close
დედამიწა

6 გასაოცარი ფაქტი ყვავების შესახებ

კაცობრიობას ძალიან მრავალფეროვანი და ხანგრძლივი ისტორია აკავშირებს ყვავებთან, მეტწილად მათი გარეგნობიდან გამომდინარე ყვავს სიკვდილის სიმბოლოდაც მიიჩნევდნენ, ამავდროულად ზოგჯერ სამყაროს შემქმნელთანაც აიგივებდნენ და ეთაყვანებოდნენ ფრინველისთვის საკმაოდ უცნაური და საოცარი გონებრივი შესაძლებლობების გამო.

1. ყვავებს შეუძლიათ ადამიანის სახის დამახსოვრება
როდესაც ყვავების გუნდს შევამჩნევთ ალბათ დიდი ძალისხმევის შედეგადაც ვერ შევძლებთ თითოეული მათგანის დამახსოვრებას, რადგან ჩვენთვის ისინი ყვავები არიან, დიდი შავი ფრინველები და არაფერი სხვა. მაშინ როცა თითოეული მათგანი სავარაუდოდ დაგვიმახსოვრებს, როგორც უცნაურ ადამიანს რომელიც უთვალთვალებდა მათ. ეს ფაქტი დადასტურდა 2006 წელს მეცნიერების მიერ, სიეტლში ჩატარებული ექსპერიმენტით, როცა ვაშინგტონის უნივერსიტეტის ბიოლოგიის სპეციალისტის, ჯონ მერზლაფის ხელმძღვანელობით უნივერსიტეტის ეზოში დაიჭირეს შვიდი ყვავი და ნიშანი დაადეს მათ. ექსპერიმენტის დროს თითოეული მკვლევარი ატარებდა ნიღაბს, რათა დაედგინათ შეძლებდნენ თუ არა ეს ყვავები მათ ამოცნობას მოგვიანებით. რამდენიმე დღის შემდეგ როცა მკვლევარები ამავე ნიღბებით კვლავ გამოჩნდნენ ეზოში, ყვავებმა აშკარა აგრესია გამოხატეს მათ წინააღმდეგ, ყველაზე საინტერესო კი ისაა რომ თავდაპირველად სწორედ ის შვიდი დანიშნული ყვავი აქტიურობდა, შემდეგ კი დანარჩენებიც შემოუერთდნენ, მიუხედავად იმისა რომ ისინი არ ყოფილან ადგილზე წინა ექსპერიმენტის დროს. ექსპერიმენტი რამდენჯერმე გამეორდა და შედეგი ყოველთვის ერთი და იგივე იყო.

2. ყვავებს შეუძლიათ შეთქმულება მოაწყონ
ამ ექსპერიმენტიდან ნათლად ჩანს, რომ ყვავებს შეუძლიათ ერთმანეთისთვის ინფორმაციის გადაცემა. მეცნიერები მსჯელობენ იმის შესახებ შეიძლება თუ არა ყვავებს ჰქონდეთ ისეთი ფენომენი, რასაც ჩვენ ენას ვუწოდებთ, მაგრამ გასათვალისწინებელია რომ ყვავებს გააჩნიათ რეგიონალური დიალექტი, რაც ალბათ შეუძლებელი იქნებოდა მათ შორის საკომუნიკაციო ენის არსებობის გარეშე.
ექსპერიმენტის დროს ყვავების ნაწილს არ უნახავს ნიღბიანი ადამიანები, მაგრამ მათ ისედაც ჰქონდათ გარკვეული ინფორმაცია მათ შესახებ. ასე რომ, ყვავებს შეუძლიათ არა მხოლოდ ამოიცნონ ადამიანთა სახეები, არამედ დეტალებში აღუწერონ კიდევაც ისინი ერთმანეთს და სავარაუდოდ შთამომავლობასაც გადასცენ ეს ინფორმაცია.

 

3. მეხსიერება
ონტარიოში, კერძოდ ჩათემში, ყვავებმა დაიწყეს ყოველწლიური მიგრაციის დროს ამ ადგილის დროებით საბინადროდ გამოყენება, შედეგად ათასობით ყვავი ანადგურებდა ჩათემის სასოფლო-სამეურნეო ნაკვეთებს. მოსახლეობამ მიიღო შესაბამისი ზომები მათი დახოცვის შესახებ, ამ გადაწყვეტილებიდან ერთ დღეში მონადირეებმა მოკლეს მხოლოდ და მხოლოდ ერთი ყვავი და ეს საკმარისი იყო იმისთვის, რომ ყვავებს ჩათემის დასახლებული ადგილებისთვის სამუდამოდ აერიდებინათ თავი. მას შემდეგ აღარცერთი ყვავის მოკვლა აღარ გამხდარა საჭირო.
მსგავსი ფაქტი მხოლოდ ჩათემში არ დაფიქსირებულა, ცნობილია რომ ყვავები ყოველთვის გვერდს უვლიან ისეთ ადგილებს, სადაც თუნდაც ერთ ყვავი მაინც მოუკლავთ, მეტიც, თაობების შემდეგაც ახსოვთ სახლები, სადაც რომელიმე მათი თანამოძმე მომკვდარა. ამრიგად, ძალიან უცნაურია რომ შეიძლება ათასობით ყვავს ჰქონდეს ჩვენი საცხოვრებლის შესახებ ინფორმაცია.

 

4. სხვადასხვაგვარი ნივთების გამოყენების უნარი
როდესაც საუბარია გარკვეული ნივთების ცხოველების მიერ გამოყენებაზე, მეტწილად გაგვახსენდება შიმპანზეები, ან სხვა ცხოველები, რომლებიც სხვადასხვა მცენარის ღეროებს იყენებენ ტერმიტების შესაჭმელად, მაგრამ არა ფრინველები. მიუხედავად ამისა, მრავალი მაგალითი ადასტურებს, რომ ყვავებს თავისუფლად შეუძლიათ სხვადასხვა ნივთების საჭიროებისამებრ გამოყენება. მაგალითად, ექსპერიმენტი ჩატარდა ახალ შოტლანდიურ ყვავზე, სახელად ბეტიზე, რომელიც გულისხმობდა საკვების მოთავსებას სინჯარაში ისე, რომ ექსერიმენტში მონაწილე ყვავებს არ ჰქონოდათ მისი თავისუფლად ამოღების საშუალება. როგორც ბეტის, ისევე მეორე ყვავს, აბელს შეეძლოთ გამოეყენებინათ მავთულები, ერთი სწორი, მეორე კი მოკაუჭებული. აბელმა ჩაავლო სწორ მავთულს და გაფრინდა, როცა ბეტიმ მოიფიქრა მოკაუჭებული მავთულით საკვების სინჯარიდან ამოღება. აღსანიშნავია რომ არცერთ მათგანს იქამდე არ ჰქონია შეხება მავთულებთან.
ასევე, როდესაც მეცნიერებმა მცირე ზომის კამერები დაამონტაჟეს ახალი შოტლანდიური ყვავების კუდებზე, აღმოაჩინეს რომ ისინი პატარა ჯოხებს იყენებდნენ ხეებიდან ბაღლინჯოების ამოსაყვანად, მეტიც, მაგარი ფოთლებისა და მცენარეების გამოყენებით აკეთებდნენ ,,ბასრ“ ნივთებსაც, რომლთა მეშვეობითაც სხვადასხვა ნივთების ქმნიდნენ, ამრიგად ყვავების ინდუსტრია ნამდვილად საგონებელში აგდებს კაცობრიობას.

5. დაგეგმვა
ყვავები გამუდმებით აგროვებენ საკვების მარაგს რაიმე გაუთვალისწინებელი შემთხვევებისთვის. მართალია შეგვიძლია დავასახელოთ მრავალი ცხოველი, თუნდაც ციყვი, რომელიც ანალოგიურად იქცევა, მაგრამ ყვავების შემთხვევაში კიდევ უფრო უცნაურადაა საქმე. ყვავებს ხშირად ქურდებადაც მიიჩნევენ, რასაც ალბათ თავადაც არ უარყოფედნენ ამის შესაძლებლობა რომ ჰქონდეთ, ამიტომაც როდესაც ყვავს საკვების შეგროვება სურს ყოველთვის თვალს ადევნებს სხვა ყვავებსაც, თუკი შეამჩნევს რომ რომელიმე მათგანი თვალყურს ადევნებს თავს მოაჩვენებს თითქოს მათ საერთო მარაგში ათავსებს საკვებს, სინამდვილეში კი დროებით მალავს ფრთის ქვეშ, შემდეგ კი ცნობისმოყვარე თვალისგან მოშორებით გადაინახავს. ყველაზე საინტერესო ალბათ მაინც ის ფაქტია, რომ დანარჩენები მაინც აკვირდებიან თუ სად მალავს თანამოძმე ნადავლს, რომ ხანდახან თავადაც ჩაეზიარონ მას.

6. შემგუებლობა
ყვავები ყურადღებას აქცევენ ადამიანების მუშაობის პროცესს და მათგანაც ითვისებენ გარკვეულ ცოდნას. ხშირია შეთხვევები როცა ყვავი გარკვეული სიმაღლიდან აგდებს კაკალს რომ მიირთვას ქერქსიგან თავისუფალი შიგთავსი, მაგრამ სხვა შემთხვევებში გრავიტაციის ძალის მაგივრად ტრასაზე მოძრავ მანქანებს იყენებს და ამ საქმეს სწორედ მათ ანდობს. ყვავები იმახსოვრებენ შუქნიშნის მუშაობის წესს რათა ზუსტად განსაზღვრონ კაკლის ჩამოგდების შესაფერისი დრო და საფრთხის თავიდან ასარიდებლად ტრასაზეც ადამიანებისგან განსხვავებით მხოლოდ წითელი შუქის შემთხვევაში ეშვებიან, ამრიგად შეიძლება ითქვას, რომ მათ აქვთ უნარები, რომლებიც მსოფლიოს მოსახლეობის დაახლოებით 10 %-მა თუ აითვისა.

მასალა მოამზადა: თამარ დევდარიანმა 

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი “დოქტრინა”

ჰჰჰჰჰსსსსსდ

გაზიარება:
fb-share-icon0