close
ამოგონება - ინოვაციააქართველო

,,მეცნიერი მე“ – ქართველი გოგონას პროექტი ბავშვებში შემეცნების დონის ასამაღლებლად

Tako basishvili

 ,,მეცნიერი მეარის  კიდევ ერთი ახალი პროექტი, რომლის მიზანია, შექმნას სახლში მარტივად ჩასატარებელი სამეცნიერო ექსპერიმენტები ქართველი ბავშვებისთვისა და ტინეიჯერებისთვის. მასში შემავალი დაბალბიუჯეტიანი ექსპერიმენტები მიზნად ისახავს მოზარდების ცოდნის გაღრმავებას ისეთ სფეროებში, როგორიცაა – ასტრონომია, გეოლოგია, მეტეოროლოგია, კომპიუტერული მეცნიერებები, ფიზიკა, მათემატიკა და ინჟინერია. ,,დოქტრინადაინტერესდა პროექტით და გაესაუბრა თაკო ბასიაშვილს.

თაკო ბასიაშვილი ჯერ მხოლოდ 19 წლისაა და სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსისტეტის ბიოქიმიის ფაკულტეტის მეორე კურსის სტუდენტია, თუმცა უკვე მოასწრო საკმაოდ საპასუხისმგებლო და საინტერესო პროექტის განხორციელებაში მიეღო მონაწილეობა. ეს არის პროექტი – „მეცნიერი მე“, რომლის იდეაც გაჩნდა არასამთავრობო ორგანიზაცია  -„JumpStart Georgia-ში“, სადაც ის პირველი კურსის დასასრულს მივიდა ამ პროექტზე სამუშაოდ. პროექტი უშუალოდ ამერიკის საელჩოს მხარდაჭერით ორგანიზაცია „JumpStart Georgia-ში“ განხორციელდა.

პროექტი ,,მეცნიერი მე“ (mecnieri.me) 12-წლამდე ბავშვებისთვის შექმნილი შემეცნებითი ონლაინპლატფორმაა, სადაც განთავსდა საინტერესო და რაც მთავარია, მარტივი ექსპერიმენტები. ამ ექსპერიმენტების მთავარი ხიბლი კი ისაა, რომ თითოეული მათგანის გაკეთება შესაძლებელია სახლში მარტივად მოსაპოვებელი ნივთებით.  ,,საიტზე თავმოყრილია ისეთი ექსპერიმენტები, რომელიც სახალისოა და პარალელურად ძალიან საინტერესოც, როგორც პატარებისთვის, ასევე ზრდასრულებისთვისაც. მაგალითად, ჩვენ ვასწავლით ბავშვებს, თუ როგორ შეუძლიათ გაბერონ გიგანტური საპნის ბუშტები სახლის პირობებში, ან თუნდაც სხვადასხვა ტიპის მფრინავის დიზაინს, რომლის კეთების დროსაც ისინი გართობასთან ერთად, საკმაოდ ბევრს სწავლობენ აეროდინამიკის შესახებ,“ – აღნიშნა თაკომ.

პროექტის იდეის უკეთ გასაგებად ავიღოთ რამდენიმე მარტივი ექსპერიმენტი, ერთ-ერთი მათგანია „უჩინარი მელანი“. ამ ექსპერიმენტისთვის საჭიროა მხოლოდ ფურცელი და ლიმონის წვენი. თუ ბავშვი ლიმონის წვენით ფურცელზე დაწერს რაიმე სიტყვას და გააშრობს მას, ფურცელზე არაფერი გამოჩნდება, თუმცა ფურცელის შეთბობის შემთხვევაში  გარკვევით გამოისახება დაწერილი სიტყვა. თვითონ პროცესი კი, არა მარტო სახალისო, არამედ შემეცნებითიცაა, რადგან ბავშვებს საიტზევე შეუძლიათ ნახონ ამ პროცესის ახსნა და გაიგონ მეტი თუ რატომ მიმდინარეობს ეს პროცესი, საიტი აწვდის მათ შესაბამის ინფორმაციას, ამრიგად მათთვის ცნობილი ხდება, რომ ლიმონის წვენი, ისევე, როგორც სხვა ხილის წვენი, შეიცავს ნახშირბადის ნაერთებს. ეს ნივთიერებები ოთახის ტემპერატურაზე უჩინარები არიან, მაგრამ სითბოს შეუძლია დაშალოს ისინი და გაათავისუფლოს ნახშირბადი. თუ ნახშირბადი ჰაერს შეხვდება, იწყება დაჟანგვის პროცესი და ნივთიერება გადაიქცევა ღია ან მუქ ყავისფრად, რაც განაპირობებს ზუსტად ამ ექსპერიმენტის შედეგსაც.

 

შემდეგი მარტივი ექსპერიმენტია ,,გიგანტური საპნის ბუშტები“, ალბათ ყველა ბავშვს უოცნებია დიდი ზომის საპნის ბუშტებზე,  რაც სინამდვილეში არც ისეთი რთულია, როგორიც ჩანს.  ამისთვის საჭიროა, ერთ ჭიქა წყალს შევურიოთ ორი სუფრის კოვზი ჭურჭლის სარეცხი სითხე, ერთი სუფრის კოვზი გლიცერინი (შესაძლებელია აფთიაქში შეძენა) და ერთი ჩაის კოვზი შაქარი, მათი ნარევი 1 სთ-ის განმავლობაში უნდა შევინახოთ დახურულ კონტეინერში, რის შემდეგაც, ნაზად უნდა მოვურიოთ და დრეკადი მეტალის ჯოხებით შევუდგეთ გიგანტური ბუშტების შექმნას.

პროექტი „მეცნიერი მე“ ხელს უწყობს ბავშვების ინტერესის გაღვივებას სამეცნიერო სფეროების მიმართ და აძლევს მათ საშუალებას სხვა თვალით შეხედონ მათ გარშემო მიმდინარე პროცესებს. პროექტის პრეზენტაცია უკვე შედგა თბილისში, ქუთაისში, გორსა და ხარაგაულში, სამომავლოდ შეიძლება პროექტმა ბანაკის სახეც მიიღოს და სხვადასხვა ასაკობრივი კატეგორიაც დაემატოს, თუმცა, როგორც თაკომ აღნიშნა, ეს ბევრ ფაქტორზეა დამოკიდებული, ფაქტი ერთია -პროექტი საკმაოდ მნიშვნელოვანია ქართველი ახალგაზრდებისთვის შემეცნების დონის ამაღლებისთვის, ,,მეცნიერებასთან და ტექნოლოგიებთან ადრეული ასაკიდანვე ურთიერთობა ხელს შეუწყობს ჩვენს ქვეყანაში ამ სფეროების მიმართ გარკვეული სტერეოტიპების დარღვევას და ტექნოლოგიურ-სამეცნიერო სფეროების მომავალი განვითარების და წარმატების საწინდარიც იქნება,“-აღნიშნა თაკომ დასასრულს.

 

მასალა მოამზადა: თამარ დევდარიანმა

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”

 

 

 

მასალის გამოყენების პირობები

კომენტარი

Tags : slid
admin2

The author admin2

კომენტარის დაწერა