close

ეს საინტერესოა

ბიოლოგიაეს საინტერესოაკვლევებიმედიცინასაქართველო

ექსპერიმენტალური ინსტიტუტი სოხუმში, რომლის ანალოგიც მსოფლიოში ერთადერთი იყო

საბჭოთა კავშირში აქტიურად ცდილობდნენ, ადამიანისთვის სიცოცხლის გახანგრძლივების ფორმულისათვის მიეგნოთ. როგორც ცნობილია, სისხლის გადასხმის გარდა (ახალგაზრდის სისხლი ხანდაზმულს), პოპულარული იყო ექსპერიმენტები მაიმუნებზეც. სწორედ ამიტომ – ცნობილი ქირურგის – სერგეი ვორონოვის თაოსნობით,  1927 წელს სოხუმის მაიმუნების საშენი დაარსდა. აქ, ექსპერიმენტების ჩატარების გზით, ადამიანის დაავადებები უნდა შეესწავლათ.

1927 წლის 24 აგვისტოს ხომალდმა „პესტელმა“ გვინეაში შეძენილი ანუბისი და შიმპანზე ბათუმიდან სოხუმში ჩაიყვანა. საშენის ბაზაზე, 1958 წელს შეიქმნა საერთაშორისო მნიშვნელობის ლაბორატორია, სადაც ონკოლოგიური დაავადების წინააღმდეგ ექსპერიმენტები ტარდებოდა. იმ დროს 100-მდე მაიმუნი ჰყოლიათ, რომლებსაც ჯერ დააავადებდნენ, შემდეგ საწინააღმდეგო აცრებს უკეთებდნენ.

საშენი რამდენიმე მიმართულებით იყო დატვირთული – აქ არსებობდა ექსპერიმენტალური თერაპიისა და პათოლოგიის ინსტიტუტი, სადაც ცდები არა მხოლოდ მაიმუნებზე, არამედ – ბოცვერებზე, ვირთხებზე, ზღვის გოჭებზე, კურდღლებზე, თაგვებზე მიდიოდა. აქ მოლეკელუურ, ბიოლოგიურ და გენეტიკურ დონეზე შეისწავლიდნენ ცოცხალ ორგანიზმებს, მათ პათოლოგიებსა და მათ გამომწვევ მიზეზებს. აქტუალური მიმართულებები იყო ვირუსოლოგია, რადიოლოგია.

უნდა ითქვას, რომ – როგორც ცნობილია, მსგავსი ტიპის კვლევითი ინსტიტუტი იმ დროისათვის მხოლოდ ამერიკაში – სან-ფრანცისკოში იყო და მეორე – საბჭოთა კავშირში – სოხუმში.

ერთ-ერთი ვერსიით, აქ პროექტიც კი მიმდინარეობდა –  ეგრეთ წოდებული, „ჩო 01“, რაც რუსული აბრევიატურაა და ნიშნავს ადამიანის მსგავს მაიმუნს.   როგორც ირკვევა, სტალინი დაჰყვა ბიოლოგ იაკობ კრასინსკის მიერ მოფიქრებულ და თეორიულად ჩამოყალიბებული იდეას, ეგრეთ წოდებული ძლიერი მუშა-მებრძოლის ტიპის შექმნის შესახებ. მარტივად რომ ვთქვათ, კრასინსკი  ადამიანისა და ადამიანის მსგავსი მაიმუნის ერთმანეთთან შეჯვარების საექსპერიმენტო სამუშაოებს ატარებდა, რათა ისეთი არსება ,,გამოეძერწათ”,  რომელიც დაუღალავად იშრომებდა მრავალი საათის განმავლობაში, უშიშრად შეებრძოლებოდა მტერს და, რაც მთავარია, უსიტყვოდ დაემორჩილებოდა ნებისმიერ ბრძანებას.

მაიმუნების „პიტომნიკში“  ამ პროექტმა მხოლოდ ერთ წელს იარსება, შემდეგ კი – კრასინსკი თაღლითობის გამო დახვრიტეს კიდეც.

შეიარაღებული კონფლიქტის დროს 1992-1993 წლებში მაიმუნების საშენი ნაწილობრივ განადგურდა. ცხოველების უმრავლესობა დაიღუპა. მოგვიანებით – საშენი აღადგინეს და ახლა იქ მეცნიერული კვლევითი ცენტრი მუშაობს.

გამოყენებული ლიტერატურა:

    1. თარხან-მოურავი, გიორგი. ,,ჯიხვთა, მაიმუნ-ადამიანი, ბურჟუაზიული ცრუმეცნიერებები და სხვა” (გვ.77),   წიგნში – ,,საბჭოთა ხანის სამეცნიერო ექსპერიმენტები”.
    2. ლაშაური, ნიკა. რატომ გაიხსნა მაიმუნების საშენი უშუალოდ ბერიას თაოსნობით სოხუმში. ჟურნალი ,,თბილისელები” #47.
    3. სოხუმის მაიმუნების საშენი – სასიკვდილოდ განწირული ცხოველები, www.livepress.ge (28.07.2018)

ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
ეს საინტერესოაკვლევებიმედიცინა

იწვევს თუ არა ცხელი სასმელი საყლაპავი მილის კიბოს?

ზოგიერთი კვლევის თანახმად, ცხელი ჩაის ან სხვა სასმელის სმა საყლაპავი მილის კიბოს რისკს ზრდის.

მაგალითად, შარშან გამოქვეყნდა ირანში ჩატარებული კვლევის შედეგები, რომელშიც 40-დან 75 წლამდე 50 000-ზე მეტი ადამიანი მონაწილეობდა. კვლევის თანახმად, დღეში 700 მილილიტრი ოდენობის ჩაის სმა, რომლის ტემპერატურა 60 გრადუსი ან უფრო მაღალია, კიბოს რისკს 90 %-ით ზრდის.

თუმცა, ზოგიერთი კვლევა ამტკიცებს, რომ საყლაპავი მილის კიბოს მხოლოდ ცხელი ჩაის სმა არ იწვევს და ეს დამოკიდებულია სხვა ფაქტორებზეც. კერძოდ, ჩინეთში ჩატარებული კვლევის შედეგად, რომელშიც 30-დან 79 წლამდე ასაკის 456 155 პირი მონაწილეობდა, მეცნიერებმა დაადგინეს, რომ ცხელი ჩაის სმა საყლაპავი მილის კიბოს რისკს იმ შემთხვევაში ზრდის,  თუ ცხელი ჩაის სმას თან ახლავს ალკოჰოლისა და თამბაქოს გადაჭარბებული მოხმარება.

რა არის საყლაპავის კიბო და რგორია მისი სიმპტომები?

საყლაპავის კიბო მაშინ ჩნდება, როდესაც საყლაპავში სიმსივნე იზრდება ან საყლაპავის გარსის უჯრედები იცვლება. არსებობს საყლაპავის მილის კიბოს ორი ძირითადი ტიპი : Ბრტყელუჯრედოვანი კარცინომა და ადენოკარცინომა.

ბრტყელუჯრედოვანი კარცინომა საყლაპავის ამომფენი უჯრედებისგან წარმოიშობა, ასე რომ, მისი განვითარება შესაძლებელია საყლაპავის მთელ სიგრძეზე, ნებისმიერ ადგილას. ადენოკარცინომა აღმოცენდება საყლაპავის ქვედა ნაწილში, კუჭის ახლოს, და ამ ორგანოს მჟავე შიგთავსის საყლაპავში მოხვედრასთანაა დაკავშირებული.

საყლაპავის სიმსივნე თავდაპირველად თითქმის შეუმჩნეველია. თანდათან თავს იჩენს ყლაპვის გაძნელება და ტკივილი ყლაპვის დროს, წონის კლება, ხველა, ხმის ტემბრის შეცვლა, გულძმარვა, უმადობა, სისხლდენა საყლაპავში.

იმის დასადგენად, თუ რატომ შეიძლება ცხელმა ჩაიმ ან სხვა სასმელმა კიბო გამოიწვიოს, მეტი კვლევის ჩატარებაა საჭირო. ერთ-ერთი თეორია არის ის, რომ, შესაძლოა, ცხელი სასმელი საყლაპავის ლორწოვან გარსს აზიანებს, რაც კიბოს გამომწვევ ნივთიერებებს, როგორიცაა ალკოჰოლი და სიგარეტის კვამლი, მასში შეღწევას უადვილებს.

წყარო : edition.cnn.com / healthline.com

მასალა მოამზადა : თამარ ტაბატაძემ 

ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
გეოგრაფიადედამიწაეს საინტერესოა

საინტერესო ფაქტები ანტარქტიდის შესახებ

დედამიწის ყველაზე ცივი, ყველაზე მაღალი, მშრალი, ქარიანი და ყინულოვანი კონტინენტი ანტარქტიდაა, სადაც მდებარეობს მსოფლიოში ყველაზე დიდი ყინულის უდაბნო და რომლის ცენტრიც თითქმის ემთხვევა სამხრეთ გეოგრაფიულ პოლუსს.

რამდენიმე საინტერესო ფაქტი ანტარქტიდის შესახებ, რომელიც შეიძლება არ ვიცოდეთ:

  • ასტეროიდის ჩამოვარდნისას და აფეთქებისას წარმოშობილმა მტვერმა წარმოქმნა მრავალსაუკუნიანი აცივება და მაშინდელი ეპოქის ფლორის და ფაუნის დიდი ნაწილის გადაშენება. ეს კრატერი დღეისათვის დედამიწაზე ყველაზე დიდად ითვლება;
  • იცოდით, რომ ანტარქტიდის მთელი ყინულის საფარის გადნობის შემთხვევაში მისი ფართობი შემცირდება მესამედით: დასავლეთი ანტარქტიდა გადაიქცევა არქიპელაგად, ხოლო აღმოსავლეთი ანტარქტიდა დარჩება მატერიკად? სხვა მონაცემებით, მთელი ანტარქტიდა გადაიქცევა არქიპელაგად;
  • ყინულის სიმძიმის გამო, როგორც ამას გეოფიზიკოსების გამოკვლევები აჩვენებს, კონტინენტმა ჩაიწია საშუალოდ 0,5 კმ-ით;
  • მაკ-მერდოს მშრალი ხეობები იმდენად ახლოსაა მარსის ბუნებრივ პირობებთან, რომ NASA მარსზე დასაშვებ კოსმოსურ აპარატებს-,,ვიკინგებს” აქ ცდის
  • 1979 წლის იანვარში ემილ მარკო პალმა გახდა პირველი ბავშვი, რომელიც ანტაქტიდის კონტინენტზე დაიბადა. არგენტინის მთავრობამ ემილიოს დედა გაგზავნა ანტარქტიდაზე, როდესაც ის 7 თვის ორსული იყო. მათ ეს გააკეთეს იმ იმედით, რომ ანტარქტიდის მიწას მიიღებდნენ, როგორც მათ საკუთრებას. მან 1978 წლის 7 იანვარს ჯანმრთელი ბიჭი გააჩინა, სახელად ემილიო პალმა. ორსულობის წარმატების მიუხედავად, არგენტინის პრეტენზიები საერთაშორისო საზოგადოების მიერ კვლავ სადავოა;
  • ანტარქტიდის ზოგიერთ ცხოველს სისხლში ანტიფრიზი აქვს, რაც მათ გაყინვისგან იცავს;
  • გაერთიანებულმა სამეფომ პირველმა წამოაყენა პრეტენზია ანტარქტიდის ტერიტორიის თაობაზე;
  • ანტარქტიდის ხელშეკრულების მიხედვით ტერიტორიაზე აკრძალულია სამი რამ: სამხედრო ძალა, სამთო მოპოვება და ბირთვული აფეთქება;
  • არ არის გამორიცხული, რომ ანტარქტიდაზე ბევრი ნავთობის მარაგია, ასევე სწორედ ის შეიცავს მტკნარი წყლის 70%-ს, სწორედ ამიტომ შეიძლება ანტარქტიდის ხელშეკრულების მეორე პუნტთან დაკავშირებით ეჭვები გაჩნდეს, რადგან საუბარი ორ მნიშვნელოვან რესურსზეა;

წყარო: Live science  Wrld Atlas ,  გეოგრაფიის წიგნი(ბლიაძე/კერესელიძე

ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
ეს საინტერესოაკვლევებიმედიცინა

რატომ ემართებათ ბავშვებს ლეიკემია — 30-წლიანი კვლევის შედეგები

მელ გრივსის მიზანია შექმნას იოგურტის მსგავსი სასმელი, რომლის დალევის შემდეგაც ბავშვებს ლეიკემია აღარ დაემართებათ.

ეს იდეა შეიძლება უცნაურად ჟღერდეს, რადგან სიმსივნის დამარცხება, როგორც წესი, ბევრად უფრო რთულია ხოლმე. თუმცა, პროფესორ გრივსს სჯერა, რომ ეს მეთოდი ნამდვილად იმუშავებს. მისი სამუშაო გამოცდილების გათვალისწინებით კი, კიბოს მკვლევარები მის იდეებს სერიოზულად უდგებიან.

ლონდონში კიბოს კვლევის ინსტიტუტში გრივსი ბავშვებში ლეიკემიას უკვე 30 წელია სწავლობს. ახალ წელს კი ის საკუთარი კვლევებისთვის რაინდული წოდებით დაჯილდოვდა.

“30 წლის განმავლობაში გამალებით ვმუშაობდი, რომ დამედგინა, თუ რატომ ჩნდება ლეიკემია ბავშვებში. ახლა კი, პირველად, ჩვენ ამ კითხვაზე პასუხი მივიღეთ, რისი საშუალებითაც მის თავიდან აცილებას შევძლებთ”, – აცხადებს გრივსი.

1950-იან წლებში მწვავე ლიმფობლასტური ლეიკემია სასიკვდილო განაჩენი იყო. დღეს კი, შემთხვევების 90% განკურნებით სრულდება, თუმცა მკურნალობა ორაგნიზმისთვის საზიანოა და ის გრძელვადიან გვერდით ეფექტებს იწვევს. ბოლო რამდნეიმე ათწლეულია მეცნიერებმა შეამჩნიეს, რომ დაავადების სიხშირე ევროპასა და დიდ ბრიტანეთში იზრდება – ყოველწლიურად დაახლოებით ერთი პროცენტით.

პროფესორი მელ გრივსი, რომელიც ლეიკემიაზე ჩატარებული კვლევისთვის რაინდის წოდებით დაჯილდოვდა
პროფესორი მელ გრივსი, რომელიც ლეიკემიაზე ჩატარებული კვლევისთვის რაინდის წოდებით დაჯილდოვდაფოტო: John Angerson

“ლეიკემიის შემთხვევები განვითარებულ ქვეყნებში ხშირდება, განვითარებადში კი არა”, – აცხადებს ის.

მწვავე ლიმფობლასტური ლეიკემია რამდენიმე თანმიმდევრული პროცესის შედეგად ვითარდება. ეს პროცესი თავდაპირველად გენეტიკური მუტაციით იწყება, რომელიც 20-დან ერთ ბავშვში გვხვდება.

“მუტაცია საშვილოსნოში ხდება. ეს მუტაცია შთამომავლობით არ გადაეცემა, მაგრამ ის ლეიკემიის განვითარების რისკს ზრდის”, – აცხადებს გრივსი.

ლეიკემიის ჩამოსაყალიბებლად კიდევ ერთი ბიოლოგიური პროცესი უნდა წარიმართოს, რომელშიც იმუნური სისტემაა ჩართული. იმისთვის, რომ იმუნურმა სისტემამ წარმატებით იმუშაოს, საჭიროა, რომ ადრეულ ასაკში მას ინფექციებთან ჰქონდეს შეხება. თუ იმუნურ სისტემას ცხოვრების ადრეულ ეტაპზე პათოგენებთან შეხება არ ექნება, მისი ოპტიმალურად ჩამოყალიბება ვერ ხდება, რაც საბოლოოდ პრობლემებს იწვევს.

ეს პრობლემა უფრო და უფრო აქტუალური ხდება, რადგან მშობლები ბავშვებს ისეთ გარემოში ზრდიან, სადაც ანტისეპტიკური ხელსახოცები, ანტიბაქტერიული საპნები და სადეზინფექციო საშუალებები ყოველდღიური ნორმაა. მიწასა და მტვერს კი მხოლოდ და მხოლოდ უარყოფითი სახელი აქვს.

ამასთან ერთად, იკლებს ძუძუთი კვებაც, ხოლო ბავშვებს თანატოლებთან შეხება საკმარისად ხშირად აღარ აქვთ. ეს ყველაფერი ბავშვების პათოგენებთან კონტაქტს ამცირებს. ამას დადებითი გავლენა აქვს, თუმცა არსებობს გვერდითი ეფექტებიც. რადგან პატარა ბავშვებს ინფექციებსა და პათოგენებთან შეხება არ აქვთ, მათი იმუნური სისტემა სწორად ვერ ვითარდება.

“როდესაც ასეთი ბავშვი საბოლოოდ რაიმე ინფექციას აწყდება, მისი მოუმწიფებელი იმუნური სისტემა საფრთხეს ანომალურად პასუხობს, რაც ქრონიკული ანთებით ხასიათდება”, – აცხადებს გრივსი.

ქრონიკული ანთებითი პროცესების შედეგად სისხლი სპეციალური ქიმიური ნივთიერებები, ციტოკინები გამოიყოფა, რაც საბოლოოდ კიდევ ერთ მუტაციას იწვევს, რასაც ლეიკემიამდე მივყავართ.

“ლეიკემიის ჩამოსაყალიბებლად ორი მთავარი პუნქტი უნდა შესრულდეს, პირველი არის საშვილოსნოში მომხდარი მუტაცია, მეორე კი მოუმწიფებელი იმუნური სისტემის გადაჭარბებული პასუხი”, – აცხადებს მეცნიერი.

სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, მუტაციის მქონე ბავშვში ქრონიკული ანთება ვითარდება, რომელიც თანამედროვე სტერილური ცხოვრების სტილით არის გამოწვეული, ანთება კი ბავშვს ლეიკემიის მიმართ უფრო მოწყვლადს ხდის. ბავშვში მუცლადყოფნის დროს მომხდარი მუტაციის გამო კი საბოლოოდ სრულფასოვანი დაავადება ვითარდება.

ამის გააზრებით მეცნიერებს ეძლევათ შანსი, რომ ლეიკემია მანამდე შეაჩერონ, სანამ ის დაავადებად ჩამოყალიბდება.

“ჩვენ ჯერ არ ვიცით, როგორ ავირიდოთ თავიდან საშვილოსნოში მომხდარი მუტაცია, თუმცა ჩვენ შეგვიძლია მოვიფიქროთ გზები, რომლითაც იმუნური სისტემის გადაჭარბებულ პასუხს დავბლოკავთ”, – აცხადებს გრივსი.

ამისთვის გრივსმა და მისმა გუნდმა ადამიანის კუჭ-ნაწლავში არსებული ვირუსების, ბაქტერიებისა და მიკრობების შესწავლა დაიწყო. ეს ის ორგანიზმებია, რომლებიც საკვების მონელებაში გვეხმარებიან, გარდა ამისა, მათზე დაყრდნობით შეგვიძლია ვივარაუდოთ, თუ რა პათოგენებთან ჰქონდა შეხება ორგანიზმს საკუთარი სიცოცხლის განმავლობაში.

მაგალითად, განვითარებულ ქვეყნებში, განვითარებად ქვეყნებთან შედარებით, ადამიანების კუჭ-ნაწლავში ბაქტერიების ნაკლები მრავალფეროვნებაა. ამის მიზეზი ისაა, რომ გადამეტებულ სისუფთავეში ცხოვრების გამო, ბავშვობაში ასეთ ადამიანებს ბაქტერიებთან და პათოგენებთან საკმარისი შეხება არ ჰქონიათ.

“ჩვენ უნდა ვიპოვნოთ გზა, რომლითაც ასეთი ადამიანების მიკრობიომის გამდიდრებას შევძლებთ. ასევე უნდა გავარკვიოთ, თუ რომელი ბაქტერიაა იმუნური სისტემის სწორად ჩამოყალიბებისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი”- აცხადებს გრივსი.

ამჟამად გრივსი და მისი გუნდი ექსპერიმენტებს თაგვებზე ატარებს, რათა გაარკვიონ, თუ რომელი პათოგენები ახდენენ მათი იმუნური სისტემის ძლიერ სტიმულირებას.

“ჩვენი მიზანია ვიპოვნოთ ექვსი, ან ათი სხვადასხვა სახეობის მიკრობი, რომელიც ბავშვის მიკრობიომს ოპტიმალურად აღადგენს. პატარა ასაკის ბავშვები კი ამ მიკრობებს სპეციალური “კოქტეილის” სახით მიიღებენ. ეს კოქტეილი მარტო ლეიკემიისთვის არ იქნება შექმნილი. დასავლეთში დიაბეტისა და ალერგიების შემთხვევები მუდმივად იმატებს, ამის მიზეზად კი არასწორად განვითარებული იმუნური სისტემა და ზედმეტად “სუფთა” გარემო სახელდება. ასეთმა მიდგომამ შესაძლოა ბავშვები ლეიკემიის გარდა სხვა დაავადებებისგანაც დაიცვან”, – ამბობს მეცნიერი.

წყარო: The Guardian

წყარო : on.ge

სრულად ნახვა
დედამიწაეს საინტერესოა

რა უნდა იცოდეს მოყვარულმა მეთევზემ?

ქარი და სიცივე ხელს უწყობს თებზის ანკესზე წამოგებას.

 მღვრიე წყალი ხელს უშლის წამოგებას, გამჭირვალე – პირიქით. ვიწრო მდინარის გაფართოებულ ადგილებში ჯობია თევზაობა, ფართო მდინარისა კი -ვიწრო ადგილებში.

მდინარეში თევზაობისას ისარგებლეთ ანკესის წყალს გაყოლების ხერხით. ამ დროს სატყუარა წყალს იმდენად მიაქვს, რომ მეთევზეს შეუძლია ლარის გამოქაჩვა. ტივტივა ისე უნდა დააყენოთ, რომ სატყუარა ოდნავ ეხებოდეს ფსკერს. ნემსკავზე ჭიაყელა წამოაგეთ კუდით.

თევზის მოზიდვის მიზნით, დაჭრილი ჭიაყელა აურიეთ თიხაში და 1-2 ბურთულა გადააგდეთ წყალში, წყალი მათ დაშლის და საკვები თევზს შეუმჩნეველი არ დარჩება.

ქაშაყი ეტანება წვრილად დაჭრილ ხახვთან არეულ ცომის სატყუარას.

კობრის დასაჭერად საუკეთესოა კაპტონი.

წყალში თქაფუნი და წრეები გვამცნობს თევზის თავმოყრის ადგილს.

გახსოვდეთ!- თევზი გაურბის თამბაქოს სუნს, რომელიც სატყუარას გაკეთებისას თითებით გადაეცემა ანკესს.

კალმახს ზუთხის ქვირითი ,,მოსწონს’’. ნემსკავზე აგებენ 2-3 ცალ მარცვალს და აგდებენ წყალში. ელვასავით სწრაფი კალმახი ,,ასწრებს’’ ჩქარ მდინარეში ჩაგდებულ სატყუარას.

ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
დედამიწაეს საინტერესოავიდეოკატეგორიის გარეშეკულტურასოფლის მეურნეობა

ლი ზიქი – გოგონა ზღაპრიდან, რომლის ვიდეოებსაც მილიონობით ნახვა აქვს

ოდესმე გიფიქრიათ, რომ ზღაპრები შეიძლება რეალობა იყოს? გიფიქრიათ, რომ წარმოსახულის სინამდვილედ ქცევაა შესაძლებელი, რომ თუ მოინდომებ, დროსა და სივრცეშიც კი იმოგზაურებ.

მოიმზადეთ ფინჯანი ყავა, მოკალათდით კომფორტულად და მოემზადეთ განტვირთვისთვის, რომელსაც ქვემოთ მოთხრობილი, ერთი შეხედვით, არამიწიერი გოგონას ამბავი გპირდებათ.

ერთ ჩინელ გოგოზე უნდა გიამბოთ, რომლის ცხოვრებაც ბევრი წლის განმავლობაში საკუთარი თავის ძიება იყო. ახლა მან იცის, რა აბედნიერებს და სხვებსაც გადასდებს პოზიტიურ ვიბრაციებს.

ეს 28 წლის ჩინელი ვლოგერი, ლი ზიქია. ინტერნეტ სივრცეში, სოციალურ ქსელებში უდიდესი პოპულარობით სარგებლობს. პოპულარულია „ინსტაგრამზე“, „ფეისბუქზე“, თუმცა განსაკუთრებით „იუთუბზე“. სოციალურ ქსელებში მის გვერდებს „შვიდი ქლიავი“ ჰქვია.

ლი ჩინეთში, სიჩუანში დაიბადა. ამ რეგიონს დედამიწის სამოთხესაც უწოდებენ. ფანების თვალში ლი ზიქი არის მისაბაძი ქალი, ინსპირაციის წყარო. თავისი ვიდეოებით ის გვაჩვენებს, როგორ აკეთებს სრულიად მარტო ისეთ საქმეებს, რომელთა გაკეთებაც ჩვეულებრივი გოგონებისთვის თითქოს შეუძლებელი ჩანს და ყველაფერს ისე წარმოგვიდგენს, რომ ჩვენც მის ადგილას ყოფნა გვინდება.

ლის არ ჰქონია ბედნიერი ბავშვობა. როცა პატარა იყო, მშობლები განქორწინდნენ. მამა ადრე გარდაეცვალა. მამის გარდაცვალების შემდეგ, გოგონა ბებიასთან და ბაბუასთან იზრდებოდა. ისინი ღარიბულად ცხოვრობდნენ. ბაბუა მზარეული იყო და ადგილობრივი ქორწილების, ან დაკრძალვებისთვის ამზადებდა საჭმელებს.

ლი თავისი ვიდეოების დიდ ნაწილში უძველესი ჩინური კერძების მომზადებას გვასწავლის, თანაც უჩვეულო მეთოდებით და ეს მეთოდები ბაბუისგან ისწავლა. გოგონამ, ასევე იცის თევზაობა, ქაღალდის დამზადება ბამბუკის ხეებისგან, მოჰყავს სოფლის მეურნეობის პროდუქტები, ბოსტნეული და ამ ყველაფერს საკუთარი ხელებით აკეთებს. ვიდეოების საშუალებით კი, მუშაობის პროცესს აღწერს და გვიზიარებს.

როცა 14 წლის იყო, მატერიალური მდგომარეობის გამო იძულებული გახდა, რომ სკოლისთვის თავი დაენებებინა. მან დატოვა სოფელი, ეცადა სხვადასხვა პროფესიაში მოესინჯა ბედი და ოჯახს ასე დახმარებოდა. უმუშავია გამყიდველად, მიმტანად, მეეზოვედ, ბოლოს კი ერთ-ერთ კლუბში დიჯეიდ დაიწყო მუშაობა, სადაც შვიდი წლის განმავლობაში უკრავდა. თუმცა გრძნობდა, რომ ეს არ იყო ის საქმე, რომლის გაკეთებაც ყოველთვის სურდა.

2012 წელს ლის ბებია ავად გახდა. გოგონამ გადაწყვიტა, რომ ყველაფრისთვის თავი დაენებებინა, სოფელში დაბრუნებულიყო და ბებიასთვის მოევლო. სოფელში ცხოვრება მისთვის განტვირთვის საშუალება იყო. ის თავდაპირველად ფერმაში მუშაობდა და ცხოვრებდა ისე, როგორც სოფლის ცხოვრების წესი მოითხოვდა.

ლიმ, შემოსავლის გაზრდის მიზნით, ონლაინ მაღაზია დაარეგისტრირა და ერთ-ერთ ყველაზე დიდ ონლაინ გაყიდვების პლატფორმაზე, „ტაობაოზეც“ კი ყიდდა სოფლის მეურნეობის პროდუქტებს. გოგონას უფროსი ძმა მუსიკოსია და თავის რეგიონში საკმაოდ დიდი პოპულარობით სარგებლობს. ლიმ აღმოაჩინა, რომ მისი ძმა დარეგისტრირებული იყო ერთ-ერთ საიტზე, სადაც პატარა ვიდეოებს ტვირთავდა, რომელიც შემდეგ დიდი მოწონებით სარგებლობდა.

გოგონამ თავადაც გადაწყვიტა ვიდეოების გადაღება და ატვირთვა, თუმცა მასგამოხმაურება არ მოჰყვა და პოპულარული ვერ გახდა. ძმის მსგავსად მას არ შეუძლია სიმღერა, ამიტომაც საჭირო იყო განსხვავებული საქმისმოფიქრება. ისეთის, რომელიც მას კარგად გამოსდიოდა და რომელიც ბედნიერებას მიანიჭებდა.

„ვიფიქრე – რა იქნება ადამიანებს ვასწავლო საჭმლის მომზადება ბაბუას განსხვავებული მეთოდებით, ან იქნებ საინტერესო იყოს, როგორ მომყავს ბოსტნეული და სოფლის მეურნეობის სხვა პროდუქტები, როგორ შეიძლება გარდაიქმნას ესა თუ ის პროდუქტი, გემრიელ საჭმელად?!“ – იხსენებს გოგონა.

თავისი პირველი ვიდეოების სერიას ლიმ ასე დაარქვა – „საჭმელი ანტიკური სურნელით“, ხოლო ახალ სერიას ჰქვია – „ცხოვრება მომენტია“.

მალე ლის ვიდეოებს საკვების დარგის ექსპერტებმა მიაქციეს ყურადღება. გამომწერებისა და ფანების რაოდენობა კი დღითი დღე იზრდებოდა. ლის ვიდეოებმა თანდათან ყველა სოციალური ქსელი მოიცვა. ერთ-ერთი ჩინური ტელეარხის პროდიუსერი ამბობს, რომ ლის ვიდეოებში ჩანს ის, რაც ადამიანების ოცნებაა, ამ ვიდეოებით თითქოს ჩვენს ფრთაშესხმულ ოცნებებს ვპოულობთ.

2017 წელს ლი უკვე ჩინეთის ონლაინ ვარსკვლავი იყო და მას უწოდებდნენ საკვების საკითხების ექსპერტს. თუმცა მისი ვიდეოები გაცილებით მეტია ვიდრე ტრადიციული ჩინური საჭმელების რეცეპტები.

ის გვიჩვენებს გარემოს, რომელიც ჩვენთვის თითქოს უტოპიაა. მისი ვიდეოები რელაქსაციის საუკეთესო საშუალებაა. მისი ვიდეოებით გვიჩნდება განცდა, რომ თითქოს პირველყოფილ, ადამიანის ხელით დაუმახინჯებელ ბუნების წიაღში ცხოვრობს ერთი გოგონა, რომელიც ყველაფერს აკეთებს საკუთარი ხელით და ეს ყოველივე შთამბეჭდავი სანახავია. მაყურებელზე დამამშვიდებელი ეფექტი აქვს და სწორედ ამიტომ იპყრობს მილიონობით ადამიანის ყურადღებას.

ამ ვიდეოების ყურების დროს თითქოს წარსულში დროის მანქანის საშუალებით ვმოგზაურობთ. საოცარია, მაგრამ მათ გადაღებაში მხოლოდ სამი ადამიანია ჩართული, თავად ლი ზიქი, ასევე ფოტოგრაფი, რომელიც გოგონას სოციალური ქსელებისთვის ფოტოებს უღებს და ერთიც ლის ასისტენტი.

ლი ამბობს, რომ ვიდეოებს ერთი ტელეფონით, Iphone 6-თ იღებდა და ამავე ტელეფონში ამუშავებდა, ამის გამო თავდაპირველად დიდი ხარისხით ვერ გამოირჩეოდა, თუმცა მოგვიანებით ციფრული კამერა single lens reflex იყიდა და ახლა ამ კამერით მუშაობს.

ლის ვიდეოებში ყურადღებას იპყრობს მისი განსაკუთრებული კაბები და სამოსი, რომელიც კიდევ უფრო მეტად ამსგავსებს ვიდეოების გმირს ზღაპრიდან გადმოსულს. საოცარი ის არის, რომ ამ სამოსს ლი ზიქი საკუთარი ხელით ქმნის. დიზაინის ავტორი თავად არის და თავადვე კერავს. ერთ-ერთ ვიდეოში ნემსით კერვის ტექნოლოგიასაც კი გვასწავლის.

თვალშისაცემია ლის სადა და ძალიან ლამაზი მაკიაჟი, რომელსაც გოგონა ასევე საკუთარი ხელით, სხვების დახმარების გარეშე იკეთებს. ლი ზიქის ვიდეოები მის ფანებს ბევრი ნიუანსის გამო უყვართ, მაგრამ ერთ ერთი მიზეზი ის ხმებია, რომლებიც ვიდეოში გვესმის. ეს არის სამყაროს შეულამაზებელი ხმები – მაგალითად, ნაბიჯების ხმა, ცეცხლის ხმა, ფოთლების შრიალის ხმა, შეშის ჩეხვის ხმა, სოკოს შეგროვების ხმა, წაბლის გარჩევის ხმა ამ ვიდეოებით სამყაროს ნამდვილ, ბუნებრივ მუსიკას შეიგრძნობთ.

რაც შეეხება მელოდიებს, რომელიც ზოგჯერ გაჰყვება ძალიან დაბალ ხმაზე ვიდეოებს, მისი ავტორი ლი თავად არის. როგორც უკვე ვთქვით, ის ყოფილი დიჯეია და შეუძლია ელექტრონული მუსიკის შექმნა. ის მინიმალისტურ სტილში ქმნის მუსიკას და ვიდეოებში ძალიან დაბალი ხმით იყენებს და ჩნდება განცდა, რომ ეს მუსიკა აბსოლუტურად ბუნებრივად ერწყმის სამყაროს ჟღერადობას.

ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
ბიოლოგიაეს საინტერესოაკვლევები

ახალი ინფორმაციის დამახსოვრების უნარი კარგ ძილთანაა დაკავშირებული

ის, რომ კარგი ძილი აუცილებელია – არახალი ძველია. როგორც მეცნიერების ახალი ექსპერიმენტი იუწყება, ახალი ინფორმაციის დამახსოვრების უნარი კარგ ძილთანაა დაკავშირებული. ეს კი იმას ნიშნავს, რომ მეხსიერების გაუმჯობესებაც საკმაოდ მარტივად იქნება შესაძლებელი – მათ ვისაც კარგად და მშვიდად სძინავთ, უკეთესი მეხსიერება აქვთ.

დიდი ბრიტანეთში, იორკის უნივერსიტეტში, სამეცნიერო ექსპერიმენტის დროს, ადამიანები ზედსართავებსა და მასთან დაკავშირებულ ასოციაციებს წარმოთქვამდნენ. ამის შემდეგ – ექსპერიმენტის მონაწილეებს იგივე ზედსართავები ძილის დროს გაუმეორეს. ელექტროენცეფალოგრამის მონაცემებით კი, მეცნიერებმა დაასკვნეს, რომ ახალი ინფორმაციის დამახსოვრების უნარი ძილთანაა დაკავშირებული.

წყარო: Current Biology

ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა“

სრულად ნახვა
ბიზნესიეს საინტერესოა

კარგი პრეზენტაციისთვის საჭირო უნარ-ჩვევები

უპირველეს ყოვლისა,  იმისათვის, რომ კარგი პრეზენტაცია გააკეთოთ, თქვენ უნდა გესმოდეთ ადამიანების ფსიქოლოგიის, როგორ აღიქვამენ ისინი ინფორმაციას, როგორ ესმით და როგორ რეაგირებენ. თქვენ უნდა შექმნათ ისეთი მასალა, რომელიც ინფორმაციას მიაწვდის მსმენელს, შთააგონებს და აუმაღლებს მოტივაციას.

პირველი წუთები ყველაზე მნიშვნელოვანია თქვენს პრეზენტაციაში, ადამიანები ძირითადად ყველაზე კარგად სწორედ ამ დროს  იმახსოვრებენ ინფორმაციას, შესაბამისად, უნდა ეცადოთ, რომ ღირებული ინფორმაცია საწყის წუთებში მიაწოდოთ მათ.

ადამიანები ასევე კარგად აღიქვამენ თქვენს ემოციებსაა და შთაბეჭდილებებს, მათ თქვენი ქცევის ანალოგიური ქმედებები ახასიათებთ, თუ თქვენ გაიღიმებთ, ისინიც აგყვებიან.

ზოგადად, ვიზუალს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, როგორც კვლევებით ირკვევა, ადამიანებს მსგავსი საშუალებებით მოტანილი მასალა უკეთ ამახსოვრდებათ. ასე რომ – მეტი ვიზუალი (PPT, ფლიპ ჩარტები და ა.შ.)

მოერიდეთ სტატისტიკას, ზედმეტად ბევრ რიცხვს – ან თუ გამოიყენებთ – დაამრგვალეთ.

აუცილებელია, რომ ისაუბროთ მარტივი წინადადებებით, ხშირად მიმართოთ აუდიტორიას – ,,თქვენ”, ,,ჩვენ” და მსგავსი მიმართვებით.

კარგი პრეზენტატორი არ უნდა იყოს ტრაბახა. აუცილებელია, ამბების მოყოლა, თუმცა არა ისეთის, თქვენი ქებით რომ იქნება გაჟღენთილი.

პრეზენტაციის ბოლოს აუდიტორიას აუცილებლად გადაუხადეთ მადლობა და თქვით, რომ სასიამოვნო იყო თქვენთვის მათთან ამ ფორმით ურთიერთობა.

 

წყარო: Harvard business review

ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

 

სრულად ნახვა
დედამიწაეს საინტერესოა

დედამიწიდან შესაძლოა ღრუბლები გაქრნენ

უახლოესი 100 წლის განმავლობაში დედამიწა შესაძლოა იმ ღრუბლების გარეშე დარჩეს, რომლებიც პლანეტას გადახურებისგან იცავენ. თუ ეს მოხდება, კლიმატური კატასტროფა გარდაუვალია და მისი შედეგები იმაზე მეტად საშიში და მასშტაბური აღმოჩნდება, ვიდრე ყველაზე პესიმისტურ პროგნოზებშია. ამის შესახებ ბიბისი წერს.

ასეთ დასკვნაა მოყვანილი კვლევაში, რომელიც ჟურნალ Nature Geoscience-ში გამოქვეყნდა. კალიფორნიის ტექნოლოგიური ინსტიტუტის მეცნიერთა ჯგუფი გაფრთხილებას იძლევა: ატმოფეროში ნახშირორჟანგის კონცენტრაციის ზრდა ღრუბელთა ფენას გაქრობით ემუქრება, რომელიც მსოფლიო ოკეანის მნიშვნელოვან ნაწილს მზის შუქისგან იფარავს.

როდესაც CO2-ის კონცენტრაცია განსაზღვრულ მაჩვენებელს გადააჭარბებს, რაც 1200 ppm-ია, დადგენა გარდამტეხი წერტილი და ღრუბლები შეუქცევად დაშლას დაიწყებენ, რაც ოკეანის მკვეთრ გათბობას გამოიწვევს.

მათემატიკური მოდელირება აჩვენებს, რომ დედამიწაზე საშუალო ტემპერატურა დაახლოებით 8 გრადუსით მოიმატებს, ეს კი გამოიწვევს არა მხოლოდ ბუნებრივ კატაკლიზმებს, არამედ ცხოველთა და მცენარეთა მასოვრივ გადაშენებას.

დაახლოებით 55 მილიონი წლის წინ დედამიწის ისტორიაში უკვე იყო ასეთი პერიოდი, მაშინ პლანეტა ისე გადახურდა, რომ არქტიკულ წყლებში ნიანგები ცურავდნენ, პრიმიტიული ძუძუმწოვრების უმრავლესობა კი უბრალოდ გადაშენდა.

სრულად ნახვა
ბიოლოგიაეს საინტერესოაკვლევებიმედიცინამსოფლიო

ბავშვებისთვის ხილის წვენის დღიური ნორმა – პედიატრების რეკომენდაცია

,,ნუ მისცემთ ბავშვებს დიდი რაოდენობის ხილის წვენს”,-  ამის შესახებ აშშ-ის პედიატრიის აკადემიამ განაცხადა.

ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ სკოლის ასაკის (7-18 წლის) ბავშვებისთვის ხილის წვენის მიღების დღიური ლიმიტი, დაახლოებით, 230 გრამია, 4-6 წლის ასაკის ბავშვებისთვის -170 გრამი, ხოლო 1-3 წლის ასაკითვის – არაუმეტეს 115 გრამისა, რაც შეეხება ჩვილებს, მათთვის წვენის მიღება საერთოდ არაა რეკომენდებული.

„აღნიშნული რეკომენდაციები შემდეგ არგუმენტს ეფუძნება, ხილის წვენი გახლავთ ბოჭკოვანი ხილი, რომელიც გარკვეულ ვიტამინებს არ შეიცავს და აზიანებს კბილებს,“ – განმარტავს ტეხასის უნივერსიტეტის პედიატრი სტივენ აბრამსი, რომელიც აშშ-ის პედიატრიის აკადემიის მიერ გავრცელებული განცხადების ერთ-ერთი ავტორია.

მისივე თქმით, ბევრ პედიატრი საკითხს ზედმეტად რადიკალურად უდგება და მშობლებს აფრთხილებვს, ხილის წვენი თავიანთ შვილებს საერთოდ არ დაალევინონ. „საუკეთესო გამოსავალი ზომიერების დაცვაა“, განაცხადა ოჯახის ექიმმა გარი ლეროიმ, რომელმაც სპეციალური ჯანმრთელობის ცხრილი  – 5-2-1-0 შექმნა, სადაც 5 არის ხილისა და ბოსტნეულის დღიური პორციის დაოდენობა, 2- არის ეკრანთან პატარების ხდომის 2 საათიანი ლიმიტი, 1 – ფიზიკური აქტივობის დრო და 0 – შაქრიანი სასმელის დღიური დოზა.

ჯერჯერობით უცნობია, რამდენად გაითვალისწინებენ მშობლები აღნიშნულ რეკომენდაციებს, რომელიც გასულ წელს გავრცელდა. აღსანიშნავია, რომ რეკომენდაციების გავრცელების შემდეგ, ბევრმა კომპანიამ საბავშვო ხილის წვენის წარმოება შეაჩერა.

 

წყარო :https://www.sciencealert.com

მასალა მოამზადა:  თამარ ტაბატაძემ

ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტინა”

 

სრულად ნახვა
1 11 12 13 14 15 98
Page 13 of 98