close
დედამიწა

ატმოსფეროში ნახშირორჟანგის დონე საგანგაშოდ გაიზარდა

ატმოსფეროში CO2-ის დონემ 2015 წელს მნიშვნელოვან ბარიერს – 400 პპმ (ნაწილაკი/მილიონზე) მიაღწია და „მრავალი თაობის“ განმავლობაში აღარ დაიწევს.
მსოფლიოს მეტეოროლოგიური ორგანიზაციის ინფორმაციით, 2016 წელი იქნება პირველი სრული წელი, როდესაც CO2-ის დონე აღნიშნულ ნიშნულს გადააჭარბებს.
მეცნიერები აცხადებენ, რომ ნახშირორჟანგის მაღალი დონე შესაძლოა ელ-ნინიოსთან იყოს დაკავშირებული.
მიუხედავად იმისა, რომ ადამიანის საქმიანობის შედეგად გამოყოფილი CO2 2014-დან 2015 წლამდე სტატიკური იყო, ძლიერი ელ-ნინიოს დაწყებამ ატმოსფეროში ნახშირორჟანგის დონის პიკი გამოიწვია.
ტროპიკულ რეგიონებში ელ-ნინიოსგან გამოწვეული გვალვის გამო მცენარეებს CO2-ის შთანთქმის ნაკლები უნარი ქონდათ. დამატებითი ემისია გამოიწვია მშრალი პირობებისგან გამოწვეულმა ხანძრებმაც.
მსოფლიო მეტეოროლოგიური ორგანიზაცია წლიურ ანგარიშში აღნიშნავს, რომ აღნიშნულმა კლიმატურმა პირობებმა ბოლო ათი წლის განმავლობაში ატმოსფეროში CO2-ის დონის საშუალოზე (240 პპმ (ნაწილაკი/მილიონზე) მაღალ დონეზე აწევა გამოიწვია. ექსპერტები აცხადებენ, რომ ნახშირორჟანგის ასეთი მაღალი მაჩვენებელი (400 პპმ (ნაწილაკი/მილიონზე) 3-5 მილიონი წლის წინ აღინიშნებოდა.
მსოფლიოს მეტეოროლოგიური ორგანიზაცია აცხადებს, რომ 400 პპმ-იანი ბარიერი მდგრადია და ის „მრავალი თაობის“ განმავლობაში შენარჩუნდება. ორგანიზაციის წლიურ ანგარიშში ასევე საუბარია სხვა სასათბურე აირების, მათ შორის, მეთანისა და აზოტის ოქსიდის, ზრდაზე.  „2015 წელს მეთანის დონე 2.5-ჯერ მეტი იყო ვიდრე პრე-ინდუსტრიულ ხანაში, 1,2-ჯერაა გაზრდილი აზოტის ოქსიდის დონეც.
მსოფლიოს მეტეოროლოგიური ორგანიზაციის ინფორმაციით, სამრეწველო, სასოფლო-სამეურნეო და საყოფაცხოვრებო საქმიანობის შედეგად გამოწვეული დათბობის ან რადიაციის ზემოქმედება 1990 წლიდან 2015 წლამდე 37 პროცენტით გაიზარდა. ორგანიზაცია მოუწოდებს ქვეყნებს, რომ CO2-ის შემცირებაზე იყვნენ ორიენტირებულები.
“CO2-ის წინააღმდეგ ბრძოლის გარეშე ვერ დავძლევთ კლიმატის ცვლილებას და ვერ შევინარჩუნებთ ტემპერატურის 2 გრადუსი ცელსიუსით ნაკლებ ზრდას,“ – აცხადებს მსოფლიოს მეტეოროლოგიური ორგანიზაციის გენერალური მდივანი პეტერ ტაალასი. “აქედან გამომდინარე, 4 ნოემბერს დაგეგმილი პარიზის ხელშეკრულების ძალაში შესვლა, უაღრესად მნიშვნელოვანია, და რაც მთავარია, ხელი უნდა შევუწყოთ მის სწრაფ იმპლემენტაციას,“ -დასძინა მან.
შეგახსენებთ, რომ იმ ორასამდე ქვეყნის წარმომადგენლები, რომლებმაც პარიზის კლიმატის ხელშეკრულებას მოაწერეს ხელი, ნოემბერში მაროკოში შეიკრიბებიან და მომავლის გეგმებზე იმსჯელებენ.

წყარო: public.wmo.int
მასალა მოამზადა: თამარ ტაბატაძემ
ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი “დოქტრინა”

გაზიარება:
fb-share-icon0