close
ანათლებასტორია

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი 99 წლისაა

თსუ

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის (თსუ) დაარსებიდან 99 წელი გავიდა.

საქართველოს უძველესი და უდიდესი უმაღლესი სასწავლებელი დაარსდა 1918 წლის 8 თებერვალს [ძვ. სტ. 26 იანვარს], დავით აღმაშენებლის ხსენების დღეს, თბილისში, ძველი გიმნაზიის შენობაში. ამავე წლის 3 სექტემბერს ეწოდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი. ეს პირველი და ერთადერთი უნივერსიტეტი იყო იმ დროს მთელს კავკასიაში. ამჟამად ყოველწლიურად სტუდენტთა რიცხვი 30 000-ს, ხოლო პროფესორ-მასწავლებელთა რაოდენობა 3 000-ს აღწევს.

უნივერსიტეტს აქვს 7 ფაკულტეტი, 60-მდე სამეცნიერო-კვლევითი ლაბორატორია და ცენტრი, უმდიდრესი სამეცნიერო ბიბლიოთეკა (4 მილიონამდე წიგნითა და პერიოდული გამოცემით), 7 მუზეუმი, აგრეთვე, საკუთარი გამომცემლობა და სტამბა. უნივერსიტეტი გამოსცემს საკუთარ გაზეთს „თბილისის უნივერსიტეტი“.

1917 შეიქმნა თბილისში ქართული უნივერსიტეტის დამფუძნებელი საზოგადოება, რომელმაც ითავა უნივერსიტეტის დაფუძნებაზე ზრუნვა.

უნივერსიტეტის მთავარი დამფუძნებელი იყო ცნობილი ქართველი ისტორიკოსი, აკადემიკოსი ივანე ჯავახიშვილი. თანადამფუძნებლები იყვნენ: კონსტანტინე აფხაზი, გრიგოლ გველესიანი, ექვთიმე თაყაიშვილი, გიორგი ახვლედიანი, შალვა ნუცუბიძე, დიმიტრი უზნაძე, გრიგოლ წერეთელი, აკაკი შანიძე, ანდრია რაზმაძე, იოსებ ყიფშიძე, კორნელი კეკელიძე და პეტრე მელიქიშვილი. პროფესორი პეტრე მელიქიშვილი, მსოფლიო სახელის მქონე ქართველი ქიმიკოსი, რუსეთის საიმპერატორო აკადემიის წევრ-კორესპონდენტი, ივანე ჯავახიშვილის წარდგენით, არჩეულ იქნა უნივერსიტეტის პირველ რექტორად. უნივერსიტეტის გახსნის დღეს მის ეზოში საზეიმო წირვა აღავლინა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა კირიონმა.

1919-1926 წლებში თსუ-ის რექტორი იყო ივანე ჯავახიშვილი. 1926 წელს, საბჭოთა რეჟიმის გადაწყვეტილებით, იგი გაათავისუფლეს რექტორის მოვალეობისგან. ამასთან, მას კარგა ხნით აეკრძალა მის მიერვე დაარსებულ უნივერსიტეტში ლექციების წაკითხვა.

1991 წლის 14 ოქტომბერს თსუ–ის რექტორად დაინიშნა როინ მეტრეველი. 1992 წელს მისი ძალისხმევით თსუ–მ ავტონომიური უმაღლესი სასწავლებლის სტატუსი აღიდგინა (მართავს დიდი საბჭო), რაც 1926 წლის შემდეგ დაკარგული ჰქონდა. 1992 წლის 18 აპრილს უნივერსიტეტის დიდმა საბჭომ როინ მეტრეველი თსუ-ის რექტორად აირჩია. პეტრე მელიქიშვილისა და ივანე ჯავახიშვილის შემდეგ როინ მეტრეველი პირველი არჩეული რექტორი იყო.

1989 წელს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს ივანე ჯავახიშვილის სახელი მიენიჭა.

 

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი “დოქტრინა”

მასალის გამოყენების პირობები

კომენტარი

Tags : slid