close

არქეოლოგია

არქეოლოგიაარქიტექტურა/დიზაინი

პომპეის ტერიტორიაზე ქუჩის საკვების მაღაზიას მიაგნეს

ვულკანის ამოფრქვევის შედეგად განადგურებულ ქალაქ პომპეიში არქეოლოგებმა ქუჩის საკვებისა და სასმელების მაღაზიის ნაშთები აღმოაჩინეს. უნიკალურ არტეფაქტებს შორისაა ტერაკოტას ჭურჭელი, სადაც სხვადასხვა სახის საკვების კვალიც იპოვეს.

“როიტერის” თანახმად, ნაშთებს მიაგნეს არქეოლოგიური პარკის იმ ნაწილში, რომელიც საზოგადოებისთვის ღია ჯერ კიდევ არ არის.

ადგილზე, სადაც გათხრები ჩატარდა, დაახლოებით 2000 წლის წინ ე.წ. თერმოპოლიუმი მდებარეობდა. ეს არის, დღევანდელი გაგებით, ქუჩის საკვების მაღაზია, სადაც ცხელ კერძებსა და სასმელებს ყიდდნენ.

დახლის წინა მხარე ცხოველებისა და ფრინველების გამოსახულებებითაა მოხატული. ვარაუდობენ, რომ მათ შორის ზოგიერთს ინგრედიენტებად იყენებდნენ.

“ეს არაჩვეულებრივი აღმოჩენაა. პირველი შემთხვევაა, როცა მთელ თერმოპოლიუმს ვთხრით”, – აცხადებს პომპეის არქეოლოგიური პარკის დირექტორი მასიმო ოსანა.

კიდევ ერთი არქეოლოგის თქმით, აღმოჩენილ კონტეინერებში მიაგნეს ღორისა და ძროხის ხორცის, ასევე, თევზისა და ლოკოკინის კვალს. ასევე მიაგნეს ბრინჯაოს თასს სასმელისთვის, კერამიკულ ქილებსა და ღვინის ჭურჭელს.

ქალაქი პომპეი დღევანდელი იტალიის ტერიტორიაზე მდებარეობდა. ის ქალაქ ჰერკულანუმთან ერთად, 79 წელს, ვულკან ვეზუვის ამოფრქვევის შედეგად განადგურდა. ადგილზე არქეოლოგიური გათხრები 1750 წელს დაიწყო.

ფოტო: Corriere Della Sera

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
არქეოლოგიაისტორია

მსოფლიოს უძვირფასესი ისტორიული არტიფაქტები

ისტორიამ ბევრი საჩუქარი დაგვიტოვა დაწყებული მნიშვნელოვანი ფიგურებიდან, რომლებმაც შეცვალეს სამყარო, დამთავრებული იდუმალი მოვლენებით. დაკარგულმა ცივილიზაციებმა  ძვირფასი ნივთები დაგვიტოვეს, რომელთა მნიშვნელობა და ღირებულება ფასდაუდებელია კაცობრიობისთვის. გთავაზობთ რამდენიმე უძვირფასეს ისტორიულ არტიფაქტს :

მთვარის კლდის ნატეხები

შეიქმნა: 4 მილიარდი წლის წინ

აღმოაჩინეს: 1969 წ

ღირებულება: 1 გრამი – 300 000 აშშ დოლარი.

ნილ ამსტრონგის მიერ 60-იან წლებში მთვარიდან ჩამოტანილი კლდის ნატეხები ისეთი პოპულარული გახდა, რომ ის 2000-იანი წლების დასაწყისში ჯონსონის კოსმოსური ცენტრიდან მოიპარეს.

სასამართლო პროცესებისთვის საჭირო გახდა ნასა-ს მთვარის კლდის ნატეხების ფასი დაედგინა. ორგანიზაციამ განაცხადა, რომ თითოეული გრამის ღირებულება 300 000 აშშ დოლარს აღემატებოდა. მიუხედავად იმისა, რომ მთვარეზე რეალური უფლებები არავის აქვს, შეერთებული შტატების მთავრობა მიიჩნევს, რომ ნიმუშები ქვეყნის საგანძურია, რომელიც არ უნდა გაიყიდოს.

ცინის დინასტიის ვაზა

შეიქმნა: მე-18 საუკინეში

აღმოაჩინეს: 2010 წ

ღირებულება: 83 მილიონი აშშ დოლარი

ლონდონში მცხოვრებმა ერთ-ერთმა ოჯახმა შემთხვევით აღმოაჩინა ნათესავის გარდაცვალების შემდეგ მისი სახლის სხვენზე. ჩვეულებრივი თვალისთვის ეს უბრალოდ ვაზაა, პროფესიონალისთვის კი – 83 მილიონი დოლარის საბადო.

როზეტის ქვა

შეიქმნა: ძვ. წ. აღ-ით 196 წელს

აღმოაჩინეს: 1799 წელს

ღირებულება: შეუფასებელი

ძვ. წ. აღ-ით 196 წელს შექმნილი  გრანოდიორიტის სტელა, რომელზეც აღბეჭდილია ეგვიპტის მეფე პტოლემე V-ის განკარგულებით გამოცემული ბრძანება. ბევრი მეცნიერი ამბობს, რომ ქვა ძველეგვიპტური იეროგლიფების გაშიფვრის გასაღებია.

 დრაკონის სავარძელი

შეიქმნა: 1917-1919 წლებში

აღმოაჩინეს: 2009 წელს

ღირებულება: 25 მილიონი აშშ დოლარი

“დრაკონის” სავარძელი ირლანდიელმა არქიტექტორმა ეილენ გრეიმ მე -20 საუკუნის დასაწყისში შექმნა. ის 1973 წელს ივ სენ ლორანმა  იყიდა, საბოლოოდ კი 2009 წელს, 25 მილიონ აშშ დოლარად გაიყიდა.

არტემიდა და ირემი

 შეიქმნა: ძვ. წ. აღ.-ის I საუკუნესა და ახალი წ. აღ-ის I საუკუნეს შორის პერიოდში

აღმოაჩინეს: 1920-იანი წლებში

ღირებულება: 28.6 მილიონი აშშ დოლარი.

მრავალსაუკუნოვანი ქანდაკება 1920-იან წლებში იპოვეს რომში, ტერიტორიაზე, სადაც მშენებლობა მიმდინარეობდა.  ის 2007 წელს სოტბის აუქციონზე 28 მილიონ აშშ დოლარად გაიყიდა.

ოქროს ვერძის ქანდაკება

შეიქმნა: ძვ. წ. 2600-2400 წლებში

აღმოაჩინეს: 1928 წელს

ღირებულება: ფასდაუდებელი

ლეონარდ ვულმა ვერძის ორი ქანდაკება ურმის სამეფო სასაფლაოზე ერთ – ერთ საფლავთან 1928 წელს აღმოაჩინა. სპილენძის, ოქროსა და ხისგან დამზადებული ფიგურა რესტავრაციის შემდეგ ლონდონის ბრიტანეთის მუზეუმში გამოიფინა. მისი საფუძველი თავისთავად წარმოადგენს ხელოვნების ნიმუშს, რომლის შეფასება შეუძლებელია უნიკალური ისტორიის გამო.

ზეთისცხების ქვა

შეიქმნა: 30-33 წლებში

აღმოაჩინეს: თარიღი უცნობია

ღირებულება: შეუფასებელი

მორწმუნეები აცხადებენ, რომ იესოს მოწაფემ, იოსებ არიმათიელმა, ქრისტეს ცხედარი ცხედარი ჯვარცმის შემდეგ, სამარხში დაკრძალვამდე, ზეთისცხების ქვაზე მოათავსა. იერუსალიმის წმინდა საფლავის ეკლესიაში უამრავი ადამიანი მიდის, ქვას ეამბორება და ყვავილებს დებს. ასე რომ, მისი ღირებულება ფასდაუდებელია.

ანტიქითერას მექანიზმი

შეიქმნა: ძვ. წ. 87 – ძვ. წ. 205 წლებში

აღმოაჩინეს: 1901 წელს

ღირებულება: შეუფასებელი

როდესაც 1901 წელს ანტიქითერას მექანიზმი აღმოაჩინეს, დანამდვილებით არავინ იცოდა, რა იყო ეს. მეცნიერებს დიდი დრო და გამოკვლევა დასჭირდა, რომ დაედგინათ, რომ ეს არის ერთგვარი რთული საათის მექანიზმი.

მეცნიერებს უჭირთ იმის ახსნა, როგორ შეძლეს ასეთი რთული მექანიზმის ძვ. წ. 87 – ძვ. წ. 205 წლებში შექმნა. ნამუშევრის დათვალიერება ათენის ეროვნულ არქეოლოგიურ მუზეუმშია შესაძლებელი.

დედოფალ ნეფერტიტის ბიუსტი

შეიქმნა: ძვ. წ. 1345 წელს

აღმოაჩინეს: 1912 წელს

ღირებულება: შეუფასებელი

ნეფერტიტის ბიუსტი გერმანელმა არქეოლოგებმა 1912 წელს თუტმოსის საამქროში აღმოაჩინეს. ის ამჟამად გერმანიაში, ბერლინის Neues Museum- შია გამოფენილი.

ბრილიანტის ყელსაბამი „იმედი“

შეიქმნა: დაახლოებით ოთხი საუკუნის წინ

აღმოჩენის თარიღი უცნობია

ღირებულება: 200 – 350 მილიონი აშშ დოლარი

უზარმაზარ 45,52 კარატიან ბრილიანტს არაჩვეულებრივი ლურჯი ფერი აქვს. ზუსტად რამდენი წლისაა ყელსაბამი ცნობილი არ არის.

ყელსაბამს მე-19 საუკუნის ბოლოსა და მე -20 საუკუნის დასაწყისში ვაშინგტონის საზოგადოების გამოჩენილი პირი ევალინ უოლშ მაკლინი ფლობდა. საბოლოოდ კი, 1958 წელს, ის ბუნების ისტორიის ეროვნულ მუზეუმს გადაეცა და დღემდე იქ ინახება.

მასალა მოამზადა : თამარ ტაბატაძემ 

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
არქეოლოგიაისტორია

მამონტების სასაფლაო – რა აღმოაჩინეს მეხიკოს ახალი აეროპორტის შენობაში?

როგორც აღმოჩნდა, მეხიკოს ახალი აეროპორტი მდებარეობს უძველესი ტბის ნაშთზე, სადაც სამშნებლო სამუშაოების ჩატარების დროს შემთხვევით აღმოაჩინეს 100-ზე მეტი მამონტის უზარმაზარი ძვლები. სწორედ ამ ფაქტის შემდეგ გამოიძახეს არქეოლოგები.

,,სავარაუდოდ, აღმოჩენილი ცხოველების უმეტესობა დედამიწაზე დახეტიალებდა 10,000 – დან 25 000 წლის წინ, ექსპერტების ვარაუდით, ისინი იქ ტბის მიერ მოწოდებულმა საკვებმა და წყალმა მიიყვანა”- ნათქვამია BBC-ის ოფიციალურ გვერდზე.

როგორც ჩანს, ცხოველებს ამ ტერიტორიაზე ჰქონდათ უამრავი ბუნებრივი რესურსი და საკვები, რამაც მამონტები ტბის ტერიტორიაზე მიიყვანა, მაგრამ მკვლევარები ამბობენ, რომ ტბის ტერიტორიაზე ზამთარში ტალახი გაჩნდა, რამაც ცხოველებს ხელი შეუშალა.  ტბის პირობებმა ნაშთები ძალიან კარგ მდგომარეობაში შეინარჩუნა, რომელიც საბოლოოდ მეხიკოს ახალ აეროპორტში იპოვეს.

მთლიანობაში ნაშთები ნაპოვნი იქნა 194 ადგილზე, ნაპოვნია 100-ზე მეტი მამონტის ძვლები, აქლემი, ბიზონი, ცხენი, ანტილოპები, ფრინველები, თევზები და მღრღნელები. ამავე დროს ათასობით ადამიანი მუშაობს აეროპორტის ტერიტორიაზე, სატვირთო მანქანებმა კი უკვე ათობით სამშენებლო მასალა გადაიტანეს.

მასალა მოამზადა : ნინი ხეცურიანმა 

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
არქეოლოგია

ციმბირში არქეოლოგებმა 39,000 წლის მღვიმის დათვის ნარჩენები აღმოაჩინეს

ციმბირში არქეოლოგებმა 39,000 წლის წინანდელი 2 იდეალურად შემონახული მღვიმის დათვის, დედისა და ბელის ნარჩენები ყინულის კედელში აღმოაჩინეს, – ამის შესახებ ინფორმაციას LadBible-ი ავრცელებს.

რუსმა მეცნიერემბმა აღნიშნულს „მსოფლიო მნიშვნელობის“ აღმოჩენა უწოდეს.

აქამდე მღვიმის დათვის არსებობის ერთადერთი დამადასტურებელი საბუთი, აღმოჩენილი ძვლები იყო.

ახლად აღმოჩენილი დათვების ნარჩენები იმდენად კარგადაა შემონახული, რომ მათ კვლავ აქვთ ბეწვი.

მღვიმის დათვი პრეისტორიული სახეობა, ან ქვესახეობაა, რომელიც ევრაზიის კონტინენტზე 300,000-15,000 წლის წინანდელი პერიოდის შუალედში ცხოვრობდა.

იმის გამო, რომ ამდენი ხნის განმავლობაში დათვები ყინულში იყვნენ მოთავსებულები, მათი რბილი ქსოვილები, სახელწოდებით Ursus Spelaeus, გადარჩა.

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
არქეოლოგიაისტორიაკულტურა

ბრაზილიაში დინოზავრის აქამდე უცნობი სახეობის წიაღისეული აღმოაჩინეს

ბრაზილიელ მეცნიერთა ჯგუფმა ახალი, 115 მილიონი წლით დათარიღებული წიაღისეულის აღმოჩენის შესახებ განაცხადა, რომელიც დინოზავრის დღემდე უცნობ სახეობას წარმოადგენს. ამის შესახებ Deutsche Welle წერს.

Aratasaurus museunacionali საშუალო ზომის ტერაპოდებს მიეკუთვნება. არქეოლოგების ცნობით, ახალგაზრდა ცხოველის წონა დაახლოებით 34 კილოგრამი იყო, სიმაღლე კი 3 მეტრს აღემატებოდა. სპეციალისტები მიიჩვენენ, რომ აღმოჩენა ტეროპოდების ევოლუციის ისტორიას უფრო გასაგებს გახდის. მათივე თქმით, ეს კიდევ ერთი ნიშანია იმისა, რომ მილიონობით წლის წინ რეგიონში ბევრი სხვადასხვა სახეობა ბინადრობდა.

სპეციალისტები აღნიშნავენ, რომ არატაზაურუსი დინოზავრთა იმავე ჯგუფს მიეკუთვნება, რომელიც ტირანოზავრებსველოცირაპტორებს და დღეს არსებულ ფრინველის რამდენიმე სახეობას აერთიანებს. თუმცა ახალი სახეობის წინაპრის შესახებ ბევრი არაფერია ცნობილი.

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
არქეოლოგიაისტორიაკულტურა

ნიკოლოზ ბარათაშვილის დღემდე უცნობი პოემა „ივერიელნი“ ნაპოვნია!

საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის საბიბლიოთეკო რესურსების დეპარტამენტის დირექტორი, ლევან თაქთაქიშვილი, სოციალურ ქსელში საუკუნის აღმოჩენაზე წერს.

„ჩემო ძვირფასო ქართველო მეგობრებო, მე დღეს ერთი ამბავი უნდა გამცნოთ: მე ვიპოვნე ბარათაშვილის დღემდე ძიებაში მყოფი პოემა „ივერიელნი“.

მე ვარ ბედნიერი, რომ წილად მხვდა ამ საიდუმლოს გადაჭრა. იმედია, ეს ამბავი გაგიხარდებათ. იმასაც გეტყვით, რომ ის არც სადმე წიგნსაცავში მინახავს, არც ბუკინისტურ მაღაზიაში მიყიდია.

სრულიად უსასყიდლოდ მივაგენი. ერთადერთი სასყიდელი იყო ჩემი დაჟინებული სურვილი, დამთავრებულიყო ჩემი ერის ლოდინი ამ პოემის მიგნებისა.

გასაოცარი და კურიოზული ისაა, რომ ეს პოემა გამოქვეყნებული იყო. ჩვენ კი ვეძებდით. დანარჩენი რამდენიმე დღეში გამოქვეყნდება ჩემს გვერდზე. “ – წერს ლევან თაქთაქიშვილი.

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტინა”

სრულად ნახვა
არქეოლოგიაისტორიაკულტურა

არქეოლოგებმა გადაწყვიტეს, საიდუმლო სერობის მენიუ აღედგინათ

კვლევა ორმა იტალიელმა არქეოლოგმა ჩაატარა, რომლებიც ბიბლიურ ტექსტებს, ებრაულ ხელნაწერებს, ძველრომაულ ლიტერატურულ ძეგლებსა და არქეოლოგიურ მონაცემებს ეყრდნობოდნენ.

 

„ბიბლიაში წერია, რაზე საუბრობდნენ სადილის დროს იესო და მისი მოციქულები, მაგრამ არაფერია ნათქვამი იმის შესახებ, რას მიირთმევდნენ“, – ამბობს არქეოლოგი ჯენეროზო ურჩიოლე.

 

კვლევის ამოსავალ წერტილად ურჩიოლესა და მისი დამხმარე მარტა ბერონგოსთვის იესოს ებრაელობა იქცა. მათ ივარაუდეს, რომ იესო ქრისტე და მოციქულები იცავდნენ ტრადიციებს, რომლებიც თორაში იყო დაფიქსირებული და რელიგიურ გასტრონომიულ შეზღუდვებს ეხებოდა.

 

მარკოზის სახარების მიხედვით, სადილი პასექის დღესასწაულზე გაიმართა, მაშინ როცა საპასექო ბატკანს სწირავდნენ, ამიტომაც, მეცნიერთა აზრით, სუფრაზე ცხვრის ხორცი აუცილებლად იქნებოდა.

 

და, რაღა თქმა უნდა, მენიუში შევიდოდა ხმიადი (უსაფუარო პური) და ღვინო, რომლებიც (პროდუქტებიდან ერთადერთი) პირდაპირ არის ნახსენები ბიბლიაში (შეგახსენებთ, სწორედ საიდუმლო სერობის დროს დაედო სათავე ქრისტიანული რელიგიის ერთ-ერთ მთავარი საიდუმლოს – ზიარებას).

 

ამას გარდა, ტრაპეზის მენიუში შეიძლება ყოფილიყო ჩოლენთი – ტრადიციული ებრაული კერძი მოთუშული ხორცით, ბოსტნეულით, ბურღულეულითა და ლობიოთი, ზეთისხილი, ბალახეული, ფინიკი, ასევე, ხილი და ნიგვზის პასტა.

 

უნდა აღინიშნოს, რომ ტრაპეზის მონაწილეები მაგიდასთან ისე არ ისხდნენ, როგორც ეს ლეონარდო და ვინჩის ცნობილ შედევრზეა გამოსახული. ისინი ნახევრად წამოწოლილები იყვნენ იატაკზე გაშლილ ნოხებსა და ბალიშებზე, როგორც ამას რომაელები აკეთებდნენ. კერძები დაბალფეხიან მაგიდებზე თიხისა და ქვის ჭურჭლით ეწყო.

წყარო : funtime.ge

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
არქეოლოგიასაქართველო

გუდიაშვილის მოედანზე XI-XII საუკუნის მოჭიქული კერამიკა აღმოაჩინეს

თბილისში, გუდიაშვილის მოედანზე,  XI-XII საუკუნის პერიოდის მოჭიქული კერამიკის ნიმუში აღმოაჩინეს, რომელიც სრულადაა შენარჩუნებული.

არქეოლოგიური მასალა გუდიაშვილის მოედანზე მიმდებარე შენობების სარეაბილიტაციო სამუშაოებისას აღმოჩნდა. დედაქალაქის მერის, კახა კალაძის თქმით, თბილისის ისტორიულ ნაწილში მიწისქვეშა სამუშაოების მიმდინარეობისას ბევრი მსგავსი საინტერესო ნიმუში ამოდის, რომელსაც კონსერვაცია ჩაუტარდება და სამუშოების დასრულების შემდეგ გუდიაშვილის მოედანზე განთავსებულ მუზეუმში დაიდებს ბინას:

“ისტორიულად ყველამ კარგად ვიცით, რა მნიშვნელობა აქვს ამ მოედანს. არის ისტორიული შენობა-ნაგებობები, რომელიც იქნება აღდგენილი. სექტემბრისთვის უნდა დასრულდეს ეს სამუშაოები. როდესაც ამ სამუშოების დროს ხდება მიწისქვეშა გათხრები, არქეოლოგიურად საინტერესო ნიმუშები ამოდის. ბევრია ასეთი ნივთები ამოღებული, ხდება მათი კონსერვაცია, შენახვა და შემდეგ მუზეუმში, რომელიც იქნება აქ გაკეთებული, განთავსდება” ,- ამბობს კალაძე.

“ტფილისის ჰამჰქრის” წევრის, ცირა ელისაშვილის თქმით, ნაპოვნი მოჭიქული კერამიკა იმითაა მნიშვნელოვანი, რომ სრულადაა შემონახული. ელისაშვილი აღნიშნავს, რომ არქეოლოგიური ნიმუში ნახანძრალ ფენაში აღმოაჩინეს, რომელიც თავის მხრივ, აღა მაჰმად ხანის პერიოდისაა:

“ყოველდღიურად გუდიაშვილის მოედანი სიურპრიზებს გვახვედრებს. უკვე რამდენიმე თვეა აქ არექოლოგი ადგილზეა და სარეაბილიტაციო სამუშოებს უწევს ზედამხედველობას. რაც შეეხება თვითონ არქეოლოგიას, ის არის აშკარად ნახანძრალი ფენიდან ამოღბული, რომელიც აღა მაჰმად ხანის პერიოდისაა. ეს კერამიკული თასი XI-XII საუკუნით თარიღდება, თუმცა ის ნახანძრალი ფენა, რომლიდანაც ამოვიდა, 1795 წლის კრწანისის მოვლენებთან არის კავშირში”, – ამბობს ელისაშვილი.

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა“

სრულად ნახვა
არქეოლოგიაისტორიაკულტურა

ეგვიპტეში ფარაონ ჯოსერის პირამიდა ვიზიტორებისთვის 90 წლის შემდეგ გახსნეს

ეგვიპტეში ტურისტები ფარაონ ჯოსერის პირამიდაში შესვლას შეძლებენ. ამის შესახებ Daily Mail წერს.

ეს პირამიდა ქაიროსთან ახლოს სოფელ საკარაში მდებარეობს. პირამიდის რესტავრაცია 14 წელი მიმდინარეობდა.კოლმპლექსშია ფარაონ ჯოსერის სარკოფაგი. მისი ნახვას ტურისტები 90 წლიანი პაუზის შემდეგ შეძლებენ. 1930 წელს სარკოფაგი უსაფრთხოების ზომებიდან გამომდინარე დაიხურა.

პირამიდის აღდგენითი სამუშაოები 2006 წელს დაიწყო, თუმცა 2011 წელს ქვეყანაში რევოლუციის დაწყების გამო შეჩერდა. ხელისუფლებამ პირამიდის რესტავრაციაზე $6,5 მილიონი დახარჯა. ჯოსერის პირამიდა 4,7 ათასი წლისაა. მისი ციმაღლე 60 მეტრია. პირამიდა ზოდჩი იმხოტეპმა ააგო.

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა“

სრულად ნახვა
არქეოლოგიაისტორიასაქართველო

ნაქალაქარ ნეკრესზე აღმოაჩინეს V საუკუნის კატაკომბური ტიპის კრიპტა, მიწისქვეშა კატაკომბებით

ნაქალაქარ ნეკრესზე აღმოაჩინეს V საუკუნის კატაკომბური ტიპის კრიპტა, მიწისქვეშა კატაკომბებით, რომელშიც დაკრძალულია ადგილობრივი დიდგვაროვნების ნაშთები, – ნათქვამია საქართველოს ეროვნული მუზეუმის ვებგვერდზე.

მუზეუმის ინფორმაციით, განვლილ სეზონებში, უღრანი ტყით დაფარული გორაკის სიღრმიდან თანდათან გამოვლინდა უაღრესად მასშტაბური ქრისტიანული ბაზილიკა, რომლის მხოლოდ ცენტრალური, სამნავიანი დარბაზის ზომებიც კი (36 მ X 18.5 მ) გაცილებით აღემატება აღმოსავლეთ საქართველოში დღემდე ცნობილ ბაზილიკურ ტაძრებს.

„აღსანიშნავია, რომ პასტოფორიუმებს შორის ჩაწერილი საკურთხევლის ნალისებრი აფსიდის, მრავალსაფეხუროვანი სინთრონონის და ავანსცენური ამბიონის ქვეშ,  სარდაფისებრი კრიპტაც აღმოჩდა წმინდა ნაწილების მოსათავსებელი ლუსკუმითურთ. მსგავსი რელიქვარიუმი ადრეულ ქართულ ქრისტიანულ ეკლესიებში დღემდე არ ყოფილა დადასტურებული, რომაულ-ადრებიზანტიური ბაზილიკებში კი ასეთი კომპონენტი ფრიად გავრცელებული იყო.

გარდა ამისა, არქეოლოგიურმა სამუშაოებმა დაგვანახა, რომ ტაძარს ჩრდილოეთიდან და სამხრეთიდან, იმთავითვე მთელ სიგრძეზე გაუყვებოდა ეკვდერებისა და გალერეების სისტემა. შემორჩენილი არქიტექტურული ელემენტების, მიკვლეული ნივთიერი მასალისა და ორგანული ნაშთების რადიოკარბონული ანალიზის საფუძველზე გამოირკვა, რომ ეს ბაზილიკა IV -V საუკუნეთა მიჯნაზე ყოფილა აგებული IV საუკუნის მოზრდილი (25 მ X 15 მ), ე.წ. სამეკლესიიანი ბაზილიკის ტიპის, მართკუთხა საკურთხევლიანი ტაძრის ნანგრევებზე. ამრიგად, ნათელი გახდა, რომ დოლოჭოპის კომპლექსის სახით საქმე გვაქვს თავდაპირველი გეგმარებით თითქმის სრულად შემორჩენილ, საქართველოში ჯერჯერობით უდიდეს და უძველეს ქრისტიანულ სატაძრო ცენტრთან, რომელიც თავისი მასშტაბით არ ჩამოუვარდება რომის იმპერიისა თუ ადრებიზანტიური სამყაროს პირველ, საყოველთაოდ ცნობილ, თითქმის ანალოგიური გეგმარების ნაგებობებს.

2019 წლის აგვისტო-სექტემბერში ჩატარებულმა ექსპედიციამ, საქართველოს ეროვნული მუზეუმის მეცნიერების – ნოდარ ბახტაძის, ვაჟა მამიაშვილის, ბაჩანა გაბეხაძის და ჯიმშერ ჩხვიმიანის შემადგენლობით, ამ კომპლექსის ისტორიასა და გეგმარებით თავისებურებებში კიდევ უფრო მნიშვნელოვანი სიცხადე შეიტანა. გამოირკვა, რომ ანსამბლის ამჟამინდელი დომინანტი ნაგებობა – კავკასიის მასშტაბით ისედაც გიგანტური ბაზილიკა, ქრისტიანული ეპარქიის კათედრალური ცენტრის შემადგენელი მხოლოდ ერთ-ერთი ნაგებობა ყოფილა. IV საუკუნის მე-2 ნახევარში ეს კომპლექსი მოიცავდა თავდაცვითი ზღუდებით და სხვადასხვა დამხმარე შენობებით გარშემორტყმულ,  მინიმუმ 2500  კვ.მ. ფართობის შიდა ეზოს, რომლის ცენტრში განლაგებული იყო თავდაპირველი, მართკუთხა საკურთხევლიანი „მცირე” ტაძარი  და მასზე დასავლეთიდან მიმდებარე ორსართულიანი საეპისკოპოსო სასახლე. როგორც ჩანს, ამავე საუკუნის მიწურულს ტაძარი მიწისძვრის შედეგად დანგრეულა. თითქმის მაშინვე, მის მოსწორებულ საფუძველზე და მეზობელ ღია სივრცეებში, გაცილებით დიდი და დღემდე გაცილებით სრულად შემორჩენილი, აღწერილი გრანდიოზული სამნავიანი ბაზილიკა ჩაუშენებიათ (ეპისკოპოსის სასახლეზე მიჯრით, თუმცა აღმოსავლეთისკენ ზუსტი ორიენტირების გამო, მისი კედლიდან ცერად აცდენილი). ახალ ტაძარს პრაქტიკულად სრულად შეუვსია შიდა ეზო, თანაც მას კომპლექსის ირგვლივ მდებარე დამხმარე ნაგებობები იმგვარად გადაუფარავს, რომ ისინი 18 მ-მდე სიმაღლის ტაძრის მოცულობაში თითქოსდა დაქვემდებარებულ  ფორმებადღა აღიქმებოდნენ და, ალბათ, მისი დიდებული ხუროთმოძღვრის ჩანაფიქრიც ეს იქნებოდა.

გარდა აღნიშნული ფაქტის დადასტურებისა, მიმდინარე სეზონის კიდევ ერთ მნიშვნელოვანი აღმოჩენაა ხაზგასასმელი, დიდი ბაზილიკის სამხრეთის გალერეის სარდაფის სართულში დადასტურდა 30 მ-მდე სიგრძისა და 3 მ სიგანის კატაკომბური ტიპის კრიპტა მისივე იატაკის დონეზე მოწყობილი შესასვლელით.  ამ ღია სივრცეში, იატაკიდან ოდნავ შემაღლებით ჩამწკრივებულ 10 ქვაყუთის ტიპის სამარხში საერო პირები, სავარაუდოდ ამ ქალაქის დიდგვაროვანი მოქალაქეები აღმოჩნდნენ დაკრძალულნი. ზოგი სამარხი ინდივიდუალურია, უმრავლესობა კი წყვილადი – მეუღლეების განსასვენებლად. სამარხები, მიცვალებულთათვის ჩაყოლებული სამკაულით და ძვლოვანი ნაშთების რადიოკარბონული ანალიზით V საუკუნით თარიღდება. მსგავსი ღია სივრციანი, სარდაფისებრი კრიპტა-გალერეები ჩვეულებრივი მოვლენაა რომაულ-ადრებიზანტიური სამყაროს ადრექრისტიანულ ტაძრებში, საქართველოში კი ეს ელემენტიც პირველად დოლოჭოპის ბაზილიკაში დადასტურდა“, – იტყობინება ეროვნული მუზეუმი.

საქართველოს ეროვნული მუზეუმის არქეოლოგიური ექსპედიცია 2006 წლიდან მოყოლებული იკვლევს ყვარლის მუნიციპალიტეტში, მდ. დურუჯის მარჯვენა სანაპიროსთან აღმოჩენილ ადრექრისტიანული ხანის დიდ სატაძრო კომპლექსს. ეს მიდამოები ანტიკურ ეპოქასა და ადრეულ შუა საუკუნეებში ქალაქ ნეკრესის უბანს წარმოადგენდა, ამჟამად კი მას ნასოფლარ დოლოჭოპს უწოდებენ.

2012 წლიდან ამ ძეგლზე მონაცვლეობით მიმდინარე არქეოლოგიურ და საკონსერვაციო სამუშაოებს, საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო აფინანსებს. ამ პერიოდიდანვე, კომპლექსის არქეოლოგიურ კვლევაში აქტიურად არიან ჩაბმულნი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებიც.

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა“ 

სრულად ნახვა
1 7 8 9 10 11 17
Page 9 of 17