close

ისტორია

ეს საინტერესოაისტორიაკულტურამსოფლიოსაქართველო

ნიკოლოზ ბაგრატიონი – „ვეფხისტყაოსნის“ სულისკვეთებით სავსე ქართველი რაინდი აფრიკაში

კაცობრიობის ისტორიის მსვლელობისას დროდადრო გამოჩნდებიან ხოლმე ისეთი ადამიანები, რომლებიც თავიანთი უანგარო და მაღალზნეობრივი ცხოვრებით გმირობის საოცარ მაგალითს გვიჩვენებენ. ერთ-ერთი მათგანი იყო ნიკოლოზ ბაგრატიონი – ნიკო ბური, რომლის რაინდული ცხოვრება იყო ცოცხალი მაგალითი „ვეფხისტყაოსნის“ გმირების სულიერების რეალურ ცხოვრებაში განხორციელებისა. ნიკოლოზ ბაგრატიონი შუა საუკუნეების სარაინდო რომანების გმირს უფრო გავდა, ვიდრე XIX-XX  საუკუნეების მიჯნაზე მცხოვრებ ადამიანს. მან გადაწყვიტა სრულიად უანგაროდ დახმარებოდა მისი სამშობლოს მსგავსად გაჭირვებაში მყოფ, ბურების აფრიკულ სახელმწიფოს და უშუალო მონაწილეობა მიეღო საბრძოლო ოპერაციებში.

     ნიკოლოზი ბაგრატიონ-მუხრანბატონთა შტოს განეკუთვნებოდა, მათ მამულები ჰქონდათ მუხრანის ველის ტერიტორიაზე, რომლის ცენტრიც სოფელი მუხრანი გახლდათ. ნიკოლოზი პირდაპირი შთამომავალი იყო არჩილ მეფისა. ნიკო1868 წელს დაიბადა, მის ოჯახთან დაახლოებულ ილია ჭავჭავაძეს მგზნებარე სიტყვა წარმოუთქვამს და გიორგი ბაგრატიონისთვის ურჩევია, შვილები ქართულ წესზე აღეზარდა და სამშობლოს სიყვარული ჩაენერგა მათთვის.  ნიკოს მამა, გიორგი ბაგრატიონ-მუხრანელი სამხედრო პირი  გახლდათ, რომელსაც დიდ პატივს სცემდნენ. ცნობილი ფაქტია, რომ რუსეთ-თურქეთის ომის დროს ალექსანდროპოლში თურქთა არმია, რომელსაც ზიულ ფაშა მეთაურობდა რუსეთის არმიამ ალყაში მოაქცია. ზიულ ფაშამ რუსეთის არმიის მეთაურ ოგლობოჟიოს მოღალატე უწოდა და იარაღი არა მას, არამედ  მის ადიუტანტ გიორგი ბაგრატიონ-მუხრან ბატონს ჩააბარა, რომელიც შემდგომ ნიკო ბაგრატიონმა საქართველოს მუზეუმს ჩააბარა.   გიორგი ბაგრატიონს და მის მეუღლეს ეკატერინე მესიშვილს 15 ვაჟიშვილი და ერთადერთი ქალიშვილი თამარი ჰყავდათ.

პატარა ნიკოლოზი მუხრანში, ბაგრატიონ მუხრანელთა რეზიდენციაში იზრდებოდა. როგორც თავის წიგნში აღნიშნავს, მისი ბავშვობის ოცნება ყოფილა ფეხით მოევლო და საკუთარი თვალით ენახა მთელი ქვეყნიერება. ნიკოს ბავშვური და კეთილი სულის სწორად განვითარებაში დიდი წვლილი მიუძღვის მის გამზრდელ თინათინს. იგი უამბობდა მას მშვენიერ ზღაპრებს, თქმულებებს, „ვეფხისტყაოსნის“ სიუჟეტებს. პატარა ნიკოს სულში ღრმად გაიდგა ფესვი სიკეთისკენ სწრაფვამ და ბოროტების წინააღმდეგ ბრძოლის სურვილმა.

“გული იმ უცნობი მხარეებისკენ მიილტვოდა, რომლებსაც გამდელი ამიწერდა. ყოველი ზღაპრის მოსმენის შემდგომ, სიტყვას ვაძლევდი ჩემს თავს, რომ ოდესმე უთუოდ წავიდოდი იმ საარაკო ქვეყნებში, თან საყვარელ ტარიელად გახდომას ვნატრობდი.” 

   ბავშვობის ტკბილი ოცნებები მკაცრმა მამაკაცურმა აღზრდამ შეცვალა. ნიკოლოზ ბაგრატიონი პატარა ასაკიდანვე შეაჩვიეს ცხენზე ჯდომას,  იარაღის ხმარებას, სიძნელეების გადატანას. saaaa

   ნიკოლოზ ბაგრატიონის ოჯახს დიდი განსაცდელი დაატყდა თავს, როდესაც ფინანსური მაქინაციების წყალობით ებრაელმა ხასკინმა 600 000-იანი ვალი აჰკიდა ნიკოს ოჯახს. ეს ვალი მძიმე ტვირთად იქცა ოჯახისთვის. ნიკოს მამა იძულებული გახდა, წასულიყო და რუსეთის იმპერატორისთვის ვალის პატიება ეთხოვა. საბედნიეროდ იმპერატორმა ნიკოს ოჯახს ვალი აპატია.

   გიორგი ბაგრატიონმა გადაწყვიტა კარგი განათლება მიეცა შვილებისთვის. ნიკო და ლევანი თბილისში გაგზავნეს. მოხუცი ფრანგი ქალი ბერლემონი 3 წელიწადი ასწავლიდა ძმებს ფრანგულ ენას. უნდა აღინიშნოს ისიც, რომ ნიკოს განათლებაში დიდი წვლილი მიუძღვის ცნობილ ქართველ ისტორიკოსს პლატონ იოსელიანს, იგი ნიკოს მამიდის ქმარი გახლდათ. პლატონმა ღრმად შეასწავლა ნიკოლოზ ბაგრატიონს საქართველოს ისტორია,  კულტურა, არქეოლოგია.უნდა აღინიშნოს ისიც, რომ ფრანგულის გარდა ნიკომ ბრწყინვალედ შეისწავლა რუსული და ინგლისური ენა.

  გარკვეული პერიოდის შემდგომ ნიკო და მისი ძმა რუსულ გიმნაზიაში იწყებენ სწავლას. გიმნაზიაში სწავლის პერიოდშიც ნიკოს სული პატრიოტულ ნიადაგზე განაგრძობდა ზრდას, იგი ოცნებობდა საქართველოს უკეთეს მომავალზე და თავისუფლებაზე.

   1884 წელს გარდაიცვალა ნიკოს მამა, გიორგი ბაგრატიონი-მუხრანელი. ნიკოს უფროსი ძმა, ლევანი თბილისში დაბრუნდა სწავლის გასაგრძელებლად, ოჯახის ტვირთი კი ნიკოს დააწვა. ნიკომ პატარა არყის სახდელი გახსნა და ამით ეხმარებოდა ოჯახს. ბავშვობაში სუსტი ნიკო ახლა ნამდვილი გოლიათი იყო, 2 მეტრი და 10 სანტიმეტრი სიმაღლის. ბრწყინვალე მსროლელი, მოჯირითე, საარაკო ძალის პატრონი, ბრძენი ხასიათის მქონე. გიმნაზიის დამთავრების შემდგომ ლევანი დაბრუნდა მუხრანში და გადაწყვიტა, როგორც უფროსმა ძმამ, თავის თავზე აეღო მეურნეობის გაძღოლა. თუმცა ლევანი კარგი მეურნე არ აღმოჩნდა, გულნატკენმა ნიკომ გადაწყვიტა დაეტოვებინა სახლი და სხვაგან ეძებნა ბედი. თავდაპირველად ნიკომ კავშირი გააბა მატყლის შემსყიდველი ინგლისური კომპანიის წარმომადგენელთან. თუმცა ეს სავაჭრო წარმომადგენელი საზღვაო კატასტროფაში დაიღუპა და ნიკომ იძულებული გახდა სხვა სამუშაო ეძებნა. ამის შემდგომ ნიკო ყარსის რკინიგზის სამუშაოებზე მუშაობდა 2 წელი.

   1896 წელს ნიკო შეიყვანეს ქართველ დეპუტატთა რიცხვში, რომლებიც ნიკოლოზ II-ის მეფედ კურთხევას უნდა დასწრებოდნენ. ნიკო მეფედ კურთხევის შემდგომაც დარჩა მოსკოვში, სადაც მან გაიცნო ნადირობის დიდი ტრფიალი ნიკოლოზ ორბელიანი. მან შესთავაზა ნიკოს წასულიყვნენ აფრიკაში ლომებზე სანადიროდ.

“აი აქ ხელახლა წარმომიდგა თვალწინ ტარიელი, მთელი თავისი ვაჟკაცობით და გამბედაობით. სუსტსა და უძლურს ბავშვობაში, ახლა ისეთი ძალა მქონდა, რომ ვერცხლის აბაზიანს სულ იოლად გავტეხდი შუაზე.”

ნიკოლოზ ბაგრატიონმა სიხარულით მიიღო ეს წინადადება.

    ნიკოლოზი სამშობლოში დაბრუნდა და ოჯახის საქმეებს მიჰყო ხელი და თან სულმოუთქმელად ელოდა ორბელიანის წერილს.  თითქმის 2 წლის შემდგომ ნიკოლოზ ორბელიანის წერილიც მოვიდა. 1899 წელს ნიკოლოზ ბაგრატიონი პეტერბურგში გაემგზავრა მეგობართან შესახვედრად.

“ლომებზე ნადირობა ჩემთვის იყო მხოლოდ საბაბი -გავმგზავრებულიყავი შორ ქვეყნებში, მენახა უცხო ხალხები, გავცნობოდი მათ ზნე ჩვეულებას, კულტურას, დავმტკბარიყავი უცხო ბუნების სილამაზით. თუმცა მჯეროდა, რომ  საქართველოს მსგავსი ქვეყანა არსად იყო.”

   მეგობრები პარიზში გაემგზავრნენ, აქ მათ უნდა შეერთებოდათ ლომებზე ნადირობის სხვა მსურველნი. თუმცა ნიკოლოზ ორბელიანი დიდად მოიხიბლა პარიზით და აღარ ჰქონდა სურვილი აფრიკაში ლომებზე სანადიროდ წასვლისა. ნიკომ გადაწყვიტა მარტო გამგზავრებულიყო აფრიკაში. სექტემბრის ბოლოს რიცხვებში მარსელის ნავსადგურიდან გავიდა გემი, რომელზეც ნიკო ბაგრატიონი იმყოფებოდა. გემზე ყოფნისას მას ე.წ „ზღვის ავადმყოფობა“ დაემართა და მძიმედ გადაიტანა მგზავრობა. როგორც იქნა ჩააღწიეს ალექსანდრიაში, სადაც ნიკო მეტად დაინტერესდა ანტიკური კულტურით. ალექსანდრიაში ნიკომ შეიტყო ბურების რესპუბლიკის შესახებ, რომელიც სამხრეთ აფრიკაში მდებარეობდა და რომლის დაპყრობასაც ინგლისის იმპერია აპირებდა.

“მთელი ჩემი არსება მოიცვა ბურებისადმი თანაგრძნობამ და უყოყმანოდ გულში ღრმად ამოვიჭერი დავხმარებოდი თავისუფლების მოყვარულ პატარა ხალხს, რომელსაც ინგლისი მოსპობას უპირებდა.”

 “ბურების მდგომარეობა როგორღაც მაგონებდა  ჩემს  სამშობლოს  და მწამდა თუ შევებრძოლებოდი ბურების მტერს, ეს იმასაც ნიშნავდა, რომ მე ამით სამაგიეროს გადავუხდიდი ჩემი ქვეყნის მტრებსაც.”

   ბურების  რესპუბლიკის პრეზიდენტი გახლდათ 75 წლის მხნე მოხუცი პაულუს კრიეგერი. ნიკოლოზ ბაგრატიონმა გადაწყვიტა სასწრაფოდ დაეტოვებინა სასტუმრო და ბურებს დამხარებოდა თავისუფლებისთვის ბრძოლაში.

   ნიკილოზ ბაგრატიონმა გემით ჩააღწია დელაგოას  ნავსადგურში, რომელიც სამხრეთ აფრიკის ნაპირზე მდებარეობს, აქედან კი გაემგზავრა ტრანსვაალიის რესპუბლიკის დედაქალაქ პრეტორიაში, პრეზიდენტ კრიუგერის სანახავად, თუმცა პრეზიდენტი იქ არ დახვდა. ბაგრატიონი იმედოვნებდა, რომ პრეზიდენტს იოჰანესბურგში ნახავდა, თუმცა აქაც გაუცრუვდა იმედი. ნიკოლოზ ბაგრატიონი  თავის წიგნში „ბურებთან“ საუბრობს ბურების რესპუბლიკის ისტორიაზეც. თავდაპირველად ამ ტერიტორიაზე კოლონია დაარსეს ჰოლანდიელებმა, თუმცა მათ მალე შეუერთდნენ ფრანგები, რომელთა დიდი ნაწილი ხელისუფლებისგან დევნილი ჰუგენოტები იყვნენ. მათ დაიწყეს მიწის დამუშავება, მესაქონლეობა, სირაქლემების მოშენება, ასევე აღმოჩნდა არაერთი ოქროს თუ ალმასის საბადო.

  “ბურები ზოგჯერ უცნაურებიც არიან, ისინი ომობენ თავიანთი განწყობილებისა და შეხედულებებისამებრ, რასაც ხშირად მოჰყოლია კატასტროფა. მათი დისციპლინა, უმთავრესად რელიგიაა, რამაც აგრეთვე რესპუბლიკის სახელმწიფოებრივ ორგანიზაციას, უდავოდ თავისი დაღი დაასვა.”

    ინგლისელებმა დააარსეს კოლონია ნატალიში, ბურები იძულებულნი გახდნენ მიეყიდათ ეს ნაწილი ინგლისელებისთვის. ამის მიუხედავად ინგლისელები კვლავ ავიწროებდნენ ბურებს, ამიტომ ბურების ერთი ნაწილი მდინარე ვაალის გაღმა გადავიდა და ტრანსვაალის ბურების რესპუბლიკა დააარსა. ასევე ბურების მეორე ნაწილმა დაარსა რესპუბლიკა ორანჟი.

    ნიკოლოზ ბაგრატიონმა გადაწყვიტა დაეთვალიერებინა მიდამოები, გზად შავკანიანი გამყოლი იახლა. გზად მათ გადაეყარათ უზარმაზარი, მძინარე მახრჩობელა გველი,  რამაც  გვარიანად შეაშინათ და იძულებულები გახდნენ ფერმისთვის შეეფარებინათ თავი. როგორც გაირკვა, ფერმას ერთი საშიში მძვინვარე ვეფხვი შესჩვეოდა, რომელიც ანადგურებდა  ჯოგს. ნიკოლოზმა სიმამაცე გამოიჩინა და მრისხანე ცხოველი ორი გასროლით განგმირა. ნიკოლოზმა გადაწყვიტა შეხვედროდა პრეზიდენტ კრიუგერს. პრეზიდენტის მეუღლემ სამამ,  შეხვედრა ორშაბათს 11 საათზე დაუნიშნა.  დათქმულ დროს ნიკოლოზ ბაგრატიონი ეწვია პრეზიდენტის რეზიდენციას,  რომელიც წარმოადგენდა სადა სააგარაკო სახლს, რომელსაც ორი მწოლიარე ლომის ქანდაკება ამშვენებდა.  ბაგრატიონს სალუტით შეეგებნენ. პრეზიდენტ კრიუგერის და ნიკოს შეხვედრა მეტად გულთბილი აღმოჩნდა. ბაგრატიონს პრეზიდენტმა გააცნო სამი სამხედრო პირი:  ფრანგი გენერალი-ჟუბერი, გენერალი კრონიე, რომელიც არტილერიას ხელმძღვანელობდა და გენერალი დელარეი, რომელიც ნიკო ბაგრატიონივით გოლიათური აღნაგობისა გახლდათ. გადაწყდა, რომ ნიკო დელარეის დივიზიაში იმსახურებდა. მეორე დღეს ბაგრატიონი კვლავ ეწვია პრეზიდენტს და მასთან და მის მეუღლესთან ერთად სურათი გადაიღო. გენერალმა დელარეიმ ნიკო შტაბში დიაბარა დილის ხუთ საათზე,  ნიკოს შტაბში მისვლის შემდგომ ისინი გაემართნენ საბრძოლო ბანაკისკენ.

   “ყველაფერი მოეცვა კუპრივით ბნელ ღამეს. ჩქამიც არ ისმოდა, არც გუშაგები ჩანდნენ. ეს როგორი სამხედრო ბანაკია? უცებ სასწაული მოხდა – გაისმა სტვენისმაგვარი რაღაც და ყოველი ხე ბურად იქცა. როგორც კი პირველმა გუშაგმა შეიცნო დელარეი, მყისვე მისი მოსვლა გაიგო მთელმა ბანაკმაც. აქა-იქ  ციცინათელების მსგავსად აციალდნენ პატარა ფანრები.”

   ბურებმა თავაზიანად მიიღეს ნიკო, მტრის ჭარბი ძალების გამო ისინი ერიდებოდნენ გადამწყვეტ ბრძოლას და პარტიზანულ თავდასხმებს ანხორციელებდნენ მტერზე. ბურების ჯარის უდიდესი ნაკლი გახლდათ უდისციპლინობა. ზოგი მათგანი ტოვებდა ბანაკს რამდენიმე დღით და შემდეგ კვლავ ბრუდნებოდა. ნიკოლოზ ბაგრატიონი აღნიშნავს ბურების გენერლების მაღალ პროფესიონალიზმს, განსაკუთრებით გენერალ ლუი ბოტას და გენერალ დე-ვეტას.

   “დე-ვეტას ტაქტიკა იყო შესანიშნავი. იგი მოძრაობდა ინგლისის ჯარის პარალელურად, რის დროსაც მოულოდნელად ესხმოდა მათ თავს. იტყუებდა ისეთ ადგილებში, საიდანაც გამოსვლა მტერს  ძვირად უჯდებოდა.”

    ნიკოლოზ ბაგრატიონმა გადაწყვიტა მოხალისეთა პოლკს შეერთებოდა, რომელსაც ვილბუა-დე-მორეია მეთაურობდა და რომელმაც მარი ბროსეს  ნაშრომებით ბევრი რამ იცოდა საქართველოზე. სხვათა შორის ნიკოს აღნიშნული აქვს, რომ სამხედრო ბანაკში ყოფნისას იგი გადააწყდა „მორნინგ პოსტის“ ახალგაზრდა კორესპოდენტ უინსტონ ჩერჩილს, რომელიც ტყვედ ჩავარდნოდა ბურებს და რომელმაც ადვილად მოახერხა ტყვეობიდან გაქცევა ბურების არამკაცრი მეთვალყურეობის გამო.

  ბურპოლკოვნიკმა ვილბუამ შეიტყო, რომ მტერი აპირებდა დელარეის დივიზიისთვის ალყის შემორტყმას და განადგურებას, რომლის შემადგენლობაშიც შედიოდა თავად ვილბუას პოლკი და ნიკო ბაგრატიონი. დაზვერვამ, რომელშიც ნიკო ბაგრატიონიც მონაწილეობდა, ეს ინფორმაცია დაადასტურა. ბურებმა დაასწრეს მტრებს და დილაადრიან მიიტანეს იერიში ინგლისელებზე, ინგლისელები დააბნია მოულოდნელმა იერიშმა, მაგრამ მალე მოეგნენ გონს და პირველი დღის ბრძოლა ფაქტობრივად უშედეგოდ დასრულდა. მეორე დილას ინგლისელების არმიამ, რომელსაც კიტჩენერი მეთაურობდა არტილერიით მიიტანა იერიში ბურებზე. არც ერთი მხარე არ აპირებდა ჯერ გადამწყვეტ იერიშს. კიტჩენერეი დამხმარე ძალებს ელოდა რკინიგზით, ხოლო გენერალი კრონიე კი ელოდა, რომ მტერი გადმოვიდოდა შეტევაზე და ადვილად გაანადგურებდა მათ. მოხალისეთა პოლკს, რომელშიც ნიკო ბაგრატიონიც იყო, ნაბრძანები ჰქონდათ არ გასცილებოდნენ სანგრებს  და განსაკუთრებული შემთხვევისთვის ინახავდნენ მათ.

  ინგლისელების არმიას ალყაში მოქცევის საფრთხე ემუქრებოდა, ამიტომ რამდენიმე დღის შემდგომ მათ იერიში მიიტანეს ბურებზე, მათ მოიგერიეს ეს იერიში, რომელშიც ნიკო ბაგრატიონის პოლკიც იღებდა მონაწილეობას. საღამოს ინგლისელების დამხმარე არტილერია გამოჩნდა, მაგრამ ბრწყინვალე არტილერისტმა კრონიემ ისეთი ცეცხლი გაუხსნა, რომ მათ

არტილერიის განლაგებაც კი ვერ შეძლეს და უკან დაიხიეს.

  ნიკოლოზ ბაგრატიონის პოლკი ბრძოლებს ქალაქ ლედისმიტის მიდამოებში განაგრძობდა, რომელსაც ინგლისელი გენერალი უაიტი იცავდა. ამ ბრძოლებიდან მალევე გარდაიცვალა გენერალი ჟუბერი, რაც დიდი დანაკლისი იყო ბურებისთვის. ომი გრძელდებოდა. ინგლისის არმიამ ვერ მოახერხა სწრაფი განადგურება ბურებისა, საკუთარი სამშობლოსთვის ბურები თავდადებით იბრძოდნენ. პარტიზანული თავდასხმებით ბურები მტერს დიდ ზიანს აყენებდნენ. გენერალ კრონიეს 7-8 ათასიანი ჯარი კიმბერლეის გარშემო იყო განლაგებული. გენერალმა დელარეიმ კი ბრწყინვალედ დაამარცხა ლორდი მეტუენის არმია, ხოლო ტყვედ ჩავარდნილი მეტუენი კი გაანთავისუფლა. უნდა აღინიშნოს ისიც, რომ ბურები კაცთმოყვარეობის გამო ათავისუფლებდნენ ტყვედ ჩავარდნილ მტრის ჯარისკაცებს. ომის გაწელვის გამო ინგლისელებმა დაიწყეს ფიქრი ზავზე, მაგრამ ინგლისმა ბურების მიერ წაყენებული არც-ერთი პუნქტი არ დააკმაყოფილა და ბურებს თავისუფლება არ მიანიჭა, ბურებმა დაიწყეს ფიქრი ფართოუფლებიან ავტონომიაზე ინგლისის მფარველობის ქვეშ. მოლაპარაკება გაჭიანურდა და გენერალმა კიტჩენერმა გააძლიერა იერიშები ბურების წინააღმდეგ. ქალაქ ბოსჰოფთან დაიღუპა პოლკოვნიკი ვილბუა და იმ პოლკის თითქმის ნახევარი, რომელშიც ნიკო ბაგრატიონი იყო გაწევრიანებული. ბურების არმია და გენერალი კრონიე მიმწყვდეულები აღმოჩნდნენ ბოსჰოფთან, კრონიე იძულებული გახდა მტერს დანებებოდა. ტყვედ ჩავარდა ნიკოლოზ ბაგრატიონიც. მას ინგლისელებმა დახვრეტა მიუსაჯეს. ნიკო ფაქტიურად შეგუებული იყო იმ აზრს, რომ მალე გამოასალმებდნენ სიცოცხლეს, იხსენებდა სამშობლოს, ნათესავებს, მეგობრებს.

  „დედის მოგონებამ რაღაცნაირად გული შემიქანა. გულის ჯიბიდან ამოვიღე მშობლის სურათი, რომელსაც მუდამ თან ვატარებდი და მთვარის შუქზე დავცქეროდი, მისი სახით კვლავ თვალწინ წარმომიდგა შორს დარჩენილი ჩემი საყვარელი სამშობლო“

   ნიკო დასახვრეტად გამზადებულთა რიგში აღმოჩნდა.

„ვიდექი უძრავად, ხელში კვლავ დედის სურათი მეჭირა – სიკვდილის წინ მინდოდა კიდევ ერთხელ დამეხედა მისთვის.”

  ოფიცერმა შეამჩნია ნიკოს დედის უცნაური ჩაცმულობა და შეეკითხა ნიკოს თუ ვინ იყო იგი, როდესაც ნიკოს წარმომავლობა გაიგო, ნიკო გამოაყვანინა სიკვდილმისჯილთა რიგიდან და ჩააგდებინა სატუსაღო ხაროში. ნიკოლოზ ბაგრატიონი დაბარებული აღმოჩნდა გენერალ კიტჩენერის მიერ. შეხვედრისას კიტჩენერი თავაზიანად მიესალმა და ჰკითხა, თუ რატომ იბრძოდა ინგლისის წინააღმდეგ. ნიკოლოზ ბაგრატიონის პასუხი ასეთი გახლდათ:

“ყველა ხალხს უნდა შეეძლოს თავისუფლად იცხოვროს ამ ქვეყანაზე, ამისთვის ხალხი არ უნდა ისჯებოდეს“

კიტჩენერმა ნიკოს წმინდა ელენეს კუნძულზე გადასახლება მიუსაჯა.

  წმინდა ელენეს კუნძულზე ნიკო კიდევ უფრო  მეტად დაუახლოვდა ფრანგ გრაფ ბრედს, რომელიც აფრიკაში გაიცნო. ნიკოს მეტად მძიმე პირობებში უხდებოდა ცხოვრება. მას დამხარება გაუწია  ბრედმა, ამ თანხით მან სუფთა ტანისამოსი შეიძინა. ნიკო სხვადასხვა გზებს ეძებდა სახსრების მოსაძიებლად. მან გადაწყვიტა  დოღის მოწყობა  და არებული სახსრებით ტყვეების დახმარება.

   დოღი დილის 12 საათზე იყო დანიშნული, უამრავი ადამიანი დაეინტერესებინა დოღს და გულისფანცქალით ელოდნენ სანახაობას. სხვადასხვა მუსიკალური ნომრების შემდგომ დაიწყო დოღი, რომელშიც მონაწილეობდნენ ინგლისელთა ცხენოსანი ჯარის ნაწილების, თუმცა გამარჯვება ტყვე ბურებს დარჩათ. ნიკოს გამოსვლის დროც დადგა, ოთხმა ზანგმა ორი მეტად ღონიერი ცხენი გამოიყვანა, მეჯინიბეებმა ცხენების გრძელი თასმების ყულფები ჩამოაცვეს ნიკოს მკლავებზე, ნიკომ მყისვე კისერზე მოგდებულ მთავარ ღვედს ჩაავლო ხელი.

„გაუშვით ხელი – ვიყვირე მე  და მეჯინიბეები რომელთაც ცხენები აქეთ-იქით აღვირით ეჭირათ განზე გახტნენ. ცხენებმა წამსვე გაიწიეს, მაგრამ ადგილზევე გაქვავდნენ. მაშინ მეჯინიბეებმა ცხენებს შოლტები გადაჰკრეს. ახლა ცხენებმა მოინდომეს ერთბაშად თავის დაღწევა, მაგრამ როცა ადგილიდან ოდნავაც ვერ დამძრეს, ყალზე აიმართნენ. ვატყობდი ძარღვები დაწყდომაზე მქონდა, მაგრამ მაინც ვიდექი, როგორც მიწაში ღრმად ფესვებგამდგარი მუხა, ცხენები თითქოს ჩემს ორ ტოტზე გამობმული იყვნენ.“

 ნიკოს ამ ნომერმა დამსწრე საზოგადოების უდიდესი აღტაცება დაიმსახურა.

   ბურების რესპუბლიკას აღსასრულის დღე ედგა, მარცხს განიცდიდნენ ბურების არმიები. რასაც ნიკო მეტად განიცდიდა. სრულიად მოულოდნელად ნიკოს მიეცა წინადადება, რომ იგი მოიპოვებდა თავისუფლებას თუ იგი აღარ დაბრუნდებოდა აფრიკაში. ნიკო დათანხმდა. მეგობარ ბრედასთან ერთად 1901 წლის 10 ნოემბერს  დატოვა წმინდა ელენეს კუნძული და ინგლისისკენ გაემართა. ლონდონიდან მეგობრები პარიზში გაემგზავრნენ. ბრედას მშობლები ძალიან გაახარა შვილის დაბრუნებამ, მათ ნიკოც გულთბილად მიიღეს. პარიზიდან ნიკო მიემგზავრება პეტერბურგში, საიდანაც იგი საქართველოსკენ წამოვიდა.

   სამშობლოში დაბრუნებულმა  ნიკომ თავადის ასულ ანა ბუჭყიაშვილზე იქორწინა,რომელთანაც 6 შვილი შეეძინა. საქართველოს თავზე ჩამოწოლილმა შავმა ბოლშევიკურმა ღრუბელმა ნიკოს ოჯახსაც გადაუარა  და მისი არაერთი ნათესავი იმსხვერპლა, თვითონ ნიკო აქტიურად გამოდიოდა ბოლშევიკების წინააღმდეგ და რაღაც სასწაულით გადაურჩა სიკვდილს. ნიკოს ბოლშევიკებმა სახლ-კარი და ადგილ-მამულები ჩამოართვეს.ზოგიერთი ცნობით, გაღარიბებული ნიკო ბაგრატიონი თბილისის ბაზარში სიგარეტების გაყიდვით ირჩენდა თავს.

ასეთი  გახლდათ თავგადასავალი კიდევ ერთი  ქართველი რაინდისა,რომელმაც საკუთარი სიცოცხლე გადასდო იმისათვის, რათა დახმარებოდა გაჭირვებაში მყოფ ბურების პატარა რესპუბლიკას და რომლის გმირობა სამაგალითოა თითოეული  ქართველისათვის და მსოფლიოს ნებისმიერი კუთხის მკვიდრთათვის.

სრულად ნახვა
ეს საინტერესოაისტორიაკატეგორიის გარეშეკულტურამსოფლიო

ეგვიპტეში რამზეს II-ის სასახლე აღმოაჩინეს

ამერიკელმა არქეოლოგებმა ქალაქ აბიდოსში რამზეს II-ის სამარხთან ახლოს შენობის ნაწილები აღმოაჩინეს, რომელიც სავარაუდოდ ფარაონის სასახლე იყო. ამის შესახებ Luxor Times-ი წერს.

გათხრების დროს არქეოლოგებმა სხვა შენობაში ქვის გასასვლელი იპოვეს, რომელზეც ისეთივე იეროგლიფები იყო, როგორიც მთავარ ტაძარს აქვს.

სრულად ნახვა
ისტორიაფიზიკა

საინტერესო ფაქტები ალბერტ აინშტაინის შესახებ

ალბერტ აინშტაინი ბევრისთვის ცნობილია, როგორც ფიზიკოს-თეორეტიკოსი, საყოველთაოდ მიჩნეულია XX საუკუნის უდიდეს მეცნიერად. მან წამოაყენა ფარდობითობის თეორია და ასევე დიდი წვლილი აქვს შეტანილი კვანტური მექანიკის, სტატისტიკური მექანიკისა და კოსმოლოგიის განვითარებაში. 1921 წელს მიენიჭა ნობელის პრემია ფიზიკაში 1905 წელს ფოტოელექტრონული ეფექტის მისეული განსაზღვრებისთვის და ასევე თეორიულ ფიზიკაში მის მიერ შეტანილი წვლილისთვის.

,,დოქტრინა” გთავაზობთ საინტერესო ფაქტებს მის შესახებ, რომელთა ნაწილიც, საზოგადოებაში აქამდე არასწორადაც კი იყო გავრცელებული.

ალბერტ აინშტაინი უცნაური თავით დაიბადა – უკანა თავის არე იმდენად დიდი ჰქონდა, რომ ოჯახი შეშფოთებული იყო ამის გამო, თუმცა  დაბადებიდან რამდენიმე კვირაში, თავის ფორმა უფრო ნორმალური გახდა.

საინტერესოა, რომ ის, რასაც ახლა წაიკითხავთ, ბევრ გენოისს სჭირდა – ამბობენ, რომ მან ვერ დაიწყო საუბარი 10 წლის ასაკამდე. ამის გამო სტენფორდის ეკონომისტმა – დოქტორმა თომას სოველმა, შემოიღო ტერმინი –  ,,აინშტაინის სინდრომი”.
ხშირად ამბობენ, რომ ის იყო ცუდი სტუდენტი, როგორც აღმოჩნდა, ეს ტყუილია. იგი ცალსახად ცუდი სტუდენტი ვერც იქნებოდა, როდესაც  იყო ბრწყინვალე მევიოლინე, იღებდა მაღალ ნიშნებს ლათინურ და ბერძნულ ენებში და 15 წლის ასაკში მან უკვე კარგად აითვისა აღრიცხვა.
ამბობენ, რომ აინშტაინი საკმაოდ რთული ქმარი იყო – ბევრს მოითხოვდა თავისი მეუღლისგან – მილევასგან. მან დაუდგინა ცოლს წესების მთელი რიგი – სიის მიხედვით მას უნდა ჰქონოდა დღეში სამჯერადი კვება, შეეწყვიტა ლაპარაკი, თუ ქმარი სთხოვდა და, სავარაუდოდ, როგორც ამბობენ, არ უნდა ჰქონოდა ინტიმური ურთიერთობა მასთან.

აინშტაინი თავის პირველ ცოლ მილევა მერისთან ერთად

წერილების მიხედვით, აინშტაინს საკმაოდ ბევრი ქალი სცემდა თაყვანს და საკმაოდ პოპულარულიც კი იყო –  ელზა აინშტაინი – მისი ბიძაშვილი კი, 1919 წელს მისი მეუღლე გახდა.
იცოდით თუ არა,რომ ყველა დროის ერთ-ერთ უდიდეს ფიზიკოსს საკმაოდ უცნაური ჩვევები ჰქონდა – იყო მოუწერიგებელი, ეს კი, ხილულად, მუდამ აწეწილ თმებში გამოიხატებოდა. ყველაერთან ერთად – მას არ უყვარდა წინდები და არც არასდროს იცვამდა მათ.
ბევრი ამბობს, რომ შესაძლოა, მან დააჩქარა საკუთარი სიკვდილი. აინშტაინი გარდაიცვალა 1955 წლის 18 აპრილს სისხლძარღვების გახეთქვის გამო. ამერიკის ბუნების ისტორიის მუზეუმის ვებგვერდზე განთავსებული ინფორმაციის თანახმად, ექიმებმა შესთავაზეს ოპერაცია, მაგრამ აინშტაინმა უარი განაცხადა და თქვა: ,,ეს არის ცხოვრები უგემოვნო გახანგრძლივება ხელოვნურად.”

 

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
ეს საინტერესოაისტორიაკატეგორიის გარეშე

CIA-ს ბნელი წარსული, უკანონო ცდები ადამიანებზე და პროექტი „მკ-ულტრა“

სი-აი-ეი“- ცენტრალური სადაზვერვო სააგენტო. ალბათ მრავალ ჩვენგანს ახსოვს ეს სახელი ჰოლივიდური ფილმებიდან. „სი-აი-ეი“ შეიქმნა 1947 წელს და მის მიზანს წარმოადგენდა მსოფლიოში მიმდინარე პროცესებზე ინფორმაციის მიღება, ანალიზი და მათი გადაცემა მთავრობისათვის. უნდა ითქვას, რომ „სი-აი-ეი“-მ თავისი დანიშნულება ნამდვილად შეასრულა, შეიძლება ითქვას გადაჭარბებითაც კი. თუმცა, არც თუ ისე იშვიათად ინფორმაციის მისაღებად ყოველგვარი კანონისა და ეთიკის ზღვარს სცილდებოდნენ. ამ მხრივ „სი-აი-ეი“-ს პროექტებიდან ყველაზე მასშტაბური და სკანდალური იყო პროექტი „მკ-ულტრა“.

„მკ-ულტრას“ ფარგლებში არაერთ არარეგალურ და არაჰუმანურ საშუალებებს ცდიდნენ ადამიანებზე

„მკ-ულტრა“ იყო გასაიდუმლოებული პროექტის სახელწოდება, რომლის მიზანიც გახლდათ ადამიანის გონებაზე ზემოქმედება და მისი გაკონტროლება. პროექტი ოფიციალურად დაიწყო 1953 წელს „სი-აი-ეი“-ს შეფის- ალენ დალესის ბრძანებით, სამეცნიერო ხელმძღვანელად დაინიშნა სიდნი გოტლიბი, ე.წ. „ექიმი სიკვდილი“, რომელიც დიდად არ ჩამორჩებოდა ცნობილ ნაცისტ ექიმს-იოზეფ მენგელეს. პროექტი გაგრძელდა 1964 წლამდე. შემდეგ გადაერქვა სახელი და  ეწოდა „მკ-სერჩი“, შეიცვალა პროექტის მიზანიც, მაგრამ ამაზე ცოტა ქვემოთ.

„მკ-ულტრა“ საკმაოდ გრანდიოზული პროექტი გამოდგა. მასში ჩართული იყო 85 ინსტიტუტი და 145 მკვლევარი. აღსანიშნავია, რომ ნაწილმა არც კი იცოდა მათ მიერ ჩატარებული კვლევები რა მიზნებით გამოიყენებოდა.

მთავარი მიზნის- ადამიანის გონების გასაკონტროლებლად ატარებდნენ უამრავ ექსპერიმენტს ადამიანებზე. აქვე უნდა დავამატოთ, რომ არც ექსპერიმენტების მონაწილეთა დიდმა ნაწილმა არ იცოდა, რომ ე.წ. „ლაბორატორიული ვირთხები“ გახდნენ. ამ ქმედებით „სი-აი-ეი“ არღვევდა ნიურბერგის კოდექსს, რომლითაც განისაზღვრა მეცნიერ-მკვლევართა ეთიკური საზღვრები და რომელზეც აშშ-საც ჰქონდა ხელი მოწერილი.

პროექტის ფარგლებში ადამიანებზე ცდიდნენ სხვადასხვა საშუალებას. მათ შორის ყველაზე ფართოდ დანერგილი იყო LCD- ლიზერინგის დიეთილ მჟავა. LCD-ს ფართოდ გამოიყენებოდა სამხედრო თუ სამედიცინო პერსონალში, ასევე მეძავებსა და  განსაკუთრებით კი დაკითხვებზე. მეცნიერები აკვირდებოდნენ წამლის გავლენის ქვეშ მყოფთა ქცევას. საინტერესოა, რომ „სი-აი-ეი“-მ სანფრანცისკოში საროსკიპოც კი გახსნა, სადაც კლიენტებს ამარაგებდნენ LCD-თ, შემდეგ კი მათზე დაკვირვებას აწარმოებდნენ (რა თქმა უნდა კლიენტმა არაფერი იცოდა). მრავალი იატაკქვეშა „ოფისი“ გახსნეს დასავლეთ ევროპასა და სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში. საბოლოოდ LCD ამოიღეს ხმარებიდან, როგორც არაპროგნოზირებადი საშუალება.

ხშირად გამოიყენებოდა ელექტროშოკი. ელექტროენერგიის შეყვანით პაციენტში აკვირდებოდნენ მისი ბიო-ლექტრული ველის ცვლილებას. დენის ძაბვა რამდენჯერმე აღემატებოდა დასაშვებ ზღვარს.

პოპულარული საშუალება გახდა ჰიპნოზიც, რომელიც განსაკუთრებით „მკ-სერჩის“ ფარგლებში განვითარდა. ჰიპნოზის მეშვეობით ცდილობდნენ ისეთი თვითმკვლელის შექმნას, რომელიც საკვანძო სიტყვის გაგონებისთანავე მსხევრპლს მოკლავდა. კვლევის ამ მეთოდის და საერთოდ „მკ-სერჩის“ ოფიციალური სამიზნე იყო კუბის ლიდერი- ფიდელ კასტრო. მის მოსაკლავად „სი-აი-ეი“-ში არაერთი გეგმა შემუშავდა.

აქტიურად მიმართავდნენ სხეულში სხვადასხვა ძლიერმოქმედი წამლის შეყვანას. მაგალითად გავრცელებული მეთოდი იყო პაციენტის სხეულში ბარბიტურატის შეყვანა, ხოლო როცა პაციენტს ჩაეძინებოდა ამფეტამინს უმატებდნენ. შედეგად იწყებდა არეულ და შეუჩერებელ საუბარს. ამ მეთოდს იყენებდნენ დაკითხვის გასაუმჯობესებლად. ხშირად გამოიყენებოდა ჰეროინი, მორფინი, მარიხუანა, ალკოჰოლი და ა.შ.

siaiesi

სიდნი გოტლიბი- „სი-აი-ეი“-ს ერთ-ერთი მთავარი მეცნიერ თანამშრომელი. ე.წ. „ექიმი სიკვდილი“ 

ცალკე სქემა მოქმედებდა კანადაში. აქ სისტემას ხელმძღვანელობდა დონალდ ევენ კამერონი. იგი ნიუ ორკიდან ყოველ კვირა მიემგზავრებოდა მონრეალში, სადაც 69 000 $-ად ატარებდა ექსპერიმენტებს „მკ-ულტრა“-სათვის. მონრეალის საავადმყოფოში ქიმიკოსებმა და ექიმებმა ისეთი პაციენტები შეარჩიეს, რომლებთაც მშობიარობის შემდგომი დეპრესია და შფოთვები ქონდათ. მათ ნარკოტიკული საშუალებები გაუკეთეს, რათა ელექტროკონვულსიურ თეორიას დაქვემდებარებოდნენ და ინდუცირებულ კომაში ჩავარდნილიყვნენ. ხშირად გამოყენებული ელექტრშოკი 30-ჯერ ან 40-ჯერ აღემატებოდა დასაშვებ ზღვარს. შემდეგ პაციენტებს განუწყვეტლივ მოკლე შეტყობინებებს ასმენინებდნენ. შედეგები სავალალო იყო. აღსანიშნავია, რომ კამერონი იმავე პერიოდში, როცა მონრეალში ექსპერიმენტებს ატარებდა, მსოფლიოს ფსიქოლოგთა ასოციაციის საპატიო წევრად და  ამერიკისა და კანადის ფსიქოლოგთა ასოციაციის პრეზიდენტად აირჩიეს. ამავდროულად  ის ერთ-ერთი იყო ზემოთაღნიშნული „ნიურბერგის კოდექსის“ შემდგენელთაგან. ეს ფაქტი ცხადად მეტყველებს თუ რა მასშტაბებზე მოქმედებდა „სი-აი-ეი“ და რამდენად მიმზიდველი იყო მასთან თანამშრომლობა ამბიციური და უმორალო პიროვნებებისათვის.

domalddd

დონალდ ევენ კამერონი- ცნობილი ფსიქოლოგი, რომელიც „მკ-ულტრას“ კვლევებს უძღვებოდა კანადაში

ბუნებრივია, ის მეთოდები, რომლებიც ზემოთ აღვნიშნეთ პაციენტებზე ზეგავლენას მოახდენდა. ხშირად ეს ზეგავლენა დამღუპველიც იყო. პაციენტთა დიდი რაოდენობა, საუბარია ათასობით ადამიანზე ექსპერიმენტების მსხვერპლი გახდა, არანაკლებმა მიიღო ჯანმრთელობის გამოუსწორებელი ზიანი: ამნეზიის დაკარგვა, გონებრივი აშლილობა, მეტყველების დაქვეითება და ა.შ. მსხვერპლთა შორის აღმოჩნდნენ ის მეცნიერები, რომლებიც „სი-აი-ეი“-ს უსაფრთხოებისათვის „საეჭვოდ“ მიაჩნდა. მათ შორის ყველაზე სკანდალურია ფრენკ ოლსონის გარდაცვალება. ოლსონი ერთ-ერთ სამეცნიერო დეპარტამენტში მოღვაწეობდა „სი-აი-ეი“-ში. როგორც ცნობილია სიდნი გოტლიბმა ისიც ექსპერიმენტის სუბიექტად აქცია, ისე რომ ოლსონმა ამაზე არაფერი იცოდა. 1953 წელს ის სამსახურიდან გადადგა, რადგან მიაჩნდა, რომ ის, რასაც მისგან მოითხოდვნენ ყოველგვარ მორალურ ჩარჩოებს სცილდებოდა. მალევე ოლსონი გარდაიცვალა. დღესდღეობით არსებული ფაქტების საფუძველზე ბრალს არც თუ უსაფუძვლოდ „სი-აი-ეი“-ს სდებენ.

               msxverpli

                                 ფრენკ ოლსონი-„სი-აი-ეი“-ს თანამშრომელი და მსხვერპლი

1973 წელს „სი-აი-ეი“-ს შეფმა რიჩარდ ჰელმსმა ბრძანა „მკ-ულტრასა“ და „მკ-სერჩის“ შესახებ ყველა დოკუმენტის განადგურება. დოკუმენტები გაანადგურა თვით სიდნი გოტლიბმაც. თუმცა 20 000 დოკუმენტი ამ პროექტებზე გადარჩა სრულიად შემთხვევით-ისინი შეცდომით სხვა ადგილას დაუარქივებიათ.

1974 წელს „The New York Times”-მა გამოაქვეყნა სტატია, რომელშიც „სი-აი-ეი“-ს ბრალს სდებდა 60-იან წლებში ჩადენილ არაჰუმანურ და უკანონო ექსპერიმენტების ჩატარებაში, რომლის სუბიექტები და ხშირად მსხვერპლნი ადამიანები ხდებოდნენ. მომდევნო წელს შეიქმნა კომისიები: „საეკლესიო კომიტეტი“ კონგრესში და „როკფელერის კომიტეტი“ პრეზიდენტის რწმუნებით. მათ დაევალათ გამოეძიებინათ „სი-აი-ეი“-ს „საეჭვო“ ქმედებები. ამ კომისიების მუშაობის შედეგად მართლაც მრავალი საიდუმლო გახდა ცნობილი საზოგადოებისათვის.

დღესდღეობით კვლავაც გრძელდება „სი-აი-ეი“-ს დანაშაულებრივი წარსულის კვლევა, თუმცა მრავალი დოკუმენტის განადგურების გამო შეუძლებელი გახდა უამრავი არალეგალური პროექტის გამომზეურება.

 მოამზადა:

ოთარ ჭიღლაძემ

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი “დოქტრინა”

სრულად ნახვა
დედამიწაისტორიაკულტურამსოფლიო

ახალი აღმოჩენა, რომელიც შოკოლადის წარმოშობის ისტორიას 1,500 წლით აძველებს

მეცნიერები აცხადებენ, რომ ადამიანები შოკოლადს უფრო ადრეული დროიდან მოიხმარენ, ვიდრე ამას აქამდე ფიქრობდნენ. მათი მტკიცებით, კაკაოს გამოყენება 5,300 წლის წინ უძველეს დასახლებაში დაიწყეს, რომელიც სამხრეთ-აღმოსავლეთ ეკვადორში მდებარეობს.

მეცნიერებმა სანტა-ლა ფლორიდას არქეოლოგიურ მხარეში კერამიკული  არტიფაქტები გამოიკვლიეს და კაკაოს, რომლისგანაც შოკოლადი მზადდება, გამოყენების უამრავი მტკიცებულება მოიპოვეს.

კვლევის თანახმად, კაკაოს ადამიანი იმაზე 1,500  წლით ადრე მოიხმარდა, ვიდრე  აქამდე ფიქრობდნენ და მისი გამოყენება სამხრეთ ამერიკაში დაიწყეს და არა ცენტრალურში, როგორც აქამდე იყო მიჩნეული.  კაკაოს ტროპიკულ მარადმწვანე ხე თეობრომას (Theobroma) ოვალური ნაყოფი ასხია, რომელიც ლობიოს მსგავს კაკაოს თესლს შეიცავს, რომელსაც დღეს ხალავენ და კაკაოდ და შოკოლადად აქცევენ.

მეცნიერებმა კაკაოს მარცვლები კერამიკულ და თიხის ჭურჭელში აღმოაჩინეს. მათი განმარტებით, 5,300 წლის წინ ადამიანები შოკოლადს სასმელის სახით მოიხმარდნენ.

არქეოლოგიურმა მტკიცებულებამ აჩვენა, რომ კაკაო ცენტრალურ ამერიკასა და მექსიკაში დაახლოებით 4,000 წლის წინ გავრცელდა. სანამ ხუთი საუკუნის წინ ამერიკაში ევროპელი დამპყრობლები შევიდოდნენ შოკოლადს, სხვადასხვა სანელებელსა და ინგრენდიენტთან ერთად სასმელად ისეთი უდიდესი ცივილიზაციის ხალხი მოიხმარდა, როგორიცაა აცტეკები და მაია.

წყარო: Reuters

მასალა მოამზადა: თამარ ტაბატაძემ

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი “დოქტრინა”

სრულად ნახვა
ეს საინტერესოაისტორიაკულტურამსოფლიო

„პიეტა“ – ერთადერთი შედევრი, რომელსაც მიქელანჯელომ ხელი მოაწერა

რომში, წმინდა პეტრეს ბაზილიკაში მდებარეობს კაცობრიობის უდიდესი მხატვრისა და მოქანდაკის მიქელანჯელო ბუონაროტის საოცარი ქმნილება „pieta“. მისი შექმნისას მიქელანჯელო 24 წლის გახლდათ. საკუთარი ხელოვნების სრულყოფილებაში დარწმუნებულმა კონტრაქტში ჩაწერა, რომ „პიეტა იქნება ულამაზესი მარმარილოს ქანდაკება და ვერცერთი ცოცხალი ხელოვანი მასზე უკეთესს ვერ შექმნის“.

მე-14 საუკუნეში ქრისტიანობაში ღვთისმშობლის მწუხარების თაყვანისცემა დაიწყო, რაც ხელოვნებაშიც აისახა. იესო ქრისტეს დატირების სცენებს პიეტას უწოდებდნენ.
მიქელანჯელომ თავისი შედევრი 1496-1498 წლებში, ტოსკანური მარმარილოსგან გამოკვეთა. ის ფრანგი კარდინალის ჟან ბილერის საფლავის კაპელისთვის იყო განკუთვნილი.

ჟან ბილერი რომში საფრანგეთის წარმომადგენლად მოღვაწეობდა. 1498 წელს მან მიქელანჯელოს საკუთარი საფლავისთვის ქანდაკება შეუკვეთა, თუმცა მის დასრულებას ვერ მოესწრო.
კონტრაქტით გათვალისწინებული ერთი წლის ნაცვლად, მიქელანჯელო „პიეტაზე“ ორი წელი მუშაობდა.
ამ პერიოდში, კარდინალი გარდაიცვალა, თუმცა სიცოცხლის უკანასკნელ დღეებში ის მიქელანჯელოს სახელოსნოში ქანდაკების სანახავად მივიდა. ამ დროისთვის, მხოლოდ ღვთისმშობლისა და ქრისტეს სახეები იყო დასრულებული, მაგრამ უკვე ჩანდა, რომ მოქანდაკემ პირობა შეასრულა და სილამაზითა და ემოციურობით მიქელანჯელოს შედევრზე უკეთესის შექმნას ვერავინ შეძლებდა.

მე-18 საუკუნეში ქანდაკება კარდინალის საფლავიდან ვატიკანში, წმინდა პეტრეს ტაძრის ერთ-ერთ კაპელაში გადაიტანეს.
ავტორის ჩანაფიქრით, მარიამს ჯვარცმიდან ჩამოხსნილი იესოს სხეული მუხლებზე ჰყავს დასვენებული. მძიმე მოსასხამის ნაკეცები მთლიანად ფარავს მარიამის სხეულს და მნახველს ისეთი განცდა რჩება, თითქოს ტოსკანური მარმარილო თავად შეიცავს სიკვდილსა და მწუხარებას.
მნახველის წინაშე ცხადად წარმოდგება სურათი – როგორ აჰყავს მარიამს შვილი, როგორი დედობრივი მზრუნველობით იჭერს, როგორ ეფერება მისი მზერა ქრისტეს სახეს…
ქრისტე ექსპრესიულად არის მოცემული: გამხდარი, უკან გადაგდებული თავით და უღონოდ ჩამოვარდნილი ხელით.

ყველა, ვისაც ქანდაკება უნახავს, გრძნობს, რომ გარდაცვლილი შვილის სხეული დედას აუტანელი სიმძიმით აწევს, მაგრამ უფრო მძიმეა დარდი, რომელიც დედის გულს დაუფლებია. მარიამის დახრილი თავი და მწუხარე სახის მშვენიერი ნაკვთები თავსაბურავის ნაკეცებშია მოქცეული. მრავლისმეტყველია მარცხენა ხელის ჟესტი, რომელიც თითქოს კითხვას გამოხატავს და გამოუსწორებელი დანაკარგის დაჯერება არ უნდა.

მარიამს ახალგაზრდა ქალიშვილის სახე აქვს, თუმცა იესოს გარდაცვალების დროისთვის ის 50 წლის იყო. დიახ, თეოლოგიური კანონები დაირღვა, თუმცა ხელოვნებათმცოდნეები ამტკიცებენ, რომ რენესანსის პერიოდში სწორედ ასე იყო მიღებული ქალწული მარიამის სულიერი სიწმინდის ასახვა.

დარღვეულია ქანდაკების პროპორციებიც, რასაც იდეური და წმინდა ტექნიკური დატვირთვა აქვს: მარიამი უფლის დედაა, ამასთანავე, შვილის სხეულის დაჭერა უნდა შეძლოს, ამიტომ მისი ფიგურა მოზრდილი ზომის უნდა ყოფილიყო.

„პიეტა“ ერთადერთი ნამუშევარია, რომელსაც მიქელანჯელომ ხელი მოაწერა.
იტალიელი მწერლისა და ხელოვანის ჯორჯო ვაზარის ცნობით, მას შემდეგ, რაც ერთ-ერთმა დამთვალიერებელმა „პიეტას“ ავტორად სხვა მოქანდაკე მიიჩნია და ამ თემაზე კამათი გაჩაღდა, მიქელანჯელო იძულებული გახდა, ქანდაკებაზე საკუთარი ხელმოწერა ამოეკვეთა.
მოგვიანებით, ხელოვანმა ეს გადაწყვეტილება ინანა და დაიფიცა, რომ საკუთარ ნამუშევარს ხელს აღარასოდეს მოაწერდა.

სამწუხაროდ, მსოფლიო შედევრი არაერთხელ დაზიანდა. ერთ-ერთი გადატანის დროს ღვთისმშობელს მარცხენა ხელი დაუზიანდა, მაგრამ ყველაზე დიდი ზიანი ქანდაკებას 1972 წლის 21 მაისს უნგრელმა გეოლოგმა ლასლო ტოთიმ მიაყენა. „მე მკვდრეთით აღმდგარი ქრისტე ვარ“ – ყვიროდა ტოთი და შედევრს უროს ურტყამდა. სანამ დაცვა შეიპყრობდა, გეოლოგმა „პიეტას“ 50-მდე ნაწილი, მათ შორის, ცხვირისა და მოსასხამის ნაკეცი და ხელი მოსტეხა. ნატეხების ნაწილი დაიკარგა, ნაწილი ტურისტებმა და ტაძრის მცველებმა მაშინვე დააბრუნეს. მომხდარის შემდეგ, ხელოვნებათმცოდნეებისა და რესტავრატორების კონსილიუმი შეიკრიბა და გადაწყდა, რომ დაზიანებული ნაწილი მაქსიმალური სიზუსტით აღედგინათ.

საბოლოოდ, ქანდაკებამ პირვანდელი სახე დაიბრუნა, თუმცა ამისთვის, ქანდაკების უკანა, ნაკლებად მნიშვნელოვანი ადგილებიდან დაკარგული ფრაგმენტების ამოჭრა გახდა აუცილებელი.
რესტავრაციის შემდეგ მიქელანჯელოს შედევრს ტყვიაგაუმტარი მინის ჯებირი შემოავლეს.

სრულად ნახვა
არქეოლოგიაეს საინტერესოაისტორიაკატეგორიის გარეშეკულტურამსოფლიოსაქართველო

საქართველო უძველესი ცივილიზაციების სამეულში მოხვდა

ამერიკულმა საიტმა The Top Tens გამოკითხვა ჩაატარა, რომლის მიხედვითაც „საუკეთესო უძველესი ცივილიზაციების“ ათეული უნდა დასახელებულიყო. შეფასებების მიხედვით საქართველომ რეიტინგში მესამე ადგილი დაიკავა.

პირველი ორი ადგილი საბერძნეთსა და ეგვიპტეს ერგოთ. შემდეგი პოზიციები კი რომმა, ჩინეთმა, ინდოეთმა, სპარსეთმა, აცტეკებისა და სპარტის იმპერიებმა დაიკავეს. ბოლო ადგილებზე კი კელტები, შუასაუკუნოვანი ინგლისი და ეთიოპია აღმოჩნდნენ.

რეიტინგის კრიტერიუმები უძველეს ცივილიზაციებს შეესაბამება და მომხმარებლებს აქვთ საშუალება კომენტარის სახით დააფიქსირონ ქვეყნის შესახებ საკუთარი მოსაზრება და დაასაბუთონ, თუ რატომ თვლიან ისინი კონკრეტულ ქვეყანას უძველეს ცივილიზაციად.

მომხმარებლების მიერ დატოვებულ კომენტარებში საქართველო მოხსენიებულია ყურძნის სამშობლოდ და აღნიშნულია ქვეყნის კოლორიტი, სტუმართმოყვარეობა და ცეკვები.

სრულად ნახვა
ისტორიაკულტურა

თამარ მეფის წარმოთქმული სიტყვა მეფედ კურთხევისას

თამარ ბაგრატიონი მეფედ 1184 წელს ეკურთხა. კურთხევის შემდგომ, ტახტზე ასვლისას მის მიერ წარმოთქმული სიტყვის ტექსტი შემოგვინახა ისტორიამ, რაც თავისთავად ძალიან საინტერესოა:

“შიშველი მოველ და შიშველადვე მეგულების განსვლად ამიერ სოფლით. ყოველივე ქვეყნიური აქვე დარჩება. არ არის აქ ჩემი საკუთრო და სამეფო ჩემი – კუთვნილებაა თქვენივე. მე ამამაღლა განგებამ მისთვის, რომ თქვენდა საკეთილდღეოდ აღვამაღლო სამეფო და განა შევძლებ მე ამას, უძლური დედაკაცი, თუ არა თქვენის დახმარებითა და თანამშრომლობით? პირველად თქვენ მოგმართავთ მამაჩემის გაწვრთნილნო, მხედართმთავარნო მეომარნო – მომეცით შეძლება, რომ პირველ ყოვლისა გავიმაგრო სამეფო საზღვრები გარეშე მტრების მოსაგერიებლად. მერმე მივჰყოფთ ხელს შინაგან განწესრიგებას და თქვენ უნდა მიწინამძღვროთ წმინდა მამებო, რადგანაც თქვენ, როგორც სასულიერო წოდებას, გაწევსთ ორგვარი მოვალეობა: ხორციელი და სულიერი, რისთვისაც მოგელისთ ორკეცი მადლობა – აქ მეფის და იქ – ზეციური კურთხევა. ხოლო თქვენ დიდებულნო და ერისთავნო, შემიწყვეთ ხელი, რომ მივსცეთ გზა და განი სწავლას, შრომას და ნიჭს, რომელთაც ქვაკუთხედად უნდა დაედვას საერო სიყვარული.”

წყარო : http://intermedia.ge

სრულად ნახვა
არქეოლოგიაისტორია

შავი ზღვის ფსკერზე ჰიტლერის „დაკარგული ფლოტი“ იპოვეს

თურქმა საზღვაო ინჟინერმა და დაივერმა სელჩუკ კოლაიმ შავი ზღვის ფსკერზე მეორე მსოფლიო ომისდროინდელი სამი გერმანული წყალქვეშა ნავი აღმოაჩინა. ამაზე TRT Haber-მა დოკუმენტური ფილმიც გადაიღო.

გერმანიის სამხედრო საზღვაო ძალების წყალქვეშა ნავები U-23, U-19 და U-20 1944 წელს ჩაძირეს. მათი ადგილმდებარეობა უცნობი იყო და ამიტომ მათ „ჰიტლერის დაკარგული ფლოტი“ დაარქვეს.

დაახლოებით 10 წლის წინ სელჩუკმა აღმოაჩინა რუკა, რომელზეც U-23-ის მეთაურმა ეკიპაჟის გასვლის ადგილი მონიშნა. სწორედ ამის შემდეგ დაიწყო ინჟინერმა ნავების ძებნა. მას თურქეთის საზღვაო ძალებიც შეუერთდა. ერთობლივმა სამუშაოებმა  4 წელს გასტანა. ბოლოს ისინი სტამბულის მახლობლად ზღვაში, 25-დან 300 მეტრის სიღრმეზე აღმოაჩინეს.

სრულად ნახვა
არქეოლოგიაისტორიაკულტურამსოფლიოსაქართველო

საქართველო არა მხოლოდ ვაზის, არამედ თაფლის სამშობლოც არის.

ბორჯომში, სოფელ საკირეში, ჩატარებული არქეოლოგიური გათხრების შედეგად, აღმოაჩინეს უძველესი თაფლი. რამდენიმე წლიანი ლაბორატორიული კვლევების შედეგად დადასტურდა რომ თაფლი 5500 წლის წინანდელია. ასევე მეცნიერები გვიდასტურებენ რომ თაფლი არის მოშინაურებული ფუტკრისგან დამზადებილი და არა ველური. აქამდე თაფლის უძველეს კერად ეგვიპტე ითვლეობდა, რადგან 3000 წლის წინანდელი თაფლი, ტუტანხამონის საფლავში აღმოაჩნეს და მისი ანალოგი არ მოიძებნებოდა.

ბორჯომში ჩატარებულმა არქეოლოგიურმა კვლევამ კი დაადასტურა, რომ საქართველო არა მხოლოდ ვაზის, არამედ თაფლის ასამშობლოც არის.

წყარო: გეგა ხვედელიძე

სრულად ნახვა
1 22 23 24 25 26 33
Page 24 of 33