close
განათლებასაქართველოტურიზმი

საბაუნიში ტურიზმის საერთაშორისო ასოციაციამ Work-Shop გამართა

 სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტმა ტურიზმის მდგრადი განვითარების შესახებ გამართულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა. შეხვედრას გერმანიის აიხშტატი-ინგოლშტატის ტურიზმის ფაკულტეტის დეკანი უძღვებოდა.

შეხვედრა ეხებოდა საქართველოში ტურიზმის მდგრადი განვითარების საკითხებს. თემაზე გერმანელი ექპერტები, სხვადასხვა უმაღლესი სასწავლებლის პროფესორები და ადგილობრივი გერმანული ორგანიზაციების წარმომადგენლობები ესწრებოდნენ.  პროექტის ფარგლებში დაგეგმილია გურიის რეგიონის ტურისტული პოტენციალის შესწავლა. კვლევაში მონაწილეობას გერმანელ პროფესორებთან ერთად გერმანელი მაგისტრანტებიც ღებულობენ. მომავალში არ არის გამორიცხული გერმანულმა მხარემ სხვადასხვა პროექტით პატრონაჟი აიღოს გურიის რეგიონალურ განვითარებაზე ტურისტული მიმართულებით, სწორედ ამ კვლევების საფუძველზე.

 ჰარალდ პეჩლანერი –  President of International Association of Scientific Experts in Tourism (AIEST):

,,საქართველოს მართლაც განსაკუთრებული პოტენციალი აქვს ტურიზმის მიმართულებით. ამ პოტენციალის ბოლომდე გამოყენება იქნება მომავალზე ორიენტირებული ძალიან სწორი არჩევანი. ქართველები ემოციური ადამიანები არიან. თუ სერვისზე გვექნება საუბარი, არსებობს ასეთი ემოციური სერვისის სტილი. ეს ძალიან კარგია. მოსწონთ ტურისტებს ემოციური და გულწრფელი მასპინძლობა. განსაკუთრებულ შედეგს იძლევა პროფესიული და ემოციური სერვისის ერთობლივი მიწოდება. ამიტომ, ემოციებთან ერთად კარგია სტუმარ-მასპინძლობის დახვეწილი, მაღალი სტანდარტები, რომელიც უცხოელი ტურისტებისთვის გახლავთ მიმზიდველი და განსაკუთრებული მნიშვნელობის. ისიც, ვიცი, რომ სტუმარ-მასპინძლობის დიდი ისტორია აქვს საქართველოს. გასათვალისწინებელია ასევე დღევანდელი გამოწვევებიც, ტურისტული ინტერესით. საქართველო ცნობილია თამადის ინსტიტუტით- ეს ბევრმა უცხოელმა უკვე იცის. ძალიან საინტერესო აზრი დევს ამ იდეაში, რაც ასევე მიმზიდველია ტურისტებისთვის. ტურიზმის მდგრადი განვითარებისთვის განსაკუთრებული მნიშვნელობის სწორედ ინფრასტრუქტურული განვითარებაა.”

 

ერიკ ლივინი – თსუ-ის ეკონომიკის საერთაშორისო სკოლა – აისეტი (ISET), პრეზიდენტი:

,,დღეს დამთავრდა ტურისტული სეზონი საქართველოში. მორჩა! შავი ზღვის ტურიზმზე მინდა თქვენი ყურადღება შევაჩერო. ზღვის ტურისტული სეზონის ბუმის დასასრულია საქართველოში. ვიღაცამ გადაწყვიტა, რომ დღეს არის სეზონის ბილო დღე! მე, პირადად, ურეკში ვისვენებ ხოლმე. უნიკალური შესაძლებლობები აქვს შავ ზღვას ქვიშის, ქვების, სამკურნალო სანაპირო და ა.შ. ურეკში ზაფხულის სეზონზე ქვიშის სანაპიროას საკმაოდ ძვირადღირებული დანადგარით წმინდავენ და ეს ძალიან კარგია. 3 სექტემბერს იქ ტურისტულ სეზონს ხელოვნურად კლავენ. და რატომ? 3 სექტემბერს სანაპიროს გამწმენდი ძვირადღირებული დანადგარი ამთავრებს მუშაობას და ჩერდება მომავალ სეზონამდე. საინტერესოა, ეს ვისი გაუაზრებელი გადაწყვეტილებაა?! მე ეს ერთი მაგალითი მოვიყვანე, რომ განზოგადდეს პრობლემა. ასეთი გაუაზრებელი მიდგომა არ შეიძლება. როგორ ჩავლენ იქ ტურისტები, თუ იქნება ანტისანიტარია და აუტანელი გარემო? ვინ წყვეტს ამ არათანმიმდევრულ პოლიტიკას და სად იგეგმება? არადა, მეორე მხრივ, საკმაოდ ძვირადღირებული დანადგარია ამ პრობლემის აღმოფხვრისთვის შეძენილი. არ მესმის, რატომ უნდა ელოდებოდე ტურისტებს ყოველთვის ერთ დროს და რატომ უწესებ ჩარჩოებსა და შეზღუდვებს. სწორი, გააზრებული პოლიტიკაა საჭირო, თანმიმდევრულობა და კომპლექსური, კოორდინირებული მუშაობა პრობლემებზე.

მეორე მხრივ, მინდა გავიხსენო, როდესაც საქართველოში ჩამოვედი ნეკრესს ვესტუმრე. საოცარი ადგილია კახეთში. როდესაც მონასტერში ავედი, ასე მეგონა ღმერთთან ვიყავი სტუმრად. საოცარი ხედებით და საოცარი მდებარეობით. წლების მერე ნეკრესის რესტავრაცია მოხდა. თითქოს განვითარდა ინფრასტრუქტურა, დამთვარიელებლებს ემსახურებიან ტრანსპორტით, გათვლილია ტურისტებზეც. თუმცა, როდესაც მე ეს ვნახე, არ მომეწონა. თითქოს შეიცვალა ყველაფერი და მე იქ ის ვეღარ ვნახე, რამაც მომხიბლა. ალბათ, აღარასდროს ჩავალ ნეკრესში. ამიტომ, ვიმეორებ, რომ გააზრებული მიდგომა არის საჭირო და სწორი პოლიტიკა, რომ საქართველოში მდგრადი იყოს ტურიზმის განვითარება.”

ლაურა ციმერჰოფი – გერმანელი ტურისტი

,,მე, ამ შემთხვევაში, პოზიციას გამოვხატავ უბრალოდ, როგორც ტურისტი. ძალიან ვგულშემატკივრობ საქართველოს და ვაკვირდები როგორც ვითარდება ამ მიმართულებით. ძალიან მიყვარს სვანეთი, ზღვისპირეთი, ბევრი სხვა ადგილები. საგულისხმოა, რომ ხანდახან დეტალები წყვეტს ყველაფერს. შესაძლოა ძვირადღირებული დანადგარით წმენდენ ურეკის სანაპიროს, მაგრამ, მაგალითად, წყალი მთელი შავი ზღვის სანაპიროზე, როგორც წესი, არის ბინძური. ხშირად მცირე და საშუალო სასტუმროებში არის პრობლემები, ინფრასტრუქტურული მაგალითად, ასევე ენის ბარიერი. მაგალითად, გერმანიაში კერძო სექტორი იხდის გარკვეულ თანხას სახელმწიფოში, რომ მოწესრიგდეს საერთო ინფრასტრუქტურა. ბოლოს დავძენ, რომ გაითვალისწინეთ, ტურისტი ერთხელ არ უნდა ჩამოვიდეს მხოლოდ ქვეყანაში. ის უნდა ჩამოვიდეს, მოეწონოს, დაბრუნდეს კიდევ და სხვა ტურისტებსაც ესაუბროს საქართველოზე. თუ ის უკმაყოფილო დარჩა, არამც თუ მეორედ დაბრუნდეს, არამედ პოტენციურ ტურისტებს კარგავს ქვეყანა და თითოეული კერძო ბიზნესი, რომელიც ტურისტულ ბიზნესშია ჩართული. მთელი ქვეყანა ზარალდება.”

 

ოლივერ რაისნერი – ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი

,,საქართველოს მშენებლობების სერიოზული პრობლემა აქვს და მე ეს მაღელვებს ყველაზე მეტად. ძალიან ბევრი ისტორიული და გენიალური ხედი ფუჭდება თბილისში და საქართველოშიც ზოგადად. ტურიზმის მდგრადი განვითარებისთვის სერიოზული პრობლემაა სოფლად მცხოვრები მოქალაქეების მიგრაცია ურბანულ ცენტრებში. ეს კატასტროფულ და შეუქცევად შედეგებს გამოიღებს, თუ სასწრაფოდ არ მიექცა ყურადღება. ტურისტებს ელემენტარულად არ ეყოლებათ ადამიანები, ვინც საქართველოს გააცნობენ ურბანული ცენტრების მიღმა. სწორედ სოფლად მცოხვრები მოსახლეობა, ადგილობრივი ადამიანები უნდა იყვნენ ისინი, ვინც ამ ტურისტებს გაუმასპნძლდებიან და გადააწყვეტინებენ, რომ მეორედ ესტუმრონ საქართველოს.

აუცილებლად არის შესამუშავებელი პოლიტიკა, როგორ დარჩეს რეგიონებში ადგილობრივი მოსახლეობა და ჰქონდეთ მოტივაცია იქ ცხოვრების. თავის მხრივ, მოქალაქეები არ უნდა შეჰყურებდნენ მხოლოდ გუბერნატორებსა თუ მთავრობის წარმომადგენლებს ხელში და იყვნენ მათ იმედად. მათ უნდა ჰქონდეთ შესაძლებლობები თავად იაქტიურონ, თავად შექმნან და განავითარონ. გააზრებული პოლიტიკაა საჭირო და ადგილობრივი თემების ხელშეწყობა. ეს უმნიშვნელოვანეს პრობლემად მიმაჩნია საქართველოში ტურიზმის მდგრადი განვითარების მიმართულებით.”

კნუტ გერბერი – ზემო ბავარიის და მიუნხენის სავაჭრო სამრეწველო პალატის (გერმანია) პროექტის მენეჯერი საქართველოში

,,აქ საუბარი იყო, რომ 2025 წლისთვის უნდა გავიდეს საქართველო მაღალ შედეგებზე. ნუ დაგავიწყდებათ ამ საკითხებს შეხედროთ რეგიონალურ ჭრილში. საკმაოდ დიდი ამბიციები აქვს მაგალითად აზერბაიჯანსაც და გასათვალისწინებელია კონკურენცია მეზობელ ქვეყნებთან. განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს სერვისების განვითარების მიმართულებით მუშაობას.”

 

მაია წერეთელი – საქართველოს პარლამენტის წარმომადგენელი

,,ჩვენ ძალიან აქტიურად ვეხმარებით მცირე და საშალო სასტუმროებს, გვინდა, რომ რაც შეიძლება ბევრი იყოს და დახვეწილი, მაღალი ხარისხის სტანდარტებით. აქტიურად ვმუშაობთ ტურიზმის სფეროში განათლების დონის ამაღლებაზე – ვატარებთ ტრენინგებს სასტუმროების მენეჯერებისთვის და მომსახურე პერსონალისთვის. დღეს ტურიზმის მენეჯმენტის მიმართულებით ბევრი გამოწვევაა, ვცდილობთ არ ჩამოვრჩეთ მოვლენებს და თავი გავართვათ ამ გამოწვევებს. ჩვენ ასევე ვეხმარებით და ვაგზავნით სხვადასხვა ქვეყნებში ადამიანებს, რომ გაიღრმავონ განათლება ამ მიმართულებით.”

ვაჟა ვარდიძე – სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი:

,,ჩვენ მომსწრენი ვართ, რომ საქართველოში ტურისტების რაოდენობა განსაკუთრებულად იზრდება. ეს ფაქტია. აღნიშნული გამოწვეულია საქართველოს ცნობადობის ზრდით მსოფლიოში. თუმცა, ეს პროცესები მოუწესრიგებლად და გარკვეული სტანდარტების დაცვის გარეშე მიმდინარეობს, ამიტომ ექსპერტები ხშირად საუბრობენ, რომ თუ ამ განვითარებას არ ექნება მიზანმიმართული პოლიტიკა, შეიძლება დიდი კრიზისი მოჰყვეს და ვითარება საპირისპიროდ შეიცვალოს.

სწორედ ამ პრობლმებს ეძღვნებოდა ვორქშოპზე განხილული საკითხები, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ქვეყნის ტურისტული პოტენციალის ზრდისა და ტურიზმის განვითარებისთვის.

 ვორქშოპში, ჩვენი უნივერსიტეტის პროფესორებთან და სტუდენტებთან ერთად,  მონაწილეობდნენ სანგეორგ უნივერსიტეტის პროფესორი, საქართველოში მოქმედი ტურისტული სააგენტოები, ტურიზმის ექსპერტები, სხვადასხვა უნივერსიტეტის პროფესორები, არასამთავრობო ორგანიზაციების წამომადგენლები და აიხშტეტ ინგოლშტატის უნივერსიტეტის ტურიზმის ფაკულტეტის სტუდენტები. ისინი ჩამოსულები არიან საქართველოში, საბაუნისა და აიხშტატ ინგოლშტატის  უნივერსიტეტის ერთოლივ პროექტში მონაწილეობის მისაღებად, რომელიც ეძღვნება გურიის რეგიონის ტურისტული პოტენციალის აღმოჩენასა და განვითარებას.

უნივერსიტეტისთვის, მსგავსი ტიპის ვორქშოპის მასპინძლობა განსაკუთრებული მნიშვნელობისაა, რადგან საქართველოში მსგავსი ტიპის ღონისძიებები არც ისე ხშირად იმართება. ასევე დარწმუნებული ვარ, ღონისძიებაზე გაჟღერებული მნიშვნელოვანი საკითხები გათვალისწინებული იქნება სამომავლოდ.”

 

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

 

 

 

გაზიარება:
fb-share-icon0