close

კვლევები

კვლევებიმსოფლიო

სინთეტიკური რძე ცხოველური რძის ჩასანაცვლებლად – რეალობა თუ სამეცნიერო ფანტასტიკა?

გლობალური რძის პროდუქტების ინდუსტრია იცვლება. გაჩნდა კონკურენცია საკვების ალტერნატივებიდან, რომლებიც არ წარმოიქმნება ცხოველების გამოყენებით – მათ შორის გამოწვევები, რომლებსაც სინთეზური რძე ქმნის.
ხელოვნურ რძეს არ სჭირდება ძროხები ან სხვა ცხოველები. მას შეიძლება ჰქონდეს იგივე ბიოქიმიური შემადგენლობა, როგორც ცხოველურ რძეს, მაგრამ ის იზრდება ახალი ბიოტექნოლოგიური ტექნიკის გამოყენებით, რომელიც ცნობილი როგორც “ზუსტი დუღილი” და რომელიც აწარმოებს უჯრედებიდან დამუშავებულ ბიომასას.
მსოფლიოს მოსახლეობის 80 პროცენტზე მეტი რეგულარულად მოიხმარს რძის პროდუქტებს. გახშირდა მოწოდებები ცხოველებზე დაფუძნებული საკვების სისტემების მიღმა, საკვების წარმოების უფრო მდგრადი ფორმებისკენ გადასვლასთან დაკავშირებით.
სინთეზური რძე გვთავაზობს რძეს ისეთი პრობლემების გარეშე, რომელიც დაკავშირებულია მეთანის გამონაბოლქვთან, ან ცხოველთა კეთილდღეობასთან, მაგრამ საჭოროა ბევრი გამოწვევის გადალახვა და ხარვეზის აღმოფხვრა, რათა ის ცხოველური წარმოშობის რძის სამართლიანი, მდგრადი და სიცოცხლისუნარიანი ალტერნატივა გახდეს.
ხელოვნური რძე არ არის სამეცნიერო ფანტასტიკა; ის უკვე არსებობს. მაგალითად, შეერთებულ შტატებში, კომპანია Perfect Day არის მიკროფლორისგან დამზადებულ ცხოველური პროტეინის მომწოდებელი, რომელიც შემდეგ გამოიყენება ნაყინის, ცილის ფხვნილისა და რძის დასამზადებლად.
ავსტრალიაში სტარტაპ კომპანია Eden Brew სინთეტიკურ რძეს ქმნის. კომპანიის სამიზნეს წარმოადგენენ მომხმარებლები, რომლებსაც კლიმატის ცვლილები და, კერძოდ, მეთანის გამოყოფაში მეწველი ძროხების წილი აშფოთებთ.
ტექნოლოგია, რომელსაც კომპანია Eden Brew-ი იყენებს, თანამეგობრობის სამეცნიერო და სამრეწველო კვლევის ორგანიზაციამ (CSIRO) განავითარა. პროცესი იწყება საფუარით და იყენებს “ზუსტ დუღილს” ძროხის რძეში არსებული ცილების მსგავსი ცილების წარმოებისთვის.
CSIRO-ში განმარტავენ, რომ ეს ცილები რძეს ანიჭებს მის ბევრ ძირითად თვისებას და ხელს უწყობს კრემისებრი ტექსტურისა და ქაფის შექმნას. საბოლოო პროდუქტის შესაქმნელად ცილის ბაზას მინერალები, შაქარი, ცხიმები და არომატიზატორები ემატება.
სინთეზური ხორცისგან განსხვავებით – რომელსაც ძალისხმევა სჭირდება იმისთვის, რომ ცხოველის ხორცის სირთულეს და ტექსტურას შეესაბამებოდეს, სინთეტიკური რძეზე ამბობენ, რომ ჩვეულებრივი რძის გემო აქვს და ისე გამოიყურება, როგორც ჩვეულებრივი რძე.
ამასთან, ხელოვნური რძის მრეწველობის ისე განვითარებას, რომ ცხოველური წარმოშობის რძეს კონკურენცია გაუწიოს, კვლევისა და განვითარებისთვის დიდი კაპიტალი და ინვესტიცია სჭირდება. საჭიროა ასევე ახალი საწარმოო ინფრასტრუქტურა, როგორიცაა დუღილის ავზები და ბიორეაქტორები.

წყარო : sciencealert.com

ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა

სრულად ნახვა
კვლევები

საკვები და სასმელი უფრო ტკბილი გახდა – რატომ არის მნიშვნელოვანი ეს გლობალური პრობლემა?

ტკბილი საკვები, როგორიცაა ხილი და თაფლი, ჩვენი წინაპრებისთვის ენერგიის მნიშვნელოვანი წყარო იყო. თუმცა, თანამედროვე მსოფლიოში ტკბილი საკვები ხელმისაწვდომი, ძალიან იაფი და ფართოდ რეკლამირებულია. ახლა ჩვენ ვიყენებთ ზედმეტად ბევრ შაქარს საკვებსა და სასმელში. ზედმეტი შაქრის მოხმარება ჯანმრთელობისთვის საზიანოა. მას უკავშირდება სიმსუქნე, შაქრიანი დიაბეტი ტიპი 2 და კბილების გაფუჭება. ჯანმრთელობის ამ პრობლემების გამო, მწარმოებლებმა დაიწყეს არა-საკვები დამატკბობლების გამოყენება საკვების დასატკბობად. ეს დამატკბობლები მოიცავს როგორც ხელოვნურ დამატკბობლებს, როგორიცაა ასპარტამი, ასევე დამატკბობლებს ბუნებრივი წყაროებიდან, როგორიცაა სტევია.

ახალი კვლევის შედეგები გვიჩვენებს, რომ შაქრის დანამატისა და არა-საკვები დამატკბობლების რაოდენობა შეფუთულ საკვებსა და სასმელებში  ბოლო ათწლეულის განმავლობაში ძალიან გაიზარდა. ეს განსაკუთრებით ეხება საშუალო შემოსავლის მქონე ქვეყნებს.
რეკომენდებულია, რომ მამაკაცებმა მოიხმარონ დღეში ჩაის კოვზ შაქარზე ნაკლები, ქალებმა კი – ექვს კოვზზე ნაკლები. თუმცა, ბევრ ქვეყანაში, ხშირ შემთხვევაში, ადამიანები ბევრად დიდ რაოდენობას მოიხმარენ.
სასმელების დასატკბობად შაქრის დანამატის გამოყენებიდან დამატკბობლებზე გადასვლა ყველაზე გავრცელებულია გაზიან სასმელებსა და ჩამოსხმულ წყალში. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია გეგმავს შეიმუშაის გაიდლაინები ისეთი დამატკბობლების გამოყენების შესახებ რომლებიც შაქარს არ შეიცავენ.

რატომ არის ეს პრობლემა ?
ის, რომ შაქრის დანამატის ჭარბად მოხმარება საზიანოა, კარგად არის ცნობილი, თუმცა, არასაკვებ დამატკბობლებზე დაყრდნობა ასევე რისკს შეიცავს. ბოლო დროს ჩატარებული კვლევები იძლევა იმის ვარაუდის საფუძველს, რომ არასაკვები დამატკბობლების მოხმარება შეიძლება დაკავშირებული იყოს დიაბეტი ტიპი 2 -თან, გულის დაავადებებთან და შეიძლება დაარღვიოს ნაწლავის მიკრობიომი.
არასაკვები დამატკბობლების მიღება გავლენას ახდენს ჩვენს გემოებზე და მეტი ტკბილი საკვების მიღების სურვილს გვიჩენს.
არასაკვები დამატკბობლები მხოლოდ ულტრა დამუშავებულ საკვებში გვხვდება. ეს საკვები დამზადებულია ინდუსტრიულად, შეიცავს ინგრედიენტებს, რომლებსაც ვერ ნახავთ სახლის სამზარეულოში და შექმნილია იმისთვის, რომ იყოს „ჰიპერ-გემრიელი“.  ულტრა დამუშავებული საკვების მიღება დაკავშირებულია გულის დაავადებების, ტიპი 2 დიაბეტის, კიბოს და სიკვდილის გაზრდილ რისკთან.
ულტრა დამუშავებული საკვები ასევე საზიანოა ეკოლოგიურად, რადგან ისინი იყენებენ მნიშვნელოვან რესურსებს, როგორიცაა ენერგორესურსები, წყალი, შესაფუთი მასალები და პლასტმასის ნარჩენები.
კვლევის ავტორები აცხადებენ, რომ ყურადღებით უნდა დავაკვირდეთ საკვებისა და სასმელების სიტკბოს, შაქრის დანამატისა და არასაკვები დამატკბობლების მზარდ გამოყენებას. სავარაუდოდ, ეს განსაზღვრავს ჩვენს მომავალ გემოვნების უპირატესობას, საკვების არჩევანს და ადამიანისა და პლანეტების ჯანმრთელობას.

წყარო : sciencealert.com

ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა

სრულად ნახვა
კვლევები

კვლევა – სტრესი ბიოლოგიურად გვაბერებს, მაგრამ ის შეიძლება შექცევადი იყოს

ახალი კვლევა ემატება იმ კვლევების რიცხვს, რომლებიც მიანიშნებენ, რომ ჩვენი ბიოლოგიური ასაკი, რომელიც განსხვავდება ადამიანის ქრონოლოგიური ასაკისგან – შეიძლება შექცევადი იყოს.
მკვლევართა საერთაშორისო ჯგუფმა აღმოაჩინა ბიოლოგიური დაბერების მარკერები, რომლებიც, როგორც ჩანს, იზრდება ისეთი სტრესული მოვლენების შემდეგ, როგორიცაა რთული ოპერაცია, ორსულობა ან სერიოზული ინფექცია, და შემდეგ, ამ სტრესისგან გამოჯანმრთელების პერიოდის შემდეგ საწყის დონეს უბრუნდება.
დაბერების ეფექტების შენელება, რომ აღარაფერი ვთქვათ უკუქცევაზე, მედიცინისა და ჯანდაცვის სფეროების მეწარმეებისთვის ერთგვარი ოცნებაა.
ეგრეთ წოდებული ეპიგენეტიკური ცვლილებები შეიძლება ასახავდეს ადამიანის ცხოვრების წესს და გარემო ფაქტორებს, როგორიცაა არასწორი კვება, ინფექცია ან სტრესი, ბავშვობაში ან მოგვიანებით ასაკში. ამგვარად, ეპიგენეტიკური ცვლილებები აღნიშნავს დროის გასვლას და შეიძლება გამოყენებულ იქნას როგორც მოლეკულური „საათი“ ქსოვილებისა და ორგანოების ბიოლოგიური ასაკის შესაფასებლად. მეცნიერებს ასევე შეუძლიათ ბიოლოგიური ასაკის შეფასება ტელომერების სიგრძის გაზომვით; ეს არის დამცავი „ხუფები“ ქრომოსომების ბოლოს, რომლებიც უჯრედების გაყოფის ყოველ ჯერზე მოკლდებიან.
წარსულში მეცნიერები სხვადასხვა გზით იკვლევდნენ ტელომერების დაგრძელების გზებს, როგორც ცხოველების სიცოცხლის ხანგრძლივობის  საშუალებას. თუმცა, ბოლო პერიოდში აქცენტი უფრო მეტად კეთდება ეპიგენეტიკური საათების „გადახვევის“ გზების იდენტიფიცირებაზე.
„მიუხედავად გავრცელებული აღიარებისა, რომ ბიოლოგიური ასაკი მაინც გარკვეულწილად მოქნილია, ის, თუ რამდენად განიცდის ბიოლოგიური ასაკი შექცევად ცვლილებებს მთელი ცხოვრების განმავლობაში და მოვლენები, რომლებიც იწვევს ასეთ ცვლილებებს, უცნობი რჩება“, -განმარტავს ჰარვარდის სამედიცინო სკოლის მოლეკულური ბიოლოგი ვადიმ გლადიშევი, რომელიც ზემოთხსენებული ახალი კვლევის თანაავტორი იყო.
ეს არ ნიშნავს რომ მეცნიერებს წარსულში არ ჰქონიათ შემთხვევითი შედეგები, რომლებიც მიანიშნებენ ბიოლოგიური ასაკის შექცევადობაზე, ადამიანებშიც კი.
ახალმა კვლევამ აჩვენა, რომ სტრესით გამოწვეული დაბერების აჩქარება შეიძლება მხოლოდ დროებითი იყოს.
„მკაფიო ნიმუში, რომელიც გაჩნდა ჩვენი კვლევების განმავლობაში, არის ის, რომ სტრესის ზემოქმედებამ გაზარდა ბიოლოგიური ასაკი. როდესაც სტრესი მოიხსნა, შესაძლებელი გახდა ბიოლოგიური ასაკის სრულად ან ნაწილობრივ აღდგენა“, – წერენ მკვლევარები თავიანთ გამოქვეყნებულ ნაშრომში.
მათი განმარტებით, ტრავმის მქონე ხანდაზმული პაციენტების სისხლის ნიმუშებმა, რომლებსაც გადაუდებელი ოპერაცია ჩაუტარდათ, აჩვენა ბიოლოგიური ასაკის მარკერების მატება, რომელიც ოპერაციიდან ერთი კვირის შემდეგ საწყის მდგომარეობას დაუბრუნდა.
მკვლევარების აზრით, მათი დასკვნები მიანიშნებს, რომ ორგანიზმს შეუძლია შეცვალოს ბიოლოგიური დაბერების პროცესები. მაგრამ ერთია ორგანიზმის პროცესების ცვლილებებზე დაკვირვება და სულ სხვაა მათი თერაპიულად „დამორჩილება“ დაბერების შედეგების შესაცვლელად.
მეცნიერება ჯერ იდევ არ იციან, აქვს თუ არა უჯრედების დაბერების ამ ხანმოკლე ცვლილებებს ჯანმრთელობაზე ხანგრძლივი ან შესამჩნევი ეფექტი.
კვლევა ჟურნალ Cell Metabolism-შია გამოქვეყნებული.

წყარო : sciencealert.com

ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა

სრულად ნახვა
გამოგონება - ინოვაციაკვლევებიმედიცინამსოფლიოტექნოლოგიები

ელექტრონული ტატუ, რომელიც გულის მდგომარეობას აკონტროლებს

ოსტინის უნივერსიტეტის მკვლევართა ჯგუფმა შეიმუშავა მოქნილი და ტარებადი სამედიცინო მოწყობილობა, რომელსაც რევოლუციის მოხდენა შეუძლია. საუბარია, ელექტრონულ ტატუზე – ის მაგრდება მკერდთან და შეუძლია მუდმივად აკონტროლოს გულის მდგომარეობა. ინფორმაციას უცხოური მედია ავრცელებს.

მოწყობილობა უნივერსიტეტებს შორის პარტნიორობის ფარგლებში შეიქმნა.

ელექტრონული ტატუ არის უკაბელო და მობილური. მოწყობილობა სულ რაღაც 2,5 გრამს იწონის და მისი ტარება ტანსაცმელთან ერთად თავისუფლადაა შესაძლებელი. რაც შეეხება ენერგიას, ტექნოლოგია პენის ზომის ბატარეაზე მუშაობს, რომელიც 40 საათზე მეტ ხანს ძლებს. ეს პაციენტს აძლევს საშუალებას მთელი დღის განმავლობაში განახორციელოს გულის ჯანმრთელობის მონიტორინგი.

ჯანმრთელობის მონიტორინგის ორი გზა
ელექტრონული ტატუ გულის ორ მნიშვნელოვან ასპექტს ზომავს: ელექტროკარდიოგრამას (ECG) და სეისმოკარდიოგრამას (SCG). პირველი გულის ელექტრულ სიგნალს აფასებს, ხოლო მეორე აკუსტიკურ სიგნალს გულის სარქველებიდან.

რაც შეეხება კვლევას, მოწყობილობა ხუთ ჯანმრთელ პაციენტზე გამოიცადა. ტექნოლოგია საკმაოდ ზუსტი იყო. შემდეგი ეტაპი მოიცავს დამატებით ტესტირებას და საწყისი შედეგების დადასტურებას.

შეერთებულ შტატებში სიკვდილის მთავარი მიზეზი გულის დაავადებაა. შესაბამისად, ახალ ელექტრონულ ტატუს მნიშვნელოვანი მისია აქვს. ტექნოლოგია საშუალებას იძლევა მოხდეს უწყვეტი და პორტატული გულის მონიტორინგი სამედიცინო დაწესებულების მიღმა. ეს ხელს შეუწყობს გულის დაავადების გამაფრთხილებელი ნიშნების ადრეულ გამოვლენასა და დიაგნოსტირებას.

ნანშუ ლუს, აერონავტიკისა და საინჟინრო მექანიკის დეპარტამენტის პროფესორის თქმით, თუ ტექნოლოგია გაამართლებს, გულის დაავადების 80%-ის პრევენცია გახდება შესაძლებელი.

 

ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა

სრულად ნახვა
კვლევებიმსოფლიო

2100 წლისთვის ზაფხული 6 თვეს გაგრძელდება – The Guardian

ჩვენი ზაფხული უკვე, დაახლოებით, 20%-ით დიდია, ვიდრე ეს ადრე იყო. თუ კლიმატის კრიზისი გაგრძელდება, 2100 წლისთვის ჩრდილოეთ ნახევარსფეროზე ზაფხული 6 თვიანი გახდება. გამოდის, რომ 1950 წელთან შედარებით, ზაფხული ორჯერ დიდი იქნება. მეტიც, ასეთი ზაფხული ბევრად უფრო ცხელი იქნება, რაც მეტ ხანძარს და კატაკლიზმებს გამოიწვევს. ინფორმაციას უცხოური მედია ავრცელებს.

ასეთი პროგნოზის მისაღებად მკვლევრებმა კლიმატის ისტორიული მონაცემები გამოიყენეს და გამოიკვლიეს, თუ როგორ იცვლებოდა ის აქამდე. მათი კვლევა Geophysical Research Letters-ში გამოქვეყნდა და აჩვენა, რომ 1952 წლიდან, 2011 წლამდე ჩრდილოეთ ნახევარსფეროს ზაფხული, საშუალოდ, 78 დღიდან 95 დღემდეა გაზრდილი.

კლიმატის ცვლილების მოდელების გამოყენებით, მკვლევრებმა აჩვენეს, რომ წინ კიდევ უფრო დიდი ცვლილებებია. 2100 წლისთვის, ჩრდილოეთ ნახევარსფეროს ზაფხული, საშუალოდ, 166 დღე გრძელდება. ეს ყველა სხვა სეზონს შეამცირებს, ხოლო ზამთარს 31 დღემდე დაიყვანს.

პროგნოზით, ხმელთაშუა ზღვის რეგიონმა და ტიბეტის მთიანეთმა ყველაზე დიდი ცვლილებები უნდა განიცადოს. თუმცა, ეს საბოლოოდ ყველაფერზე მოახდენს გავლენას, მათ შორის სოფლის მეურნეობაზე და ადამიანების ჯანმრთელობაზე.

 

ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
კვლევებიმედიცინა

100%-იანი განკურნება – ახალმა თერაპიამ ონკოლოგიური პაციენტები სრულად გამოაჯანმრთელა

მეცნიერები გამოცემაში New England Journal of Medicine გამოქვეყნებულ ნაშრომში იტყობინებიან, რომ ახალი თერაპიის შედეგად, კვლევაში მონაწილე ონკოლოგიური პაციენტების აბსოლუტური უმრავლესობა სრულად განიკურნა. სპეციალისტთა განცხადებით, ეს ისტორიაში პირველი მსგავსი პრეცედენტია. ინფორმაციას  უცხოური მედია ავრცელებს.

ბოლო დროს, ინოვაციური მეთოდებით ადამიანებსა თუ ცხოველებში კიბოსთან ბრძოლაში მეცნიერებმა არაერთ წარმატებას მიაღწიეს, თუმცა, ეს დაავადება ინდივიდუალურია და ძნელია ისეთი საშუალების პოვნა, რომელიც ყველა პაციენტზე ერთნაირად იმოქმედებს. სწორედ ამიტომ, უკანასკნელი მიღწევა იმედის მომცემია, რადგან საუბარია ცდისპირთა სრულმასშტაბიან გამოჯანმრთელებაზე.

მათ ამისთვის მედიკამენტი, სახელად დოსტარლიმაბი გამოიყენეს, რომელიც მონოკლონური ანტისხეული გახლავთ. ის PD-1-ად წოდებულ ცილას უტევს, რომელიც, PD-L1-თან ერთად, სიმსივნის გარეთ იმუნური სისტემისგან დამცავ ერთგვარ ფარს ქმნის. მისი მეშვეობით სიმსივნე შეუფერხებლად იზრდება. უკეთ გასაგები რომ იყოს, PD-1-ს შეუძლია, T ლიმფოციტები “უდანაშაულო” უჯრედების განადგურებისგან შეაკავოს, მაგრამ სიმსივნე ამ ფუნქციას თავის სასიკეთოდ წარმართავს.

კვლევაში კოლორექტული (ნაწლავის) სიმსივნის მქონე 16 ადამიანი ჩაერთო, რომელმაც მკურნალობის 6-თვიანი კურსი გაიარა. მეცნიერთა მიერ ნაშრომის წერის დროს მათგან 12-ს კურსი უკვე დასრულებული ჰქონდა. აღმოჩნდა, რომ ამ პაციენტების ორგანიზმში სიმსივნური წანაზარდი გაქრა. მავნე უჯრედები არც თერაპიიდან 12 თვის შემდეგ დაფიქსირებულა. ამ პერიოდისთვის 16-ვე ცდისპირი ცოცხალი იყო.

უნდა ითქვას, რომ ზემოხსენებული მედიკამენტის მიღების შედეგად რაიმე სერიოზული უკუჩვენება არ გამოვლენილა, თუ არ ჩავთვლით დაღლილობასა და გამონაყარს. მართალია, ეს კვლევა მცირემასშტაბიანი იყო, მაგრამ მომავალში პრეპარატს უფრო მეტ ადამიანზე გამოცდიან. თითოეული დოზის ღირებულება დაახლოებით 11 000 აშშ დოლარია, ანუ ის საკმაოდ ძვირია, თუმცა სხვა არასასიამოვნო თერაპიების საჭიროებას გამორიცხავს.

ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
კვლევები

გენური თერაპიის შემდეგ, პარალიზებულმა თაგვმა გავლა შეძლო

გენური ინჟინერიის გზით შექმნილი ცილის წყალობით, გერმანელმა მეცნიერებმა პარალიზებული თაგვის ხერხემალში ფუნქციადაკარგული ნერვების აღდგენა შეძლეს. მკურნალობის შემდეგ კი სრულად პარალიზებულმა თაგვმა გავლა შეძლო. ინფორმაციას უცხოური მედია ავრცელებს. 

გასულ კვირას, ჟურნალ Nature Communications-ში გამოქვეყნებული კვლევის თანახმად, გენური თერაპია პირველი მეთოდია, რომელიც დაზიანებული და უფუნქციო ნერვების აღდგენას ახერხებს. აღნიშნული შედეგი კი იძლევა იმედს, რომ შეიძლება ამ მიმართულებით კვლევის გაგრძელებამ, ამ მეთოდის ადამიანებში გამოყენებამდე მიგვიყვანოს; შესაბამისად კი, შეიძლება პარალიზებული ადამიანების მკურნალობის საშუალება მივიღოთ. თუმცა, აქამდე, რა თქმა უნდა, საკმაოდ დიდი გზაა გასავლელი.

აქამდე არსებული ყველა მეთოდი, რომლითაც მეცნიერები ნერვის დაზიანებასთან გამკლავებას ცდილობენ, მოიცავს ნაწილობრივ გაწყვეტილი ნერვების მკურნალობას, ან მათ ჩანაცვლებას გრაფტებით. ახალი მეთოდი კი საშუალებას აძლევს სრულად გაწყვეტილ, ანუ უფუნქციო ნერვს ისევ გაიზარდოს. ეს კი ძალიან მნიშვნელოვანი მიღწევაა ნევროლოგიაში.

კვლევის თანახმად, მკურნალობის უზრუნველსაყოფად, მეცნიერებმა, გენური ინჟინერიის გზით, შეიმუშავეს ცილა (ჰიპერ-ინტერლეიკინი-6), რომელიც ნეირონის ზრდას ასტიმულირებს. ხოლო, ექსპერიმენტის ფარგლებში, გერმანიის Ruhr-University Bochum-ის მეცნიერებმა თაგვის ტვინში გენეტიკური სეკვენსი შეიყვანეს, რომელიც ამ ცილის წარმოებისთვის იყო აუცილებელი. თაგვის მიზნისმიერად “დაპროგრამებულმა” უჯრედებმა ამ ცილის წარმოება დაიწყეს, შესაბამისმა ცილამ კი საკუთარი მისია შეასრულა – თაგვის ძვლის ტვინის დაზიანებულ და სრულად გაწყვეტილ ნეირონებს ახლიდან გაზრდის საშუალება მისცა.

„მკურნალობის ამ მეთოდმა პარალიზებულ ცხოველებს, რომლებზეც ის გამოვცადეთ, საშუალება მისცა 2-3 კვირაში აღედგინათ გადაადგილების შესაძლებლობა”, – თქვა კვლევის წამყვანმა ავტორმა და RUB-ის ფიზიოლოგმა, დიტმარ ფიშერმა, გავრცელებულ პრესრელიზში და დასძინა, “ეს შედეგი ძალიან მოულოდნელი იყო ჩვენთვის, რადგან აქამდე არავის დაუმტკიცებია, რომ სრული პარაფლეგიის შემდეგ, ეს შესაძლებელია”.

პრეს-რელიზის მიხედვით, გუნდისთვის შემდეგი ნაბიჯი იმის დადგენაა, რამდენად ხანგრძლივი ეფექტი შეიძლება ჰქონდეს ამ სახის გენურ თერაპიას. შესაბამისად, გუნდი ექსპერიმენტში მონაწილე ცხოველებზე დაკვირვებას აგრძელებს.

„ახლა ახალი სამეცნიერო შესაძლებლობების მოსინჯვის ეტაპზე ვართ. შემდგომი ექსპერიმენტები, სხვა დეტალებთან ერთად, იმასაც გვიჩვენებს, რამდენად შეგვიძლია ეს ახალი მიდგომა, მომავალში, ადამიანებში გამოვიყენოთ”, – ამბობს ფიშერი.

 

ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
კვლევებიმედიცინამსოფლიო

თავის ტვინის სიმსივნის რევოლუციური მკურნალობის გზას მიაგნეს

მკვლევრებმა თავის ტვინის სიმსივნის რევოლუციური მკურნალობის გზას მიაგნეს. ინფორმაციას უცხოური მედია ავრცელებს.

ახალი კვლევა აჩვენებს, თუ როგორ მუშაობს ტრადიციულ ჩინურ მედიცინაში გამოყენებული ბუნებრივი ნაერთებისგან დამზადებული პრეპარატი თაგვებში ავთვისებიანი ტვინის სიმსივნეების წინააღმდეგ, რაც ქმნის კვლევის პერსპექტიულ გზას გლიობლასტომას მკურნალობისთვის.

გლიობლასტომა თავის ტვინის კიბოს ყველაზე გავრცელებული და აგრესიული ტიპია. მკურნალობის სტანდარტს წარმოადგენს ქიმიოთერაპია, რადიაცია და ქირურგია, რამაც შეიძლება გააუმჯობესოს სიმპტომები, მაგრამ არ განკურნოს ან შეაჩეროს კიბო.

კვლევაში, რომელიც გამოქვეყნდა 14 აპრილს ჟურნალ Cell Reports Medicine-ში, მეცნიერებმა აჩვენეს, თუ როგორ აუმჯობესებს ნაერთის ფორმულირება, სახელად ინდირუბინი, თავის ტვინის ავთვისებიანი სიმსივნის მქონე თაგვების გადარჩენის მაჩვენებელს. მათ ასევე გამოცადეს ახალი ფორმულირება, რითაც ერთი ნაბიჯით მიუახლოვდნენ ადამიანებზე კლინიკური კვლევების ჩატარებას.

„საინტერესოა, რომ ეს წამალი მიზანში იღებს დაავადების უამრავ მნიშვნელოვან მახასიათებელს”, – განმარტა შონ ლოულერმა, კვლევის წამყვანმა ავტორმა. “ეს აღსანიშნავია, რადგან კიბოს ეს ტიპი მუდმივად ეძებს გზებს თავდასხმის ცალკეული მექანიზმების შემოვლით. ასე რომ, თუკი ერთდროულად გამოვიყენებთ თავდასხმის რამდენიმე მექანიზმს, ალბათ, უფრო წარმატებით გადავჭრით პრობლემას.”

ინდირუბინი არის ინდიგოს მცენარეებში არსებული ბუნებრივი პროდუქტი და ტრადიციული ჩინური მედიცინის, ტანგკუეი ლუნგ ხუეი ვანის, შემადგენელი ნაწილი, რომელიც, მკვლევართა აზრით, გამოიყენებოდა ქრონიკული მიელოლეიკემიის სამკურნალოდ. ინდირუბინისგან წარმოებულმა წამლებმა აჩვენა კიბოს მკურნალობის პოტენციალი მთელი რიგი მექანიზმების მეშვეობით. ლოულერისა და სხვების მიერ 10 წლის წინ გამოქვეყნებულმა კვლევამ წარმოაჩინა, რომ ინდირუბინი ანელებს გლიობლასტომას სიმსივნეების ზრდას თაგვებში. თუმცა, მისი თქმით, მკვლევრებმა ვერ შეძლეს მიზეზის ახსნა. უფრო მეტიც, მოდიფიცირებულ წამალთან მუშაობა არც თუ ისე ადვილი იყო, რის გამოც მეცნიერებს გაუჭირდათ დოზის დონის შემოწმება ან მისი ეფექტურად მიწოდება სიმსივნემდე.

როდესაც მეცნიერები აგრძელებდნენ ნაერთის კვლევას, მათ დაუკავშირდათ მასაჩუსეტსის ბიოსამედიცინო კომპანია Phosphorex, რომელიც ავითარებს ტექნოლოგიას ფარმაცევტული ფორმულირებების გასაუმჯობესებლად. ფოსფორექსმა დააპატენტა ინდირუბინის ფორმულირება, სახელწოდებით 6′-ბრომოინდირუბინ აცეტაქსიმი (BiA), რამაც გააადვილა ამ ნაერთის გამოყენება კიბოს სამკურნალოდ.

მკვლევრებმა გამოცადეს BiA-ს ნანონაწილაკების ფორმულირება გლიობლასტომას სიმსივნეებზე თაგვებში, გაამახვილეს რა ყურადღება იმაზე, თუ როგორ იმოქმედებდა პრეპარატი იმუნურ სისტემაზე. BiA-მ არა მხოლოდ შეანელა სიმსივნური უჯრედების ზრდა და გამრავლება (რითაც დაადასტურა წინა კვლევების შედეგები), არამედ გააუმჯობესა გადარჩენის მაჩვენებელი მნიშვნელოვან იმუნოთერაპიულ სამიზნეებზე ზემოქმედებით.

„წამალმა ისეთი გავლენა მოახდინა იმუნურ სისტემაზე თაგვების ამ ექსპერიმენტში, რომ, ვფიქრობთ, იგი ხელს შეუწყობს კლინიკური იმუნოთერაპიის გაძლიერებას ადამიანებში”, – აღნიშნა ლოულერმა.

კიბოს ეროვნული ინსტიტუტის გრანტით, მკვლევრები გააგრძელებენ პრეპარატის ტესტირებას, რათა ნახონ, როგორ ურთიერთქმედებს ის ქიმიოთერაპიასა და დასხივებასთან. ლოულერის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ მეცნიერები ათწლეულების განმავლობაში სწავლობდნენ გლიობლასტომას, თერაპიაში მნიშვნელოვანი მიღწევები აქამდე არ ყოფილა. ეს კვლევა კი გვთავაზობს ახალ მიდგომას, რომელმაც გლიობლასტომას დამარცხების იმედები უკვე გააჩინა.

ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა“

სრულად ნახვა
კვლევებიმედიცინა

კიბოს ადრეულ ეტაპზე გამოვლენის ახალი მეთოდი

კვლევამ, რომელშიც 50 წელზე უფროსი ასაკის 6 600 ადამიანი იყო ჩართული, გამოავლინა სისხლის ტესტის ეფექტურობა, რომელსაც შეუძლია აღმოაჩინოს კიბოს სხვადასხვა ტიპი სიმპტომების გამოვლენამდე, დაწყებით სტატიაში, როდესაც მისი მკურნალობა ყველაზე მარტივი და ეფექტურია. ტესტმა სახელად Galleri კიბო ისეთ პირობებში აღმოაჩინა, სადაც სხვა ტესტები მას ვერ აფიქსირებდნენ.
Pathfinder-ის კვლევის მიხედვით, ტესტმა გამოავლინა კიბოს ისეთი სახეობებიც კი, რომლებისთვისაც არ არსებობს ამჟამინდელი სკრინინგის მეთოდი. “სტანდარტულ მეთოდთან შედარებით, ახლად შემუშავებული სისტემა ბევრად ეფექტიანია. ეს მოიცავდა ღვიძლის, წვრილი ნაწლავისა და საშვილოსნოს I სტადიის კიბოს და პანკრეასის, ძვლებისა და ოროფარინგეალური II სტადიის კიბოებს”, – თქვა ექიმმა ჯეფრი ვენსტრომმა.
ყოველწლიურად ათიათასობით ადამიანს ვკარგავთ კიბოს გამო და ეს სტატისტიკა სამწუხაროდ ზრდადია დემოგრაფიულ ტალღასთან ერთად. რაც იმას ნიშნავს, რომ ჩვენ ნამდვილად გვჭირდება კიბოს უფრო ადრეულ ეტაპზე გამოვლენის ტექნოლოგიები. შესაბამისად, აღნიშნული ტესტი შეიძლება იქცეს დიაგნოსტიკის ერთ-ერთ ყველაზე მძლავრ ინსტრუმენტად.

 

ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
კვლევებიმედიცინამსოფლიო

მეცნიერების მტკიცებით, დაადგინეს, როგორ იწვევს ჰაერის დაბინძურება ფილტვის კიბოს

მეცნიერები აცხადებენ, რომ დაადგინეს მექანიზმი, რომლის საშუალებითაც ჰაერის დაბინძურება იწვევს ფილტვის კიბოს არამწეველებში.
კვლევამ აჩვენა ჯანმრთელობასთან დაკავშირებული რისკი, რომელიც წარმოიქმნება წიაღისეული საწვავის წვის შედეგად წარმოქმნილი პაწაწინა ნაწილაკებით, რაც იწვევს ახალ მოწოდებებს იმასთან დაკავშირებით, რომ კლიმატის ცვლილებასთან საბრძოლველად უფრო გადაუდებელი ქმედებებია საჭირო.
დიდი ბრიტანეთის ფრენსის კრიკის ინსტიტუტის მეცნიერის, ჩარლზ სვანტონის თქმით, აღმოჩენამ ასევე შეიძლია გზა გაუხსნას კიბოს პრევენციის ახალ სფეროს.
დიდი ხანია ითვლება, რომ ჰაერის დაბინძურება დაკავშირებულია ფილტვის კიბოს გაზრდილ რისკთან იმ ადამიანებში, რომლებიც არ ეწევიან.
”მაგრამ ჩვენ ნამდვილად არ ვიცოდით, იწვევდა თუ არა დაბინძურება პირდაპირ ფილტვის კიბოს – ან თუ იწვევდა, როგორ”, – განაცხადა სვანტონმა.
ტრადიციულად ითვლება, რომ კანცეროგენების ზემოქმედება, როგორიცაა სიგარეტის მოწევა ან დაბინძურება, იწვევს დნმ-ის მუტაციებს, რომლებიც შემდეგ კიბოდ იქცევა. მაგრამ იყო “უხერხული სიმართლე” ამ მოდელთან დაკავშირებით.
სვანტონის განმარტებით, წინა კვლევებმა აჩვენა, რომ დნმ-ის მუტაციები შეიძლება მოხდეს კიბოს გამოწვევის გარეშე – და რომ გარემოსთან დაკავშირებული კანცეროგენების უმეტესობა არ იწვევს მუტაციებს. მისი კვლევა კი განსხვავებულ მოდელს გვთავაზობს.
ფრენსის კრიკის ინსტიტუტისა და ლონდონის საუნივერსიტეტო კოლეჯის მკვლევარებმა გააანალიზეს 460 000-ზე მეტი ადამიანის ჯანმრთელობის მდგომარეობის მონაცემები ინგლისში, სამხრეთ კორეასა და ტაივანში.
მათ აღმოაჩინეს, რომ PM2.5 დაბინძურების პატარა ნაწილაკების ზემოქმედება – რომელთა დიამეტრი 2.5 მიკრონიზე ნაკლებია – იწვევს EGFR გენში მუტაციების გაზრდის რისკს.
თაგვებზე ჩატარებულ ლაბორატორიულ კვლევებში ჯგუფმა აჩვენა, რომ ნაწილაკები იწვევდნენ ცვლილებებს EGFR გენში, ისევე როგორც KRAS გენში, რომლებიც დაკავშირებულია ფილტვის კიბოსთან.
ბოლოს, მათ გააანალიზეს ადამიანის ფილტვის ქსოვილის თითქმის 250 ნიმუში, რომელიც არასოდეს ყოფილა მოწევის ან მძიმე დამაბინძურებელი კანცეროგენების ზემოქმედების ქვეშ.
მიუხედავად იმისა, რომ ფილტვები ჯანმრთელი იყო, აღმოაჩინეს დნმ-ის მუტაციები EGFR გენების 18 პროცენტში და KRAS გენების 33 პროცენტში.
”ისინი უბრალოდ იქ სხედან”, – აღნიშნა სვანტონმა და დასძინა, რომ ასაკთან ერთად მუტაციები მატულობს. ”სავარაუდოდ, ისინი არასაკმარისია სიმსივნის წარმოსაქმნელად, მაგრამ როდესაც უჯრედი ექვემდებარება დაბინძურებას, მას შეუძლია გამოიწვიოს “ჭრილობის შეხორცების რეაქცია”, რომელიც იწვევს ანთებას და თუ ეს უჯრედი შეიცავს მუტაციას, ის სიმსივნეს წარმოქმნის“, – აღნიშნა მან.
თაგვებზე სხვა ექსპერიმენტში მკვლევარებმა აჩვენეს, რომ ანტისხეულს შეუძლია დაბლოკოს შუამავალი – ინტერლეიკინი 1 ბეტა, რაც თავიდანვე აჩერებს კიბოს დაწყებას.
საფრანგეთის გუსტავ რუსის ინსტიტუტის კიბოს პრევენციის პროგრამის ხელმძღვანელმა, სუზეტ დელალოგემ კვლევას რევოლუციური უწოდა.
”კვლევა საკმაოდ მნიშვნელოვანი ნაბიჯია მეცნიერებისთვის – და საზოგადოებისთვისაც. ეს ხსნის უზარმაზარ კარს, როგორც ცოდნისთვის, ასევე კიბოს განვითარების თავიდან აცილების ახალი გზებისთვის“, -აღნიშნა მან.
ჰონგ კონგის ნივერსიტეტის ონკოლოგმა ტონი მოკმა კვლევას ძალიან საინტერესო უწოდა.
„ეს ნიშნავს, რომ ჩვენ შეგვიძლია ვიკითხოთ, იქნება თუ არა შესაძლებელი მომავალში ფილტვების სკანირების გამოყენება ფილტვებში პრე კანცერული (სიმსივნური წარმონაქმნი, რომელიც ჯერ კიბოში არ გადასულა – კიბოს წინა სტადია) ცვლილებების მოსაძებნად და მათი უკან დახევა ისეთი მედიკამენტებით, როგორიცაა ინტერლეიკინ 1 ბეტა ინჰიბიტორები“, – აღნიშნა ონკოლოგმა.

წყარო : sciencealert.com

მასალა მოამზადა : თამარ ტაბატაძემ

ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
1 35 36 37 38 39 111
Page 37 of 111