close

ტექნოლოგიები

მანქანათმშენებლობა

დაკარის რალიში გუნდების უმეტესობა ,,ტოიოტას” ავტომობილებით იასპარეზებს

2017 წლის დაკარის რალიში მონაწილე გუნდების თითქმის ნახევარი (37 გუნდი 79-იდან) ,,ტოიოტას” ავტომობილებით იასპარეზებენ.

2017 წლის დაკარის რალი სტარტს 2 იანვარს აიღებს პარაგვაის დედაქალაქ ასუნსონსში, ფინიშის ხაზი კი ბუენოს-აირესში იქნება განლაგებული.

რალი 1978 წლიდან იღებს სათავეს და მასში ოთხი სახეობის მანქანა იღებს მონაწილეობას: ჩვეულებრივები (ჯიპის სტილი), სატვირთოები, მოტოციკლეტები და კვადროციკლები.

რალი საკმაოდ სახიფათოა, რადგან ზოგჯერ უდაბნოს ქარიშხალი სდევს თან, ზოგან მოულოდნელი ციცაბო ქვიშაა და ზოგან კიდევ ხილვადობა ნულდება. სხვადასხვა მიზეზების გამო „დაკარის“ დროს 27 პილოტი და დაახლოებით ამდენივე მაყურებელი და ჟურნალისტია დაღუპული.

დაკარის რალი  მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული შეჯიბრია.

მასალა მოამზადა: ნატალია ჯალაღონიამ
ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
გამოგონება - ინოვაციამედიცინა

მეცნიერებმა მედიკამენტების მწარმოებელი ხელოვნური ფოთოლი შექმნეს

ჰოლანდიელმა მეცნიერებმა ხელოვნური ფოთოლი შექმნეს, რომელსაც მედიკამენტების მწარმოებელი მინი ქარხნის ფუნქციის შესრულება შეუძლია. ეს გახლავთ უდიდესი წინ გადადგმული ნაბიჯი იმისაკენ, რომ მედიკამენტების წარმოება შესაძლებელი გახდეს ყველგან, სადაც მზის სინათლეა.

აღნიშნული გამოგონება აძლიერებს მცენარეთა უნარს, ფოტოსინთეზის საშუალებით იკვებონ. როგორც წესი, მზის სხივი ძალიან ცოტა ენერგიას გამოყოფს იმისათვის, რომ ქიიური რეაქცია საჭირო საწვავით მოამარაგოს.

ფოთლით ინსპირირებული მიკროქარხანა ძალიან თხელი არხების მქონე ლუმინისცირებული მზის კონცენტრატორების გამოყენებით მზის გამოსხივებას მიიღებს და მოლეკულებს მზის სინათლეზე გამოფენს.

„თეორიულად, ამ მოწყობილობის გამოყენება მზის ენერგიით მედიკამენტების შემადგენლობის მისაღებად ნებისმიერ ადგილასაა შესაძლებელი,“ – განაცხადა ეინდჰოვენის ტექნოლოგიის უნივერსიტეტის მეცნიერმა ტიმოთი ნოელმა.

მეცნიერები აცხადებენ, რომ აღნიშნული ტექნოლოგიის განვითარებით ერთ დღეს შესაძლებელი გახდება, მედიკამენტების ჯუნგლებში ან თუნდაც მარსზე  წარმოება.

მოწყობილობა, რომელიც სილიკონის რეზინისგან მზადდება, შესაძლოა მაშინაც კი ფუნქციონირებდეს, როცა დიფუზიური სინათლე არაა, რაც იმას ნიშნავს, რომ ის იმუშავებს მოღრუბლული ცის ქვეშაც. თუმცა, იმისათვის, რომ პროდუქტი კომერციული ღირებული გახდეს, დაახლოებით 5-10 წელია საჭირო.

ტიმოთი ნოელისა და მისი კოლეგების მიერ ჩატარებული კვლევის შედეგები ჟურნალ Angewandte Chemie-ში გამოქვეყნდა.

 

წყარო: Reuters

მასალა მოამზადა: თამარ ტაბატაძემ
ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
სამხედრო

ჩინეთმა ხელოვნურ კუნძულებზე საზენიტო-სარაკეტო სისტემები დაამონტაჟა 

ჩინეთმა სამხრეთ ჩინეთის ზღვაში აგებულ შვიდივე ხელოვნურ კუნძულზე საზენიტო -სარაკეტო სისტემები დაამონტაჟა.

ამის შესახებ აშშ-ის ანალიტიკურმა ინსტიტუტმა ოთხშაბათს სატელიტიდან გადაღებულ ფოტომასალაზე დაყრდნობით განაცხადა.

როგორც სტრატეგიული და საერთაშორისო კვლევების ცენტრთან არსებული ორგანიზაცია – აზიის საზღვაო გამჭირვალობის ინიციატივა (AMTI) იუწყება, მათი კვლევის შედეგები წინააღმდეგობაში მოდის ჩინეთის ხელისუფლების განცხადებასთან, რომ პეკინს კუნძულების მილიტარიზაციის განზრახვა არ ამოძრავებს.

AMTI-ის ინფორმაციის თანახმად, სამხრეთ ჩინეთის ზღვაში მდებარე კუნძულებზე მიმდინარე მშენობლობაზე დაკვირვებას ორგანიზაცია ივნისიდან აწარმოებს.   აღნიშნულ კუნძულებზე უკვე აგებულია აეროდრომები, რომლებსაც, როგორც ჩანს,  სამხედრო დანიშნულება აქვთ.

სატელიტური სურათებიდან ჩანს, რომ კუნძულებზე დამონტაჟებულია საზენიტო ქვემეხები და CIWS სისტემები. ,,რაც იმაზე მიანიშნებს, რომ შეიარაღებული კონფლიქტის შემთხვევაში პეკინი თავის კუნძულებს დაიცავს,” –  აცხადებს აზიის საზღვაო გამჭირვალობის ინიციატივა.

ჩინეთის ლიდერმა სი ძინპინმა გასული წლის სექტემბერში აშშ-ში ვიზიტისას განაცხადა, რომ ქვეყანას სპრატლის არქიპელაგის მილიტარიზაცია არ სურს. ამავდროულად პეკინი ამტკიცებს, რომ კუნძულები მას ეკუთვნის და მათი დაცვა მისი პრეროგატივაა.

რამდენიმე თვის წინ საერთაშიროსი ტრიბუნალმა დაადგინა, რომ ჩინეთს სამხრეთ ჩინეთის ზღვაზე სადავო ტერიტორიებზე ისტორიული უფლება არ აქვს. ჩინეთი აღნიშნულ გადაწყვეტილებას უსაფუძვლოსა და უსამართლოს უწოდებს.

წყარო: Reuters

მასალა მოამზადა: თამარ ტაბატაძემ
ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
გამოგონება - ინოვაციამანქანათმშენებლობა

აშშ-ის ტრანსპორტის დეპარტამენტი ავტომწარმოებლებს მოსაუბრე ავტომობილების შექმნისკენ მოუწოდებს

აშშ-ის  ტრანსპორტის დეპარტამენტი აცხადებს, რომ საჭიროა ისეთი ავტომობილების შექმნა, რომლებსაც უსადენო ტექნოლოგიის საშუალებით ერთმანეთთან „საუბარი“ შეეძლებათ.

რეგულატორები, რომლებიც მიიჩნევენ, რომ ამ გზით ავარიების თავიდან აცილება გახდება შესაძლებელი, აცხადებენ, რომ ავტომწარმოებლებს ასეთი ავტომობილების შესაქმნელად სულ მცირე ოთხი წელი უნდა მისცენ.

საგზაო უსაფრთხოების ეროვნული ადმინისტრაციის (NHTSA) შეფასებით, მოსაუბრე მანქანები იმ ავტო საგზაო შემთხვევების რიცხვს, სადაც ალკოჰოლი მთავარი ფაქტორი არაა, 80 პროცენტით შეამცირებს, განსაკუთრებით გზაჯვარედინებითა და სავალი ნაწილის ზოლების შეცვლით განპირობებულ ავტოსაგზაო შემთხვევებს.

გასულ წელს აშშ-ში ავტომობილების 6,3 მილიონი ავარია მოხდა. NHTSA ოქტომბერში განაცხადა, რომ 2016 წლის პირველ  ნახევარში საგზაო შემთხვევების შედეგად დაღუპულთა რიცხვი 10 პროცენტით გაიზარდა.

მოსაუბრე მანქანები, მოკლე დიაპაზონის კომუნიკაციების გამოყენებით, მონაცემებს ადგილმდებარეობის, მიმართულების და სიჩქარის შესახებ სამასი მეტრის რადიუსში მდებარე ავტომობილებს გადასცემენ. ამ მონაცემების განახლება წუთში დაახლოებით 10-ჯერ ხდება.

საავტომობილო მწარმოებლების ალიანსი, რომელიც General Motors Co (GM.N), Toyota Motor Corp (7203.T), Volkswagen AG (VOWG_p.DE) და სხვა ავტომწარმოებლებს აერთიანებს, აცხადებს, რომ სისტემის დატესტვა უკვე მიმდინარეობს.

გაეროს ინფორმაციით, მსოფლიოს გზებზე ყოველწლიურად 1,3 მილიონი ადამიანი იღუპება და ეს რიცხვი მზარდია. 2010 წელს გაერო-მ გამოაცხადა საგზაო უსაფრთხოების მოქმედების დეკადა 2011-2020 წლებისათვის და მოუწოდა ქვეყნებს ამ პერიოდის განმავლობაში გაანახევრონ საგზაო შემთხვევებით გამოწვეული სიკვდილიანობა, შეიმუშავონ მოქმედების გეგმა და გაატარონ პრევენციული ზომები, რათა 2020 წლისათვის გზებზე სიკვდილიანობა 50%-ით შემცირდეს.

წყარო: Reuters

მასალა მოამზადა: თამარ ტაბატაძემ
ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

 

სრულად ნახვა
ტრანსპორტი

ლონდონში დიზელის ძრავიანი ავტომობლების აკრძალვას ითხოვენ

ლონდონში დიზელის ძრავიანი ავტომობლების საწინააღმდეგო კამპანია მიმდინარეობს.

კამპანია, რომელსაც პროფესიონალი მედიკოსები ხელმძღვანელობენ, ქალაქის ხელისუფლებას დიზელის ძრავიანი ავტომობილების აკრძალვისკენ მოუწოდებს.

,,ექიმები დიზელის წინააღმდეგ” აცხადებს, რომ დიზელის ძრავის ტოქსიკური გამონაბოლქვისგან ყოველწლიურად  9.400 ლონდონელი იღუპება.

აღსანიშნავია, რომ დიზელის მანქანების 2025 წლიდან აკრძალვის გადაწყვეტილება მიიღეს პარიზში, მადრიდში, მეხიკოსა და ათენში.

კამპანიის ოპონენტები აღნიშნულ შეთავაზებას ,,არაპრაქტიკულს” უწოდებენ და აცხადებენ, რომ ამას შესაძლოა ,,ცუდი შედეგები მოჰყვეს”.

,,ექიმები დიზელის წინააღმდეგ”  ლონდონის მერს, სადიქ ხანს მოუწოდებენ, ქალაქში დიზელის ძრავიანი ავტომობლები აიკრძალოს. ხანმა განაცხადა, რომ დიზელის ავტობუსებისგან ქალაქის გათავისუფლება 2018 წლისთვის იგეგმება.

კამპანია ამტკიცებს, რომ ლონდონში აზოტის ოქსიდების ემისიების 40 % და PM10 დაბინძურება, რომელიც ფილტვის ფუნქციის შემცირებასთანაა დაკავშირებული, დიზელის მანქანებზე მოდის.

წყარო: BBC

მასალა მოამზადა: თამარ ტაბატაძემ
ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

 

სრულად ნახვა
ტექნოლოგიები

Facebook-ი შეურაცხმყოფელი კონტენტის გამოსავლენად ხელოვნურ ინტელექტს გამოიყენებს

Facebook-ი ხელოვნური ინტელექტის შექმნაზე მუშაობს, რომლის საშუალებითაც შეურაცხმყოფელი კონტენტის მქონე ვიდეომასალა ავტომატურად მოინიშნება.

ამის შესახებ კომპანიის ერთ-ერთმა დირექტორმა ჯოაკინ კანდელამ განაცხადა.

სოციალური მედიის კომპანია მიმდინარე წელს არაერთხელ გაეხვა კონტენტთან დაკავშირებულ სკანდალში. მაგალითად, რამდენიმე თვის წინ ნორვეგიაში ყველაზე მაღალტირაჟიანი გამოცემის მთავარმა რედაქტორმა “Facebook-ის” დამფუძნებელი მარკ ცუკერბერგი ძალაუფლების ბოროტად გამოყენებაში დაადანაშაულა მას შემდეგ, რაც სოციალურმა ქსელმა, რომელსაც რედაქცია მასალის ელექტრონულად გასავრცელებლად იყენებს, მათი სტატია და მასზე მიმაგრებული ვიეტნამის ომის ამსახველი ისტორიული ფოტოსურათი წაშალა, რადგან შესაბამისმა სამსახურებმა ბავშვთა პორნოგრაფიად მიიჩნიეს.

,,ყველა ფოტო, რომელიც ასახავს ადამიანის სიშიშვლეს, სადაც დაფარული არაა გენიტალიები და შიშველი მკერდი – წაიშლება” – მისწერეს გამოცემას Facebook-ის გამაფრთხილებელ წერილში.

კანდელამ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ Facebook-ი ხელოვნურ ინტელექტს შეურაცხმყოფის შემცვველი მასალის აღმოსაჩენად იყენებს. ,,ეს გახლავთ ალგორითმი, რომელიც აღმოაჩენს სიშიშვლეს, ძალადობას, ან სხვა რამეს, რაც ჩვენს პოლიტიკას ეწინააღმდეგება,” – აღნიშნა მან.

სააგენტო როიტერსის მიერ ივნისში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, Facebook-ი ექსტრემისტული ვიდეოკონტენტის ავტომატურად მონიშვნის გამოყენებაზე მუშაობდა.

ამჯერად კი, აღნიშნული ავტომატური სისტემა Facebook Live-ზე ანუ მომხმარებლების მიერ განთავსებულ ლაივვიდეოებზე დაიტესტება.

წყარო: Reuters

მასალა მოამზადა: თამარ ტაბატაძემ
ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

 

 

სრულად ნახვა
ტექნოლოგიები

iPhone 8 3D ფოტოებს გადაიღებს

Apple-ის მომავალი iPhone-ი 3D ფოტოებს გადაიღებს.

ამბობენ, რომ ეფლი (Apple) შესაბამისი ტექნოლოგიის გასავითარებლად ელჯისთან (LG)  მუშაობს.

აღნიშნული ტექნოლოგია iPhone 8-ს დამატებითი სამგანზომილებიანი ეფექტის და რეალურ სამყაროში საგნების უკეთესად აღქმის ფუნქციას შემატებს.

ჭორები Korea Economic Daily-ში გამოქვეყნებულ სტატიას ეფუძნება, რომლის თანახმად, ეფლის ახალ პროდუქტში „LG Innotek-ის” ორმაგი ობიექტივის კამერა იქნება გამოყენებული,

აღსანიშნავია, რომ ელჯი ორმაგი ობიექტივის კამერის მიწოდებას iPhone 7 Plus-თვის უკვე აწარმოებს, საინტერესოა, რა განსხვავება იქნება iPhone 7 Plus და iPhone 8-ის კამერებს შორის. სავარაუდოდ, მას გაუმჯობესებული ფოკუსის სიღრმე (Depth Of Field (ან შემოკლებულად DOF), განათება და ბექგრაუნდის დეტალების უკეთ გამოკვეთის ფუნქცია ექნება.

სტატიაში ასევე ნახსენებია ფირმა LinX Imaging, რომელიც ეფლმა შარშან შეიძინა. LinX Imaging გაძლიერებულ კამერის ტექნოლოგიებს ქმნის, რომელიც მოიცავს 3D სიღრმის კარტირებასა და სინათლის გაძლიერებას, ეს მახასიათებლები კი შესაძლოა iPhone 8-ში ვიხილოთ, რომელიც მომავალ წელს გამოვა.

იმის გათვალისწინებით, რომ 2017 წელი iPhone-ის მეათე საიუბილეო წელია, უნდა ვივარაუდოდ, რომ კომპანია ეფლი რაღაც გრანდიოზულს გეგმავს.

წყარო: Dailymail

მასალა მოამზადა: თამარ ტაბატაძემ
ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
გამოგონება - ინოვაციასაქართველო

,,ვეფხისტყაოსანი“, როგორც სამაგიდო თამაში

ახლახან  ,,ბიბლუს გალერეაში” შედგა ვეფხისტყაოსნის სამაგიდო თამაშის პრეზენტაცია. ,,დოქტრინა“ გაესაუბრა თამაშის იდეის ავტორს, ახალგაზრდა კინომცოდნესა და ფილოლოგს, ლევან გელაშვილს, რომელმაც დაწვრილებით ისაუბრა აღნიშნული თამაშის იდეასა და სპეციფიკაზე.

 

– უპირველეს ყოვლისა,  საინტერესოა,  როგორ გაჩნდა ვეფხისტყაოსნის სამაგიდო თამაშის შექმნის იდეა და ქართულ რეალობაში არსებობდა თუ არა რაიმე წინაპირობა იმისთვის, რომ ეს პროექტი განხორციელებულიყო?

-იდეა გამიჩნდა თვითონ პოემიდან გამომდინარე, მთელი ქართული ლიტერატურა და კულტურა ,,ვეფხისტყაოსნის“ გარშემო ტრიალებს.  ,,ვეფხისტყაოსანი’’ ყველა ეპოქაში აქტუალური იყო. პოემის ზეპირად ცოდნის და კითხვის ტრადიცია, გაგრძელებათა გაგრძელებები, რომელიც ცალკე აღებული, პოემას ბევრად აღემატება. ,,ვეფხისტაოსანი“ იყო ჰიპერტექსტი ე. წ. სუპერ გუგლი, რომელშიც საუკუნეების განმავლობაში ადამიანები პასუხებს მათთვის საჭირო კითხვებზე პოულობდნენ; როგორ უნდა მეგობრობა, სიყვარული, რა არის ერთგულება. არ არსებობს საკითხი, რომელიც პოემაში არ იყოს მოცემული. პოემა არა მხოლოდ ლიტერატურულ, არამედ საზოგადოებრივ ცხოვრებაშიც აყალიბებდა გემოვნებას, მსოფლმხედველობას და რთულ ვითარებაში ზოგჯერ კომუნიკაციისა და მიმოწერის ყველაზე საიმედო საშუალებაც იყო. ომის დროს, ცენზურის პირობებში, მიმოწერისას  დახმარებისთვის წერილის დასაშიფრად ხშირად პოემის ტექსტს მიმართავდნენ.

საქართველოში პირველი ასეთი ლიტერატურული თამაში ილია ჭავჭავძის დროს დაიბეჭდა. ეს იყო აფორიზმების ლოტო. საბჭოთა პერიოდშიც არაერთხელ განხორციელდა ამ ლოტოს გამოცემა.  XX საუკუნეში, დროთა ფორმაციის შედეგად, საჭირო გახდა პოემის ხალხთან ურთიერთობის ახალი ინტერაქციული ფორმა. ,,ვეფხისტყაოსნის“ ლოტო სწორედ ასეთი მოვლენა იყო.

მიუხედავად მრავალსაუკუნოვანი პოპულარობისა, დღეს თანამედროვე სამყაროში მაინც საჭიროა ,,ვეფხისტყაოსნის’’ პოპულარიზაცია და თანამედროვე ინტერაქციულ გარემოში დაბრუნება. სამაგიდო თამაშები ტექსტის სიღრმისეულად გაგებისა და გათავისების  ძალიან კარგი საშუალებაა მთელს მსოფლიოში. ლიტერატურული სამაგიდო თამაში უნიკალურ შესაძლებლობებს იძლევა, რადგან უშუალოდ რუსთველისეულ სიტყვიერ სამყაროში ამოგზაურებს მოთამაშეს და მისი ბუნებრივი ნაწილი ხდება. ტექსტის შეცნობისათვის აუცილებელია, მკითხველის იდენტიფიკაცია მის რომელიმე გმირთან ან მთლიანად ამბავთან. ამ მხრივ დაფის თამაშებს დიდი შესაძლებლობები გააჩნია. გრაფიკულ-გამომსახველობითი და ტექსტური მხარე ახალი სინთეზური ვარიაციებით არის წარმოდგენილი. თამაშობ, ესე იგი მონაწილეობ ამბავში – მოგზაურობ ხელშესახებ სიტყვიერ გარემოში და აფორზმებით იხსნება იმ სამყაროს  კარი, რომელშიც  ორგანულ ნაწილად  იგრძნობ თავს.

-წამოწყებამ ძალიან მოკლე დროში შეძლო, რომ მრავალ ადამიანს მისდამი ინტერესი გამოეჩინა,  რას იტყვით  უშუალოდ თქვენი მიზნის შესახებ და ვისი ხელშეწყობით მოხერხდა ამ იდეის განხორციელება?

– იდეა შვიდი წლის წინ პროექტის სახით ჩამოვაყალიბე და რამდენიმე გამომცემლობას შევთავაზე, თუმცა თანამშრომლობა არ შედგა, მოგვიანებით ბავშვთა და ახალგაზრდობის განვითარების ფონდში კონკურსზე შევიტანე. კონკურსში გამაჯვების შემდეგ გამოცემა კი სწორედ ამ ფონდის ფინანსური მხარდაჭერით განხორციელდა.

-ძირითადად რომელი ასაკობრივი კატეგორიისათვის არის თამაში განკუთვნილი და როგორია წესები მოთამაშეებისთვის?

-თამაში ნებისმიერი ასაკის ადამიანს შეუძლია ითამაშოს, ვისაც უყვარს ,,ვეფხისტყაოსანი“ და სამაგიდო თამაშები.  ვეფხისტყაოსნის სამაგიდო თამაში რამდენიმე სკოლაში წარვადგინეთ. ბავშვებმა ხალისით ითამაშეს, რადგან თამაში სწავლის დამატებითი საშუალებაა, მისი მეშვეობით სწავლა დამღლელი საზეპიროებისგან თავისუფლდება და სახალისო შემეცნებითი პროცესი ხდება.  პოემაში მონაწილეობს 30 აფორიზმი, მათი ცოდნა საშუალებას აძლევს მოთამაშეს წინ გაიჭრას და გაიმარჯვოს. სამაგიდო თამაში მარათონული პრინციპზეა დამყარებული. იმარჯვებს ის, ვინც გადალახავს დაბრკოლებებს და პირველი მივა ფინიშთან. თუ მოთამაშეს სურს სხვა აფორიზმები გამოიყენოს, გამოცემას  მოყვება სარეზერვო აფორიზმები და გამოსაჭრელი ბარათები. ნებისმიერ მოთამაშეს შეუძლია მისთვის საინტერესო აფორიზმები ან ტაეპები დაამატოს თამაშს ბარათების სახით და გაამრავალფეროვნოს ის.

-ხომ არ იგეგმება თამაშის ელექტრონული ვერსიის შექმნაც?

-ელექტრონული ვერსიის შექმნის საწინააღდეგო არაფერი მაქვს, მაგრამ უნდა ითქვას რომ სამაგიდო თამაშები ელექტრონული კომპიუტერული თამშებისგან ერთ-ერთი მთავარი თვისებით განსხვავდება:  ეს არის მისი სოციალური თვისება. სამაგიდო თამაშს თამაშობ, ესე იგი მეგობრობ, რადგან გიწევს ურთიერთობა სხვა ადამიანებთან, ეჯიბრები მათ, მოიგებ ან წააგებ, უშუალო კომუნიკაციაში ხარ მათთან. მოზარდს უყალიბდება კოგნიტური უნარები და გადაწყვეტილების მიღებისთვის აუცილებელი დამოუკიდებელი თვისებები. კომპიუტერული თამაშები ამ მხრივ ასოციალური მოვლენაა, ეკრანთან მარტო დარჩენილი მონაწილეობ მულტიმედიურ მოვლენებში. არ გიწევს ურთიერთობა დანარჩენ ადამიანებთან. ამ მხრივ ის სრულიად ასოციალურია, თუნდაც ქსელში თამაშობდე სხვა ადამიანებთან ეს ურთიერთობა არის ვირტუალური.

-სად შეუძლიათ დაინტერესებულ პირებს, რომ შეიძინონ სამაგიდო თამაში?

-,,ვეფხისტყაოსნის“ სამაგიდო თამაში უკვე იყიდება თბილისსა და რეგიონებში არსებულ წიგნის მაღაზიებში.

დაბოლოს, ხომ არ უნდა ველოდოთ ამავე ტიპის თამაშების სერიის გამოშვებას,  როგორია თქვენი ამჟამინდელი სამომავლო გეგმები?

-სამომავლო გეგმები ,,ვეფხისტყაოსნის“ სამაგიდო თამაშის პოპულარიზაციასთან არის დაკავშირებული, რაც სხვადასხვა ტიპი კულტურულ აქტივობას მოიცავს, რომლებშიც ვგულისხმობ სხვადასხვა მიზნობრივ სივრცეებში თამაშის წარდგინებას.

მასალა მოამზადა: თამარ  დევდარიანმა
ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

 

 

 

 

 

 

 

სრულად ნახვა
გამოგონება - ინოვაცია

ახალი აპლიკაცია კათოლიკეებს ცოდვების მონანიების საშუალებას აძლევს

კათოლიკეებისთვის ახალი მობილური აპლიკაცია შეიქმნა, რომელიც მათ  ცოდვების მონანიების საშუალებას აძლევს.

კომპანია Musemantik-ის მიერ შექმნილი აპლიკაცია, რომელიც შოტლანდიაში გააქტიურდა, მიზნად ისახავს წირვასა და აღსარებას რაც შეიძლება მეტი მორწმუნე დაესწროს. მისი საშუალებით მომხმარებელი იღებს ინფორმაციას უახლოესად მდებარე ეკლესიის შესახებ.

,,ძალიან ჭკვიანი და პერსონალური აპლიკაცია, რომელიც მობილური თაობისთვის  მეგობრის, კომპანიონის როლს ასრულებს, პოპულარობას ძალიან მალე მოიპოვებს,” – აცხადებს Musemantik-ის დამფუძნებელი მაცეი ზურავსკი.

გარდა იმისა, რომ მომხმარებლები ინფორმირებულები იქნებიან იმის შესახებ, თუ რომელ უახლოეს ეკლესიაში ტარდება წირვა ან აღსარება, მორწმუნეები თავიანთ ტელეფონებსა თუ ტაბლეტებზე სულიერად გამამხნევებელ შეტყობიბენასაც მიიღებენ.

აპლიკაციის შემქმნელები ირწმუნებიან, რომ მისი საშუალებით კათოლიკური ეკლესიის მრევლის რაოდენობა გაიზრდება.

 

წყარო: BBC

მასალა მოამზადა: თამარ ტაბატაძემ
ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

 

სრულად ნახვა
დედამიწასამხედრო

გაერო ბირთვული იარაღის სრული აკრძალვის მიზნით მოლაპარაკებებს დაწყებას გეგმავს

გერთიანებული ერების ორგანიზაცია ბირთვული იარაღის სრული აკრძალვის მიზნით მოლაპარაკებების ინიცირებას გეგმავს.

ნიუ იორკში გამართულ სხდომაზე გაერო-ს გენერალური ასამბლეის პირველმა კომიტეტმა მიიღო რეზოლუცია, რომლითაც მოუწოდებს საერთაშორისო საზოგადოებას, მსოფლიოში ბირთვული იარაღის სრული აკრძალვის მიზნით, მოლაპარაკებები დაიწყოს.

რეზოლციის წინააღმდეგ გამოვიდნენ ის სახელმწიფოები, რომლებსაც ბირთვული იარაღი აქვთ, მათ შორის, რუსეთი, დიდი ბრიტანეთი, აშშ და საფრანგეთი.

დოკუმენტს 123-მა სახელმწიფომ დაუჭირა მხარი, წინააღმდეგი იყო -38, ხოლო თავი შეიკავა -16-მა. რეზოლუცია, რომელიც სარეკომენდაციო ხასიათს ატარებს, ითვალისწინებს გაერო-ს კონფერენციის გამართვას 2017 წელს, რა დროსაც წევრი სახელმწიფოები ბირთვული იარაღის სრული აკრძალვის შესახებ იურიდიულად სავალდებულო დოკუმენტს შეათანხმებენ.

რეზოლუციაში ნათქვამია, რომ ბირთვული იარაღის ნებისმიერი სახით გამოყენებას შესაძლოა ჰქონდეს „კატასტროფული ჰუმანიტარული შედეგები“.

მიმდინარე ბირთვული რეჟიმის გამო არაბირთვული სახელმწიფოები უკმაყოფილებას გამოთქვამენ. განადგურების ნაცვლად ბირთვული სახელმწიფოები თავიანთი არსენალის მოდერნიზაციას ახორციელებენ და, ზოგ შემთხვევაში, ზრდიან კიდეც. ამის გამო, აღნიშნული სახელმწიფოები ბირთვული იარაღის სრულ აკრძალვას უჭერენ მხარს.

წყარო: www.theguardian.com
მასალა მოამზადა: თამარ ტაბატაძემ
ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი “დოქტრინა”

სრულად ნახვა
1 80 81 82 83 84 85
Page 82 of 85