close
რაზები

მეფე გიორგი I – ის სიტყვა სიკვდილის წინ (“დიდოსტატის მარჯვენა”)

2019042109192687054

“-ამ სახლში ხომ არავინაა შენს მეტი, პიპა?
– არავინაა, მეფევ ბატონო.
– კარგია, პიპა, შენს მეტი რომ არავინ დაესწრო ჩემს სიკვდილს.
– რა დროს სიკვდილია, რასა ბრძანებთ, მეფევ ბატონო?!
– არა, ჩემი დღენი დათვლილია უკვე. მიწია გველისფერი წმიდა გიორგის რისხვამ, მე მივდივარ ამ სოფლიდან, პიპა. უამბე ჩემი ნათხრობი ვინც მომიკითხოს, ყველას. ბაგრატ უფლისწულსა და უკანასკნელ მეხამლესაც უამბე, პიპა.
მე მრავალი ცოდვა მიმიძღვის ამქვეყნად. როგორც მეფეს. ისე როგორც კაცს. თითქმის ყველა ღირსება და ყველა ნაკლი ჩემი, ხალხისა მიტარებია. ვაჟკაციც ვიყავი და მშიშარაც, კეისარს ვებრძოდი, მეშინოდა ხვიარას ფესვებისა, გულზვიადიც ვიყავი და ლოთიც, მაგრამ ჩემი ხალხისთვის არასოდეს მიღალატია, პიპა.
ჩვენი უბედურება ამჟამადაც ეგაა: ჩვენში მოღალატენი სჭარბობდნენ ერთგულებს, განა თუ სხვისი, საკუთარი თავის, თავის ხალხის მოღალატენი, კარგად ვიცი, თვით ჩემს მსტოვარებში ნახევარი ბიზანტიელებსა ჰყავდათ შესყიდული, ნახევარი სარკინოზებს.
როცა ხალხს ამდენი მოღალატე შინა ჰყავს, მაკედონელიც ვერ გაამარჯვებინებს მას.
ბასიანთან აზნაურებს რომ არ ეღალატნათ, იქაც ვძლევდი ბასილი კეისარს, იცოდე.
თუ მთელმა ერმა გამარჯვება არ მოინდომა, მაკედონელიც ვერ უშველის, პიპა, რადგან ჯერ არსად გაუმარჯვნიათ მშიშრებსა და მსტოვარებს.
სიყრმე და სიჭაბუკე საქართველოს შევალიე, მაგრამ ქართლელები “აფხაზს” მეძახდნენ, ხოლო აფხაზები – “ქართლელების მსტოვარს” მიწოდებდნენ ბაგრატოვანს, ლაზს.
დამანელა აზნაურებისა და სარდლების კინკლაობამ, პიპა. ჩვენში ყოველ ნაბიჭვარს აზნაურობა სწყურია, ყოველ ნაცარქექიას – სარდლობა.
მუდამ ბიზანტიელებს ეგებოდნენ ფეხქვეშ ჩვენი სულელი აზნაურები და ღორმუცელა ეპისკოპოზები, მეფეები მწვანე ეტლებს მიეტრფოდნენ და ბიზანტიურ ხარისხებს. ამიტომაც არ მიყვარდა პაპაჩემი – გურგენ მაგისტროსი, მამაჩემი – ბაგრატ კურაპალატი, და მცხეთიდან გაქცევის წინაღამეს ჩემს ვაჟს წავეკიდე, ბაგრატს.
ჩვენი უბედურება ეგაა: სხვის ფანდურზე ბუექნაობა გვიყვარს, ამიტომაც მუსრს ავლებდა საქართველოს სხვის ქვეყნებში ატეხილი ჭირი.
ხალხიც აზნაურებს ბაძავდა, პიპა, ამიტომაც მშვენიერს “უცხოს” უწოდებდნენ, კარგ ქართულ თხილს “ბერძნულს”, ხოლო საუკეთესო ცერცვსაც “ბერძნულს” .
სიმთვრალეში კარგი ვაჟკაცები ვართ და კარგი რიტორები, პიპა, ეგაა ოღონდ – სიფხიზლის დროს ჩადენილი ცუდკაცობა სიმთვრალეში გვავიწყდება ხოლმე, ხოლო ქეიფის დროს დანაქადები უკვე აღარ გვახსოვს გამოფხიზლებულთ.
მეც მჭირდა ეგ სენი, პიპა, სიმთვრალეში მოვაკვლევინე ფხოველებს დედიჩემის დისწული გირშელ, თრიაქით მთვრალმა.
ოდითგანვე ასე მოგვდგამს ქართველებს, მუდამ ჩვენს სიმცირეს მივსტიროდით, რადგან მტერი აურაცხელი გვყავდა მუდამ, მაგრამ დიდკაცი თუ გამოგვერია, მას ისე დაგკორტნით, როგორც დაკოდილ ძერას ყვავები”.
მცირე ხანს დადუმდა თვალდახუჭული, უცნაურად დაემანჭა სახე. ისევ გადაედო მკვდრისფერი, მერმე გაახილა თვალი და ეუბნება უშიშარაისძეს:
– ახლა ადექი, პიპა, მღვდელთაგანი მომგვარე ვინმე, არ მიყვარს პამპულა ეპისკოპოსები, უბრალო დიაკვნის პუტუნი მენატრება, პიპა.”
მეფე გიორგი I – ის სიტყვა სიკვდილის წინ.

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა“ 

მასალის გამოყენების პირობები

კომენტარი

admin2

The author admin2