close
საქართველოტექნოლოგიები

რეგიონებისთვის ვებპროგრამირების უფასო კურსებზე რეგისტრაცია დაიწყო

„საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტო“ და ახალი ტექნოლოგიების ლაბორატორია – „ჯეოლაბი“ – ჭოპორტში, ბაღდათში, ხარაგაულსა და ზუგდიდში ახალი პროექტის განხორციელებას იწყებს. პროექტის ფარგლებში, რეგიონებში მცხოვრებ ახალგაზრდებს საშუალება ექნებათ დაეუფლონ თანამედროვე ტექნოლოგიებს, გაიარონ პროგრამირების დისტანციური კურსები, მიიღონ დისტანციური დასაქმების შესაძლებლობა და გაიარონ სამუშაო პრაქტიკა ,,ჯეოლაბში”.
 პროექტი სამი ძირითადი კომპონენტისაგან შედგება:
  • საქართველოს რეგიონებში დისტანციური განათლების ცენტრების შექმნა;
  • საქართველოს რეგიონებში საზიარო სამუშაო სივრცეების ამუშავება;
  • დისტანციური დასაქმების პლატფორმის შექმნა;
  • სამუშაო პრაქტიკა წარჩინებული სტუდენტებისათვის.

  პროექტის განხორციელებისათვის შეირჩა ჰიბრიდული, დისტანციური სწავლის მოდელი (Hybrid Distance Learning), რომლის ფარგლებში სტუდენტები ფიქსირებულ დროს იკრიბებიან არაფორმალური განათლების ცენტრებში და ლექციები ვიდეო სტრიმინგის ფორმატში ტარდება. ლექციის განმავლობაში სტუდენტებს შეეძლებათ ლექტორისათვის შეკითხვების დასმა. სწავლების პროცესში გათვალისწინებულია ლექტორებთან ინდივიდუალური, დისტანციური შეხვედრები. ჰიბრიდული სასწავლო მოდელის ფარგლებში, საშინაო დავალებებს ლექტორები შეამოწმებენ და კონკრეტულ რჩევებს გაუზიარებენ სტუდენტებს. პერიოდულად ლექტორები თავად ჩავლენ რეგიონებში და შეხვდებიან სტუდენტებს რათა სტუდენტებს შესაძლებლობა ქონდეთ ფიზიკურად გაიცნონ ლექტორები, დაამყარონ მათთან პირდაპირი კავშირები.

 ამგვარი სასწავლო გარემოს შექმნა ანუ დისტანციური სწავლების დანერგვა მსმენელებს მომავალში გაუადვილებს დისტანციურ დასაქმებას. მათვის ვირტუალურ სივრცეში სხვადასხვა აქტივობების განხორციელება ბუნებრივი იქნება.  

სასწავლო პროგრამაში ამ ეტაპზე ორი მიმართულებაა განსაზღვრული:  

  • ფრონტ ენდ პროგრამირება: HTML, CSS, JavaScript

არსებობს წარმოდგენა, რომ ვებგვერდის აწყობა მხოლოდ ტექნიკური განათლების მქონე ადამიანს შეუძლია ისწავლოს. თუმცა, რაც დრო გადის, საპირისპირო სურათს ვხედავთ. სულ უფრო მეტი, სხვადასხვა პროფესიის ადამიანი სწავლობს პროგრამირებას, სხვადასხვა სირთულის აპლიკაციებს ქმნის და თავად აწყობს ვებგვერდებს. ტექნოლოგიების განვითარებამ შესაძლებელი გახადა, რომ სხვადასხვა პროფესიის ადამიანებმა თავად შეძლონ საკუთარი იდეების რეალიზება. თუკი ადრე ინოვაციური იდეის რეალიზებისათვის საჭირო იყო ფინანსები, დღეს ადამიანს შეუძლია, თავად დაეუფლოს იდეის რეალიზებისათვის საჭირო ტექნიკურ ცოდნას, მაგალითად, შეისწავლოს ვებგვერდის აწყობა და შექმნას საკუთარი კომპანიის ვებგვერდი, ააწყოს ონლაინ მაღაზია ან რაიმე სხვა ვირტუალური ონლაინ სერვისი.

ამ კურსის ფარგლებში მსმენელები იმ ცოდნას ეუფლებიან, რომელიც მათ საშუალებას აძლევს, გაერკვნენ ვებგვერდის ფუნქციონირების პრინციპებში, ააწყონ სტატიკური ვებგვერდი ან, საჭიროების შემთხვევაში, ცვლილებები შეიტანონ არსებული ვებგვერდის პროგრამულ კოდში, დაგეგმონ და მენეჯმენტი გაუწიონ ვებგვერდის შექმნასთან დაკავშირებულ სამუშაოებს. კურსი პრაქტიკული ხასიათისაა, რომლის ფარგლებში მსმენელები თავად ქმნიან ვებგვერდებს HTML პროგრამულ ენაზე CSS-ის გამოყენებით.

  • პროგრამირება .NET

.NET კომპანია Microsoft-ის ოფიციალური პროდუქტია, ამიტომ მას აქვს სრულყოფილი, ოფიციალური დოკუმენტაცია, რომელიც მუდმივად განახლების პროცესშია. ინტერნეტში არის ბევრი ღია რესურსი ამ ინსტრუმენტის შესახებ. .NET-ზე მუშაობისას, სტუდენტებს შეხება ექნებათ ერთ-ერთ ყველაზე კარგ სამუშაო გარემოსთან Visual Studio-სთან. ეს არის ძვირადღირებული პროგრამა, რომელიც სტუდენტებისათვის უფასოა. მსმენელები სწავლის დროს უფასოდ ისარგებლებენ Microsoft-ის სერვერული პაკეტით DreamSpark for Students.
კურსის განმავლობაში, სტუდენტები ლექტორების მიერ მოწოდებული სასწავლო მასალის მიხედვით, თავად შექმნიან ვებგვერდებს. ისწავლიან, როგორც უშუალოდ C# პროგრამულ ენაზე წერას, ასევე არსებული სნიპეტების, ფუნქციების, ბიბლიოთეკების, ფრეიმვორკების გამოყენებას და საკუთარ საჭიროებებზე მორგებას, გადაკეთებას.

სრული კურსი 4-თვიანი იქნება და სამი საფეხურისაგან იქნება შემდგარი:

პირველი საფეხური: 6 შეხვედრა

მსმენელები მიიღებენ საბაზისო ცოდნას თითოეული მიმართულებით;

პირველი საფეხურის ბოლოს მსმენელებს ჩაუტარდებათ გამოცდა. გამოცდის წარმატებით ჩაბარების შემთხვევაში მსმენელები გადავლენ შემდეგ საფეხურზე.

მეორე საფეხური: 12 შეხვედრა

კურსის ძირითადი ნაწილი პრაქტიკული სავარჯიშოების შესრულებას დაეთმობა. დავალებების შესრულებაში მსმენელებს ლექტორები დაეხმარებიან. კურსის განმავლობაში გათვალისწინებული იქნება ინდივიდუალური კონსულტაციები, რომლის დროსაც ინდივიდუალურ რეჟიმში, Google Hengout-ის საშუალებით იმუშავებენ სტუდენტებთან. მეორე საფეხურის ბოლოს მსმენელებს ჩაუტარდებათ გამოცდა. გამოცდის წარმატებით ჩაბარების შემთხვევაში მსმენელები გადავლენ შემდეგ საფეხურზე.

მესამე საფეხური: 18 შეხვედრა

მესამე საფეხურის ძირითადი ნაწილი პრაქტიკული ხასიათის იქნება. ამ საფეხურზე მსმენელები ონლაინ დასაქმების პლატფორმის გამოყენებით სხვადასხვა პროექტებზე მუშაობას დაიწყებენ. მესამე საფეხურის ბოლოს მსმენელებს ჩაუტარდებათ გამოცდა. გამოცდის წარმატებით ჩაბარების შემთხვევაში მსმენელები ჩაერთვებიან ონლაინდასაქმების პროგრამაში.

საფეხურებად დაყოფილი სასწავლო პროგრამა შესაძლებელს გახდის სწავლის პირველ საფეხურებზე, შეირჩეს მოტივირებული მსმენელები, რათა შემდგომ წავახალისოთ, ისეთი ბავშვები, რომლებსაც რეალურად აინტერესებთ ტექნოლოგიები და მზად არიან მომავალში დრო და ენერგია დაუთმონ ტექნოლოგიების შესწავლას. ამგვარად პირველ საფეხურებზე, ზოგად ცოდნას ტექნოლოგიებთან დაკავშირებით ყველა მიიღებს, ხოლო მოტივირებული მსმენელები შემდეგ საფეხურებზე გააგრძელებენ სწავლას.

2. საზიარო სამუშაო სივრცე

ICT სექტორი დისტანციური დასაქმების შესაძლებლობას იძლევა. ამ შესაძლებლობას პოსტსაბჭოთა ქვეყნები აქტიურად იყენებენ, მათ შორის: ესტონეთი, ბელორუსია და უკრაინა. ამ ქვეყნებიდან ბევრი კომპანია და დამოუკიდებელი (Freelancer)  სპეციალისტი დისტანციურად მუშაობს. უცხოური კომპანიების შეკვეთებს ასრულებს. სააგენტოს Trendic Economics კვლევის მიხედვით რომელიც 169 ქვეყნის ეკონომიკურ სიტუაციას 300 000 მეტი ინდიკატორზე დაყრდნობით სწავლობს ბელორუსის ექსპორტი ICT პროდუქტების სახით 2013 წელს $1 370 100 000 შეადგენდა, უკრაინის $5 021 000 000 ხოლო ესტონეთის $1 614 468 323. მაშინ როდესაც საქართველოში მხოლოდ $122 079 092.  (წყარო: http://www.tradingeconomics.com/).

ICT შრომის ბაზარზე მოთხოვნა საქართველოშიც ყოველწლიურად იზრდება. ამას მოწმობს თუნდაც იმ ქართული ვებგვერდების ანალიზიც, რომლებზეც ვაკანსიების შესახებ განცხადებები ქვეყნდება (jobs.ge, hr.ge და სხვა).

მიუხედავად იმისა რომ ეკონომიკის ამ სექტორში, სხვა სექტორებისაგან განსხვავებით, მთელ მსოფლიოში დისტანციური დასაქმება საკმაოდ განვითარებულია, საქართველოში ეს პრაქტიკა ჯერ კიდევ ფართოდ არ არის გავრცელებული. თავად საქართველოს მასშტაბითაც რეგიონის წარმომადგენლები, დასაქმების მიზნით, თბილისში ჩამოსვლას და ადგილზე დასაქმებას ამჯობინებენ.

პროექტის ფარგლებში, რეგიონებში განლაგებული ინოვაციური ცენტრების ბაზაზე (ჭოპორტში, ხარაგაულში, ბაღდათში, ზუგდიდში)  საზიარო სამუშაო სივრცეების (coworking spaces) შექმნა იგეგმება. პროექტში ჩართულ ახალგაზრდებს საშუალება ექნებათ, რეგიონალურ ინოვაციურ ცენტრებში არა მარტო ლექციებს დაესწრონ და საშინაო დავალებებზე იმუშაონ, არამედ ონლაინ დასაქმების პლატფორმის საშუალებით დისტანციურად დასაქმდნენ. შესაბამისად ინოვაციური ცენტრები სამუშაო სივრცედ გამოიყენონ.

3. დისტანციური დასაქმების პლატფორმა

იქმნება და ახლო მომავალში ამუშავდება ონლაინპლატფორმა, რომელიც რეგიონში მომზადებულ ახალგაზრდებს დისტანციური დასაქმების საშუალებას მისცემს. პლათფორმა ღია იქნება პოტენციური დამსაქმებლებისათვის. მათ შეეძლებათ დარეგისტრირება და საკუთარი შეკვეთის განთავსება, შემსრულებელების მოძიება. პლათფორმა ერთგვარი სარეიტინგო სისტემის ფუნქციასაც შეასრულებს და რეგიონებში მცხოვრები ნიჭიერი, შრომისმოყვარე, მოტივირებული ახალგაზრდების გამოვლენაში დაგვეხმარება.

პლატფორმა შეიქმნება უცხოური ანალოგების გაანალიზების და მათი მუშაობის შედეგად დაგროვებული გამოცდილების გათვალისწინებით. ამავდროულად გათვალისწინებული იქნება ქართული სპეციფიკაც. თუკი ეს პლათფორმა სასწავლო პროცესში იქნება ინტეგრირებული, ანუ ამ სისტემის დახმარებით მსმენელები მიიღებენ და ჩააბარებენ საშინაო დავალებას, მათ კურსის დასრულების შემდეგ გაუადვილდებათ ამავე პლატფორმის საშუალებით სხვადასხვა კომპანიისათვის გარკვეული შეკვეთების შესრულება.

ამის გარდა თავად პროექტში ჩართული ახალგაზრდები, დაგროვებული გამოცდილების საფუძველზე, მომავალში, სურვილის შემთხვევაში უცხოური დისტანციური დასაქმების პლატფორმაზეც ადვილად შეძლებენ დასაქმებას.

4. სამუშაო პრაქტიკა

ორ წარჩინებულ სტუდენტს საშუალება ექნება თბილისში ერთკვირიანი სამუშაო პრაქტიკა გაიაროს GeoLab-ში. მათ დაუფინანსდებათ მგზავრობის და თბილისში ცხოვრებასთან დაკავშირებული ხარჯები. პრაქტიკანტები ჩაერთვებიან GeoLab-ის პროექტებში. გაიცნობენ ICT სფეროს პროფესიონალებს. იმუშავებენ მათ მიერ გავლილი სასწავლო მიმართულების შესაბამის პროექტებზე.

 
 იხილეთ სარეგისტრაციო ფორმა: https://docs.google.com/a/geolab.edu.ge/forms/d/e/1FAIpQLSd3Y6TALM1inxmqqyA2aQ6d34qpKaiz13ulnBwpFT2Y6c_4bQ/viewform
ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”

გაზიარება:
fb-share-icon0
Tags : sld