close
მედიცინა

2030 წლისთვის კიბოთი წელიწადში 5,5 მილიონი ქალი გარდაიცვლება

2030 წლისთვის კიბოთი წელიწადში 5,5 მილიონი ქალი გარდაიცვლება, ამის შესახებ ამერიკის კიბოს საზოგადოების (ACS) მიერ სამშაბათს, პარიზში გამართულ კიბოს მსოფლიო კონგრესზე წარდგენილ მოხსენებაშია ნათქვამი.

ეს კი იმას ნიშნავს, რომ დაახლოებით ოც წელში კიბოთი გარდაცვალების შემთხვევები 60 პროცენტით მოიმატებს.

ამერიკის კიბოს საზოგადოების კვლევის თანახმად, ყველაზე მაღალი მაჩვენებელი ღარიბ და საშუალო შემოსავლის მქონე ქვეყნებში მცხოვრებ ქალბატონებში დაფიქსირდება.

ღარიბ ქვეყნებში კიბოს გაცილებით ნაკლები შემთხვევების დიაგნოზირება და მკურნალობა ხდება, ვიდრე მდიდარში და გაცილებით მეტი ადამიანი იღუპება.

კიბოს კვლევის საერთაშორისო სააგენტოს ინფორმაციით, 2012 წელს ქალებში კიბოს 6,7 მილიონი ახალი შემთხვევა და კიბოსგან გარდაცვალების 3,5 მილიონი  ფაქტი დაფიქსირდა.

კიბოს შემთხვევების 56 პროცენტი და გარდაცვალების შემთხვევების 64 პროცენტი ნაკლებად განვითარებულ ქვეყნებზე მოდის.

„2030 წლისთვის მოსალოდნელია კიბოს შემთხვევების 9,9 მილიონამდე, ხოლო გარდაცვალების შემთხვევების 5,5 მილიონამდე გაზრდა,“ – აღნიშნულია ამერიკის კიბოს საზოგადოების ანგარიშში.

ამერიკის კიბოს საზოგადოების ინფორმაციით, კიბოს შემთხვევების ყველაზე მაღალი პროცენტული მაჩვენებელი ევროპის, ამერიკისა და აზიის მაღალშემოსავლიან ქვეყნებში ფიქსირდება, ეს ნაწილობრივ სკრინინგსა და დიაგნოსტიკაზე უკეთესი ხელმისაწვდომობით არის განპირობებული.

თუმცა გარდაცვალების გაცილებით მაღალი მაჩვენებელია საშუალო და დაბალი შემოსავლების მქონე ქვეყნებში, რაც დიაგნოსტიკასა და მკურნალობაზე შემცირებული ხელმისაწვდომობით აიხსნება.

სიკვდილიანობის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი დაფიქსირდა ზიმბაბვეში, მალავიში, კენიაში, მონღოლეთსა და პაპუა ახალ გვინეაში.

სარძევე ჯირკვლისა და ფილტვის კიბო ყველაზე გავრცელებული სახეობებია როგორც მდიდარ, ისე ღარიბ ქვეყნებში. განვითარებულ ქვეყნებში მესამე ადგილზეა ნაწლავების კიბო, ხოლო ნაკლებად განვითარებულში – საშვილოსნოს ყელის კიბო.

საშვილოსნოს ყელის კიბოს თავიდან აცილება შესაძლებელია კიბოს გამომწვევი პაპილომავირუსის (HPV) საწინააღმდეგო ვაქცინაციის შედეგად, ან რეგულარული პაპანიკოლაუს (PAP) ტესტის მეშვეობით მისი ადრეული დიაგნოსტიკით.

ძუძუს კიბო ყველაზე ხშირად დიაგნოზირებადი კიბოა მსოფლიოს 140 ქვეყანაში, ხოლო საშვილოსნოს კიბო – 39 ქვეყანაში, რომლებიც ე.წ. LMICs (დაბალი და საშუალო შემოსავლის) ქვეყნები არიან.

წყარო: dailymail.co

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

 

გაზიარება:
fb-share-icon0