close
ეს საინტერესოამედიცინამსოფლიოსამართალი

ყოფილი პრეზიდენტის ყალბი წამალი, რომელმაც ადამიანების სიცოცხლე შეიწირა 

ადამიანის უფლებების დარღვევის უდიდესი სკანდალი – ასე აფასებს ორგანიზაცია ,,Aids-Free World-ი” დანაშაულს, რომელშიც ბრალს გამბიის ყოფილ პრეზიდენტს, იაჰია ჯამეჰს დებენ.

ჯამეჰი, რომელმაც ქვეყანა ოცწლიანი მმართველობის შემდეგ ორი წლის წინ დატოვა, უამრავ დანაშაულშია ეჭვმიტანილი. ერთ-ერთი უცნაური ბრალდება ისაა, რომ ჯამეჰი აივ-ინფეცირებულ ათასობით ადამიანს აიძულებდა, თავის მიერ შექმნილი მცენარეული ნაყენით ემკურნალათ.

„მკურნალობის“  შედეგად გარდაცვლილთა ზუსტი რიცხვი უცნობია.

2007 წელს ჯამეჰმა განაცხადა, რომ მან მცენარეული მედიცინისა და სულიერი სამკურნალო საშუალებების ტექნოლოგიის გამოყენებით შიდსის სამკურნალო მიქსტურა შექმნა, რომელსაც შედეგი მხოლოდ ორშაბათობით და ხუთშაბათობით ჰქონდა.

გასაკვირი არაა, რომ „გამოგონება“ მსოფლიო ჯანდაცვის ლიდერებმა სახიფათოდ აღიარეს, თუმცა გამბიაში იმის გაბედვა, რომ პრეზიდენტის სამკურნალო მიქსტურა სისულელე იყო, საკუთარი თავისთვის სასიკვდილო განაჩენის გამოტანას ნიშნავდა.

სამკურნალო ცდებს პრეზიდენტის კლინიკაში ატარებდნენ, ყოველ დილით პრეზიდენტი პაციენტებს სხეულზე მწვანე პასტას უსვამდა, პარალელურად ყურანიდან ლოცვებს კითხულობდა. პაციენტებს დღეში ორჯერ ბოთლიდან მწვანე ფერის გაურკვეველი სითხე უნდა დაელიათ.  ჯამეჰი არავის ეუბნებოდა, რა სითხე იყო ეს. მხოლოდ იმას აღნიშნავდა, რომ თუკი შიდსის განკურნებას რეალურად შეძლებდა, გამბიას მდიდარ ქვეყნად აქცევდა.

პრეზიდენტის ერთ-ერთი ყოფილი „პაციენტი“ – ლამის სიზი იხსენებს, რომ მას კლინიკაში დიარეა დაემართა, გარდა ამისა, სხვა პაციენტისგან ტუბერკულოზი შეეყარა და ისე დასუსტდა, რომ მისი შესაბამის კლინიკაში გადაყვანა გახდა საჭირო. ტესტებმა აჩვენა, რომ შიდსის ვირუსული დატვირთვა მომატებული იყო და ის კვლავ პრეზიდენტის კლინიკაში „სამკურნალოდ“ დააბრუნეს.

სიზი იმ იღბლიანთა შორის იყო, რომლებიც გადარჩნენ. მისი მეუღლე, რომელიც ასევე აივ-დადებითი იყო და რომელიც გაურკვეველი მცენარეული პროგრამის მონაწილე იყო, გარდაიცვალა. ლამის სიზი აცხადებს, რომ პაციენტთა უმრავლესობა პროგრამის მიმდინარეობისას გარდაიცვალა.

პაციენტებს აიძულებდნენ, სახელმწფო ტელევიზიით პროგრამის წარმატებულობაზე ესაუბრათ. მათ შორის იყო ოსმან სოუ. მას სამედიცინო განათლება ბრიტანეთში ჰქონდა მიღებული. იმისათვის რომ პროგრამისთვის მეტი სერიოზულობა მიენიჭებინა, ჯამეჰმა სოუ პრეს სპიკერად დანიშნა. ის უცხოურ პრესასთან პროგრამის ეფექტურობაზე საუბრობდა.

„როგორც სამედიცინო განათლების მქონე პირმა, კარგად ვიცოდი, რა ნაგავიც იყო, თუმცა საწინააღმდეგოს თქმის უფლება არ მქონდა, მიუხედავად იმისა, რომ ადამიანები იღუპებოდნენ,“ – აცხადებს სოუ BBC-თან საუბარში.

როგორც ცნობილია, პროგრამაში სულ 9,000-მდე ადამიანი მონაწილეობდა, დაღუპულთა ზუსტი რაოდენობა უცნობია, ვინაიდან კლინიკის ყველა ჩანაწერი და ანკეტა გასაიდუმლოებული იყო.   

სოუ და სხვა გადარჩენილი პაციენტები Aids-Free World-ში მუშაობენ, ეს გახლავთ აშშ-ის კამპანიის ჯგუფი, რომელსაც სურს ჯამეჰისთვის ბრალის წაყენება. Aids-Free World-ი აცხადებს, რომ ეს გახლავთ ერთ-ერთი უდიდესი ადამიანის უფლებების დარღვევის სკანდალი, რომელიც გამბიის ყოფილი ლიდერთანაა დაკავშირებული.

 

წყარო: BBC

მასალა მოამზადა:  თამარ ტაბატაძემ

ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

გაზიარება:
fb-share-icon0
Tags : slid