close
აქართველო

,,თსუ ლოგოსი“ – ახალგაზრდა მთარგმნელების გაერთიანება და პირველი ალმანახი

17760666_1423022261098087_229643912_n

,,თსუ ლოგოსი“ არის არასამთავრობო ორგანიზაცია, რომლის საქმიანობასაც  ლიტერატურული, მეცნიერული და მთარგმნელობითი აქტივობა წარმოადგენს. ,,დოქტრინა“ დაინტერესდა ორგანიზაციის საქმიანობით და გაესაუბრა მის ხელმძღვანელს – ნინო აფციაურს, რომელმაც დეტალურად ისაუბრა მათ საქმიანობასა და ამ სფეროში არსებულ პრობლემატიკაზე.

საინიციატივო  ჯგუფი 2013 წელს, ნინო აფციაურის ხელმძღვანელობით ჩამოყალიბდა, რომელიც ასევე გახლავთ ქართული ეროვნული კორპუსის თანამშრომელი ფრანკფურტისა და ფოლკსვაგენის პროექტში. მასთან ერთად, პროექტის კოორდინატორია მალხაზ არჩვაძე, მაგისტრი ხარისხის მფლობელი აღმოსავლეთმოცდნეობის მიმართულებით (ირანისტიკა) და ამჟამად, მარბურგის უნივერსიტეტის სამაგისტრო მიმართულების სტუდენტი. როგორც ნინო, ისე მისი გუნდის წევრები, როცა ამ ორგანიზაციის პირველ სახეს საინიციატივო ჯგუფის ფორმით აყალიბებდნენ, ჯერ კიდევ ბაკალავრიატის სტუდენტები იყვნენ, თუმცაღა მუხლჩაუხრელი შრომის შედეგად შეძლეს მრავალი დაბრკოლების გადალახვა და „თსუ ლოგოსის“ შექმნა, რომელსაც დიდი გეგმები იმთავითვე ჰქონდა.

რაც შეეხება ორგანიზაციის გზას 2013 წ-დან დღემდე,  წელს გამოცემულ სამეცნიერო ალმანახამდე, ძირითად პროექტებში უნდა აღინიშნოს ,,ენის კვირეული“ და ,,ლიტერატურული ჰორიზონტები“. ,,ენის კვირეული“ 2013წლის 14 აპრილს მიეძღვნა და 7 დღეს გასტანა. დარეგისტრირებულ სტუდენტებს ამ პროექტმა საშუალება მისცა, მოესმინათ ლექციები ენის შესახებ ფილოსოფიური, სოციოლინგვისტური, ფსიქოლინგვისტური, თეოლოგიური, ესთეტიკური და ლინგვისტური თვალთახედვიდან. მაღალი დასწრების სტუდენტები ასევე ჩაერთვნენ პროექტის ბოლოს გამართულ ესეების კონკურსში, რომელსაც უმასპინძლა საგურამოს ილია ჭავჭავაძის სახლმუზეუმმა და მისმა დირექტორმა -ანდრო ბედუკაძემ.

„ენის კვირეულიდან“ ერთი წლის თავზე კი, „თსუ ლოგოსმა“ ჩაატარა პროექტი სკოლის მოსწავლეებისათვის – „ლიტერატურული ჰორიზონტები“, რომელიც მიზნად ისახავდა მოსწავლეების ლიტერატურის ექსპრესიონისტული მიმართულების კონტექსტუალურ ხედვისა და მათი ანალიტიკური უნარების განვითარების ხელშეწყობას. რამდენიმე სალექციო შეხვედრის შემდეგ მონაწილეებმა თავად წარადგინეს მოხსენებები კონსტანტინე გამსახურდიას ექსპრესიონისტულ ტექსტებზე.

რაც მთავარია,  2015 წელს „თსუ ლოგოსი“ არასამეწარმეო იურიდიულ პირად დარეგისტრირდა და ასე გააგრძელა მუშაობა პროექტზე, რომელიც სამეცნიერო ალმანახების გამოცემითაა დაკავებული. პროექტ „ჰერმენევტიკული ჰორიზონტების“ იდეა იმ მწვავე პრობლემის საპასუხოდ გაჩნდა, რომელიც ჩვენს სასწავლო სივრცეში აფერხებს ღირებულ სასწავლო პროცესს და ხელს უშლის პროფესიონალების ჩამოყალიბებას, ნინომ ჩვენთან საუბარში ისაუბრა ქართულ მთარგმნელობით სივრცეში არსებული პრობლემების შესახებაც  – ,,გარკვეული მიმართულებები ეტაპობრივად თარგმნიან თავიანთი პროგრამებისათვის აუცილებელ ლიტერატურას, მაგრამ ეს პროცესი საკმაოდ არასისტემური და არათანამიმდევრულია. შესაბამისად, აუცილებელი იყო ისეთი ბეჭდური გამოცემის წამოწყება, რომელიც სწორედ სამეცნიერო ლიტერატურით გაამდიდრებდა ქართულ რეალობას და მომავალ მკვლევრებს მათთვის აუცილებელი ლიტერატურით საჭირო მასალით მოამარაგებდა. ჰერმენევტიკა, როგორც ტექსტების კვლევის მეთოდი და ჰერმენევტიკა, როგორც ფილოსოფიური მიმართულება წამყვანი დასავლური ლიტერატურის ფართო სპექტრს მოიცავს“. 

 ამრიგად, „ჰერმენევტიკულ ჰორიზონტებში“ დაბეჭდილი მასალა იმ გამოკვლევებსა (მაგ., ლუი ბერკჰოფი – „ბიბლიის ჭეშმარიტი კონცეფცია“) და ლექციებს (მაგ., უმბერტო ეკო – „ინტერპრეტაცია და ზეინტერპრეტაცია: ტექსტები, სამყარო, ისტორია“) ეფუძნება, რომლებიც ჰერმენევტიკის, როგორც მეთოდის მოვლენათა ანალიზისას გამოყენების საუკეთესო მაგალითებს შეიცავენ და დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ მისი შეძენა ,,პარნასისა“ და ,,ლიგამუსის“ წიგნის მაღაზიებში.

„ჰერმენევტიკული ჰორიზონტების“ გამოცემა სამომავლოდაც გაგრძელდება და იგი წელიწადში ორ ნომრად გამოიცემა, თუმცა ყოველი ნომერი მონოგრაფიის მოცულობისაა და, დიდი იმედია, რომ მუშაობის ასეთი ტემპით შედარებით მოკლე დროში მდიდარი მასალა დაგროვდება.

პროექტის წარმატებას დიდწილად განაპირობებს  ასევე თვითონ სტუდენტების გაერთიანება, რომელთა თარგმანებიც ეტაპობრივად მუშავდება ალმანახის გამოცემამდე, მათ პროექტის დაწყებისას გაიარეს გადამზადება ჰერმენევტიკისა და თარგმანის საკითხებში და ამ თეორიულ-პრაქტიკული ცოდნის საფუძველზე საკუთარი სახელმწიფოს სამსახურში პრაქტიკული მთარგმნელობითი საქმიანობით დღემდე აგრძელებენ უანგარო მოღვაწეობას. მათი მუდმივმოქმედი ნაწილი ამჟამადაც გადის გადამზადებას საგამომცემლო საქმეში და კიდევ უფრო დიდი წინსვლისათვის ემზადება.

ორგანიზაციას მრავალი პრობლემის გადალახვა უხდება, ვინაიდან თანამედროვე რეალობაში, როდესაც თანხები ძირითადად იხარჯება მეორეული პრობლემების წინ წამოწევასა და მოჩვენებით გადაჭრაზე, ამგვარ საქმიანობებს თვითგადარჩენისათვის უწევთ ბრძოლა და საკუთარი სახსრებით ცდილობენ ყოველი მომდევნო აქტივობის დაფინანსებას. ,,როგორც წესი, პოტენციური დამფინანსებლები საკუთარ რესურსებს მეცნიერებისაკენ ან სრულებით არ მიმართავენ, ან მხოლოდ მისი ტექნიკური ნაწილით ინტერესდებიან, რაც მსგავს წამოწყებებს ყურადღების მიღმა ტოვებს, თუმცა აქ იმედად რჩება საზოგადოება და განსაკუთრებით, მისი ახალგაზრდული ნაწილი, რომლის წინსვლისა და წარმატებისთვისაც შეიქმნა აღნიშნული პროექტი,“ – აღნიშნა ნინომ დასასრულს.

 

მასალა მოამზადა: თამარ დევდარიანმა

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”

მასალის გამოყენების პირობები

კომენტარი

Tags : slid
admin2

The author admin2