close

ეკოლოგია

ეკოლოგია

ჩინეთმა სათბური აირების სატელიტური მონიტორინგი დაიწყო

ჩინეთმა ქვეყნის სათბური აირების სატელიტური მონიტორინგი დაიწყო, ამის შესახებ ინფორმაციას საინფორმაციო სააგენტო Xinhua ავრცელებს.

შეგახსენებთ, რომ გასულ კვირას ჩრდილოეთ ჩინეთში ჰაერის დაბინძურების დონემ უმაღლეს ნიშნულს მიაღწია, რის გამოც ჩაიშალა თვითმფრინავის რეისები, დროებით დაიხურა ქარხნები და სკოლები და ხელისუფლება იძულებული გახდა, „წითელი გაფრთხილება“  (red alerts) გამოეცა.

ჩინეთმა თანამგზავრი Long March-2D-ით გაუშვა. 620-კილოგრამიანი სატელიტი-  TanSat,  მზის სინქრონულ ორბიტაზე დედამიწიდან დაახლოებით 700 კმ ზემოთ განათავსეს. მისი საშუალებით ჩინეთი გააკონტროლებს ატმოსფეროში ნახშირორჟანგის კონცენტრაციას, გავრცელებასა და ნაკადს.

სატელიტი ჩინელ პოლიტიკოსებს სამი წლის მანძილზე დამოუკიდებელი მონაცემებით უზრუნველყოფს.

რაკეტამ TanSat-თან ერთად მაღალი რეზოლუციის მიკრო-ნანო თანამგზავრიც გადაიტანა, რომელიც სასოფლო-სამეურნეო და სატყეო მონიტორინგს განახორციელებს.

ჩინეთი იაპონიისა და აშშ-ს შემდეგ მესამე ქვეყანაა, რომელიც  სათბური აირების მონიტორინგს საკუთარი თანამგზავრით ახორციელებს.

წყარო: Reuters

მასალა მოამზადა: თამარ ტაბატაძემ
ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
ეკოლოგიასაქართველო

ჰაერის მონიტორინგის ყოველდღიური შედეგები გარემოს ეროვნული სააგენტოს ვებგვერდზე განთავსდება

გარემოს ეროვნული სააგენტო თბილისის ჰაერის მონიტორინგის ყოველდღიურ შედეგებს აქვეყნებს.

საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს ინფორმაციით, მოქალაქეებს უკვე შესაძლებლობა აქვთ ჰაერის მონიტორინგის შედეგებს ვებგვერდზე www.nea.gov.ge გაეცნონ.

სამინისტროს ინფორმაციით, ჰაერის მონიტორინგის ავტომატური სადგურები, რომლებიც იაპონიის მთავრობის ფინანსური დახმარებით თბილისში დამონტაჟდა, 24-საათიანი დაკვირვების რეჟიმში ფუნქციონირებს.

,,საზოგადოებას, ასევე აქვს შესაძლებლობა მონიტორინგის შედეგებს სხვადასხვა დამაბინძურებლის ზღვრულად დასაშვებ ნორმებთან შესაბამისობაში გაეცნოს. გარემოს ეროვნული სააგენტო შედეგებს როგორც არსებული რეგულაციების, ასევე ევროსტანდარტების შესაბამისობის მიხედვით აქვეყნებს”, – განმარტავენ უწყებაში.

http://nea.gov.ge/

მასალა მოამზადა: თამარ ტაბატაძემ
ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
ეკოლოგია

ჰაერის დაბინძურების შემცირების მიზნით, პარიზში საზოგადოებრივი ტრანსპორტი უფასოა

საფრანგეთის ხელისუფლებამ საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობა უფასო გახადა, ამ გზით ისინი ცდილობენ მოსახლეობას უბიძგონ ავტომობილების შინ დატოვებისკენ, რაც თავისთავად ხელს შეუწყობს ჰაერის დაბინძურების დონის შემცირებას.  სამომავლოდ იგეგმება, რომ გასარეცხ და ძველ ავტომობილებს აეკრძალოთ ქალაქში დროის გარკვეულ მონაკვეთებში შესვლა, კანონის დამრღვევები კი გარკვეული თანხით დაჯარიმდებიან. 2025 წლისთვის  ხელისუფლებას სავარაუდოდ სრულიად აკრძალავს დიზელზე მომუშავე მანქანებს და ალტერნატიული საშუალებით ჩაანაცვლებს მათ.

როგორც ვხედავთ, მსოფლიოში ყველაზე ლამაზი ქალაქიც კი ბოლო ათწლეულის მანძილზე ეკოლოგიური კატასტროფის წინაშე  დადგა, თუმცა ისინი ძალისხმვას არ იშურებენ მასთან საბრძოლველად ,,ისეთი  დიდი პრობლემების გადაწყვეტას, როგორიც ჰაერის დაბინძურებაა, გაბედული მოქმედება სჭირდება და ჩვენ მოვუწოდებთ მანქანათმწარმოებლებს, რომ შემოუერთდნენ ჩვენს წამოწყებას“ – განაცხადა პარიზის მერმა, ანა იადალგომ.

მასალა მოამზადა: თამარ დევდარიანმა

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

 

სრულად ნახვა
ეკოლოგია

ატმოსფერულ ჰაერში მავნე ნივთიერებათა გაფრქვევის ანგარიშგება ელექტრონული ფორმით მოხდება

2017 წლის პირველი იანვრიდან ატმოსფერულ ჰაერში მავნე ნივთიერებათა გაფრქვევის სახელმწიფო აღრიცხვის ფორმების წარმოდგენა ელექტრონული სახით მოხდება.

გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს ინფორმაციით, 26-28 დეკემბერს ატმოსფერული ჰაერის დაცვის სამსახურისა და სსიპ საფინანსო-ანალიტიკური სამსახურის ერთობლივი ორგანიზებით ჩატარდება ერთდღიანი სწავლება, რომელიც მიეძღვნება ახალი ელექტრონული სისტემის გაცნობას და მისი გამოყენებით ატმოსფერულ ჰაერში მავნე ნივთიერებათა გაფრქვევების ანგარიშგების განხორციელების ხელშეწყობას. სწავლებაში მონაწილეობის მიღების მსურველები მ/წ 20 დეკემბრამდე უნდა დარეგისტრირდნენ შემდეგ ბმულზე: http://bit.ly/2egQEi3,  ხოლო კითხვების არსებობის შემთხვევაში დაუკავშირდნენ ატმოსფერული ჰაერის დაცვის სამსახურს, ტელეფონზე: 2727228.

„ატმოსფერული ჰაერის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის და „დაბინძურების სტაციონარული წყაროებიდან მავნე ნივთიერებათა გაფრქვევების თვითმონიტორინგის და ანგარიშგების წარმოების ტექნიკური რეგლამენტის“ (საქართველოს მთავრობის 2013 წლის 31 დეკემბრის №413 დადგენილება) თანახმად, საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრო აწარმოებს ატმოსფერულ ჰაერში მავნე ნივთიერებათა გაფრქვევების სახელმწიფო აღრიცხვას დაბინძურების სტაციონარული წყაროებიდან. მავნე ნივთიერებათა გაფრქვევების სახელმწიფო აღრიცხვა ხორციელდება მავნე ნივთიერებათა გაფრქვევების სახელმწიფო აღრიცხვის ფორმის მიხედვით, რომელსაც ყოველწლიურად ავსებენ საქმიანობის სუბიექტები და საანგარიშო წლის დასრულების შემდეგ, 15 თებერვლამდე შესათანხმებლად წარუდგენენ საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს. მეწარმეების სამინისტროსთან ანგარიშგების პროცესის გამარტივების მიზნით, საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროსა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სსიპ საფინანსო-ანალიტიკური სამსახურის ერთობლივი ძალისხმევით შეიქმნა გარემოსდაცვითი ინფორმაციის მართვის ელექტრონული სისტემა. საკანონმდებლო ცვლილებების საფუზველზე 2017 წლის 1-ლი იანვრიდან ატმოსფერულ ჰაერში მავნე ნივთიერებათა გაფრქვევის სახელმწიფო აღრიცხვის ფორმების წარმოდგენა მოხდება ელექტრონული სახით.

წყარო: http://www.moe.gov.ge/

მასალა მოამზადა: თამარ ტაბატაძემ
ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
ეკოლოგიასაქართველოსოფლის მეურნეობა

კოლხური ბზის გადარჩენისთვის მებრძოლი 16 წლის სანდრო ნარსია

სანდრო ნარსია  16 წლის ახალგაზრდაა, რომელსაც ბუნების სიყვარულმა გადააწყვეტინა საცხოვრებლად ქალაქს სოფელი ერჩია და ამჟამად, სამეგრელო-ზემო სვანეთის ხობის მუნიციპალიტეტში, სოფელ ხეთაში ცხოვრობს. ,,დოქტრინა“ გაესაუბრა ახალგაზრდას, რომელსაც თავის ასაკთან შედარებით საკმაოდ უჩვეულო გამოცდილება აქვს და მუდმივად ცდილობს იბრძოლოს ბუნების დამცველის დამსახურებული წოდებისათვის.

-სანდრო, საზოგადოებაში შენი სახელი გაჟღერდა მას შემდეგ, რაც კოლხური ბზა დარგე, საინტერესოა როდიდან დაინტერესდი მსგავსი საკითხებით?

-ბუნებისადმი სიყვარულს ბავშვობიდანვე ვამჟღავნებდი და ყოველთვის, როდესაც თავისუფალი დრო მქონდა, ვცდილობდი ხისგან რაღაცები გამომეთალა, ასევე, მიყვარდა ხატვა და ძირითადად პეიზაჟებს, ხეებსა და ყვავილებით ბუნებრივად მოფენილ მინდვრებს ვხატავდი. ასევე ვუვლიდი ქოთნის ყვავილებს და დღესაც, კოლხური ბზასთან ერთად, ვარდის სანერგე მეურნეობაც მაქვს, დაკალმებული მაქვს რამოდენიმე ფერის ვარდის სახეობა და მინდა მომავალში ისინიც გავაჩუქო. ყოველთვის მქონდა საკუთარი ბოსტანი და მომყავდა ოჯახისთვის საჭირო პროდუქტი, თავიდან, რა თქმა უნდა, მცირე რაოდენობით, მაგრამ ასაკის მატებასთან ერთად იზრდება მოყვანილი პროდუქტის რაოდენობაც.

-საინტერესოა, რა წყაროებიდან ეცნობი მეურნეობის მოვლის საიდუმლოებებს?

-ძალიან ბევრი რამის შესახებ ვიგებ ინტერნეტით, ვკითხულობ სხვადასხვა სახელმძღვანელოს, ასევე ვეცნობი ,,კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელის” (CENN) სატყეო პორტალსა და  სხვადასხვა ვებ-გვერდზე წარმოდგენილ ინფორმაციასაც.

ორი წლის წინ, როდესაც გარდა ბზობის დღესასწაულზე მისი რელიგიური დატვრითვისა, არანაირი ინფორმაცია არ მქონდა კოლხური ბზის შესახებ, CENN-ის მიერ ორგანიზებული პროექტის ფარგლებში, მის კოორდინატორ ქ-ნ მაია კოდუასთან ერთად, რომელიც ძალიან კარგი ადამიანია და ბევრი გარემოსდაცვითი ღონისძიების ორგანიზატორია სამეგრელო-ზემო სვანეთში, ხეთის სკოლის მოსწავლეები ვიმყოფებოდით ურთის მთაზე, რათა შეგვეგროვებინა კოლხური ბზის ჯანსაღი თესლი მისი შემდეგი კონსერვაციისათვის, დღეს ჩენ მიერ შეგროვებული თესლი შენახულია საქართველოს ბოტანიკური ბაღის თესლის ბანკში.

– რას გვეტყვი კოლხური ბზის მახასიათებლების შესახებ?

-კოლხური  ბზა მარადმწვანე მცენარეა, რომლის სიმაღლეც 9-10, კარგ პირობებში კი 10-დან 18 მეტრს აღწევს. ზოგადად, მსოფლიოში ბზის 70-მდე სახეობაა გავრცელებული, მათ შორის 6 სახეობა კავკასიაში გვხვდება, მაგრამ აღსანიშნავია ისიც, რომ კავასიაში არსებული 2 სახეობა ბუნებრივადაა გავრცელებული, ესენია კოლხური და ჰირკანური ბზა, ხოლო დანარჩენი 4 სახეობა  ხელოვნურადა არის განაშენიანებული.

კოლხური ბზა არის კოლხური ტყეების ერთ-ერთ დომინანტი სახეობა და იგი უძვირფასეს სამერქნე მცენარედ ითვლება. საქართველოში ის ძირითადად სამეგრელოში, აფხაზეთში, იმერეთში, აჭარასა და გურიაშია გავრცელებული, თუმცა კახეთსა და აღმოსავლეთ საქართველოს სხვა ტერიტორიებზეც გვხვდება მისი  ველური კორომები.

-რა საფრთხეების წინაშეა ამჟამად კოლხური ბზა?

-პირველ რიგში ესაა სოკოვანი დაავდება სახელწოდებით – ბზის სიდამწვრე. ამ დაავადებით გამოწვეული მასობრივი ხმობის გათვალისწინებით, 2013 წელს კოლხურ ბზა ,,წითელ წიგნში“ საფრთხესთან ახლოს მყოფთა კატეგორიიდან საფრთხის ქვეშ მყოფთა სიაში გადაინაცვლა.

ასევე არის მეორე პრობლემაც, მავნებელი სახელად ბზის ალურა, რომელიც ამ მცენარისთვის ყველაზე მეტად ზიანის მომტანი მატლის სტადიაზეა, ის იკვებება მცენარის ფოთლებითა და ახალგაზრდა ყლორტებით, იწოვს მცენარის წვენს და შეუძლია ერთ დღე-ღამეში გაანადგუროს 1 ჰექტარზე გაშენებული კოლხური ბზა.  საქართველოს ტერიტორიაზე ეს დაავადება ენგურის ნაპირებიდან დაახლოებით 2013 წლისთვის გავრცელდა და იმ დროისთვის, როდესაც ჩვენ ურთის მთაზე ვიმყოფებოდით, 2015 წლის ზაფხულის მიწურულს, იქ არსებული ბზის კორომების დაახლოებით 60-65 % უკვე განადგურებული იყო.

– სანდრო, მოგვიყევი შენი მეურნეობის შესახებ.

-მე ვაკვირდებოდი ჩემს ეზოში არსებული კოლხური ბზის ბუჩქებსაც, რომელთაგან რამდენიმე ნაყოფმსხმოიარე აღმოჩნდა, შევინახე  ბზის ჯანსაღი თესლი და დაველოდე დაკალმების პერიოდს, ხოლო როდესაც დრო დადგა დაკალმებასთან ერთად, დავთესე კიდევაც ნერგები.

დღეისათვის ჩემს სანერგე მეურნეობაში არის 1500-მდე კოლხური ბზის გამოსაყვანი ნერგი და ვიმედოვნებ რომ მათი უმრავლესობა გაიხარებს. ვიტყვი იმასაც, რომ აბსოლუტურად ყველა ძირი მაქვს  განსხვავებული მეთოდი დაკალმებული თუ დათესილი. ასევე გამოვიყენე განსხვავებული ნიადაგები, რაც მთავარია ყველანაირი ბიოლოგიური თუ ქიმიური პრეპარატის გარეშე, ვინაიდან მინდა ჩემი გამოცდილებით ვუთხრა ყველას, რომ მათი გამოყენები გარეშეც შეიძლება მივიღოთ ძალიან კარგი შედეგი.

– შენი რეჟიმიდან გამომდინარე, ხომ არ აწყდები დაბრკოლებებს მეურნეობის მოვლისას და როგორ ფიქრობ რა გაგრძელება ექნება შენს წამოწყებას?

-მიუხედავად იმისა რომ აქ მე და ბებო მარტო ვცხოვრობთ და საკმაოდ გადატვრთული გრაფიკი მაქვს, არ მიჭირს მეურნეობის მოვლა. რაც შეეხება კოლხური ბზის ნერგების მომავალს, მას შემდეგ რაც მედია საშუალებების მეშვეობით გავრცელდა ინფორმაცია, რომ ვაპირებდი კოლხური ბზის ნერგების გაჩუქებას, წავაწყდი ბევრ გამოხმაურებას იმის შესახებ, რომ თუკი ნერგები უფასო იქნება ბევრი მსურველი გამოჩნდება, მაგრამ ცოტა იქნება მათ შორის ისეთი, ვისაც მართლა გულით უნდა მისი მოვლა და შესაბამისად მირჩიეს სიმბოლურ ფასად მაინც გამეყიდა, მაგრამ მიუხედავად ყველაფრისა, მაინც არ ვაპირებ ფასის დადებით  შევურაცხყო კოლხური ბზა.

-სანდრო, როგორც ვიცი ამჟამად ოჯახისგან შორს, სამეგრელოში ცხოვრობ, რამ განაპრობა შენი ასეთი გადაწყვეტილება?

-ჩემი მშობლები თბილისში ცხოვრობენ და, რა თქმა უნდა, მაკლია მშობლების სითბო, მაგრამ ბებიები არ მაგრძნობინებენ იმას, რომ მშობლები სამასი კილომეტრის მოშორებით ცხოვრობენ. ძალიან რთული იყო ჩემთვის იმაზე საუბარი, რომ არ ვაპირებდი თბილისში დარჩენას და მინდოდა ხეთაში დაბრუნება, მაგრამ სამომავლოდ ვაპირებ უმაღლესი განათლება მივიღო და იმ ოთხი წლის განმავლობაში ვიცხოვრებ დედაქალაქში, რის შემდეგაც კვლავ ხეთაში დავბრუნდები და ცხოვრების ჩვეულებრივ რეჟიმში გავაგრძელებ.  მე ვთვლი, რომ ჭკვიანურია,  გსურდეს იცხოვრო იქ, სადაც მეტი სიმწვანე და სუფთა ჰაერია, სადაც ჩიტების ჭიკჭიკი ისმის.

– გარდა იმისა რომ სწავლობ და მეურნეობასაც უვლი, საკმაოდ აქტურად ხარ ჩართული სხვადასხვა პროექტში,  საინტერესოა, ამ ეტაპზე რა სიახლეა შენს ცხოვრებაში?

ძალიან მინდა ვიყო აქტიური მოქალაქე და ჩემი როლი შევასრულო  პირველ რიგში ჩემი სოფლის, რაიონის და შემდეგ უკვე ქვეყნის  განვითარებაში. ამჟამად ჩართული ვარ საერთაშორისო ორგანიზაცია World Vision-ის პროექტში, რომელიც გულისხმობს სკოლის ახალგაზრდული ჯგუფების მხარდაჭერას ეფექტური და მდგრადი გადაწყვეტილებების მიღებაში, სადაც ვარ ხეთის ლიდერი და ამ პერიოდში ვახორციელებთ ადვოკატირების კამპანიას. ასევე, 29 ნოემბერს, CENN-მა საზოგადოებას წარუდგინა სამი ახალი პროდუქტი, ესენია – სასწავლო შემეცნებითი პორტალი, აპლიკაცია სახელად Greenwatch და მესამე, ძალიან სახალისო თამაში სახელწოდებით ,,დაახარისხე და გადაამუშავე“. აღნიშნულ შეხვედრაზე მიწვეული ვიყავი პრეზენტატორად და რა თქმა უნდა აქაც ვისაუბრე კოლხურ ბზაზე, მის წინაშე არსებულ პრობლემებსა და ჩემ პირად გამოცდილებაზე.

მინდა ასევე გითხრათ, რომ წელს წარდგენილი ვარ საზოგადოებრივი მაუწყებლის ჯილდოზე ნომინაციაში „წლის ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენა ეკოლოგიაში“  და ჩემს მხარდამჭერებს საზოგადოებრივი მაუწყებლის ოფიციალურ ვებ-გვერდზე ყოველდღიურად შეუძლიათ საკუთარი არჩევანი დაფიქსირება, რაც ჩემთვის პირადად დიდი პატივი იქნება.

მასალა მოამზადა: თამარ დევდარიანმა
ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

 

სრულად ნახვა
დედამიწაეკოლოგია

,,ეს არის ყველაზე დიდი გაქრობა, რაც მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების ისტორიაში დაფიქსირებულა”

ავსტრალიის დიდი ბარიერული რიფის გარშემო მდებარე თბილმა ზღვებმა ბოლო ცხრა თვის განმავლობაში მარჯნის 700 კმ-იანი მონაკვეთის ორი მესამედის სიკვდილი გამოიწვია.

ამის შესახებ მეცნიერებმა სამშაბათს განაცხადეს. მათი ინფორმაციით, ეს არის ყველაზე დიდი გაქრობა, რაც მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების ისტორიაში დაფიქსირებულა.

,,მარჯანი ძირითადად მოხარშულია,” განაცხადა ჯეიმს კუკის სახელობის უნივერსიტეტის მეცნიერმა პროფესორმა ენდრიუ ბეირდმა.

მკვლევარების ინფორმაციით, გაუფერულება ხდება, როდესაც წყალი ძალიან თბილია, რის გამოც მარჯნიდან წყალმცენარეების განდევნა ხდება, იწვევს მარჯნის ჩაკირვასა და გათეთრებას.

მეცნიერები შიშობენ, რომ გლობალური დათბობისგან გამოწვეული ზღვის ტემპერატურის ზრდის შედეგად დაზიანება იმატებს და წყალქვეშა ეკოსისტემებს აღდგენის უნარი აღარ აქვთ.

მაისში UNESCO-ს მსოფლიო მემკვიდრეობის კომიტეტმა დიდი ბარიერული რიფი საფრთხის ქვეშ მყოფი ძეგლების სიიდან ამოიღო, თუმცა ავსტრალიის მთავრობას რიფის დაცვის განახლებისკენ მოუწოდა.

კლიმატის მეცნიერები აცხადებენ, რომ ატმოსფეროში ნახშირორჟანგის დონის ზრდა გლობალური დათბობის ძირითადი გამომწვევი მიზეზია. ავსტრალია ნახშირორჟანგის ერთ-ერთი უდიდესი წყაროა, რადგან ქვეყანაში არსებული ჰესები ქვანახშირზე მუშაობენ.

„კლიმატის ცვლილება დიდ ბარიერულ რიფის კლავს“, – აცხადებენ მეცნიერები.

წყარო: http://www.reuters.com/

მასალა მოამზადა: თამარ ტაბატაძემ
ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

 

სრულად ნახვა
დედამიწაეკოლოგია

,,კლიმატის ცვლილება ტრიუკი არაა, როგორც ამას დონალდ ტრამპი უწოდებს”

გაეროს გლობალური კლიმატური მოლაპარაკებების მომავალი თავმჯდომარე აშშ-ს მოუწოდებს, წყნარი ოკეანის კუნძულები გლობალური დათბობის ზეგავლენისგან დაიცვას.

ფიჯის პრემიერ-მინისტრმა ფრანკ ბაინიმარამამ მარაკეშში მიმდინარე მოლაპარაკებებზე განაცხადა, რომ კუნძულებს ისე სჭირდება აშშ, როგორც მეორე მსოფლიო ომის დროს. მან აღნიშნა, რომ კლიმატის ცვლილება ტრიუკი არაა, როგორც ამას აშშ-ის ახლადარჩეული პრეზიდენტი დონალდ ტრამპი უწოდებს. მეტიც, იგი აცხადებს, რომ აშშ გასულ წელს პარიზში, 197 სახელმწიფოს მიერ ხელმოწერილ  კლიმატის შეთანხმებას გაემიჯნება.

„მოვუწოდებ აშშ-ის ახლადარჩეულ პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს, გააცნობიეროს ამერიკის, როგორც კლიმატის ცვლილებების წინააღმდეგ მებრძოლი ლიდერი სახელმწიფოს როლი და შეცვალოს პოზიცია კლიმატის ცვლილებების მოვლენის მიმართ,“ – განაცხადა  ფიჯის პრემიერ მინისტრმა.

აღსანიშნავია, რომ იმ ქვეყნების რიცხვი, რომლებმაც გასულ წელს პარიზში მიღებული შეთანხმების რატიფიცირება მოახდინეს, ასამდე გაიზარდა.

„მარაკეშში მიმდინარე მოლაპარაკებების დელეგატებმა პარიზის შეთანხმების მხარდასაჭერად მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწიეს,“ – განაცხადა მსოფლიო რესურსების ინსტიტუტის წარმომადგენელმა პაულა კაბარელომ.

რაც მთავარია, მხარეები შეთანხმდნენ, რომ 2018 წლამდე პარიზის შეთანხმების ხელშეკრულების წესების დასრულება უნდა მოხდეს.

მონაწილეებმა მარაკეშის პროკლამაციაც მიიღეს, ეს გახლავთ დოკუმენტი, რომლითაც პარიზის შეთანხმების ას ოთხოცდაჩვიდმეტივე ხელმომწერი ერთი წლის წინ გაცხადებულ განზრახვას ადასტურებს ანუ ქვეყნები გამოთქვამენ მზაობას, გარემოში ნახშირბადის დონის შესამცირებლად ყველა ღონე იხმარონ.  აღსანიშნავია, რომ პროკლამაცია აღნიშნულ ქვეყნებს საჭირო ღონისძიებების დაჩქარებისკენ მოუწოდებს.

მიუხედავად წინგადადგმული ნაბიჯებისა, მხარეებს შორის გარკვეულ სფეროებში ჯერ კიდევ მნიშვნელოვანი განსხვავებაა. მოლაპარაკებები ტრამპის მიერ შერჩეული აშშ-ის დელეგატების მონაწილეობით 2017 წელს გაგრძელდება.

წყარო: Reuters

მასალა მოამზადა: თამარ ტაბატაძემ
ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

 

სრულად ნახვა
დედამიწაეკოლოგია

ბოლო ხუთი წელი მეტეოროლოგიური დაკვირვებების ისტორიაში ყველაზე ცხელი იყო 

ბოლო ხუთი წელი ყველაზე ცხელი იყო მეტეოროლოგიური დაკვირვებების ისტორიაში, ამის შესახებ ინფორმაცია გაეროს ამინდის სააგენტომ მაროკოში კლიმატის ცვლილებებთან დაკავშირებით მიმდინარე შეხვედრაზე გაავრცელა.

მსოფლიოს მეტეოროლოგიური ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ მოხსენებაში  კი აღნიშნულია, რომ ამინდის ზოგიერთი არასასურველი მოვლენა ბუნებრივადაა გამოწვეული, თუმცა სათბური გაზების ემისიები ექსტრემალური მოვლენების რისკებს ზრდის.

ასეთ მოვლენებს განეკუთვნება 2011-12 წლების გვალვა და შიმშილი აფრიკულ რქაში (ჯიბუტის, სომალის, სუდანისა და ეთიოპიის არაოფიციალური სახელწოდება), რასაც 250,000 ადამიანზე მეტის სიცოცხლე შეეწირა.

2012 წელს ქარიშხალმა სანდიმ მოსახლეობას 67 მილიარდი აშშ დოლარის ზარალი მიაყენა.

მსოფლიოს მეტეოროლოგიური ორგანიზაცია აცხადებს, რომ ტემპერატურის მატებამ ზღვების დონეების მომატება გამოიწვია. აღნიშნული ცვლილება კი სათბური გაზების ემისიებისგანაა გამოწვეული. ნახშირორჟანგის, მთავარი სათბური გაზის, დონემ 2015 წელს მნიშვნელოვან ბარიერს – 400 პპმ (ნაწილაკი/მილიონზე) მიაღწია.

2015 წელს პარიზში თითქმის 200-მა სახელმწიფომ სპეციალურ შეთანხმებას მოაწერა ხელი. დოკუმენტი ინდუსტრიალიზაციის წინა პერიოდთან შედარებით საშუალო ტემპერატურის ზრდის 2 გრადუსზე შეჩერებას ითვალისწინებს (იდეალურ ვარიანტად 1,5 გრადუსი ცელსიუსი მიიჩნევა).

თუმცა, სათბური გაზების შემცირების დაპირებები ძალიან სუსტია და ამ ტემპით დასახული მიზნის განხორციელება შეუძლებელია. მაროკოში მიმდინარე შეხვედრის მიზანი პარიზის ხელშეკრულების განსახორციელების მიზნით უფრო ეფექტური გზების გამოძებნაა.

წყარო: Reuters

მასალა მოამზადა: თამარ ტაბატაძემ
ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი  ,,დოქტრინა”

 

სრულად ნახვა
1 27 28 29
Page 29 of 29