close
ბიზნესიგანათლებაკვლევები

როგორ ავითვისოთ ახალი უნარ-ჩვევა ორჯერ უფრო სწრაფად? – ახალი კვლევის შედეგები

მეცნიერები, ჩატარებულ კვლევაზე დაყრდნობით, აცხადებენ, რომ ახალი უნარ-ჩვევის ათვისების გასაღები – როგორიცაა, მაგალითად, ფორტეპიანოზე დაკვრა ან ახალი სპორტის დაუფლება- ის კი არაა, რამდენ საათს ვარჯიშობთ, არამედ ის, თუ როგორ ვარჯიშობთ.

კვლევის შედეგად დაადგინეს, რომ თქვენს ვარჯიშში, სულ მცირე, ცვლილების შეტანით სწავლის პროცესში ტვინის აქტიურობა გაიზრდება და ახალ უნარ-ჩვევას ორჯერ ნაკლებ დროში შეძლებთ.

კვლევა გარკვეულწილად ეწინააღმდეგება ძველ დასკვნას იმის შესახებ, რომ თუ იმ მოტორული უნარ-ჩვევის დაუფლება, რაც შეიძლება მეტი ვარჯიშით მიიღწევა. ამის ნაცვლად, ახალი მეთოდი უფრო სწრაფ და სახალისო გზას გვთავაზობს.

„ჩვენ აღმოვაჩინეთ, რომ დავალების მცირედ მოდიფიცირების გზით მეტის სწავლაა შესაძლებელი, ვიდრე მისი ზედმიწევნით შესრულებით,“–  აცხადებს ჯონ ჰოპკინსის უნივერსიტეტის მკვლევარი პაბლო სელნიკი.

კვლევის ფარგლებში 86 მოხალისეს ახალი უნარ-ჩვევა – კურსორის გადაადგილება კომპიუტერის ეკრანზე, „თაგვის“ გამოყენების გარეშე, პატარა მოწყობილობაზე ხელის დაჭერის გზით ასწავლეს.

მონაწილეები სამ ჯგუფად დაყვეს და თითოეული ჯგუფი 45 წუთს ავარჯიშეს.

6-საათიანი შესვენების შემდეგ, ერთ-ერთ ჯგუფს მოსთხოვეს, იგივე სავარჯიშო კვლავ გაემეორებინა, მეორე მცირედით განსხვავებული მეთოდით ავარჯიშეს, რომელიც კურსორის გადასაადგილებლად ხელის სხვაგვარად, უფრო მარტივი გზით დაჭერას  მოითხოვდა.

მესამე ჯგუფს კი ვარჯიში შეაწყვეტინეს.

დასასრულ, სამივე ჯგუფის წარმომადგენლებს ტესტირება ჩაუტარეს იმის გამოსავლენად, რამდენად კარგად აითვისეს მათ ახალი უნარ-ჩვევა.

მესამე ჯგუფმა ყველაზე ცუდი შედეგი აჩვენა. საკვირველია, მაგრამ იმ ჯგუფმა, რომელმაც ვარჯიშში განსხვავებული მეთოდი შეიტანა, ორჯერ უფრო კარგი შედეგი აჩვენა იმასთან შედარებით, რომელმაც თავდაპირველი წვრთნის მეთოდი გაიმეორა.

მკვლევარები მიიჩნევენ, რომ ეს რეკონსოლიდაციის გამო ხდება – ეს არის პროცესი, რომლის დროსაც ხდება მეხსიერების მოკრება და ახალი ცოდნით ჩანაცვლება. უკვე დიდი ხანია ვარაუდობენ, რომ რეკონსოლიდაცია ხელს უწყობს მოტორული უნარ-ჩვევების გაძლიერებას, მაგრამ ეს არის ერთ-ერთი პირველი ექსპერიმენტი ამ ჰიპოთეზის შესამოწმებლად.

სწორედ ამ მიზეზის გამო მისცეს მკვლევერებმა ცდის მონაწილეებს 6-საათიანი შესვენების დრო. მიიჩნევა, რომ სწორედ ეს დროა საჭირო მეხსიერების რეკონსოლიდაციისთვის.

,,ჩვენი შედეგები მნიშვნელოვანია, რადგან ცოტა რამ იყო ცნობილი, თუ როგორ მუშაობს რეკონსოლიდირება მოტორული უნარ-ჩვევების განვითარებასთან დაკავშირებით. კვლევამ აჩვენა, თუ რამდენად მარტივი მანიპულაციაა საჭირო ტრენინგის დროს იმისათვის, რომ ახალი უნარ-ჩვევა ორჯერ უფრო სწრაფად შევისწავლოთ,“ – განაცხადა სელნიკმა.

მეცნიერების განმარტებით, უკეთესი შედეგის მისაღწევად ვარჯიშის მეთოდი უნდა გავაიოლოთ და არა გავართულოთ. მაგალითად, უნდა შევამციროთ ბეისბოლოს ჯოხის, ჩოგბურთის რაკეტის ან ფეხბურთის ბურთის ზომა და წონა.

,,თუ ამოცანას გავართულებთ, ადამიანები ჩვენს მიერ განხორციელებულ შედეგს ვერ მიიღებენ,“ – აცხადებენ კვლევის ავტორები. მათივე განმარტებით, საბოლოო დასკვნის მიღებამდე დამატებითი კვლევების ჩატარებაა საჭირო.

ექსპერტების შეფასებით, კვლევას დიდი მნიშვნელობა აქვს რეაბილიტაციის პროცესისთვის. ახალი ინფორმაცია დაეხმარება ამპუტირებული კიდურების მქონე ადამიანებს პროთეზების გამოყენების შესწავლაში, ასევე ზურგის ტვინის დაზიანების მქონე, ან ინსულტით დაზარალებულ პაციენტებს.

 

წყარო: https://www.sciencealert.com/

მასალა მოამზადა: თამარ ტაბატაძემ

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

გაზიარება:
fb-share-icon0
Tags : slid