close
კომუნიკაციასაქართველო

თანამედროვე ქართული ანიმაცია – ახალგაზრდა ხელოვანის შეფასებები

თითქმის ერთი საუკუნეა, რაც საქართველოში მულტიპლიკაცია არსებობს და ამ სფეროში ბევრი საამაყო შედევრიც აქვს ქართულ საზოგადოებას მის საწყისებიდანვე შემორჩენილი, მაგრამ ბოლო დროინდელ ვითარებას თუ გადავხედავთ, აღნიშნული სფერო გაცილებით ნაკლებადაა აქტიური, სწორედ ამიტომ, ,,დოქტრინა“ დაინტერესდა პრობლემატიკით და გაესაუბრა ახალგაზრდა ხელოვანს, გიორგი გაგლოშვილს, რომელმაც ისაუბრა ქართულ სივრცეში არსებულ, ანიმაციის განვითარებასთან დაკავშირებულ პრობლემებზე.

გიორგი გაგლოშვილი ანიმაციით ბავშვობიდანაა დაინტერესებული, სამხატვრო აკადემიაშიც სწორედ იმ მიზნით ჩააბარა, რომ ეს სფერო საფუძვლიანად შეესწავლა, თუმცა, როგორც ჩანს, არც აქ ეთმობა ამ სფეროს საკმარისი ყურადღება, რაც ზოგადად ქართულ რეალობაში არსებული პრობლემით უფრო აიხსნება, ვიდრე ამ კონკრეტული მაგალითით. მაგრამ, დამაბრკოლებელი ფაქტორების მიუხედავად, გიორგიმ შეძლო თავადვე, საკუთარი ძალისხმევით, შეესწავლა საჭირო პროგრამები და 2014 წელს, სადიპლომო ნაშრომიც სწორედ თავისით ნასწავლი პროგრამით შექმნა, რომელსაც ,,სიმართლე“ უწოდა, იხ. ვიდეო:

ამჟამად გიორგი 25 წლისაა და მსგავსად ბევრი მისნაირი ახალგაზრდისა, მხოლოდ შეკვეთებზე მუშაობს, აქვს რამდენიმე მოკლემეტრაჟიანი ანიმაცია და უამრავი საინტერესო იდეა, რომელთა ხორცშესხმასაც შესაბამისი ფინანსები და სამუშაო გარემო სჭირდება.

წლის დასაწყისში გიორგისა და მის  მეგობარს გაუჩნდათ იდეა, რომ გაეკეთებინათ იუმორისტული მულტსერიალი, დაცლილი ყოველგვარი პოლიტიკისა და მსგავსი გაცვეთილი თემებისგან. თუმცა, აქაც ბევრი დაბრკოლებას წააწყდნენ, ერთ-ერთია ანიმაციის სკოლის არარსებობა, ,,ფიზიკურად არ არიან ადამიანები, რომლებიც ოპერატიულად და სწრაფად გააკეთებენ 2D ანიმაციას. და თუ არიან, ისინიც ჩემსავით შეკვეთებზე  არიან გადართულები და გაფანტულები… მე ვფიქრობ, რომ ამ სფეროში უნდა ჩაიდოს საკმაოდ დიდი ინვესტიცია, იმიტომ რომ ანიმაცია იყო, არის და იქნება კომუნიკაციისა და აზრის გადაცემის საუკეთესო საშუალება,“ – აღნიშნა გიორგიმ.

საქართველოში ანიმაციის სფერო საზოგადოებისთვის თითქოს დახშულია, მიუხედავად იმისა, რომ აქ უამრავი ნიჭიერი ადამიანია, ვინც მსოფლიო სტანდარტების შესაბამის პროდუქტის შექმნას შეძლებს, რა თქმა უნდა, თუკი იქნება შესაბამისი დაინტერესება და ფინანსური უზრუნველყოფა. სამწუხაროდ, ეს ხალხიც, გიორგის მსგავსად, ცალკე, თავისთვის მუშაობს და არ ხდება ამ ყველაფრის თავმოყრა.

ეჭვი არ არის, რომ ყველას გვაქვს ბავშვობის საყვარელი ქართული მულტფილმი, თუმცა, ამჟამად ალბათ გაგვიჭრდება, თუნდაც ერთი, თანამედროვე ქართული ანიმაციის დასახელება,  რაზეც გიორგი გულღიად გვესაუბრა – ,,საბჭოთა კავშირის დროს იყო დაფინანსება და მიუხედავად არსებული რეჟიმისა, გაცილებით მეტ სფეროს ექცეოდა ყურადღება, ვიდრე ახლა.  მე და ჩემი თაობა უცხოურთან ერთად, ქართულ მულტფილმებზეც გავიზარდეთ. დროთა განმავლობაში მივხვდი, რომ დღევანდელი ტექნიკითა და შესაძლებლობებით ბევრად კარგი ხარისხის მიღება შეიძლება. მიუხედავად ამისა, ეს არ ხდება, მაშინ, როცა ასეთი კარგი პროდუქტი იქმნებოდა ჯერ კიდევ 50 წლის წინ, იმ დროს, როცა ყველა კადრის დახატვა ფურცელზე ხდებოდა, რაც კოლოსალურ შრომასთან იყო დაკავშირებული. ახლა კი, როცა ამხელა შესაძლებლობებია გარშემო, შეიძლება ითქვას, რომ ჩვენ გვძინავს“.

გიორგი მოუწოდებს ბიზნესმენებსა და კომპანიებს, რომ ჩადონ ქართული ანიმაციის განვითარებაში ფული, რადგან ეს არის სფერო და საქმე, რომელიც ყოველთვის ამართლებს და რჩება მომავალ თაობას. ამასთანავე, აუცილებელია ხაზი გაესვას, რომ ერთ-ერთი მიზეზი იმისა, რომ ქართველი ახალგაზრდების ეს უხილავი შრომა არ აღწევს ფართო საზოგადოებამდე, როგორც გიორგიმ აღნიშნა,  არის ის, რომ მედიასაშუალებებიც არ მუშაობენ აქტიურად ამ მიმართულებით. აქედან გამომდინარე კი, სფეროში არსებული უკვე მზა პროდუქტიც მიუწვდომელი რჩება საზოგადოების ფართო მასებისთვის.

 

მასალა მოამზადა: თამარ დევდარიანმა

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა“

გაზიარება:
fb-share-icon0
Tags : slid