close

კვლევები

კვლევები

კვლევა – პარაცეტამოლის გრძელვადიანი გამოყენება მაღალი წნევის რისკს ზრდის

მაღალი არტერიული წნევის მქონე ადამიანები, რომლებიც  პარაცეტამოლს იღებენ, შეიძლება გულის შეტევის და ინსულტის უფრო მაღალი რისკის ქვეშ აღმოჩნდნენ, – ამის შესახებ ედინბურგის უნივერსიტეტის მეცნიერების კვლევაშია აღნიშნული.
კვლევის ავტორები განმარტავენ, რომ ექიმებმა უნდა იფიქრონ იმ ადამიანების რისკებსა და სარგებელზე, რომლებიც მედიკამენტს მრავალი თვის განმავლობაში იღებენ.
პარაცეტამოლი ფართოდ გამოიყენება მთელ მსოფლიოში, როგორც ტკივილის საწინააღმდეგო საშუალება მოკლევადიანი მკურნალობისთვის, მაგრამ ასევე ინიშნება ქრონიკული ტკივილის სამკურნალოდ, მიუხედავად იმისა, რომ გრძელვადიანი გამოყენებისთვის მისი სარგებლობის მცირე მტკიცებულება არსებობს.
კვლევის ფარგლებში ჩართულ მოხალისეებს, რომლებიც მაღალი წნევის საწინააღმდეგო მედიკამენტებს იღებდნენ, სთხოვეს, დღეში 4-ჯერ 1 გრამი პარაცეტამოლი მიეღოთ ორი კვირის განმავლობაში, მომდევნო ორი კვირის განმავლობაში კი პლაცებო.
„კვლევამ აჩვენა, რომ პარაცეტამოლი ზრდის არტერიულ წნევას, რაც ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი რისკ-ფაქტორია გულის შეტევისა და ინსულტისთვის,“- აცხადებენ ედინბურგის უნივერსიტეტის მეცნიერები.
მკვლევარები ექიმებს ურჩევენ, ქრონიკული ტკივილის მქონე პაციენტებს თავდაპირველად პარაცეტამოლის რაც შეიძლება დაბალი დოზა დაუნიშნონ და ყურადღებით დააკვირდნენ მათ, ვისაც მაღალი წნევა და გულის დაავადების რისკი აქვთ.
ამასთან, ისინი ხაზს უსვამენ, რომ თავის ტკივილისა და მაღალი ტემპერატურის დროს პარაცეტამოლის მიღება უსაფრთხოა.

მასალა მოამზადა : თამარ ტაბატაძემ 

წყარო : bbc

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
კვლევებიმედიცინამსოფლიო

„ომიკრონის“ ახალი ქვეტიპი BA.5 – რამდენად საშიშია ის?

ომიკრონის“ შტამის ქვეტიპი BA.5, შესაძლოა, მალე კოროვირუსული ინფექციის შემთხვევების ახალი ტალღის მიზეზი გახდეს. რამდენად საშიშია შექმნილი სიტუაცია? ამ კითხვას პასუხი Deutsche Welle-მ გასცა.

კორონავირუსის ახალი ვარიანტით ინფიცირების შემთხვევებმა მოიმატა

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია (WHO) მიიჩნევს, რომ „ომიკრონის“ ქვეტიპი BA.5 შეიძლება, სულ ცოტა, შეშფოთების მიზეზად იქცეს. გერმანიის რობერტ კოხის სახელობის ინსტიტუტის თანახმად, BA.5 და „ომიკრონის“ სხვა ქვეტიპები სწრაფად გავრცელებას გააგრძელებენ, რადგან ისინი უფრო ადვილად გადაეცემა, ვიდრე – „დელტა“ ვარიანტი. აღნიშნული დაწესებულება აცხადებს, რომ ინფიცირების შემთხვევების ზრდა უკვე მიმდინარე ზაფხულს დაიწყება.

„BA.4 და BA.5 ქვეტიპების ზრდა ამ ეტაპზე ყველაზე სწრაფად ფიქსირდება“ – განაცხადეს რობერტ კოხის სახელობის ინსტიტუტში 9 ივნისს. აღნიშნულ დაწესებულებაში ასკვნიან, რომ „ომიკრონის“ ეს ორი ახალი ქვეტიპი მალე შეიძლება დაავადებულთა უმრავლესობაზე იყოს პასუხისმგებელი. ახალი ინფექციების 10%-ი უკვე BA.5-ით არის გამოწვეული, რაც ორჯერ მეტია, ვიდრე – ივნისის დასაწყისში დაფიქსირებული ანალოგიური მაჩვენებელი.

BA.5 პირველად სამხრეთ აფრიკაში დაფიქსირდა

მაისის დასაწყისში, BA.5 ქვეტიპმა შეშფოთება გამოიწვია სამხრეთ აფრიკაში, მაგრამ ეს ტალღა, წინასთან შედარებით, უფრო მცირე იყო და ახლა უკვე კლებაც დაიწყო. თუმცა პორტუგალიაში დაფიქსირებული ახალი კოროვირუსული ინფექციების 80%-ზე მეტი BA.5-ის ქვეტიპით არის გამოწვეული. სპეციალისტების განმარტებით, აქამდე უცნობი ეს ქვევარიანტი უფრო გადამდებია, ვიდრე მისი წინამორბედები. მანეიტრალიზებელი ანტისხეულები მას ვერ აფიქსირებენ და შესაბამისად, უფრო სწრაფად ვრცელდება. თუმცა დაავადების მიმდინარეობა უფრო მსუბუქია, ვიდრე მაგალითად, „დელტას“ შემთხვევაში.

იცავს თუ არა ბუსტერ დოზა „ომიკრონის“ ამ ქვეტიპისგან?

კორონავირუსის ვაქცინის დაცვითი ფუნქცია დროთა განმავლობაში სუსტდება, რადგან ორგანიზმში ანტისხეულების დონე იკლებს. იგივე ეხებათ იმ ადამიანებს, რომლებმაც COVID-19 გადაიტანეს. „ომიკრონის“ ახალი  ქვეტიპისგან ოპტიმალური დაცვა ზემოთ ხსენებულ არცერთ კატეგორიას არ აქვს და შესაძლოა, ეს ადამიანები ხელახლა დაინფიცირდნენ. BA.5 უკვე გავრცელდა რამდენიმე ქვეყანაში – მაგალითად, პორტუგალიაში, სადაც ინფიცირების ახალი შემთხვევების რაოდენობა ძალიან მოკლე დროში მკვეთრად გაიზარდა.

ამის მიუხედავად, ჰოსპიტალიზაციისა და გარდაცვალების შემთხვევები შემცირდა. ექსპერტების აზრით, ეს გამოწვეულია იმით, რომ მილიონობით ადამიანი უკვე აცრილია და ისინი გარკვეული რაოდენობის ანტისხეულებს ინარჩუნებენ, თუნდაც დაცვის ხარისხი სტაბილურად მაღალი არ იყოს. სპეციალისტების შეფასებით, ზოგადი იმუნიტეტი ახლა უფრო მაღალია, ვიდრე – პანდემიის დასაწყისში. რობერტ კოხის სახელობის ინსტიტუტი რეკომენდაციას უწევს რისკ- ჯგუფებს, განსაკუთრებით კი ხანდაზმულებს, კიდევ ერთი ბუსტერ დოზა გაიკეთონ, რათა ანტისხეულების დონე განაახლონ.

შემუშავებული ვაქცინები ფოკუსირებულია სპაიკ-ცილის იმ ვარიანტზე, რომელიც აქტიური იყო პანდემიის დასაწყისში. თუმცა მას შემდეგ ვირუსი შეიცვალა: აცრის შემდეგ ნაკლები ანტისხეული წარმოიქმნება და მათი გვერდის ავლა ვირუსისთვის უფრო ადვილი გახდა. აქვე ისიც უნდა ითქვას, რომ ახალი ვარიანტები, მათ შორის – BA.5, ნაკლებად საშიშია. ერთ-ერთი თეორიის მიხედვით, მიუხედავად იმისა, რომ ამ ქვეტიპს ზედა სასუნთქ გზებზე ძალიან სწრაფი და ძლიერი ზემოქმედების უნარი აქვს, სამაგიეროდ, ფილტვის უჯრედები უფრო იშვიათად ზიანდება და შესაბამისად, ნაკლები ადამიანი იღუპება. ახალი კორონავირუსის პირვანდელი ვერსიები ფილტვებს გაცილებით ძლიერად აზიანებდა, რაც მეტ ლეტალურ შედეგს იწვევდა.

 „ომიკრონით“ ინფიცირების გრძელვადიანი შედეგები უცნობია

„ომიკრონით“ ინფიცირებასა და პირველი სიმპტომების გამოვლენას შორის შუალედი (დაახლოებით, სამი დღე) უფრო ხანმოკლეა, ვიდრე – „დელტა“ შტამის შემთხვევაში. ამჟამინდელი ვაქცინების „ომიკრონისგან“ დაცვა ოპტიმალური არ არის, მაგრამ დაავადების მძიმე მიმდინარეობა თავიდან იქნება აცილებული. ამისთვის კი, სავარაუდოდ, საბაზისო იმუნიზაცია საკმარისია. ბუსტერ დოზა მეტი რაოდენობის ანტისხეულების ხელახლა გამომუშავებას უწყობს ხელს, რაც ზოგად იმუნიტეტს აძლიერებს.

მიუხედავად იმისა, რომ “ომიკრონის” სხვადასხვა ქვეტიპით ინფიცირების შემთხვევაში, „დელტასთან“ შედარებით, დაავადება მსუბუქად მიმდინარეობს, იშვიათად შეიძლება მძიმე სიმპტომებიც გამოვლინდეს. რაც მთავარია, ჯერჯერობით უცნობია, „ომიკრონით“ ან მისი ქვეტიპებით ინფიცირებამ რა სახის გრძელვადიან შედეგებამდე შეიძლება მიგვიყვანოს

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა“

სრულად ნახვა
კვლევები

ანტიბიოტიკები სიმაღლეში ზრდას აფერხებს – კვლევა

ანტიბიოტიკები სიმაღლეში ზრდას აფერხებს,- ეს დასკვნა ებრაელ, გერმანელ და ფინელ მეცნიერთა ჯგუფს ეკუთვნის, რომელიც ჟურნალ Nature Communications-ში გამოქვეყნდა.

 

გამოცემის თანახმად, კვლევაში მონაწილეობდა 12 ათასი ბავშვი. ეს ბავშვები 2008-2010 წლებში დაიბადნენ. დაბადებიდან 2 კვირის განმავლობაში 2 ათასამდე ბავშვს სხვადასხვა მიზეზით ანტიბიოტიკების მიღება დასჭირდა.

 

ამ ბავშვებს არავითარი გენეტიკური ანომალია ან ქრონიკული დაავადება არ ჰქონიათ, რასაც სიმაღლეში ზრდის შეფერხება შეეძლო. მონაცემების ანალიზის შედეგად გამოიკვეთა, რომ ბიჭებს, რომლებსაც სიცოცხლის პირველ დღეებში ანტიბიოტიკი მისცეს, 6 წლამდე ასაკში ზრდის საგრძნობი შეფერხება გამოუვლინდათ. ისინი წონაშიც ჩამორჩებოდნენ იმ თანატოლებს, რომლებსაც ანტიბიოტოკები არ დასჭირვებიათ.

 

განსაკუთრებით თვალშისაცემი იყო ეს პრობლემა 2-დან 6 წლის ასაკში. თუმცა იგივე ეფექტი გოგონებში არ გამოვლენილა.

 

ვინც ანტიბიოტოკები არა სიცოცხლის პირველ დღეებში, არამედ 6 წლამდე ასაკში მიიღო, ამ ბავშვებში, გოგონებშიც და ბიჭებშიც, ჭარბწონიანობა და სიმსუქნისკენ მიდრეკილება გამოვლინდა.

 

მკვლევარები დარწმუნებულნი არიან, რომ ეს ყველაფერი ნაწლავური მიკროფლორის შეცვლამ გამოიწვია. მათი განმარტებით, ანტიბიოტიკების ზემოქმედება მხოლოდ მათი მიღების პერიოდში არ გრძელდება. მას ხანგრძლივი შედეგი აქვს, რაც ბავშვის მომნელებელ სისტემაში სრულიად ცვლის მიკროსამყაროს. 2 წლამდე ასაკში ანტიბიოტიკები ხელს უშლის ნაწლავური მიკროფლორის გამდიდრებას და გამრავალფეროვნებას, რაც მომავალში ჯანმრთელობაზეც აისახება. განსაკუთრებით ძლიერად „ურტყამენ“ ანტიბიოტიკები ბიფიდობაქტერიებს, რომლებიც წლამდე ასაკში ნაწლავური მიკროფლორის ძირითად საფუძველს წარმოადგენენ.

 

ჯანსაღი ნაწლავური მიკროფლორა მხოლოდ კუჭ-ნაწლავის მოქმედებისთვის არ გვჭირდება. მასზეა დამოკიდებული ორგანიზმის ზოგადი ჯანმრთელობა, იმუნიტეტი, საჭირო ნივთიერებების მარაგი ორგანიზმში, რაც საბოლოოდ ბავშვის ჯანმრთელ ზრდა-განვითარებას უნდა მოხმარდეს.

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
კვლევები

დედამიწის ყველაზე ჩრდილოური მყინვარები რეკორდული სისწრაფით დნება

დედამიწის ყველაზე ჩრდილოური მყინვარები რეკორდული სისწრაფით დნება. ამის შესახებ დანიელი და გერმანელი მეცნიერების მიერ ჩატარებული კვლევის შედეგები მეტყველებს.

გრენლანდიის ჩრდილოეთში არსებობს პერიფერიული მყინვარები, რომლებიც კუნძულის მყინვარულ ფარს არ უკავშირდება. როგორც აღმოჩნდა, არქტიკაში დაწყებული დათბობის გამო მყინვარები რეკორდული სისწრაფით დნება – წელიწადში 40 გიგატონაზე მეტი ყინული ქრება.

იზოლირებული მყინვარები გრენლანდიის ყინულით დაფარული ფართობის მხოლოდ 4%-ს შეადგენს. ამასთან, მათზე დამდნარი ყინულის საერთო მასის 11% მოდის, რაც იმას ნიშნავს, რომ ზღვის დონის ამაღლებაში ძირითადი წვლილი სწორედ მათ შეაქვთ.

მეცნიერებმა დაადგინეს, რომ 2003-2009 წლებში ყოველწლიურად 27,2 გიგატონა პერიფერიული ყინული დნებოდა, 2018-2021 წლებში კი ყოველწლიურად უკვე 42,3 გიგატონა.

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა“

სრულად ნახვა
კვლევებიმედიცინა

აშშ-ში კოვიდსაწინააღმდეგო ვაქცინების 6 თვის ასაკიდან ბავშვებში გამოყენების რეკომენდაცია გასცეს

აშშ-ის სურსათისა და მედიკამენტების ადმინისტრაციამ (FDA) ​კორონავირუსისსაწინააღმდეგო ვაქცინების BioNTech/Pfizer და Moderna 6 თვის ასაკიდან ბავშვები გამოყენების რეკომენდაცია ერთხმად გასცა. ამის შესახებ The New York Times-ი წერს.

გამოცემის ინფორმაციით, Moderna-სორდოზიანი ვაქცინის გამოყენება 6 თვიდან 5 წლის ასაკამდე ბავშვებისთვის არის რეკომენდებული, სამდოზიანიBioNTech/Pfizer-ისა კი 6 თვიდან 4 წლის ასაკამდე. FDA -ს რეკომენდაცია საბოლოო გადაწყვეტილება არ არის, თუმცა, ამერიკული მედიის ცნობით, ამან მნიშვნელოვნად უნდა დააჩქაროს ვაქცინების დამტკიცების პროცესი. FDA-ს შემდეგ აცრების ნებართვა აშშ-ს დაავადებათა კონტროლის ცენტრმა (CDC) უნდა გასცეს.

ქვეყნის მთავრობამ ვაქცინების მილიონობით დოზა უკვე შეუკვეთა, თეთრ სახლში კი განაცხადეს, რომ მათი გამოყენება შესაძლოა უკვე მომავალ კვირაში დაიწყოს. ამასთან, ექსპერტები თანხმდებიან, რომ ამ ასაკობრივ ჯგუფში ბავშვების აცრის საკითხი მშობლების გადასაწყვეტია.

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა“

სრულად ნახვა
კვლევები

როგორ ცვლის სიყვარული ტვინს

რომანტიკულ სიყვარულში ჩართულია რამდენიმე ნეიროგადამცემი ანუ ქიმიკატი.
ვირჯინიის სამედიცინო სკოლის ფსიქიატრიისა და ქცევითი მეცნიერებების დეპარტამენტის თანამშრომელი, დოქტორი დევიდ შპიგელი აცხადებს, რომ სასიყვარულო გრძნობებში ყველაზე დიდი ბიოქიმიური მოთამაშეა დოფამინი, ოქსიტოცინი და ვაზოპრესინი.
დოფამინი
დოფამინი, ქიმიკატი, რომელიც დაკავშირებულია სიამოვნებასთან და ეიფორიასთან, უზარმაზარ როლს თამაშობს ურთიერთობის დასაწყისში. დოფამინი არის ტვინის ჯილდოს სისტემის ნაწილი.
ტვინს ყოველთვის მეტი დოფამინი სჭირდება. სიყვარულის პროგრესირებასთან ერთად, დოფამინი ურთიერთქმედებს სხვა ნეიროტრანსმიტერებთან, რაც გიჩენთ სურვილს, დიდი დრო გაატაროთ განსაკუთრებულ ადამიანთან. ეს ხელს უწყობს იმას, რომ იგრძნოთ აღელვება და ეიფორია თქვენი პარტნიორის სიახლოვეს. სამწუხაროდ, დოფამინის გადაჭარბებულმა რაოდენობამ შეიძლება გამოიწვიოს ის, რომ უგულებელყოთ მნიშვნელოვანი ინფორმაცია ტვინის სხვა მნიშვნელოვანი სტრუქტურებიდან: სოციალური ურთიერთქმედების ქსელიდან.
ეს ქსელი გეხმარებათ შეგიყვარდეთ და გაიგოთ სოციალური ურთიერთქმედება. გეხმარებათ ამოიცნოთ სხვა ადამიანების ემოციები და გრძნობები, გაჩვენოთ, არის თუ არა სხვა ადამიანი თქვენით ისევე დაინტერესებული, როგორც თქვენ მისით.
თუმცა, როდესაც თქვენ გაქვთ  დოფამინის ჭარბი რაოდენობა, ამ მნიშვნელოვან ინფორმაციას ვერ ღებულობთ. ამან კი შეიძლება გამოიწვიოს აკვიატებული ქცევა და ეჭვიანობა, რაც სიყვარულის უარყოფითი მხარეებია.
ოქსიტოცინი და ვაზოპრესინი
ოქსიტოცინი, რომელსაც სიყვარულის ან ჩახუტების ჰორმონს უწოდებენ, წყვილის მიჯაჭვულობის გრძნობის ჩამოყალიბებას უწყობს ხელს. ამასთან, ოქსიტოცინი ხელს უწყობს გრძელვადიანი სიყვარულის მხარდაჭერას პარტნიორის მიმართ თქვენი რეაქციის შეცვლით. ტვინის ნაწილები, მათ შორის ინსულა (რომელიც გეხმარებათ საკუთარი თავის აღქმაში) და წინა ცინგულარული ქერქი (რომელიც აკონტროლებს მოტივირებულ ქცევებს) განსხვავებულად რეაგირებენ საყვარელ ადამიანსა და სხვა ადამიანებზე.
„ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც ურთიერთობა მუშაობს, არის ის, რომ თუ თქვენ გაქვთ კონფლიქტი საყვარელ ადამიანთან, შეცვლით თქვენს სტრატეგიებს კონფლიქტების მოსაგვარებლად. თქვენ საყვარელ ადამიანთან პრობლემების გადაჭრას ისე შეეცდებით, რომ ურთიერთობები შეინარჩუნოთ,“- აცხადებს დოქტორი დევიდ შპიგელი.
ვაზოპრესინი ასრულებს ოქსიტოცინის მსგავს როლს. ის ხელს უწყობს კავშირების დამყარებას და ხელს უწყობს გრძელვადიან, მონოგამიურ სიყვარულს. ის გეხმარებათ უპირატესობა მიანიჭოთ თქვენს პარტნიორს.
ამ სამი ჰორმონის გარეშე ადამიანებში რომანტიული ურთიერთობები შეუძლებელია. გჭირდებათ დოფამინი, რომ ისიამოვნოთ პარტნიორთან ყოფნით, ვაზოპრესინი, რომელიც მოგცემთ მოტივაციას მოძებნოთ კონკრეტული პარტნიორი და ოქსიტოცინი, რომ თქვენი ურთიერთობა გრძელვადიან პერსპექტივაში შეინარჩუნოთ.

მასალა მოამზადა : თამარ ტაბატაძემ 

წყარო : thehealthjournals.com

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა“

სრულად ნახვა
კვლევები

კვლევა – მოდიფიცირებული მედიკამენტი კიბოს უჯრედებს ჯანსაღი ქსოვილის დაზიანების გარეშე კლავს

კიბოს მკურნალობის დროს მედიკამენტები ხშირად თავს ესხმიან როგორც სიმსივნურ, ასევე ჯანმრთელ უჯრედებს, რაც იწვევს უამრავ გვერდით ეფექტს.
იგივე ხდება იმუნოთერაპიის დროს, რომელიც ეხმარება იმუნურ სისტემას კიბოს უჯრედების ამოცნობასა და მასზე თავდასხმაში,. მიუხედავად იმისა, რომ ამ თერაპიებმა უამრავ პაციენტს გაუხანგრძლივეს სიცოცხლე, ისინი მხოლოდ პაციენტების გარკვეულ ჯგუფზე მუშაობენ. ერთ-ერთმა კვლევამ აჩვენა, რომ ძუძუს კიბოს მქონე პაციენტების 30 პროცენტზე ნაკლები პასუხობს იმუნოთერაპიის ერთ-ერთ ყველაზე გავრცელებულ ფორმას.
მაგრამ რა მოხდება, თუ მედიკამენტები ისე დამუშავდება, რომ მხოლოდ სიმსივნურ უჯრედებს დაესხმება თავს და სხეულის დანარჩენი ნაწილს არა?
ამ მიზნით, ჩიკაგოს უნივერსიტეტის პრიცკერის მოლეკულური ინჟინერიის სკოლის მკვლევარებმა შეიმუშავეს მეთოდი, რომელიც ხელს უშლის კიბოს ერთ-ერთ პერსპექტიულ მედიკამენტს, დააზიანოს ჯანმრთელი უჯრედები და ამას სიმსივნემდე მიღწევამდე მისი „შენიღბვით“ ახორციელებენ.
IL-12-ის პერსპექტივა
ციტოკინები არის ცილები, რომლებსაც შეუძლიათ იმუნური სისტემის საფრთხეებზე რეაგირების მოდულირება. ამის გაკეთების ერთ-ერთი გზა არის მკვლელი T უჯრედების გააქტიურება, სისხლის თეთრი უჯრედების ტიპი, რომელსაც შეუძლია შეტევა კიბოს უჯრედებზე. იმის გამო, რომ ციტოკინებს შეუძლიათ იმუნური სისტემის მომზადება სიმსივნეების მოსაკლავად, ეს მათ ძალიან პერსპექტიულს ხდის კიბოს სამკურნალოდ.
ერთ-ერთი ასეთი ციტოკინია ინტერლეიკინ-12, იგივე IL-12. მიუხედავად იმისა, რომ  30 წელზე მეტი ხნის წინ აღმოაჩინეს, IL-12 ჯერ კიდევ არ არის საკვებისა და მედიკამენტების სააგენტოს მიერ დამტკიცებული თერაპია კიბოს დიაგნოზის მქონე პაციენტებისთვის, მისი მძიმე გვერდითი ეფექტების, მათ შორის ღვიძლის დაზიანების, გამო.
ეს ნაწილობრივ იმიტომ ხდება, რომ IL-12 „ავალებს“ იმუნურ უჯრედებს გამოიმუშაონ დიდი რაოდენობით ანთებითი მოლეკულები, რომლებსაც შეუძლიათ სხეულის დაზიანება.
მას შემდეგ მეცნიერები მუშაობენ IL-12-ის მოდერნიზებაზე, რათა უფრო ტოლერანტული იყოს და ამავდროულად, შეინარჩუნოს კიბოს მკვლელი ძლიერი ეფექტი.
მკვლელის „შენიღბვა“
იმის გამო, რომ კიბოს უჯრედები ძალიან სწრაფად მრავლდებიან, ისინი ჭარბად გამოიმუშავებენ გარკვეულ ფერმენტებს, რაც მათ ეხმარება შეიჭრან ახლომდებარე ჯანსაღ ქსოვილში და მეტასტაზირება მოახდინოს სხეულის სხვა ნაწილებში. ჯანსაღი უჯრედები გაცილებით ნელი ტემპით იზრდებიან და ამ ფერმენტების ნაკლებ რაოდენობას გამოიმუშავებენ. ამის გათვალისწინებით, მკვლევარებმა IL-12-ი ხუფით „შენიღბეს“, რომელიც ფარავს მოლეკულის იმ ნაწილს, რომელიც ჩვეულებრივ უკავშირდებიან იმუნურ უჯრედებს მათ გასააქტიურებლად.
ხუფი შორდება მხოლოდ სიმსივნის სიახლოვეს არსებულ ფერმენტებთან შეხებისას, როდესაც ეს ფერმენტები ხუფს აცლიან, IL-12 ხელახლა აქტიურდება და ააქტიურებს ახლომდებარე მკვლელ T უჯრედებს სიმსივნეზე თავდასხმისთვის.
როდესაც მეცნიერებმა ეს „შენიღბული“ IL-12 მოლეკულები მელანომისა და ძუძუს კიბოს პაციენტებისგან დონაციის სახით მიღებულ როგორც ჯანსაღ, ისე სიმსივნური ქსოვილზე გამოიყენეს, შედეგებმა დაადასტურა, რომ მხოლოდ სიმსივნის ნიმუშებმა შეძლეს ხუფის მოშორება.
ეს მიუთითებს, რომ „შენიღბულ“ IL-12-ს შეუძლია პოტენციურად გამოიწვიოს ძლიერი იმუნური პასუხი სიმსივნის წინააღმდეგ ჯანსაღი ორგანოების დაზიანების გარეშე.
მეცნიერებმა „შენიღბული“ IL-12 თაგვებში უკვე გამოიყენეს და დაადგინეს, რომ IL-12-თან ასოცირებული იმუნიტეტთან დაკავშირებული გვერდითი მოვლენები არ დაფიქსირდა.
მეცნიერები აცხადებენ, რომ შემდეგო ნაბიჯი მოდიფიცირებული IL-12-ის კიბოთი დაავადებული პაციენტებში გამოცდაა.

მასალა მოამზადა : თამარ ტაბატაძემ 

წყარო : sciencealert.com

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა“

სრულად ნახვა
კვლევები

კვლევა: გარემოს დაბინძურება ყოველწლიურად 9 მილიონი ადამიანის გარდაცვალების მიზეზი ხდება

ყოველწლიურად ჰაერის დაბინძურებას დაახლოებით 9 მილიონი ადამიანის სიცოცხლე ეწირება. ამის შესახებ Deutsche Welle ჟურნალში The Lancet Planetary Health გამოქვეყნებულ კვლევაზე დაფუძნებით წერს, რომლის თემაც გლობალური სიკვდილიანობაა.

გამოცემის ინფორმაციით, კვლევას ვაშინგტონის უნივერსიტეტის სპეციალისტები აწარმოებენ. მათ დაადგინეს, რომ გარემოს დაბინძურებას საშუალოდ 9 მილიონი ადამიანი 2015 წლიდან ეწირება. მეცნიერების მიერ გაანალიზებული ბოლო მონაცემები 2019 წელს მიეკუთვნება.

კვლევაში აღნიშნულია, რომ „დაბინძურება ადამიანისა და პლანეტის ჯანმრთელობისთვის ექზისტენციურ საფრთხეს წარმოადგენს და თანამედროვე საზოგადოებების მდგრადობას რისკს უქმნის“. მეცნიერები აღნიშნავენ, რომ დაბინძურებას ადამიანის ჯანმრთელობაზე მეტი გავლენა აქვს, ვიდრე ომებს, ტერორიზმს, მალარიას, აივს, ტუბერკულოზს, ნარკოტიკებსა და ალკოჰოლს.

„ქვაბში ვსხედვართ და ნელ-ნელა ვიხარშებით. გარემოს დაბინძურებას საკმარის ყურადღებას არ ვაქცევთ“, – განაცხადა კვლევის თანაავტორმა რიჩარდ ფულერმა.

ბოლო მონაცემებით, დაბინძურება დაახლოებით იმდენივე ადამიანს კლავს, რამდენსაც მოწევა. შედარებისთვის, კორონავირუსის პანდემიის დაწყებიდან, კოვიდ-19-ს 6 მილიონზე მეტი ადამიანი შეეწირა.

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა“

სრულად ნახვა
კვლევები

წონაში კლების ექსპერიმენტულმა პრეპარატმა ცდებში რეკორდული შედეგები აჩვენა

ექსპერიმენტულმა პრეპარატმა, რომლის ეფექტებს ჭარბწონიან ადამიანებზე კლინიკურად სწავლობდნენ, მონაწილეებში წონის რეკორდული კლება აჩვენა.

Tirzepatide ამერიკულმა ფარმაცევტულმა კომპანია Eli Lilly and Company (Lilly)-მ შექმნა და წარმოადგენს ყოველკვირეულ ინექციას, რომელიც წონის კლებას ხელს უწყობს ბუნებრივი ჰორმონების, სახელად ინკრეტინების ეფექტების მიბაძვის მეშვეობით. ეს ჰორმონები ჭამის შემდეგ სისხლში შაქრის დონეს ამცირებს და არეგულირებს მონელებასთან დაკავშირებულ მეტაბოლურ პროცესებს.

პრეპარატი Tirzepatide, რომელიც ჯერ ბაზარზე ხელმისაწვდომი არ არის, რადგან კლინიკური კვლევების შემდეგ ეტაპს ელოდება, წარმოადგენს ორი კონკრეტული ინკრეტინის, GLP-1-ის (გლუკაგონის მსგავსი პეპტიდი-1) და GIP-ის (გლუკოზაზე დამოკიდებული ინსულინოტროპული პოლიპეპტიდი) სინთეტიკურ კომბინაციას.

პირველი ჰორმონი, GLP-1, წარმოადგენს დიაბეტის საწინააღმდეგო პრეპარატ სემაგლუტიდის საფუძველს, რომელიც აშშ-ში 2021 წელს დაამტკიცეს წონაში კლების პრეპარატად. ის წონაში კლების პირველი მედიკამენტია ბოლო რამდენიმე წელიწადში, რომელიც FDA-მ დაამტკიცა.

დამტკიცების გადაწყვეტილება დაეფუძნა კლინიკური ცდების შედეგებს, რომელსაც წონის კლებაში „თამაშის წესების შემცვლელი“ უწოდეს. თუმცა, როგორც ჩანს, ჰორმონ GIP-ისა და GLP-1-ის დამატების წყალობით, Tirzepatide-ს ფორმულა კიდევ ერთხელ შეცვლის თამაშის წესებს.

კლინიკური ცდების მესამე ფაზაში Tirzepatide-ის ეფექტებს 2539 მონაწილეზე იკვლევდნენ, რომლებიც ან მსუქნები იყვნენ, ან ჭარბწონიანები. 72 კვირის განმავლობაში, მონაწილეთა ნაწილს Tirzepatide-ს აძლევდნენ, ნაწილს კი პლაცებოს, ამავე დროს, მათ რაციონში შემცირებული იყო კალორიები და გაზრდილი იყო ფიზიკური აქტივობა. პრეპარატი სამი სხვადასხვა დოზით შეჰყავდათ (5, 10 ან 15 მილიგრამი კვირაში ერთხელ), მაგრამ კვლევის მსვლელობისას, სამივე ამ ჯგუფში დაფიქსირდა წონაში კლების მნიშვნელოვანი დონე. ყველაზე მაღალი დოზის (15 მილიგრამი) ჯგუფში მონაწილეთა სხეულის წონა საშუალოდ 22,5%-ით (24 კგ) შემცირდა, 10 მგ დოზის ჯგუფში 21,4%-ით (22 კგ), 5 მგ ჯგუფში კი 16%-ით (16 კგ).

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა“

სრულად ნახვა
კვლევები

ახალგაზრდებისგან ტვინის სითხის ინექციის შედეგად მოხუცი თაგვები “გაახალგაზრდავდნენ”

თაგვებზე ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ მეხსიერების პრობლემები, რომლებიც ხშირია ხანდაზმულებში, შეიძლება აღმოიფხვრას და ამისთვის საკმარისია ახალგაზრდების მცირეოდენი ცერებროსპინალური სითხის ინექცია.
„ვიცით, რომ ცერებროსპინალური სითხის შემადგენლობა ასაკთან ერთად იცვლება და, ფაქტობრივად, ეს ცვლილებები რეგულარულად გამოიყენება კლინიკაში ტვინის ჯანმრთელობისა და დაავადების ბიომარკერების შესაფასებლად, თუმცა, ჩვენ კარგად არ ვიცით, როგორ მოქმედებს ეს ცვლილებები დაბერების პროცესში მყოფი ტვინის უჯრედების ფუნქციაზე,“- განუცხადა ScienceAlert-ს სტენფორდის უნივერსიტეტის ნევროლოგმა ტალ ირამმა.
გამოკვლევისთვის მკვლევარებმა, ირამის ხელმძღვანელობით, 18-22 თვის თაგვებს ახალგაზრდა თაგვის (10 კვირის ასაკის) ან ხელოვნური ცერებროსპინალური სითხე შეუყვანეს.
ამის შემდეგ მკვლევარებმა გამოსცადეს თაგვები და დაადგინეს, რომ ცხოველებს, რომლებსაც ახალგაზრდა თაგვებისგან ცერებროსპინალური სითხე შეუყვანეს, უკეთესი მეხსიერება ჰქონდათ.
აღსანიშნავია, რომ თაგვებში, ფიბრობლასტების ზრდის ფაქტორის, სახელწოდებით FGF17, შეყვანამ ისევე შეძლო ოლიგოდენდროციტების წინამორბედი უჯრედების გაძლიერება, როგორც ცერებროსპინალური სითხის ინექციამ.
ოლიგოდენდროციტები განსაკუთრებით სასარგებლოა, რადგან ისინი წარმოქმნიან მიელინს, მასალას, რომელიც ნეირონების ბოჭკოებს ფარავს და მათ იზოლირებას ახდენს. FGF17-ის შეყვანა დაეხმარა ხანდაზმულ თაგვებს მეხსიერების უნარის გაზრდაში.
მიუხედავად იმისა, რომ კვლევის ამ სფეროს ძალიან დიდი გზა აქვს გასავლელი მანამ, სანამ ასეთ შეხედულებებს ხანდაზმულ ადამიანებში მეხსიერების გასაზრდელად გამოიყენებენ, აღმოჩენები საინტერესოა და იმედია, მომავალი კვლევების საშუალებით აღნიშნული მიზნის მიღწევა ახალგაზრდების სხეულიდან აღებული სითხის ხანდაზმულებში ინექციის გარეშე მოხერხება.

წყარო : sciencealert.com
მასალა მოამზადა : თამარ ტაბატაძემ

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა“

სრულად ნახვა
1 36 37 38 39 40 98
Page 38 of 98