close

ბიოლოგია

ბიოლოგიადედამიწა

სამხრეთ კორეაში დინოზავრის აქამდე უცნობი სახეობა აღმოაჩინეს

ტეხასის უნივერსიტეტისა და კორეის კვლევითი ცენტრის მეცნიერებმა დინოზავრის ახალი სახეობის აღმოჩენის შესახებ განაცხადეს. აღმოჩენა ეფუძნება ნამარხს, რომელიც 3 წლის წინ კუნძულ აპჰეზე იპოვეს. თავდაპირველად მეცნიერებს ის მყარი ქანის ნატეხი ეგონათ, რომლიდანაც რამდენიმე ძვალი იყო ამოშვერილი. თუმცა, ლაბორატორიაში გაირკვა, რომ ეს დინოზავრის ნაშიერის თითქმის სრული ჩონჩხია.

ახალ სახეობას Doolysaurus huhmini დაარქვეს. სახელის პირველი ნაწილი სამხრეთკორეული მულტფილმის პერსონაჟის, დინოზავრ „დულის“ პატივსაცემად შეირჩა, ხოლო მეორე ნაწილი – პალეონტოლოგ მინ ჰუს პატივსაცემად.

მეცნიერებმა დაადგინეს, რომ სიკვდილის მომენტში დინოზავრი დაახლოებით 2 წლის იყო და ზომით ინდაურს არ აღემატებოდა. ვარაუდობენ, რომ ზრდასრული დინოზავრები პატარა კრავის ხელა იზრდებოდნენ.

ეს ცხოველი 113-94 მილიონი წლის წინ ბინადრობდა და, სავარაუდოდ ყველაფერს ჭამდა.

ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
ბიოლოგიამედიცინა

გენური თერაპიის მიღწევებიდან დაავადებების აფეთქებებამდე: ჯანმრთელობის ტენდენციები, რომლებიც 2026 წელს ჩამოაყალიბებს

2026 წელი გლობალური ჯანდაცვისთვის გარდამტეხ პერიოდად ყალიბდება.
მედიცინა ერთდროულად ორი ურთიერთსაპირისპირო პროცესის წინაშე დგას:
ერთი მხრივ, ბიოტექნოლოგიური მიღწევები, განსაკუთრებით გენური თერაპიის
სფეროში, ადამიანისთვის აქამდე წარმოუდგენელ შესაძლებლობებს ხსნის;
მეორე მხრივ კი, ქრონიკული დაავადებები სულ უფრო ფართოდ ვრცელდება,
მათ შორის განვითარებულ ქვეყნებშიც.
გენური თერაპია უკვე აღარ არის მხოლოდ ექსპერიმენტული მიმართულება.
2026 წლისთვის ის რეალურად გამოიყენება იშვიათი მემკვიდრეობითი
დაავადებების, სისხლის პათოლოგიებისა და ზოგიერთი ონკოლოგიური
შემთხვევის სამკურნალოდ. CRISPR-ის მსგავსი ტექნოლოგიები ექიმებს
საშუალებას აძლევს, უშუალოდ გენეტიკურ დონეზე ჩაერიონ დაავადების
მიზეზში და არა მხოლოდ სიმპტომებში. ეს რადიკალურად ცვლის მკურნალობის
ფილოსოფიას — მედიცინა თანდათან ინდივიდუალურ, გენეტიკურად
მორგებულ პროცესად იქცევა.
თუმცა პარალელურად იზრდება პრობლემები, რომლებიც ტექნოლოგიური
პროგრესის მიუხედავად, კვლავ მოუგვარებელი რჩება. გულ-სისხლძარღვთა
დაავადებები, დიაბეტი, სიმსუქნე, შფოთვა და უძილობა უფრო ახალგაზრდა
ასაკშიც კი ფიქსირდება. სპეციალისტები აღნიშნავენ, რომ თანამედროვე
ცხოვრების სტილი — მუდმივი სტრესი, ეკრანებთან გატარებული დრო,
ფიზიკური უმოქმედობა — ქმნის ე.წ. „ნელ ეპიდემიებს“, რომლებიც სისტემურ
გამოწვევად იქცა.
განსაკუთრებით შემაშფოთებელია ფსიქიკური და ფიზიკური ჯანმრთელობის
გადაკვეთა. კვლევები აჩვენებს, რომ ქრონიკული სტრესი და ძილის დეფიციტი
პირდაპირ ასუსტებს იმუნურ სისტემას, ზრდის ანთებით პროცესებს და
ამცირებს ორგანიზმის წინააღმდეგობის უნარს.
ამ კონტექსტში 2026 წლის ერთ-ერთი მთავარი ტენდენცია არის პრევენციულ
მედიცინაზე აქცენტის გადატანა. ჯანდაცვის სისტემები სულ უფრო მეტად
იყენებენ მონაცემებს, ციფრულ მონიტორინგს და ხელოვნურ ინტელექტს
დაავადებების ადრეული ნიშნების დასადგენად. ჯანმრთელობა აღარ აღიქმება

მხოლოდ როგორც დაავადების არარსებობა — ის ხდება მუდმივი, აქტიური
მართვის პროცესი.

ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
ბიოლოგიაისტორიაკვლევები

ლეონარდო და ვინჩის დნმ შესაძლოა მის ხელოვნებაში იყოს ჩადებული — მეცნიერები ფიქრობენ, რომ მათ მოახერხეს მისი ნაწილის ამოღება

შესაძლებელია თუ არა გენეტიკური მასალის აღმოჩენა ხელოვნების ნიმუშებში,
რომლებიც ხუთ საუკუნეზე მეტი ხნის წინ შეიქმნა? მეცნიერები ფიქრობენ, რომ
ლეონარდო და ვინჩის ნახატებსა და ხელნაწერებზე აღმოჩენილი მიკროსკოპული
ბიოლოგიური კვალი შესაძლოა თავად მხატვარს ეკუთვნოდეს. კვლევა ეფუძნება
იმ ფაქტს, რომ ლეონარდო ხშირად მუშაობდა უშუალოდ ხელით — ფუნჯით,
თითებით და მარტივი ინსტრუმენტებით, რაც ბიოლოგიური მასალის გადატანის
შესაძლებლობას ზრდიდა.
თანამედროვე ანალიზის მეთოდები იძლევა საშუალებას, ზედაპირებიდან
ამოღებული დნმ-ის ფრაგმენტები დეტალურად შეისწავლონ, ისე რომ
ნამუშევრები არ დაზიანდეს. მკვლევრები ვარაუდობენ, რომ თუ დნმ-ის
ავთენტურობა დადასტურდება, შესაძლებელი გახდება ლეონარდოს გენეტიკური
პროფილის ნაწილობრივი რეკონსტრუქცია — მათ შორის მისი ჯანმრთელობის
მდგომარეობისა და ფიზიოლოგიური თავისებურებების შესახებ ინფორმაციის
მიღება.
თუმცა მეცნიერები სიფრთხილეს იჩენენ. დნმ შეიძლება იყოს დაბინძურებული
სხვა ადამიანებისგან, რომლებიც ნამუშევრებს საუკუნეების განმავლობაში
შეეხნენ. მიუხედავად ამისა, კვლევა უკვე აღიქმება, როგორც უნიკალური
მცდელობა ხელოვნებისა და გენეტიკის გადაკვეთისა, რომელიც ისტორიის
შესწავლას სრულიად ახალ განზომილებას აძლევს.

ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
ბიოლოგიაკვლევებიმედიცინა

რუმინეთში აღმოაჩინეს უძველესი ბაქტერია, რომელზეც ანტიბიოტიკები არ მოქმედებს

რუმინელმა მკვლევრებმა სკერიშოარას მღვიმეში ბაქტერიის უძველესი შტამი იპოვეს, რომელიც თანამედროვე ანტიბიოტიკების მიმართ რეზისტენტულია.

ჟურნალის Frontiers in Microbiology ცნობით, ბაქტერია Psychrobacter SC65A.3 ხუთი ათასი წლის წინანდელ ყინულის ნალექებში აღმოაჩინეს. ამ შტამს ერთდროულად 10 თანამედროვე ანტიბიოტიკისთვის შეუძლია წინააღმდეგობის გაწევა და ფლობს 100-მდე გენს, რომლებიც ამ ნივთიერებების ნეიტრალიზაციაზეა პასუხისმგებელი.

რუმინეთის მეცნიერებათა აკადემიის ბიოლოგიის ინსტიტუტის უფროსმა მეცნიერ-თანამშრომელმა, კრისტინა პურკერიამ აღნიშნა, რომ თუ ყინულის დნობა მსგავს ბაქტერიებს გამოათავისუფლებს, მათ სხვა მიკრობებში გავრცელება შეეძლებათ, რაც კიდევ უფრო დაამძიმებს წამლების მიმართ ბაქტერიების მდგრადობის პრობლემას.

მკვლევრის თქმით, უძველესი მიკრობების შესწავლა მეცნიერებს ეხმარება იმის გაგებაში, თუ როგორ ჩამოუყალიბდათ მათ ანტიბიოტიკებისადმი რეზისტენტულობა მანამ, სანამ ადამიანი ამ მედიკამენტების მასობრივ გამოყენებას დაიწყებდა.

სრულად ნახვა
ბიოლოგიაეს საინტერესოაკვლევებიმედიცინა

მეცნიერებმა 117 წლის ქალის დნმ-ი გაშიფრეს და გაოცებულები დარჩნენ

მეცნიერებმა აღმოაჩინეს იშვიათი გენეტიკური და ბიოლოგიური თავისებურებები, რომლებიც შეიძლება ხსნიდეს ესპანელი მარია ბრანიასის ფენომენალურ დღეგრძელობას – მან 117 წელი იცოცხლა და ამავდროულად გასაოცრად კარგი ჯანმრთელობა შეინარჩუნა, – წერს Indian Defence Review.

ახალი გენეტიკური კვლევა, რომელიც ჟურნალში Cell Reports Medicine გამოქვეყნდა, ბარსელონაში მდებარე კარერასის ლეიკემიის კვლევითი ინსტიტუტის მეცნიერებმა ჩაატარეს. მათ ქალის სისხლის, ნერწყვის, განავლისა და შარდის სრული ანალიზი გააკეთეს და დაადგინეს, რომ მისი ორგანიზმის მრავალი უჯრედული მარკერი რეალურ ასაკთან შედარებით ათწლეულებით „უმცროსად“ გამოიყურებოდა. მკვლევრები მიიჩნევენ, რომ ეს შემთხვევა ჯანმრთელი დაბერებისკენ მიმავალი მნიშვნელოვანი გზების აღმოჩენაში შეიძლება დაგვეხმაროს.

აღნიშნულია, რომ ბრანიასს ჰქონდა ანთებითი პროცესების უფრო დაბალი დონე, უკეთესი გულ-სისხლძარღვთა ჯანმრთელობა და იმუნური სისტემა, ვიდრე მასზე რამდენიმე ათეული წლით უმცროს ადამიანებს. მისი ნაწლავის მიკრო ფლორაც მაღალი მდგრადობით გამოირჩეოდა. მიღებული შედეგები მიუთითებს იშვიათ გენომურ პროფილზე, რომელიც ქალს ასაკობრივი დეგრადაციისგან იცავდა.

„ადამიანის უკიდურესად ხანგრძლივი სიცოცხლე, რომლის მაგალითსაც სუპერდღეგრძელები წარმოადგენენ, დაბერების გააზრებაში ერთგვარი პარადოქსია: მიუხედავად სიბერისა, ისინი შედარებით კარგ ჯანმრთელობას ინარჩუნებენ“, – წერენ მკვლევრები.

სრულად ნახვა
ბიოლოგიასაბუნებისმეტყველო მეცნიერებები

ანტარქტიდაში ღრმაწყლოვანი არსებების ახალი სახეობები აღმოაჩინეს

დედამიწის ერთ-ერთ ყველაზე მიუვალ კუთხეში, სამხრეთის ოკეანეში (ანტარქტიდის წყლები), მეცნიერებმა ღრმაწყლოვანი არსებების აქამდე უცნობი 30-მდე სახეობა აღმოაჩინეს. ისინი ექსპედიციამ იპოვა, რომელშიც ორგანიზაციების Nippon Foundation, Nekton Ocean Census და შმიდტის სახელობის ოკეანოლოგიის ინსტიტუტის სპეციალისტები შედიოდნენ.

აღმოჩენილ არსებათაგან ერთ-ერთია მტაცებელი, ხორცისმჭამელი ღრუბელი (Chondrocladia$ sp. nov.), რომელსაც „სიკვდილის ბურთი“ შეარქვეს. მას სფეროსებრი ფორმა აქვს, რომელიც პატარა კაუჭებითაა დაფარული, რომლებითაც არსება ნადავლზე ნადირობს.

მეცნიერებმა ასევე აღმოაჩინეს „ზომბი-ჭიები“ (Osedax$ sp.). მათ არ აქვთ პირი და ნაწლავები. ვეშაპების და სხვა მსხვილი ხერხემლიანების ძვლებში არსებულ ცხიმებს ისინი ​სიმბიოზური ბაქტერიებს მეშვეობით შლიან.

ახალი სახეობების ძიება სამეცნიერო-კვლევითი გემის, Falkor-ის ფლაგმანური პროგრამის „ოკეანეების აღწერა“ ფარგლებში მიმდინარეობდა.

ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
ბიოლოგიაკვლევებიმედიცინა

მეცნიერებმა გაარკვიეს, როგორ და სად იმალება აივ-ინფექცია ადამიანის სხეულში

აივ-ინფექცია ცნობილია უნარით, ადამიანის სხეულში დაიმალოს ათწლეულების განმავლობაში; როგორც წესი, საჭიროებს ხანგრძლივ მკურნალობას, რათა არ გამოვიდეს მიძინებული მდგომარეობიდან.

ახალ კვლევაში, მკვლევრებმა გაარკვიეს, სად და როგორ იმალება აივ-ინფექცია ამ ლატენტურ რეზერვუარებში, რაც საკვანძო ნაბიჯია პაციენტების ამ ვირუსისგან განკურნების მცდელობაში.

თავის ფარულ სტადიაში, აივ-ს შეუძლია გარკვეულ მასპინძელ უჯრედებში დარჩეს მიძინებული „პროვირუსის“ სახით — ვირუსული გენომის, რომელსაც საკუთარი თავი შეჰყავს მასპინძლის უჯრედის დნმ-ში.

ეს არის მთავარი მიზეზი, რის გამოც მისი აღმოფხვრა ასე რთულია, თუნდაც თანამედროვე ანტირეტროვირუსული პრეპარატებით. მათ შეუძლიათ ვირუსული გამრავლების დათრგუნვა, ვირუსული ჩატვირთვის შემცირება, დაავადების პროგრესის შეჩერება, მაგრამ მიზანში ვერ იღებენ დამალულ პროვირუსებს.

შედეგად, ანტირეტროვირუსული თერაპია აივ-ინფექციას იმორჩილებს, მაგრამ ვერ სპობს, რაც ბევრ პაციენტს აიძულებს, განუსაზღვრელი ვადით გააგრძელონ მკურნალობა ან თავი ვირუსის რეციდივის რისკის ქვეშ დააყენონ.

წინა კვლევები აჩვენებს, რომ აივ-ინფექციას სხეულის სხვადასხვა ქსოვილში დარჩენა შეუძლია, მათ შორის თავის ტვინში, თირკმელებში, ღვიძლში, ფილტვებში, საჭმლის მომნელებელ ტრაქტში და ა. შ.

იმუნური სისტემის T დამხმარე უჯრედები მთავარი ლატენტური რეზერვუარებია, მაგრამ არა ერთადერთი. აივ-ინფექცია ასევე იმალება კანის უჯრედებში, სისხლის თეთრ უჯრედებში, ორგანოსპეციფიკური უჯრედებში, როგორიცაა თირკმელების პოდოციტები და ნეირონების დამხმარე უჯრედები.

აივ ინფექციის ლატენტობის მრავალი დეტალი ჯერ კიდევ ბოლომდე შესწავლილი არ არის, მათ შორის არა მხოლოდ ის, თუ სად იმალება ვირუსი, არამედ ისიც, როგორ შედის ის სხვადასხვა ქსოვილსა და უჯრედის ტიპებში და როგორ სახლდება შემდეგ იქ.

ახალი კვლევის თანახმად, აივ-ინფექცია ამას ქსოვილ-სპეციფიკური მიდგომით აღწევს, მასპინძელი უჯრედის დნმ-ში იმალება თავისი ქცევის გარემოსთან შესაბამისობაში მოყვანით. მაგალითად, თავის ტვინში ის თავს არიდებს გენებს და დნმ-ის უფრო ნაკლებად აქტიურ რეგიონებში იმალება.

„დავადგინეთ, რომ აივ-ინფექცია შემთხვევითად არ ინტეგრირდება. ამის ნაცვლად, სხვადასხვა ქსოვილში მიჰყვება უნიკალურ მახასიათებლებს, რაც სავარაუდოდ ჩამოყალიბებულია ადგილობრივი გარემოსა და იმუნური პასუხების მიერ. ეს ხსნის, თუ როგორ ახერხებს აივ-ვირუსი ორგანიზმში ათწლეულების განმავლობაში შენარჩუნებას და რატომ შეიძლება მოქმედებდეს ზოგიერთი ქსოვილი ინფექციის რეზერვუარის სახით“, — ამბობს ონტარიოს დასავლეთის უნივერსიტეტის მიკრობიოლოგი სტივენ ბარი.

კვლევაში შეისწავლეს მონაწილეების სისხლის, მსხვილი ნაწლავის, საყლაპავი მილის, წვრილი ნაწლავისა და კუჭის ქსოვილების ნიმუშები.

ავტორებმა შეისწავლეს, რამდენად ხშირად ინტეგრირდებოდა აივ-ინფექცია მასპინძელი გენომის სპეციფიკურ ნაწილებში, შემდეგ კი ეს ინფორმაცია შეადარეს მახასიათებლებს, რომლებსაც ისინი სხვადასხვა ადამიანის სხეულის სხვადასხვა ნაწილში დააკვირდნენ.

„იმის ცოდნა, სად იმალება ვირუსი ჩვენს გენომში, დაგვეხმარება, რომ გამოვავლინოთ ამ უჯრედების და ქსოვილების მიზანში ამოღების გზები ტარგეტირებული თერაპიული მიდგომებით — ან ამ უჯრედების ამოძირკვით ან ვირუსის „დადუმებით““, — ამბობს კალაგარის უნივერსიტეტის მოლეკულური ვირუსოლოგი გიდო ფონ მარლი.

ეს აღმოჩენა მკვლევრებმა გააკეთეს ქსოვილების იშვიათი ნიმუშების გამოყენებით, რომლებიც პაციენტებისგან აივ/შიდსის პანდემიის დაწყების ადრეულ წლებში შეაგროვეს, იქამდე, ვიდრე თანამედროვე მედიკამენტები გახდებოდა ხელმისაწვდომი.

ამის წყალობით, მეცნიერები ვირუსს მის ბუნებრივ მდგომარეობაში დააკვირდნენ ერთი და იმავე ინდივიდის მრავალ სხვადასხვა ორგანოში; ასე გამომჟღავნდა არა მხოლოდ ახალი დეტალები აივ-ინფექციის შესახებ, არამედ ისტორიული ნიმუშების შენახვის სამეცნიერო მნიშვნელობაც.

„ჩვენი კვლევა წარმოადგენს მძლავრ მაგალითს იმისა, როგორ შეგვიძლია ვისწავლოთ ისტორიული ნიმუშებიდან, რათა უკეთესად შევისწავლოთ ვირუსი, რომელიც დღემდე ათეულობით მილიონ ადამიანზე ზემოქმედებს მთელ მსოფლიოში“, — ამბობს ბარი.

ეს ნიმუშები არსებობს იმ ადამიანთა წყალობით, რომლებიც მოხალისეობრივად მონაწილეობდნენ აივ-ინფექციის კვლევებში ამ პანდემიის დასაწყისში.

მომზადებულია news.westernu.ca-სა და ScienceAlert-ის მიხედვით, რომელიც მიხეილ ჭაბუკაშვილმა თარგმნა.

ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი “დოქტრინა”

სრულად ნახვა
ბიოლოგიამედიცინა

ისტორიაში პირველად, ადამიანის კანის დნმ-ის გამოყენებით ფუნქციური კვერცხუჯრედი შექმნეს

მეცნიერებმა ზედმეტი ქრომოსომების მოცილების ახალი მეთოდის დახმარებითა და ადამიანის კანის დნმ-ის გამოყენებით კვერცხუჯრედები მიიღეს. რაც მთავარია, ამ უჯრედებს განაყოფიერების უნარი აქვთ და ზიგოტად ჩამოყალიბება შეუძლიათ. ეს იმედის მომცემია იმ ადამიანებისთვის, რომელთაც ფერტილურობის პრობლემა აქვთ, თუმცა ინოვაციური ტექნიკის კლინიკურად დანერგვას სულ მცირე 10-15 წელი დასჭირდება.

“სომატური უჯრედების ფუნქციის შესაცვლელად მომწიფებული ოვოციტის [ქალის პირველადი სასქესო უჯრედი] უჯრედული მექანიზმის გამოყენება შეგვიძლია. ასე პლურიპოტენტური ღეროვანი უჯრედების მისაღებად აღარ ვიქნებით დამოკიდებულნი უჯრედული კულტურის ზრდაზე, რასაც თვეები სჭირდება. თეორიულად, ეს დროს დაზოგავს და, პოტენციურად, გენეტიკური თუ ეპიგენეტიკური ანომალიების განვითარების რისკსაც შეამცირებს”, — აცხადებს რეპროდუქციული ენდოკრინოლოგი, პაულა ამატო.

უნაყოფობა არის მდგომარეობა, როცა დაორსულების მცდელობები 12 თვის შემდეგაც უშედეგოა (ქალის, კაცის ან ორივეს პრობლემის გამო). გლობალურად ამ სირთულის წინაშე მილიონობით ადამიანია. მას რამდენიმე მიზეზი აქვს, მათ შორის გამეტების არასრულფასოვანი ფუნქციონირება. კვერცხუჯრედების შემთხვევაში ამას შეიძლება სხვადასხვა დაავადება იწვევდეს, მაგალითად: სიმსივნე ან ოვოციტების ხარისხისა და რაოდენობის შემცირება, რაც ასაკთანაა დაკავშირებული.

ერთ-ერთი შესაძლო გამოსავალი ინ ვიტრო გამეტოგენეზია (IVG), რომელიც პაციენტის გენეტიკური მასალიდან გამეტების შექმნას გულისხმობს. ეს ჯერჯერობით მხოლოდ თაგვებში მოხერხდა, ადამიანებში კი — არა; IVG-ის ერთ-ერთი ფორმა სომატური (სხეულის, არასქესობრივი) უჯრედის ბირთვის გადატანაა (SCNT), რითაც კვერცხუჯრედის ბირთვს ანაცვლებენ.

ვინაიდან ამ გზით მიღებულ გამეტებში 23-ის ნაცვლად 46 წყვილი ქრომოსომაა, მათი რაოდენობის შემცირებაა საჭირო. ამისთვის მკვლევრებმა შეიმუშავეს ტექნიკა, რომელსაც უჯრედის მიტომეიოზს უწოდებენ — ის უჯრედთა ბუნებრივი დაყოფის პროცესს იმეორებს.

“მშობლის კანის უჯრედის ბირთვი ინერგება დონორის ოვოციტში, რომელსაც საკუთარი ბირთვი აქვს ამოცლილი. ამ რეკონსტრუირებულ კვერცხუჯრედს შემდეგ ქრომოსომების ნახევარი შორდება, რათა ჰაპლოიდი მიიღწეს [23 წყვილი ქრომოსომა]… მომდევნო ეტაპზე კვერცხუჯრედი უკვე მეორე მშობლის სპერმით ნაყოფიერდება და დიპლოიდური ზიგოტა მიიღება [ემბრიონი], რომელსაც ქრომოსომების ნორმალური რაოდენობა აქვს [46 წყვილი, ნახევარ-ნახევარი დედ-მამისგან]”, — ამბობს პაულა ამატო.

ამ მეთოდით მეცნიერებმა 82 ფუნქციური ოვოციტი შექმნეს და ისინი გაანაყოფიერეს. შედეგები შერეული იყო: მათმა უმეტესობამ უჯრედული დაყოფის მე-4-დან მე-10-მდე ეტაპზე განვითარება შეწყვიტა, დაახლოებით 9%-მა კი ბლასტოცისტად ჩამოყალიბება განაგრძო. მართალია, ეს მცირე მაჩვენებელია, მაგრამ ადასტურებს, რომ ახალი ტექნიკა მუშაობს. ექსპერიმენტი მეექვსე დღეს შეწყდა, რადგან ბლასტოცისტს სწორედ ამ დროს ნერგავენ ხოლმე.

კვლევისას გამოკვეთილი მთავარი გამოწვევა ქრომოსომური ანომალიების ნიშნები იყო, რადგან ზედმეტი ქრომოსომები შემთხვევითობის პრინციპით მოაცილეს. ახლა მეცნიერები სწორედ ამ პრობლემის მოგვარებას ცდილობენ.

ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”

 

სრულად ნახვა
ბიოლოგიაკვლევებიკომუნიკაციამედიცინა

ისტორიაში პირველად, ხელოვნური ნეირონისა და ტვინის ნამდვილი უჯრედის კომუნიკაცია შედგა

მასაჩუსეტსის უნივერსიტეტში მომუშავე მეცნიერებმა განსაკუთრებული ხელოვნური ნეირონი შექმნეს — მან ბიოლოგიურ ნეირონთან პირდაპირი კომუნიკაციის დამყარება შეძლო, რაც აქამდე არასდროს მომხდარა. მათ შორის ელექტრული ინფორმაციის მიმოცვლა ისე შედგა, როგორც ბუნებრივად ხდება ხოლმე, იმავე ძაბვისა და ენერგიის გამოყენებით.

მკვლევრები წლებია, რაც ამგვარ ნეირონებს ქმნიან და კომპლექსურ მოწყობილობებთან აკავშირებენ. ამის მიუხედავად, მათი ფუნქციონირება ჩვენი ტვინისას ვერც შეედრება. ახალი ტიპის ხელოვნური ნეირონი რეალურთან ყველაზე მიახლოებულია, რადგან ის სხვებზე 10-ჯერ ნაკლებ ძაბვასა და 100-ჯერ ნაკლებ ენერგიას საჭიროებს.

აქამდე არსებული მოდელები ზედმეტად “ხმაურიანი” იყო იმისთვის, რომ ბიოლოგიურ უჯრედებთან კომუნიკაცია დაემყარებინა. მათგან განსხვავებით, ახალი სინთეზური ნეირონი “ჩუმია”, რაც ინფორმაციის გადაცემას ამარტივებს.

“ის მხოლოდ 0.1 ვოლტ ძაბვას აღწევს. ეს დაახლოებით იგივეა, რაც ჩვენს სხეულში არსებულ ნეირონებში ფიქსირდება”, — აცხადებენ მეცნიერები.

ხელოვნური და ბიოლოგიური ნეირონების დაკავშირების აქამდე ნაცადი გზები ნაკლებად ბუნებრივი იყო, მაგალითად, სინათლის მეშვეობით. ახლა მკვლევრებმა ცილების ისეთი ნანომავთულები გამოიყენეს, რომლებიც ბაქტერიამ წარმოქმნა. ბუნებრივი ფორმირების გამო ამ სტრუქტურებს ნამდვილი ნეირონებისთვის დამახასიათებელ ნოტიო გარემოში გადარჩენა შეუძლია.

ავტორები ამბობენ, რომ ასეთი მოდელები ნეირომორფული ინტეგრაციის პოტენციალს ზრდის (ნეირომორფული კომპიუტერები ადამიანის ტვინითაა შთაგონებული). მათი თქმით, ამჟამად ხელმისაწვდომი ისეთი სენსორები, რომელთაც სხეულზე ვიმაგრებთ, არაეფექტიანია. კომპიუტერმა მათ მიერ მიღებული სიგნალი რომ გააანალიზოს, ჯერ ის ელექტრულად უნდა გაძლიერდეს, რათა აღქმადი გახდეს.

ეს პროცესი მოხმარებულ ენერგიასაც ზრდის და რთული სტრუქტურის წრედსაც საჭიროებს. დაბალი ძაბვის ნეირონებით აღნიშნული დაბრკოლების გადალახვის საშუალება გვეძლევა, რადგან მათ შემთხვევაში სიგნალის გაძლიერება აუცილებელი აღარაა.

თავიანთ მიღწევაზე ავტორები გამოცემა Nature Communications-ში გამოქვეყნებულ ნაშრომში გვიყვებიან.

მომზადებულია პორტალ on.ge-ს მიერ

ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

 

 

 

სრულად ნახვა
ბიოლოგიადედამიწაკვლევებიმედიცინა

დელფინების ტვინში ალცჰაიმერის ნიშნები აღმოაჩინეს

შესაძლებელია, რომ დელფინებს გზა ალცჰაიმერთან დაკავშირებული ტვინის დაზიანების გამო აებნეთ? ეს მეცნიერებმა 20 აფალინას (Tursiops truncatus) მაგალითზე შეისწავლეს. ისინი ფლორიდაში მდებარე ინდოეთის მდინარის ლაგუნაში 2010-დან 2019 წლამდე პერიოდში გამოირიყნენ.

მათ ტვინში სპეციალისტებმა გენური ექსპრესიის ისეთ ცვლილებებს მიაგნეს, რომლებიც ადამიანებში ალცჰაიმერის დაავადებას უკავშირდება; დააფიქსირეს მსგავსი მდგომარეობისთვის დამახასიათებელი დაზიანებებიც, მაგალითად, ცილების გროვები. ავტორები იმასაც ამბობენ, რომ ეს ყველაფერი შეიძლება კლიმატის ცვლილებას გამოეწვია, კერძოდ თბილ წყლებში მავნე ბაქტერიებისა და წყალმცენარეების გავრცელებას.

წყალმცენარეთა გამრავლების სეზონზე გამორიყული აფალინების ტვინში ნეიროტოქსინ 2,4-DAB-ის დონე 2900-ჯერ უფრო კონცენტრირებული იყო, ვიდრე სხვებისაში. ეს მიუთითებს, რომ მსგავს ციანობაქტერიებს მავნე გავლენა აქვთ და შეიძლება დელფინების სანავიგაციო უნარის შესუსტებასაც იწვევდნენ.

ისიც უნდა აღინიშნოს, რომ დელფინების ტვინში ალცჰაიმერის მსგავსი ნიშნები, ჩვეულებრივ, ასაკში ვლინდება; ასევე ვიცით, რომ ციანობაქტერიის მიერ წარმოქმნილი ტოქსინები ნეირონებს აზიანებს. აქედან ასკვნიან, რომ წყალმცენარეების ზედმეტად გავრცელებას ამ ეფექტის გაძლიერება შეუძლია.

“დელფინებში ალცჰაიმერისთვის დამახასიათებელი ნევროპათოლოგიური ცვლილებებისა და წყალმცენარეთა ტოქსინების დაგროვების თანაარსებობა უნიკალურ შესაძლებლობას გვაძლევს, ტვინზე ამ ორი ფაქტორის გავლენა შევისწავლოთ”, — აცხადებენ მკვლევრები.

მავნე ციანობაქტერიები წყლის სხვა ბინადრებსაც უქმნის საფრთხეს. ეს, რა თქმა უნდა, კვებით ჯაჭვზეც უარყოფითად აისახება, რის გამოც პრობლემა ადამიანებამდეც აღწევს. თუ ზემოხსენებული ტოქსინები ჩვენს საჭმელში დიდი რაოდენობით მოხდება, ეს საყურადღებო რისკფაქტორი იქნება.

მართალია, უკანასკნელი კვლევა დელფინებზე იყო ორიენტირებული, მაგრამ ტვინის ასეთი ცვლილებები ჩვენშიც ვლინდება. მეცნიერები ფიქრობენ, რომ ამგვარი კავშირების გამო საკითხი სიღრმისეულად უნდა შევისწავლოთ. მათი ნაშრომი გამოცემაში Communication Biology გამოქვეყნდა.

ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

 

 

 

 

სრულად ნახვა
1 2 3 16
Page 1 of 16