close
განათლებამსოფლიოტექნოლოგიები

კენია: „მოსაწყენი სახელმძღვანელოების ნაცვლად ანიმაციებს, კომპიუტერულ თამაშებს, ვიდეოებსა და ვიქტორინებს ვიყენებთ”

 

კენიის ზოგიერთ რაიონში განათლება ძალიან დაბალ დონეზეა, ამიტომ ნაირობის ერთერთი რაიონის მასწავლებლებმა გადაწყვიტეს, მოსწავლეები პერსონალური კომპიუტერებით დაეინტერესებინათ.

ერთ-ერთი კვლევის მიხედვით, კენიელი მოსწავლეების უმრავლესობა სწავლას 14 წლის ასაკში ანებებს თავს. ახალი პროექტის ავტორს, პროგრამისტ ნივი მუქერჯის კი მიაჩნია, რომ სასწავლო პროცესი უფრო სახალისო და მიმზიდველი უნდა გახდეს – ეს ბავშვებისთვის განათლების მიღების სტიმულად იქცევა. „მოსაწყენი სახელმძღვანელოების ნაცვლად ანიმაციებს, კომპიუტერულ თამაშებს, ვიდეოებსა და ვიქტორინებს ვიყენებთ, რათა სასწავლო პროცესი ინტერაქტიული გავხადოთ”, – ამბობს ნივი მუქერჯი.

პროექტი პირველად კავანგვარში ჩაეშვა – ნაირობის ყველაზე ღარიბ შემოგარენში, სადაც ფართოდ იყო გავრცელებული ნარკომანია, პროსტიტუცია და სხვადასხვაგვარი კრიმინალი. ახლა კომპიუტერი მოსწავლეთა დიდ ინტერესს იწვევს. ცამეტი წლის მარსელინო კეიანდა ამბობს, რომ პირველი ემზადება გამოცდებისთვის და კომპიუტერით სწავლა ძალიან ეხალისება: „უამრავი წიგნის თრევა მიწევდა. ახლა მხოლოდ პლანშეტი მაქვს. თუ მასწავლებელი გვერდით არ მყავს, რომ რაიმე ვკითხო, პასუხს კომპიუტერი მცემს”.

კენიის განათლების სისტემა არასრულყოფილია. ქვეყანა ათეულობით ათასი მასწავლებლის დეფიციტს განიცდის, კლასები გადატვირთულია, მოსწავლეებს სწავლა უჭირთ. პროექტის ავტორებს იმედი აქვთ, რომ კომპიუტერები მოზარდებს მობილიზების სტიმულს მისცემს. პროექტმა სტარტი ახლახან აიღო, მაგრამ უკვე წარმატებულის შთაბეჭდილებას ტოვებს – ბავშვები უკეთესადაც სწავლობენ და აღარც გაკვეთილებზე იგვიანებენ. „პლანშეტმა ჩვენი მოსწავლეები სკოლაში დააბრუნა. ისინი აღარც გაკვეთილებს აცდენენ და კარგ ნიშნებსაც იღებენ. ახალი ტექნოლოგიები მათ სამყაროს შეცნობაში ეხმარება”, – ამბობს მასწავლებელი ფილსონ მადეგვა.

ნივი მუქერჯი მიიჩნევს, რომ პროგრამული უზრუნველყოფა მხოლოდ სკოლის პროგრამის ათვისებას არ უწყობს ხელს – ის მოსწავლეებს გარემოზე ზრუნვასაც ასწავლის, სოციალურ სამართლიანობასა და ადამიანის უფლებებზეც მოუთხრობს: „ვცდილობთ, ჩვენი შვილები 21-ე საუკუნის ეკონომიკის განვითარებაში ჩავრთოთ, ლიდერებად და აქტიურ მოქალაქეებად აღვზარდოთ. ვიმედოვნებ, მომავალში პროექტი მთელ აფრიკაში და მსოფლიოს სხვა ქვეყნებში გავრცელდება”.

 

წყარო: Harvard Business Review

მასალა მოამზადა: ლაშა ჯინჭარაძემ

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”

გაზიარება:
fb-share-icon0
Tags : sld

Leave a Response