close
არქეოლოგიაისტორიაკულტურა

აწყურის ტაძრის რეაბილიტაციისას მე-11 საუკუნის კანკელი აღმოაჩინეს

აწყურის საკათედრო ტაძრის რეაბილიტაციის მიმდინარეობისას მის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში კანკელის ფრაგმენტი აღმოაჩინეს. წინსაწარი სამეცნიერო შეფასებით, ღვთისმშობლის მიძინების სცენის ამსახველი ფრაგმენტი განვითარებული შუასაუკუნეების ხანისაა და ამ დრომდე შემორჩენილი არქიტექტურული ნაგებობის თანადროულია. ინფორმაციას კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო ავრცელებს. 

ამავე დასკვნის მიხედვით, კანკელი მე-11 საუკუნისაა. ის თეძამის ტუფშია ნაკვეთი და ძალიან ჰგავს ამ პერიოდისთვის დამახასიათებელი კანკელების სტილისტურ ჯგუფს, რომელიც სვეტიცხოვლის, ალავერდის, შიო-მღვიმის, სამთავროსა და საფარას მონასტრების კანკელებითაა წარმოდგენილი.

ფრაგმენტს სააგენტოს სპეციალისტები უახლოეს დღეებში ადგილზე შეისწავლიან. სავარაუდოდ, სწორედ ახლადგამოვლენილი ობიექტის ნიმუში დაედება საფუძვლად აწყურის საკათედრო ტაძრის ახალი კანკელის დამზადების პროცესს. 

ამასთან, სააგენტოში აცხადებენ, რომ საპროექტო ცვლილების გამო აწყურის ტაძრის რეაბილიტაციის ვადა 2 წლით გადაიწევს და ის 2024 წელს დასრულდება.

აწყურის ღვთისმშობლის სახელობის ტაძრის რესტავრაცია ფონდი “ქართუ”-ს და კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს თანამშრომლობით 2016 წელს დაიწყო. ფონდი სარეაბილიტაციო სამუშაოებისთვის 12,5 მილიონ ლარზე მეტს გაიღებს. აღდგენილ ტაძარზე ქვის უძველესი არქიტექტურული დეტალები მაქსიმალურად შენარჩუნდება.

გაზიარება:
fb-share-icon0