close
იზიკა

მეტაფიზიკა, ჰიპერრეალობა და კვანტური მექანიკის მრავალი მნიშვნელობა – ინტერვიუ ჯიმ ბეგოტთან

baggot

კვანტური მექანიკა გამორჩეულად წარმატებული თეორიაა, რომელზეც, სმარტფონებიდან თანამგზავრებმდე, ჩვენი ტექნოლოგიებით გაჯერებული ცხოვრების უდიდესი ნაწილია დაფუძნებული. მიუხედავად იმისა, რომ კვანტური მექანიკა თვალსაჩინოდ მუშაობს და ფარდობითობის თეორიასთან და თერმოდინამიკასთან ერთად თანამედროვე ფიზიკის ძირითად საყრდენს წარმოადგენს, ფიზიკოსებში არ არსებობს კონსესუსი მისი მნიშვნელობის შესახებ.

ერთმნიშვნელოვნების ნაცვლად, გვაქვს კვანტური მექანიკის განსხვავებული და  ურთიერთგამომრიცხავი ინტერპრეტაციები. ოქსფორდის ფიზიკოსის, მრავალი ჯილდოს მფლობელი ავტორის, ჯიმ ბეგოტის თანახმად, ისინი, ფუნდამენტურ დონეზე, ერთმანეთისგან ფილოსოფიური წინასწარი დაშვებებით განსხვავდებიან. თავის ბოლო ნაშრომში “კვანტური რეალობა: თეორიათა თამაში” მან თავი მოუყარა, მოაწესრიგა და კონტექსტში მოაქცია კვანტური მექანიკის ეს განსხვავებული ინტერპრეტაციები და ახსნა თითოეულის მათგანის მომხრეთა არგუმენტების ისტორიული წარმომავლობა, უპირატესობები და ნაკლები.

ერთი ბანაკის თანახმად, კვანტური მექანიკის განტოლებები აღწერს რაღაც რეალურს, რაც  ბუნებაში ხდება – კვანტურ მდგომარეობას თავისთავად-  მაშინ, როცა საპირისპირო ბანაკის მომხრეები საუბრობენ ინფორმაციაზე კვანტური სისტემის მდგომარეობათა შესახებ, რომელიც ფიზიკურ სისტემის შესახებ ჩვენი გამოცდილებიდანაა წარმოებული. ჯიმ ბეგოტის თანახმად, ინტერპრეტაციებს შორის კონფლიქტის ძირითადი საფუძველია განსხვავება მეტაფიზიკურ დაშვებებში რეალობის ბუნების შესახებ – ჭიდილი რეალიზმს და ანტირეალიზმს შორის.

ბეგოტი ფიზიკოსებს მეტაფიზიკის უგულებელყოფაში ადანაშაულებს. მისი თქმით, ფიზიკოსები, თეორიების აგებას იწყებენ მეტაფიზიკური დაშვებებით, რომლებიც თავად არ არის დაფუძნებული ემპირიულ მტკიცებულებებზე. ფიზიკოსები მუდმივად იშველიებენ მეტაფიზიკას, თუმცა მხოლოდ მცირე მათგანი თუ აცნობიერებს ამას.

“კვანტური რეალობის” ცენტრალური მეტაფორაა მეცნიერული თეორეტიზება, როგორც ხომალდი, რომელიც მუდმივ მიმოცურვაშია მეტაფიზიკური და ემპირიული რეალობების ნაპირებს შორის.

მეტაფიზიკურ ნაპირი არის აბსტრაქტული წარმოსახვის, წინასწარი დაშვებების, შეუზღუდავი კრეატიულობის ადგილი, რომელიც სავსეა დაუმტკიცებადი მეტაფიზიკური კონსტრუქციებით, რომელთა ნაწილიც უნდა ვაღიაროთ, რათა საერთოდ რაიმე ფორმის მეცნიერების კეთება შევძლოთ. ასეთების მაგალითად იგი ასახელებს ნიუტონისეულ აბსოლუტურ სივრცე-დროს,  იდეალურ წრეს, იდეალურ სფეროს, უსასრულოდ მცირე წერტილს, უსასრულო წრფეს… ასეთი კონცეფციები არ გვხვდება ემპირიულ რეალობაში, მაგრამ მათ გარეშე მათემატიკაზე დაფუძნებული მეცნიერება შეუძლებელი იქნებოდა.

მეორე ნაპირზეა ბრუტალური ფაქტების, რიცხვების, ექსპერიმენტების, მიზეზების და შედეგების არასტუმართმოყვარე, კლდოვანი ნაპირი. ეს არის ადგილი, სადაც რეალურად აღმოვაჩენთ, თუ როგორია ბუნება სინამდვილეში.

ორივე ნაპირთან, რეპრეზენტაციების ზღვაში, მეცნიერი შეიძლება გადააწყდეს საფრთხეს: მეტაფიზიკის ნაპირთან ახლოს არის ქარიბდა, წმინდა მეტაფიზიკის ნონსენსის მორევი, რომელშიც შეიძლება ჩაიკარგო, ხოლო ემპირიული რეალობის ნაპირზე შეიძლება დაეჯახო სცილას მეჩეჩს, რომელიც ცარიელი ინსტრუმენტალიზმია, ემპირიულად ადეკვატური, მაგრამ მოკლებული ყოველგვარ ფიზიკურ გამჭრიახობას.

ჯიმ, მსურს დავიწყო მეცნიერული თეორეტიზების შენი ცენტრალური მეტაფორით.   “კვანტური რეალობა: თეორიათა თამაშში”, მეცნიერებას ადარებ ხომალდს, რომელიც წინ და უკან დაცურავს რეპრეზენტაციების ზღვაში, მეტაფიზიკური რეალობის მაცდურად კეთილმოსურნე და ემპირიული რეალობის  არასთუმართმოყვარე ნაპირებს შორის. შეგიძლია მოკლედ წარუდგინო ჩვენ მკითხველს ამ ანალოგიის მნიშვნელობა?

იფიქრე ამაზე როგორც იდეების და ფაქტების ურთიერთმიმართებაზე. როდესაც მეცნიერები აწყდებიან თავსამტვრევ მტკიცებულებებს, რომელიც არ ერგება არსებულ მეცნიერულ თეორიებს, ისინი ეცდებიან მოიფიქრონ ახალი იდეები იმის შესახებ, თუ როგორია ფიზიკური რეალობა. იმ დროისთვის როცა ეს იდეები ყალიბდება, ცხადია, მათ არ ამყარებს მტკიცებულებები – მაშასადამე, “მეტაფიზიკაა”. იდეები ან მოერგება არსებულ თეორიას ან გამოვიყენებთ სრულიად ახალი თეორიის განსავითარებლად. შემდეგ თეორია მოწმდება ან არსებული ფაქტებით ან ახალი პროგნოზის გაკეთებით, რომლისთვისაც ახალი ფაქტების მოძიება შეიძლება. თუ თეორია გაუძლებს, იდეები შთაინთქმება თეორიულ რეპრეზენტაციაში და მის არსებით ნაწილად იქცევა. ამ გზით მეტაფიზიკა “ნორმალიზდება” ან “ნატურალიზდება” და ჩვენ აღარ ვფიქრობთ მასზე, როგორც მეტაფიზიკაზე.

ჩემ მეტაფორაში, იდეები გამომდინარეობს ჩვენი წინასწარი დაშვებებიდან რეალობის შესახებ, რომელსაც მე ვაიგივებ “მეტაფიზიკურ რეალობასთან”. ფაქტები გამომდინარეობს დაკვირვებებიდან და ექსპერიმენტებიდან, რომელიც “ემპირიულ რეალობაში” ტარდება. “მეცნიერების ხომალდი” თან ატარებს იდეებს და ფაქტებს როცა ამ ორ ნაპირს შორის მიმოცურავს და საბოლოოდ ჩვენ მივდივართ რეპრეზენტაციამდე, რომელიც დაფუძნებულია ორივეზე, იდეებზე და ფაქტებზე. ჩვენ ამ რეპრეზენტაციას მეცნიერულ თეორიას ვუწოდებთ.

“კვანტური რეალობა: თეორიათა თამაშის” ცენტრალური მეტაფორა. მეცნიერება როგორც ხომალდი, რომელიც რეპრეზენტაციების ზღვაში დაცურავს, მეტაფიზიკურ და ემპირიულ რეალობებს შორის.

მოგვიყევი შენი ემპირიული კრიტერიუმის იდეის შესახებ და ახსენი თუ რატომაა ის უპირატესი დემარკაციის სხვა კრიტერიუმებზე, როგორებიცაა ლოგიკური პოზიტივისტების ვერიფიკაციის პრინციპი და კარლ პოპერის ფალსიფიკაციის პრინციპი?

რამდენიმე გამორჩეული გამონაკლისის გარდა, თანამედროვე ფილოსოფოსებმა ხელი აიღეს მეცნიერების და არა-მეცნიერების ერთმანეთისგან გარჩევის გამოწვევაზე. პრობლემები აქვს ორივეს, ვერიფიკაციას (ლოგიკური პოზიტივისტები) და ფალსიფიკაციას (პოპერი) და ასევე ლაკატოსის მიერ შემუშავებულ “მეცნიერული კვლევითი პროგრამების მეთოდოლოგიას.

ჩემი “ემპირიული კრიტერიუმი” არის პირადი შეხედულება და მცდელობა დაჟინებით ვამტკიცო, რომ არსებობს განსხვავება: იმისთვის, რომ რაღაც ჩაითვალოს მეცნიერულად უნდა არსებობდეს გარანტია, რომ ის შესაძლოა შეპირისპირებული იქნას ემპირიულ მტკიცებულებებთან.

სავარაუდოდ, საუკეთესო გზა იმის ახსნის, თუ რას ვგულისხმობ “ემპირიულ კრიტერიუმში” არის მაგალითი მეცნიერების უახლესი ისტორიიდან.

1964 წელს პიტერ ჰიგსმა წამოაყენა მექანიზმი, რომლის მეშვეობითაც ნაწილაკები “იძენენ მასას.” არ აქვს მნიშვნელობა თუ რა არის ეს მექანიზმი, გვჭირდება ვიცოდეთ მხოლოდ ის, რომ იმ დროისთვის მან უზრუნველყო ნაწილაკების ფიზიკაში არსებული  მნიშვნელოვანი პრობლემის პოტენციური გადაჭრა. ჩვენ ვიცით, რომ ბუნების ყველა ძალას ატარებენ “ძალის ნაწილაკები”: მაგალითად, ფოტონი არის ელექტრომაგნიტური ძალის მატარებელი. ერთ-ერთი, შედარებით უფრო ბუნდოვანი ძალის მატარებლების ამოცნობის მცდელობები- რომელსაც სუსტი ბირთვული ძალა ეწოდება, ატომის ბირთვის შიგნით მოქმედებს და პასუხისმგებელია რადიოაქტივობაზე – გადააწყდა პრობლემას, რომ ძალის მატარებლები, პროგნოზის თანახმად მასის არ მქონე ნაწილაკები უნდა ყოფილიყვნენ (ფოტონების მსგავსად). ეს წარმოადგენდა პრობლემას, რადგან მაშინ, სუსტი ბირთვული ძალის ნაწილაკები ისეთივე ყოვლისმომცველი უნდა ყოფილიყო როგორც თავად სინათლე. ჰიგსის მექანიზმა ეს გადაჭრა. რამდენიმე წლის შემდეგ სტივენ ვაინბერგმა გამოიყენა ეს მექანიზმი სუსტი ძალის მატარებლების მასების წინასწარმეტყველებისთვის. ეს არის W ნაწილაკები (ერთი დადებითი, ერთი უარყოფითი) და ნეიტრალური Z ნაწილაკი.

ჩემი მეტაფორის კონტექსტში, ჰიგსი ეწვია მეტაფიზიკური რეალობის ნაპირებს და უკან  “რა იქნება, თუ?” სახის იდეების დაბრუნდა. ჰიგსის მექანიზმი  იმ დროისთვის მთლიანად სპეკულაციური იყო და ის მეტწილად უგულებელყო ფიზიკოსთა საზოგადოებამ მაშინ, როცა სტატია გამოქვეყნდა. რამდენიმე წლის შემდეგ ის უფრო სერიოზულად აღიქვეს და – რაც უფრო მნიშვნელოვანია, ჩემი აზრით, – მან პროგნოზის შესაძლებლობა მოგვცა. ეს – ჩემთვის – არის ემპირიული კრიტერიუმის მაგალითი. თეორიას სჭირდება, სულ მცირე, გარკვეული გარანტია მაინც, რომ ერთ დღეს გადამოწმდება. ეს კრიტერიუმი განსხვავდება სხვებისგან – ვერიფიკაცია და ფალსიფიკაცია – მხოლოდ იმით, რომ ის არ ცდილობს უბრძანოს მეცნიერებს, თუ რა უნდა გააკეთონ ნებისმიერი ტესტის შედეგების შუქზე. ჩემთვის საკმარისია, რომ განსაზღვრული ემპირიული ტესტი შესაძლებელი იყოს პრინციპულად. ეს საკმარისია ჩემთვის, რომ მიივიღო თეორია, როგორც “მეცნიერება.”

W და Z ნაწილაკები CERN-ში მხოლოდ 1980 წლების დასაწყისში აღმოაჩინეს, მათი მასები ძალიან ახლოს იყო ვაინბერგის პროგნოზთან. ეს თავისთავად საკმარისი შეიძლებოდა ყოფილიყო ზოგიერთი ფიზიკოსისთვის, რომ დაეკსვნათ, რომ ჰიგსის მექანიზმი სწორია, მაგრამ, რა თქმა უნდა, საბოლოო მტკიცებულება, რომ  “ჰიგსის ველი” არსებობს იყო მასთან ასოცირებული ნაწილაკი  – ჰიგსის ბოზონი. ის ცერნმა 2012/13 წლებში აღმოაჩინა. ამრიგად, შეგვიძლია ვამტკიცოთ, რომ ჰიგსის იდეებს 50 წელი მოუნდა, რომ დამტკიცებულიყო მისი კავშირი ემპირიულ რეალობასთან.

შენ შეიძლება იფიქრო, რომ ემპირიული კრიტერიუმი ძალიან ცოტას შეჰმატებს დისკუსიას. ბოლო-ბოლო, ეს იგივე არაა, რაც ვერიფიკაცია ან ფალსიფიკაცია? მე მას დაჟინებით  ვამტკიცებ იმიტომ, რომ გარკვეულ განვითარებებს ფუნდამენტურ თეორიულ ფიზიკაში მივყავართ იმ მიმართულებით, სადაც კონტაქტი ყოველგვარ ემპირიულ მონაცემებთან დაკარგულია. სიმების თეორია და მულტივერსის თეორია მთლიანად სპეკულაციურია და არ გვაწვდის შემოწმებად პროგნოზებს ან გარანტიას, რომ რაიმე სახის განსაზღვრული ემპირიული ტესტი შეძლებს მომავალში. ჩემ მეტაფორაში, ამ თეორიებმა ზედმეტად ახლოს მიცურეს ქარიბდასთან – ისინი დატყვევებულები არიან მეტაფიზიკური ნონსენსის მორევში – ყოველგვარი იმედის გარეშე, რომ რეპრეზენტაციების ზღვას გადალახავენ. იქნებ მე ზედმეტად მოუსვენარი ვარ? ბოლო-ბოლო ფიზიკოსებს 50 წელი დასჭირდათ ჰიგსის ბოზონის აღმოსაჩენად. მაგრამ სიმების თეორია და მულტივერსის თეორიაც რაღაც ფორმით ასევე 50 წელია არსებობს და მათი სტატუსი ამ დროის განმავლობაში არ შეცვლილა.

კვანტური მექანიკის კოპენჰაგენის ინტეპრეტაციის  მეტაფიზიკური წინასწარი დაშვების თანახმად, კვანტური ფიზიკა შეეჩეხა რაღაც ტიპის ფუნდამენტურ ზღვარს. შეგიძლია აგვიხსნა, რა არის ეს ზღვარი?

ზღვარი განსაზღვრულია როგორც განსხვავება “ნივთი თავისთავადს” და “ნივთი როგორც ის ჩვენ გვევლინებას” შორის (კანტი). თუ ჩვენ ვიძენთ (მეცნიერულ) ცოდნას მხოლოდ ფენომენების მეშვეობით (ემპირიული გამოცდილებები სამყაროს შესახებ), ჩვენ ასევე უნდა ვაღიაროთ, რომ არასდროს გვექნება ცოდნა “ნივთი თავისთავადის” შესახებ. შეიძლება გვქონდეს იდეები ამ რაღაცებზე, მაგრამ არასდროს გვექნება ცოდნა მათ შესახებ. კვანტურ მექანიკაში, ჩვენ ვაწყდებით განსხვავებული ტიპის ფენომენებს – როგორებიცაა ტალღის მსგავსი და ნაწილაკის მსგავსი ქცევები – რომელიც დამოკიდებულია იმაზე, თუ რა სახის ექსპერიმენტს ვასრულებთ. სხვა ანტი-რეალისტური ინტერპრეტაციების მსგავსად, კოპენჰაგენის ინტერპრეტაცია ამბობს, რომ ჩვენ შეგვიძლია მხოლოდ ვიცოდეთ, რომ ამ გარემოებაში ელექტრონი (მაგალითად) გვევლინება როგორც ტალღა და სხვა გარემობაში, ის გვევლინება როგორც ნაწილაკი. ჩვენ შეგვიძლია ვიცოდეთ  მხოლოდ ელექტრონი-როგორც-ის-გვევლინება. ჩვენ არ შეგვიძლია ვიცოდეთ თუ რა არის ელექტრონი, თავისთავად.

როგორც კვანტურ რეალობაში წერ, კარლო როველის თანახმად, მათემატიკური განტოლები კვანტურ მექანიკაში მიუთითებს არა დამოუკიდებლად არსებულ ფიზიკურ მდგომარეობებზე, არამედ ინფორმაციაზე კვანტური სისტემის შესახებ რომელიც წარმოებულია ჩვენ მიერ მასზე დაკვირვებისგან. რას ნიშნავს სიტყვა ინფორმაცია ამ კონტექსტში?

როველის ამტკიცებს, რომ კვანტური “მდგომარეობის” ცნებას  – კვანტური ერთეულის, მაგალითად ელექტრონის ფიზიკური მდგომარეობა – არ აქვს მნიშვნელობა, ვიდრე ელექტრონი არ დაამყარებს რამე ტიპის მიმართებას. ეს შესაძლოა იყოს მიმართება სხვა ერთეულთან ან გამზომ ხელსაწყოსთან. ჩვენ ვიძენთ ცოდნას (ინფორმაციას შესახებ) ამ მიმართებებზე კვანტური ფენომენების შესახებ ჩვენი გამოცდილების მეშვეობით. ის ამტკიცებს, რომ ამ მიმართებების კვანტური მექანიკის მათემატიკურ ფორმულირებებში კოდიფიკაციას ვახდენთ, ესე იგი ჩვენ ვიღებთ ინფორმაციას, რომელიც წარმოებულია ჩვენი გამოცდილებებიდან და ვაყალიბებთ მას ფორმალურად იმგვარად, რომ მოგვეცეს საშუალება, ვიწინასწარმეტყველოთ (ხშირად ინტუიციის საწინააღმდეგოდაც)ისეთი არაერთი გამოცდილება, რომელიც მომავალში შეიძლება გვქონდეს.

ერთი წუთით ოდნავ ტექნიკურები რომ გავხდეთ, ეს “კოდირება” იღებს “გეგმილის ამპლიტუდების” სიმრავლის ფორმას. ესენი წარმოებულია ფიზიკაში ჩვენი ისეთი გამოცდილებისგან, როგორებიცაა მაგალითად მალუსის კანონი: თუ ჩვენ ვატრიალებთ წრფივი პოლარიზატორის ოპტიკურ ღერძს, მაშინ მასში გამავალი წრფივად პოლარიზებული სინათლის ინტენსივობა ბრუნვის კუთხის კოსინუსის კვადრატის უკუპროპორციულად დაეცემა. ამის მერე ვიყენებთ გეგმილის ამპლიტუდებს, რათა ვიწინასწარმეტყველოთ უამრავი განსხვავებული გაზომვის შედეგი გადახლართული ნაწილაკების ჩათვლითაც.

რომელი წინააღმდეგობებისგან ვთავისუფლდებით, თუ მივიღებთ კვანტური მექანიკის მიმართებითი და ინფორმაციულ-თეორეტიკული ინტერპრეტაციების ან კვანტური ბეიზიანიზმის ანტირეალისტურ პოზიციას?

ყოველ მათგანს. “ტალღური ფუნქციის კოლაფსი” და მანძილზე ზემოქმედების მოჩვენება (spooky action at distance) არის წინააღმდეგობრივი მხოლოდ მაშინ, თუ მივიღებთ ტალღურ ფუნქციას როგორც კვანტური სისტემის რეალურ ფიზიკურ მდგომარეობას. თუ, ნაცვლად ამისა, ტალღური ფუნქცია (გეგმილის ამპლიტუდების ფორმით) წარმოადგენს მხოლოდ კოდიფიცირებულ ინფორმაციას, მაშინ არავითარი ფიზიკური “კოლაფსი” არ ხდება ან რაიმე ტიპის “ქმედება”. თუმცა, ამ ანტირეალიზმს ფასი აქვს. როდესაც დაშორებულ ნაწილაკებს შორის არსებულ კორელაციებს შევუპირისპირებთ, ანტი-რეალისტური ინტერპრეტაციები არ გვთავაზობს ახსნას, გარდა იმისა, რომ ეს არის მთლიანად პროგნოზირებადი ფიზიკის ჩვენი წარსული გამოცდილების საფუძველზე (ისევ გეგმილის ამპლიტუდები). იქ “არაფერია დასანახი”.

თუ გადავწყვეტთ, რომ  რეალისტებს დავუჭიროთ მხარი, რომელი რეალისტური ინტერპრეტაცია უმკლავდება წინააღმდეგობებს საუკეთესოდ? რა განსხვავებაა ტალღურ ფუნქციას, როგორც სტატისტიკური ქცევის შეჯამების მოსახერხებელ გზას და ტალღურ ფუნქციას შორის, როგორიც ის წარმოდგენილია ბროილი-ბომის თეორიაში?

ფრთხილად: “სტატისტიკური ქცევის შეჯამება” შეიძლება ნიშნავდეს, რომ ჩვენ ვუშვებთ, რომ არის რაღაცები (ჩვენ მას ფარულ ცვლადებს ვუწოდებთ) რომლებიც სტატისტიკურად იქცევა. უმჯობესია თუ ვიტყვით“ფიზიკის ჩვენი გამოცდილების კოდიფიკაცია ან ინფორმაციის შეჯამება”. ვაღიარებ, რომ არცერთი მთავარი რეალისტური ინტერპრეტაცია მხიბლავს, მაგრამ ბროილი-ბომის თეორია ყველაზე “ნაკლებად მიუღებელია.”

მინდა დავასრულო ეს ინტერვიუ შენი კომენტარით ჟან ბოდრიარის ჰიპერრეალობის კონცეფციაზე, რომელიც, ვფიქრობ, უფრო და უფრო აქტუალური ხდება თანამედროვე საზოგადოებაში. შენი აზრით, რომელი ძირითადი პოლიტიკური და სოციალური მოვლენები, რომელსაც ადგილი ჰქონდა შენი წიგნის “დამწყების გიდი რეალობაშის” გამოქვეყნების შემდეგ უსვამს ხაზს ამ კონცეფციის რელევანტურობას?

“დამწყების გზამკვლევი რეალობაში” მე ვწერ ედუარდ ბერნეისის გავლენიან ნაშრომზე, “პროპაგანდა”, რომელიც 1928 წელს გამოქვეყნდა. ცოტა ხნის წინ, მე გადავაწყდი კიდევ ერთ ავტორის, თიმიან ბუსემერის წიგნს, რომელიც განმარტავს პროპაგანას როგორც “გარკვეული ტიპის კომუნიკაციას, რომელიც ხასიათდება რეალობის რეპრეზენტაციის დამახინჯებით”. ეს, ვფიქრობ, ძალიან მნიშნელოვანი და არსებითია იმის გასაგებად, თუ როგორ დააჩქარა პოპულისტური ნაციონალიზმი აშშ-ში (ტრამპი) და გაერთიანებულ სამეფოში (ბრექსიტი) პროპაგანდამ, რომელიც მიზანმიმართულად იყო შექმნილი, რომ გაემრუდებინა სოციალური რეალობის ჩვენი აღქმა – რაშიც, როგორც ჩას, ავთვისებიანი სახელმწიფო აქტორებიც დაეხმარა. შესაძლოა ეს არ არის ჰიპერრეალობა როგორც ბოდრიარი ამას აღიქვამდა, რადგან ჰიპერრეალობა არის მოდელი, რომელსაც არ აქვს ბაზისი რეალობაში, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ თუ დავამყარებთ კორელაციას რეალობას და სიმართლეს შორის, მაშინ ტრამპიზმი არსებითად ჰიპერრეალურია. ჩვენ ჯერ კვიდევ არ გვიხილავს კონფლიქტის მასშტაბი 2016 წლის რეფერენდუმში დაპირებულ ბრექსიტს და რეალობას შორის, მაგრამ ეჭვგარეშეა, რომ ეს კონფლიქტი იქნება.

წყარო : tabula.ge

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

მასალის გამოყენების პირობები

კომენტარი