ზოგი შიშობს, რომ ოპერაციების აკრძალვა არალეგალურად ჩატარებას შეუწყობს ხელს. სამედიცინო ექსპერტები ამბობენ, რომ ჰიმენოპლასტიკა, ანუ ვაგინის შესასვლელთან მდებარე მემბრანული შრის აღდგენა ძალადობრივი და არასამეცნიერო პრაქტიკაა.

ადამიანის უფლებები

ჰოლდენმა მას შემდეგ გადაწყვიტა ზომების მიღება, რაც BBC-ის გამოძიებით გაირკვა, რომ ბრიტანული სამედიცინო კლინიკები აპკის შემოწმებას მომხმარებლებს £150-300-ად სთავაზობდნენ.

მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციასა (WHO) და გაერთიანებულ ერებზე დაყრდნობით, ქალწულობის ტესტი ადამიანის უფლებების შემლახველია. WHO-ს განცხადებით, პროცედურა, რომელიც მინიმუმ 20 ქვეყანაში ტარდება, დისკრიმინაციულის გარდა, უსარგებლოცაა, რადგან აპკი შესაძლოა მრავალი მიზეზით გაიხეს, იქნება ეს ტამპონების გამოყენება თუ ვარჯიში.

აიშას ისტორია

აიშას (სახელი პირობითია) ორი წლის წინ, ნიშნობამდე ცოტა ხნით ადრე, ოჯახმა აიძულა ქალწულობის აპკის შემოწმება. მშობლები მას პაკისტანში საკუთარ ბიძაშვილს ურიგებდნენ.

“შემოწმება ვერ გავიარე”, — ამბობს გოგონა.

ტესტის “არადამაკმაყოფილებელი” შედეგის გამო აიშა ძმებისა და მამის მხრიდან ფიზიკური ძალადობის მსხვერპლი გახდა. მათი თქმით, აიშამ მათ “სირცხვილი” აწვნია, ოჯახის “ღირსების” აღსადგენად, მათი აზრით, ჰიმენოპლასტიკა იყო საჭირო. აიშამ პროცედურაზე უარი თქვა და სახლიდან გაიქცა.

საქველმოქმედო ორგანიზაცია თავისუფლების დამფუძნებელი ანიტა პრემი, რომელიც “ამ გულისამრევი პროცედურის” გაუქმებას ითხოვს, აცხადებს, რომ სამხრეთაზიური წარმომავლობის ქალები და გოგონები სულ უფრო და უფრო ხშირად ხდებიან ამ ძალადობრივი პრაქტიკის მსხვერპლები.

“ჩვენ შევამჩნიეთ, რომ სიძეთა ოჯახები არა მხოლოდ საპატარძლოს სურათსა და საგანმანათლებლო მიღწევებს, არამედ ქალწულობის დამადასტურებელ საბუთსაც ითხოვენ”, — თქვა მან.

პროფესორი კოლინ მელვილი, რომელიც სამედიცინო საბჭოს წევრია და სამედიცინო პერსონალის გადაცდომებს სწავლობს, ამბობს, რომ ექიმებმა ეს პროცედურა მხოლოდ მაშინ უნდა ჩაატარონ, როცა კლინიკურად საჭიროა და პაციენტის თანხმობაც არსებობს: “ჩვენ ძალიან შევშფოთდებით, თუ გავიგებთ, რომ რომელიმე ექიმმა ქალწულობის შემოწმების / აღდგენის ოპერაცია პაციენტის სურვილის საწინააღმდეგოდ ჩაატარა. ამ შემთხვევაში აუცილებელი იქნება ზომების მიღება”