close
გამოგონება - ინოვაციატექნოლოგიები

ხილის ფორმის სენსორი ხილს ტრანსპორტირების დროს დაზიანებისგან დაიცავს

ახალი ხილის ფორმის სენსორი გადამზიდ კომპანიებს ხილის ტრანსპორტირებაში დიდ დახმარებას გაუწევს.

ნამდვილი ხილის ზომის, ფორმისა და შემადგენლობის იმიტაციის მქონე მოწყობილობა, რომელსაც გადასატან პროდუქტთან ათავსებენ, ტემპერატურას აკონტროლებს და გადამზიდ ფირმებს განგაშის სიგნალით ატყობინებენ გაგრილების პროცესთან დაკავშირებული პრობლემის შესახებ.

პროექტს, რომელიც ჯერჯერობით მხოლოდ საცდელ ეტაპზეა, შვეიცარიის მასალების მეცნიერებისა და ტექნოლოგიის ფედერალური ლაბორატორიების (EMPA) მიერ ხორციელდება.

„მანგო, ბანანი და ფორთოხალი მაღაზიებში მოხვედრამდე დიდ გზას გადიან. მიუხედავად იმისა, რომ ხილი რეგულარულად მოწმდება, გარკვეული რაოდენობა მგზავრობის დროს მაინც ზიანდება,“- აცხადებენ მეცნიერები. მათოვე განმარტებით, ეს საფრთხეს უქმნის როგორც მიმწოდებლებს, ასევე მომხმარებლებს.

,,ტრანსპორტირებისას ტვირთს შესაძლოა გარეთ გაჩერება მოუწიოს, ან  ელექტროენერგია გაითიშოს, რაც საბოლოოდ ხილის ხარისხზე უარყოფითად აისახება,“ –  განაცხადა პროექტის ლიდერმა – თიჯს დეფრაიმ.

„ექსპორტიორებს სიახლის გასაზომი სხვადასხვა საშუალება აქვთ, თუმცა ჩვენი სენსორი უფრო ზუსტია, ვინაიდან ის ინდივიდუალური სახეობის ხილის მახასიათებლების სიმულაციას წარმოადგენს,“ –  აღნიშნა დეფრაიმ.

მიზნის მისაღწევად, მეცნიერთა გუნდმა რენტგენის საშუალებით რეალური ხილის ფორმისა და ტექსტურის მოდელირება განახორციელა.

ამის შემდეგ თითოეული ხილის შემადგენლობა განსაზღვრეს და წყლის, ნახშირწყლებისა და  პოლისტიროლის ნარევის გამოყენებით ლაბორატორიაში მათი იმიტაცია შექმნეს.

ნარევი 3D პრინტერზე შექმნილ ხილის ფორმის სენსორულ ფორმაში ჩაასხეს.

,,იმედი გვაქვს, რომ მოწყობილობა დაეხმარება მიმწოდებლებს, სანიტარული ნორმების დაცვაში, შეამცირებს ლოჯისტიკის დროსა და ხარჯებს,“-  აცხადებენ გამოგონების ავტორები.

ამჟამად მკვლევარები მოწყობილობას ტესტავენ  და პოტენციურ კომერციულ პარტნიორებს ეძებენ.

 

წყარო: BBC

მასალა მოამზადა: თამარ ტაბატაძემ

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”

გაზიარება:
fb-share-icon0
Tags : slid

Leave a Response