close

ტექნოლოგიები

მედიცინატექნოლოგიები

მეცნიერებმა შექმნეს რობოტი, რომელსაც ძუძუს კიბოს ადრეულ ეტაპზე დიაგნოზირება შეუძლია

ბრისტოლის უნივერსიტეტმა შექმნა რობოტი, რომელსაც შეუძლია ხელი შეუწყოს ძუძუს კიბოს ადრეულ ეტაპზე დიაგნოზირებას.
ბრისტოლის ლაბორატორიის ჯგუფმა შეიმუშავა ხელის მსგავსი მოწყობილობა სენსორებით, რომელიც სარძევე ჯირკვლების შესამოწმებლად ადამიანის მსგავს ძალას იყენებს და სიმსივნეს უფრო დიდ სიღრმეზე აღმოაჩენს.
რობოტის შემქმნელი ჯგუფის თქმით, მათი პროექტის საბოლოო მიზანი იყო ის, რომ მოწყობილობას შეძლებოდა სიმსივნის ამოცნობა უფრო ზუსტად და უფრო ღრმა დონეზე, ვიდრე ეს შესაძლებელია ადამიანის შეხებით და ის კომბინირებული ყოფილიყო არსებულ ტექნიკასთან, როგორიცაა ულტრაბგერითი ტექნიკა.
რობოტი 3D ბეჭდვის გამოყენებით შეიქმნა.
უნივერსიტეტში განმარტავენ, რომ რობოტს შეუძლია ხელი შეუწყოს ქალებს ჩაიტარონ მკერდის ჯანმრთელობის მონიტორინგი უსაფრთხო და ზუსტი ელექტრონული გამოკვლევებით ადვილად მისაწვდომ ადგილებში, როგორიცაა აფთიაქები და ჯანმრთელობის ცენტრები.

ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
ასტრონომია - კოსმოსიტექნოლოგიები

SpaceX-ი კოსმოსში ჩარჩენილ ასტრონავტებს სახლში დაგეგმილ დროზე ადრე დააბრუნებს

SpaceX-ის კოსმოსური ხომალდი Crew Dragon-ი, რომლის ბორტზეც ოთხი ასტრონავტი იქნება, სამაშველო მისიის შესასრულებლად 12 მარტს გაეშურება. მანამდე ვრცელდებოდა ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ ეს მხოლოდ მარტის ბოლოსთვის იქნებოდა შესაძლებელი.

მისია Crew-10-ის ბორტზე ოთხი ასტრონავტი იქნება – ამერიკელი კოსმონავტები ენ მაკლეინი და ნიკოლ აიერსი, იაპონელი ასტრონავტი ტაკუია ონისი და რუსი ასტრონავტი კირილ პესკოვი.

მას შემდეგ, რაც Crew-10 საერთაშორისო კოსმოსურ სადგურს მიაღწევს, Crew-9-ზე მყოფი ამერიკელი ასტრონავტები სუნიტა უილიამსი და ბარი უილმორი სახლში დაბრუნებას შეძლებენ.

რამდენიმე დღის წინ, ერთ-ერთი ვიდეო ჩართვის დროს, სუნიტა უილიამსმა აღნიშნა, რომ მას დაავიწყდა სიარული, ჯდომა და წოლა.

„მე აქ უკვე დიდი ხანია ვარ. ახლა ვცდილობ გავიხსენო როგორია, როდესაც ფეხით დადიხარ. მე დიდი ხანია არ მივლია ფეხით, არ დავმჯდარვარ, არც კი დავწოლილვარ“, – განაცხადა უილიამსმა.

უილიამსი და უილმორი ორბიტაზე 5 ივნისს გაემგზავრნენ. მათი მისია მხოლოდ 8 დღეს უნდა გაგრძელებულიყო, თუმცა ხომალდის ტექნიკური პრობლემების გამო ისინი დედამიწაზე ვეღარ დაბრუნდნენ.

აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა სთხოვა ილონ მასკსა და SpaceX-ს, კოსმოსიდან ჩამოიყვანონ NASA-ს 2 ასტრონავტი, რომლებიც “ბაიდენის ადმინისტრაციამ კოსმოსში მიატოვა”.

ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა“

სრულად ნახვა
ტექნოლოგიები

Google-ის ყოფილი ხელმძღვანელი შიშობს, რომ ტერორისტები ხელოვნური ინტელექტის გამოყენებას დაიწყებენ

Google-ის ყოფილი ხელმძღვანელი ერიკ შმიდტი შიშობს, რომ ხელოვნურ ინტელექტს ტერორისტები გამოიყენებენ იმისთვის, რომ უდანაშაულო ადამიანებს ავნონ.

BBC-თან ინტერვიუში შმიდტმა აღნიშნა, რომ მათ ტექნოლოგიები შეიძლება ბიოლოგიური იარაღის შექმნისთვის გამოიყენონ.

მაგალითისთვის, მან ბინ ლადენი მოიყვანა, რომელიც 2001 წლის 11 სექტემბრის ტერორისტული აქტის ორგანიზატორი იყო, რომლის დროსაც თვითმკვლელმა ტერორისტებმა ოთხი სამგზავრო თვითმფრინავი გაიტაცეს. ორი თვითმფრინავი ნიუ იორკში, მსოფლიო სავაჭრო ცენტრის ცათამბჯენებს შეეჯახა. კიდევ ერთი თვითმფრინავი ტერორისტებმა ქვეყნის დედაქალაქ ვაშინგტონში პენტაგონს დააჯახეს, ხოლო მეოთხე თვითმფრინავი პენსილვანიის მინდორში ჩამოვარდა.

„მე ყოველთვის ვნერვიულობ „ოსამა ბინ ლადენის“ სცენართან დაკავშირებით, როდესაც მართლა არსებობს ბოროტი ადამიანი, რომელიც ითვისებს ჩვენი თანამედროვე ცხოვრების რომელიმე ასპექტს და იყენებს მას იმისთვის, რომ უდანაშაულო ადამიანებს ავნოს“, – განაცხადა შმიდტმა და აღნიშნა, რომ სახელმწიფოებისა და ხელოვნური ინტელექტის შემქმნელებს შორის უნდა იყოს უწყვეტი კავშირი და ეს სფერო უნდა მკაცრად რეგულირდებოდეს.

შმიდტმა აღნიშნა, რომ 15 წლის წინ მსხვილ ტექნოლოგიურ კომპანიებს არ ესმოდათ ხელოვნური ინტელექტის პოტენციალის, თუმცა დღეს ეს ასე აღარ არის.

შმიდტი Google-ის გენერალური დირექტორის თანამდებობას 2001-2017 წლებში იკავებდა.

ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა“

სრულად ნახვა
გამოგონება - ინოვაციარობოტექნიკარობოტექნიკატექნოლოგიები

პოლონურმა კომპანიამ წარადგინა პირველი რობოტი-ჰუმანოიდი სინთეტიკური კუნთებით

პოლონურმა კომპანიამ Clone Robotics წარადგინა პირველი რობოტი Clone Alpha, რომელსაც აქვს სინთეტიკური ორგანოები, ხელოვნური კუნთები და ჩონჩხის სისტემა. შესაბამისად, Clone Alpha დეტალურად იმეორებს ადამიანის აგებულებას.

პოლონურ კომპანიას სურს შექმნას ისეთი რობოტი, რომელიც მაქსიმალურად დაემგვანება თავისი აგებულებით ადამიანს.

Clone Robotics-ში იმედოვნებენ, რომ მათ მიერ წარმოებულ რობოტებს ექნებათ ის მოქნილობა და ფიზიკური ძალა, რაც ახასიათებთ ცოცხალ არსებებს.

რობოტი აღჭურვილია რთული სენსორული სისტემით, 400-მდე ინერციული გადამცემი მოწყობილობებით, რომლებიც კუნთების ძალას აკონტროლებენ.

კომპანიის ოფიციალურ ვებ-გვერდზე უკვე 279-მა დამკვეთმა გამოთქვა სურვილი, შეიძინოს Clone Alpha.

ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა“

სრულად ნახვა
რობოტექნიკატექნოლოგიები

შეძლებენ თუ არა რობოტები ხელოვნური ინტელექტით ჩაანაცვლონ ასტრონავტები კოსმოსში?

ზოგიერთი მეცნიერი თვლის, რომ მომავალში ასტრონავტი ადამიანები საჭიროებას დაკარგავენ და მათ ჩაანაცვლებენ რობოტები ხელოვნური ინტელექტით, – წერს BBC.

ინგლისელი ასტრონავტის მარტინ რიზის თქმით, რობოტები ძალიან სწრაფად ვითარდებიან. რიზი რობოტების კოსმოსში გაგზავნაში უფრო მეტ სარგებელს ხედავს, ვიდრე ადამიანების. ის თვლის, რომ ეს ბევრად უფრო იაფი დაჯდება და ნაკლებ რისკებთანაც იქნება დაკავშირებული.

„კოსმოსის სერიოზული შესწავლისთვის მე უპირატესობას რობოტექნიკას ვანიჭებ“, – განაცხადა ინგლისელმა მეცნიერმა ენდრიუ ქოუთსმა და აღნიშნა, რომ ხელოვნური ინტელექტი სულ უფრო ვითარდება და ჭკვიანი ხდება.

რობოტებს შეუძლიათ შეიტანონ თავისი წვლილი მეცნიერულ კვლევებში და იმოგზაურონ ისეთ ადგილებში, სადაც ადამიანებს მოხვედრა არ შეუძლიათ.

მეცნიერები აღნიშნავენ, რომ რობოტექნიკა მზის სისტემის თითქმის ყველა პლანეტაზე მოხვდა, თუმცა ადამიანებმა მოხვედრა მხოლოდ მთვარეზე და დედამიწის ორბიტაზე შეძლეს. 1961 წლიდან კოსმოსში 700-მდე ადამიანია მოხვედრილი.

ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა“

სრულად ნახვა
მედიცინარობოტექნიკატექნოლოგიები

BBC: შეძლებენ თუ არა რობოტები მოახდინონ რევოლუცია ონკოქირურგიაში?

გლაზგოში ქირურგებმა ჩაატარეს ოპერაცია ონკოპაციენტებზე რობოტის მეშვეობით, რომელსაც მოფერებით როქსის ეძახიან, – წერს BBC-ი.

გინეკოლოგ-ონკოლოგები როქსის ოთხი ხელის მეშვეობით, რომლებზეც ქირურგიული ინსტრუმენტებია მიმაგრებული, ურთულეს ოპერაციებს ასრულებენ.

ქირურგები, რომლებიც ოპერაციების დროს რობოტებს იყენებენ აცხადებენ, რომ ინოვაციები და ტექნოლოგიები ერთ-ერთ მნიშვნელოვან პლატფორმად იქცევა ჯანდაცვის სფეროში.

შოტლანდიელმა ექიმებმა რობოტების გამოყენება ქირურგიაში 2015 წელს დაიწყეს და მას შემდეგ ეს მიმართულება გამუდმებით ვითარდება. რობოტექნიკა აქტიურად გამოიყენება არა მხოლოდ ონკოლოგიაში, არამედ უროლოგიაში, თორაკალურ ქირურგიაში [გულმკერდის ქირურგია], პანკრეატიტის, ორთოპედიის და სხვა დაავადებების მართვის დროს.

2021 წელს შოტლანდიის მთავრობამ განახორციელა 20 მილიონიანი ინვესტიცია 12 რობოტის შესაძენად, უპირველეს ყოვლისა, ონკოლოგიური ქირურგიის განსავითარებლად. ქირურგების თქმით, ეს მეთოდი აძლევთ მათ საშუალებას უფრო იოლად შეასრულონ რთული ოპერაციები, ხოლო პაციენტებმა უკეთესად და სწრაფად შეძლონ პოსტოპერაციული პერიოდის გავლა.

პაციენტების შეფასებით, ოპერაციამ, რომელიც ქირურგებმა რობოტების საშუალებით ჩაატარეს, მათთვის იმდენად იოლად ჩაიარა, რომ, როდესაც გაიღვიძეს ვერც კი იგრძნეს, რომ მათ ოპერაცია გაუკეთეს. პაციენტების სახლში გაწერა კი მეორე დღესვე მოხერხდა.

ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა“

სრულად ნახვა
მედიცინატექნოლოგიები

პირის ღრუს ტესტით ბიოლოგიური ასაკის დადგენა შეგვეძლება — როგორ

შეიმუშავეს პირის ღრუს ტესტი, რომელიც გვეუბნება, თუ როდის მოვკვდებით.

მეცნიერებმა შეიმუშავეს ახალი გზა იმის დასადგენად, თუ როდის შეიძლება მოკვდეთ.

საუბარია ბიოლოგიური ასაკის გაშიფვრაზე — CheekAge-ზე, რომელიც კომპანია Tally Health-ის მიერ არის შემუშავებული. ეს არის ე.წ. “ეპიგენეტიკური საათის” ტექნოლოგიის გაცილებით ნაკლებად ინვაზიური ვერსია. მას მეცნიერები იმის გასაგებად იყენებენ, თუ რამდენად სწრაფად ბერდება ადამიანი.

როგორც წესი, დაბერების ტემპს განსაზღვრავს როგორც გენეტიკური ფაქტორები, ისე ცხოვრების სტილი. რასის, ეპიგენეტიკური ფაქტორებისა და გარემო ფაქტორებიდან მეცნიერებს დიდი სიზუსტით შეუძლიათ განსაზღვრონ ის, თუ რა ტემპით დავბერდებით.

მარტივად რომ ვთქვათ: მეცნიერებს შეუძლიათ გვითხრან, როდის მოვკვდებით. წარსულში ეს პროცესი მოიცავდა სისხლის ქსოვილის ნიმუშების აღებას ან სხვა კომპლექსურ კვლევებს.

ნაკლებად ინვაზიური გადაწყვეტის ძიებისას, ნიუ-იორკში დაფუძნებული კომპანიის მკვლევრებმა არა მხოლოდ ახალი მეთოდოლოგია გამოიგონეს, არამედ მის წარმოებაში ჩაშვებასაც აპირებენ.

Tally Health-ის მკვლევრებმა დროთა განმავლობაში საკმარისი ბიომარკერები დაამუშავეს, რათა საკუთარი ეპიგენეტიკური საათის კრიტერიუმები შეემუშავებინათ.

ახალ კვლევაში, რომელიც ჟურნალ Frontiers in Aging-ში გამოქვეყნდა, Tally-ის ექსპერტებმა განმარტეს, რომ შეიმუშავეს ტექნოლოგია, რომელსაც დნმ-ის მეთილიერება შეუძლია. ტექნოლოგია ამას ლოყის ნაცხის გააანალიზებით ახერხებს. სწორედ ასეა შესაძლებელი იმის დადგენა, თუ რამდენად ადრე ბერდება ადამიანი.

“ამ მარტივი მეთოდით (პირის ღრუს ტესტით) ყველას შეეძლება საკუთარი დაბერების ბიოლოგიის შესწავლა”, — აღნიშნულია კვლევაში.

მკვლევრების თქმით, პირის ღრუს ნაცხი დაახლოებით 250 დოლარი ეღირება.

ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
გამოგონება - ინოვაციამედიცინა

მეცნიერებმა ქაღალდის ინდუსტრიის ნარჩენებისგან ტკივილგამაყუჩებლები დაამზადეს

ბათის უნივერსიტეტის (University of Bath, UK) მკვლევრებმა იბუპროფენისა და სხვა ტკივილგამაყუჩებლების დასამზადებლად ქაღალდის წარმოების ნარჩენები გამოიყენეს.

სამეცნიერო ჟურნალ ChemSusChem-ში გამოქვეყნებულ კვლევაში მეცნიერთა ჯგუფი ამ მეთოდით პარაცეტამოლისა და იბუპროფენის წარმოებას აღწერს. ტკივილგამაყუჩებელი მედიკამენტების მწარმოებლების უმეტესობა დღეს ამ მიზნით ნედლი ნავთობისგან მიღებულ ქიმიურ პრეკურსორებს იყენებს.

2019 წელს გამოქვეყნებული კვლევის თანახმად, წამლის მწარმოებელი კომპანიები საავტომობილო ინდუსტრიაზე უფრო მეტ ნახშირორჟანგს გამოყოფენ. მიუხედავად გარემოზე შესაძლო პოზიტიური გავლენისა, ტკივილგამაყუჩებელი წამლების ამ გზით წარმოება უფრო ძვირია.

ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
ტექნოლოგიები

“AI კაცობრიობას მოსპობს?” — ხელოვნურ ინტელექტთან დაკავშირებული 3 ყველაზე დიდი შიში

“AI ისეთივე საშიშია, როგორიც ბირთვული ომი ან გლობალური პანდემია”, — ვკითხულობთ Center for AI Safety (CAIS)-ს უახლეს გაფრთხილებაში. მოსაზრებას მხარს უჭერენ ინდუსტრიის მოწინავე აქტორები, მათ შორის, სემ ალთმანი, ChatGPT-ს შემქმნელი კომპანია OpenAI-ს ხელმძღვანელი.

ამ თვეში უკვე არაერთი მსგავსი გაფრთხილება გამოქვეყნდა. ზოგიერთი შიშობს, რომ ხელოვნური ინტელექტი მალე კაცობრიობას გადაასწრებს, ზოგიერთი კი მის რეგულირებას ითხოვს.

ამ სტატიაში შეგიძლიათ, გაეცნოთ AI-სთან დაკავშირებულ 3 მთავარ შიშს და დაფიქრდეთ, რამდენად საფუძვლიანია თითოეული მათგანი.

1. AI კაცობრიობას მოსპობს

როცა საქმე ხელოვნური ინტელექტისადმი შიშს ეხება, ადამიანების უმრავლესობას პირველი სწორედ კაცობრიობის გადაშენების საკითხი აწუხებს.

ChatGPT-ს გამოშვებასთან ერთად, ინტერნეტ-მომხმარებლები უფრო და უფრო რწმუნდებიან, რომ ხელოვნური ინტელექტი ადამიანს ემსგავსება. მიუხედავად იმისა, რომ ამჟამინდელი AI სისტემები ცნობიერი არაა, ისინი იმგვარადაა დაპროგრამებული, რომ სხვა პიროვნებასთან ურთიერთობის განცდა დაგვიტოვოს.

თუმცა, როცა ხელოვნური ინტელექტის ცნობიერების საკითხზე ვსაუბრობთ, ზოგიერთი იმასაც ამტკიცებს, რომ თანამედროვე AI სისტემებმა ცნობიერების გარკვეულ დონეს უკვე მიაღწია.

ექსპერტები ხაზს უსვამენ კიდევ უფრო ახლო და საჭირბოროტო საკითხსაც, კერძოდ, AI-ს სამხედრო სფეროში გამოყენებას, რომელიც უკვე დაწყებულია და სწრაფი ტემპით მიმდინარეობს.

დევიდ კრუგერის, AI-ს ექსპერტისა და კემბრიჯის უნივერსიტეტის ასისტენტ-პროფესორის აზრით, ავტონომიური იარაღებით გაწეულმა სამხედრო კონკურენციამ, შესაძლოა, მილიონობით ადამიანი შეიწიროს. მეტიც, თუკი AI მწყობრიდან გამოვა და ომის მეთაურები მასზე კონტროლს დაკარგავენ, შედეგი შეიძლება მთელი კაცობრიობის განადგურება აღმოჩნდეს.

2. AI მასობრივ უმუშევრობას გამოიწვევს

მეორე ყველაზე პოპულარული შიში უმუშევრობას უკავშირდება.

ChatGPT-ს, Midjourney-სა და სხვა AI სისტემების ბაზარზე შემოსვლით, უკვე ბევრ ადამიანს გაუჩნდა შიში, რომ ხელოვნური ინტელექტი ერთ დღესაც მათ სამუშაო ადგილს დაიკავებს.

აბჰიშეკ გუპტას, Montreal AI Ethics Institute-ის დამფუძნებლი თქმით, ხელოვნური ინტელექტის მიზეზით სამუშაოს დაკარგვის პერსპექტივა ყველაზე “რეალისტური, დაუყოვნებელი და, შესაძლოა, მწვავე” ეგზისტენციალური საფრთხეა.

სხვადასხვა კომპანიის აღმასრულებელმა დირექტორებმა უკვე დაიწყეს ხელოვნური ინტელექტის “დასაქმების” განხილვა. მაგალითად, IBM-ის აღმასრულებელმა დირექტორმა, არვინდ კრიშნამ, ცოტა ხნის წინ განაცხადა, რომ კომპანია შეამცირებს იმ კადრების დაქირავებას, რომლებიც შეიძლება ჩანაცვლდეს AI-თ.

“ოთხი-ხუთი წლის წინ არავინ გააკეთებდა ამგვარ განცხადებას და, ასეც რომ ყოფილიყო, სერიოზულად ამას არავინ მიიღებდა”, — თქვა გუპტამ IBM-ს აღმასრულებელი დირექტორის განცხადებაზე.

3. მიკერძოებული AI

ექსპერტებმა Insider-ს განუცხადეს, რომ თუკი ხელოვნური ინტელექტის სისტემები ფართო საზოგადოებრივი პრობლემების გადასაჭრელად გამოიყენება, შეიძლება ადგილი ჰქონდეს სისტემურ მიკერძოებას.

გენერაციულ AI სისტემებში, მათ შორის, ChatGPT-ს წინა ვერსიაში, გამოვლინდა მიკერძოების მაგალითები. თუმცა კომპანია OpenAI-მ უკვე მიიღო ზომები ამ პრობლემის აღმოსაფხვრელად.

Insider-ის მიერ ჩატარებული ტესტებით დასტურდება, რომ გენერაციულ AI მოდელებს შეუძლია საზიანო სტერეოტიპების გავრცელება.

აქედან გამომდინარე, ექსპერტების აზრით, AI-ს საზოგადოებრივ საქმიანობაში გადაწყვეტილების მიმღებად ჩართვა უარყოფით შედეგებს გამოიწვევს.

AI სისტემების განვითარებასთან ერთად, ხელოვნური ინტელექტის გარშემო არსებული მითქმა-მოთქმა უფრო და უფრო ხმამაღალი ხდება. ბაზარზე ChatGPT-ს მსგავსი “ჭკვიანი” ჩეთბოტის გამოჩენამ უკვე ბევრს გაუჩინა ზემოხსენებული შიშები, რაც, გარკვეულწილად, სულაც არ არის ლოგიკას მოკლებული.

 

ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
ტექნოლოგიები

აინშტაინის ყველაზე ცნობილმა თეორიამ უდიდესი ტესტი წარმატებით გაიარა

მათემატიკური გათვლები, რომლებიც ალბერტ აინშტაინმა მე-20 საუკუნის დასაწყისში შეიმუშავა ფიზიკური სამყაროს გრავიტაციული მოქმედების აღსაწერად, ჯერ კიდევ მტკიცე პოზიციებს ინარჩუნებს

ზოგადი ფარდობითობის ამ დრომდე ერთ-ერთ უდიდეს ტესტში, ასტრონომთა უზარმაზარმა ჯგუფმა აღწერა თითქმის ექვსი მილიონი გალაქტიკის გადანაწილება სამყაროს ისტორიის 11 მილიარდ წელიწადზე.

გზა, რომლითაც გრავიტაცია ამ გალაქტიკათა ჯგუფებს ერთად უყრის თავს კოსმოსური აბლაბუდის ძაფების გასწვრივ, თანაც სამყაროს გაფართოების გარეთ მიმართული წევის წინააღმდეგ და გზა, რომლითაც ეს აბლაბუდა დროთა განმავლობაში ვითარდება — ზუსტ შესაბამისობაშია აინშტაინის ცნობილი თეორიის პროგნოზებთან.

ალბათ ეს ზოგადი ფარდობითობის ყველაზე დიდი ტესტია ამ დრომდე ჩატარებულთა შორის, რომელმაც სამყაროს 13,8-მილიარდწლიანი ისტორიის უმეტესი ნაწილი მოიცვა — რაც იმას ნიშნავს, რომ თეორია მოქმედებს როგორც უდიდეს, ისე უმცირეს მასშტაბებზე.

კვლევის შედეგები პუბლიკაციად გამოქვეყნებისთვის საჭირო პროცედურებს გადის, რეცენზირებამდე კი ხელმისაწვდომია სამ დოკუმენტად სერვერზე arXiv.

„ზოგადი ფარდობითობა მზის სისტემის მასშტაბზე საკმაოდ კარგადაა დატესტილი, მაგრამ ასევე საჭირო იყო შეგვემოწმებინა, მუშაობს თუ არა ჩვენი შეხედულებები გაცილებით დიდ მასშტაბზეც. გალაქტიკების წარმოქმნის მაჩვენებლის შესწავლა ჩვენი თეორიების პირდაპირ დატესტვის საშუალებას გვაძლევს და მივადექით იმას, რასაც ზოგადი ფარდობითობა კოსმოლოგიურ მასშტაბებზე პროგნოზირებს“, — ამბობს საფრანგეთის სამეცნიერო კვლევების ეროვნული ცენტრის კოსმოლოგი პოლინ ზარუკი.

გრავიტაცია სამყაროს მუშაობის ფუნდამენტური გზაა. არ ვიცით, რა არის ის ან საერთოდ რატომ არსებობს; ვიცით მხოლოდ ის, რომ მასის მქონე ობიექტები სხვა ობიექტებს იზიდავენ; რომ მიზიდულობის სიმძლავრე მასის პირდაპირპროპორციულია; და რომ ის მასის გარშემო სივრცე-დროის გეომეტრიას ცვლის.

ის ასევე ერთგვარი წებოს როლს ასრულებს, რომელიც სამყაროს კრავს. ბნელი მატერიის მიერ გამომუშავებული გრავიტაციული ველების დიდი ფილამენტები მთელ სამყაროში აბლაბუდასავითაა დაქსელილი; სამყაროში მატერიის უმეტესი ნაწილი ამ კოსმოსური აბლაბუდის ძაფებისა და კვანძების გასწვრივაა გადანაწილებული.

გრავიტაცია პროგნოზირებადი და გაზომვადია, ამავე დროს, ძალიან კარგადაა აღწერილი და განსაზღვრული ფარდობითობის ზოგადი თეორიით. თუმცა, ამ თეორიაში ხარვეზების პოვნამ შეიძლება ზოგიერთი განსაკუთრებით მწვავე პრობლემა გადაგვაჭრევინოს, მაგალითად, შეურიგებელი განსხვავებები კვანტურ მექანიკასა და კლასიკურ ფიზიკას შორის. ამიტომ, მეცნიერები მას მუდამ ეჩიჩინებიან, რათა გაარკვიონ გამოიყურება თუ არა სამყაროს შიგთავსი ისე, როგორც ამას ზოგადი ფარდობითობა ბრძანებს, რომ ასე უნდა იყოს ყველა მასშტაბზე.

ამას მივყავართ ლოურენს-ბერკლის ეროვნული ლაბორატორიის ბნელი ენერგიის ინსტრუმენტ DESI-სთან — უზარმაზარ საერთაშორისო თანამშრომლობასთან, რომელიც ამჟამად დაკვირვებადი სამყაროს რუკაზე დატანაზე მუშაობს; ამან კი უდიდეს საიდუმლოებს უნდა ახადოს ფარდა. ინსტრუმენტი 2019 წლიდან მუშაობს; ახალი შედეგები ეფუძნება ინსტრუმენტის მიერ მხოლოდ პირველ წელს შეგროვებულ მონაცემთა დეტალურ და ფართო ანალიზს.

DESI-ს კოლაბორაციამ ეს მონაცემები 5,7 მილიონი გალაქტიკისა და კვაზარის კატალოგიზაციისთვის გამოიყენა; აღრიცხეს მათი ზრდა, ევოლუცია და გადანაწილება კოსმოსურ აბლაბუდაში 11 მილიარდი წლის წინანდელი პერიოდიდან დღემდე.

კოსმოსური აბლაბუდის ზრდისა და გადანაწილების პროგნოზირებისთვის მათ ფარდობითობის ზოგადი თეორია გამოიყენეს და დაადგინეს, რომ სამყარო, რომელშიც ვცხოვრობთ, ეპიკურ კოსმოსურ მასშტაბზე ისე იქცევა, როგორც ამას ფარდობითობა ამბობს. დაამატე ცოტა გრავიტაცია ან ცოტა მოაკელი და სამყარო იგივე აღარ იქნება.

შედეგები მიუყვება წლის დასაწყისში გამოქვეყნებულ კვლევას, რომელშიც სამყაროს გაფართოების მაჩვენებელი აკუსტიკური ტალღების კოსმოსური ნარჩენების საფუძველზე გაზომეს; ეს ნარჩენები მაშინ გაიყინა, როცა ის ატომური ნისლი მოსუფთავდა, რომლითაც ადრეული სამყარო იყო სავსე. DESI-ს კოლაბორაციას იმედი აქვს, რომ ამჟამინდელი ძალისხმევა გაგრძელდება და ნათელს მოჰფენს სამყაროს ევოლუციას და თავის მხრივ, მის მმართველ იდუმალ ძალებს.

„პირველი შემთხვევაა, როცა DESI კოსმოსური სტრუქტურის ზრდას დააკვირდა. გამოვავლინეთ უზარმაზარი ახალი უნარი მოდიფიცირებული გრავიტაციის შესწავლისა და ბნელი ენერგიის მოდელებზე შეზღუდვების გაუმჯობესებისა. ეს ჯერ მხოლოდ აისბერგის წვერია“, — ამბობს მიჩიგანის უნივერსიტეტის ფიზიკოსი დრაგან ჰატერერი.

შედეგები ასევე აწესებს შეზღუდვებს ნეიტრინოს მასის ზედა ზღვარზე — ნაწილაკის, რომელიც იმდენად „აჩრდილისებრია“, რომ მისი ზუსტი მასის დადგენა არ შეგვიძლია.

კვლევა ჯერ კიდევ გრძელდება. მეცნიერები ამჟამად DESI-ს მიერ პირველი სამი წლის განმავლობაში შეგროვებულ მონაცემებს სწავლობენ. მას შემდეგ, რაც ინსტრუმენტი ოპერირებას დაასრულებს, შეგროვებული ექნება მონაცემები 40 მილიონზე მეტი გალაქტიკისა და კვაზარის შესახებ.

ყველაზე დიდ იმედებს შორის არის ისიც, რომ გაირკვევა ბნელი მატერიის ბუნება — იდუმალი, უხილავი რაღაცის, რომელიც პასუხისმგებელია სამყაროს ჭარბ გრავიტაციაზე; და ასევე დაადგენს ბნელი ენერგიის ბუნებასაც — იდუმალი, უხილავი რაღაცის, რომელიც პასუხისმგებელია სამყაროს აჩქარებად გაფართოებაზე.

„ბნელი მატერია სამყაროს დაახლოებით მეოთხედს შეადგენს, ბნელი ენერგია კი 70 პროცენტს და არ ვიცით, რეალურად რა არის ან ერთი და ან მეორე. იდეა, რომ შეგვიძლია სამყაროს სურათის შეკვრა და ამ ფუნდამენტურ კითხვებზე პასუხის პოვნა — უბრალოდ ამაღელვებელია“, — ამბობს ლოურენს-ბერკლის ეროვნული ლაბორატორიის ფიზიკოსი მარკ მოსი.

ჯგუფის პუბლიკაციები ხელმისაწვდომია რეცენზირებამდელ სერვერზე arXiv.

მომზადებულია newscenter.lbl.gov-ისა და ScienceAlert-ის მიხედვით, რომელიც მიხეილ ჭაბუკაშვილმა თარგმნა

ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
1 2 3 4 5 90
Page 3 of 90