close

დეკემბრის განმავლობაში ჩინეთის ჩრდილოეთ ნაწილში 2 ქრისტიანული ეკლესია დაანგრიეს. ეს ფაქტი შეშფოთებას იწვევს სხვადასხვა რელიგიური აღმსარებლობის ადამიანებში, რადგან ჩინეთის ხელისუფლება რელიგიის შესახებ ახალი, სავარაუდოდ უფრო მკაცრი კანონების მიღებისათვის ემზადება.

ჩინეთში რელიგიისა და აღმსარებლობის თავისუფლებას ოფიციალურად კანონი იცავს. თუმცა, რეალობაში, ხელისუფლების წარმომადგენლები ხელოვნურად ცდილობენ რელიგიური საკითხების გაკონტროლებას. ყველა კონფესია და ეკლესიის წარმომადგენელი უნდა დაემორჩილოს ხელისუფლების მიერ წარდგენილ წესებს, დარეგისტრირდეს და იყოს სანქცირებული.

სახელმწიფოს მხრიდან მსგავსი მკაცრი პოლიტიკის გამო, ჩინეთში მომრავლდა განსხვავებული ტიპის „ეკლესიები“, რომლებიც სხვა კონფესიებისგან დამოუკიდებელ ერთეულებს წარმოადგენენ და არაოფიციალურად ფუნქციონირებენ. საპასუხოდ, ხელისუფლების ძალოვანი სტრუქტურების სამსახურები აპატიმრებენ მსგავსი ეკლეისების წარმომადგენლებს და ანადგურებენ თავად ეკლესიის შენობებსაც.

ჩინეთის ხელისუფლებამ 2013 წლიდან უფრო მკაცრი პოლიტიკის გატარება დაიწყო. ხელისუფლებამ აკრძალა დიდი ზომის კათედრალების აშენება და მათზე ჯვრის განთავსება. 2015 წლისთვის 1200-ზე მეტი ჯვარი ჩამოხსნეს გუმბათებიდან.

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ყოველწლიურ ანგარიშში რელიგიის თავისუფლების შესახებ, აღნიშნულია, რომ, ჩინეთის მთავრობა ფიზიკურად უსწორდებოდა, აწამებდა, თავისუფლებას უღკვეთავდა როგორც დარეგისტრირებულ, ასევე არაოფიციალურად მოქმედ რელიგიური ჯგუფის წევრებს.

უნდა აღინიშნოს, რომ მსგავსი ოპრესიული ქმედებები ჩინეთის მოქალაქეებისთვის ახალი არ არის. ჯერ კიდევ 2009 წელს დაურეგისტრირებლად რელიგიური რიტუალების ჩატარების გამო დააკავეს 400-მდე ადამიანი, რასაც პროტესტის მცირე ტალღაც მოჰყვა. თუმცა, უშედეგოდ.

ჩინეთის ხელისუფლება ოფიციალურ განცხადებას აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით არ აქვეყნებს.

წყარო: The Independent, coexpress.uk

მასალა მოამზადა: ცირა შვანგირაძემ

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

გაზიარება:
fb-share-icon0
Tags : slid