close
ამოგონება - ინოვაციააქართველო

სათამაშო ჟილეტი რეალური შეგრძნებებით – ქართველი ახალგაზრდების წარმატებული პროექტი

ჟილეტი

  ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტისა და ილიაუნის სამრეწველო ინოვაციების ლაბორატორიის (FabLab Iliauni) მეშვეობით  საზოგადოებისთვის ბევრი ახალგაზრდის ინოვაციური პროექტი გახდა ცნობილი, ერთ-ერთი მათგანია Laser Combat-ი —  სამი  ახალგაზრდის მიერ შექმნილი  ჟილეტი, რომელიც მოთამაშეებს თამაშის რეალურად და უმტკივნეულად შეგრძნების საშუალებას აძლევს. ,,დოქტრინა“ გაესაუბრა იდეის ერთ-ერთ ავტორს  – გივი ბერიძეს, რომელმაც დაწვრილებით ისაუბრა ამ პროექტის შესახებ.

          პროექტის ავტორები მათემატიკისა და კომპიუტერული მეცნიერებების მე-3 კურსის სტუდენტები გივი ბერიძე, ნიკოლოზ სიხარულიძე,  თორნიკე ფარცახაშვილი და აგრარული უნივერსიტეტის ელექტრო ინჟინერიის ფაკულტეტის სტუდენტი ირაკლი მსხილაძე არიან. ჯგუფის წევრებს იდეა მაშინ გაუჩნდათ, როდესაც საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტომ ისინი მიიწვია ნუნისში გამართულ ,,ინოვაციების ბანაკში“, სწორედ ეს გახლდათ პირველი შესაძლებლობა, რომელმაც მათ საშუალება მისცა შეექმნათ იდეის პირველადი პროტოტიპი და წარედგინათ ის დუბაიდან მოწვეული ინვესტორების წინაშე.

ჟილეტის შექმნის იდეა ახალგაზრდებს ბავშვობის მოგონებებმა შთააგონა, როცა თუნდაც ხის ჯოხებით თამაშის დროს რეალიზმის შეგრძნება არ არსებობდა, შესაბამისად, გადაწყვიტეს, შეექმნათ ჟილეტი სახელად Laser Combat-ი, რომელიც შეგრძნებებს ტოვებს და, ამასთანავე, უსაფრთხო და უმტკივნეულოა.

Laser Combat-ი მთლიანადაა სენსორებით აღჭურვილი და როდესაც რომელიმე წერტილში ხვდება ლაზერის სხივი, სწორედ იმ წერტილში უჩნდება მოთამაშეს ვიბრაციის შედეგად გამოწვეული უსიამოვნო შეგრძნება, რაც აგრძნობინებს, რომ ტყვია მოხვდა. აღსანიშნავია, რომ ეს ტექნოლოგია მაქსიმალურადაა მიმსგავსებული უკვე არსებულ უბრალო ჟილეტებს, მაგრამ  სწორედ რეალიზმის შეგრძნებაა ის, რაც მას გამოარჩევს უკვე არსებული კონკურენტებისგან, მაგალითად, როგორიცაა – ,,Airsoft Paintball-ი“ და ა.შ.

,,ინოვაციების ბანაკში“ გამარჯვებასთან ერთად,  დუბაის ინვესტორი კომპანიები – “TURN8“ და “I360accelerator“ გამარჯვებული გუნდს ყოველთვიური გრანტის დაწესებით დაეხმარნენ იდეის ხორცშესხმაში. ამის შემდეგ, სტუდენტებმა საკუთარი იდეა  ,,MACS ლაბორატორიის“ ხელმძღვანელს, ზვიად სულაბერიძეს, გაუზიარეს და სწორედ ამ ლაბორატორიაში შეიქმნა სრულფასოვანი პროტოტიპი.

გამოცდილების არქონის გამო სტუდენტებს რთული გზის გავლა მოუწიათ, სანამ სერიოზული ინევსტიციის მოპოვებას შეძლებდნენ, ნელ-ნელა  მათ შეძლეს კომპანია Edison.ge-ს ჩამოყალიბება, რომელიც სხვადასხვა ორგანიზაციასა თუ ფიზიკურ პირს სთავაზობს შექმნან ნებისმიერი სირთულის ტექნოლოგიური მოწყობილობა, Web, Mobile ან Desktopაპლიკაცია, თუნდაც 3D ან 2D ობიექტები სხვადასხვა თანამედროვე ტექნოლოგიის გამოყენებით.

სწორედ ამის შემდეგ, ჟილეტის იდეა წარადგინეს ,,სტარტაპ საქართველოზე“, სადაც 20 მონაწილე პროექტიდან მე-5 ადგილზე გავიდა და ძალიან ბევრი ინვესტორის მოწონება დაიმსახურა, აღებული 100 000 ლარიანი ინვესტიციით კი უკვე შეძლეს პროექტის ბაზარზე გატანაც. ახლაგაზრდები, ამ ეტაპზე, საქართველოში ბევრ მოლაპარაკებას აწარმოებენ, რათა გახსნან პირველი სათამაშო კლუბი, სამომავლოდ კი ევროპის ბაზარზე გასვლაზეც ფიქრობენ.

 

მასალა მოამზადა: თამარ დევდარიანმა

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი  – ,,დოქტრინა”

 

 

მასალის გამოყენების პირობები

კომენტარი

Tags : slid
admin2

The author admin2