close

ბიოლოგია

ბიოლოგია

აღმოაჩინეს ზღვის ობობების ახალი სახეობები, რომლებიც სხეულზე მეთანის მჭამელ ბაქტერიებს ზრდიან

აღმოაჩინეს ღრმა ზღვის „ობობების“ სამი ახალი სახეობა, რომლებიც საკუთარ სხეულზე მეთანის მჭამელ ბაქტერიებს ზრდიან; ასეთი სახის სიმბიოზი მეცნიერებს ჯერ არსად უნახავთ.

ჩვენი და ცხოველებისგან განსხვავებით, რომლებიც მზეზე დამოკიდებული კვების ჯაჭვით ვიკვებებით, ზღვის სიღრმეში ბინადარ არსებებს ენერგიის წყაროების ძებნაში კრეატიულობა მართებთ. ოკეანის წყალში გავლისას, მზის სინათლე იფანტება, შთაინთქმება და არასოდეს აღწევს 1000 მეტრზე დაბლა.

მიუხედავად ამისა, იქ მაინც მრავალი არსება ბინადრობს, სადაც მზის სინათლე ვერასოდეს აღწევს.

ზღვის ობობები წყლის ფეხსახსრიანები არიან; ბინადრობენ წყლის ამ წყვდიადში, მაგრამ მათმა სახელმა არ დაგაბნიოთ — სინამდვილეში ისინი ობობები არ არიან, არც არაქნიდები. მსგავსება მომდინარეობს მათი ციცქნა სხეულიდან, რომელსაც 4-6 წყვილი ფეხი აქვს.

მათი სამი ახალი სახეობა აშშ-ის დასავლური კოლეჯის ჯგუფმა აღმოაჩინა ბიანკა დალ ბოს ხელმძღვანელობით; სამივე ეკუთვნის Sericosura-ს გვარს. ბინადრობენ იმ ადგილებში, სადაც ზღვის ფსკერიდან მეთანი ჟონავს.

2021 და 2023 წლებში დისტანციურად მართვადმა აპარატებმა ზღვის ობობების ნიმუშები შეაგროვა მეთანის მჟონავ ორ ნაპრალთან, მათგან 25 მეტრის რადიუსში, სამხრეთ კალიფორნიის სანაპიროსთან — პალოს-ვერდესის ჩაღრმავებაში (ზღვის დონიდან 397 მეტრით დაბლა) და დელ-მარის ჩაღრმავებაში (ზღვის დონიდან 1018 მეტრით დაბლა), ასვე ალასკაში, სანაკის ჩაღრმავებაში, 2020 მეტრზე წყალქვეშ.

სამივე სახეობას ეგზოჩონჩხზე მკვრივად ჰქონდა სამი სახის ბაქტერიების წყებები — მეცნიერებისთვის ცნობილია, რომ ეს ბაქტერიები მეთანსა და მეთანოლს ნახშირბადად და ენერგიად გარდაქმნიან. ამ აღმოჩენამ შეიძლება ახსნას, რატომ არასოდეს გამოდიან ზღვის ობობები მეთანის მჟონავი ნაპრალებიდან. საკვების მხრივ, ისინი ბაქტერიებზე არიან დამოკიდებული.

ლაბორატორიულმა ექსპერიმენტებმა მკვლევართა ეჭვები დაადასტურა. მას შემდეგ, რაც ზღვის ობობები მეთანისა და ნახშირბადის სხვადასხვა იზოტოპებით მონიშნეს, შემდეგ კი ობობები ამ აირების ზემოქმედების ქვეშ მოაქციეს, მკვლევრებმა თვალი მიადევნეს თითოეული იზოტოპის გავლას ამ მიკროსამყაროში.

„ზღვის ობობებთან დაკავშირებული თითქმის ყველა ბაქტერიული უჯრედი ნახშირბადს იღებს მეთანის ან მეთანოლისგან, მაგრამ არა ნახშირორჟანგს. ხუთ დღეში, ზღვის ობობების მომნელებელმა ქსოვილებმა ასევე აჩვენეს ნახშირბადის იზოტოპის მნიშვნელოვანი ჩართულობა — ფენომენი, რომელიც შეიძლება ხდებოდეს მხოლოდ მეთანის მჟანგავი ბაქტერიის მიერ მოხმარების მეშვეობით“, — წერენ მკვლევრები.

მეთანზე დამოკიდებული ტბის ეკოსისტემის ბინადარი ცხოველებისგან განსხვავებით, ზღვის ობობები მეთანოფილურ ბაქტერიებს პირდაპირ საკუთარ სხეულზე ზრდიან.

ბაქტერიების ამ განსაკუთრებულ ჯგუფთან ასეთივე მიდგომა აქვთ ჩამოყალიბებული მეთანის მჟონავი ნაპრალების ბინადარ სხვა არსებებსაც. ზღვის ღრუბლები, საბელიდი ჭიები და წვერიანი ჭიები (სბიოგლინიდები) პირველად სიმბიოზში არიან მათ ერთ ტიპთან; წვერიან ჭიებსა და მიდიებს მეორეული სიმბიოზი აქვთ სხვა ტიპთან; ჰიდროთერმული ღრმულების კიბორჩხალების ეგზოჩონჩხზე კი ბინადრობს მესამე ტიპის ბაქტერია.

„თუმცა, ამ დრომდე, არცერთ სხვა ცხოველზე არ გვინახავს სამივე სახის ბაქტერია ერთად“, — წერენ მკვლევრები.

მიუხედავად იმ დიდი მანძილისა, რაც ალასკისა და სამხრეთკალიფორნიულ ნაპრალებს შორისაა, ზღვის ობობების ბაქტერიული „ბაღები“ ორივეგან ფუნქციურად იდენტური იყო.

მკვლევართა ვარაუდით, ბაქტერიები თაობიდან თაობას გადაეცემა. მამრი ზღვის ობობები 20 დღის განმავლობაში ატარებენ კვერცხების ჩანთებს და ნაშიერებს ჩეკენ; მეთანის მოყვარული ბაქტერიები ამ კვერცხებზეც კი უკვე ბინადრობენ. როდესაც ნაშიერი იჩეკება, ბაქტერიები მათ დაუყოვნებლივ აწვდიან საკვებს.

დელ-მარის ჩაღრმავების ნიმუშების ნახევარი მამრი იყო და ყველა მათგანი ატარებდა კვერცხებს, რაც ნაყოფიერების უპრეცედენტო დონეა. ეს კი შეიძლება იმის ნიშანი იყოს, რომ მეთანის მჭამელი ბაქტერიების ფერმა შედეგს ნამდვილად იძლევა.

საოცარია, გადარჩენის რამდენი სტრატეგია იმალება დედამიწაზე, ოკეანეების წყვდიადშიც კი.

კვლევა ჟურნალ PNAS-ში გამოქვეყნდა.

მომზადებულია ScienceAlert-ის მიხედვით, რომელიც მიხეილ ჭაბუკაშვილმა თარგმნა

ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
ბიოლოგიაეს საინტერესოაკვლევები

მეცნიერებმა ადამიანის სისხლის ახალი ჯგუფი აღმოაჩინეს, რომელიც ამ ეტაპზე, მხოლოდ ერთ ადამიანს დაუფიქსირდა

მრავალწლიანი კვლევის შემდეგ მეცნიერებმა სისხლის ჯგუფი ახალი აღმოაჩინეს, რომელიც ამ ეტაპზე მხოლოდ ერთ ადამიანს დაუფიქსირდა. აღმოჩენის შესახებ სპეციალისტებმა მილანში გამართულ სისხლის გადასხმის საერთაშორისო კონგრესზე განაცხადეს.

68 წლის ქალი გვადელუპადან ამ დროისთვის ერთადერთი ცნობილი ადამიანია მსოფლიოში, რომელსაც ეს სისხლის ჯგუფი აქვს. ჯგუფს Gwada negative უწოდეს.

მეცნიერებმა ქალი პირველად 2011 წელს გაიცნეს, როდესაც ის პარიზში ცხოვრობდა და ოპერაციის წინ რუტინულ ანალიზებს იტარებდა. ექიმებმა მისი სისხლის ჯგუფის განსაზღვრა ვერ შეძლეს და შესაბამისი შეწყვილებული სისხლიც ვერ მოიძებნა. იმ დროს არსებული ანალიზის მეთოდები საკმარისად განვითარებული არ იყო იმისთვის, რომ ქალის სისხლის ჯგუფის განსაზღვრა შესაძლებელი ყოფილიყო, და საქმე რვა წლის განმავლობაში ამოუხსნელი დარჩა.

2019 წელს მკვლევრებმა გამოიყენეს გენების მაღალი გამტარობის სეკვენირების ანალიზი, რომელიც DNA-ის სწრაფი და ღრმა ანალიზი ჩატარების საშუალებას იძლევა. მათ თავიდან შეისწავლეს ქალის სისხლი, რასაც ორი წლის განმავლობაში დეტალური კვლევა მოჰყვა – გუნდმა მისი სრული გენომი გააშიფრა.

ადამიანის სისხლის ჯგუფის სისტემები გაცილებით უფრო რთულია, ვიდრე შეიძლება გვეგონოს. ეს კლასიფიკაციები შეეხება ანტიგენებს – ცილებსა და შაქრებს, რომლებიც ერითროციტების ზედაპირზე მდებარეობს და რომლებიც ადამიანის იმუნური სისტემის მიერ აღიქმება. ავსტრიელ-ამერიკელმა ბიოლოგმა, კარლ ლანდშტაინერმა, 1901 წელს პირველმა აღწერა ყველაზე ცნობილი ABO სისტემის ჯგუფები, რაც 1930 წელს ნობელის პრემიის მოპოვებით დაუფასდა.

სისხლის ჯგუფების კლასიფიკაციაში მეორე ყველაზე ცნობილი რეზუსის სისტემაა, რომელიც ეფუძნება იმას, აქვს თუ არა ადამიანის სისხლის უჯრედებს სპეციალური ანტიგენი, რომელიც „რეზუს ფაქტორის“ (Rh factor) სახელით არის ცნობილი. ამ ნიშნით ადამიანი კლასიფიცირდება როგორც Rh-დადებითი ან Rh-უარყოფითი.

ABO და Rh სისტემების კომბინაცია სისხლის რვა ძირითად ჯგუფს ქმნის, რომლებიც ყველაზე ფართოდ არის ცნობილი და გამოიყენება მედიცინაში. თუმცა, სინამდვილეში არსებობს ათობით ნაკლებად ცნობილი სისხლის ჯგუფის სისტემა, რომლებიც უფრო იშვიათია და გაცილებით რთულ სტრუქტურას წარმოადგენენ.

თვის დასაწყისში სისხლის გადასხმის საერთაშორისო საზოგადოებამ Gwada negative საერთაშორისო კლასიფიკაციაში შეიყვანა, როგორც რიგით 48-ე სისხლის ჯგუფი.

ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
ბიოლოგია

ზეადამიანები მართლაც არსებობენ: იშვიათი გენეტიკური მუტაცია ადამიანებს უჩვეულო შესაძლებლობებს ანიჭებს

ჩვენს სამყაროში არსებობენ ადამიანები, რომლებიც განსაკუთრებული ფიზიკური თუ მენტალური უნარებით გამოირჩევიან. მეცნიერებმა აღმოაჩინეს, რომ ზოგიერთ შემთხვევაში ამ უნარების უკან იშვიათი გენეტიკური მუტაცია დგას, რომელიც ადამიანს „სუპერგმირის“ მსგავსი თვისებების განვითარებაში ეხმარება.

ერთ-ერთი ცნობილი მაგალითია LPIN1 გენის მუტაცია, რომელიც ადამიანებს ენერგიის გამომუშავებისა და კუნთოვანი გამძლეობის ზრდაში ეხმარება. ამ მუტაციით ადამიანები უჩვეულოდ დიდხანს ინარჩუნებენ ფიზიკურ დატვირთვას, არ გრძნობენ დაღლილობას და იშვიათად იზიანებენ კუნთებს. 

მეორე მაგალითია SCN9A გენის მუტაცია, რომლის მქონე ადამიანები თითქმის არ გრძნობენ ტკივილს. მიუხედავად იმისა, რომ ეს შესაძლოა სახიფათო აღმოჩნდეს (რადგან ტკივილი მნიშვნელოვანია სხეულის დაზიანებების ამოსაცნობად), ეს მუტაცია აგრეთვე ხსნის გზას ტკივილის მართვის ახალი მეთოდების განვითარებისთვის.

ასევე არსებობენ ადამიანები, რომელთაც აქვთ PCSK9 გენის იშვიათი ვარიანტი, რაც მათ ორგანიზმში ქოლესტერინის დონეს ბუნებრივად დაბალ ნიშნულზე ამყოფებს. ამ გენური მუტაციის მატარებლები თითქმის დაცულნი არიან გულ-სისხლძარღვთა დაავადებებისგან.

მეცნიერები ამ გენეტიკურ მუტაციებს ინტენსიურად იკვლევენ, რათა შეიმუშავონ სამკურნალო საშუალებები, რომლებიც ამ „სუპერ“ თვისებების რეგულირებას მოახდენს. გენეტიკის ეს მიღწევები ადამიანებს არა მხოლოდ სუპერგმირების არსებობაზე აფიქრებინებს, არამედ ახალ იმედს აჩენს ჯანმრთელობის გაუმჯობესებისა და მედიცინის წინსვლის თვალსაზრისით.

ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი “დოქტრინა”

სრულად ნახვა
ბიოლოგიაკვლევებიმედიცინა

გამოვიდა ახალი ვაქცინა, რომლის მიღების შემდეგაც, ძაღლები ერთი წლის განმავლობაში სტერილურები არიან

ჩილეში გამოყენებაში ჩაუშვეს ვაქცინა, რომლის მიღების შემდეგაც, ძაღლები ერთი წლის განმავლობაში სტერილურები არიან;ეს ამ სახის პირველი ვაქცინაა და მალე სხვა ქვეყნებშიც გახდება ხელმისაწვდომი.

ვაქცინა ხელს უშლის სქესობრივ ქცევას და გამრავლებას და შესაბამისად, წარმოადგენს ქირურგიული კასტრაციის ალტერნატივას.

„ის მთელ მსოფლიოში პირველი ამ ტიპის ვაქცინაა ძაღლებისთვის“, – ამბობს ჩილეს უნივერსიტეტის ვეტერინარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის მკვლევარი ლეონარდო საენსი.

საენსი და მისი ჯგუფი ამ ვაქცინის შექმნაზე 2009 წლიდან მუშაობდა. ჩილეში მისი გამოყენება ამ თვეში დაიწყო.

ვაქცინა წარმოქმნის ანტისხეულებს და ერთი წლის განმავლობაში აჩერებს სასქესო ჰორმონების გამომუშავებას როგორც ხვად, ისე ძუ ძაღლებში.

„ყველაფერი დაბლოკილია — სქესობრივი აქტივობაც და ნაყოფიერებაც“, — ამბობს საენსი.

ვაქცინას Egalitte უწოდეს და უკვე დააპატენტეს 40 ქვეყანაში, მათ შორის აშშ-ში, არგენტინაში, ბრაზილიასა და ევროკავშირში.

ჩილეში ერთი დოზის ფასი 50 დოლარია.

27 წლის სტუდენტმა ივან გუტიერესმა თავისი ძაღლი ფრანჩესკო უკვე მიიყვანა ვეტერინარულ კლინიკაში და ვაქცინა გაუკეთა.

„ნამდვილად არ მინდოდა მისთვის ოპერაციის გაკეთება“, — ამბობს იგი.

ქირურგიული კასტრაცია ძაღლის ბევრ მფლობელს მართლაც აშინებს და ამის გამო, ამ ნაბიჯისგან თავს იკავებენ.

ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
ბიოლოგიაეს საინტერესოა

მეცნიერებმა Dire Wolf გენური ინჟინერიით აღადგინეს

დალასში დაფუძნებულმა ბიოტექნოლოგიურმა კომპანიამ Colossal Biosciences-მა ისტორიულ შედეგს მიაღწია.   მათი განცხადებით, დაიბადნენ გენურად მოდიფიცირებული მგლის ლეკვები, რომლებიც გადაშენებული მგლის ჯიშის (Aenocyon dirus) აღდგენილ ვერსიას წარმოადგენენ. ლეკვებს რომულუსი, რემუსი და ხალისი დაარქვეს– და ისინი დაახლოებით 12,500 წელია გადაშენებული სახეობის, “dire wolf”აღდგენილ ფორმად ითვლებიან.

პროექტი უძველესი ნაშთებიდან დნმ-ის მოპოვებით დაიწყო.  მათ შორის, 13,000 წლის წინანდელი კბილი და 72,000 წლის თავის ქალაა გამოყენებული. მეცნიერებმა ნაცრისფერი მგლის უჯრედებში 14 გენი შეცვალეს, რათა 20 სპეციფიკური მახასიათებელი დაენერგათ,  რაც მგლის უწინდელ ჯიშს  ჰქონდა – დიდი ზომა, ძლიერი კუნთები და ღია შეფერილობა.

სამეცნიერო წრეებში დებატი ჯერ კიდევ არ წყდება – ზოგი ექსპერტი მიიჩნევს, რომ ეს ლეკვები არ შეიძლება მიჩნეულ იქნენ ნამდვილ “dire wolf”-ად,  რადგან ეს სახეობა ნაცრისფერ მგლებს მილიონობით წლის წინ ჩამოშორდა. შესაბამისად, მხოლოდ რამდენიმე გენური ცვლილება შეიძლება არ იყოს საკმარისი ზუსტად იმავე სახეობის აღსადგენად.

ამჟამად რომულუსი, რემუსი და ხალისი დაცულ ბუნებრივ ნაკრძალში, აშშ-ში იმყოფებიან,  სადაც მათ ქცევასა და გარემო გავლენებს აკვირდებიან. ეს ინიციატივა კიდევ ერთხელ ადასტურებს გენური ინჟინერიის სწრაფ პროგრესს და იმ მორალურ თუ მეცნიერულ დილემებს, რომლებიც დაკავშირებულია გადაშენებული სიცოცხლის ფორმების ხელახლა დაბადებასთან.

საყურადღებოა ის ფაქტიც, რომ მგლები HBO-ს ერთ-ერთ სერიალში “Game Of Thrones” ფიგურირებენ.

ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
ბიოლოგიამედიცინა

უჯრედები მიტოქონდრიებს ცვლიან — რას ნიშნავს ეს ჩვენი ჯანმრთელობისთვის?!

მიტოქონდრიები საუკუნეზე მეტია, რაც ცნობილია როგორც უჯრედის ენერგიის გამომუშავებელი სტრუქტურები, რომლებიც ერთ უჯრედში რჩებიან. თუმცა, უახლესმა კვლევებმა ეს წარმოდგენა შეცვალა — აღმოჩნდა, რომ მიტოქონდრიებს შეუძლიათ უჯრედებს შორის გადაადგილება. ეს პროცესი, რომელიც ცნობილია როგორც ინტერუჯრედული მიტოქონდრიების გადაცემა, მნიშვნელოვან გავლენას ახდენს ჩვენს წარმოდგენებზე უჯრედის ფუნქციონირებასა და სამკურნალო მიდგომებთან დაკავშირებით.

მიტოქონდრიების გადაცემა სხვადასხვა ორგანიზმში დაფიქსირდა. დაკვირვებები ცხადყოფს, რომ უჯრედები, განსაკუთრებით მაშინ, როცა მეზობელი უჯრედები სტრესში იმყოფებიან, მიტოქონდრიებს გადასცემენ მათ, რაც ხელს უწყობს ქსოვილების აღდგენას, იმუნურ პასუხს ან უჯრედების გადარჩენას. თუმცა არსებობს მტკიცებულება, რომ კიბოს უჯრედები ამ პროცესს თავიანთ სასარგებლოდ იყენებენ — მათ შეუძლიათ მიტოქონდრიების “მოპარვა” სხვა უჯრედებისგან, რაც მათ გადარჩენისა და მედიკამენტების მიმართ გამძლეობის შანსს ზრდის.

მიტოქონდრიების გაცვლის პროცესი ჯერ კიდევ ბუნდოვანია. პირდაპირი დაკვირვება ჯერჯერობით შეუძლებელია ტექნოლოგიური შეზღუდვების გამო. თუმცა არსებობს დიდი პოტენციალი, რომ მომავალში ამ პროცესის მართვა შესაძლებელი გახდეს სამკურნალო მიზნებისთვის — მაგალითად, ინსულტის ან ონკოლოგიური დაავადებების დამარცხებისთვის.

მიტოქონდრიების მობილურობის შესწავლა და მართვა შესაძლოა რევოლუციური  ცვლილება გახდეს მრავალი დაავადების მკურნალობაში, რაც კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს აღნიშნული კვლევების გაგრძელების მნიშვნელობას.

ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
ბიოლოგიაკვლევებიმედიცინა

შექმნეს ღვიძლის ლაბორატორიული მოდელი, რომელსაც ადამიანების სიცოცხლის გადარჩენის პოტენციალი აქვს

ღვიძლი სხეულში მეტაბოლიზმის კონტროლის ცენტრია. მისი ფუნქცია ნუტრიენტების გლუკოზად გარდაქმნა, ცხიმის შენახვა და ტოქსინების დაშლაა. მსოფლიო მოსახლეობის მესამედზე მეტი მეტაბოლურ დისფუნქციასთან ასოცირებულ ღვიძლის ცხიმოვან დაავადებას (MASLD) ებრძვის. ის ორგანოს გამართულ მუშაობას საფრთხეს უქმნის, შესაბამისად, ადამიანის სიცოცხლესაც. მეცნიერებმა ცოტა ხნის წინ ღვიძლის ჰეპატოციტური ორგანოიდები, ორგანოს მინიატიურული, 3D მოდელები, შექმნეს. მას პრეპარატების განვითარებისა და რეგენერაციული თერაპიების გასაუმჯობესებლად დიდი პოტენციალი აქვს.

Nature-ში გამოქვეყნებულ კვლევაში, იაპონიის კეიოს უნივერსიტეტის მკვლევრებმა მეთოდი წარმოადგინეს. მას რთულად გასაზრდელი ორგანოიდების შექმნა 3-4 კვირაში შეუძლია, თანაც ისე, რომ ღვიძლის ყველა ფუნქცია შენარჩუნებული იყოს.

“ეს ორგანოიდები შესაძლოა, ღვიძლისა და მისი მრავალფუნქციურობის ყველაზე ზუსტი ანალოგია”, — აცხადებს კვლევის მთავარი ავტორი, პროფესორი ტოშირო სატო კეიოს უნივერსიტეტიდან.

მიუხედავად იმისა, რომ ორგანოიდები ადამიანური ორგანოების ლაბორატორიულ ანალოგს წარმოადგენს, ღვიძლის კომპლექსური ფუნქციებისა და მისთვის საჭირო ენერგიის გამო, მკვლევრებისთვის მისი გაზრდა რთული აღმოჩნდა. როცა მეცნიერები ღვიძლის ძირითადი უჯრედების, ჰეპატოციტების, გაზრდასა და გადარჩენას ცდილობდნენ, ისინი ქოლანგიოციტებს ემსგავსებოდა. ეს ის უჯრედებია, რომლებიც ნაღვლის სადინარს აშენებს.

მკვლევართა გუნდმა, რიო იგარაშისა და მაუმი ოდას ხელმძღვანელობით, ჰეპატოციტური ორგანოიდების შექმნა გადაწყვიტა. მათ ნიმუშები პირდაპირ პაციენტებიდან აიღეს. ორგანოიდები ზრდას სამი თვის განმავლობაში განაგრძობდა და ნახევარი წლის განმავლობაში გადარჩა.

მკვლევრებმა ასევე ჰორმონების გამოყენებით ახალი მეთოდი შექმნეს, რომელიც ჰეპატოციტების ფუნქციებს არეგულირებს. მალე ორგანოიდებმა ღვიძლის ყველა ძირითადი ფუნქციის შესრულება დაიწყო, რომელთა შორის იყო გლუკოზის, შარდოვანას, ნაღვლის მჟავის, ქოლესტერინისა და ტრიგლიცერინის წარმოქმნა.

ორგანოიდებმა ისეთი მნიშვნელოვანი ნივთიერება გამოყო, როგორიცაა ალბუმინი. ის ცილაა, რომელიც სისხლში სითხის ბალანსის შენარჩუნებას უწყობს ხელს. ამ ნივთიერების გამოყოფის დონე ნამდვილი ღვიძლის დონესთან მიახლოებული იყო, ზოგ შემთხვევაში კი წინა კვლევების მაჩვენებელიც გაუმჯობესდა. გარდა ამისა, ორგანოიდებში პატარა არხის მსგავსი ქსელები შეიქმნა, რომლებშიც ნაღვლის მჟავას თავისუფლად შეეძლო მოძრაობა. ეს ღვიძლის ერთ-ერთი ურთულესი ფუნქციაა.

მკვლევრებმა ჰეპატოციტური ორგანოიდები იმუნური სისტემისა და ღვიძლის ფუნქციის დაქვეითების მქონე თაგვებს ჩაუნერგეს. უჯრედებმა საბოლოოდ მღრღნელების ღვიძლის ბუნებრივი უჯრედები ჩაანაცვლა და ძველი ფუნქციები აღადგინა.

მიუხედავად იმისა, რომ ღვიძლი გადანერგვისთვის ერთ-ერთი მოთხოვნადი ორგანოა, მისი რაოდენობა შეზღუდულია. არსებობს მეთოდი, რომელიც ჰეპატოციტების ამოღებას, გაყინვას და საჭიროებისას გამოყენებას გულისხმობს. სამწუხაროდ, ეს მეთოდი არც ისე წარმატებულია.

ამჟამად წამლის ტესტირებისთვის დონორებისგან აღებული ნამდვილი ღვიძლის უჯრედები გამოიყენება. ისინი ძალიან ძვირია და ფუნქციას რამდენიმე დღეში კარგავს. ახალი კვლევა კი ტესტირების პროცესს გაამარტივებს და ხარჯებსაც შეამცირებს.

მნიშვნელოვანია, რომ ორგანოიდები უფრო სტაბილურ და ხელმისაწვდომ მოდელს წარმოადგენს. მკვლევარი სატო ამბობს, რომ შემდეგი ნაბიჯი ორგანოიდების კიდევ უფრო მასშტაბურად გამრავლება და სხვა ტიპის ღვიძლის უჯრედების დამატებაა, რაც მათ სამედიცინო კვლევებში გამოყენებას კიდევ უფრო გაამარტივებს.

ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი “დოქტრინა”

სრულად ნახვა
ბიოლოგიადედამიწა

აღმოაჩინეს უცნაური თევზი, რომელსაც გრძელი „რქები“ აქვს

მეცნიერთა ჯგუფმა, რომელიც სამხრეთ სენდვიჩის კუნძულებზე (ანტარქტიკა, ატლანტის ოკეანე) ექსპედიციაში იღებდნენ მონაწილეობას უცნაური ზღვის ბინადარი აღმოაჩინეს, რომელსაც მოგრძო რქისებრი „წანაზარდები“ აქვს.

მეცნიერების თქმით, ეს პარაზიტებია, რომლებიც თევზის კუნთებამდე აღწევენ და მისი სისხლით იკვებებიან.

მეცნიერებმა კადრები 489 მეტრის სიღრმეზე გადაიღეს ექსპედიციის დროს, რომლის მთავარი მიზანიც ზღვის ფსკერისა და ამ ადგილების ბიომრავალფეროვნების შესწავლაა.

ეს Macrourus-ის სახეობის თევზია, რომელსაც Lophoura szidati-ის პარაზიტები მიეწებნენ. ეს პარაზიტები სხვადასხვა სახეობის თევზებს ირჩევენ მსხვერპლად, რათა მათი სისხლით და კუნთოვანი ქსოვილით გამოიკვებონ. ისინი ნაწილობრივ კუნთოვან მასაში არიან ჩაზრდილები, ნაწილობრივ კი გარეთ რჩებიან. თითოეული პარაზიტი ასობით კვერცხით სავსე რამდენიმე ტომარას შეიცავს.

ამ პარაზიტების შესახებ ბევრი ინფორმაცია არ არის, თუმცა ისინი თევზების თანამგზავრები არიან, რომელთა ნარჩენები მათი სიკვდილის შემდეგაც კი არ ქრება მსხვერპლის კუნთოვანი მასიდან.

ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი “დოქტრინა”

სრულად ნახვა
არქეოლოგიაბიოლოგიადედამიწაკვლევები

2 მილიარდი წლის ქანში ცოცხალი მიკრობები აღმოაჩინეს

მეცნიერებმა სამხრეთ აფრიკაში 2 მილიარდი წლის ქანის ნიმუში მოიპოვეს, რომლის შესწავლის შედეგადაც იქ ცოცხალი მიკრობები აღმოაჩინეს. ეს უძველესი მსგავსი გეოლოგიური აგრეგატია, რომელშიც აქტიურ მიკროორგანიზმებს მიაკვლიეს. აქამდე რეკორდი მხოლოდ 100 მილიონი წელი იყო, რაც უკანასკნელ მიგნებას უაღრესად მნიშვნელოვნად აქცევს.

“ამგვარი მიკრობების დნმ-ისა და გენომის გამოკვლევის გზით შესაძლოა, დედამიწაზე არსებული ადრეული სიცოცხლის ევოლუციის შესახებ მეტი გავიგოთ”, — აცხადებს ტოკიოს უნივერსიტეტში მომუშავე იოჰე სუზუკი.

მან, კოლეგებთან ერთად, სამხრეთ აფრიკის ბუშველდის ვულკანურ კომპლექსში მდებარე უძველესი ქანი გააანალიზა, რომელიც მაგმის გაგრილების შედეგად წარმოიქმნა. ეს არეალი საკმაოდ დიდ ფართობს მოიცავს და მსოფლიოში მადნით ერთ-ერთი ყველაზე მდიდარია. ფორმირებიდან დღემდე ის თითქმის არ შეცვლილა, ამიტომ მიკრობებისთვის ხელსაყრელია.

ასეთი უძველესი ორგანიზმები ნელი მეტაბოლიზმის გამო გადარჩენას საკმაოდ დიდი ხნის განმავლობაში ახერხებენ და დედამიწის ზედაპირის ქვეშ ცხოვრობენ. ისინი ევოლუციასაც ნელა განიცდიან. სპეციალისტებმა მათ ქანის 30-სანტიმეტრიან ნიმუშში მიაგნეს, რომელიც 15 მეტრი სიღრმიდან ბურღის მეშვეობით მოიპოვეს. აღმოჩნდა, რომ თიხით ამოვსებულ მის ნაპრალებში მჭიდროდ თავმოყრილი მიკრობული უჯრედები იყო.

ფოტო: Y. Suzuki

იმის დასადასტურებლად, რომ ისინი იქ ბურღის მეშვეობით გარედან არ მოხვდნენ, მეცნიერებმა მიკრობების დნმ გამოიკვლიეს და მათში არსებული ცილების დასათვალიერებლად ინფრაწითელი სპექტროსკოპიის მეთოდიც გამოიყენეს. საბოლოოდ, დადგინდა, რომ ისინი მართლაც არქაული ორგანიზმები არიან, თანაც ზოგი მათგანი ჯერ კიდევ ცოცხალი იყო.

ეს დედამიწის წარსულის შესახებ გვაწვდის ინფორმაციას, მაგრამ მხოლოდ ამით არ შემოიფარგლება. სიცოცხლის კვალს კაცობრიობა სხვა პლანეტებზეც ეძებს, პირველ რიგში კი მარსზე. შესაძლოა, ცოცხალი ორგანიზმები იქაც ზედაპირის ქვეშ არსებობდნენ. წითელ პლანეტაზე ქვების ნიმუშები მარსმავალმა Perseverance უკვე შეაგროვა და მათი დედამიწაზე ჩამოტანა იგეგმება.

ახალი ნაშრომი გამოცემაში Microbial Ecology გამოქვეყნდა.

ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი “დოქტრინა”

სრულად ნახვა
ბიოლოგიაკვლევები

ბოლო ასწლეულის განმავლობაში, ადამიანის ტვინი გაიზარდა – როგორ აისახება ეს ადამიანზე

დევისის კალიფორნიის უნივერსიტეტის მეცნიერებმა დაადგინეს, რომ ადამიანის ტვინის მოცულობა 1930 წლიდან თითქმის 7%-ით გაიზარდა. ეს ცვლილება უზრუნველყოფს გაძლიერებულ დაცვას ასაკთან დაკავშირებული დემენციისგან. კვლევის შედეგები გამოქვეყნდა JAMA Neurology-ზე.

მკვლევარებმა მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფიით (MRI) გაზომეს ტვინის მოცულობა 30-დან 62 წლამდე ასაკის 5209 მამაკაცსა და ქალში.  MRI ჩატარდა 1999-2019 წლებში. კვლევის მონაწილეები დაბადებულები იყვნენ 1930-1970-იან წლებში.

შედეგებმა აჩვენა, რომ 1930-იან წლებში დაბადებულთა ტვინის საშუალო მოცულობა იყო 1234 მილილიტრი. 1970-იან წლებში დაბადებულ ადამიანებში ეს მაჩვენებელი 1321 მილილიტრამდე გაიზარდა, რაც, დაახლოებით, 6,6%-ით მეტია.

მეცნიერებმა ასევე დაადგინეს, რომ ტვინის მოცულობის გაზრდა დაკავშირებულია ახალგაზრდა თაობებში დემენციის შემცირებულ რისკთან. მკვლევარებმა წამოაყენეს ჰიპოთეზა, რომ ეს „ჰიპერტროფია“ ქმნის უფრო მეტ კოგნიტურ რეზერვს, რათა თავიდან იყოს აიცილებული ასაკთან დაკავშირებული ყურადღების, მეხსიერების, რეაქციის სიჩქარის და სხვა უნარების დაქვეითება.

ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი “დოქტრინა”

სრულად ნახვა
1 2 3 4 5 … 17
Page 3 of 17