close
ედიცინა

გარემოს ძირითადი დამაბინძურებლები საქართველოში და მათი ზემოქმედება

17902919_1348045881942979_717007323_o

გარემო გახლავთ უმნიშვნელოვანესი ფაქტორი, რომელიც უდიდეს გავლენას ახდენს ადამიანის ჯანმრთელობაზე. წყლისა და ჰაერის დაბინძურება, ქიმიური ნივთიერები, მაიონიზებელი გამოსხივება, ხმაური, ვიბრაცია და ა.შ. უარყოფითად ზემოქმედებს ადამიანის ორგანიზმზე და იწვევს არაერთ პათოლოგიას. ,,დოქტრინა” გაესაუბრა დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრის წარმომადგენელ ნია გიუაშვილს.

,,აღსანიშნავია, რომ ჰაერის ხარისხი საქართველოში არის მსგავსი ევროპის ქვეყნებისა. ერთადერთი სხვაობა ისაა, რომ ჩვენს ქვეყანაში განსაკუთრებულად დიდი რაოდენობით იყენებენ მყარ საწვავს, შეშას, როგორც საკვების მოსამზადებლად, აგრეთვე, გასათბობად, რომელიც გახლავთ ერთ-ერთი მიზეზი ჰაერის დაბინძურებისა. საქართველოში ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების ძირითადი წყარო სატრანსპორტო საშუალებების გამონაბოლქვია. მოგეხსენებათ, ავტომობილის სიძველესთან პირდაპირაა დაკავშირებული მავნე გამონაფრქვევის რაოდენობა, გარდა ამისა, ტრანსპორტი ტექნიკურად არ მოწმდება, შესაბამისად, რისკების ზუსტი შეფასებაც ძალიან რთულია, თუმცა ასაკისა და კონტროლის არარსებობის პირობებში შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ავტოპარკის უმრავლესობა ტექნიკურად გაუმართავია,” – აღნიშნა ნია გიუაშვილმა.

ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემების მიხედვით, ჰაერის დაბინძურება ორი მილიონი ადამიანის ნაადრევი სიკვდილის მიზეზია. სატრანსპორტო საშუალებების გამონაბოლქვით ატმოსფერული ჰაერი ძირითადად ბინძურდება ნახშირჟანგით, ნახშირწყალბადებით, აზოტის ჟანგეულებით, გოგირდის  ორჟანგით, ჭვარტლით და ა.შ.

საქართველოში სიკვდილიანობის 90%-ზე მეტი გამოწვეულია არაგადამდები დაავადებებით, რომელთა შორის გარემოს მიმართ ძალიან მგრძნობიარეა გულ-სისხლძარღვთა პათოლოგიები, შესაბამისად, სიკვდილის მიზეზად ხშირად გვევლინება. აგრეთვე, მტვრის ნაწილაკების მუდმივი ზემოქმედება განსაკუთრებულად უწყობს ხელს სასუნთქი გზების დაავადებების განვითარებას. ჰაერის დაბინძურებასთან ერთად, დიდი ქალაქებისათვის მნიშვნელოვან პრობლემას წარმოადგენს საქალაქო ავტოტრანსპორტის ინტენსიური მოძრაობით განპირობებული ხმაურის დონის განუხრელი ზრდა. ხმაური მავნე ზემოქმედებას ახდენს ადამიანის ორგანიზმზე, იწვევს ცენტრალური ნერვული სისტემის მოშლილობასა და მთელ რიგ დაავადებებს.

,,მნიშვნელოვანია, რომ დაიგეგმოს მთელი რიგი ღონისძიებები, აუცილებელია საზოგადოებრივი ტრანსპორტის გაუმჯობესება (იმისათვის, რომ კერძო ავტომობილების გამოყენება თანდათანობით შემცირდეს), ურბანული დაგეგმარება, გამწვანების გაუმჯობესება, სამშენებლო ინდუსტრიის უკეთესად დაგეგმვა, საწვავის ხარისხის მონიტორინგი და, ზოგადად, ცხოვრების ჯანსაღი წესის ხელშეწყობა, მოსახლეობას უნდა მიეწოდოს ინფორმაცია უსაფრთხო და ჯანმრთელობისთვის სასარგებლო ისეთი აქტივობების შესახებ, როგორიცაა -ველოსიპედით მგზავრობა და ფეხით სიარული, რომელიც მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს ჰაერის ხარისხს,” – აღნიშნა ნია გიუაშვილმა.

ალბათ, აღნიშვნად ღირს, რომ ატმოსფერული დაბინძურების მთავარი ,,შემოქმედნი” სწორედ ადამიანები არიან, დროის სვლასთან ერთად ირღვევა ჰარმონია გარემოსა და ადამიანს შორის. მაგალითად, ტყეების გაკაფვა გარდაქმნის ნიადაგს, ირღვევა ეკოსისტემები, ბინძურდება ატმოსფერული ჰაერი, ნადგურდება ქარსაცავი ზონები, ეს კი, როგორ წესი, წინაპირობაა არა მარტო სტიქიური უბედურებებისა, არამედ სხვა მრავალი უარყოფითი ფაქტორის გამოწვევისა, რომელიც ხშირად ადამიანის სიკვდილს იწვევს.

 

მასალა მოამზადა: ნინი მშვენიერიძემ

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”

 

 

 

მასალის გამოყენების პირობები

კომენტარი

Tags : slid
admin2

The author admin2