close
განათლებასაქართველოფიზიკა

„ინოვაციური ონლაინ პროექტი“ ფიზიკა-მათემატიკის ვიდეოგაკვეთილებს გვთავაზობს

„ინოვაციური ონლაინ პროექტი“ ცოტა ხნის წინ უცხოელი ბიზნესმენის ინიციატივით შეიქმნა და გარდა იმისა, რომ ცდილობს ფიზიკისა და მათემატიკისადმი ახალგაზრდებში ინტერესი გააღვივოს და მარტივად მიაწოდოს გარკვეული ცოდნა, ასევე – ძალიან ბევრ ნიჭიერ ახალგაზრდასაც აძლევს საშუალებას, რომ ჩაერთოს პროექტში როგორც ონლაინგაკვეთილების მოწვეული პედაგოგი. დაწვრილებითი დეტალების შესახებ უშუალოდ პროექტის მენეჯერი და მასწავლებელი, თამარ ღუღუნიშვილი გვიამბობს.

თამარ, უპირველეს ყოვლისა, გვიამბეთ რაში მდგომარეობსინოვაციური ონლაინ პროექტის“ არსი?

-ყველა სკოლა აძლევს განათლებას და ყველა წიგნი ცდილოს შთააგონოს და სწავლის სურვილი აღუძრას ადამიანს, მაგრამ ჩვენი მეთოდი განსხვავებულია სტანდარტული სწავლების დანარჩენი მეთოდებისგან. ინოვაციური ონლაინ პროექტის“ დანიშნულება „STEM-მიმართულების“ განვითარებაში მდგომარეობს. შესაბამისად, პირველ ეტაპზე დავიწყეთ მათემატიკის ვიდეოლექციების ჩაწერა, შემდეგ  კი დავამატეთ ახალი საგანიცფიზიკა.

დაფუძნებიდან პირველი ერთი წლის განმავლობაში პროექტი სატესტო ვერსიით ფუნქციონირებდა, თავდაპირველად პროექტში მიმიწვიეს მასწავლებელად, შემდგომში სპონსორის გადაწყვეტილებით შეიცვალა მენეჯმენტი, მოხდა რებრენდინგი და ამჟამად უკვე გაუმჯობესებული ხარისხით ვახორციელებთ ჩაწერებს, ასევე ვზრუნავთ პროექტის განვითარებაზე. გადაღებას, მონტაჟს და შემდგომ მის საზოგადოებისთვის მიწოდებას მე პირადად ვხელმძღვანელობ.

თამარ, როდის და ვისი ინიციატივით დაიწყოინოვაციური ონლაინ პროექტი“ ?

-პროექტი დაიწყო 3 წლის წინათ, ამერკელი ჯეიმს ო’კონორის ფინანსური და ინტელექტუალური მხარდაჭერით. ჯეიმსი თვლის რომ ამ პროდუქტის მიწოდება ბევრ სიკეთეს მოუტანს ტექნიკური საგნებით დაინტერესებულ საზოგადოებას. ის აგრეთვე თვლის, რომ ეს პროდუქტი არის საზოგადოების საკუთრება და მისთვის მთავარი მოტივაცია სწორედ ის არის, როდესაც ხედავს  თუ როგორ იზრდება მნახველთა და გამომწერთა რაოდენობრა ყოველდღიურად.

-თქვენ მიერ მოწვეული ლექტორები საზოგადოებამ ნაწილობრივ უკვე გაიცნო, მისასალმებელია, რომ ძირითადად ახალგაზრდები არიან, მაინტერესებს რა კრიტერიუმებით არჩევთ პედაგოგებს?

 -ჩვენი ერთ-ერთი მიზანია ვიდეოლექციები კომპეტენტურმა ადამიანებმა ჩაატარონ, რათა ხარისხი გარანტირებული გვქონდეს და მაყურებლის ნდობა მოვიპოვოთ. თუმცა, ამავდროულად ვცდილობთ დავასაქმოთ ახალგაზრდა უკვე ძალიან წარმატებული მასწავლებლები. ფიზიკის მოწვეული პედაგოგები – ნათია ჯანდაგაშვილი, გიორგი კობახიძე და გელა პატაშური არაერთი ოლიმპიადის გამარჯვებულები არიან. ნამდვილად მისაბაძი ახალგაზრდები, რომლებსაც იმედია ჩვენი მაყურებელი სამომავლოდ მიბაძავს. ჩვენ მათ ვაკავშირებთ ისეთ ადამიანებთან,  რომლებიც სამომავლოდ კიდევ უფრო დიდ წარმატებებს მიაღწევენ.

-როგორია თქვენი სამომავლო გეგმები?

-ჩვენი პროექტი გათვლილია მუდმივ ზრდაზე, ადამიანური რესურსების მეტ ჩართულობასა და თანამედროვე მედიასაშუალებების უფრო ფართოდ გამოყენებაზე. ამ ეტაპისთვის, ამ რაოდენობის პერსონალით პროექტი გვაძლევს მეტი წარმატების გარანტიას და სამომავლოდ ვგეგმავთ ქიმიის გაკვეთილების დამატებასაც. პარალელურ რეჟიმში ვცდილობთ პროექტის მაქსიმალურ გავრცელებას, რათა რაც შეიძლება მეტმა ადამიანმა გაიგოს ჩვენ შესახებ. დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ გამოიწერონ ჩვენი Youtube არხი და ჩვენ მიერ ატვირთულ ყოველ ახალ ვიდეოს დროულად გაეცნონ.

მასალა მოამზადა:  თამარ დევდარიანმა

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

გაზიარება:
fb-share-icon0
Tags : slid