close

ტექნოლოგიები

გამოგონება - ინოვაციატექნოლოგიები

ხილის ფორმის სენსორი ხილს ტრანსპორტირების დროს დაზიანებისგან დაიცავს

ახალი ხილის ფორმის სენსორი გადამზიდ კომპანიებს ხილის ტრანსპორტირებაში დიდ დახმარებას გაუწევს.

ნამდვილი ხილის ზომის, ფორმისა და შემადგენლობის იმიტაციის მქონე მოწყობილობა, რომელსაც გადასატან პროდუქტთან ათავსებენ, ტემპერატურას აკონტროლებს და გადამზიდ ფირმებს განგაშის სიგნალით ატყობინებენ გაგრილების პროცესთან დაკავშირებული პრობლემის შესახებ.

პროექტს, რომელიც ჯერჯერობით მხოლოდ საცდელ ეტაპზეა, შვეიცარიის მასალების მეცნიერებისა და ტექნოლოგიის ფედერალური ლაბორატორიების (EMPA) მიერ ხორციელდება.

„მანგო, ბანანი და ფორთოხალი მაღაზიებში მოხვედრამდე დიდ გზას გადიან. მიუხედავად იმისა, რომ ხილი რეგულარულად მოწმდება, გარკვეული რაოდენობა მგზავრობის დროს მაინც ზიანდება,“- აცხადებენ მეცნიერები. მათოვე განმარტებით, ეს საფრთხეს უქმნის როგორც მიმწოდებლებს, ასევე მომხმარებლებს.

,,ტრანსპორტირებისას ტვირთს შესაძლოა გარეთ გაჩერება მოუწიოს, ან  ელექტროენერგია გაითიშოს, რაც საბოლოოდ ხილის ხარისხზე უარყოფითად აისახება,“ –  განაცხადა პროექტის ლიდერმა – თიჯს დეფრაიმ.

„ექსპორტიორებს სიახლის გასაზომი სხვადასხვა საშუალება აქვთ, თუმცა ჩვენი სენსორი უფრო ზუსტია, ვინაიდან ის ინდივიდუალური სახეობის ხილის მახასიათებლების სიმულაციას წარმოადგენს,“ –  აღნიშნა დეფრაიმ.

მიზნის მისაღწევად, მეცნიერთა გუნდმა რენტგენის საშუალებით რეალური ხილის ფორმისა და ტექსტურის მოდელირება განახორციელა.

ამის შემდეგ თითოეული ხილის შემადგენლობა განსაზღვრეს და წყლის, ნახშირწყლებისა და  პოლისტიროლის ნარევის გამოყენებით ლაბორატორიაში მათი იმიტაცია შექმნეს.

ნარევი 3D პრინტერზე შექმნილ ხილის ფორმის სენსორულ ფორმაში ჩაასხეს.

,,იმედი გვაქვს, რომ მოწყობილობა დაეხმარება მიმწოდებლებს, სანიტარული ნორმების დაცვაში, შეამცირებს ლოჯისტიკის დროსა და ხარჯებს,“-  აცხადებენ გამოგონების ავტორები.

ამჟამად მკვლევარები მოწყობილობას ტესტავენ  და პოტენციურ კომერციულ პარტნიორებს ეძებენ.

 

წყარო: BBC

მასალა მოამზადა: თამარ ტაბატაძემ

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
რობოტექნიკა

Kaspar-ი – რობოტი, რომელიც აუტისტ ბავშვებს სოციალურ უნარებს უვითარებს

,,მშვენიერია, ძალიან მეღიტინება,“ – ეუბნება სოციალური რობოტი კასპარი 4 წლის აუტისტ ბიჭს, ფინს. ბიჭი და რობოტი ლონდონის აუტისტ ბავშვთა სკოლაში თამაშობენ.

ლურჯ კეპსა და შოტლანდურას პერანგში გამოწყობილ რობოტ ბიჭუნა კასპარს, რომელიც University of Hertfordshire-ის მეცნიერებმა შექმნეს, სიმღერა, ჭამის იმიტირება, დაირაზე დაკვრა და თმის დავარცხნა შეუძლია.

თუკი თამაშის დროს ფინი უხეშად იქცევა, კასპარი ყვირილს იწყებს: „რას აკეთებ, მტკივა“ და იქვე მყოფი თერაპევტი ცდილობს რობოტის ტერფებზე მოღიტინებით ბიჭს საქციელის გამოსწორებისკენ უბიძგოს.

ფინი იმ 170 აუტისტ ბავშვს შორისაა, რომელსაც კასპარი ბოლო ათი წლის განმავლობაში სოციალური უნარების განვითარებაში დაეხმარა. თუმცა აუტიზმის ეროვნული საზოგადოება, რომელიც 2 აპრილს აუტიზმის მსოფლიო დღეს აღნიშნავს,  აცხადებს, რომ ბრიტანეთში 700,000 აუტისტი ადამიანი ცხოვრობს და უნივერსიტეტის სურვილია, კასპარი მეტ ადამიანს დაეხმაროს.

ბრიტანეთში მდებარე აუტისტ ბავშვთა ცენტრმა – TRACKS-მა – კასპართან მუშაობისას დადებითი შედეგები მიიღო.

„ვცდილობდით, პატარა ბიჭისთვის თანატოლებთან ერთად ჭამა გვესწავლებინა. ის კი ამას გამუდმებით ეწინააღმდეგებოდა. ამის გაკეთება კასპერთან ერთად ვცადეთ და მას მართლაც, მართლაც სიამოვნებდა კასპერის გამოკვება. შედეგად, მან უკვე დაიწყო კლასთან ინტეგრირება და თანატოლებთან ერთად ჭამა.

ბევრ აუტისტ ბავშვს ადამიანის ძირითადი კომუნიკაციისა და ემოციის გაშიფვრა უჭირს. ამიტომ კასპარის დიზაინერებმა  ისეთი რობოტი ბიჭუნა შექმნეს, რომელიც ნამდვილ ბიჭს არცთუ ისე ძალიან გავს. თუმცა მისი სახის ნაკვთები ისეთი მასალისგანაა დამზადებული, რომელიც მიმსგავსებულია ადამიანის კანთან.

ეს რობოტი ერთ-ერთ იმ განვითარების მქონე ტექნოლოგიას მიეკუთვნება, რომელსაც აუტისტი ადამიანების ცხოვრებაში დიდი ცვლილების მოხდენის პოტენციალი აქვს,“ – განაცხადა ბრიტანეთის აუტიზმის საზოგადოების ეროვნული ცენტრის დირექტორმა –  ქეროლ ფოვეიმ.

 

წყარო: Reuters

მასალა მოამზადა: თამარ ტაბატაძემ

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”

 

 

სრულად ნახვა
მსოფლიოტექნოლოგიები

რუსეთი ,,Yahoo-ზე” ჰაკერულ თავდასხმას უარყოფს

რუსეთი უარყოფს შეერთებული შტატების ხელისუფლების ბრალდებებს იმის შესახებ, რომ ქვეყნის სადაზვერვო სააგენტო კომპანია ,,Yahoo-ს” მონაცემებზე განხორციელებულ ჰაკერულ თავდასხმაში მონაწილებდა.

„როგორც არაერთხელ გვითქვამს, გამორიცხულია, რომელიმე რუსული სააგენტოს,  მათ შორის ფსბ-ს [სადაზვერვო სააგენტო], კიბერსივრცეში ჩადენილ უკანონო ქმედებაში ოფიციალური მონაწილეობა,“ –  განაცხადა ფსბ-ის პრესსპიკერმა  – დიმიტრი პესკოვმა.

აშშ-is ოფიციალურმა პირებმა რუსეთის სადაზვერვო სამსახურის ორ თანამშრომელს, დიმიტრი დოკუჩაევი და იგორ სუშჩინი,  2014 წელს ,,Yahoo-ის” წინააღმდეგ მოწყობილ ჰაკერულ თავდასხმაში დაადანაშაულეს. აშშ-ის იუსტიციის სამინისტროს მონაცემებით, მათი სახელები უკავშირდება ჰაკერულ თავდასხმას, რომლის შედეგადაც Yahoo-ს  500 მილიონამდე მომხმარებლის ანგარიში დაზარალდა.

 

წყარო : BBC

მასალა მოამზადა: თამარ ტაბატაძემ

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”

 

 

სრულად ნახვა
გამოგონება - ინოვაციასაქართველო

,,მეცნიერი მე“ – ქართველი გოგონას პროექტი ბავშვებში შემეცნების დონის ასამაღლებლად

 ,,მეცნიერი მეარის  კიდევ ერთი ახალი პროექტი, რომლის მიზანია, შექმნას სახლში მარტივად ჩასატარებელი სამეცნიერო ექსპერიმენტები ქართველი ბავშვებისთვისა და ტინეიჯერებისთვის. მასში შემავალი დაბალბიუჯეტიანი ექსპერიმენტები მიზნად ისახავს მოზარდების ცოდნის გაღრმავებას ისეთ სფეროებში, როგორიცაა – ასტრონომია, გეოლოგია, მეტეოროლოგია, კომპიუტერული მეცნიერებები, ფიზიკა, მათემატიკა და ინჟინერია. ,,დოქტრინადაინტერესდა პროექტით და გაესაუბრა თაკო ბასიაშვილს.

თაკო ბასიაშვილი ჯერ მხოლოდ 19 წლისაა და სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსისტეტის ბიოქიმიის ფაკულტეტის მეორე კურსის სტუდენტია, თუმცა უკვე მოასწრო საკმაოდ საპასუხისმგებლო და საინტერესო პროექტის განხორციელებაში მიეღო მონაწილეობა. ეს არის პროექტი – „მეცნიერი მე“, რომლის იდეაც გაჩნდა არასამთავრობო ორგანიზაცია  -„JumpStart Georgia-ში“, სადაც ის პირველი კურსის დასასრულს მივიდა ამ პროექტზე სამუშაოდ. პროექტი უშუალოდ ამერიკის საელჩოს მხარდაჭერით ორგანიზაცია „JumpStart Georgia-ში“ განხორციელდა.

პროექტი ,,მეცნიერი მე“ (mecnieri.me) 12-წლამდე ბავშვებისთვის შექმნილი შემეცნებითი ონლაინპლატფორმაა, სადაც განთავსდა საინტერესო და რაც მთავარია, მარტივი ექსპერიმენტები. ამ ექსპერიმენტების მთავარი ხიბლი კი ისაა, რომ თითოეული მათგანის გაკეთება შესაძლებელია სახლში მარტივად მოსაპოვებელი ნივთებით.  ,,საიტზე თავმოყრილია ისეთი ექსპერიმენტები, რომელიც სახალისოა და პარალელურად ძალიან საინტერესოც, როგორც პატარებისთვის, ასევე ზრდასრულებისთვისაც. მაგალითად, ჩვენ ვასწავლით ბავშვებს, თუ როგორ შეუძლიათ გაბერონ გიგანტური საპნის ბუშტები სახლის პირობებში, ან თუნდაც სხვადასხვა ტიპის მფრინავის დიზაინს, რომლის კეთების დროსაც ისინი გართობასთან ერთად, საკმაოდ ბევრს სწავლობენ აეროდინამიკის შესახებ,“ – აღნიშნა თაკომ.

პროექტის იდეის უკეთ გასაგებად ავიღოთ რამდენიმე მარტივი ექსპერიმენტი, ერთ-ერთი მათგანია „უჩინარი მელანი“. ამ ექსპერიმენტისთვის საჭიროა მხოლოდ ფურცელი და ლიმონის წვენი. თუ ბავშვი ლიმონის წვენით ფურცელზე დაწერს რაიმე სიტყვას და გააშრობს მას, ფურცელზე არაფერი გამოჩნდება, თუმცა ფურცელის შეთბობის შემთხვევაში  გარკვევით გამოისახება დაწერილი სიტყვა. თვითონ პროცესი კი, არა მარტო სახალისო, არამედ შემეცნებითიცაა, რადგან ბავშვებს საიტზევე შეუძლიათ ნახონ ამ პროცესის ახსნა და გაიგონ მეტი თუ რატომ მიმდინარეობს ეს პროცესი, საიტი აწვდის მათ შესაბამის ინფორმაციას, ამრიგად მათთვის ცნობილი ხდება, რომ ლიმონის წვენი, ისევე, როგორც სხვა ხილის წვენი, შეიცავს ნახშირბადის ნაერთებს. ეს ნივთიერებები ოთახის ტემპერატურაზე უჩინარები არიან, მაგრამ სითბოს შეუძლია დაშალოს ისინი და გაათავისუფლოს ნახშირბადი. თუ ნახშირბადი ჰაერს შეხვდება, იწყება დაჟანგვის პროცესი და ნივთიერება გადაიქცევა ღია ან მუქ ყავისფრად, რაც განაპირობებს ზუსტად ამ ექსპერიმენტის შედეგსაც.

 

შემდეგი მარტივი ექსპერიმენტია ,,გიგანტური საპნის ბუშტები“, ალბათ ყველა ბავშვს უოცნებია დიდი ზომის საპნის ბუშტებზე,  რაც სინამდვილეში არც ისეთი რთულია, როგორიც ჩანს.  ამისთვის საჭიროა, ერთ ჭიქა წყალს შევურიოთ ორი სუფრის კოვზი ჭურჭლის სარეცხი სითხე, ერთი სუფრის კოვზი გლიცერინი (შესაძლებელია აფთიაქში შეძენა) და ერთი ჩაის კოვზი შაქარი, მათი ნარევი 1 სთ-ის განმავლობაში უნდა შევინახოთ დახურულ კონტეინერში, რის შემდეგაც, ნაზად უნდა მოვურიოთ და დრეკადი მეტალის ჯოხებით შევუდგეთ გიგანტური ბუშტების შექმნას.

პროექტი „მეცნიერი მე“ ხელს უწყობს ბავშვების ინტერესის გაღვივებას სამეცნიერო სფეროების მიმართ და აძლევს მათ საშუალებას სხვა თვალით შეხედონ მათ გარშემო მიმდინარე პროცესებს. პროექტის პრეზენტაცია უკვე შედგა თბილისში, ქუთაისში, გორსა და ხარაგაულში, სამომავლოდ შეიძლება პროექტმა ბანაკის სახეც მიიღოს და სხვადასხვა ასაკობრივი კატეგორიაც დაემატოს, თუმცა, როგორც თაკომ აღნიშნა, ეს ბევრ ფაქტორზეა დამოკიდებული, ფაქტი ერთია -პროექტი საკმაოდ მნიშვნელოვანია ქართველი ახალგაზრდებისთვის შემეცნების დონის ამაღლებისთვის, ,,მეცნიერებასთან და ტექნოლოგიებთან ადრეული ასაკიდანვე ურთიერთობა ხელს შეუწყობს ჩვენს ქვეყანაში ამ სფეროების მიმართ გარკვეული სტერეოტიპების დარღვევას და ტექნოლოგიურ-სამეცნიერო სფეროების მომავალი განვითარების და წარმატების საწინდარიც იქნება,“-აღნიშნა თაკომ დასასრულს.

 

მასალა მოამზადა: თამარ დევდარიანმა

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”

 

 

 

სრულად ნახვა
გამოგონება - ინოვაციამედიცინა

მეცნიერებმა ელექტრონული კანის დასამუხტად გრაფენი გამოიყენეს

მეცნიერებმა ექსპერიმენტული სახის ელექტრონული კანის მზის ენერგიის გამოყენებით დამუხტვის გზა გამონახეს. ეს კი შეხების შეგრძნების მქონე პროთეზებისა და რობოტების შექმნისკენ კიდევ ერთი წინ გადადგმული ნაბიჯია.

მთელი მსოფლიოს მეცნიერები მუშაობენ ხელოვნური კანის  მოქნილი ვერსიების შექმნაზე, რომელსაც სხვადასხვა სახის სენსორული რეცეპტორის სიმულაციის საშუალებით შეგრძნების უნარი აქვს.

ასეთი სისტემის დამუხტვა მნიშვნელოვანი გამოწვევაა, თუმდა გლაზგოს უნივერსიტეტის ინჟინერიის სკოლის მეცნიერებმა ელექტროენერგიის გამოსამუშავებლად გრაფენის (ულტრათხელი ნახშირბადი) გამოყენების ხერხი განავითარეს.

გრაფენი, რომელიც მხოლოდ ერთი ატომის სისქისაა, ძლიერი, უაღრესად მოქნილი, ელექტრონულად გამტარი და გამჭვირვალე, რაც მას მზის ენერგიის შეგროვების გზით ელექტროენერგიის გამოსამუშავებელ იდეალურ საშუალებად აქცევს.

თუკი მენციერები შეძლებენ, რომ სმარტპროთეზის ხელებს, რომლებსაც ადამიანის კიდურების ბევრი მექანიკური თვისების აღდგენა შეუძლიათ, კანის შეხების მსგავსი გრძნობის უნარიც მიანიჭონ, ისინი ამპუტირებული კიდურების მქონე ადამიანებისთვის კიდევ უფრო სასარგებლო გახდებიან.

შეხების მიმართ მგრძნობიარე ელექტრონული კანის  გამოყენება რობოტებშიცაა შესაძლებელი, რაც მანქანებს ადამიანებთან ურთიერთობის დროს პოტენციური საფრთხეების აღმოჩენაში დაეხმარება.

მეცნიერების შემდგომ მიზანს იმავე ტექნოლოგიის გამოყენებით პროთეზირებული ხელის მამოძრავებელი ძრავის დამუხტვა წარმოადგენს. „ამან კი შესაძლოა ენერგოდამოუკიდებელი პროთეზირებული კიდურის შექმნის შესაძლებლობა მოგვცეს,“– აცხადებენ მეცნიერები.

 

წყარო: Reuters

მასალა მოამზადა: თამარ ტაბატაძემ

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,დოქტრინა”

 

სრულად ნახვა
მანქანათმშენებლობა

5 მარტივი ხრიკი, რომელიც საწვავის ხარჯს შეგიმცირებთ

 

საწვავის ფასი ყოველთვის აქტუალური თემაა. ის ხშირად იზრდება, იშვიათად კლებულობს და ბევრ ავტომფლობელს ჯიბეს უცარიელებს. ბუნებრივია, ყველას სურს ხარჯის შემცირება. გამოცდილი მძღოლები ამას მეტ-ნკლებად ახერხებენ, გამოუცდელებს კი უჭირთ.

არსებობს რამდენიმე მეთოდი, რომელიც თქვენი ავტომობილის აპეტიტს ოდნავ მაინც მოთოკავს. მათ სწორედ გამოცდილი მძღოლები გვიზიარებენ:

  1. ავტომობილი მუდამ გამართული უნდა იყოს

როდესაც ავტომობილის აგრეგატი და ყველა კვანძი გამართულად მუშაობს, ავტომობილი მაქსიმალურად ნაკლებ საწვავს მოიხმარს. ამასთან, მისი მექანიზმების კონტროლი მუდმივად საჭიროა.

  1. მართეთ რბილად

მკვეთრი აჩქარება და მკვეთრი შენელება მაგისტრალზე ხარჯს 30 პროცენტით გაზრდის, ქალაქში კი – 40 პროცენტით!

  1. ნაკლებად ისარგებლეთ კონდიციონერით

სიცხეში ძრავა უფრო ეკონომიურად მუშაობს – ოპტიმალურ ტემპერატურამდე გახურებისთვის ნაკლები დრო სჭირდება. თანაც, თბილი ჰაერი ნაკლებ აეროდინამიკურ წინააღმდეგობას იწვევს. მაგრამ თუ კონდიციონერს ჩართავთ, საწვავის ხარჯი შესაძლოა 25 პროცენტითაც კი გაიზარდოს.

  1. გადართეთ დროულად

თუ თქვენს ავტომობილს მექანიკური გადაცემათა კოლოფი აქვს, ნუ დაგეზარებათ გადართვა და შეეცადეთ, რომ ტახომეტრის ისარი იშვიათად გადასცდეს 2000 ბრუნს.

  1. ძრავის გახურებას ზედმეტი დრო არ დაუთმოთ

მანქანა თამამად შეგიძლიათ დაძრათ ძრავის ამუშავებიდან 1 წუთში, მაგრამ ნუ ამუშავებთ მაღალ ბრუნებზე, სანამ ოპტიმალური ტემპერატურა არ გამოვლინდება.

 

წყარო: autonews.com-ze

მასალა მოამზადა: ლაშა ჯინჭარაძემ

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტირნა”

 

 

 

სრულად ნახვა
გამოგონება - ინოვაციასაქართველო

ხელსაწყო, რომელიც მეწყრის პროგნოზირებას შეძლებს, სენაკელმა ახალგაზრდებმა გამოიგონეს

27 თებერვალს გამოვლინდა ათასწლეულის ინოვაციის კონკურსის (Millennium Innovations Award – MIA) გამარჯვებული გუნდი – ,,Smart Kids-ი”, რომლის წევრები არიან: ალექსი ტყებუჩავა, ნათია შამათავა, დეა ჩიტაია, ლიკა კოკაია და გვანცა ჩიქოვანი. ახალგაზრდები წმ. ალექსი შუშანიას სახელობის სენაკის მართლმადიდებლური სკოლა-გიმნაზიის მოსწავლეები არიან. კონკურსის მიზანია საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისა და ტექნოლოგიების სფეროში ახალგაზრდების წახალისება, რაც, უპირველეს ყოვლისა, ხელს შეუწყობს აღნიშნული სფეროების განვითარებას ქვეყანაში. გუნდი აპრილში აშშ-ის ნასას კოსმოსურ ცენტრში გაემგზავრება. პროექტს ახორციელებს ,,ათასწლეულის გამოწვევის ფონდი – საქართველო”, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, აშშ-ის საელჩოსა და კომპანია ,,ჯეოსელის” მხარდაჭერით. ,,დოქტრინა” გაესაუბრა ჯგუფის წევრებსა და მათს მენტორ უტა კილასონიას. მათ დეტალურად ისაუბრეს გამოგონებაზე, რომელიც გააკონტროლებს მეწყერსაშიშ ზონებს, რათა თავიდან ავირიდოთ ადამიანთა მსხვერპლი და მინიმუმამდე დავიყვანოთ მოსალოდნელი ეკონომიკური ზარალი.

,,ჩვენი პროექტის, ,,გეოლოგიური საფრთხეების”, მიზანია, წინასწარ განვსაზღვროთ მეწყერის მოახლოების საშიშროება. ეს ხელსაწყო არის შეტყობინების სისტემა. გამოყენებული გვაქვს ჰოლის სენსორი, რომელიც გვიჩვენებს მაგნიტური ველის ინტენსივობის ცვლილებას. ჩვენს პროექტს ბევრი უპირატესობა აქვს: იაფია, ერგება ყველანაირ რელიეფს, გამოირჩევა სიზუსტით, საიმედოობით, ყველაზე მნიშვნელოვანი კი ისაა, რომ მისი დამზადება, წარმოება და დანერგვა შესაძლებელია საქართველოში. გრუნტის ზედაპირზე, მცირე ზომის თხრილში, თავსდება მაგნიტები, მათ ზემოთ რამდენიმე მილიმეტრის დაშორებით – ჰოლის სენსორები, რომელიც დაკავშირებულია მიკრო პროცესორთან და GSMსისტემის საშუალებით ინფორმაციას გადასცემს ცენტრალურ სერვერს. პლანშეტებში ჩატვირთულია აპლიკაცია, რომელიც საშუალებას გვაძლევს დავარეგულიროთ ზღვარი. როდესაც მიწაში რხევები გადააჭარბებს ჩვენს დაყენებულ ზღვარს, ხელსაწყო ავტომატურად აგზავნის შეტყობინებებს დარეგისტრირებულ მოსახლეობასთან მობილურ ტელეფონებზე. აღსანიშნავია, რომ სენსორულ აპარატს ანალოგი არ აქვს მსოფლიოს მასშტაბით. ეს იდეა გაგვიჩნდა 2016 წლის ფაქტიდან გამომდინარე, აგვისტოში მოვარდნილმა წყალდიდობამ და ღვარცოფმა დიდი ზარალი მიაყენა სენაკს, კერძოდ, ჩაინგრა ჩვენი სკოლა-გიმნაზიის მისასვლელი საავტომობილო გზა და ხიდი,” – აღნიშნეს ახალგაზრდებმა.

,,შევისწავლეთ დღეს არსებული ხელსაწყოები, რომელთათვისაც მილიონობით ლარია საჭირო. ჩვენი მოწყობილობა, ვფიქრობთ, ხარჯეფექტიანია სახელმწიფოსთვის, ჯდება დაახლოებით 10 000 ლარი, თანაც არის უფრო ზუსტი, ვიდრე არსებული. ჩვენი იდეების გაანალიზებაში, მოდელირებასა და კონსტრუირებაში დაგვეხმარა დავით სონღულაშვილის ვირტუალური ლაბორატორია და საგანმანათლებლო სისტემაზე დაფუძნებული STEM (Science, Technology, Engineering, Mathematics) კურსები, რომელიც ერთი წლის წინ გავიარეთ,” – აღნიშნა გუნდის მენტორმა, უტა კილასონიამ.

იგეგმება მოწყობილობის დამონტაჟება ნოქალაქევის არექეოლოგიური მუზეუმ-ნაკრძალის ტერიტორიაზე.

აღსანიშნავია, რომ სენაკელი ახალგაზრდების შექმნილ სენსორულ მოწყობილობას  უკვე დიდი გამოხმაურება და დადებითი შეფასებები მოჰყვა მეცნიერთა საზოგადოებისგან. წინ კი ჰიუსტონია, NASA, სადაც მოსწავლეები კოსმოსური ცენტრის უნივერსიტეტის საგანმანათლებლო პროგრამას გაივლიან.

 

მასალა მოამზადა: ნინი მშვენიერიძემ

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”

 

 

 

სრულად ნახვა
გამოგონება - ინოვაციამანქანათმშენებლობა

უფანჯრო თვითმფრინავებში მგზავრებს ცის პანორამული ხედის ნახვის შესაძლებლობა ექნებათ

ბრიტანულმა სამეცნიერო-კვლევითმა ცენტრმა (Centre for Process Innovation) განაცხადა, რომ  უფანჯრო თვითმფრინავების შექმნაზე მუშაობს.

მგზავრების უმეტესობას სურს თვითმფრინავში ფანჯრის მხარეს დაჯდეს. ცენტრის მიზანია, თვითმფრინავების OLED (ორგანული, შუქის გამომსხივებელი დიოდი) ეკრანებით აღჭურვა, რაც ყველა მგზავრს ვირტუალური ფანჯრით უზრუნველყოფს.

OLEDეკრანებს თვითმფრინავებზე დაამაგრებენ და სპეციალური ტექნოლოგიის საშუალებით მგზავრებს გარეხედის ხილვის საშუალება ექნებათ.

სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი სიახლის დანერგვას 10-15 წელიწადში გეგმავს.

OLED-ის (ორგანული, შუქის გამომსხივებელი დიოდი) ტექნოლოგიას შეუძლია გადმოსცეს მკაფიო ნათება და ამავდროულად მოიხმაროს ნაკლები ენერგია. ასეთი თვისებების გამო შესაძლებელი გახდა ინფორმაციის ნათებით გამოსახვა ანუ მონიტორზე ინფორმაციის გამონათება. აქედან გამომდინარე, ეს OLEDტექნოლოგიები ინერგება და გამოიყენება მობილურ ტელეფონების, ფოტოაპარატების, ვიდეოკამერების, სანავიგაციო და სხვა მისთან აპარატთა ეკრანების დასამზადებლად.

რამდენიმე დაწკაპუნებით მგზავრი შეძლებს ატვირთოს ინფორმაცია მიმდინარე ფრენის შესახებ, მაგალითად, „რამდენ ხანში ვიქნებით?“ – ეს კითხვა ხომ მხოლოდ ბავშვებს არ აწუხებთ. სენსორული ეკრანის გამოყენებით სტიუარდის გამოძახებაცაა შესაძლებელი.

თუმცა ეს ინფორმაცია სულაც არაა სასიამოვნო მათთვის, ვისაც სიმაღლის შიში აქვთ, მითუმეტეს, თუ ეკრანებს თვითმფრინავის იატაკზე დაამონტაჟებენ.

 

წყარო: http://www.travelthewholeworld.org/

მასალა მოამზადა: თამარ ტაბატაძემ

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”

 

სრულად ნახვა
მანქანათმშენებლობა

,,პორშე” ელექტრომანქანის გამოშვებას გეგმავს

გერმანული მანქანათმწარმოებელი კომპანია – ,,პორშე” – გეგმავს სწრაფი ელექტრომანქანის გამოშვებას სულ მალე. მანქანას ჰქვია “Mission E” და მას 15 წუთი ეყოფა, რომ სრულად დაიტენოს და განავითაროს ისეთი სისწრაფე, რომლითაც პორშეს 911 მოდელსაც კი აჯობებს.  600 ცხენისძალიანი მანქანა დაახლოებით 500 კილომეტრს გაივლის დატენვის გარეშე.

,,პორშე”, რომელიც ეკუთვნის VW ჯგუფს, მანქანას შტუტგარდის ახლოს ააწყობს. გამოგონება და იდეის სრულყოფილად განხორციელება დაახლოებით 1 მილიარდ ევრო დაჯდება. 1000-ზე მეტი ახალი სამუშაო დაიწყება. ,,პორშემ” განაცხადა, რომ ამ მანქანის შექმნა ემსახურება ბუნების დაცვასა და ტექნოლოგიის ახალ ეტაპზე გადასვლას.

,,VW–ს” სურს, რომ თავისი კომპანია განვითარდეს და გაუთანაბრდეს ამერიკულ კომპანია ,,Tesla–ს”, როგორც ცნობილია ,,Tesla” ყველაზე განვითარებული კომპანიაა ელექტრომანქანების გამოშვება გაყიდვის საკითხში, ელექტრომანქანებს ძალიან დიდი პოტენციალი აქვს მთელ მსოფლიოში, რადგან ისინი ბევრად ეკონომიურია, ვიდრე სხვა მანქანები და ასევე – ნაკლებად აბინძურებს გარემოს.

 

წყარო:Inc.com

მასალა მოამზადა: ლაშა ჯინჭარაძემ

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”

 

სრულად ნახვა
მანქანათმშენებლობა

,,Baidu” ნახევრად თვითმმართავ ავტომობილს გამოუშვებს

 

ჩინეთის ინტერნეტსაძიებო სისტემის კომპანია – ,,Baidu” –  გეგმავს, რომ ნახევრად თვითმმართავი მანქანა გამოუშვას. სამი ,,BMW–ს” მარკის გადაკეთებული მანქანა  30 კილომეტრზე საცდელად ჩინეთის დედაქალაქ ბეიჯინგში გაუშვეს. პირველი ცდა წარმატებით დასრულდა.

მანქანას უნდა შეესრულებინა სხვადასხვა სახის მანევრი, რითაც გამომგონებლები დარწმუნდებოდნენ მის  ვარგისიანობაში. მანქანას უნდა განესაზღვრა, თუ როგორი სისწრაფით დადიოდნენ სხვა მანქანები და, საჭიროების შემთხვევაში, გადაესწრო მათთვის. ახალ ნახევრად თვითმმართავ მანქანას შეუძლია განავითაროს 100კმ/სთ სიჩქარე.

,,Baidu–მ” განახორციელა საჭირო პროგრამული უზრუნველყოფა და მანქანას ჩაუმაგრა ტვინი, რომელიც იყენებს საკუთარ რუკას ადგილმდებარეობის განსაზღვრისთვის და ასევე, დამოუკიდებლად იღებს გადაწყვეტილებებს.

კომპანიას სურს, რომ მსგავსი მოწყობილობები გამოიყენონ სახალხო ტრანსპორტისთვის, რომელიც გადაიყვანს მგზავრებს ერთი ადგილიდან მეორეში.

,,Baidu” უერთდება Google–ს, Apple–სა and Tesla–ს თვითმმართავი მანქანების გამოშვებაში და მომავალში აუცილებლად გამოიყენებენ მათ სხვადასხვა მიზნისთვის.

 

წყარო: http://hbr.com/

მასალა მოამზადა: ლაშა ჯინჭარაძემ

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”

 

 

 

სრულად ნახვა
1 80 81 82 83 84 91
Page 82 of 91