close
სამხედროსაქართველო

ქართველი სამხედრო ქალი, რომელმაც 2008 წლის ომის დროს რუსული ბომბდამშენი ჩამოაგდო

საქართველოს შეიარაღებულ ძალებში არაერთი ქალი მსახურობს, ისინი ჩართულნი არიან ჩრდილოატლანტიკური ორგანიზაციის ავღანეთის მისიებში, რამდენიმე, აგრეთვე, იბრძოდა 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომში. ერთ-ერთია – ზოია კურტანიძე – ამჟამად საჰაერო თავდაცვის ბრიგადის II საზენიტო-სარაკეტო ბატალიონის S-1-ის უფროსი. დავით აღმაშენებლის სახელობის თავდაცვის ეროვნული აკადემია 2008 წლის ივნისში დაამთავრა და ახალბედა ოფიცერი აგვისტოში უკვე ომში აღმოჩნდა, 2008 წელს მუშაობდა IV ცალკეული საზენიტო-სარაკეტო დივიზიონის საბრძოლო მანქანის ინჟინერ-ოპერატორად. მისი თქმით, იმ დროს გაცნობიერებულიც არ ჰქონდა, რომ ომში იყო. დაიბადა გორში, სკოლა ხაშურში დაამთავრა. იმის გამო, რომ დედაქალაქში მუშაობდა, მამის გარდაცვალების შემდეგ, დედასთან ერთად თბილისში გადმოვიდა საცხოვრებლად. დედმამიშვილი არ ჰყავს. ორჯერ იყო მივლინებული ავღანეთში სამშვიდობო მისიით. ,,დოქტრინა” გთავაზობთ ინტერვიუს ზოია კურტანიძესთან:

-სამხედრო სამსახურში ქალის როლისა და ადგილის შესახებ თანამედროვე მსოფლიო მუდმივად დავობს. თქვენი აზრი ქალის სამხედრო სამსახურის შესახებ.

-ადამიანები მათი შესაძლებლობების მიხედვით ფასდებიან და არა სქესის გამო. მოსწონს თუ არა თანამედროვე მსოფლიოს, ქალის როლი თითქმის ყველა მიმართულებით იზრდება, შესაბამისად,  გარკვეული პროცენტულობა არმიაზეც მოდის. შესაშურად მიზანდასახული და პატრიოტი ქალბატონები მინახავს, დასანანია სტერეოტიპულმა შეხედულებებმა უარყოფითი გავლენა მოახდინოს მათზე, ვინც უკვე მსახურობს ან სურს ემსახუროს სამშობლოს.

-თქვენ შესახებ გვითხარით, როგორი დამოკიდებულება ჰქონდა საზოგადოებას, ოჯახს, როცა გადაწყვიტეთ, რომ ჩამდგარიყავით ქვეყნის სამსახურში.

-სამხედრო აკადემიაში ჩაბარება რომ გადავწყვიტე, ყველაზე დიდი მხარდაჭერა მშობლებისაგან ვიგრძენი. გადაწყვეტილების დამოუკიდებლად მიღებაც თვითონვე მასწავლეს. უკვე 10 წელი ხდება, რაც სამხედრო სამსახურში ვარ, ჩემი გადაწყვეტილება კი ჯერ არ მინანია, ეს არ ნიშნავს იმას, რომ ყველაფერი იდეალურად იყო ან არის ამ წლების განმავლობაში, მაგრამ ჩემი შემართება ყველა სირთულეზე ძლიერი აღმოჩნდა. რაც შეეხება საზოგადოებას, მათი აზრი ორად გაიყო, იყვნენ ისინი, ვისაც ძალიან მოსწონდა ჩემი არჩეული გზა და ისინი, ვინც მიიჩნევდნენ, რომ  ქალის ადგილი ჯარში არ არის. ომის მერეც კი, როდესაც ჩემი საქმით ვთქვი სათქმელი, მაინც მიწევდა მეორე კატეგორიის ადამიანებთან კამათი. მერე გავიზარდე… ახლა აღარც დრო მაქვს და არც სურვილი, იმ ადამიანებთან დებატებში დავკარგო დრო, ვინც ვერ გადალახა სტერეოტიპები.

-ბოლო პერიოდში შეინიშნება ქალთა რაოდენობის ზრდის ტენდენცია სამხედრო სამსახურში, როგორ ფიქრობთ, რა არის ამის მიზეზი?

-ჩვენს ეპოქაში მამაკაცი და ქალი ყველა მიმართულებით თანაბრდება. გაჩნდა საქმიანობის სფეროები, სადაც ქალს და მამამაკაცს საქმის შესრულება თანაბარი წარმატებით შეუძლია, რიგ შემთხვევებში – ქალს უკეთესად. ეს ძირითადად დამოკიდებულია იმ პიროვნულ და პროფესიულ თვისებებზე, რასაც ესა თუ ის პროფესია მოითხოვს. მენტალიტეტი იცვლება. ქალებს სურთ მოსინჯონ ძალები ,,მამაკაცურ“ საქმეებში, რაც გენდერული თანასწორობის თანმდევი პროცესია.

-თუ იცით, როგორია დღევანდელი მდგომარეობა მსოფლიოს წამყვანი ქვეყნების შეიარაღებულ ძალებში ქალების როლთან მიმართებით?

-2014 წელს, ავღანეთში, ამერიკის არმიის ორ ქალ სამხედროს ვესაუბრებოდი, გამოცდილებას ვუზიარებდით ერთმანეთს. საუბარს ჩემი მეგობარი შემოესწრო, ხელი ჩამოართვა გოგოებს და ჩემზე უთხრა, იცით, 2008 წელს რუსული ბომბდამშენი ჩამოაგდოო… არასოდეს დამავიწყდება მათი გაოცებული სახეები, არ იჯერებდნენ, რომ საქართველოში ნებადართული იყო ქალებისთვის საბრძოლო ქვედანაყოფში, საბრძოლო პოზიციაზე მსახური და მით უმეტეს, ომში მონაწილეობა. მსოფლიოს წამყვანი ქვეყნის ოფიცრებმა ჩემს ადგილას ყოფნა ინატრეს და თქვეს, რომ ამერიკამ მხოლოდ ბოლო წლებში დართო ქალებს ნება, ძალები მოსინჯონ საბრძოლო ქვედანაყოფებში. ევროპის ბევრ ქვეყანაშიც არის მსგავსი შეზღუდვები, ზოგან არ არის, მაგრამ ქალებს არ სურთ საბრძოლო თანამდებობების დაკავება. მაგალითად, საფრანგეთში სამხედრო ქალბატონთა მხოლოდ 1,7 პროცენტი მსახურობს ქვეით საბრძოლო თანამდებობებზე.

-როგორ ფიქრობთ, რა უპირატესობა აქვთ ქალებს მამაკაცებთან შედარებით? მაგალითად, საუბრობენ მაღალგანვითარებულ ინტუიციასა და დაკვირვებულობაზე. ამბობენ, რომ ქალები არაჩვეულებრივი სნაიპერები არიან. 

-თუ შევადარებთ, მამაკაცს გაცილებით სწრაფი რეაქციის უნარი აქვს, ქალზე ფიზიკურად ძლიერია, ფოკუსირებული, შორი ხედვა აქვს, თუმცა ქალი უფრო უძლებს ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ დატვირთვებს, მისი ხედვა პერიფერიულია, შეუძლია გარემო 180 გრადუსზე მოიცვას, წვრილმანებისა და დეტალებისადმი ინტერესის წყალობით კი, ქალები მამაკაცებზე დაკვირვებულები არიან. რასაკვირველია, გამონაკლისები არსებობს ყველაფერში. და მაინც, სამხედრო სამსახურში მოტივაცია, შრომისმოყვარეობა, მიზანდასახულობა და პატრიოტიზმი ყველაზე დიდ უპირატესობად მიმაჩნია. ამ თვისებებს კი სქესი არ გააჩნია.

-მამაკაცებისა და ქალების ფიზიკური მომზადებისას, როგორც ცნობილია, ქალები 3-ჯერ უფრო ხშირად იღებენ ტრავმებს. ბევრის თქმით, ქალთა ჯანმრთელობაზე უარყოფითად მოქმედებს მძიმე ფიზიკური დატვირთვა და სამხედრო წესი. თქვენი აზრი აღნიშნულ საკითხზე.

-ამ საკითხზე, ვფიქრობ, სტატისტიკა არ არსებობს. რა თქმა უნდა, მარტივი არ არის, იყო ქალი სამხედრო, თუმცა, არცერთი სამხედრო სწავლება ან ფიზიკური დატვირთვა არ არის სულიერ სიმტკიცეზე ძლიერი.

-რამდენად ემხრობით ქალების სავალდებულო გაწვევას ჯარში? მოგეხსენებათ, საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლის თანახმად, ყველა ადამიანი თანასწორია.

-საზოგადოებას მომზადება სჭირდება. ვიდრე ქართველი დედები და მამები მიმართავენ სხვადასხვა ზომას, რათა ბიჭები არ გაუშვან ჯარში, რომ მოიხადონ ქვეყნის წინაშე ვალი, ქალების სავალდებულო გაწვევა ცოტა ნაადრევია ჩვენი ქვეყნის რეალობისთვის.

-რას ურჩევდით მას, ვისაც უნდა ამ მიმართულებით განვითარდეს? – ქართული სტერეოტიპული აზროვნების ფონზე, ამ ნაბიჯს, როგორც წესი, ვერ დგამენ.

-პრინციპულობა და მიზანსწრაფვა ანგრევს სტერეოტიპებს. იბრძოლეთ თქვენი მომავლისთვის!

 

მასალა მოამზადა: ნინი მშვენიერიძემ

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”

გაზიარება:
fb-share-icon0
Tags : slid