close
არქეოლოგიაისტორიაკვლევებიმსოფლიო

მეცნიერებმა გიზას დიდ პირამიდაში სიცარიელე აღმოაჩინეს

მეცნიერებმა გიზას დიდ პირამიდაში დიდი ხნის დამალული ვიწრო სიცარიელე აღმოაჩინეს. ვარაუდობენ, რომ ეს აღმოჩენა ფარდას ახდის 4,500 წლის ძეგლის საიდუმლოს.

სიცარიელე დიდი გალერეის ზემოთ 30 მეტრის სიმაღლეზეა გადაჭიმული – დერეფანი, რომელიც დედოფლისა და მეფის პალატებს პირამიდის გულში აკავშირებს.

ჯერჯერობით არ არის ცნობილი, თუ რატომ არსებობს სიცარიელე ან არსებობს თუ არა იქ რაიმე ღირებული არტეფაქტები. სიცარიელე გალერიის მსგავსი გაბარიტებისაა, რომლის სიგრძე 50 მეტრია, სიმაღლე – 8 მეტრი, ხოლო სიგანე – 1 მეტრი.

მკვლევარები ვარაუდობენ, რომ ეს შეიძლება იყოს სამშენებლო მიზნით დატოვებული სიცარიელე – თხრილი, რომლითაც მშენებლები დიდ გალერეასა და მეფის პალატს უკავშირდებოდნენ, როცა პირამიდის დანარჩენი ნაწილი უკვე აშენებული იყო.

აღმოჩენა მაშინ გაკეთდა, როცა ფიზიკოსები დედამიწიდან კოსმოსში გამოთავისუფლებული ნაწილაკების საშუალებით პირამიდის შიდანაწილის გამოსახულებებს იღებდნენ.

არქეოლოგებმა, ისტორიკოსებმა და ფიზიკოსებმა აღმოჩენა შეაფასეს, როგორც გიზაში გაკეთებულ უდიდეს აღმოჩენად 19 საუკუნის შემდეგ.

ხეოფსის (ხუფუს) პირამიდა, იგივე გიზას დიდი პირამიდაშვიდი საოცრებიდან ერთერთი და ჩვენამდე მოღწეული ერთადერთი ნაგებობა, ყველაზე დიდი პირამიდა. მისი მშენებლობა ჩვენ წელთაღრიცხვამდე 26-ე საუკუნეში დაიწყო. პირამიდის სიმაღლე 147 მეტრი იყო, მაგრამ, დღესდღეობით, ის 136 მეტრია. მისი თითოეული გვერდის სიგრძე 233 მეტრია. 1 კილომეტრის გავლაა საჭირო, რომ შემოუარო ამ პირამიდას.

ამ პირამიდის მშენებლობისას ეგვიპტელებმა საოცარი არქიტექტურული ცოდნა გამოიყენეს, ეს კი იმაში გამოიკვეთება, რომ მასში გამოყენებული ლოდები იდეალურად ჯდება ერთმანეთში. მასზე დაახლოებით 2 300 000 ლოდი დაიხარჯა. მისმა მშენებლობამ 20 წელიწადს გასტანა და მასში ჩართული იყო დაახლოებით 100 ათასი მუშა. ხეოფსის პირამიდა ერთადერთია იმ შვიდი საოცრებიდან, რომელიც შემორჩა. ის დღესაც მიიჩნევა არქიტექტურის საუკეთესო ნიმუშად. პირამიდაში შესასვლელი განთავსდა 15 მეტრის სიმაღლეზე, საიდანაც ჩადიოდნენ მიწის ქვეშ უცნობი დანიშნულების კამერაში. შესასვლელიდან 9 მეტრში გზა იყოფოდა. აქედან ერთი უცნობი დანიშნულების იყო, ხოლო მეორე ადიოდა ზევით სამეფო კამერაში. დერეფნის შუა ნაწილიდან ჭერის სიმაღლე იზრდებოდა 8 მეტრამდე, შედეგად, აქ წარმოიქმნა ცრუ თაღი – ეს იყო დიდი გალერეა.

დიდი გალერეის დასაწყისში გალერეა იტოტებოდა და ეს გზა მიემართებოდა დედოფლის კამერაში. გალერეის ბოლოში, სამეფო კამერაში ხემიუნმა გამოიყენა საინჟირნო მიდგომა, რომელმაც გადაარჩინა სამეფო კამერა ჩამონგრევას, კერძოდ, კამერის თავზე განათავსა ხუთი ჰორიზონტალური ქვის ბლოკი, მათ შორის დატოვა სიცარიელე და ბოლოს გადახურა ორქანობიანი გადახურვით. ზემოდან წამოსული სიმძიმე გადანაწილდა გვერდებზე. პირამიდის ახლოს აღმოაჩინეს მზიური ნავი. აღსანიშნავია, რომ პირამიდის შიგნით არსებობს სავენტილაციო შახტები. ერთერთი მიმართულია ორიონის თანავარსკვლავედისაკენ.

მეცნიერები აცხადებენ, რომ აღმოჩენა, რომელიც სამეცნიერო ჟურნალ Nature-ში გამოქვეყნდა, ნათელს მოჰფენს გიზას დიდი პირამიდის აგების საიდუმლოს.

 

 

წყარო: http://www.dailymail.co.uk/

მასალა მოამზადა:  თამარ ტაბატაძემ

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა“

 

 

 

გაზიარება:
fb-share-icon0
Tags : slid