close
კვლევებიმსოფლიო

მეცნიერთა პროგნოზით, 2050 წლისთვის დიაბეტი 1.3 მილიარდ ადამიანს ექნება

მეცნიერთა ახალი პროგნოზის თანახმად, 2050 წლისთვის ჩვენს პოპულაციაში დიაბეტის მქონე ინდივიდების რაოდენობა ორზე მეტჯერ გაიზრდება და 1.3 მილიარდს მიაღწევს. ეს ნიშნავს, რომ პოტენციურად მოიმატებს ჯანდაცვასთან დაკავშირებული ხარჯებიც, რადგან მსგავსი ქრონიკული დაავადება ჯანმრთელობის სხვა პრობლემებსაც იწვევს. ინფორმაციას უცხოური მედია ავრცელებს. 

მომდევნო ათწლეულებში მეორე ტიპის დიაბეტის მოსალოდნელი გავრცელების ერთ-ერთ მთავარ მიზეზად სპეციალისტები სიმსუქნეს ასახელებენ. დღესდღეობით მსოფლიოს მასშტაბით ამ დიაგნოზით 529 მილიონი ადამიანი ცხოვრობს, რაც საერთო პოპულაციის 6.1 პროცენტია.

იმის მიუხედავად, რომ მედიცინა დღითი დღე ვითარდება, ის ახალი გამოწვევების წინაშე დგება. მათ შორისაა დიაბეტიც, რომლის მაჩვენებლების ზრდაც ჯანდაცვის სისტემებს მძიმე ტვირთად დააწვება. კერძოდ, გამოცემაში Diabetes Care გამოქვეყნებული სხვა კვლევის მიხედვით, დიაბეტთან ასოცირებული ხარჯები 2015 წლის 1.3 ტრილიონდოლარიანი მაჩვენებლიდან 2030 წლისთვის შესაძლოა, 2.5 ტრილიონ დოლარამდე გაიზარდოს.

დიაბეტი არის მდგომარეობა, როცა ორგანიზმი საჭირო რაოდენობის ინსულინს ვერ გამოიმუშავებს ან მას სისხლში გლუკოზის დასარეგულირებლად სათანადოდ ვერ იყენებს. ეს ხშირად ჯანმრთელობის სხვა გართულებებსაც ედება საფუძვლად და მნიშვნელოვან სისტემებს აზიანებს, როგორიცაა გულ-სისხლძარღვები, თირკმელები, ნერვები და ა.შ.

2021 წელს მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციამ დიაბეტის პრევენციისთვის ახალი ინიციატივები წამოიწყო და 2030 წლისთვის მისაღწევი გეგმები დაისახა. იქნება თუ არა ეს შედეგის მომტანი და ავირიდებთ თუ არა დიაბეტის გავრცელებას, მომავალი გვიჩვენებს.

ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი “დოქტრინა

გაზიარება:
fb-share-icon0