close
ამოგონება - ინოვაციააქართველო

,,J&Sister-ი” – ქართველი გოგონების ბრენდი ორგანული მინის ელემენტებით

17792551_1425866917480288_617995127_n

,,დოქტრინა“ ქართველი ახალგაზრდების კიდევ ერთ წამოწყებაზე გთავაზობთ ინფორმაციას, ეს არის ორი გოგონას მიერ შექმნილი სამოსისა და ჩანთების ხაზი, რომელიც მომხმარებელს სრულიად განსხვავებული მასალის გამოყენებით შექმნილ პროდუქტს სთავაზობს. წამოწყება სულ რამდენიმე თვეა რაც არსებობს, თუმცა უკვე საკმაოდ პოპულარულია და ნელ-ნელა იმკვიდრებს თავს  ,,J&Sister-ის” სახელით.

,,J&Sister-ის” ხაზი დებს – ჯული და ელენე ცერცვაძეებს, ეკუთვნის. ელენე 22-ის, ხოლო  ჯული – 25  წლისაა, ორივე მათგანი საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საინჟინრო ფაკულტეტის სტუდენტია და დიზაინერულ საქმიანობასთან ერთად, პარალელურად, საკუთარი პროფესიითაც მუშაობს.

როგორც თავად ამბობენ, გოგონები ჩანთების, ტანსაცმლის და აქსესუარების დიზაინს  ჯერ კიდევ სკოლის ასაკიდან ქმნიდნენ. მოგვიანებით კი, მას შემდეგ, რაც ელენემ ლაზერულ მჭრელთან მუშაობა და სხვადასხვა მასალის დამუშავება ისწავლა, თანდათან გაჩნდა სახლის დეკორის იდეაც, რომელიც ძირითადად ბავშვებისთვის განკუთვნილი პროდუქტის შექმნას გულისხმობდა, იქნებოდა ეს ხის თაროები, გასართობი დაფები თუ სხვა. დაახლოებით სამი თვის წინ კი, გოგონებს გაუჩნდათ იდეა, რომ ის მასალა, რომელსაც ელენე იყენებდა, აქსესუარების და დეტალების სახით გამოეყენებინათ ჩანთებსა და ტანისამოსშიც.

იდეის გაჩენის შემდეგ, სატესტოდ შეიკერა ზურგჩანთა, რომელსაც გოგონებმა სამკუთხედის ფორმის გამჭირვალე ორგანული მინა ჩააკერეს. როგორც ,,დოქტრინასთან“ საუბარში მათ აღნიშნეს, ორგანული მინა საკმაოდ მოსახერხებელია და ჩვეულებრივი მინის მსგავსად არ არის ადვილად მსხვრევადი, ვინაიდან მის შემადგენლობაში შედის პლასტმასი და როგორც პრაქტიკიდან ჩანს საკმაოდ კომფორტულიცაა ყოველდღიური გამოყენებისთვისაც. რაც მთავარია, ორგანული მინა, ისევე როგორც ხის დეტალები, განსხვავებულს ხდის აქსესუარებს და მოლოდინისამებრ, გამჭვირვალე დეტალმა თავისებური ეფექტი მოახდინა. საბოლოოდ კი,  ჩანთას დიდი გამოხმაურება მოჰყვა საზოგადოების მხრიდან და პირველივე დღეს გაიყიდა, რამაც გოგონებს სტიმული მისცა, რომ ამ ყველაფრისთვის ბიზნესის სახე მიეცათ და უფრო აქტიურად დაეწყოთ ახალ ჩანთებზე მუშაობა.

იმის გათვალისწინებით, რომ ჯერ მხოლოდ 2 თვეა, რაც ახალგაზრდებმა საქმიანობა დაიწყეს, არ ჰქონიათ სერიოზული წარდგენა საზოგადოების წინაშე, თუნდაც სტარტაპის სახით. თუმცა, რამდენჯერმე მიიღეს მონაწილეობა საქველოქმედო „ბაზრობებზე“. ამრიგად, როგორც თავად აღნიშნავენ, გზა იდეიდან პროდუქტამდე არ ყოფილა რთული და გრძელი, რადგან  ყველანაირი რესურსი გააჩნდათ საკუთარი მიზნების განსახორციელებლად და დიდი მონდომებით ძალიან მალე შეძლეს სახასიათო პროდუქტის შექმნაც.

სამომავლო გეგმებს რაც შეეხება, ახალგაზრდა დიზაინერებს  საკმაოდ ბევრი იდეა აქვთ ჩანთების, აქსესუარების და სახლის დეკორის მიმართულებით. მაგალითად გეგმავენ, რომ პროდუქციას შემატონ მამაკაცის ზურგჩანთები და ხელჩანთები, ოღონდ ამჯერად უკვე ხის დეტალებით.

ელენეს და ჯულის ჯერჯერობით მაღაზია და სახელოსნო არ აქვთ და პროდუქციას სოციალური ქსელის მეშვეობით ყიდიან, თუმცა, უახლოეს მომავალში გეგმავენ სახელოსნოს გახსნას, სადაც მომხმარებელი პროდუქციის დათვალიერებასა და შეძენასაც შეძლებს. აღსანიშნავია ისიც, რომ  ,,J&Sister-ის” პროდუქცია შეკვეთებზეც მუშაობს და ყველა მსურველს აქვს საშუალება ატაროს საკუთარი დიზაინით შექმნილი აქსესუარი თუ სამოსი.

 

მასალა მოამზადა: თამარ დევდარიანმა

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”

 

 

 

გაზიარება:
fb-share-icon0

მასალის გამოყენების პირობები

კომენტარი

Tags : slid