close
აქართველოურიზმი

,,საქართველოში ყველა ბედნიერი უნდა იყოს – საამისოდ ყველაფერი გაქვთ!“ – პარიზელი მოგზაური საქართველოს შესახებ

ორიანე შიშა

27 წლის ორიანე შიშა დამწყები მოგზაურია, რომელმაც 5 თვის განმავლობაში 25-მდე ქვეყნის მონახულება შეძლო, ამ 5 თვიდან კი, თავისდაგაოსაცრად, საქართველოში თითქმის თვე-ნახევარი გაატარა – ქვეყანაში, სადაც ჩამოსვლასაც თავიდან სულ არ გეგმავდა.

 ფრანგ მოგზაურს საქართველო-სომხეთის საზღვარზე შემთხვევით შევხვდი, იმდენად მიიპყრო ჩემი ყურადღება თავისი დადებითი განწყობით,  გამოველაპარაკე, ბოლოს კი – მისი კონტაქტი ჩავინიშნე და თბილისში ინტერვიუ დავუთქვი, სიამოვნებით დამთანხმდა.

-ორიანე, როგორ გადაწყვიტე 27 წლის ასაკში გამხდარიყავი მოგზაური – თან, სრულიად მარტოს მოგენახულებინა უამრავი ქვეყანა?

-ჩემი მშობლები ძალიან განათლებლები არიან. დედა გერმანულის მასწავლებელია, მამა – ყოფილი მათემატიკოს მასწავლებელია, ამჟამად – ინფორმატიკის. მათი სურვილი იყო – მესწავლა ბევრი და ვყოფილიყავი საუკეთესო. მეც სულ ვცდილობდი ჩემს 26-ე დაბადების დღემდე, რომ მესწავლა და მეკათებინა ის, რაც მათ სურდათ, რათა ჩემით ეამაყათ.

ვსწავლობდი ბიზნესს, არ მომწონდა. შევწყვიტე. შემდეგ  ისტორიას. მე არ ვარ თეორეტიკოსი და ესეც შევწყვიტე. შემდეგ ცხობა შევისწავლე და შეფმზარეულიც ვიყავი – ტორტებს ვაცხობდი – ეს კი მართლაც მსიამოვნებდა. ბევრმა მითხრა, ქართველი კაცებისთვის შესანიშნავი ცოლი იქნებოდიო.

ბავშვობაში ჩემი ოცნება იყო, მემოგზაურა, დამეთვალიერებინა ყველაფერი, შეხვედროდი ყველა ადამიანს, გამესინჯა ყველა კერძი. იმდენად ვცდილობდი, ჩემი მშობლებს სურვილები ამესრულებინა, ჩემი თავი დავკარგე. ბოლო პერიოდში ხშირად ვიყავი სევდიანად. არასდროს მქონია იმის საშუალება, მეკეთებინა ის, რაც მინდოდა. მყავდა შეყვარებული, ვსწავლობდი, ვმუშაობდი – ყოველთვის ხდებოდა რაღაც, თითქოს, ყველაფერიც კარგად იყო. მაგრამ 5 თვის წინ დავშორდი შეყვარებულს, სწავლა დავასრულე, სამსახურს შევეშვი და ვთქვი -,,დროა!“

ცხოვრება მოკლეა და უნდა გამოიყენო შესაძლებლობები. ყველა გარემოება მეუბნებოდა იმას, რომ მე პარიზს არ ვეკუთვნოდი და უნდა წავსულიყავი. ხოდა, ჩავალაგე ბარგი და წამოვედი.

როგორ გადაწყვიტე საქართველოში ჩამოსვლა?

თავიდანვე მინდოდა მსოფლიო ტური, გადავწყვიტე, ჩემს გზაზე ბევრი ქვეყანა დამეთვალიერებინა, მაგრამ გეგმში საქართველო საერთოდ არ მქონდა.

პირველად პარიზიდან ბუდაპეშტში გადავფრინდი, სადაც მეგობართან ერთად  ცხელი წყლების სპაში წავედი და მან მითხრა – მსოფლიოში საუკეთესო ცხელ წყლები, სადაც ვყოფილვარ, საქართველოშიაო.

 …და სადაც არ უნდა ჩასულიყავი, რომელ ქვეყანაშიც არ უნდა ვყოფილიყავი, ამ გზაზე ერთი ადამიანი მაინც მხვდებოდა, რომელიც მეუბნებოდა, რომ საქართველოში აუცილებლად უნდა ჩავსულიყავი.

ეს ერთადერთი ქვეყანა იყო, რომელში ვიზიტის რჩევებსაც სულ ვიღებდი.

და გადავწყვიტე.

პირველ ოქტომბერისკენ ჩამოვედი, ვიმოგზაურე, შემდეგ 10 დღით გადავედი სომხეთში და დავბრუნდი ისევ უკან, აქედან კი – აზერბაიჯანში უნდა გადავიდე. (აზერბაიჯანში რამდენიმე დღე დაჰყო, ახლა ირანშია. ავტორის კომენტარი)

იდეაში, დაბრუნების შემდეგ, აქ ორიოდე დღე უნდა გამეტარებინა, მაგრამ მთელი კვირა შემოვრჩი. საქართველო მართლა ის ქვეყანაა, საიდანაც არ მინდა წასვლა.

-როგორია შენი თვალით დანახული საქართველო?

-ყველაფერი გაქვთ – შეგიძლიათ, გაერთოთ, ისერინოთ, ევროპაში საუკეთესო კლუბში – ,,ბასიანში“ წახვიდეთ. საოცარი ხალხი გყავთ – ძალიან გონებაგახსნილი.

თუ არ გიყვარს დიდი ქალაქები, შეგიძლია, უბრალოდ გახვიდე და რამდენიმე კილომეტრში სხვა სამყაროში აღმოჩნდე,

საოცარი ბუნება გაქვთ – მთები, ზღვა  – ყველაფერი. ამიტომაა საქართველო ასეთი გასაოცარი – ასეთი რამ სხვაგან არსად მინახავს. შეუძლებელია,  ასეთი რამ სხვა ქვეყანაში ნახო.

აქ ყველა უნდა იყოს ბედნიერი – საამისოდ ყველაფერი გაქვთ! ყველა ტურისტი კმაყოფილი უნდა წავიდეს – თუ გინდა გართობა, თბილისში ამისთვის უამრავი ადგილია, თუ გინდა ნახო ველური ბუნება – უნდა წახვიდე უშგულში. აღფრთოვანებული დავრჩი ქართული სოფლების ყოველდღიური ცხოვრების წესით.

შეიძლება დღეს საქართველო არ არის ეკონომიკურად ძლიერი ქვეყანა, მაგრამ ცხადად ჩანს, ვითარდება ტურიზმი და რამდენიმე წელიწადში ეს ტურისტებისთვის ერთ-ერთი ყველაზე მიმზიდველი ქვეყანა გახდება.

-არ იყო მარტო მოგზაურობის გადაწყვეტილების მიღება რთული? რეალურად, სრულიად მარტომ რომ იმოგზაურო, ეს გარკვეულ რისკებთანაც შეიძლება იყოს დაკავშირებული.

-გულწრფელად რომ ვთქვა, თავიდან ძალიან მეშინოდა. ახლა კი – ძალიან ბედნიერი და მადლობელი ვარ. ჩემი მთელი სხეული იღიმის. ჩემი სხეული მეუბნება –  აკეთებ იმას, რაც გინდა.

ზოგადად, ცუდი ხალხი ყოველთვის იქნება სადღაც, მაგრამ არ უნდა განაზოგადო. მიუხედავად იმისა, რომ ახლაც მეშინია ხოლმე, ეს მაინც ვერ შემაჩერებს.

სხვათა შორის, სულ ვატარებ ჯაყვას. არასდროს არ გამომიყენებია და ვიყენებ, მაგრამ ყოველი შემთხვევისთვის, ეს აუცილებელია.

ისიც უნდა ვთქვათ, რომ, რეალურად, მოგზაურობა ფუფუნებაა – როგორ ახერხებ, ამდენი ქვეყანა მცირე დანახარჯით მოინახულო?

-ბევრი ფული არ მაქვს. თვითმფრინავით მხოლოდ ერთხელ ვიმგზავრე პარიზიდან ბუდაპეშტამდე. ამ ქალაქებს შორის ყველაფერი მქონდა იქამდე ნანახი და ამიტომ გადავწყვიტე ასე. ახლა ვმოგზაურობ, რაც მართლა არაა ძვირი.  გზაზე ვხვდები ხალხს, რომლებიც ძალიან გულუხვები არიან, ამიტომ ვმოგზაურობ, რომ დავრწმუნდე,  რამდენად საოცარია ადამიანი. მედიით რასაც ვიგებთ, სულ ცუდი რაღაც ხდება – ხან ვიღაცას კლავენ, აუპატიურებენ, ძარცვავენ – თითქოს მსოფლიოში კარგი არაფერია. ჩემი მშობლები მეუბნებოდნენ – შენ ხარ გოგო და მარტო თუ იქნები, მოკვდები, რადგან ეს უსაფრთხო არაა. მაგრამ ხალხი, ვისაც ვხვდები, საპირისპიროს მიმტკიცებს –  ყველა ძალიან კარგია, გულუხვი.

სანამ მოგზაურობას დავგეგმავდი, 2 წელი თავაუღებლად ვიშრომე, ვიმუშავე, ფული დავაგროვე.  დღეში 12 საათს ვმუშაობდი რესტორანში, იქვე ვჭამდი და ვზოგავდი ფულს. თითქმის ყოველ წამს მოგზაურობაზე ვფიქრობდი.

ახლა, როცა ამ პროცესში ვარ, ვცდილობ, გონივრულად გამოვიყენო ეს თანხა – ვრჩები ჰოსტელებში, ასევე, ვიყენებ ქოუჩსერფინგს, რაც გულისხმობს იმას, რომ ისე ვრჩები ჩემთვის უცნობ ადამიანებთან, რომ ფულს არ ვიხდი. ასე ბევრ საოცარ ადამიანს ხვდები.

-ბოლო გაჩერება?

-არ ვიცი, რომელი იქნება ამჯერად ბოლო ქვეყანა.  ზოგად 30-40 ქვეყანა მაქვს ნანახი. არ მინდა დავგეგმო ჩემი მოგზაურობა. მთავარი მიზანია, ხალხი ვნახო.

რა მოხდა საქართველოში? – არ ვაპირებდი საერთოდ ჩამოსვლას და თითქმის თვე-ნახევარი შემოვრჩი,

უბრალოდ, მინდა, ხალხს გავყვე, მოვუსმინო. თუ კარგი ქვეყანა გაქვთ, უნდა მითხრათ და აუცილებლად წამოვალ!

ახლა მონღოლეთში მელოდება სამსახური და უნდა წავიდე. მომდევნო 2 თვე უნდა მოვუარო ცხენებს რანჩოზე. ასევე, ბაღს.

-შენი რჩევები საქართველოს, ქართველებს…

-რთულია, რაიმე შენიშვნის თქმა, იმდენად მომწონს ყველაფერი. შესაძლოა, გზების მოწესრიგებაზეა მეტი აქცენტი გასაკეთებელი. აგრეთე, რაც მართლა მომხვდა თვალში – თითქმის არცერთ კულტურულ ძეგლს არ აქვს აღწერილობა – ტურისტებს თქვენ მაქსიმალური ინფორმაცია უნდა მიაწოდოთ. საჭიროა მეტი მიმართულება, ნიშანი, აღწერა.

ეს ერთი მხრივ მისტიკურიცაა – განცდა გიჩნდება, თითქოს დაფარულ საგანძურთან გაქვს საქმე.

საბოლოოდ, კიდევ ერთხელ მინდა გავიმეორო – ეს ძალიან საოცარი ქვეყანაა, აქ თითქმის არაფერია შესაცვლელი.

-მართალია, დაგეგმვა არ გიყვარს, თუმცა, შემდეგ, როდესაც დაბრუნდები პარიზში, გაქვს თუ არა გარკვეული მიზნები?

-სანამ დავტოვებდი პარიზს, დავიწყე წიგნის წერა, რომელიც კომიქსის მსგავსია – თან ვხატავ, თან ვწერ. სადაც დავდივარ, ყველაფერს ვინიშნავ – ბუნებაზე, საჭმელზე, ხალხზე და რომ დავბრუნდები, დავასრულებ ამ წიგნს.

შემდეგ წავალ სოფელში, საფრანგეთში, გავაკეთებ ,,Aibnb-ს”, ბაღში დავრგავ ბოსტნეულს, მეყოლება ძროხა, მექნება რესტორანი, სადაც ვიზიტორებს ნატურალურ პროდუქტს შევთავაზებ – ესაა ჩემი გეგმაც და მიზანიც.

მასალა მოამზადა:  ნატალია ჯალაღონიამ

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა“

 

მასალის გამოყენების პირობები

კომენტარი

Tags : slid
admin2

The author admin2