებს ეკუთვნოდათ. სატაძრო კომპლექსს კანჩო როანო უწოდეს, თუმცა მისი თავდაპირველი სახელი უცნობია. ტაძარი ცეცხლმა გაანადგურა ძვ.წ. 370 წელს. როგორც ჩანს ხანძარი ხელოვნურად, განგებ იქნა გამოწვეული და შემდეგ დამწვარი ტაძარი მიწით დაფარეს, ზუსტად ისე, როგორც ეტრუსკებს სჩვეოდათ განსაკუთრებული რელიგიური ცერემონიების დროს.

ტაძრის არქეოლოგიური შესწავლა დაიწყო 1978 წელს ჯონ მალუკიე დე მოტემ, შემდეგ სამუშაოები შეწყდა და გაგრძელდა 2001 წელს. ის ესპანეთმა ეროვნულ მონუმენტთა სიაში შეიტანა 1986 წელს. დღეს ის ღიაა დამთვალიერებელთათვის.

მკვლევარი რიჩარდ ფლოინდის აზრით კანჩო როანო იყო “მემორიალური ქალაქი”, რომელიც იყო აგებული იმისთვის, რომ რელიგიური ფუნქცია შეესრულებინა ძველი ტარტესიული ქალაქისთვის. ამ კომპლექსის მთავარი ტაძრის იატაკზე აღმოჩნდა დიდი ზომის გამოსახულება ქართული ასომთავრული ანბანის ერთ-ერთი ასოსი – “დონის”. ცნობილია, რომ ეს ნიშანი იყო ასევე მზის ნიშანი კოლხი და იბერიელი ხალხისთვის. მას ხშირად გამოსახავდნენ იბერიის ნახევარკუნძულზე მცხოვრებლებიც ფარებზე.

საინტერესოა ისიც, რომ მკვლევარი რამაზ პატარიძე, შესანიშნავი დამწერლობათმცოდნე, რომელმაც მთელი ცხოვრება შეალია მსოფლიო დამწერლობათა ისტორიის, ჩამოყალიბების და სპეციფიკის შესწავლას, აცხადებს, რომ ძველ საქართველოში დასრულდა მთვარის კალენდარული დრო-ჟამი და დაიწყო მზის კალენდარული დრო-ჟამი ძვ.წ. 540 წელს. თავად ქართული მზის კალენდარი სათავეს იღებს ეგვიპტური მზის კალენდრიდან. ქართულ ანბანში მზე და მისი ნიშანი “დონი” მეოთხე ადგილზეა განთავსებული, ვინაიდან ცნობილია ძველი ბაბილონური მნათობთა განლაგება: მთვარე, მერკური, ვენერა და მზე. სწორედ ამის მიხედვითაა ის განლაგებული ქართულ ანბანშიც.

წყარო : intermedia.ge

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
არქეოლოგიაისტორიაკვლევებიმსოფლიო

მეცნიერებმა გიზას დიდ პირამიდაში სიცარიელე აღმოაჩინეს

მეცნიერებმა გიზას დიდ პირამიდაში დიდი ხნის დამალული ვიწრო სიცარიელე აღმოაჩინეს. ვარაუდობენ, რომ ეს აღმოჩენა ფარდას ახდის 4,500 წლის ძეგლის საიდუმლოს.

სიცარიელე დიდი გალერეის ზემოთ 30 მეტრის სიმაღლეზეა გადაჭიმული – დერეფანი, რომელიც დედოფლისა და მეფის პალატებს პირამიდის გულში აკავშირებს.

ჯერჯერობით არ არის ცნობილი, თუ რატომ არსებობს სიცარიელე ან არსებობს თუ არა იქ რაიმე ღირებული არტეფაქტები. სიცარიელე გალერიის მსგავსი გაბარიტებისაა, რომლის სიგრძე 50 მეტრია, სიმაღლე – 8 მეტრი, ხოლო სიგანე – 1 მეტრი.

მკვლევარები ვარაუდობენ, რომ ეს შეიძლება იყოს სამშენებლო მიზნით დატოვებული სიცარიელე – თხრილი, რომლითაც მშენებლები დიდ გალერეასა და მეფის პალატს უკავშირდებოდნენ, როცა პირამიდის დანარჩენი ნაწილი უკვე აშენებული იყო.

აღმოჩენა მაშინ გაკეთდა, როცა ფიზიკოსები დედამიწიდან კოსმოსში გამოთავისუფლებული ნაწილაკების საშუალებით პირამიდის შიდანაწილის გამოსახულებებს იღებდნენ.

არქეოლოგებმა, ისტორიკოსებმა და ფიზიკოსებმა აღმოჩენა შეაფასეს, როგორც გიზაში გაკეთებულ უდიდეს აღმოჩენად 19 საუკუნის შემდეგ.

ხეოფსის (ხუფუს) პირამიდა, იგივე გიზას დიდი პირამიდაშვიდი საოცრებიდან ერთერთი და ჩვენამდე მოღწეული ერთადერთი ნაგებობა, ყველაზე დიდი პირამიდა. მისი მშენებლობა ჩვენ წელთაღრიცხვამდე 26-ე საუკუნეში დაიწყო. პირამიდის სიმაღლე 147 მეტრი იყო, მაგრამ, დღესდღეობით, ის 136 მეტრია. მისი თითოეული გვერდის სიგრძე 233 მეტრია. 1 კილომეტრის გავლაა საჭირო, რომ შემოუარო ამ პირამიდას.

ამ პირამიდის მშენებლობისას ეგვიპტელებმა საოცარი არქიტექტურული ცოდნა გამოიყენეს, ეს კი იმაში გამოიკვეთება, რომ მასში გამოყენებული ლოდები იდეალურად ჯდება ერთმანეთში. მასზე დაახლოებით 2 300 000 ლოდი დაიხარჯა. მისმა მშენებლობამ 20 წელიწადს გასტანა და მასში ჩართული იყო დაახლოებით 100 ათასი მუშა. ხეოფსის პირამიდა ერთადერთია იმ შვიდი საოცრებიდან, რომელიც შემორჩა. ის დღესაც მიიჩნევა არქიტექტურის საუკეთესო ნიმუშად. პირამიდაში შესასვლელი განთავსდა 15 მეტრის სიმაღლეზე, საიდანაც ჩადიოდნენ მიწის ქვეშ უცნობი დანიშნულების კამერაში. შესასვლელიდან 9 მეტრში გზა იყოფოდა. აქედან ერთი უცნობი დანიშნულების იყო, ხოლო მეორე ადიოდა ზევით სამეფო კამერაში. დერეფნის შუა ნაწილიდან ჭერის სიმაღლე იზრდებოდა 8 მეტრამდე, შედეგად, აქ წარმოიქმნა ცრუ თაღი – ეს იყო დიდი გალერეა.

დიდი გალერეის დასაწყისში გალერეა იტოტებოდა და ეს გზა მიემართებოდა დედოფლის კამერაში. გალერეის ბოლოში, სამეფო კამერაში ხემიუნმა გამოიყენა საინჟირნო მიდგომა, რომელმაც გადაარჩინა სამეფო კამერა ჩამონგრევას, კერძოდ, კამერის თავზე განათავსა ხუთი ჰორიზონტალური ქვის ბლოკი, მათ შორის დატოვა სიცარიელე და ბოლოს გადახურა ორქანობიანი გადახურვით. ზემოდან წამოსული სიმძიმე გადანაწილდა გვერდებზე. პირამიდის ახლოს აღმოაჩინეს მზიური ნავი. აღსანიშნავია, რომ პირამიდის შიგნით არსებობს სავენტილაციო შახტები. ერთერთი მიმართულია ორიონის თანავარსკვლავედისაკენ.

მეცნიერები აცხადებენ, რომ აღმოჩენა, რომელიც სამეცნიერო ჟურნალ Nature-ში გამოქვეყნდა, ნათელს მოჰფენს გიზას დიდი პირამიდის აგების საიდუმლოს.

 

 

წყარო: http://www.dailymail.co.uk/

მასალა მოამზადა:  თამარ ტაბატაძემ

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა“

 

 

 

სრულად ნახვა
არქეოლოგიაისტორიაკულტურა

კვლევამ დაადასტურა, რომ ცხოველის ნაშთიდან აღებული მსოფლიოში უძველესი დნმ დმანისში აღმოჩნდა

კვლევამ დაადასტურა, რომ ცხოველის ნაშთიდან აღებული მსოფლიოში უძველესი დნმ დმანისში აღმოჩნდა. ამ ინფორმაციას ეროვნული მუზეუმი ავრცელებს. ინფორმაციის თანახმად, დმანისში აღმოჩენილი მარტორქის კბილის მინანქრიდან მეცნიერებმა შეძლეს გამოეყოთ 1.77 მილიონი წლის წინანდელი მნიშვნელოვანი გენეტიკური ინფორმაცია – ცილების პროტეომების თანმიმდევრობის სრული ჯაჭვი. ეს არის ცხოველის ნაშთიდან აღებული მსოფლიოში ყველაზე ძველი დნმ, რომელმაც მილიონი წლით დააძველა აქამდე ცნობილი ინფორმაცია, რომელიც კუნძულ იუკონზე (ჩრდილო-დასავლეთ კანადა) აღმოჩენილი 700.000 წლის წინანდელი ცხენიდან იყო მიღებული.

„დმანისში აღმოჩენილი უძველესი მარტორქის ბიომოლეკულარულ კვლევების შესახებ მსოფლიოს წამყვანი სამეცნიერო ჟურნალი “Nature” აქვეყნებს სტატიას სათაურით: Early Pleistocene enamel proteome from Dmanisi resolves Stephanorhinus phylogeny – დმანისში აღმოჩენილი ადრეპლეისტოცენური პერიოდის მარტორქის (Stephanorhinus) კბილის მინანქრიდან მიღებულმა პროტეონმა ახსნა უძველესი ფიოლოგენეზისი.

მეცნიერთა თქმით, „ესაა გარღვევა უძველეს ბიომოლეკულარულ კვლევებში, რაც საშუალებას აძლევს მეცნიერებს აღადგინონ ბევრად ადრეული ეპოქების ევოლუციური სურათი ვიდრე ეს დღემდე იყო შესაძლებელი, ასევე გამოიკვლიონ ცხოველების და ადამიანის წინაპრის ისტორია“.

ბიომოლეკულარული პროექტი შეიქმნა კოპენჰაგენის და საქართველოს ეროვნული მუზეუმის თანამშრომლობის ფარგლებში, აკადემიკოს დავით ლორთქიფანიძის და პროფესორ ესკე ვირსლევის ხელმძღვანელობით. ანალიზები ჩატარებულია კოპენჰაგენის, კემბრიჯის, მაქს პლანკის ინსტიტუტების ლაბორატორიებში. პალეონტოლოგიურ კვლევებში აქტიურად მონაწილეობდნენ იტალიელი მეცნიერები ფლორენციის უნივერსიტეტიდან. ქართველებთან ერთად, სტატიის ავტორები არიან მეცნიერები ევროპისა და აშშ-ს წამყვანი სამეცნიერო ცენტრებიდან.

დმანისის, როგორც პრეისტორიული ძეგლის აღმოჩენის ისტორია 1983 წელს დაიწყო, როდესაც პროფესორმა აბესალომ ვეკუამ, შუა საუკუნეების სამეურნეო ორმოში აღმოჩენილი მარტორქის კბილი განსაზღვრა. სიმბოლურია, რომ პირველი გენეტიკური ინფორმაციაც სწორედ მარტორქიდანაა მიღებული.

საქართველოს ეროვნულ მუზეუმში დაცული კოლექციები კაცობრიობის ისტორიისთვის უმნიშვნელოვანეს ინფორმაციას შეიცავს, რომელთა კვლევაში მსოფლიოს წამყვანი ლაბორატორიები მონაწილეობენ.

აღმოჩენისა და ახალი კვლევის შესახებ საქართველოს ეროვნული მუზეუმის გენერალურმა დირექტორმა, აკადემიკოსმა დავით ლორთქიფანიძემ და ფლორენციის უნივერსიტეტის პროფესორმა ლორენცო რუკიმ ისაუბრეს.

დმანისის პროექტის მხარდამჭერები არიან შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია და ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი“, – აღნიშნულია ეროვნული მუზეუმის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
არქეოლოგიაისტორიაკულტურა

აწყურის ტაძრის რეაბილიტაციისას მე-11 საუკუნის კანკელი აღმოაჩინეს

აწყურის საკათედრო ტაძრის რეაბილიტაციის მიმდინარეობისას მის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში კანკელის ფრაგმენტი აღმოაჩინეს. წინსაწარი სამეცნიერო შეფასებით, ღვთისმშობლის მიძინების სცენის ამსახველი ფრაგმენტი განვითარებული შუასაუკუნეების ხანისაა და ამ დრომდე შემორჩენილი არქიტექტურული ნაგებობის თანადროულია. ინფორმაციას კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო ავრცელებს. 

ამავე დასკვნის მიხედვით, კანკელი მე-11 საუკუნისაა. ის თეძამის ტუფშია ნაკვეთი და ძალიან ჰგავს ამ პერიოდისთვის დამახასიათებელი კანკელების სტილისტურ ჯგუფს, რომელიც სვეტიცხოვლის, ალავერდის, შიო-მღვიმის, სამთავროსა და საფარას მონასტრების კანკელებითაა წარმოდგენილი.

ფრაგმენტს სააგენტოს სპეციალისტები უახლოეს დღეებში ადგილზე შეისწავლიან. სავარაუდოდ, სწორედ ახლადგამოვლენილი ობიექტის ნიმუში დაედება საფუძვლად აწყურის საკათედრო ტაძრის ახალი კანკელის დამზადების პროცესს. 

ამასთან, სააგენტოში აცხადებენ, რომ საპროექტო ცვლილების გამო აწყურის ტაძრის რეაბილიტაციის ვადა 2 წლით გადაიწევს და ის 2024 წელს დასრულდება.

აწყურის ღვთისმშობლის სახელობის ტაძრის რესტავრაცია ფონდი “ქართუ”-ს და კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს თანამშრომლობით 2016 წელს დაიწყო. ფონდი სარეაბილიტაციო სამუშაოებისთვის 12,5 მილიონ ლარზე მეტს გაიღებს. აღდგენილ ტაძარზე ქვის უძველესი არქიტექტურული დეტალები მაქსიმალურად შენარჩუნდება.

სრულად ნახვა
არქეოლოგიაისტორია

პალეოლითის ხანაში ადამიანის ძალადობრივი ქცევის მტკიცებულება იპოვეს

მეცნიერების საერთაშორისო ჯგუფმა შეისწავლა პალეოლითის ხანის ადამიანის თავის ქალა, რომელიც ცნობილია როგორც Cioclovina calvaria. შედეგად მათ დაასკვნეს, რომ ის ძალადობრივი სიკვდილით დაიღუპა. კვლევის შესახებ ინფორმაცია EurekAlert!-ში გამოქვეყნდა. 

მეცნიერებმა გააანალიზეს 33 ათასი წლის წინანდელი ადამიანის თავის ქალა, რომელიც სამხრეთ ტრანსილვანიაში იპოვეს. ქალაზე მარჯვენა მხარს მოტეხილობა ფიქსირდება. სპეციალისტებმა რამდენიმე ექსპერიმენტი ჩაატარეს, რათა ტრავმის წარმოშობა დაედგინათ. გაირკვა, რომ სიკვდილის დადგომამდე კაცმა ორი სახის ტრავმა მიიღო, როგორც ჩანს მას ბიტას მსგავსი საგნით რამდენჯერმე ძლიერად დაარტყეს. სპეციალისტები ასევე ამბობენ, რომ სიკვდილის მიზეზი ასევე შეიძლებოდა ყოფილიყო სხეულის სხვადასხვა ნაწილის დაზიანებაც, თუმცა მეცნიერებს მხოლოდ თავის ქალის შესწავლის შესაძლებლობა ჰქონდათ. 

საბოლოოდ, მეცნიერების დასკვნით, შედეგებით დგინდება, რომ ზედა პალეოლითის ხანა კულტურული და ტექნოლოგიური სირთულეების პერიოდი იყო: “ჩვენი კვლევა აჩვენებს, რომ ძალადობრივი ინტერპერსონალური ქცევა და მკვლელობა ადრეული თანამედროვე ევროპელების ქცევითი მოდელის შემადგენელი ნაწილია.

სრულად ნახვა
არქეოლოგიაისტორიაკულტურა

ტუტანხამონის ბიუსტი აუქციონზე $6 მილიონად გაიყიდა

ეგვიპტის ფარაონის ტუტანხამონის ბიუსტი Christie’s-ის აუქციონზე თითქმის 6 მილიონ დოლარად გაიყიდა. ინფორმაციას ამის შესახებ BBC ავრცელებს.

ოფიციალური კაირო აუქციონის გაუქმებას ითხოვდა, ვინაიდან, მათი მტკიცებით, რელიკვია ეგვიპტიდან 1970-იან წლებში მოიპარეს.

Christie’s-ის ხელმძღვანელობის მტკიცებით, ეგვიპტეს არ გამოუთქვამს არანაირი პრეტენზიები ბიუსტთან დაკავშირებით წარსულში, როდესაც 2016 წელს ის 3 მილიონ გირვანქად გაიყიდა.

Christie’s-მა ასევე ბოლო 50 წლის განმავლობაში რელიკვიის მფლობელთა ვინაობა გამოაქვეყნა და აღნიშნა, რომ ტუტანხამონის ბიუსტის წარმომავლობა გამოძიების საგანი არასდროს გამხდარა.

სრულად ნახვა
ისტორია

რას ამბობს ნეილ ამსტრონგი ვიდეოჩანაწერში, რომელიც მალე აუქციონზე გაიყიდება

ვიდეოფირი, რომელზეც ნასას „აპოლო 11“-ის მისიის ის მომენტია ასახული, როცა 1969 წლის 20 ივლისს ნეილ ამსტრონგმა მთვარეზე ფეხი დადგა, სოტბის აუქციონზე გაიყიდება. ჩანაწერებს „ნასა“ ხარჯების დაფარვის მიზნით აკეთებდა და ყიდდა. 1976 წელს მათი ნაწილი სტუდენტმა გერი ჯორჯმა, რომელიც „ნასას“ სტაჟიორი იყო, სახელმწიფო აუქციონზე 218 დოლარად შეიძინა.

„წარმოდგენა არ მქონდა, თუ ისინი ასეთი ღირებული იყვნენ. მე მათ ტელევიზიებზე ვყიდდი, რომლებიც მათზე ჩანაწერებს აკეთებდნენ,“ განაცხადა ჯორჯმა, რომელიც ამჟამად 65 წლის პენსიონერი ინჟინერია. მისი ინფორმაციით, სამი ვიდეოფირი გამოუსადეგარი აღმოჩნდა. ერთ-ერთ მათგანზე კი ასახულია ასტრონავტ ნეილ ამსტრონგის პირველი ნაბიჯები მთვარეზე და მისი ცნობილი სიტყვები : „ეს არის პატარა ნაბიჯი ადამიანისთვის, მაგრამ გიგანტური ნახტომი კაცობრიობისთვის.“

„სოტბის“ პრესსპიკერის ჰელი ფრაიერის განცხადდებით, ჩანაწერებზე ასევე ჩანს ასტრონავტი ბუზ ალდრინი, მისი და ამსტრონგისა სატელეფონო ზარი ამერიკის მაშინდელ პრეზიდენტთან რიჩარდ ნიქსონთან და ის, თუ როგორ ამაგრებენ მთვარის ზედაპირზე ამერიკის დროშას.

ჰელი ფრაიერის განცხადებით, ისინი ვარაუდობენ, რომ ვიდეოფირები 2 მილიონ აშშ დოლარად გაიყიდება.

ცნობილია, რომ კოლექციონერები კოსმოსის კვლევის არტიფაქტებში დიდ თანხებს იხდიან. მაგალითად, ჩანთა, რომელშიც მთვარიდან წამოღებული მტვერი იყო მოთავსებული და რომელსაც ჰქონდა წარწერა – „მთვარის ნიმუშის დაბრუნება,“  „სოტბის“ აუქციონზე 2017 წელს 1, 8 მილიონ აშშ დოლარად გაიყიდა.

სრულად ნახვა
არქეოლოგიაისტორიაკულტურა

უძველესი ფილისტიმელები შესაძლოა ევროპელები იყვნენ

ახალი კვლევის თანახმად, უძველესი ფილისტიმელები, რომლებიც ბიბლიაში არაერთხელ არიან მოხსენიებულები და რომელთა წარმომავლობას ათწლეულების განმავლობაში განსჯის საგანია მეცნიერთა შორის, ახლო აღმოსავლეთში სამხრეთ ევროპიდან დაახლოებით 3000 წლის წინათ ჩავიდნენ.

აღნიშნული დასკვნა მეცნიერებმა 2016 წელს ისრაელში აღმოჩენილ ჩონჩხებზე ჩატარებული დნმ-ის კვლევის საფუძველზე გააკეთეს.

ფილისტიმელები-ბიბლიური ქანაანის ყველაზე იდუმალი ხალხია, რომლებიც ძირეულად განსხვავდებოდნენ ამ რეგიონის სემიტური მოსახლეობისაგან. ბიბლიაში ნათქვამია, რომ ეს ხალხი კუნძულ კაფტორზე ( თანამედროვე ივრითიდან-”კრეტა”) გაჩნდა.  თუმცა არქეოლოგიური წყაროებით ეს დამტკიცებული არაა. “ზღვის ხალხების” ერთ-ერთმა ტომმა, ფელესეტებმა ანუ ფილისტიმელებმა ქანაანის ოთხი ქალაქი: ასკალონი (აშკალონი), აშდოდი, გათი და ღაზა დაიპყრეს და მათ მიმდებარე ტერიტორიებზე დასახლდნენ. აქ დაარსეს მათ ქალაქი ეკრონიც. ფილისტიმელების დასახლებამ ამ ტერიტორიაზე დიდი გავლენა მოახდინა შემდეგ განვითარებულ მოვლენებზე და მნიშვნელოვანი კვალი დაამჩნია პალესტინის ხალხების ისტორიას.

ზემოთაღნიშნული დნმ-ის კვლევის ჩატარებამდე უცნობი იყო, თუ საიდან მოდიოდა ფილისტიმელების კვალი მანამ, სანამ ისინი თანამედროვე სამხრეთ ისრაელისა და ღაზას ტერიტორიაზე დასახლდებოდნენ.

“ჩვენმა კვლევამ პირველად აჩვენა, რომ ფილისტიმელები ამ რეგიონში ძვ.წ.აღ-ის მე -12 საუკუნეში გადავიდნენ”, განაცხადა დანიელ მასტერმა, რომელიც ლეონ ლევის აშკელონის ექსპედიციის დირექტორი გახლავთ. აშკელონი არის სანაპირო ქალაქი, სადაც ფილისტიმელთა პირველი სასაფლაო აღმოაჩინეს.

აშკელონის ექსპედიციის კვლევა დნმ-ის ტესტირებას ეფუძნება. გუნდმა გერმანიის მაქს პლანკის მეცნიერებისა და ადამიანის ისტორიის ინსტიტუტში ჩონჩხის 100 ნიმუში გაგზავნა, სადაც ათი ადამიანის ჩონჩხში დნმ-ი იქნა აღმოჩენილი და შესწავლილი.

მეცნიერები აცხადებენ, რომ ჯერ-ჯერობით უცნობია, სად ცხოვრობდნენ ფილისტიმელები მანამდე. დნმ-ის კვლევის საფუძველზე კი დანამდვილებით შეიძლება ითქვას, რომ მათი მიგრაცია  ახლო აღმოსავლეთში დაახლოებით 300 წლის წინ სამხრეთ ევროპიდან განხორციელდა.

Reuters 

სრულად ნახვა
ეს საინტერესოაისტორიაკვლევებიმედიცინამსოფლიო

პირველად ისტორიაში: მეცნიერებმა აივ-ინფიცირებული თაგვის სრულად განკურნება შეძლეს

ანტი-აივ პრეპარატები საოცრად დიდ საქმეს აკეთებენ და ვირუსს კონტროლის ქვეშ აქცევენ- ამაზე კამათიც კი არ ღირს. მკურნალობის სწორი კურსის ფონზე ანტი-რეტროვირუსული პრეპარატები ახერხებენ სისხლში აივ ინფექციის რაოდენობრივი მაჩვენებლების იმდენად შემცირებას, რომ იგი თითქმის შეუმჩნეველი ხდება ტესტებისთვის. ასეთ დროს მისი გადაცემის ალბათობა თუნდაც დაუცველი სექსისა ან სისხლის ტრანსფუზიით მინიმუმამდე მცირდება. თუმცა უნდა ითქვას: ესაა ის მაქსიმუმი, რისი შემოთავაზებაც ამ პრეპარატებს შეუძლიათ.

ანტი-რეტროვირუსული წამლები განსაკუთრებით კარგად მუშაობენ იმ ვირუსებზე, რომლებიც აქტიურად მრავლდებიან და ჯანსაღ უჯრედებს აინფიცირებენ. აივ ინფექცია ამგვარად ევოლუციონირდა: ვირუსმა საკუთარი თავის კოპირების მექანიზმი იმდენად კარგად “შეისწავლა”, რომ პრეპარატის მიღების შეწყვეტის შემდგომ შეუძლია იმგვარად მუტაცია, რომ მკურნალობის მიმართ გამძლე ანუ რეზისტენტული გახდეს და კვლავ გამრავლდეს ორგანიზმში.

აივ ვირუსმა ასევე ისწავლა ორგანიზმში დამალვა რთულად მისაგნებ ადგილებში, კერძოდ ლიმფასა და სხეულის სხვადასხვა ქსოვილში. როდესაც იმუნური სისტემა ყველაზე მეტად დასუსტდება, სწორედ მაშინ იწყებს ვირუსი ხელახლა გამრავლებას. ამგვარად დაავადებული ადამიანის სხეულში აივ ვირუსი შეგვიძლია დამალულ ნაღმს შევადაროთ, რომელიც წლები და ზოგჯერ ათწლეულებიც კი შესაძლოა უმოქმედოდ იყოს, მაგრამ საკმარისია იმუნურ სისტემაზე გავლენა მოიპოვოს, რომ იგი მაშინვე “აფეთქდება” და მილიონობით თავისი თავის ანალოგ ვირუსს გაავრცელებს ორგანიზმში.

რა თქმა უნდა, აივ ინფექციასთან საბრძოლოდ გაცილებით ეფექტური იქნებოდა ისეთი საშუალების გამოყენება, რომელიც მთელი ორგანიზმიდან სრულად გააქრობდა გამომწვევ ვირუსს. თუმცა მკვლევარები აქამდე მსგავსი ტიპის ვაქცინის შექმნას ვერ ახერხებდნენ.

2 ივლისს ჟურნალში Nature Communications გამოქვეყნდა სტატია, სადაც აღწერილი იყო ცხოველური ექსპერიმენტის დონეზე პირველად ისტორიაში მასპინძელი გენომიდან აივ ინფექციის სრული გამოდევნა. უფრო მარტივად და გასაგებად რომ ვთქვათ: მეცნიერებმა აივ დაინფიცირებული თაგვის სრულად განკურნება შეძლეს. კვლევა 29 თაგვზე ტარდებოდა. მათ ნაწილს აძლევდნენ ანტი-რეტროვირუსულ პრეპარატებს, რათა აივ ვირუსის ოდენობა მინიმალურ დონეზე ყოფილიყო ორგანიზმში და ამის პარალელურად იყენებდნენ გენური რედაქტირების ტექნიკას, რათა ეფექტურად მოეცილებინათ აივ-ის გენები დაინფიცირებული უჯრედებიდან. სხვადასხვა ტესტის შედეგების მიხედვით მსგავსი კომბინირებული მკურნალობის შედეგად თაგვების 30%-ში ვირუსის კვალი საერთოდ ვერ იქნა ნანახი. დაფიქსირდა სრული განკურნება.

“ეს დაკვირვებები პირველი ნაბიჯია, რათა ვთქვათ: აივ- ინფექცია განკურნებადი დაავადებაა” — განაცხადა კვლევის ერთ-ერთმა წამყვანმა ავტორმა, კამელ ხალილიმ. იგი Lewis Katz School of Medicine at Temple University-ში ნეირო-ვირუსოლოგიისა და კომპლექსური ნეირო-შიდს ცენტრების ხელმძღვანელია.

თავდაპირველად, მკვლევარებმა სისხლის მიმოქცევაში ვირუსის აქტიური გამრავლება შეამცირეს მოდიფიცირებული ანტი-რეტროვირუსული პრეპარატების საშუალებით. მოდიფიკაციის პროცესს LASER ART ეწოდება. მეთოდი ექიმმა ჰოვარდ გენდელმანმა შეიმუშავა. იგი ამ კვლევის ერთ-ერთი წამყვანი ავტორი და University of Nebraska Medical Center-ის ფარმაკოლოგიისა და ექსპერიმენტული ნეირომეცნიერების დეპარტამენტის ხელმძღვანელია.

LASER ART-ის საშუალებით ანტი-აივ მედიკამენტი იმგვარად გადაეწყობა, რომ იგი კრისტალურ სტრუქტურას იძენს, რის შემდგომაც ჩაერთვება ცხიმში ხსნად ნაწილაკებში. ეს მას საშუალებას აძლევს გაძვრეს იმ უჯრედის მემბრენაში, სადაც აივ ვირუსს ახასიათებს დამალვა: მაგ. ღვიძლში, ლიმფურ ქსოვილში და ელენთაში. უჯრედის შიგნით მოხვედრის შემდგომ, ფერმენტები იწყებენ წამლის გამოთავისუფლებას. კრისტალური სტრუქტურა წამალს შედარებით უფრო ნელა გამოყოფს, რაც მას საშუალებას აძლევს დომინანტი ვირუსების დახოცვა განაგრძოს მას შემდეგ, რაც ისინი გამრავლებას დაიწყებენ თვეების დაგვიანებით, ნაცვლად დღეებისა, როგორც ეს ჩვეულებრივი ანტი-რეტროვირუსული პრეპარატების გამოყენებისას ხდებოდა.

მკურნალობის მეორე ნაბიჯი უკვე გენური რედაქტირებაა CRISPR-cas9მეთოდიკით. ეს აუცილებელია ორგანიზმში მოცირკულირე დაინფიცირებული იმ უჯრედებიდან აივ ვირუსის გენების ამოსაკვეთად, რომელთაც ანტი-აივ პრეპარატებმა ვერაფერი დააკლო.

კამელ ხალილი აივ გენების ამოსაკვეთად CRISPR მეთოდიკას ადრეც იყენებდა. მაშინ იგი ადამიანის უჯრედებზე და ლაბორატორიულ ცხოველებზე ატარებდა ექსპერიმენტებს. თუმცა, მხოლოდ გენური რედაქტირება საკმარისი არ აღმოჩნდა. აივ ვირუსი საკუთარ თავს ისეთი მაღალი სიხშირით ამრავლებს, რომ გენური ინჟინერიის საშუალებით ყველა უჯრედის გენომის დარედაქტირება პრაქტიკულად შეუძლებელია. ამ კვლევაშიც თაგვების ნაწილს მხოლოდ CRISPR მეთოდიკით და ნაწილს მხოლოდ LASER ARTმეთოდიკით მკურნალობდნენ. ორივე შემთხვევაში კვლევის მეხუთედან მერვე კვირამდე აივ ინფექცია კვლავ თავს იჩენდა. თაგვების აივ-ინფექციისგან სრული განკურნება მხოლოდ ორივე მეთოდიკის კომბინაციით მოხერხდა

“წლების განმავლობაში ჩვენ აივ-ს როგორც ინფექციურ დაავადებას ისე განვიხილავდით. როგორც კი ვირუსი უჯრედში ხვდება, აივ-ი მაშინვე გენეტიკურ დაავადებად გადაიქცევა, რადგანაც ვირუსული გენომი მასპინძლის გენომში ერთვება. იმისათვის, რომ განვკურნოთ დაავადება, ჩვენ გვესაჭიროება გენეტიკური სტრატეგია. გენური რედაქტირება საშუალებას გვაძლევს ვირუსული დნმ მასპინძლის ქრომოსომებს გენომის დაზიანების გარეშე მოვაცილოთ” — აღნიშნავს ექიმი კამელ ხალილი.

CRISPR-cas9 ტექნოლოგია საოცრად ფაქიზი გამოდგა ცხოველურ ექსპერიმენტებში. იგი აივ გენებს მასპინძლის დნმ-ს ამ უკანასკნელის დაუზიანებლად აცილებდა. მკვლევარებმა იგივე მეთოდოლოგიით იმუშავეს იმუნურ უჯრედებზე, რომელთაც აივ ვირუსი ყველაზე ხშირად ირჩევს მასპინძელ უჯრედებად. მათი LASER ART და CRISPR ტექნოლოგიით დამუშავების შემდგომ, ეს იმუნური უჯრედები გადანერგეს ჯანმრთელი თაგვების ორგანიზმში, რათა ენახათ, განვითარდებოდა თუ არა აივ- ინფექცია. დაინფიცირების ერთი შემთხვევაც კი არ დაფიქსირდა.

“ჩვენ ძალიან კმაყოფილები ვართ მიღებული შედეგით. მეტად სასიამოვნოს იმის ხილვა, რომ ჩვენმა შემუშავებულმა ტექნოლოგიამ ცხოველებში შეძლო, როგორც ამას ჩვენ ვუწოდებთ, სტერილიზაციური განკურნება და ვირუსის ელიმინაცია” — აღნიშნა ექიმმა ხალილიმ.

მკვლევართა ჯგუფი აღნიშნულ თერაპიას უკვე ტესტავს პრიმატებზე, კონკრეტულად მაკაკებზე. მათ იმედი აქვთ, რომ ამ შემთხვევაშიც მსგავს შედეგს მიიღებენ. ასეთ შემთხვევაში, მეცნიერებს კვლევის ადამიანებზე გაგრძელების შესაძლებლობა მიეცემათ.

წყარო: TIME

წყარო : on.ge

სრულად ნახვა
არქეოლოგიაისტორიაკულტურასაქართველო

ქოჩალოს ეკლესიაში მე-10 საუკუნის ქართული წარწერა აღმოაჩინეს

2 დღის წინ, ლაგოდეხის დაცულ ტერიტორიაზე, ქოჩალოს ეკლესიის გაწმენდითი სამუშაოების შედეგად უმნიშვნელოვანესი ქართული წარწერა იპოვეს.

ასომთავრული ტექსტი X საუკუნის ბოლოსაა შესრულებული და ეკლესიისთვის მიწების შეწირვის შესახებ ჰყვება. წარწერაში ჰერეთის მეფე ადარნასე და დედოფალი დინარია მოხსენიებული. დღემდე მხოლოდ ნარატიული წყაროებით ცნობილი მეფე-დედოფალის მოხსენიების გარდა, უნიკალური აღმოჩენის განსაკუთრებულ მნიშვნელობას წარწერაში აღნიშნული საქართველოს ისტორიისთვის ამ დრომდე უცნობი რამდენიმე მმართველის სახელი და ისტორიული ჰერეთის უცნობი ტოპონიმი განსაზღვრავს.

ახლადგამოვლენილი ეპიგრაფიული ნიმუში საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს კვლევის სამსახურის ხელმძღვანელმა გიორგი გაგოშიძემ შეისწავლა. წარწერის სრულყოფილი პალეოგრაფიული შესწავლა სააგენტოში მომდევნო კვირაში გაგრძელდება და ანგარიშის სახით გამოქვეყნდება.

საეკლესიო წარწერის სამეცნიერო კვლევის მიზნით სააგენტოს სპეციალისტების ჯგუფი ლაგოდეხს უახლოეს დღეებში კიდევ ეწვევა, სადაც ეროვნული კატეგორიის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლზე წინასარეაბილიტაციო მოსამზადებელი ეტაპის გაწმენდით პროცესს ფონდი „ლაგოდეხის ქომაგი“ ადგილობრივი მცხოვრებლების შემოწირულობებისა და მოხალისეთა ენთუზიაზმის საფუძველზე ახორციელებს.

სამუშაოები კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ნებართვისა და ზედამხედველობის ქვეშ, არქეოლოგ – დავით ყვავაძის ხელმძღვანელობით მიმდინარეობს.

ქოჩალოს ეკლესია VI-VII საუკუნეებს განეკუთვნება და ორნავიან არქიტექტურულ ნაგებობას წარმოადგენს. ახლადგამოვლენილი წარწერის მიხედვით, მე – 10 საუკუნის ბოლოსთვის ის მონასტერი უნდა ყოფილიყო. 1614-1617 წწ. კახეთში სპარსეთის შაჰის – აბას I ლაშქრობების შემდეგ ლაგოდეხი გაუდაბურდა, რამაც ისტორიული მეხსიერების გაქრობაც განაპირობა.

სავარაუდოდ, ქოჩალოს ეკლესია ამ პერიოდიდანაა განადგურებული და უმოქმედო. ეროვნული მნიშვნელობის უძრავი ძეგლის კატეგორია ეკლესიას 2006 წლიდან აქვს მინიჭებული. 

სრულად ნახვა
1 20 21 22 23 24 33
Page 22 of 33