close

არქეოლოგია

არქეოლოგიაეს საინტერესოაკვლევებიმსოფლიო

გადაარჩენენ თუ არა მსოფლიოს უძველეს მუმიებს?

ჩრდილოეთ ჩილეში აღმოჩენილი მუმიები, რომლებიც, სულ ცოტა, 7000 წლით თარიღდებიან, შავი ლორწოთი იფარებიან და მეცნიერები პროცესის შეჩერებას ვერ ახერხებენ.

ადგილობრივმა ხელისუფლებამ, „იუნესკოს“ მიმართა, მუმიები მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლად გამოაცხადოს. ისინი იმედოვნებენ, რომ საერთაშორისო საზოგადოების გაზრდილი ყურადღება მათ გამოსავლის მოძებნაში დაეხმარებათ.

მეცნიერები ფიქრობენ, რომ ლორწო მუმიფიცირებულ კანში გაჩენილი ბაქტერიაა.

დაახლოებით 300 ადამიანის მუმია ჩილეში 90-იან წლებში აღმოაჩინეს. ისინი დაახლოებით ჩვ. წ. აღ.-მდე 5050 წლით თარიღდებიან და მსოფლიოში დღემდე აღმოჩენილ მუმიებს შორის უძველესები არიან. 

მუმიები დამზადებულია ადამიანებისგან, რომლებიც მონადირე-შემგროვებელთა ჯგუფს მიეკუთვნებოდნენ და რომლებიც ჩინჩოროს ხალხის სახელით არიან ცნობილი. განსხვავებით ეგვიპტელებისგან, რომლებიც მხოლოდ ფარაონების მუმიფიცირებას ახდენდნენ, ჩინჩოროები ინახავდნენ ყველას მუმიას, განურჩევლად ასაკისა, რაც მიუთითებს იმაზე, რომ ისინი ეგალიტარულ საზოგადოებას წარმოადგენდნენ.

მუმიების საიდუმლო იმაში მდგომარეობს, რომ ისინი ატაკამას უდაბნოში მშრალი ქვიშის ქვეშ იყვნენ შენახული ათასობით წლის განმავლობაში.

2015 წლიდან მუმიებმა დაშლა დაიწყეს. ბიოლოგები აცხადებენ, რომ მიზეზი მათთვის ამ დრომდე უცნობია.

მეცნიერები ძალისხმევას არ იშურებენ, რომ გადაარჩინონ იმ ადამიანის ნეშთები, რომლებიც ანტიკურ ეგვიპტელებამდე 2 ათასწლეულით ადრე ცხოვრობდნენ.

წყარო: http://www.sciencealert.com/

მასალა მოამზადა: თამარ ტაბატაძემ

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

 

სრულად ნახვა
არქეოლოგიასაქართველოსოფლის მეურნეობა

ქართული ღვინო გინესის რეკორდების წიგნში შევიდა

ქართული ღვინო გინესის რეკორდების წიგნში შევიდა, ეს მას შემდეგ, რაც საქართველოში ჩვენს წელთაღრიცხვამდე 6 000-5 800 წლით დათარიღებული ჭურჭელი აღმოაჩინეს, სადაც ღვინის ქიმიური შემადგენლობა დადასტურდა.

გინესის მსოფლიო რეკორდების ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაში წერია, რომ საქართველოში არქეოლოგიური გათხრების შედეგად აღმოჩენილი უძველესი ქვევრიც ამ ფაქტს მოწმობს.

მეცნიერები მიიჩნევენ, რომ  საქართველოში აღმოჩენილი, 8000 წლის წინანდელი თიხის ჭურჭელი ღვინის დამზადების უძველესი ტრადიციის მაჩვენებელია. აღნიშნული ჭურჭელი ქვეყნის დედაქალაქის სამხრეთ ნაწილში, ორ უბანშია აღმოჩენილი და  ზოგიერთ მათგანზე გამოსახულია ყურძნის მტევნები და მოცეკვავე ადამიანები. ამ აღმოჩენამდე მეღვინეობის უძველესი ტრადიციის მტკიცებულებად  მეცნიერები, როგორც წესი, ირანის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში ნაპოვნ თიხის ჭურჭელს მიიჩნევდნენ.

არქეოლოგიური აღმოჩენის ავტორი პენსილვანიის ანთროპოლოგიისა და არქეოლოგიის უნივერსიტეტის პროფესორი პატრიკ მაკგოვერნია. საქართველოს ღვინისა და ყურძნის შემსწავლელ კვლევაში საქართველო, საფრანგეთი, იტალია, ისრაელი, კანადა, დანია და ამერიკის შეერთებული შტატები მონაწილეობდნენ.

 

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

 

სრულად ნახვა
არქეოლოგიამსოფლიო

ვანის ტბაში უძველესი ნანგრევები აღმოაჩინეს?

ვანის ტბაში უძველესი ნანგრევები აღმოაჩინეს, რომელიც, მეცნიერების ვარაუდით, სამი ათასი წლით თარიღდება. ნანგრევებს  ვანის ტბაში 10 მეტრის სიღრმეზე მიაგნეს. 

ვანის ტბა თურქეთის აღმოსავლეთ ნაწილში მდებარეობს.

ამბავს თურქული მედია ავრცელებს და აქვე დასძენს ადგილობრივი ხელისუფლების კომენტარს, რომელიც  თურქეთის უძველესი მემკვიდრეობის შესწავლის მნიშვნელობაზე საუბრობს, რათა ქვეყნის ისტორიული კონტექსტი კიდევ უფრო გამოიკვეთოს. როგორც ისინი აღნიშნავენ, ამ აღმოჩენებმა და კიდევ სხვა ჯერ კიდევ უცნობმა ,,საიდუმლოებებმა” შესაძლოა ენთუზიასტი მყვინთავები და არქეოლოგები მოიზიდოს, რაც  დადებითად აისახება ქვეყნის ტურიზმზე.

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

 

სრულად ნახვა
არქეოლოგიაკვლევები

მეცნიერებმა ცუნამის უძველესი მსხვერპლი აღმოაჩინეს

 პაპუა-ახალ-გვინეაში 1929 წელს თავის ქალის ნაწილი აღმოაჩინეს. თავდაპირველად, ფიქრობდნენ, რომ ის ადამიანის გადაშენებულ სახეობას განეკუთვნებოდა. ახლა კი, მეცნიერები მიიჩნევენ, რომ ქალა იმ ადამიანს განეკუთვნება, რომელიც ცუნამის დღემდე ცნობილ მსხვერპლებს შორის უძველესია.

მკვლევარების განცხადებით, დანალექების ახალმა გამოკვლევებმა აჩვენა, რომ 6000 წლის  თავის ქალას ცუმანის კვალი ემჩნევა, რომელიც თავისი შემადგენლობით 1998 წლის დამანგრეველი ცუნამის ნაშთის მსგავსია და იმავე ტერიტორიაზე მოხდა.

თავის ქალა პაპუა-ახალი-გვინეის ჩრდილოეთ სანაპიროდან დაახლოებით 7 კილომეტრით დაშორებულ ქალაქ აიტაპის მახლობლად აღმოაჩინეს. ის კუნძულ ახალი გვინეის ერთერთი ყველაზე ადრეულ ადამიანს ეკუთვნის და მას თავდაპირველად 140,000 წლის წინ დაღუპული სახეობების Homo Erectus-ის წარმომადგენლად მიიჩნევდნენ. მოგვიანებით მეცნიერებმა ის 6000 წლით დაათარიღეს.

მეცნიერებმა იმ მდინარის კალაპოტში არსებული გეოლოგიური ნარჩენები გამოიკვლიეს, სადაც თავის ქალა იპოვნეს და ცუნამის უტყუარი კვალი აღმოაჩინეს. მათ მიერ ნალექებში აღმოჩენილი მიკრო ორგანიზმები 1998 წლის ცუნამის შემდეგ ნიადაგში აღმოჩენილი მიკროორგანიზმების მსგავსი იყო.

ცუნამი, გიგანტური ტალღები, როგორც წესი, წყალქვეშა მიწისძვრების ან ვულკანური ამოფრქვევის შედეგად წარმოიქმნება და განსაკუთრებით საშიში ბუნებრივი კატასტროფაა. 2004 წლის ინდოეთის ოკეანის ცუნამმა, რომელიც სუმატრაზე მომხდარმა მიწისძვრამ გამოიწვია, 230 000-ზე მეტი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა.

1998 წელს პაპუა-ახალ გვინეაზე მომხდარმა ცუნამმა კი 2 000-ზე მეტი ადამიანი იმსხვერპლა, წალეკა სოფლები, გაანადგურა მარცვლეული და უამრავი ადამიანი აიძულა, საცხოვრებელი ადგილი შეეცვალა. მეცნიერები ვარაუდობენ, რომ 6000 წლის წინ მომხდარი ცუნამიც მსგავსი იყო.

კვლევა სამეცნიერო ჟურნალ PLOS ONE-ში გამოქვეყნდა.

 

წყარო: Reuters

მასალა მოამზადა:  თამარ ტაბატაძემ

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა“

 

 

სრულად ნახვა
არქეოლოგიაკვლევებიმსოფლიორელიგია და მეცნიერება

არქეოლოგები ამტკიცებენ, რომ თურქეთში ,,სანტა კლაუსის” საფლავი აღმოაჩინეს

თურქი არქეოლოგები ფიქრობენ, რომ სანტა კლაუსის სამუდამო განსასვენებელს მიაკვლიეს.
წმინდა ნიკოლოზი იყო მე -4 საუკუნის ეპისკოპოსი, რომელმაც თანამედროვე სანტას მითის ინსპირირება მოახდინა. არქეოლოგები აცხადებენ, რომ მისი საფლავი სამხრეთ თურქეთის უძველესი ეკლესიის ქვეშ მდებარეობს.
სამთვიანი გამოძიების შემდეგ, თურქმა არქეოლოგებმა განაცხადეს, რომ ანტალიის პროვინციაში, ქალაქ დემრეში, იქ, სადაც წმინდა ნიკოლოზი ეპისკოპოსი გახდა, წმინდა ნიკოლოზის ეკლესიის ქვეშ, მათ აღმოაჩინეს დაუზიანებელი ტაძარი და საფლავი.
„ეკლესიის ქვეშ მდებარე ტაძარი კარგ მდგომარეობაშია. თუმცა იქ შესვლა რთულია, ვინაიდან იქ ბევრი ორნამენტიანი ქვაა, რომლებიც შესაძლოა შესვლისას ჩამოიშალოს,“ – განაცხადა ანტალიის კვლევისა და ძეგლების დირექტორმა – ქემილ კარაბაირამმა.
თუ არქეოლოგები მართლები არიან, ეს იმას ნიშნავს, რომ ისტორიული წიგნები გარკვეულ განახლებას საჭიროებენ.
ტრადიციულად ფიქრობდნენ, რომ წმინდა ნიკოლოზის ნაშთი იტალიაში 1087 წელს, გარდაცვალებიდან 700 წლის შემდეგ, ქალაქ ბარში იტალიელმა ვაჭრებმა ჩაიტანეს.
ამ ინტერპრეტაციის თანახმად, მეზღვაურებმა მოიპარეს მისი ძვლები, რათა ისინი სელჩუკების თავდასხმებისგან გადაერჩინათ. თუ ეს სიმართლეა, შესაძლოა, მოვაჭრეებმა ვერ მოახერხეს ყველა ძვლის დაბრუნება, ვინაიდან წმინდანის სხვა ნაწილები ვენეციასა და სხვადასხვა ადგილში განისვენებენ.
ზოგიერთი დოკუმენტის თანახმად, წმინდა ნიკოლოზი დაკრძალულია ხელუხლებელ საკანში. მკვლევარები აცხადებენ, რომ მათ ნეშტი CT სკანერისა და ჩამონტაჟებული რადარის საშუალებით აღმოაჩინეს.
ეკლესიის ქვის რამდენიმე მოზაიკა ზოგიერთ ნაწილს მოიწვდომელს ხდის, მაგრამ მკვლევარები იმედოვნებენ, რომ მომავალი გათხრები მათი აღმოჩენის ლეგიტიმურობას დაამტკიცებს.
,,ჩვენ ძალიან კარგი შედეგები მოვიპოვეთ, მაგრამ რეალური სამუშაოები ახლა დაიწყება. შესაძლოა, ძალიან მალე წმინდა ნიკოლოზის ხელუხლებელი სხეული აღმოვაჩინოთ”, – განაცხადა კარაბეირამმა.
თუმცა ჯერჯერობით გამოძიება მიმდინარეობს. არქეოლოგების პრეტენზიები კვლავ დაუსაბუთებელია და მის გარშემო უამრავი ეჭვი არსებობს.

 

წყარო: http://www.sciencealert.com/

მასალა მოამზადა:  თამარ ტაბატაძემ

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
არქეოლოგიაისტორიაკვლევებიკულტურა

არქეოლოგებმა არტემისის დაკარგული ტაძარი აღმოაჩინეს

არქეოლოგებმა ანტიკური ბერძნული ტაძარი აღმოაჩინეს. აღმოჩენამ წერტილი დაუსვა საიდუმლოს, რომელიც 100 წელზე მეტია ექსპერტების ყურადღებას იპყრობს.

ნადირობისა და მთვარის ქალღმერთის, არტემისის პატივსაცემად აგებული ტაძრის ნანგრევები ერეთრიადან დაახლოებით 10 კმ-ში აღმოაჩინეს. შენობა დაახლოებით ძვ. წელთაღრიცხვით მე-6-3 საუკუნით თარიღდება.

გარღვევა საბერძნეთში მდებარე შვეიცარიის არქეოლოგიური სკოლის (SASG) გუნდმა სპორტისა და კულტურის სამინისტროსთან თანამშრომლობით მოახდინა.

არქეოლოგები არტემისის ტაძარს ერეთრიას მახლობლად მე -19 საუკუნიდან უშედეგოდ ეძებდნენ. ისინი გეოგრაფ სტრაბონის ჩანაწერებს ეფუძნებოდნენ, რომელიც ერეთრიას დიდი ხნის დაკარგული ტაძრის ლოკაციად აღწერსმა, დენის კნოფლერმა განაცხადა, რომ სტრაბონმა არასწორად გამოთვალა ტაძრის სავარაუდო მდებარეობა და ის ერეთრიადან დაახლოებით 11 კმ-ში მდებარეობდა.

თუმცა აქამდე ვერავინ მოხერხა იმის მტკიცებულების პოვნა, რომ აღნიშნული ტერიტორია სწორედ ისაა, რასაც ამდენი წელია მეცნიერები ეძებენ.

 

 

წყარო: http://www.dailymail.co.uk

მასალა მოამზადა:  თამარ ტაბატაძემ

ახალგაზრდა ანალტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

 

 

სრულად ნახვა
არქეოლოგიაეს საინტერესოაისტორიაკვლევებიკულტურა

სამკაულის შექმნისა და განვითარების ისტორია

 სამკაულის ისტორიის საწყისები წარსულ ათასწლეულთა წიაღში იკარგება. სპილენძ-ბრინჯაოს ხანიდან მოყოლებული (ძვ. წ. IVII ათასწლეული), როცა ადამიანი ლითონს დაეუფლა, ლითონმა, განსაკუთრებით ოქრომ და ვერცხლმა, სამკაულის წარმოებაში უპირველესი ადგილი დაიმკვიდრა.

ამის ძირითადი მიზეზი იყო ამ კეთილშობილი ლითონების, ოქროსა და ვერცხლის, მიმზიდველი ფერი და ბზინვარება, მათი ქიმიური მდგრადობა. გარდა ამისა, ორივე ეს ლითონი, განსაკუთრებით კი ოქრო, არაჩვეულებრივად პლასტიკურია, რის გამოც, შეუცვლელი მასალაა სამკაულის წარმოებაში.

ოქრომჭედლობა, როგორც ხელოსნობის დარგი, წარმოშობიდანვე მნიშვნელოვანწილად სწორედ სამკაულთა წარმოებას ემსახურებოდა. ამდენად, ოქრომჭედლობის განვითარების ისტორია ძირითადად ემთხვევა სამკაულის ისტორიას. თუმცა ვერავინ იტყვის, როდის შეიმკო პირველად თავი ადამიანმა. პირველი სამკაული იყო ის, რასაც ბუნება პირველყოფილ ადამიანს მზამზარეულად სთავაზობდა; ყვავილებითა და მცენარეული რტოებით შემკობის წესი კაცობრიობას დღემდე გამოჰყვა. ბრინჯაოს ხანაში საბოლოოდ ჩამოყალიბდა სამკაულთა ძირითადი სახეობები – ბეჭედი, სამაჯური, გულსაკიდი, ყელსაბამი, საყურე და დიადემა (შუბლის შესამკობელი) და შეიქმნა კომპლექტი ანუ სამკაულის ნაკრები, რომელსაც დღემდე არ განუცდია არსებითი ცვლილება.

საუკუნეთა განმავლობაში იცვლებოდა სამკაულის მასალა, ფორმა და სტილი, მაგრამ უცვლელი რჩებოდა სამკაულის ძირითადი კომპლექტი. სამკაულს ოდითგან მხატვრულ-ესთეტიკური დანიშნულება ჰქონდა. მისი მიზანი ადამიანის შემკობა იყო. ამდენად, ქალის სილამაზის იდეალისა და ჭირვეული მოდის ცვალებადობის კვალდაკვალ სამკაულის ფორმა და ხასიათი საკმაოდ სწრაფად და ხშირად იცვლებოდა. სამკაულს იმთავითვე ჰქონდა ასევე ავგაროზის დანიშნულებაც. ფიქრობდნენ, რომ თუ ადამიანი სამკაულად ატარებდა ღვთაების ან მისი რაიმე ატრიბუტის სიმბოლურ გამოსახულებას, იგი ეზიარებოდა ამ ღვთაებას და მისი მფარველობის ქვეშ დაცული იქნებოდა ყოველივე ავისაგან. განსაკუთრებული ზებუნებრივი ზემოქმედების ძალა მიეწერებოდა სამკაულად გამოყენებულ ცხოველთა კბილებს, ზოგიერთ მინერალს და სხვ.

 შუა საუკუნეების ქრისტიანულ ქვეყნებში, სადაც ოქრომჭედლობა განსაკუთრებით განვითარდა, სამკაულთა შორის საპატიო ადგილი დაიკავა ჯვარმა, როგორც ქრისტეს სიმბოლომ. მაგრამ არც ათასწლეულების სიღრმიდან მომდინარე ძველ რწმენა- წარმოდგენებს დაუკარგავს მნიშვნელობა ამ ეპოქაში. პირიქით, სწორედ შუა საუკუნეებში, როდესაც გაიზარდა ინტერესი ალქიმიისა და ასტროლოგიის მიმართ, განსაკუთრებული მნიშვნელობა მიენიჭა ფერადი ქვების, მინერალების სიმბოლიკას, რასაც ზოდიაქოს ნიშნებიც დაუკავშირეს. ეს წარმოდგენები დღესაც ცოცხლობს. სამკაულს ძველ დროში ეთნიკური თუ სოციალური მდგომარეობის განმასხვავებელი ნიშნის, ანუ ინსიგნიის ფუნქციაც ჰქონდა. სამკაული, როგორც ინსიგნია, გაცილებით დიდი დატვირთვის მქონე და უფრო კონსერვატულიც იყო. ბეჭედი, სამაჯური, ყელსაბამი და საყურე გარკვეულ პერიოდში წარჩინებული მამაკაცის მორთულობის აუცილებელი ელემენტი გახდა. საქართველოს მიწის წიაღი მდიდარია მადნეული რესურსებით. საქართველოს ტერიტორიაზე ადრებრინჯაოს ხანის (ძვ. წ. III ათასწლეულის მეორე ნახევარი) ყორღანებში აღმოჩენილი მასალა გვიჩვენებს, რომ აქაური ოქრომჭედლები ფლობდნენ ლითონის მხატვრული დამუშავების უმთავრეს ხერხებს; გარდა ამისა, უძველესი სამკაულის შესწავლის საფუძველზე შეგვიძლია დავასკვნათ, რომ ოქროს სამკაულს ზედა ფენის წარმომადგენლები – როგორც კაცები, ისე ქალები – ატარებდნენ, მასობრივად კი – სპილენძისა და ბრინჯაოს სამკაული იყო გავრცელებული.

 

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

 

სრულად ნახვა
არქეოლოგიადედამიწასაქართველო

პირველი ევროპელები – ზეზვა, მზია და მათი შვილი

ადამიანის ნაშთები, რომელიც დაახლოებით 1.8 მილიონი წლისაა, დმანისშია აღმოჩენილი. ეს ევროპაში აღმოჩენილი ადამიანის უძველესი ნაშთებია.

2000 წელს ,,საიენსის” გამოცემის მიერ შედგენილი 10 საუკეთესო მეცნიერული მიღწევის სიაში დმანისის არქეოლოგიური აღმოჩენები სამეულში მოხვდა.

1991 წელს აქ უძველესი ჰუმანოიდის ყბა აღმოაჩინეს, რამაც სენსაცია გამოიწვია. 2000 წელს კი, უკვე თავის ქალებიც იპოვეს, რამაც დმანისს პირველი ევროპელის სამშობლოს სტატუსი მოუპოვა.

ჯამში, აქ დღემდე 5 თავის ქალაა აღმოჩენილი.

  ზოგადად კი, დმანისის არქეოლოგიური შესწავლა 1936 წლიდან დაიწყო. არქაულ ცხოველთა ძვლები  აქ პირველად პალეონტოლოგმა აბესალომ ვეკუამ ამოიცნო. 
1991 წელს დმანისი სენსაციური აღმოჩენის ადგილად იქცა, როცა აქ უძველესი ჰომინიდის ქვედა ყბა აღმოჩნდა.
მოგვიანებით, 2000 წელს, ცხრა წლის შემდეგ, როცა პირველ ყბას თავის ქალებიც მოჰყვა, დმანისი საბოლოოდ პირველი ევროპელის სამშობლოდ დამკვიდრდა სამეცნიერო წრეებში. დღეს აქ უკვე ხუთი თავის ქალაა აღმოჩენილი.

შემდეგ კი, ევროპელი მეცნიერების ინიციატივით, პირველი ევროპელების იმიჯი შეიქმნა – კარგად ნაცნობი ზეზვა და მზია.  შეიქმნა ზეზვასა და მზიას ისტორია და სხვადასხვა საინფორმაციო არხით გავრცელდა.

მოგვიანებით, დმანისის ახალი საველე მუზეუმი შეიქმნა. მის დახვეწილ და თანამედროვე დიზაინზე მსოფლიო მუზეუმებზე ორიენტირებულმა ცნობილმა ფრანგულმა არქიტექტურულმა სტუდიამ Studio milou-მ იმუშავა. მუზეუმი პირდაპირ არქეოლოგიური გათხრების უბანზეა განთავსებული. უცხოელ ტურისტებთან ერთად თქვენც შეგიძლიათ მოინახულოთ პირველი ევროპელის ადგილსამყოფელი და, შესაძლოა, ღია ცის ქვეშ ახალი აღმოჩენის უშუალო მონაწილეც გახდეთ.
ზეზვასა და მზიას 2001 წელს დმანისში აღმოჩენილი გოგონას ჩონჩხის უძველესი ნაშთები – დმანისელი ,,ტინეიჯერიც” შეუერთდა მოგვიანებით. ისიც, დაახლოებით, 1,8 მილიონი წლის წინანდელია.

 

 

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი  ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
არქეოლოგიაკვლევებიმედიცინა

ჩინეთში 5,000 წლის გოლიათების ნეშტები აღმოაჩინეს

ჩინეთში არქეოლოგებმა 5,000 წლის წინ დამარხული გოლიათი ადამიანების საფლავი აღმოაჩინეს.

სამხრეთ-ჩინეთში მდებარე შანდონგის პროვინციაში მიმდინარე არქელოგიური გათხრების დროს 1,9 და 1,8 მეტრი სიმაღლის მამაკაცების ნეშტები აღმოაჩინეს. ისინი თავიანთ ნეოლითელ თანამემამულეებთან შედარებით გოლიათები იყვნენ.

2015 წელს  18 წლის მამაკაცის საშუალო სიმაღლე 1.753 მეტრი იყო. ჩინეთის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო ,,Xinhua-ს” ინფორმაციით, 2015 წელს სიმაღლის საშუალო ეროვნული მაჩვენებელი 1.72 მეტრი იყო. ეს კი იმას ნიშნავს, რომ იმავე რეგიონის თანამედროვე ადამიანი, სადაც 5,000 წლის წინ დამარხული ადამიანები აღმოაჩინეს, გაცილებით დაბალია, ვიდრე ბევრი მისი უძველესი წინაპარი, მიუხედავად იმისა, რომ ჩინეთში თანამედროვე მამაკაცები კვების გაცილებით ჯანსაღ პროდუქტებს მოიხმარენ და ისეთ გარემოში ცხოვრობენ, სადაც ბევრად მეტი ვიცით კვების შესახებ.

მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ არ ვიცით, რა მიიჩნეოდა საშუალო სიმაღლედ  5,000 წლის წინ შანდონგის პროვინციაში, ცნობილია, რომ იმავე პერიოდში ევროპელის საშუალო სიმღლე 1.65 მეტრი იყო. ასე რომ, აღმოჩენილი გოლიათები თავიანთი დროისთვის უჩვეულოდ მაღლები იყვნენ.

მკვლევარები ფიქრობენ, რომ ამ უძველესი ადამიანების ასეთი მნიშვნელოვანი განსხვავება განპირობებულია იმით, რომ ლონგსჰანის კულტურის სახელით ცნობილი ხალხი უკეთ იკვებებოდა და შესაბამისად, უფრო ჯანსაღებიც იყვნენ.

,,ამ დროისთვის  სოფლის მეურნეობა განვითარებული იყო და ხალხს მრავალფეროვანი და მდიდარი საკვები რესურსები ჰქონდათ, რის შედეგადაც მათმა სხეულმა ცვლილება განიცადა“, – აცხადებენ მეცნიერები.

გოლიათების განსხვავებული აგებულების კიდევ ერთ მიზეზად მეცნიერები იმასაც ასახელებენ, რომ შესაძლოა ისინი უფრო მაღალი სტატუსის მქონე პიროვნებები ყოფილიყვნენ (სამარხები, სადაც ისინი აღმოაჩინეს, ჩვეულებრივზე გაცილებით დიდები იყვენენ) და მათ კარგ საკვებსა და კომფორტულ ცხოვრებაზე მიუწვდებოდათ ხელი.

აღნიშნულ მხარეში არქეოლოგიური გათხრები გრძელდება. არავინ იცის, თუ კიდევ რა საიდუმლოს აღმოაჩენენ შანდონგიში. ერთი რამ ცხადია, მეცნიერებს შესანიშნავი შანსი გაუჩნდათ, გამოიკვლიონ, რამ განაპირობა ამ გოლიათების ასეთი ფიზიკური განვითარება და ასევე სხვა არაერთი საკითხი.

 

წყარო: sciencealert.com

მასალა მოამზადა:  თამარ ტაბატაძემ

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
არქეოლოგიაკვლევებიმსოფლიოსოფლის მეურნეობა

არქეოლოგებმა 10,900 წლის კარტოფილი აღმოაჩინეს

არქეოლოგებმა აშშ-ის შტატ იუტაში კარტოფილის გრანულები აღმოაჩინეს, რომელიც ექსპერტების განცხადებით, შესაძლოა 10,900 წლის იყოს.

უფრო სწორად, ეს არის მცენარე Solanum jamesii-ის სახამებლის გრანულები, რომლისგანაც პატარა ველური კარტოფილი წარმოიქმნება. მათ შესაძლოა დიდი დახმარება გაუწიონ მეცნიერებს გვალვისა და დაავადების  მიმართ უფრო მდგრადი კარტოფილის წარმოებაში.

მეცნიერები ფიქრობენ, რომ აღმოჩენილი კარტოფილი შინაური კარტოფილის პირველი ნიმუშია,  რომელიც ისტორიკოსებს უძველესი წინაპრების კვების რაციონსა და საკვების მომზადების მეთოდების შესახებ აწვდის ინფორმაციას.

Solanum jamesii-ის კარტოფილი განსხვავდება  Solanum tuberosum-ის კარტოფილისგან, რომელსაც თანამედროვე ადამიანი სასურსათო მაღაზიაში ყიდულობს და საკვებად მოიხმარს და რომელიც პირველად სამხრეთ ამერიკის ანდებში 7,000 წლის წინ მოაშინაურეს.

მიუხედავად იმისა, რომ იშვიათია, S. Jamesii-ს კარტოფილი ჯერ კიდევ მოჰყავთ და ჭამენ იუტაში.  ვერავინ აცნობიერებს, თუ რამხელა ისტორია აქვს ამ პიკანტური გემოს ბოსტნეულს.

ამ ტიპის კარტოფილს რამდენიმე ამერიკული ტომი მოიხმარდა, მათ შორის, აპაჩები, ნავაჯო და ჰოპი. მას უაღრესად მაღალი კვებითი ღირებულება გააჩნია და S. Tuberosum-ზე მეტ ცილას, თუთიას, კალციუმსა და რკინას შეიცავს.

აღსანიშნავია, რომ იუტაში კარტოფილის თესლი იზოლირებულ ადგილებშია აღმოჩენილი, რაც იმაზე მეტყველებს, რომ ბოლქვები ამ ტერიტორიაზე გარეშე პირებმა მოიტანეს.

მკვლევარებს სურთ იმაში დარწმუნება, რომ S. jamesii-ის მცენარეს თაობების განმავლობაში შეუძლია სიცოცხლე. ისინი კარტოფილის დნმ-ის მოპივებას ცდილობენ, რათა გვალვებისა და დაავადებების მიმართ რეზისტენტულ გენებს მიაგნონ, რაც ხელს შეუწყობს თანამედროვე კარტოფილის კულტურების დივერსიფიცირებას.

 

წყარო: http://www.sciencealert.com

მასალა მოამზადა:  თამარ ტაბატაძემ

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
1 14 15 16 17 18
Page 16 of 18