close

განათლება

განათლებასაქართველოფიზიკა

გელა პატაშური – პირველკურსელი ფიზიკოსის საერთაშორისო წარმატებები და მასწავლებლობასთან შეთავსებული სტუდენტობა 

გელა პატაშური თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის პირველკურსელია, რომელიც GePhO-ს  (Georgian Physics Olympiad) ერთ-ერთი დამფუძნებელი, მმართველი გახლავთ  და ფიზიკის დარგში უკვე საკმაოდ ბევრი საერთაშორისო ოლიმპიადის პრიზიორიცაა.  დღეს სწავლასთან ერთად გელა ძალიან ბევრ პროექტსა თუ  საქმიანობაშია ჩართული, რომელთა შესახებაც ის თავად გვიამბობს.

 -გელა, საზოგადოებამ ახლოს „ინოვაციური ონლაინ პროექტის“ ფარგლებში გაგიცნო, სადაც  ფიზიკის მოწვეული პედაგოგი ხარ,  გვიამბე შენი პროფესიული საქმიანობის შესახებ.

-„ინოვაციური ონლაინ პროექტი“ ერთ-ერთი ამერიკელი ბიზნესმენის საკმაოდ  მნიშვნელოვანი პროექტია საქართველოში, რომელიც ორი წლის წინ შეიქმნა და გვთავაზობს სასწავლო ვიდეოლექციებს, რომლებიც გამოირჩევა თავისი ორიგინალური „გამჭვირვალე დაფით“, რითიც საკითხების გაგება მსმენელისთვის უფრო მარტივი და მოსახერხებელი ხდება. სამწუხაროდ, საქართველოში არსებულ სკოლებში ტექნიკური საგნებს არ ექცევა საკმარისი ყურადღება და ამ პროქტის მიზანი სწორედ ამ პრობლემის აღმოფხვრისთვის ხელის შეწყობაა და მეც, ჩემი მხრიდან, ვცდილობ, საკუთარი წვლილი შევიტანო ამ საქმეში.

პარალელურად, ვეკუას სკოლაში საოლიმპიადო ფიზიკის წრის, ხოლო კომაროვის სკოლაში საოლიმპიადო ასტრონომიისა და ასტროფიზიკის წრის მასწავლებელი ვარ, მართალია, რთულია, ამ ყველაფრის ერთმანეთთან შეთავსება, მაგრამ მიხარია, რომ ჩემს გამოცდილებასა და ცოდნას სხვებს ვუზიარებ და ვეხმარები წარმატების მიღწევაში. ამის გარდა, თავადაც დიდ გამოცდილებას ვიღებ, ვსწავლობ ლაპარაკს, ჩემი აზრის გამოხატვას, ვეჩვევი სწორად მეტყველებას და ბავშვების დასმული კითხვების საშუალებით ფიზიკის საკითხებში უფრო ღრმად ვიხედები. უნივერსიტეტის პირველ კურსზე არის საკითხები, რაც უკვე ვიცი და ლექციებზე სიარული აღარ მიწევს, ამიტომ წელს შედარებით მეტი დრო მრჩება ამ ყველაფრისთვის.

-გარდა იმისა, რომ ბევრ საერთაშორისო ოლიმპიადაზე გვასახელე, ასევე – თარგმნე სავჩენკოს წიგნი „ამოცანები ფიზიკაში“, თარგმნის პროცესი კიდევ უფრო სხვა ცოდნასა და მიდგომებს მოითხოვს, რამ გადაგაწყვეტინა ეს ნაბიჯი გადაგედგა?

-კომაროვში ეროვნული და ფიზიკის საერთაშორისო ოლიმპიადებისთვის მომზადებას ვიწყებთ სავჩენკოს წიგნით. ამ წიგნით ვსწავლობთ საოლიმპიადო ამოცანების ამოხსნის მეთოდებს, რაც სიღრმისეულად გვარკვევს ფიზიკის მოვლენების მოქმედების პრინციპში და მის გამომწვევ მიზეზებში, მაგრამ ბავშვების უმეტესობამ რუსული არ იცის, რის გამოც, დამოუკიდებლად რთულია სავჩენკოს ამოცანების გაკეთება. გარდა ამისა, ჩემი აზრით, ბავშვებს რომ არც უჭირდეთ რუსული, აუცილებელია, რომ  ასეთი მნიშვნელოვანი წიგნი ქართულადაც იყოს ნათარგმნი, სწორედ ამიტომ წელს მთელი ზაფხულის განმავლობაში ვთარგმნიდი ამ წიგნს და ვამუშავებდი დიზაინს. წიგნის საწყისი თავები ქუთაისში რაზმაძეს სახელობის სკოლაში უკვე ნათარგმნი ჰქონდათ, დიდი ნაწილი კი მე ვთარგმნე და ბოლოს, როცა ძალიან გადავიღალე ექვსკაციანი ჯგუფი შევქმენი ჩემი კომაროველი მეგობრებისგან და ერთობლივი ძალით მთელი მასალა წარმატებით ითარგმნა. დარწმუნებული ვარ, ეს წიგნი ძალიან დაეხმარება ბავშვებსა თუ მასწავლებლებს და გაუადვილებს მათ სწავლების პროცესს.

-ფიზიკა არცთუ ისე ხშირად არის ბავშვების საყვარელი საგანი, მოგვიყევი, როდის დაინტერესდი პირველად ამ სფეროთი და როგორია შენი სამომავლო გეგმები?

– ბავშვობაში ვზარმაცობდი და სკოლაში ცუდად ვსწავლობდი, სანამ მეექვსე კლასში ფეხი არ  მოვიტეხე და რამდენიმე თვე სახლში მომიწია ყოფნა. ამ პერიოდში  წიგნების კითხვა დავიწყე, რამაც მთლიანად მომწყვიტა ჩემს ძველ ცხოვრებას და ცნობისმოყვარეობა გამიღვივა. ეს ინტერესი იმდენად ძლიერი  იყო, რომ მთლიანად მავიწყებდა გარშემომყოფებს, ერთადერთი, რასაც აზრი ეძლეოდა იყო სამყაროს არსზე, ადამიანთა რაობასა და ღმერთის არსებობა-არარსებობაზე ფიქრი. სკოლაში ფიზიკის სწავლა მერვე კლასში დავიწყეთ, კარგად მახსოვს პირველი ფიზიკის გაკვეთილი.  მასწავლებელი ხსნიდა რა საკითხებს შეისწავლიდა ფიზიკა, მე კი გაკვირვებისგან თავს ვეღარ ვიკავებდი, ვიგრძენი რიმ მზად ვიყავი ამ საკითხებზე ფიქრისთვის ცხოვრება მიმეძღვნა. გაკვეთილი რომ დამთავრდა – უკვე მკაცრად მქონდა გადაწყვეტილი ფიზიკოსობა. იმის მერე დღე არ გასულა, რომ ფიზიკა არ მემეცადინა. მეცხრე კლასში კომაროვში ჩავაბრე. ამ სკოლამ ფიზიკის მაღალ დონეზე სწავლასთან ერთად, საშუალება მომცა საერთაშორისო ოლიმპიადებზეც მიმეღო მონაწილეობა, სადაც უამრავი ჩემნაირად დაინტერესებული ბავშვი აღმოვაჩინე და დიდი გამოცდილება მივიღე – როგორც პროფესიულად, ისე ცხოვრებისეულად.

  სამომავლო გეგმებს რაც შეეხება, მინდა შემოქმედი მეცნიერი დავდგე, რომელიც არ დასჯერდება უბრალოდ ცოდნას, არამედ იფიქრებს თანამედროვე გადაუჭრელ საკითხებზე, რომელიც იფიქრებს აღმოჩენებზე და დატოვებს თავის კვალს კაცობრიობის ისტორიაში. სწორედ ეს არის ჩემი სამომავლო პროფესია და ეს არის ჩემი სამომავლო მიზანი.

მასალა მოამზადა:  თამარ დევდარიანმა

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

 

სრულად ნახვა
ბიზნესიგანათლებასაქართველოტექნოლოგიები

,,ვიბრძვი, რომ დღესვე გავხდე იმაზე ძლიერი, ვიდრე ხვალ ვიქნებოდი” – ქართველი სტუდენტი, რომელიც ,,facebook-ში” იმუშავებს

სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის ქართველი სტუდენტი, რომელიც კომპიუტერული ინჟინერიის მესამე კურსის სტუდენტია, ,,Facebook-ის” თანამშრომელი გახდა. აღსანიშნავია, რომ ლუკა ,,ფეისბუკმა” 250 000 სტუდენტიდან საუკეთესო 300 სტუდენტს შორის შეარჩია და ზაფხულში მენლო პარკში, სილიკონ ველიზე დეველოპერად მიიწვია. ,,დოქტრინა” გთავაზობთ მასთან ინტერვიუს:

– ‬უპირველეს ყოვლისა, მოგვიყევით თქვენ შესახებ.

-დავამთავრე ქალაქ ქუთაისის ფიზიკა-მათემატიკური საჯარო სკოლა. პროგრამირება მეხუთე კლასში დავიწყე. სკოლის დამთავრების შემდეგ გავხდი სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის საქართველოს პირველი კოჰორტის სტუდენტი თბილისში. მეათე კლასიდან დავიწყე და შევქმენი 8 სტარტაპი, რომელთაგანაც 2 დღესაც აქტიურად მუშაობს. ბოლო ორი წლის მანძილზე საქართველოში ვიმუშავე 10 სხვადასხვა წამყვან კომპანიასა და სახელმწიფო სტრუქტურაში. საბოლოოდ, საკმაოდ დიდი გამოცდილება დავაგროვე დეველოპმენტის სხვადასხვა სფეროში. ამჟამად ვიმყოფები ჩემი უნივერსიტეტის მთავარ კამპუსში, კალიფორნიაში.

– ‬თქვენი პროფესიის შესახებ გვესაუბრეთ, უპირატესობებზე, პერსპექტივებზე, ნაკლოვანებებზე.

-მიყვარს პროგრამირება, ყოველ ჯერზე ისეთი პროგრამის შექმნა, რომელსაც დამოუკიდებლად აზროვნება და ადამიანისთვის დახმარების გაწევა შეუძლია, თავისთავად სასიამოვნოა. მივიჩნევ, რომ დღევანდელი ცხოვრება ამ სფეროს გარეშე წარმოუდგენელია, ნებისმიერ საქმიანობაში პროგრამირების დახმარებით გაცილებით უკეთესი შედეგების მიღწევა შეიძლება. ვფიქრობ, სწორედ ეს სფერო არის დღეს ყველაზე სწრაფად განვითარებადი და, შესაბამისად, ყველაზე პერსპექტიულიც. ნაკლოვანება, რომელიც მახსენდება, ამავდროულად ეშხსაც სძენს ამ სფეროს. იმისთვის, რომ იყო ძლიერი პროგრამისტი, მუდმივად უნდა განვითარდე და ფეხი აუწყო თვითონ ამ სფეროს განვითარებას. გაჩერების შემთხვევაში ის ცოდნა, რომელიც გქონდა, ფასს კარგავს, მაგრამ ჩემთვის მუდმივი სწავლისა და განვითარების პროცესი დიდი სიამოვნების მომტანია.

-‬როგორც ვიცით, საზღვარგარეთ სწავლობთ, ალბათ, შეამჩნევდით განათლების სისტემაში სხვაობას. აღნიშნულზე რომ გვესაუბროთ. როგორ ფიქრობთ, რა უპირატესობა აქვს საზღვარგარეთ მიღებულ განათლებას?

-ვარ სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტი, საქართველოში ვსწავლობ, უბრალოდ მესამე კურსზე ჩემი უნივერსიტეტის მთავარ კამპუსში ვაგრძელებ ცოდნის მიღებას. მგონია, რომ უცხოეთში მიღებული განათლების მთავარი უპირატესობაა ის მრავალწლოვანი გამოცდილება, რომელიც საზღვარგარეთის სასწავლო სისტემებს, მაგალითად, ამერიკელებს აქვთ. გარდა ამისა, ვფიქრობ, საერთო შედეგზე დიდი მნიშვნელობა აქვს იმ გარემოს, რომელშიც ადამიანი ამა თუ იმ რამეს სწავლობს.

– მოგვიყევით თავისუფალ დროს რით ხართ დაკავებული.

-ძალიან ბევრი ჰობი მაქვს. ვარ ფოტოგრაფი, მოგზაური, ნატურალისტი და ექსტრემალური თავგადასავლების დიდი მოყვარული. მაგრამ თავისუფალ დროს ყველაზე საყვარელი საქმიანობა მაინც ფიქრია. ძირითადად, მომავალზე ვფიქრობ და ვცდილობ, მოვლენების სხვადასხვა განვითარებისთვის ჩემი მიზნებისკენ მიმავალი გზა დავგეგმო.

-‭‬როგორც ვიცით, ,,facebook-მა” მიგიწვიათ სამუშაოდ, საიდან გაიგეს თქვენ შესახებ?

-კალიფორნიაში ჩამოსვლისას ,,Facebook-ის” რეკრუიტერები შემეხმიანენ, მითხრეს, რომ დაინტერესებულები იყვნენ ჩემით და მიმიწვიეს ტექნიკურ ინტერვიუზე. დიდი ალბათობით, სწორედ ორი ტექნიკური ინტერვიუს შედეგმა გამოყო ჩემი აპლიკაცია სხვა აპლიკანტებთან შედარებით, რადგან ყველა მოცემული ტექნიკური დავალება მოცემულ დროზე მნიშვნელოვნად მალე დავამთავრე. ბოლო ინტერვიუდან 1 კვირაში კონტრაქტიც გამომიგზავნეს და მიხარია, რომ 2018 წლის ზაფხულში ,,Facebook-ის” მთავარ ოფისში ვიმუშავებ.

-‬სამომავლო გეგმებზე უფრო დეტალურად გვესაუბრეთ, როგორ ფიქრობთ, ვინ იქნება მომავალში ლუკა ლომთაძე? რა არის მაქსიმუმი, რისთვისაც იბრძვით?

-არასდროს მიფიქრია ჩემი შესაძლებლობების მაქსიმუმზე. რაიმე რომც წარმოვიდგინო, დარწმუნებული ვარ, ოდნავ მეტი შრომით უფრო მეტს მივაღწევ.იბრძვი, რომ დღესვე გავხდე იმაზე ძლიერი, ვიდრე ხვალ ვიქნებოდი. ვიცი, რომ ერთადერთი რამ, რაშიც შეზღუდული ვარ, არის დრო და არ მინდა, არცერთი წუთი დავკარგო. ეს ბრძოლა სიამოვნებას მანიჭებს. მომავალს რაც შეეხება, არაფერს გამოვრიცხავ, ვიცი, რომ იქ ვიქნები, სადაც საჭირო იქნება, ოჯახში მყოფი სუპერმამიდან დაწყებული ქვეყნის პარლამენტში პოლიტიკოსობით დამთავრებული.

მასალა მოამზადა:  ნინი მშვენიერიძემ

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრია”

სრულად ნახვა
ბიზნესიგანათლებაეს საინტერესოა

5 საუკეთესო წიგნი, რომლებსაც ელონ მასკი გირჩევთ

წიგნი არის ადამიანის შთაგონების წყარო, ზოგისთვის განტვირთვის, დასვენების, ან გართობის საუკეთესო საშუალება, ასევე წიგნი გვაძლევს საშუალებას გავიგოთ ბევრი რამ იმის შესახებ, რაც აქამდე არ ვიცოდით და გავიღრმავოთ ცოდნა იმ საკითხებისა, რაზეც გარკვეული აზრი გვქონდა ჩამოყალიბებული.

ელონ მასკი ერთ–ერთი ყველაზე წარმატებული ბიზნესმენია მთელ მსოფლიოში, იგი ამბობს, რომ წიგნის გარეშე ადამიანების ცოდნა არ იქნებოდა მყარი, რაც აზრთა სხვადასხვაობას გამოიწვევდა. ,,ბიზნეს ინსაიდერმა” გამოაქვეყნა 5  წიგნის სახელწოდება, რომლებიც ელონ მასკის აზრით აუცილებლად უნდა წაიკითხოს ყველა ადამიანმა:

  1. J.E. Gordon – „სტრუქტურები ანუ რატომ არ ეცემიან საგნები ძირს“
  2. Nick Bostrom – „სუპერინტელექტი“
  3. Peter Thiel and Blake Masters – „ჩანაწერები სტარტაპებზე, როგორ ავაწყოთ მომავალი“
  4. Max Tegmark – „ცხოვრება 3.0: იყო ადამიანი ხელოვნური ინტელექტის ხანაში“
  5. James Barrat  –  „ჩვენი საბოლოო გამოგონება“.

 

წყარო: Businessinsider.com

მასალა მოამზადა:  ლაშა ჯინჭარაძემ

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
განათლებაკომუნიკაციამსოფლიოპოლიტიკასამართალიტექნოლოგიები

საფრანგეთის სკოლებში მობილური ტელეფონის გამოყენება აიკრძალება

საფრანგეთის ხელისუფლება მომავალი სასწავლო წლიდან სკოლებში მობილური ტელეფონების გამოყენებას აკრძალავს. მოსწავლეებს შეეძლებათ მობილურის სკოლაში მიტანა, თუმცა ვერ გამოიყენებენ მას სასწავლო პროცესის დასრულებამდე. ინიციატივა ჯერ კიდევ ემანუელ მაკრონის წინასაარჩევნო კამპანიის დროს გახდა ცნობილი. მიუხედავად იმისა, რომ მობილურის გამოყენება გაკვეთილის დროს უკვე აკრძალულია, ახალი კანონმდებლობით, ბავშვები ვერ გამოიყენებენ მას ლანჩისა და შესვენების დროსაც.

როგორც საფრანგეთის განათლების მინისტრი აღნიშნავს, კანონმდებლობა ძალაში 2018 წლის სექტემბრიდან შევა და შეეხება 6-დან 15 წლამდე ყველა მოსწავლეს. მისივე განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ ზოგჯერ მობილური სასწავლო მიზნითაც შეიძლება გამოიყენებოდეს, კონტროლი უცილებელია.

კანონმდებლობის მიზანი საზოგადოების ჯანმრთელობაზე ზრუნვაა, რაც სკოლებში ტელეფონის გამოყენების აკრძალვის გარდა გულისხმობს, რომ, სასურველია, 7 წლამდე ასაკის ბავშვები ეკრანებს საერთოდ მოვარიდოთ. ამასთან, დადგენილია კავშირი მობილურ ტელეფონებს, ინტერნეტს, სოციალურ მედიასა და ახალგაზრდების ემოციურ და მენტალურ ჯანმრთელობას შორის. ახალი კანონმდებლობით, ბავშვებს შესაძლებლობა ექნებათ დღის განმავლობაში მინიმუმ 6 საათი ეკრანების გარეშე გაატარონ, ამით კი, ვითარდება მათი კონცეტრაციისა და სოციალიზაციის უნარებიც.

ლონდონის ეკონომიკის სკოლამ ჩაატარა კვლევა, სადაც აღნიშნულია, რომ სკოლებში, სადაც სრულიად აიკრძალა მობილურის გამოყენება, 16 წლამდე ასაკის მოსწავლეებს 6.5 %-ჯერ უკეთესი აკადემიური მოსწრება ჰქონდათ.

აღსანიშნავია, რომ მოსახლეობის და სამოქალაქო საზოგადოების გარკვეული ნაწილი ინიციატივას უარყოფითად აფასებს, რადგან, მათივე განცხადებით, მობილური მშობლებისთვის ბავშვების კონტროლის უმთავრეს საშუალებას წარმოადგენს. მიუხედავად იმისა, რომ კანონმდებლობა ფორმირების პროცესშია და ჯერ კიდევ უცნობია, როგორი იქნება საბოლოო აღსრულების მექანიზმი, გადაწყვეტილება საბოლოოა.

წყარო: the Guardian

მასალა მოამზადა: ცირა შვანგირაძემ

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

 

სრულად ნახვა
ბიზნესიგანათლებასამართალისაქართველო

,,ყველა შშმ პირს ვურჩევ, გამოვიდეს კომფორტის ზონიდან – წარმატება და თვითრეალიზება ამის გარეშე არ არსებობს!“ – ესმა გუმბერიძე

ესმა გუმბერიძეს საზოგადოება საკმაოდ კარგად იცნობს – ახალგაზრდა აქტივისტი, რომელიც არა მარტო საკუთარი, არამედ სხვების უფლებებისთვისაც აქტიურად იბრძვის და მისი მომავალი გეგმები სცდება მხოლოდ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებების დაცვას. უსინათლო გოგონამ განათლების მიღება, არახელსაყრელი პირობების მიუხედავად, საკუთარი ძალისხმევითა და მონდომებით მაინც შეძლო და თავის თანატოლებს ურჩევს, არასდროს შეწყვიტონ თვითრეალიზაციაზე ზრუნვა.

-ესმა, უკვე რამდენიმე წელია, აქტიურად ხართ ჩართული შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებების დაცვის პროცესში –  ახლა რა ეტაპზეა შენი საქმიანობა?

ახლახან დავინიშნე ომბუსმენის შშმ პირთა უფლებების დაცვის ახალ საკონსულტაციო საბჭოს წევრად. ეს საბჭო იკრიბება 2 თვეში ერთხელ და გასცემს რეკომენდაციებს იმის შესახებ, თუ რა საკითხები უნდა გადაიხედოს და შემოწმდეს – ერთ-ერთი ყველაზე მნიშველოვანია ინტერესთა კონფლიქტის შესწავლა. არსებობს შშმ პირთა საბჭოები, პრემიერ-მინისტრის ადამიანის უფლებათა სამდივნოსთან, მერიასთამ, თუმცა, საინტრესოა, რომ ეს საბჭოები როგორც  პრიორიტეტების განსაზღვრაზე მუშაობენ, ასევე, ხშირად არიან იმავე სერვისის მიმწოდებლები და თავადვე ეწევიან შიდამონიტორინგს.

აუცილებელია, განვსაზღვროთ შშმ პირთა ორგანიზაცია რას ნიშნავს, იმიტომ რომ ხშირად ისეთი ორგანიზაციები იბრალებენ ამ სტატუსს, სადაც შშმ პირები ძალიან ნაკლებად არიან ჩართულები გადაწყვეტილების მიღების პროცესში.

შენი დაკვირვებით, ახლა რა მდგომარეობაა შშმ პირთა უფლებების კუთხით?

-ზოგადად, თანდათანობით, შშმ პირთა შესახებ ცნობადობა იზრდება – ადამიანებმა დაიწყეს იმის გააზრება და დანახვა, რომ ისინი არსებობენ და საკმაოდ ბევრიც არიან. მედიასაშუალებებშიც აქტიურად მიდის საინფორმაციო კამპანია. მეორე საკითხია – რა მხრივ არის საზოგადოება ინფორმირებული და რა მესიჯები იგზავნება.

თვითონ თემშიც გვაქვს პრობლემები – ზოგი ისე ცდილობს შშმ პირთა საკითხების მიწოდებას, რომ ისინი ძალიან კარგები, თბილები არიან და სხვებზე უკეთესები. ზოგი მათ აიგივებს სოციალურად დაუცველებთან. რა თქმა უნდა, უმეტესად, მართლაც არიან სოციალურად დაუცველები, მაგრამ შშმ პირობა სულაც არ ნიშნავს ავტომატურად ამ სტატუსს.

-რაც შეეხება განათლების საკითხს, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე პრობლემატურია – როგორი მოცემულობა გვაქვს?

როცა განათლებაზე ვსაუბრობთ, თავიდანვე უნდა განვსაზღვროთ შეზღუდვის ტიპი, გეოგრაფიული საცხოვრებელი, ოჯახის მდგომარეობა. არცერთი სმენადაქვეითებული პირი არ სწავლობს საქართველოს უმაღლეს სასწავლებლებში. საკმაოდ ცოტა არიან უსანათლო და ეტლით მოსარგებლე პირებიც.  ძირითადად, განათლებას მსუბუქი შეზღუდულობის მქონე ხალხი იღებს. ასეთივე მდგომარეობაა სკოლებშიც.

მე  202-ე სპეცსკოლა დავამთავრე – იქ ხშრად მიჰყავთ ხოლმე დიდი ასაკის – 14-15 წლის ბავშები,  რომლებსაც მანამდე არ მიუღიათ განათლება – ესეც პრობლემაა.

ვიღაცები სწავლობენ პროფესიულ სასწავლებლებში, მაგრამ, სწავლის დასრულების შემდეგ, არ შეუძლიათ დასაქმება, იმიტომ რომ, მაგალითად, საჯარო სამსახურები ხშირად ითხოვენ უმაღლეს განათლებას იქ, სადაც ეს სულაც არაა საჭირო და აუცილებელი.

წარმოვიდგინოთ – ღონისძიებების ორგანიზატორის პოზიცია შეიძლება იყოს ვაკანტური  – არსებობს პროფესიული პროგრამა, რომელიც ამას ასწავლის, მაგრამ მუნიციპალიტეტი რატომღაც ითხოვს უმაღლეს განათლებას, რაც არაა სწორი. თუ პროფესიული განათლების წახალისებას ცდილობ – ხელიც უნდა შეუწყო, რომ ადამიანებმა შეძლონ ნამდვილად რეალიზება. ესეც შშმ პირთა  არაპირდაპირი დისკრიმინაციაა და, ზოგადადაც, ვაკანსიების 40%  მაინც მოითხოვს უმაღლეს განათლებას. ერთია, რომ განათლება მიიღო და მეორე – რაში შეიძლება ეს გამოგადგეს.

-უშუალოდ შენ რაც შეგეხება – რა პროცესი და ეტაპები გაიარე აქამდე?

დავამთავრე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის ბაკალავრიატი. სკოლის შემდეგ – ,,ფლექსის“ პროგრამით ამერიკაში 1 წელი ვიცხოვრე. უნივერსიტეტის პერიოდში ,,ერასმუსის“ პროგრამით 1 სემესტრი გერმანიასა და  1 რუმინეთში ვისწავლე.

 ვარ შმმ ქალთა საინიციატივო ჯგუფ –  ,,პლატფორმა ახალი შესაძლებლობებისთვის“  თანადამფუძნებელი და კოორდინატორი. ჩვენ უკვე ვმუშაობთ ორგანზიაციის დაფუძნებაზეც.

-არსებობს განსხვავება შშმ ქალთა და კაცთა უფლებების რეალიზაციის თვალსაზრისით?

კი, მაგალითად, სკოლადამთავრებულთა რაოდენობები რომ შევადაროთ სქესის მიხედვით – ზოგადად, უფრო მეტი გოგონა ამთავრებს სკოლას, ვიდრე ბიჭი, მაგრამ შშმ პირთა შემთხვევაში პირიქით ხდება.  

რა შეიძლება იყოს ამის მიზეზი?

-უპირველეს ყოვლისა, ოჯახების სტიგმა – ისინი ერიდებიან შშმ გოგონების გამოჩენას ან, უფრო სწორად რომ ვთქვათ – შშმ გოგონების შეზღუდული შესაძლებლობების წარმოჩენას. მიიჩნევენ, რომ ასეთ გოგონას ცოლად არავინ არ მოიყვანს და პრობლემები შეექმნება. ერთ-ერთ რეგიონში ერთი მცირედმხედველი, 16 წლის გოგონა გავიცანი. სკოლა მისთვის არაფერს უზრუნველყოფდა. როცა ვუთხარი, რომ კარგი იქნებოდა შშმ პირის სტატუსი მიეღო – რითაც სწავლის დაფინანსების, სოციალური შემწეობის პაკეტს მიიღებდა  და ა.შ., ასე მითხრა – მამაჩემმა ასე თქვა – შშმ სტატუსი ჩემს შვილს არასდრს არ ექნებაო.

გოგონა მართლაც ცუდად ხედავს და ოჯახი ცდილობს ამის დამალვას. როდესაც, ბიჭის შემთხვევაში,  უფრო ნაკლებად ერიდებათ მისი გამოყვანა გარეთ, სტატუსის მინიჭებდა ა.შ.

-შენ რა ტიპის სირთულეები შეგხვედრია?

-ზოგადად, კონკურსები თითქმის არასდროს არ იყო ხოლმე სკოლის დროს ადაპტირებული, სახელმწიფო კონკურსების შემთხვევაში, ცოტა უკეთესი მდგომარეობა გვქონდა. უნდა ითქვას, რომ ერთიანი ეროვნული გამოცდები უპრობლემოდ ჩავაბარე – გაორმაგებული დროითა და ადაპტირებული გარემოთი. რაც შეეხება უნივერსიტეტს –  ჩაბარებისას უამრავ პრობლემას შევეჩეხე – არ არსებობდა უსინათლოთა სწავლების გამოცდილება, გამოდიოდა, რომ მე, გამოუცდელს, უნდა მომეთხოვა ყველაფერი. მოვითხოვე, რომ მასალის წამკითხველები მყოლოდნენ, რომ კომპიუტერებით უნდა ჩამებარებინა გამოცდები და დამატებითი დრო მოეცათ ჩემთვის, რომ მოხალისე გ გამოეყოთ, რომელსაც უნდა ესწავლებინა აუდიტორიიდან აუდიტორიაში როგორ გადავაადგილებულიყავი. ეს ყველა მოთხოვნა უნივერსიტეტმა დამიკმაყოფილა.

-ახალ რა გეგმები გავქს?

-სამსახურის კუთხით აღმოვჩნდი სამწუხარო რეალობის პირისპირ. მიუხედავად ჩემი განათლებისა და გამოცდილებისა  – ღია შრომით ბაზარზე დასაქმება გამიჭირდა ანუ ისეთ სამსახურში, რომელიც არ არის შექმნილი სპეციალურად შშმ პირისთვის. 4 მცდელობა მქონდა, მხოლოდ ერთ შემთხვევაში დავსაქმდი მოკლე ვადით, თუმცა, რეალიზებუალდ ვერ ვიგრძენი თავი. დანარჩენი სამ შემთხვევაში მივიღე უარი. აქედან 2-ში პირდაპირ მითხრეს უარი შეზღუდული შესაძლებლობს გამო. ერთ-ერთი შემთხვევა გავასაჩივრე კიდეც სახალხო დამცველის აპარატში, მაგრამ არ დაკმაყოფილდა. რომც დაკმაყოფილებულიყო,  კერძო ორგანიზაციის შემთხვევაში, სახალხო დამცველის რეკომენდაციები არ არის სავალდებულო ხასიათის.

სამომავლოდ, ვაპირებ მაგისტრატურის უცხოეთში გაგრძელებას.

-შენ გარშემო რამდენად არიან შენნაირად აქტიური შშმ პირები?

-არიან, თუმცა ძალიან ცოტა – თითზე ჩამოსათვლელი. დაახლოებით, 160  000 შშმ პირი გვყავს ოფიციალურად, თუმცა, რაოდენობა ბევრად დიდია. წესით, დაახლოებით 370 000-380 000 მაინც. ამ რაოდენობიდან ძალიან ცოტაა რეალიზებული. ბევრი ახალგაზრდა ცდილობს სტაბილური სამუშაო იშოვოს და ნაკლებად აინტერესებთ უფლებების საკითხი.

 -რა ცვლილებებს ისურვებდი სამომავლოდ?

-უპირველეს ყოვლისა, ის, რომ სტიგმა – შშმ პირებმა მხოლოდ შშმ პირთა უფლებებზე უნდა იმუშავონ და სხვა ინტერესები არ ჰქონდეთ – მინდა შეიცვალოს – ეს არის ჩემი პირადი სატკივარი. თუ შშმ პირი იღებს განათლებას, მისთვის ღია დასაქმების ბაზარი დახურულია, სხვა აქტიოვებებიც არაა ადაპტირებული და მეგობრული, უმეტესწილად. ერთადერთი გამოსავალი, რაც აქვს შშმ პირს, არის ის, რომ ისევ თავისი მიმართულებით იმუშავოს. ჯერჯერობით ასეთია საჭიროება, თუმცა, დიდი იმედი, მაქვს, ოდესმე აღმოიფხვრება.

მე იმავენაირად მაინტერესებს ქალთა უფლებების საკითხიც – ვწერ ბლოგებს, სხვადასხვა თემაზე ვესწრები ტრენინგებს, ასევე, მოხალისებრივად მიმყავს გადაცემა ონლაინრადიო ,,ჩემს ხმაში“.

-რას ურჩევდი საზოგადოებას, განსაკუთრებით, შენს თანატოლებს?

-ყველა შშმ პირს ვურჩევ, გამოვიდეს კომფორტის ზონიდან – წარმატება და თვითრეალიზება ამის გარეშე არ არსებობს! – რაღაცის შეცვლა ყოველთვის დისკომფორტსა და ძალისხმევასთანაა დაკავშირებული, მაგრამ ესაა აუცილებელი! ჩვენთვისვეა უარესი, თუ არ გამოვალთ – ჩვენ თუ არ გამოვალთ, არავინ არ შემოგვიმტვრევს სახლის კარს. როგორც იტყვიან, ,,შეუცვლელი კადრი არ არსებობს“. აუცილებელია, რომ ჩვენ გამოვიჩინოთ ინიციატივები. ეს მუდმივი პროცესია – მე ამას ნებისმიერ სხვა ადამიანსაც ვურჩევ, წარმატება და თვითრეალიზაცია განგრძობის მქონე პროცესია. ერთხელ თუ რაღაც გააკეთე, მისი შედეგი მალევე ქრება, თუ რაღაც ახალი არ მიუმატე.

ყველაფერი უფრო რთულად მოდის ჩემს შემთხვევაში, იმიტომ რომ ყველგან მხვდება დაბრკოლება. საქმე საქმეზე როცა მიდგება და გადაწყვეტილებებია მისაღები, ძალიან უჭირთ ადამიანებს ჩვენი აზრის გათვალისწინება, იმის გაანალიზება, რომ ჩვენც შეგვიძლია გვქონდეს რაიმე აზრი.

მასალა მოამზადა:  ნატალია ჯალაღონიამ

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

 

სრულად ნახვა
განათლებასაქართველო

გზა არაბისტობიდან სინოლოგიამდე  – ქართველი გოგონას ჩინური ვოიაჟები

,,დოქტრინა” აგრძელებს წარმატებული ქართველი სტუდენტების შესახებ საუბარს და ამჯერად  ნელი ახობაძეს გაგაცნობთ, რომელმაც უკვე მეორედ მოიპოვა სასწავლო სტიპენდია ჩინეთში და აკადემიური მიღწევების გარდა, აქტიურადაა ჩართული მასპინძელი ქვეყნის კულტურულ ღონისძიებებშიც. საკუთარი პროფესიისა და უცხო ქვეყანაში მიღებული გამოცდილების შესახებ ნელიმ თავად გვიამბო.

-ნელი, უპირველეს ყოვლისა, გვიამბე როდის და რატომ გადაწყვიტე საკუთარი პროფესია ჩინურ კულტურასთან დაგეკავშირებინა?

-საკუთარ თავს ხუმრობით თსუ-ის გზააბნეულს სტუდენტს ვუწოდებ, რადგან მას შემდეგ, რაც 2012 წელს ჩემი კინო-ტელეხელოვნების კურსი მთლიანად დაიხურა, იძულებული ვიყავი პროფესია შემეცვალა და ბევრი ფიქრის შემდეგ, გამომდინარე იქიდან, რომ აღმოსავლური კულტურა ბავშვობიდან მიტაცებდა, პირველად პროფესიად არაბული ენა ავირჩიე, ხოლო დამატებით აღმოსავლურ ენად ჩინური ენის აღებამ, ფაქტობრივად, შეცვალა ჩემი მომავალი და ჩინური ენა, რომელიც ჩემს უნივერსიტეტში მხოლოდ მაინორ პროფესიად ისწავლება, დღეს, შეიძლება ითქვას, რომ ჩემთვის უმთავრეს სფეროდ იქცა.

-როგორც ვიცი, წელს ჩინეთში უკვე მეორე სასწავლო გრანტი მოიპოვე, რამდენად რთულია ქართველი სტუდენტისთვის აქ მოხვედრა?

-დიახ, წელს უკვე მეორედ ვარ ჩინეთში ერთწლიანი კურსის გასავლელად. თავდაპირველად თსუ-ის  გაცვლოთ პროგრამაში მივიღე მონაწილეობა და ერთი წლით ჩამოვედი ჭეძიანის საერთაშორისო სწავლების უნივერსტეტში და აქ მოპოვებული  სტიპენდიით წლის ბოლოს ჩინური ენის მეხუთე დონის სერტიფიკატიც ავიღე. დღეს თსუ-ის სტუდენტებისთვის ჩინეთში  სწავლა ძალიან მარტივია, იმიტომ რომი თუნდაც მხოლოდ ჩემი უნივერსიტეტი წელიწადში 7 ადგილს სთავაზობს თსუ-ის სტუდენტებს, გარდა ამისა, გვაქვს კონტაქტები სხვა ჩინურ უნივერსიტეტებთანაც, ამასთანავე,  საქართველოშ არსებობს ჩინეთის მთავრობის სტიპენდიაც, რომლის ფარგლებშიც შევძელი აქ მეორედ ჩამოსვლა.

-რა მოგწონს ჩინეთში ყველაზე მეტად?

-რა თქმა უნდა,  ჩემთვის  ჩინური კულტურა ჩემთვის, უპირველეს ყოვლისა, მათ ოპერასთან და მხატვრობასთან ასოცირდება, აქაური ხელოვნება ნამდვილად არის ის, რაც ყოველთვის მიზიდავდა, მაგრამ აქ ყოფნის მანძილზე, მივხვდი რომ მათი ცხოვრების წესიც არანაკლებ საინტერესო და განსხვავებულია ჩვენი რეალობისგან, მაგალითად, ყველაზე ძალიან მომწონს აქაური სამსახურის და სწავლის გრაფიკი, რომლის ხანგრძლივობაც დილის 08:00-დან 12:00-მდეა, ამ პერიოდს ყველა დაწესებულებაში მოსდევს ორსაათიანი შესვენება და 14:00 დან 17:00-მდე პროცესი კვლავ აღდგება.

-ყველაზე მეტად, რით არის ჩინური განათლების სისტემა შენთვის გამორჩეული?

-განათლების სისტემას რაც შეეხება, აღვნიშნავდი, რომ სწავლისას განსაკუთრებულად დიდ მნიშვნელობას ანიჭებენ თუ რამდენად ხარ ჩართული სხვადასხვა აქტივობაში, საბოოლოდ კი – ეს ყველაფერი ასე ჯამდება, მაგალითად, თუ უნივერსიტეტმა გამოყო 2 სტიპენდია და არის ერთი 100-ქულიანი სტუდენტი, რომელსაც არ აქვს აქტივობები და სხვა  90-ქულიან სტუდენტს აქვს აქტივობები, მაშინ აუცილებლად დააფინანსებენ სწორედ მეორეს. შესაბამისად, ყოველ კვირაში იმართება სხვადასხვა სახის ღონისძიება  – როგორც უნივერსიტეტში, ისე ქალაქის მასშტაბით და ვცდილობ მაქსიმალურად ჩავერთო ხოლმე, ამ მხრივ, წელს გამოვარჩევდი ,,Mengxing Zhejiang-ს”, უცხოელი სტუდენტებისთვის განკუთვნილ კონკურსს, სადაც უნივერსიტეტელებთან ერთად ჩინური ტრადიციული ცეკვა დავდგი და საპრიზო ფონდიც დავიმსახურე.

-ნელი,  როგორია შენი სამომავლო გეგმები?

-შორს მიმავალი გეგმები ჯერჯერობით არ მაქვს, საქართველოში ზაფხულში დავბრუნდები და, უპირველეს ყოვლისა, ბაკალავრიატის საფეხური უნდა დავხურო, შემდეგ ვეცდები მაგისტრატურაც ჩინეთში გავაგრძელო, დასასრულ კი – მინდა  აღვნიშნო, რომ მათ, ვინც ჩინური ენის შესწავლას აპირებს ნუ შეეშინდებათ დაბრკოლებების და თამამად შეუდგენ საკუთარი მიზნის განხორციელებას, რადგან დღეს ნამდვილად არის ამის შესაძლებლობა.

მასალა მოამზადა:  თამარ დევდარიანმა

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

 

სრულად ნახვა
განათლებასაქართველო

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი ,,TURNITIN გლობალური ინოვაციის” კონკურსის გამარჯვებულია ევროპის რეგიონში

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი 2017 წლის Turnitin გლობალური ინოვაციის კონკურსის (Turnitin Global Innovation Awards 2017) გამარჯვებული გახდა ევროპის რეგიონში ნომინაციაში – „განვითარება აკადემიური კეთილსინდისიერების პრინციპებით – Moving Forward with Academic Integrity“.

კონკურსი მიზნად ისახავდა მსოფლიოში განათლების სფეროში წარმატებული დაწესებულების გამოვლენას, რომელიც აკადემიური კეთილსინდისიერების პრინციპების გამოყენებით ხელს შეუწყობდა საგანმანათლებლო პროცესის გაუმჯობესებას.

Turnitin-ი არის მსოფლიო ლიდერი პლაგიატის გამოვლენაში, სტუდენტების შეფასებისა და უკუკავშირის უზრუნველყოფაში. ის გამოიყენება მსოფლიოს 140 ქვეყნის 15 000-ზე მეტ საგანამანათლებლო დაწესებულებაში და მთლიანობაში ემსახურება 32 მილიონ სტუდენტს.

Turnitinპროგრამის გამოყენება ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტმა 2015 წლის გაზაფხულის სემესტრიდან დაიწყო. აღსანიშნავია, რომ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი იყო ერთადერთი ქართული უნივერსიტეტი, რომელმაც აღნიშნული სერვისი დანერგა სასწავლო პროცესის ეფექტურობის გაუმჯობესების მიზნით. პირველ ეტაპზე, პროგრამის მეშვეობით, უზრუნველყოფილ იქნა უკუკავშირის მიწოდება საბაკალავრო საფეხურის ზოგადი მოდულის სტუდენტებისთვის. შემდგომ ეტაპებზე მოხდა მისი ინტეგრირება სხვადასხვა საფეხურის პროგრამების კომპონენტებში; დანერგვის პროცესი ეტაპობრივია და სასწავლო პროცესის პარალელურად მიმდინარეობს.

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
ბიზნესიგანათლებაკვლევები

როგორ ავითვისოთ ახალი უნარ-ჩვევა ორჯერ უფრო სწრაფად? – ახალი კვლევის შედეგები

მეცნიერები, ჩატარებულ კვლევაზე დაყრდნობით, აცხადებენ, რომ ახალი უნარ-ჩვევის ათვისების გასაღები – როგორიცაა, მაგალითად, ფორტეპიანოზე დაკვრა ან ახალი სპორტის დაუფლება- ის კი არაა, რამდენ საათს ვარჯიშობთ, არამედ ის, თუ როგორ ვარჯიშობთ.

კვლევის შედეგად დაადგინეს, რომ თქვენს ვარჯიშში, სულ მცირე, ცვლილების შეტანით სწავლის პროცესში ტვინის აქტიურობა გაიზრდება და ახალ უნარ-ჩვევას ორჯერ ნაკლებ დროში შეძლებთ.

კვლევა გარკვეულწილად ეწინააღმდეგება ძველ დასკვნას იმის შესახებ, რომ თუ იმ მოტორული უნარ-ჩვევის დაუფლება, რაც შეიძლება მეტი ვარჯიშით მიიღწევა. ამის ნაცვლად, ახალი მეთოდი უფრო სწრაფ და სახალისო გზას გვთავაზობს.

„ჩვენ აღმოვაჩინეთ, რომ დავალების მცირედ მოდიფიცირების გზით მეტის სწავლაა შესაძლებელი, ვიდრე მისი ზედმიწევნით შესრულებით,“–  აცხადებს ჯონ ჰოპკინსის უნივერსიტეტის მკვლევარი პაბლო სელნიკი.

კვლევის ფარგლებში 86 მოხალისეს ახალი უნარ-ჩვევა – კურსორის გადაადგილება კომპიუტერის ეკრანზე, „თაგვის“ გამოყენების გარეშე, პატარა მოწყობილობაზე ხელის დაჭერის გზით ასწავლეს.

მონაწილეები სამ ჯგუფად დაყვეს და თითოეული ჯგუფი 45 წუთს ავარჯიშეს.

6-საათიანი შესვენების შემდეგ, ერთ-ერთ ჯგუფს მოსთხოვეს, იგივე სავარჯიშო კვლავ გაემეორებინა, მეორე მცირედით განსხვავებული მეთოდით ავარჯიშეს, რომელიც კურსორის გადასაადგილებლად ხელის სხვაგვარად, უფრო მარტივი გზით დაჭერას  მოითხოვდა.

მესამე ჯგუფს კი ვარჯიში შეაწყვეტინეს.

დასასრულ, სამივე ჯგუფის წარმომადგენლებს ტესტირება ჩაუტარეს იმის გამოსავლენად, რამდენად კარგად აითვისეს მათ ახალი უნარ-ჩვევა.

მესამე ჯგუფმა ყველაზე ცუდი შედეგი აჩვენა. საკვირველია, მაგრამ იმ ჯგუფმა, რომელმაც ვარჯიშში განსხვავებული მეთოდი შეიტანა, ორჯერ უფრო კარგი შედეგი აჩვენა იმასთან შედარებით, რომელმაც თავდაპირველი წვრთნის მეთოდი გაიმეორა.

მკვლევარები მიიჩნევენ, რომ ეს რეკონსოლიდაციის გამო ხდება – ეს არის პროცესი, რომლის დროსაც ხდება მეხსიერების მოკრება და ახალი ცოდნით ჩანაცვლება. უკვე დიდი ხანია ვარაუდობენ, რომ რეკონსოლიდაცია ხელს უწყობს მოტორული უნარ-ჩვევების გაძლიერებას, მაგრამ ეს არის ერთ-ერთი პირველი ექსპერიმენტი ამ ჰიპოთეზის შესამოწმებლად.

სწორედ ამ მიზეზის გამო მისცეს მკვლევერებმა ცდის მონაწილეებს 6-საათიანი შესვენების დრო. მიიჩნევა, რომ სწორედ ეს დროა საჭირო მეხსიერების რეკონსოლიდაციისთვის.

,,ჩვენი შედეგები მნიშვნელოვანია, რადგან ცოტა რამ იყო ცნობილი, თუ როგორ მუშაობს რეკონსოლიდირება მოტორული უნარ-ჩვევების განვითარებასთან დაკავშირებით. კვლევამ აჩვენა, თუ რამდენად მარტივი მანიპულაციაა საჭირო ტრენინგის დროს იმისათვის, რომ ახალი უნარ-ჩვევა ორჯერ უფრო სწრაფად შევისწავლოთ,“ – განაცხადა სელნიკმა.

მეცნიერების განმარტებით, უკეთესი შედეგის მისაღწევად ვარჯიშის მეთოდი უნდა გავაიოლოთ და არა გავართულოთ. მაგალითად, უნდა შევამციროთ ბეისბოლოს ჯოხის, ჩოგბურთის რაკეტის ან ფეხბურთის ბურთის ზომა და წონა.

,,თუ ამოცანას გავართულებთ, ადამიანები ჩვენს მიერ განხორციელებულ შედეგს ვერ მიიღებენ,“ – აცხადებენ კვლევის ავტორები. მათივე განმარტებით, საბოლოო დასკვნის მიღებამდე დამატებითი კვლევების ჩატარებაა საჭირო.

ექსპერტების შეფასებით, კვლევას დიდი მნიშვნელობა აქვს რეაბილიტაციის პროცესისთვის. ახალი ინფორმაცია დაეხმარება ამპუტირებული კიდურების მქონე ადამიანებს პროთეზების გამოყენების შესწავლაში, ასევე ზურგის ტვინის დაზიანების მქონე, ან ინსულტით დაზარალებულ პაციენტებს.

 

წყარო: https://www.sciencealert.com/

მასალა მოამზადა: თამარ ტაბატაძემ

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
ბიზნესიგანათლებაკვლევები

როგორ ავითვისოთ ახალი უნარ-ჩვევა ორჯერ უფრო სწრაფად? – ახალი კვლევის შედეგები

მეცნიერები, ჩატარებულ კვლევაზე დაყრდნობით, აცხადებენ, რომ ახალი უნარ-ჩვევის ათვისების გასაღები – როგორიცაა, მაგალითად, ფორტეპიანოზე დაკვრა ან ახალი სპორტის დაუფლება- ის კი არაა, რამდენ საათს ვარჯიშობთ, არამედ ის, თუ როგორ ვარჯიშობთ.

კვლევის შედეგად დაადგინეს, რომ თქვენს ვარჯიშში, სულ მცირე, ცვლილების შეტანით სწავლის პროცესში ტვინის აქტიურობა გაიზრდება და ახალ უნარ-ჩვევას ორჯერ ნაკლებ დროში შეძლებთ.

კვლევა გარკვეულწილად ეწინააღმდეგება ძველ დასკვნას იმის შესახებ, რომ თუ იმ მოტორული უნარ-ჩვევის დაუფლება, რაც შეიძლება მეტი ვარჯიშით მიიღწევა. ამის ნაცვლად, ახალი მეთოდი უფრო სწრაფ და სახალისო გზას გვთავაზობს.

„ჩვენ აღმოვაჩინეთ, რომ დავალების მცირედ მოდიფიცირების გზით მეტის სწავლაა შესაძლებელი, ვიდრე მისი ზედმიწევნით შესრულებით,“–  აცხადებს ჯონ ჰოპკინსის უნივერსიტეტის მკვლევარი პაბლო სელნიკი.

კვლევის ფარგლებში 86 მოხალისეს ახალი უნარ-ჩვევა – კურსორის გადაადგილება კომპიუტერის ეკრანზე, „თაგვის“ გამოყენების გარეშე, პატარა მოწყობილობაზე ხელის დაჭერის გზით ასწავლეს.

მონაწილეები სამ ჯგუფად დაყვეს და თითოეული ჯგუფი 45 წუთს ავარჯიშეს.

6-საათიანი შესვენების შემდეგ, ერთ-ერთ ჯგუფს მოსთხოვეს, იგივე სავარჯიშო კვლავ გაემეორებინა, მეორე მცირედით განსხვავებული მეთოდით ავარჯიშეს, რომელიც კურსორის გადასაადგილებლად ხელის სხვაგვარად, უფრო მარტივი გზით დაჭერას  მოითხოვდა.

მესამე ჯგუფს კი ვარჯიში შეაწყვეტინეს.

დასასრულ, სამივე ჯგუფის წარმომადგენლებს ტესტირება ჩაუტარეს იმის გამოსავლენად, რამდენად კარგად აითვისეს მათ ახალი უნარ-ჩვევა.

მესამე ჯგუფმა ყველაზე ცუდი შედეგი აჩვენა. საკვირველია, მაგრამ იმ ჯგუფმა, რომელმაც ვარჯიშში განსხვავებული მეთოდი შეიტანა, ორჯერ უფრო კარგი შედეგი აჩვენა იმასთან შედარებით, რომელმაც თავდაპირველი წვრთნის მეთოდი გაიმეორა.

მკვლევარები მიიჩნევენ, რომ ეს რეკონსოლიდაციის გამო ხდება – ეს არის პროცესი, რომლის დროსაც ხდება მეხსიერების მოკრება და ახალი ცოდნით ჩანაცვლება. უკვე დიდი ხანია ვარაუდობენ, რომ რეკონსოლიდაცია ხელს უწყობს მოტორული უნარ-ჩვევების გაძლიერებას, მაგრამ ეს არის ერთ-ერთი პირველი ექსპერიმენტი ამ ჰიპოთეზის შესამოწმებლად.

სწორედ ამ მიზეზის გამო მისცეს მკვლევერებმა ცდის მონაწილეებს 6-საათიანი შესვენების დრო. მიიჩნევა, რომ სწორედ ეს დროა საჭირო მეხსიერების რეკონსოლიდაციისთვის.

,,ჩვენი შედეგები მნიშვნელოვანია, რადგან ცოტა რამ იყო ცნობილი, თუ როგორ მუშაობს რეკონსოლიდირება მოტორული უნარ-ჩვევების განვითარებასთან დაკავშირებით. კვლევამ აჩვენა, თუ რამდენად მარტივი მანიპულაციაა საჭირო ტრენინგის დროს იმისათვის, რომ ახალი უნარ-ჩვევა ორჯერ უფრო სწრაფად შევისწავლოთ,“ – განაცხადა სელნიკმა.

მეცნიერების განმარტებით, უკეთესი შედეგის მისაღწევად ვარჯიშის მეთოდი უნდა გავაიოლოთ და არა გავართულოთ. მაგალითად, უნდა შევამციროთ ბეისბოლოს ჯოხის, ჩოგბურთის რაკეტის ან ფეხბურთის ბურთის ზომა და წონა.

,,თუ ამოცანას გავართულებთ, ადამიანები ჩვენს მიერ განხორციელებულ შედეგს ვერ მიიღებენ,“ – აცხადებენ კვლევის ავტორები. მათივე განმარტებით, საბოლოო დასკვნის მიღებამდე დამატებითი კვლევების ჩატარებაა საჭირო.

ექსპერტების შეფასებით, კვლევას დიდი მნიშვნელობა აქვს რეაბილიტაციის პროცესისთვის. ახალი ინფორმაცია დაეხმარება ამპუტირებული კიდურების მქონე ადამიანებს პროთეზების გამოყენების შესწავლაში, ასევე ზურგის ტვინის დაზიანების მქონე, ან ინსულტით დაზარალებულ პაციენტებს.

წყარო: https://www.sciencealert.com/

მასალა მოამზადა: თამარ ტაბატაძემ

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
ბიზნესიგანათლებამსოფლიო

5 საუკეთესო წიგნი ბილ გეიტსისთვის 2017 წელს

განათლება ნებისმიერი ადამიანისთვის უმნიშვნელოვანეს ფაქტორს წარმოადგენს, დღეს, ნაკითხი ადამიანების რიცხვი საკმაოდ მცირეა, რადგან საზოგადოება ძირითადად ვიდეოებითა და სოციალურ ქსელებში მოკლე მიმოხილვებით ინფორმირდება.

კითხვა ადამიანის ტვინს აძლევს საშუალებას იმოქმედოს უკეთ, გაიაზროს სიღრმისეული ფასეულობები, რაც შემდგომში ცხოვრებისეულ მაგალითებში გამოადგებათ. ბილ გეიტთსი ერთ–ერთი ყველაზე წარმატებული ბიზნესმენია მთელ მსოფლიოში, ადამიანების ფსიქოლოგიაზე დადებითად მოქმედებს ის ფაქტი, როდესაც იციან, რომ ეს 5 საუკეთესო წიგნი ცნობილი ადამიანის რჩეულია, შესაბამისად, მათთვის შესაძლოა მხოლოდ ეს გახდეს მოტივი ამ წიგნების წაკითხვისა:

  1. “Evicted”
  2. “The Sympathizer”
  3. “The best we could do”
  4. “Energy and Civilization a History”
  5. “Believe me”

წყარო: Entrepreneur.com

მასალა მოამზადა:  ლაშა ჯინჭარაძემ

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

 

სრულად ნახვა
1 17 18 19 20 21 28
Page 19 of 28