close

საფრანგეთის ხელისუფლება მომავალი სასწავლო წლიდან სკოლებში მობილური ტელეფონების გამოყენებას აკრძალავს. მოსწავლეებს შეეძლებათ მობილურის სკოლაში მიტანა, თუმცა ვერ გამოიყენებენ მას სასწავლო პროცესის დასრულებამდე. ინიციატივა ჯერ კიდევ ემანუელ მაკრონის წინასაარჩევნო კამპანიის დროს გახდა ცნობილი. მიუხედავად იმისა, რომ მობილურის გამოყენება გაკვეთილის დროს უკვე აკრძალულია, ახალი კანონმდებლობით, ბავშვები ვერ გამოიყენებენ მას ლანჩისა და შესვენების დროსაც.

როგორც საფრანგეთის განათლების მინისტრი აღნიშნავს, კანონმდებლობა ძალაში 2018 წლის სექტემბრიდან შევა და შეეხება 6-დან 15 წლამდე ყველა მოსწავლეს. მისივე განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ ზოგჯერ მობილური სასწავლო მიზნითაც შეიძლება გამოიყენებოდეს, კონტროლი უცილებელია.

კანონმდებლობის მიზანი საზოგადოების ჯანმრთელობაზე ზრუნვაა, რაც სკოლებში ტელეფონის გამოყენების აკრძალვის გარდა გულისხმობს, რომ, სასურველია, 7 წლამდე ასაკის ბავშვები ეკრანებს საერთოდ მოვარიდოთ. ამასთან, დადგენილია კავშირი მობილურ ტელეფონებს, ინტერნეტს, სოციალურ მედიასა და ახალგაზრდების ემოციურ და მენტალურ ჯანმრთელობას შორის. ახალი კანონმდებლობით, ბავშვებს შესაძლებლობა ექნებათ დღის განმავლობაში მინიმუმ 6 საათი ეკრანების გარეშე გაატარონ, ამით კი, ვითარდება მათი კონცეტრაციისა და სოციალიზაციის უნარებიც.

ლონდონის ეკონომიკის სკოლამ ჩაატარა კვლევა, სადაც აღნიშნულია, რომ სკოლებში, სადაც სრულიად აიკრძალა მობილურის გამოყენება, 16 წლამდე ასაკის მოსწავლეებს 6.5 %-ჯერ უკეთესი აკადემიური მოსწრება ჰქონდათ.

აღსანიშნავია, რომ მოსახლეობის და სამოქალაქო საზოგადოების გარკვეული ნაწილი ინიციატივას უარყოფითად აფასებს, რადგან, მათივე განცხადებით, მობილური მშობლებისთვის ბავშვების კონტროლის უმთავრეს საშუალებას წარმოადგენს. მიუხედავად იმისა, რომ კანონმდებლობა ფორმირების პროცესშია და ჯერ კიდევ უცნობია, როგორი იქნება საბოლოო აღსრულების მექანიზმი, გადაწყვეტილება საბოლოოა.

წყარო: the Guardian

მასალა მოამზადა: ცირა შვანგირაძემ

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

 

გაზიარება:
fb-share-icon0
Tags : slid