close

კვლევები

კვლევებიმედიცინა

ბრიტანელი ექიმები ორსულ ქალებს კორონავირუსზე აცრას ურჩევენ

ბრიტანელი ექიმები ორსულ ქალებს კორონავირუსზე აცრას ურჩევენ. აღნიშნულ ინფორმაციას „ბი ბი სი“ „ბრიტანეთის მეან-გინეკოლოგთა სამეფო კოლეჯის” გამოქვეყნებულ განცხადებაზე დაყრდნობით ავრცელებს, რომელშიც ნათქვამია, რომ ბრიტანელი გინეკოლოგები და მეანები შეშფოთებული არიან იმ საფრთხეებით, რასაც კორონავირუსი და განსაკუთრებით მისი ახალი შტამები უქმნიან ორსულ ქალს და ნაყოფს.

როგორც ცნობილია, ორსულ ქალებს სხვებთან შედარებით გაცილებით დიდი შანსი აქვთ კოვიდის მძიმე ფორმა განუვითარდეთ, სწორედ ამიტომ ექსპერტები მათ მოუწოდებენ აიცრან და დაიცვან საკუთარი თავი, შვილი და ოჯახი.

კოვიდვაქცინების უსაფრთხოება და ეფექტურობა ორსულებში დადასტურებულია, მიუხედავად ამისა, კვლევები უჩვენებს, რომ ბრიტანეთში ორსული ქალების 58%-მა აცრაზე უარი თქვა.

„ბრიტანეთის მეან-გინეკოლოგთა სამეფო კოლეჯის” პრეზიდენტის, დოქტორ ედუარდ მორისის თქმით იმ დედებს, რომლებიც მშობიარობისას კოვიდით არიან ინფიცირებული, დიდი შანსია დასჭირდეთ გადაუდებელი საკეისრო კვეთა ან რეანიმაცია. ასეთ ქალებში საკმაოდ მაღალია მკვდრადშობადობის  მაჩვენებელიც. გართულებების რისკი განსაკუთრებით მაღალია მაშინ, თუ ორსული მესამე ტრიმესტრში ინფიცირდება.

„ამიტომ ორსულებმა აუცილებლად უნდა მიიღონ უსაფრთხოების ყველა ზომა და აიცრან პირველი შესაძლებლობისთანავე“- აღნიშნავს მორისი.

„ბრიტანეთის მეან-გინეკოლოგთა სამეფო კოლეჯის” პრეზიდენტი ამბობს იმასაც, რომ მთავრობას ამ კუთხით სათანადო მუშაობა არ გაუწევია და მოსახლეობის ინფორმირებაზე არ უზრუნია. შედეგად, მოსახლეობის დიდ ნაწილს აქვს შიში ვაქცინის მიმართ მაშინ, როდესაც მის გამოუყენებლობას შესაძლოა სავალალო შედეგები მოჰყვეს. მორისის აზრით, სწორედ ასეთი დამოუკიდებლობის გამო ორსულები აღმოჩნდნენ ერთადერთი მოწყვლადი ჯგუფი, რომელიც ვაქცინაციის პრიორიტეტში არ მოიაზრება.

„ბრიტანეთის ვაქცინაციის და იმუნიზაციის ცენტრის“ რეკომენდაციით, ბრიტანელ ორსულებს შეუძლიათ აიცრან „ფაიზერის“ ან „მოდერნას“ ვაქცინით, თუმცა მოსახლეობაში ეჭვები და შიშები ჯერ კიდევ მრავლადაა.

ცოტა ხნის წინ აშშ-ში დასრულებულმა კვლევამ, რომელშიც 90 000-ზე მეტი ორსული მონაწილეობდა დაადგინა, რომ კოვიდსაწინააღმდეგო ვაქცინა არ წარმოადგენს არანაირ საფრთხეს მუცლის მოშლის თვალსაზრისით და არც ნაყოფს გადაეცემა დედისგან.

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
კვლევები

კვლევა: 2020 წელს ალკოჰოლი კიბოთი დაავადების 740 ათასი შემთხვევის მიზეზი გახდა

2020 წელს კიბოს 740 ათასი შემთხვევა (დაახლოებით 4% ახალი შემთხვევების რაოდენობიდან) ასე თუ ისე ალკოჰოლის მოხმარებით იყო გამოწვეული. ამის შესახებ The Guardian-ი სამეცნიერო ჟურნალში The Lancet Oncology გამოქვეყნებულ კვლევაზე დაყრდნობით წერს.

გამოცემის ინფორმაციით, ამ 740 ათასი პაციენტიდან 77% კაცი, 23% კი ქალია. ყველაზე ხშირად სიმსივნე საყლაპავ მილს, ხახას, ღვიძლსა და სარძევე ჯირკვლებში დაფიქსირდა.

შემთხვევების უმეტესობა ალკოჰოლის ჭარბ და ხშირ მოხმარებას უკავშირდება, თუმცა შესწავლილი შემთხვევების 14%-ში საქმე სასმლის ზომიერ მოხმარებასთან გვაქვს. აქედან გამომდინარე, მეცნიერები აღნიშნავენ, რომ ალკოჰოლის მცირე რაოდენობაც კი კიბოთი დაავადების რისკს ზრდის.

კვლევა სხვადასხვა ქვეყნის მოსახლეობის მიერ მოხმარებული ალკოჰოლური სასმლის რაოდენობას ეფუძნება. შემდეგ სპეციალისტებმა ეს ინფორმაცია შეუთავსეს სტატისტიკურ მონაცემებს იმის შესახებ, თუ რამდენად ხშირია ამა თუ იმ სახელმწიფოში ორგანიზმზე ალკოჰოლის გავლენასთან დაკავშირებული სიმსივნის სხვადასხვა ფორმით დაავადების შემთხვევები.

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
კვლევებიმედიცინამსოფლიო

კვლევა – „ასტრაზენეკასა“ და „ფაიზერის“ ვაქცინების კომბინაცია კორონავირუსის მიმართ უკეთეს იმუნიტეტს წარმოქმნის

“ასტრაზენეკას“ ვაქცინის პირველი დოზის მიღებიდან 4 კვირის შემდეგ მეორე დოზის „ფაიზერ/ბიონტექის“ ვაქცინით აცრა უკეთეს იმუნურ პასუხს წარმოქმნის ვიდრე ორივე დოზის „ასტრაზენეკას“ ვაქცინით იმუნიზაციის შემთხვევაში წარმოიქმნება.

„ოქსფორდის უნივერსიტეტის“ მიერ ჩატარებულმა კვლევამ, რომელშიც 800-ზე მეტი ადამიანი მონაწილეობდა, აჩვენა, რომ „ასტრაზენეკასა“ და „ფაიზერის“ დოზების შერევა კორონავირუსის საწინააღმდეგო ანტისხეულების უფრო მეტ კონცენტრაციას წარმოქმნის. კერძოდ, „ასტრაზენეკას“ ვაქცინის შემდეგ „ფაიზერის“ გაკეთება  ანტისხეულების დაახლოებით ორჯერ უფრო მაღალ დონეს ქმნის, ვიდრე ორი დოზა „ფაიზერის“ მიღება. აღსანიშნავია, რომ ჯერ „ფაიზერის“ და შემდეგ „ასტრაზენეკას“ გაკეთება ასეთი ეფექტური არ აღმოჩნდა.

მეცნიერები აცხადებენ, რომ აღნიშნული საკითხი შემდგომ კვლევას საჭიროებს. მათი განმარტებით, დასკვნებმა, შესაძლოა, ხელი შეუწყონ ვაქცინების უფრო მოქნილ გამოყენებას, მაგრამ ჩატარებული კვლევა საკმარისი არ არის იმისთვის, რომ ვაქცინაციის კლინიკურად დამტკიცებული გრაფიკიდან გადახვევის რეკომენდაცია გაიცეს.

წყარო : Reuters

მასალა მოამზადა : თამარ ტაბატაძემ

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
კვლევებიმედიცინამსოფლიო

ერთდროულად კოვიდის რამდენიმე შტამით ინფიცირება – რა უნდა ვიცოდეთ

კორონავირუსის პირველი შემთხვევის გამოვლენიდან (2019 წლის დეკემბერი) თითქმის წელიწად-ნახევრის თავზე მსოფლიო ახალი გამოწვევის წინაშე დადგა.

კერძოდ, კვლევის შედეგად,  მეცნიერებმა დაადგინეს, რომ მარტის თვეში, ბელგიაში გარდაცვლილი 90 წლის ქალი, კორონავირუსის  ორი, ალფა (ბრიტანული) და ბეტა (სამხრეთ აფრიკული) შტამებით ერთდროულად იყო ინფიცირებული.

|რა ვიცით ბელგიაში მომხდარ შემთხვევაზე

Independent-ის ცნობით, ქალს კორონავირუსი 3 მარტს დაუდგინდა. ის ალსტიში მდებარე Onze-Lieve-Vrouwziekenhui-ის საავადმყოფოში იყო მოთავსებული. ექიმების თქმით, თავდაპირველად პაციენტი თავს საკმაოდ კარგად გრძნობდა, სისხლში ჟანბადის დონეც ნორმალურ მაჩვენებელზე იყო, თუმცა მდგომარეობა სწრაფად გაუარესდა და 5 დღის შემდეგ გარდაიცვალა.

„ეს Sars-CoV-2-ის ორივე შტამით ერთდროულად ინფიცირების პირველი, დოკუმენტურად დადასტურებული შემთხვევაა. აღნიშნულ პერიოდში ბელგიაში კოვიდის ბრიტანული და სამხრეთ აფრიკული შტამები აქტიურად ცირკულირებდა. სავარაუდოა, რომ ქალი კოვიდის შტამებით სხვადასხვა ადამიანსგან ინფიცირდა.  ინფიცირების ზუსტი წყარო ცნობილი არ არის. პაციენტი მარტო ცხოვრობდა, თუმცა უამრავი ადამიანი ზრუნავდა და ეხმარებოდა მას. ითამაშა თუ არა შტამებმა როლი პაციენტის მდგომაროების გაუარესებაში, ჯერჯერობით ძნელი სათქმელია“,- აცხადებს ბიოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორი, ენ ვანკირბერგენი.

შემთხვევის შესწავლა გრძელდება. ბელგიაში მომხდარს კლინიკური მიკრობიოლოგიისა და ინფექციური დაავადებების ევროპულ კონგრესზე განიხილავენ.

კოვიდის შტამები
კოვიდის შტამები

|ერთდროულად რამდენიმე შტამით ინფიცირების სხვა შემთხვევებიც არსებობს?

აღსანიშნავია, რომ 2021 წლის იანვარში მეცნიერებმა განაცხადეს, რომ ბრაზილიაში ორი ადამიანი კოვიდის რამდენიმე შტამით ერთდროულად ინფიცირდა. თუმცა, აღნიშნული შემთხვევები ისევ შესწავლის პროცესშია და შესაბამისად, საბოლოო პასუხები არაა ცნობილი.

„აქედან გამომდინარე, ჯერჯერობით ერთდროულად რამდენიმე შტამით ინფიცირების დოკუმენტურად დადასტურებული სხვა შემთხვევები არ გვაქვს. თუმცა, უნდა აღვნიშნო, რომ ეს ფენომენი სათანადოდ შესწავლილი და შეფასებული არ არის.  ამის მიზეზი კი ისაა, რომ მსგავსი შემთხვევების გამოსავლენად მარტივი მეთოდი არ არსებობს“,- აცხადებს ვანკირბერგენი.

|რას ამბობენ მეცნიერები/ შეამცირებს თუ არა მსგავსი შემთხვევების გახშირება ვაქცინების ეფექტურობას

ედინბურგის უნივერსიტეტის პროფესორის, როულანდ კაოს განცხადებით, მხოლოდ ერთი შემთხვევიდან ზოგადი დასკვნების გაკეთება „ძალიან რთულია“.

გლასგოუს უნივერსიტეტის, ინფექტიონისტი, ემა ტომსონი კი მიიჩნევს, რომ აღნიშნული შემთხვევა უყურადღებოდ არ უნდა დარჩეს და მისი გამოკვლევაა საჭირო.

„შესაძლოა, ამან გლობალური სახე მიიღოს და სულ უფრო მეტი შემთხვევა იქნას იდენტიფიცირებული. სწორედ ამიტომ, ფრთხილად უნდა ვიყოთ და დეტალურად გამოვიკვლიოთ ის“,- ამბობს ტომსონი.

ვარვიკის უნივერსიტეტის, ვირუსოლოგი, ლოურენს იანგი ამბობს, რომ ერთდროულად კოვიდის რამდენიმე შტამით ინფიცირების შემთხვევა გასაკვირი არაა. თუმცა, მისი შესწავლის საჭიროებას მაინც ხედავს.

„ერთდროულად კოვიდის რამდენიმე შტამით ინფიცირება გასაკვირი  არაა. შესაძლოა, ადამიანი ისეთ გარემოცვაში  მოხვდეს, სადაც გარშემომყოფებს სხვადასხვა შტამი აქვთ და შედეგად თავადაც რამდენიმე ვარიანტით ინფიცირდეს“,- აღნიშნავს ლოურენსი.

მისივე თქმით, აუცილებელია მეცნიერებმა გამოიკვლიონ მოახდენს თუ არა მსგავსი შემთხვევები ვაქცინების ეფექტურობაზე გავლენას.

კორონავირუსი
კორონავირუსი

ჯერჯერობით, მეცნიერთა უმეტესობა მიიჩნებს, რომ არსებული ვაქცინები კოვიდის ახალი შტამების წინააღმდეგ საკმაოდ ეფექტურია.

თუმცა, ვირუსის სწრაფად გავრცელებისა და ახალი სახეობების წარმოშობის გამო, შესაძლოა, სურათი ნებისმიერ დროს შეიცვალოს.

ამ საკითხთან დაკავშირებით „პრაიმტაიმნიუსი“ ქართველ ინფექციონისტს, მაია ბუწაშვილსაც ესაუბრა.

ბუწაშვილის თქმით, ერთდროულად რამდენიმე შტამით ინფიცირების შემთხვევები ინფექციური დაავადებებისთვის დამახასიათებელი მოვლენაა.

„აღნიშნული შემთხვევა გასაკვირი არ არის. კოვიდის დროს მსგავსი ტენდენცია აქამდე ნაკლებად შეინიშნებოდა. თუმცა, ზოგადად ინფექციური დაავადებებისთვის ეს დამახასიათებელი მოვლენაა.

მაგალითად, ც-ჰეპატიტის დროს ასეთი შემთხვევები არც ისე იშვიათია. რა თქმა უნდა,  ლოგიკურია ის ფაქტი, რომ როდესაც ადამიანი ორი სხვადასხვა შტამით  არის ინფიცირებული დაავადება უფრო მძიმედ მიმდინარეობს, ვიდრე ერთის შემთხვევეაში.

რაც შეეხება კოვიდს, ამასთან დაკავშირებით დიდი გამოცდილება და კვლევები ჯერჯერობით არ არის ჩატარებული“,- ამბობს ინფექციონისტი.

 

მომზადებულია BBC-ს, Telegraph-ის, The Independent-ის მიხედვით

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
კვლევები

ამ სახის ნიღაბს შეუძლია გვითხრას, გვაქვს თუ არა COVID-19

ასახის ახალ ნიღაბს შეუძლია გვითხრას გვაქვს თუ არა COVID-19 ტარებიდან 90 წუთის განმავლობაში. ამას უზრუნველყოფს სენსორები, რომლებიც ნიღაბშივეა ჩამაგრებული. აღნიშნული ტექნოლოგიის განვითარება რამდენიმე წლის წინ დაიწყო.
სახის ნიღაბში ჩანერგილია ერთჯერადი სენსორი, რომელიც შეიძლება მოთავსდეს ყველგან და ასევე ადაპტირდეს კიდეც სხვა ვირუსების დასადგენადა. მეცნიერებმა კვლევის საწყის ეტაპზე სხვადასხვა ტიპის ქსოვილი გამოიყენეს, რომ გაერკვიათ, რომელი მათგანი იქნებოდა სენსორთად თავსებადი, საბოლოოდ კი შეჩერდნენ პოლიესტერზე და სხვა სინთეზური ბოჭკოს კომბინაციაზე.
საინტერესოა, როგორ მუშაობს სენსორი. სახის ნიღბის ვირუსული ნაწილაკების შემცველი სითხით მცირე გაჟღენთვისასაც კი ტენიანდება მასში არსებული გაყინული უჯრედები და აქტიურდება სენსორები, რაც სხვადასხვა ტიპის სიგნალით გვანიშნებს პასუხს. MIT-ისა და ჰარვარდის უნივერსიტეტის ინჟინრებმა შეიმუშავეს ასევე მექანიზმი, რომლის საშუალებითაც ნიღბის სენსორის გააქტიურება შეუძლია იმ ადამიანს, ვინც მას ატარებს, როდესაც ის მზად არის ტესტის ჩასატარებლად. ნიღაბი შეიცავს წყლის მცირე სათავსოს, რომელიც ღილაკის დაჭერით გამოიყოფა მაშინ, როდესაც მომხმარებელი მზად არის. კონფიდენციალურობისთვის კი შედეგი ნაჩვენებია ნიღბის შიგნით.
მასალა მოამზადა : ნინი ხეცურიანმა 

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა“

სრულად ნახვა
კვლევები

უახლესი კვლევის თანახმად, ძაღლის ყოლა ნაადრევი სიკვდილის რისკს მცირებს

ცოტა ხნის წინ დიდ ბრიტანეთში, ლივერპულის უნივერსიტეტის მკვლევარებმა გამოაქვეყნეს ახალი კვლევა, რომლის თანახმადაც, ძაღლების პატრონები უფრო ხშირად კავდებიან ფიზიკური აქტივობებით, ვიდრე ის ადამიანები, რომლებსაც არ ჰყავთ შინაური ცხოველი.

მიუხედავად იმისა, რომ კვლევაში მონაწილეობა მხოლოდ 385-მა ოჯახმა მიიღო, თავდაპირველი მტკიცებულებები საკმაოდ დამაჯერებელია. თუმცა მაინც იგეგმება დამატებითი კვლევების ჩატარება. რეალურად, ეს შედეგები ამყარებს წინა კვლევას, რომლის თანახმადაც, ძაღლის მეპატრონეები ფიზიკურად უფრო აქტიურები არიან.

ამ კვლევას განსაკუთრებით უნიკალურს ხდის, ის ფაქტი, რომ იგი არ შეისწავლის მხოლოდ იმ ფიზიკურ დატვირთვას, რომელიც აუცილებელია შინაური ცხოველების მოვლისთვის – ის შეისწავლის თითოეული ადამიანის ფიზიკური დატვირთვის დონეს, ძაღლთან, ბავშვებთან ერთად.

ეს არის შესანიშნავი სიახლე ძაღლების მოყვარულთათვის. როგორც ჩანს, ვინც გაბედავს შინაური ცხოველის აყვანას, ბონუსად ჯანმრთელობის ბენეფიტებსაც მიიღებს. შედეგები აჩვენებს, რომ ძაღლების პატრონებს გაცილებით ხშირად დადიან დასასვენებლად და უფრო მეტ მანძილს დადიან ფეხით, ვიდრე სხვები. ისინი ოთხჯერ უფრო ხშირად ასრულებდნენ რეკომენდებულ დატვირთვას, კვირაში 150 წუთს.

ამასთანავე ეს შედეგები იდენტურია ძაღლის მეპატრონე ბავშვებისა და სხვა ბავშვების შემთხვევაში. ისინი თანაბრად აქტიურობენ – სავარაუდოდ, მათ კვირაში უფრო მეტი წუთია ფიზიკური აქტივობებისთვის თავისუფალი. ბავშვები მეტ დროს ხარჯავენ სტრუქტურირებული ფიზიკურად აქტიური საქმიანობისთვის.

წინა კვლევებმა ასევე აჩვენა, რომ ძაღლის ყოლა კარგია ემოციური კეთილდღეობისთვისაც. რა თქმა უნდა, მნიშვნელობა არ აქვს ძაღლის რომელ ტიპს ანიჭებთ უპირატესობას (დიდსა თუ პატარას), როგორც ჩანს, ყველა ძაღლი ეხმარება ადამიანს მიიღოს ფიზიკური ჯანმრთელობისა სარგებელი.

წინა კვლევებმა ასევე აჩვენა, რომ ძაღლის ყოლა დაკავშირებულია ადრეული სიკვდილის და გულ-სისხლძარღვებთან დაკავშირებული რისკების შემცირებასთან.

ცხადია, ძაღლების ყველა მეპატრონე არ არის ფიზიკურად აქტიური – ზოგი უბრალოდ უშვებს ეზოში, ამიტომ ეს მტკიცებულებები ეხება მათ, ვინც რეალურად რეგულარულად თამაშობს და ასეირნებს შინაურ ცხოველებს.

ეს დასკვნები ხელს უწყობს შინაური ცხოველების როლის პოპულარიზაცის და ისეთი სასარგებლო ჩვევების გაძლიერებას, როგორიცაა სიარული. ძაღლების გარეშე, სავარაუდოდ, მოსახლეობის ფიზიკური აქტივობის დონე გაცილებით დაბალი იქნება.

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა“

სრულად ნახვა
ბიოლოგიაკვლევებიმსოფლიო

ფუკუშიმის რადიოაქტიურ ზონაში ცხოველის ახალი ჰიბრიდული სახეობა აღმოაჩინეს

იაპონიაში, ფუკუშიმის რადიოაქტიურ ზონაში ტახისა და ღორის ჰიბრიდი ბინადრობს. ამის შესახებ Daily Mail-ი ახალი კვლევის შედეგებზე დაყრდნობით წერს.

გამოცემის ინფორმაციით, კვლევა ფუკუშიმის უნივერსიტეტის მეცნიერებმა დონოვან ანდერსონის ხელმძღვანელობით ჩაატარეს. მეცნიერები რადიოაქტიურ ზონაში ბინადარი გარეული ტახების დნმ-ს იკვლევდნენ, რათა დაედგინათ რა გავლენა აქვს მათზე რადიაციას.

სპეციალისტებმა გაარკვიეს, რომ მაღალ რადიაციულ დონეს ფუკუშიმის ტახების გენები არ შეუცვლია, თუმცა ამასთან დადგინდა, რომ გამოკვლეული ცხოველების 16% ტახისა და ღორის ჰიბრიდია. როდესაც ფუკუშიმაში ევაკუაცია გამოცხადდა, ადგილობრივებმა იქ ასობით ცხოველი დატოვეს, მათ შორის ფერმებზე მცხოვრები ღორები. შინაური ცხოველები ფერმებიდან საკვების საძიებლად წავიდნენ და ტახებთან შეჯვარება დაიწყეს.

იაპონიის მთავრობის მონაცემებით, 2014 წელს ზონაში გარეული ტახების პოპულაცია 49 ათასს შეადგენდა, 2018 წელს მათი რიცხვი 62 ათასამდე გაიზარდა.

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა“

სრულად ნახვა
კვლევებიმედიცინა

როგორ მოქმედებს ალცჰაიმერის საწინააღმდეგო მედიკამენტი

როგორ მოქმედებს ალცჰაიმერის დაავადების საწინააღმდეგო მედიკამენტი, რომელიც აშშ-ში შექმნეს. პრეპარატი სურსათისა და წამლის სააგენტომ ამ დაავადების სამკურნალო საშუალებად დაარეგისტრირა.

Aducanumab-ით მკურნალობის დასაწყებად აუცილებელია პაციენტს დადასტურებული ჰქონდეს ალცჰაიმერი. მედიკამენტი ეფექტიანია დაავადების საწყის ეტაპზე. მკურნალობა ამ პრეპარატის ყოველთვიურ ინტრავენურ გადასხმას გულისხმობს, რაც საშუალოდ თვეში 4 ათასი დოლარი ჯდება. თუმცა, მედიკამენტი ჯერ ახალია და სპეციალისტები დროსთან ერთად, მისი ხელმისაწვდომობის გაზრდასაც პროგნოზირებენ.

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა“

სრულად ნახვა
კვლევებიმედიცინა

ზედმეტად დაბალკალორიულმა დიეტამ შესაძლოა ნაწლავში საშიში ბაქტერია წარმოქმნას

ახალმა კვლევამ აჩვენა, რომ ზედმეტად დაბალკალორიულმა კვების რციონმა შეიძლება მნიშვნელოვნად შეცვალოს ნაწლავის მიკრობიომა, რასაც მოჰყვება პათოგენური ბაქტერიის – კლოსტრიდიუმ დიფიცილეს (Clostridioides difficile) დონის მომატება, რომელიც, როგორც ცნობილია, მწვავე დიარეის და ნაწლავის ანთების მიზეზია.

კვლევის ფარგლებში 80 ქალი შეირჩა, რომელსაც ჭარბი წონა და სიმსუქნე აწუხებდა. მათ 16 კვირის განმავლობაში აკვირდებოდნენ, კვლევაში მონაწილე ქალების ნახევარი დაბალკალორიულ დიეტაზე იმყოფებოდა – ექსტრემალური დიეტა, რომლის დროსაც ადამიანებს დღეში მხოლოდ 800 კალორიის მიღების საშუალებას აძლევს. მეორე ჯგუფში შემავალმა ქალებმა კი სხეულის წონა შეინარჩუნეს.

„აღმოვაჩინეთ, რომ ამ ძალიან დაბალკალორიულმა კვების რაციონმა მნიშვნელოვნად შეცვალა ნაწლავის მიკრობიომა, ნაწლავის ბაქტერიების საერთო შემცირება გამოწვია,” – განაცხადა  კალიფორნიის  უნივერსიტეტის მიკრობიოლოგმა პიტერ ტერნბოგმა.

მეცნიერები აცხადებენ, რომ აუცილებელია შემდგომი კვლევების  ჩატარება, რაც დარჩენილ კითხვებზე პასუხის გაცემას შეუწყობს ხელს, თუმცა ამჟამინდელი კვლევა კიდევ ერთი შეხსენებაა იმისა, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ნაწლავის მიკრობიომა და როგორ შეგვიძლია მისი უსაფრთხოდ შესწორება ისე, რომ დავეხმაროთ პირებს, რომლებსაც სიმსუქნე აწუხებთ.

წყარო : sciencealert.com

მასალა მოამზადა : თამარ ტაბატაძემ

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა“

სრულად ნახვა
კვლევებიმედიცინამსოფლიო

“ფაიზერით” და “მოდერნათი” აცრილებს იმუნიტეტი შესაძლოა წლობით გაჰყვეთ – კვლევა

Pfizer-ისა და Moderna-ს ვაქცინები შესაძლოა ორგნაიზმს კორონავირუსისგან წლების განმავლობაში იცავდეს. ამის შესახებ Nature-ში გამოქვეყნებულ ახალ კვლევაზე დაყრდნობით New York Timesწერს.

გამოცემის ცნობით, ახალი მიგნებები ამყარებს მოსაზრებას, რომ ინფორმაციულ რნმ-ზე (mRNA) დაფუძნებულ ვაქცინებს შესაძლოა მესამე, ბუსტერ დოზა არ დასჭირდეთ მანამ, სანამ ვირუსი მკვეთრ მუტირებას არ განიცდის.

კვლევის ფარგლებში მეცნიერებს არ შეუსწავლიათ სხვა ვაქცინები, მათ შორის Johnson & Johnson. თუმცა აღნიშნავენ, რომ იმუნური რეაქცია, სავარაუდოდ, არ იქნება ისეთი მყარი, როგორც mRNA ვაქცინების შემთხვევაში. მეცნიერების თქმით, იმუნური უჯრედები ვირუსს ინფიცირებიდან, სულ მცირე, 8 თვის განმავლობაში სცნობენ, სხვა კვლევის მიხედვით კი, ინფიცირებიდან ერთი წლის შემდეგაც.

აქამდე ცნობილი იყო, რომ იმ პირებს, რომლებიც კორონავირუსით ინფიცირებული იყვნენ, შემდეგ კი ვაქცინაციაც ჩაიტარეს, შესაძლოა იმუნიტეტი წლობით ან მთელი სიცოცხლის განმავლობაში გაჰყვეთ. გამოცემა წერს, რომ უცნობი იყო, მხოლოდ ვაქცინაციას (ვირუსის გადატანის გარეშე) ასეთივე გრძელვადიანი ეფექტი ექნებოდა თუ არა.

თუმცა დოქტორ ელბედის ჯგუფმა ამ კითხვაზე პასუხი გასცა მეხსიერების უჯრედების წყაროს შესწავლით. საუბარია ლიმფურ კვანძებზე, სადაც იმუნური უჯრედები იწვრთნებიან ვირუსების ამოცნობასა და მათთან ბრძოლაში.

ინფიცირების ან ვაქცინაციის შემდეგ ლიმფურ კვანძებში სპეციალიზებული სტრუქტურები ყალიბდება, სახელად გერმინატიული ცენტრი. NY Times განმარტავს, რომ ეს სტრუქტურები ერთგვარი “ელიტური სკოლაა” B ლიმფოციტებისთვის და ადგილია, სადაც ისინი იხვეწებიან და სწავლობენ ვირუსის სხვადასხვაგვარი გენეტიკური მიმდევრობის ამოცნობას. შედეგად, რაც უფრო დიდი დრო აქვთ უჯრედებს პრაქტიკისთვის, მეტია შანსი, ვირუსის ახალი შტამების განადგურება შეძლონ.

„ყველა ვირუსის ევოლუციაზეა ფოკუსირებული, თუმცა, როგორც ჩანს, ამას აკეთებენ B ლიმფოციტებიც და ისინი იცავენ ორგანიზმს ვირუსის შეცვლილი ფორმებისგან, რაც იმედის მომცემი ამბავია” ,- ამბობს ვაშინგტონის უნივერსიტეტის იმუნოლოგი მარიონ პეპერი.

კორონავირუსით ინფიცირების შემდეგ, გერმინატიული ცენტრი ფილტვებში წარმოიქმნება. თუმცა ვაქცინაციის შემდეგ უჯრედების “გაწრთვნა” იღლიების ლიმფურ კვანძებში ხდება.

კვლევის ფარგლებში სწავლობდნენ 41 ადამიანს, რომელთა შორის რვამ კორონავირუსი გადაიტანა, შემდეგ კი Pfizer-ის ვაქცინის ორი დოზით აიცრა. საკვლევი ჯგუფის 14 წევრს ლიმფური კვანძებიდან ნიმუში აუღეს სამ, ოთხ, ხუთ, შვიდ და 15 კვირაში ვაქცინაციის პირველი დოზიდან. შედეგად, მკვლევრებმა აღმოაჩინეს, რომ 15 კვირის შემდეგ პირველი ინექციიდან, გერმინატიული ცენტრი კვლავ აქტიური იყო 14-ივე საკვლევ ობიექტში და რიცხვი იმ მეხსიერების უჯრედებისა, რომლებიც კორონავირუსს სცნობენ, არ შემცირებულა.

“ის ფაქტი, რომ რეაქციები გრძელდება ვაქინაციიდან თითქმის 4 თვის შემდეგაც, ძალიან კარგი ნიშანია, რადგან, როგორც წესი, გერმინატიული ცენტრი მოქმედების პიკს იმუნიზაციიდან ორ კვირაში აღწევს, შემდეგ კი სუსტდება. როგორც წესი, 4-6 კვირაში მისგან აღარაფერია დარჩენილი, მაგრამ თუ მის სტიმულირებას mRNA ვაქცინით მოვახდენთ, მნიშვნელოვანი შემცირება თვების შემდეგაც არ შეინიშნება”, – აცხადებენ იმუნოლოგები.

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა“

სრულად ნახვა
1 62 63 64 65 66 116
Page 64 of 116