close
კვლევებიმედიცინამსოფლიო

ტიპი-1 დიაბეტის ვაქცინას ადამიანებზე 2018 წელს გამოცდიან

მეცნიერები აცხადებენ, რომ ბავშვებში ტიპი-1 დიაბეტის პრევენციისთვის საჭირო ვაქცინა კლინიკური ცდებისთვის მზად 2018 წელს იქნება.

ვაქცინა წამალი არ გახლავთ და ის დაავადების სრულად აღმოფხვრას ვერ უზრუნველყოფს, თუმცა ვირუსის მიმართ იმუნიტეტს აძლიერებს, ეს კი, თავის მხრივ, დაავადების ყოველწლიურ სტატისტიკას შეამცირებს.

ტიპი-1 შაქრიანი დიაბეტი სისტემური ჰეტეროგენული დაავადებაა, განპირობებული ინსულინის აბსოლუტური უკმარისობით, რომელიც იწვევს ორგანიზმში ნივთიერებათა ცვლის დარღვევას. შაქრიანი დიაბეტი ტიპი 1 ავტოიმუნური დაავადებაა, რომელიც ინდუცირდება ვირუსული, ასევე სხვადასხვა მწვავე ან ქრონიკული ინფექციით, რომლებიც მოქმედებენ გენეტიკური წინასწარგანწყობის ფონზე.

ეჭვგარეშეა, რომ ეს კომპლექსური დაავადებაა ამ პროცესის გამომწვევი მრავალი გზა არსებობს. ერთ-ერთი მაგალითი, რომელიც თამპერის უნივერსიტეტის ვირუსოლოგმა ჰეიკი ჰოტიმ დაადგინა, ენტეროვირუსის ტიპია.

ენტეროვირუსები ახალშობილებში ხშირია, დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრების (CDC) კვლევის თანახმად, 2007 წელს აშშ-ში 444 ცნობილი ენტეროვირუსის შემთხვევების მეოთხედი Coxsackievirus B1 (CVB1)-გან იყო გამოწვეული. ზოგიერთი ამ ბავშვისთვის, ეს შესაძლოა განუკურნებელი დაავადების დასაწყისი ყოფილიყო.

„მონაცემების თანახმად, CVB1- ის ინფიცირებულ ბავშვთა დაახლოებით 5 პროცენტს ტიპი 1 დიაბეტი განუვითარდა”, – წერენ მკვლევარები 2014 წლის კვლევაში.

შესაძლოა, ეს მაჩვენებელი დიდი არ ჩანს, მაგრამ ტიპი 1 დიაბეტით მთელს მსოფლიოში ყოველწლიურად ასობით ჩვილი ავადდება. თუ CVB ჯგუფის სხვა წევრები ასევე ხელს უწყობენ ბეტა-უჯრედის აუტოიმუნურობას ეს რიცხვები შეიძლება უფრო მაღალიც იყოს.

ექსპერტები მიიჩნევენ, რომ თუ ყველაფერი კარგად წავა, ახლადშექმნილმა ვაქცინამ შესაძლოა ამ ტენდენციას წერტილი დაუსვას. ვაქცინის ეფექტურობა და უსაფრთხოება თაგვებზე უკვე გამოსცადეს. შემდეგი ეტაპი კი ვაქცინის ადამიანებზე დატესტვაა, რაც პრე-კლინიკური კვლევებით უნდა დაიწყოს.

მკვლევარების ვარაუდით, ვაქცინამ შესაძლოა ენტეროვირუსული ინფექციებიც შეამციროს.

 

წყარო: http://www.sciencealert.com/

მასალა მოამზადა:  თამარ ტაბატაძემ

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

გაზიარება:
fb-share-icon0
Tags : sld