close
ლექსიკოგრაფია

„მტერობა ენის არს მტრობა ქვეყნის” – ილია ჭავჭავაძის სიტყვებმა თანამედროვე საზოგადოებაში განსაკუთრებული მნიშვნელობა შეიძინა, რადგან დღეს ქართული ენა, რომელშიც სწრაფად მკვიდრდება უცხოური ლექსიკა, დაკნინების, გაუფერულებისა და, შეიძლება ითქვას, რომ გადაგვარების გზაზეა. „რა ენა წახდეს, ერიც დაეცეს” – გვითხრა გრიგოლ ორბელიანმა, თუკი მე-19 საუკუნეში ეროვნული სულისკვეთებით გაჟღენთილმა ქართველებმა გარუსების ანუ რუსული ენის სახელმწიფო ენად დამკვიდრების წინააღმდეგ გაილაშქრეს, დღეს, 21-ე საუკუნეში, საზოგადოება უკვე თავად უწყობს ხელს ენის დამცრობას, რაც, რა თქმა უნდა, ნიშანია ერის სულიერი, პიროვნული და კულტურული გაღარიბებისა. უცხოური ტერმინების (ბოლო დროს ინგლისური ენიდან) ასე აქტიურად შემოდინება, დამკვიდრება და ქართული შესატყვისების დავიწყება, რასაკვირველია, ეროვნული ცნობიერების დაქვეითების, ერთობის რღვევისა და ერის წახდენის უპირველესი ნიშანია.

სწორედ მშობლიური ენისა და საქმის განუზომელმა სიყვარულმა უბიძგა თინათინ მარგალიტაძეს, დაეცვა და განევითარებინა ერის თვითმყოფადობისა და იდენტობის განმსაზღვრელი მთავარი იარაღი – ენა. იგი არის ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დასავლეთ ევროპის ენებისა და ლიტერატურის ინსტიტუტის პროფესორი (ინგლისური ფილოლოგიის მიმართულება), დიდი ინგლისურ-ქართული ლექსიკონის მთავარი რედაქტორი და უნივერსიტეტის ლექსიკოგრაფიული ცენტრის სამეცნიერო ხელმძღვანელი. მან ჯერ კიდევ 1983 წელს დაიწყო მუშაობა დიდ ინგლისურ-ქართულ ლექსიკონზე, ხოლო 1995 წელს ჩამოაყალიბა ,,ლექსიკოგრაფიული ცენტრი” (რომელსაც 2011 წლიდან საუნივერსიტეტო სტატუსი აქვს), ამავე წლის ნოემბერში, კავკასიის სახლში, სარედაქციო ჯგუფთან ერთად, საზოგადოებას წარუდგინეს ლექსიკონის პირველი ტომი, რომელიც მოიცავდა 6000 სიტყვა-სტატიას. დღეისათვის დაბეჭდილია ლექსიკონის 14 ტომი, ელექტრონული ვერსია კი შედგება 110000 სიტყვა-სტატიისგან და განთავსებულია ინტერნეტში (http://dictionary.ge/). ლექსიკონი შეიქმნა არა მარტო უცხოური ენის შემსწავლელთათვის, არამედ მთარგმნელთათვის, სხვადასხვა დარგის სპეციალისტთათვის, შესაბამისად, შევიდა დარგობრივი ტერმინოლოგიაც, გარდა ამისა, ლექსიკოგრაფიულ ცენტრს კონსულტაციას უწევდნენ თავიანთი დარგის პროფესიონალები: სერგო ჯორბენაძე (იურისპრუდენცია), არნოლდ გეგეჭკორი (ენტომოლოგია), ნინო ფორაქიშვილი (ბიოლოგია) და ა.შ.

2009 წლიდან ლექსიკოგრაფიული ცენტრის სარედაქციო ჯგუფმა დაიწყო მუშაობა დარგობრივ ინგლისურ-ქართულ ლექსიკონებზე, პირველი იყო „ინგლისურ-ქართული სამხედრო ლექსიკონი” (http://mil.dict.ge/), რომელიც შეიქმნა თავდაცვის სამინისტროს დაკვეთით, შემდეგ შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის დაფინანსებით შეიქმნა კიდევ ორი -,,ინგლისურ-ქართული ბიოლოგიური ლექსიკონი” (http://bio.dict.ge/) და „ინგლისურ-ქართული ტექნიკური ლექსიკონი” (http://techdict.ge/) , რომლებმაც, შეიძლება ითქვას, რომ წარმოაჩინა დარგობრივი ტერმინოლოგიის ბევრი პრობლემა, კერძოდ, ის, რომ, ფაქტობრივად, შეჩერებულია ტერმინოლოგიური მუშაობა საქართველოში. თინათინ მარგალიტაძის თქმით: „ყველა დარგში ინდივიდუალური ტენდენციებია, უნდა გადაიხედოს მეთოდოლოგია, რადგან უკვე ტრანსლიტერაციის წესებსაც აღარ იცავენ, არ არის დაცული სტანდარტიზაციის არცერთი პრინციპი, ეს კი, რასაკვირველია, შეაფერხებს დარგების განვითარებას. ქართველმა ლექსიკოგრაფებმა დავაყენეთ საკითხი, რომ ლექსიკოგრაფია ძალიან მძიმე მდგომარეობაშია და თუ არ ექნა სახელმწიფოებრივი მხარდაჭერა, მალე გამოუსწორებელ შედეგამდე მივალთ, წელს ჩვენმა ცენტრმა უმასპინძლა ევროპის ლექსიკოგრაფთა ასოციაციის მე-17 საერთაშორისო კონგრესს, მსოფლიოს 40-მდე ქვეყნიდან ჩამოვიდნენ მეცნიერები, ჩვენი მთავარი მიზანია, რომ საზოგადოებამ გაიაზროს დარგის მნიშვნელობა, რათა გავაგრძელოთ სამეცნიერო საქმიანობა და შევქმნათ გამოყენებითი ნაწარმოები – ლექსიკონი, რომელიც მოითხოვს ხანგრძლივ მუშაობას, სიღრმისეულ ანალიზს, შესწავლასა და დიდ ძალისხმევას, მაგალითად, ქართულსა და ინგლისურ ენებს შორის არსებობს სემანტიკური ასიმეტრია, რაც ნიშნავს იმას, რომ აღნიშნული ენების ეკვივალენტური სიტყვები ყველა კონტექსტში ვერ ანაცვლებენ ერთმანეთს, ზოგიერთი ინგლისური სიტყვა კი საერთოდ არააა ლექსიკალიზებული, შესაძლოა, ეს იყოს ერთ-ერთი მთავარი მიზეზი ბარბარიზმების გავრცელებისა, მაგალითად, ხშირად ვიყენებთ სიტყვას „დედლაინი”, რაც ქართულად „ბოლო ვადას” ნიშნავს, საზოგადოებას, რა თქმა უნდა, ურჩევნია, მარტივად, ერთი სიტყვა თქვას, ასეთი სიტყვა ბევრია, შესაბამისად, საბოლოოდ ვიღებთ უცხოური ტერმინებით დანაგვიანებულ ენას”.

„ლექსიკოგრაფიულმა ცენტრმა” წამოიწყო მოძრაობა „არა ბარბარიზმებს”, უცნაურია, მაგრამ თუკი რუსულ ბარბარიზმებს მდარე, დაბალი დონის მეტყველებად აღიქვამენ (მაგალითად: შკაფი, პრობკა და ა.შ.), ინგლისურის შემთხვევაში პირიქითაა: რატომღაც ჰგონიათ, რომ ინგლისური ენიდან შემოსული ბარბარიზმების გამოიყენებისას მეტად განათლებულნი გამოჩნდებიან, ეს კი ქართული ენის უპატივცემულობა და შეურაცხყოფაა. არსებითი სხვაობა ნამდვილად არაა რუსიფიკაციასა და ანგლოსაქსიზმს შორის, რადგან ორივე იწვევს ენის სტაგნაციას. მაგალითად, ხშირად იყენებენ სიტყვას „ინსპირაცია” (inspiration), რომლის ქართული შესატყვისია „შთაგონება”, ევალუაცია (evaluation) – შეფასება, კოლაბორაცია (collaboration) – თანამშრომლობა, ფრუსტრირებული (frustrated) – იმედგაცრუებული და ა.შ. დიდი გამოხმაურება მოჰყვა ბარბარიზმების ლექსიკონს, რაც ცალსახად მანიშნებელია იმისა, რომ საზოგადოებას უკიდურესად აწუხებს მშობლიური ენის დაკნინების პროცესი. დაკვირვებამ აჩვენა, რომ მასმედიის საშუალებები (ტელევიზია, რადიო, პრესა)  აუცილებლად უნდა გაკონტროლდეს ამ მიმართულებით, რადგან ბარბარიზმების უმეტესობა სწორედ მედიის საშუალებით ვრცელდება.

ქართულ ენაში უამრავი სიტყვაა დამკვიდრებული სპარსული, არაბული, რუსული, ბერძნული ენებიდან, სიტყვათა სესხება ბუნებრივი პროცესია. „ლექსიკოგრაფიული ცენტრი” გეგმავს, რომ მალე საზოგადოებას შესთავაზოს პარალელური სინონიმური რიგები, ერთი მხრივ, ქართულ ენაში დამკვიდრებული უცხოური ძირის სიტყვები და, მეორე მხრივ, ადგილობრივი, მშობლიური ძირის სიტყვები. მაგალითად: სტაბილური-მდგრადი, მოდერატორი-საუბრის წარმმართველი და ა.შ. აღნიშნული რიგები ხელს შეუწყობს ქართული ტერმინების გავრცელებას, გაცნობასა და დამკვიდრებას, მთლიანობაში კი ენის განვითარებასა და გამრავალფეროვნებას.

„ხომ არის გაუგონარი რამ, ადამიანი, რომელმაც მთელი ცხოვრება შესწირა იმას, რომ ინგლისური სიტყვები გაეთანაბრებინა ქართულ სიტყვებთან და მათი ქართული ეკვივალენტები დაედგინა, დღეს ადგენს ბარბარიზმების ლექსიკონს ანუ პირიქით აკეთებს: ეუბნება საზოგადოებას, რომ „კრეატიულის” ქართული შესატყვისია – შემოქმედებითი, რომლის წყაროც არის ინგლისური სიტყვა “creative”, აღარაფერს ვამბობ საშინელ კალკებზე. გამოდის, რომ ენა კარგავს საკომუნიკაციო ფუნქციას, მაშინ რაში გვჭირდება ქართული, ავდგეთ და პირდაპირ ინგლისურად ვისაუბროთ, თუმცა პრობლემა ისაა, რომ ახალგაზრდებმა არც ინგლისური იციან კარგად და არც თავიანთი მშობლიური ენა, ამ მხრივ განათლების სამინისტროს ჩართულობაა საჭირო” – აღნიშნა თინათინ მარგალიტაძემ.

პატრიოტული სულისკვეთებით, ენთუზიაზმით, ერთგულებითა და პროფესიონალიზმით თინათინ მარგალიტაძემ სარედაქციო ჯგუფთან ერთად ფასდაუდებელი ღვაწლი გასწია ლექსიკოგრაფიის განვითარებისათვის და კვლავ აგრძელებს ბრძოლას ქართული ენის სიწმინდის დასაცავად.

 

მასალა მოამზადა: ნინი მშვენიერიძემ
ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

 

 

 

 

 

მასალის გამოყენების პირობები

კომენტარი

Tags : slid