close
ანალიტიკაეკოლოგიაეს საინტერესოასაქართველო

ნარჩენების მართვა მსოფლიოსა და საქართველოში – სად ,,ქრება” ნაგავი?

ნაგვის ინდუსტრია ერთ-ერთი უზარმაზარი ბიზნესინდუსტრიაა თანამედროვე მსოფლიოში. ერთი შეხედვით,  უზარმაზარი კომპანიები მართავენ ნარჩენებს და გარკვეული რეგულაციებიც არსებობს, თუმცა ეს ინდუსტრია მაინც საკმაოდ შემაშფოთებელ პრობლემად რჩება. საინტერესოა, რა მდგომარეობაა, ამ მხრივ, ჩვენს ქვეყანაში და არამარტო. საკითხთან დაკავშირებით ნარჩენების მართვის კონსულტანტს – კახა რუხაიას გავესაუბრეთ.

ღია ნაგავსაყრელები მწარმოებლური საზოგადოების შექმნის დღიდან შემაწუხებელ გარემოსა და ანტისანიტარიასთან იყო დაკავშირებული, მიუხედავად იმისა, რომ დღეს ღია ნაგავსაყრელები ძირითადად დასახლებული პუნქტებიდან მოშორებით მდებარეობს, ზიანი, რომელსაც ისინი გარემოს აყენებს ნამდვილად არ არის შემცირებული, რადგან მაგალითად, ღია ნაგავსაყრელებზე გახრწნილი ნაგავიც კი გამოყოფს  ე.ნაგავსაყრელის გაზს, რომელიც მეთანს შეიცავს, გარემოს დაცვის სააგენტოს მტკიცებით კი, მეთანი 21-ჯერ უფრო ეფექტურად ამწყვდებს სითბოს ატმოსფეროში და შესაბამისად, მსოფლიო კლიმატის ცვლილების ერთ-ერთი მთავარი მიზეზია.

მსოფლიოს უმსხვილესი ნაგავსაყრელები, რომლებსაც „მეგასაყრელებს“ უწოდებენ, აქტიურად იყენებენ მიწისქვეშა კონტეინერებს,  რომელთა ფართობიც 10-დან 100 აკრამდე მერყეობს, წარმოიდგინეთ, როგორც ამერიკის გარემოს დაცვის სააგენტოს ვებგვერდდან ვიგებთ, ვირჯინიის ერთი ასეთი საცავი ფართობით ათას საფეხბურთო მოედანს, ხოლო სიმაღლით ვაშინგტონის მონუმენტს უტოლდება, აღსანიშნავია ისიც, რომ ამგვარი საცავის თითოეული აკრის განვითარება და აშენება 500 000 დოლარი ჯდება, შესაბამისად, გასაკვირი არ არის რომ ჯერჯერობით საქართველოში მსგავსი პრაქტიკა არ დანერგილა. როგორც ბატონი კახა აღნიშნავს, დღეს საქართველოში არსებული 56 მუნიციპალური ნაგავსაყრელიდან არცერთს არ გააჩნია ნაგავსაყრელის უჯრედებიდან გაზგამომყვანი სისტემაც, დედაქალაქს რაც შეეხება,  თბილისის მასშტაბით შეგროვებული ნარჩენების ნაგავმზიდებით ტრანსპორტირდება ქ. თბილისის მუნიციპალურ ნაგავსაყრელზე, სადაც ხორციელდება ნარჩენების განთავსება. ამ ეტაპზე, ნაგავსაყრელის ტერიტორიაზე არ არის მოწყობილი ნარჩენების დახარისხების საამქრო, სადაც შესაძლებელი იქნებოდა ნარჩენების დაახარისხება.

მსოფლიოს უდიდესი ნაგავსაყრელების მფლობელი კომპანიები ნაგავსაყრელების შემაწუხებელი სუნის თავიდან ასარიდებლად უხილავ ნაერთს იყენებენ, რომელიც სუნის მოლეკულას მიწასთან აკავებს და მოსახლეობას ის არ აწუხებს,  თუმცა გარემოში მისი გავრცელება ამით არ აღიკვეთება, საქართველოში არც მსგავსი პრაქტიკა გვხვდება და ბუნებრივია, მოსახლეობაც ყოველთვის სკეპტიკურად არის განწყობილი მათ სიახლოვეს ნაგავსაყრელის განთავსების დროს, „შეიძლება ითქვას, რომ ნაგავსაყრელიდან სუნის ემისია სხვადასხვა მიზეზით შეიძლება განხორციელდეს. მაგალითად, ეს უკავშირდება ნაგავსაყრელზე ნარჩენების განთავსების  ინსტრუქციის დარღვევას, ნაგავსაყრელის ნაჟური წყლების და გაზების შეგროვების სისტემის გაუმართაობას. მინდა გითხრათ, რომ ზემოთხსენებული სისტემები დღეს საქართველოშ სრულყოფილად არცერთ ნაგავსაყრელზე არ მუშაობს“ – აღნიშნავს ბატონი კახა.

უცნაურია ასევე ისიც, რომ მსოფლიოს ნაგავსაყრელების ნახევარს ქაღალდი იკავებს, მაშინ როცა მისი გადამუშავება 5-ჯერაც კია შესაძლებელი,  რომ აღარაფერი ვთქვათ იმაზე, რომ ამ ერთი შეხედვით უხიფათო ქაღალდის წვამაც კი შეიძლება ჟანგბადში ერთ-ერთი ყველაზე მომწამლავი ქიმიკატის – დიოქსინის გამოყოფა გამოიწვიოს,  მაგალითად,  ქაღალდის წვის დროს პლასტმასთან ერთად და ა.შ. მაშინ, როცა  დიოქსინის განადგურებას ან ნეიტრალიზებას ვერც ერთი თანამედროვე ფილტრი ვერ ახერხებს. ბუნებრივია, ნარჩენების წვა საზიანოა ადამიანის ჯანმრთელობისა და გარემოსთვის, ამიტომაც, საქართველოში მოქმედი კანონმდებლობით ყველა ტიპის ღია წვა აკრძალულია, დაშვებულია ნარჩენების წვა მხოლოს სპეციალურ დანადგარებში (ინსინერატორები). თუმცა, გამომდინარე იქიდან, რომ საქართველოს ძალიან ბევრ რეგიონში, განსაკუთრებით პერიფერიულ სოფლებში, არ ხდება ნარჩენების მართვა, ნაგვის წვის ან თვითნებური ნაგავსაყრელის შექმნის შემთხვევებს თავიდან ვერ ავირიდებთ.

მუნიციპალური ნაგვის 30% – პარკები და შესაფუთი მასალაა, ჩინეთში პოლიეთილენის პარკებს „თეთრ დაბინძურებასაც უწოდებენ“, სამხრეთ აფრიკაში „ეროვნულ ყვავილს“, ბანგლადეშში პოლიეთილენის პარკებმა სადრენაჟო სისტემა გაჭედა და წყალდიდობები გამოიწვია, ამიტომ ქვეყანამ 2002 წელს აკრძალა მათი წარმოება, ამ მხრივ, საქართველოში ჯერჯერობით არ არის დაწესებული რაიმე სახის აკრძალვა, მაგრამ პოლიეთილენის პარკების შეზღუდვის მიზნით შემუშავებულია პოლიტიკური დოკუმენტის პროექტი, რომელსაც სავარაუდოდ მალე დაამტკიცებენ.

შეიძლება ითქვას, რომ პრობლემა თავად სისტემაშია, რომელიც  ამდენ ნაგავს წარმოქმნის, რისი მიზეზიც ნაგვისწარმოების მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე მომგებიან ბიზნესად ქცევა გახდა, ამის მაგალითია თუნდაც ის, რომ ამერიკაში ნაგვის ინდუსტრიიდან შემოსავალი 1997-2002 წლებში 200 მილიონიდან 1 მილიარდამდე გიაზარდა, რაც ნიშნავს რომ კონტეინერები, რომლებითაც აზიიდან სხვადასხვა ტექნიკა და საყოფაცხოვრებო საგნები ჩამოდის, უკან ნაგვით დატვირთული ბრუნდება.

დაბოლოს, როდესაც საზოგადოება მწამოებლებს ვერ აკონტროლებს, ბუნებრივი რესურსები დემოკრატიულად არ მოიხმარება, რადგან ეს რესურსები ისეთივე საზოგადოებრივი საკუთრებაა, როგორც მაგალითად – ჰაერი, ეს ნიშნავს რომ პრობლემა თითოეული ჩვენგანის დამოკიდებულებაშია და საკითხის გადაჭრა მხოლოდ კანონმდებლობის დონეზე ვერ მოხერხდება.  გარემოს დამცველების ერთ-ერთი სტრატეგია „ნულოვანი ნაგავია“, რომლის მომხრეებსაც სურთ ნაგავსაყრელების და ნაგავსაწვავების დახურვა, თითქოს დაუჯერებელია, მაგრამ არსებობს ადგილები სადაც მსგავსი რამ მართლაც ხდება, ესენია – ტორონტო, ავსტრალია, ნოვა სკოტია და ა.შ. მათი ხედვით ნაგავი არ არის გარდაუვალი შედეგი, გადაყრილი მასალის გამოყენება ყოველთვის შეიძლება და ამას ახლებურად უნდა შევხედოთ.

 

წყარო:  ჰ.როჯერსი, „ხვალამდე გაქრება, ნაგვის გასაიდუმლოებული ისტორია“, თბილისი, 2015.

 

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

 

გაზიარება:
fb-share-icon0
Tags : slid