close
ისტორიაპოლიტიკასაქართველო

არჩევნებში გამარჯვებული პირველი მუსლიმი ქალი საქართველოდან იყო

ყარაჯლარი აზერბაიჯანის საზღვართან მდებარე პატარა სოფელია. მოსახლეობა ძირითადად მუსლიმი აზერბაიჯანელებისგან შედგება, აქ ცხოვრება შედარებით მშვიდია, კაცები ტრადიციულ ჩაის მიირთმევენ, ქალები კი საშინაო საქმეებით იტვირთავენ თავს.

ასი წლის წინ ეს ადგილი დემოკრატიის განვითარების აკვანი იყო. ისტორიკოსმა ირაკლი ხვადაგიანმა აღმოაჩინა წყარო, სადაც წერია, რომ 1918 წელს დეპუტატის თანამდებობაზე მუსლიმი ქალი აირჩიეს.

ყარაჯლარის მატრიარქატული ისტორია

ქალს ფარიხან სოფიევა ერქვა და მის შესახებ ბევრი რამ არ არის ცნობილი, მათ შორის არც დაბადების თარიღი. ერთადერთი რაც ვიცით, ეს არის მისი ხელმოწერა ოფიციალურ დოკუმენტებზე, სავარაუდო ფოტო, საფლავი და მოგონებები ადგილობრივ მოსახლეობაში. იქ იხსენებენ, რომ ფარიხანი იარაღს ატარებდა და თუთუნსაც ეწეოდა, რაც იმ დროინდელი პატრიარქატული აზერული წყობისთვის კატეგორიულად მიუღებელი იყო. თუმცა, ფარიხანის ისტორიის მნიშვნელობა, პატარა მშვიდი სოფლის მასშტაბებს ცდება და კარგად გვიჩვენებს მეოცე საუკუნის პირველ ნახევარში მიმდინარე მოვლენებს.

1918 წელს, საქართველომ თანამედროვე დემოკრატიის განვითარებაში გაბედული ნაბიჯები გადადგა, მაგრამ სამი წლის შემდეგ ბოლშევიკურმა პარტიამ ყველაფერი გაანადგურა. პირველი ომის და ბოლშევიკური რევოლუციის ქარცეცხლში მოქცეულმა ქვეყანამ დამოუკიდებლობა გამოაცხადა და სოციალურ დემოკრატიული, მულტი-ეთნოსური რეგიონის შექმნა განიზრახა მიზნად. ახალგათავისუფლებულ ქვეყანაში უმცირესობების უფლებები, რელიგიის თავისუფლება და საყოველთაო არჩევნებში მონაწილეობის სისტემა კონსტიტუციით უნდა ყოფილიყო დაცული. მიზნის განხორციელება სოფლებში არჩევნების ჩატარებით დაიწყეს.

“პოლიტიკოსების აზრით, ნამდვილი დემოკრატია სოფლებზე გადის. თუ ახალი სისტემა სულ ქვედა დონემდე არ ჩამოყალიბდება, მაშინ დემოკრატია საქართველოში ვერ შემოვა”, — განაცხადა ხვადაგიანმა, რომელიც საქართველოს საბჭოთა წარსულის კვლევით არის დაკავებული.

სწორედ რომ დემოკრატიული საქართველოს ადგილობრივი მმართველების ძებნის დროს გადააწყდა ფარიხანის სახელს, რომელიც აზერბაიჯანელი ქალის სახელია. დოკუმენტში დეტალურად იყო აღწერილი ტიფლისში გამართული კრება, სადაც სხვადასხვა რეგიონის წარმომადგენლები ესწრებოდნენ, მათ შორის იყო ყარაჯლარის სოფელიც.

“როდესაც პირველად მისი სახელი ვნახე გავოგნდი”, — ხვადაგიანი ამბობს, რომ ფარიხანის სახელი ჯერ არჩევნების სიაში ნახა, შემდეგ კი რუსულ დოკუმენტში, სადაც ხელმოწერით ადასტურებს, რომ სოფიევა სოფლის ოფიციალური წარმომადგენელი იყო.

ფარიხან სოფიევა

ფოტო: Wikipedia

არქივში შენახულ დოკუმენტში აღწერილია, რომ სოფიევა დამოუკიდებელი კანდიდატი იყო და მთელი საქართველოს პოლიტიკურ პარტიებს უწევდა კონკურენციას. მისი გამარჯვება იმისი დასტურია, რომ სოფელში ის დიდი ავტორიტეტით სარგებლობდა.

საყოველთაო არჩევნებში მონაწილეობის სისტემა 1918 წლის საქართველოსთვის ახალი არ იყო. პოსტ-იმპერიულ რუსეთში ქალები არჩევნებში იღებდნენ მონაწილეობას და თანამდებობასაც იკავებდნენ — მაშინ, როცა ახალმა ზელანდიამ ქალებს ხმის მიცემის უფლება ჯერ კიდევ 1893 წელს მისცა. თუმცა, საქართველო მაინც გამორჩეულია იმ მხრივ, რომ მუსლიმი მოსახლეობის რაოდენობა იმდენად დიდი იყო, საკუთარი თემის წარმომადგენელი შეეძლოთ ჰყოლოდათ. აზერბაიჯანმა, დამოუკიდებლობა 1918 წელს გამოაცხადა და პირველი მუსლიმანური ქვეყანა იყო, სადაც საყოველთაო არჩევნები დაწესდა. თუმცა, არჩევნების შემდეგ, ქალი არც ერთ თანამდებობაზე აურჩევიათ. საქართველოში 1919 წლის საპარლამენტო არჩევნებში ხუთი ქალი და სამი კაცი აირჩიეს.

თითქმის დარწმუნებით შეიძლება ითქვას, რომ სოფიევა პირველი მუსლიმი ქალი იყო მთელი მსოფლიოს გარშემო, რომელიც თანამდებობის პირად აირჩიეს.

რა თქმა უნდა, აქამდე ბევრ მუსლიმ ქალს ჰქონდა პოლიტიკური ძალა და რამდენიმეს არც თუ ისე მნიშვნელოვანი თანამდებობაც კი ეკავა, მაგრამ სოფიევა პირველი იყო, რომელიც ხალხმა თავისი ნებით აირჩია.

ეს ღირშესანიშნავი მოვლენა, ქართულ მედიას შეუმჩნეველი არ დარჩენია. 1918 წელს, ჟურნალმა სახალხო საქმემ სოფიევას გამარჯვება იზეიმა. აღსანიშნავია, რომ გაზეთი მხარს სოციალისტ ფედერაციას უჭერდა და სწორედ ეს პარტია დაამარცხა სოფიევამ.

“პრესის განცხადებით, ძალიან დიდი წინგადადგმული ნაბიჯია, რომ მუსლიმი ქალი აირჩიეს თანამდებობაზე. ეს დემოკრატიის და კულტურული მრავალფეროვნებისკენ გადადგმული უზარმაზარი ნაბიჯი იყო, რომელიც სამწუხაროდ, მალე დაივიწყეს, თვითონ სოფელშიც კი, რადგან შემდგომ დატრიალებულმა საშინელებებმა დემოკრატიის დამკვიდრების შანსი მთლიანად მოსპო”.

სოფიევას კვალი

ყარაჯლარში სოფიევას კვალი დღესაც შემორჩენილია. ადგილობრივ სკოლაში, რომელსაც რესტავრაცია ახლა გაუკეთეს, მისი გვარი საპატიო დაფაზეა გამოკრული. ხვადაგიანი სოფელში მისთვის ჩავიდა, რომ სოფიევას გადარჩენილ შთამომავალს მიაგნოს და მის შესახებ მწირი ბიოგრაფიული ცნობები რამენაირად შეავსოს. როგორც კი სკოლის დირექტორის კაბინეტის კარი შეაღეს, ნათელი გახდა რომ დიდხანს ძებნა არ მოუწევდა.

ბედ ზადრ სოფიევი სკოლის ისტორიის მასწავლებელი და ფარიხანის ძმის შვილიშვილია. ის მართალია ფარიხანს არ იცნობდა, მაგრამ მასთან კავშირს ჯერ კიდევ მჭიდროდ გრძნობს.

“რეგიონში ყველა უხუცესმა იცის მისი სახელი და ყველაფერი რაც გააკეთა. ძალიან აქტიური ქალი იყო, ყველას ეხმარებოდა. თან იმ დროს ხალხს ისეთ საშინელ პირობებში უწევდა ცხოვრება და ის მაინც არავის არ ეუბნებოდა დახმარებაზე უარს”, — ამბობს ბეგ ზადრი და მას ქალ რობინ ჰუდს ადარებს.

ოთახში შეკრებილი მასწავლებლები თანხმობის ნიშნად თავს უქნევენ:

“ძალიან მამაცი იყო და განსხვავებული ხასიათი ჰქონდა. თუთუნს ეწეოდა,კაცების ყრილობაზეც კი დომინანტი ფიგურა თავად იყო”.

დღევანდელ დღეს, აზერბაიჯანელების თემში ეს თითქმის წარმოუდგენელი საქციელია. 2017 წელს შეგროვებულ მონაცემებში ჩანს, რომ გოგოებს 16 წლამდე აქორწინებენ და სწავლას ვეღარ აგრძელებენ. გენდერული დისკრიმინაცია აზერბაიჯანში ნორმაა და პოლიტიკური ძალაუფლება მათთვის თითქმის წარმოუდგენელია. ქალისთვის სიგარეტის მოწევაც კი მიუღებელ საქციელად ითვლება.

მოგონებები ფარიხანზე

თემში ფარიხანი შემორჩენილია როგორც თუთუნის მოყვარული ფილანტროპი, თუმცა ცნობილია მისი ცხოვრების სხვა მხარეც. 9-შვილიანი ოჯახიდან ისე ერთდერთი გოგო იყო და თავის ძმებს მეთაურობდა სხვადასხვა სახალხო საქმეში. შეიძლება ითქვას, რომ 8-ძმიან ოჯახში, დომინანტი ქალი, ყარაჯლარის დეფაქტო მმართველი არჩევნებამდეც იყო.

სოფლის ბოლოს რახშანდა სოფიევას სახლი დგას, რომელიც ფარიხანის ძმისშვილის ქვრივია. ეს 80-ს მიტანებული ქალი ერთადერთია, ვისაც ფარიხანი რეალობაში უნახავს და მისი არჩევნებში გამარჯვებაც ახსოვს.

“ოჰ ფარიხანი… ნათელში განისვენოს. ისეთი ქალი იყო! კაცი იყო ქალის სხეულში, მისი ყველას ეშინოდა, სოფელში ვინმეს რამე კითხვა თუ ჰქონდა, ყველა ფარიხანთან მიდიოდა რჩევის საკითხად. მისი სიტყვა კანონი იყო და ურჩობას ვერავინ უბედავდა”, — იხსენებს ის.

ფოტო: Eurosianet

რაშხანდას თქმით, ფარიხანი ბოლშევიკური წყობის შემდეგაც კი ანგარიშგასაწევი ძალა გახდა. სოფელში მინისტრის როლს ასრულებდა, ქორწილებში და გასვენებებში მოლასავით ყურანს კითხულობდა. ღარიბებისთვის შემოწირულობას აგროვებდა და სადაც არ უნდა წასულიყო, გერმანული რევოლვერი მუდამ თან დაჰქონდა. მისი დაჩოქება ვერავინ ვერ შეძლო, თვით საბჭოთა კავშირმაც კი.

ცხოვრება და გადარჩენა საბჭოთა კავშირში

სამწუხაროდ მის ძმებს ასე არ გაუმართლათ.

სტალინის დროს, 1937 წელს, მისი რვა ძმიდან ხუთი დახვრიტეს.

“მდიდრები იყვნენ, ამიტომ ავტომატური სამიზნეები გახდნენ”, — საუბრობს რახშანდა, რომელიც ამ დროს პატარა ბავშვი იყო. იხსენებს, როგორ წაიყვანეს ძმები მარშში და მოკლეს. მარში სავარაუდოდ საერთო სასაფლაოა, სადაც დახვრეტილებს ასაფლავებდნენ.

ისტორიკოსი ხვადაგიანი ხსნის, რომ სიკვდილით დასჯა სტალინის ეპოქისთვის დამახასიათებელი იყო.

“რთულია გაიგო რისთვის დასაჯეს. არქივში მარტო სიკვდილის დასჯის პროტოკოლია ნახსენები. ამბობენ, რომ ხალხის მტრები იყვნენ, თუმცა შეიძლება სოციალურ სტატუსს ჰქონდა გავლენა, ან იმას, რომ საბჭოთა კავშირის რეჟიმს არ ეგუებოდნენ. სიკვდილით დასჯას დიდი ახსნა არ სჭირდებოდა”.

სისხლიანმა წმენდამ ფარიხანის საჯარო ცხოვრებას წერტილი დაუსვა და მან მთელი დარჩენილი ცხოვრება ოჯახის დაცვას მოანდომა. ხალხის მტრის შვილები მასობრივი დისკრიმინაციის მსხვერპლ იყვნენ და ხშირად გადასახლებაში გზავნიდნენ. ვინც უცხო ქვეყანაში გაგზავნას გადაურჩებოდა, უმაღლესი განათლების მიღება ან მაღალი თანამდებობის დაკავება აკრძალული ჰქონდა. ძმების სიკვდილის შემდეგ, ფარიხანმა თავისი ძმისშვილები საკუთარი შვილებივით გაზარდა.

“ფაქტობრივად მათი დედა გახდა, მათთვის ცოცხლობდა და უმაღლესი განათლებაც კი მიაღებინა. მისი ძმისშვილები ექიმები, მასწავლებლები ან სხვა მაღალი თანამდებობის პირები გახდნენ. ეჰ, ფარიხანი ასეთი მაგარი ქალი იყო…” — იხსენებს რახშანდა.

ფარიხანის ძმისშვილიშვილი ბეგ ზადრი მის საფლავთნ ლოცულობს. სასაფლაოს ეს ნაწილი მარტო სოფიევებისთვის არის განკუთვნილი, ზოგიერთი საფლავის ქვა კი ფოტოებით არის გამშვენებული. ფარიხანის საფლავის ქვა კვადრატის ფორმისაა. იქვე, დიდი აგურის მავზოლეუმია გაშენებული, რომელიც მისმა ძმისშვილმა ააშენა. ადგილზე ასევე არის მემორიალი ფარიხანის გარდაცვლილი ძმების საპატივსაცემოდ, რადგან მათი სხეულები დაუნიშნავ სასაფლაოზე განისვენებს.

ფარიხანი 1953 წელს გარდაიცვალა, ზუსტად იმავე წელს მოკვდა სტალინიც. მას შემდეგ რაც ერთ-ერთი ძმისშვილის გარდაცვალების შესახებ გაიგო და გულის შეტევა მიიღო. მიუხედავად იმისა, რომ ფარიხანი თითქმის მსოფლიოში ერთადერთი მუსლიმი ქალი იყო, რომელმაც არჩევნებში გამარჯვება ხალხის ნებით მოახერხა, ის იმ ქვეყანაში გარდაიცვალა, სადაც არც არჩევანის თავისუფლება არსებობდა და არც რელიგიის. მას დღეს “კაცი ფარიხანის” სახელით იცნობენ და არა “დემოკრატიულად არჩეულ ლიდერ ფარიხანად”.

თვით მისი ძმისშვილიშვილიც კი ამბობს, რომ დღეს ქალის დემოკრატიული გზით არჩევა შეუძლებელია, რადგან ეს მათი კულტურისთვის მიუღებელია.

მაგრამ რახშანდა, რომელიც ფარიხანს პირადად იცნობდა, სულ სხვანაირად ფიქრობს:

“განათლების გარეშე არაფერი არ გამოვა. თუ ქალი ფარიხანივით განათლებულია, მაშინ მისთვის არაფერი არ არის შეუძლებელი”.

ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა“

გაზიარება:
fb-share-icon0