close
ფსიქოლოგია

როგორ ახერხებენ პატარები ემოციების თვითრეგულაციას?

     ბავშვები სხვადასხვა ემოციის გამოხატვის გარდა, საკუთარი ემოციების მართვასაც სწავლობენ. ემოციების თვითრეგულაცია –  ეს არის სტრატეგია, რომელიც ჩვენი ემოციების ინტესივობას შეამცირებს. ემოციების თვითრეგულაცია რამოდენიმე კოგნიტურ უნარს მოითხოვს: ყურადღების კონცენტრაციას და გადატანას, აზრებისა და ქცევის მოთოკვას, დაგეგმვას და სტრესული სიტუაციიდან თავის დასაღწევად აქტიური ნაბიჯების გადადგმას.

 

ემოციების თვითრეგულაციას ვახდენთ მაშინ, როცა საკუთარ თავს ვახსენებთ, რომ შფოთვის გამომწვევი სიტუაცია მალე დასრულდება, მეგობრის ქცევით გამოწვეულ ბრაზს დავძლევთ ან საშინელებათა ფილმის ყურებას თავს ვარიდებთ.

ემოციების თვითრეგულაცია გულისხმობს ემოციების შეგნებულ მართვას. ამას კი განაპირობებს თავის ტვინის შუბლის ნაწილის განვითარება და უფროსების დახმარება (ასწავლიან პატარებს ემოციების მართვას).

ცხოვრების პირველი თვეების განმავლობაში ჩვილებს ემოციების მართვის შეზღუდუ­ლი უნარი აქვთ. მიუხედავად იმისა, რომ მათ შეუძლიათ არასასიამოვნო სტიმულს ზურგი შეაქციონ, გრძნობების გამძფრებისას ტუჩები ამოძრაონ და წოვონ, შინაგანი და გარეგანი სტიმულები გადატვირთავს მათ ნერვულ სისტემას. ამიტომ, ისინი უფროსებზე არიან დამოკიდებული, რომლებიც მათ ხელში აიყვანენ, დაარწევენ, მოეფერებიან.

4 თვის ჩვილებს, ყურადღების გადატანის უნარის განვითარება, მათ ემოციების კონტროლში ეხმარება. ბავშვები, რომლებიც არასასიამოვნო სიტუაციას ზურგს აქცევენ, ნაკლებ დისტრესს განიცდიან. ცხოვრების პირველი წლის ბოლოს ცოცვა და სიარული, სხვადასხვა სტიმულთან მიახლოვებით ან განშორებით, ბავშვებს ემოციების რეგულირების შესაძლებლობას აძლევს.

იმ მშობლების შვილები, რომლებიც ბავშვების ემოციურ სიგნალებს ,,ამოიცნობენ” და მათზე თბილ, გულისხმიერ რეაქციას იძლევიან, ნაკლებად ნერვიულები და მეტად ცნობისმოყვარენი არიან. ასევე ისინი ადვილად მშვიდდებიან.

მშობლები, რომლებიც არ რეაგირებენ ბავშვის მიერ მიწოდებულ სიგნალებზე, სანამ ისინი ძალიან ინტენსიური არ გახდება, ბავშვებში ძლიერი დისტრესის გამოწვევას უწყობენ ხელს. მომავალში, მშობლებისთვის ასეთი ბავშვების დაწყნარება უფრო რთულია, ხოლო ბავშვებს ემოციების თვითრეგულაციის სწავლა უძნელდებათ.

თუ უფროსები ვერ არეგულირებენ ჩვილის სტრესულ მდგომარეობას, თავის ტვინის ის სტრუქტურა, რომელიც პასუხიმგებელია სტრესის შესუსტებაზე, შესაძლოა სათანადოდ ვერ განვითარდეს.

ერთ-ერთმა კვლევამ აჩვენა, რომ 5 თვის ბავშვები, რომლებიც ხელების მოძრაობის შეზ­ღუდვისას ტირილს იწყებდნენ, 10 თვის ასაკში, სათამაშოს ხელიდან გამორთმევის შემ­თხვევაში, ძლიერ ტირილს იწყებდნენ.

მეორე წლის ბოლოს, წარმოსახვისა და მეტყველების განვითარებასთან ერთად, ემოციების რეგულირების ახალი მეთოდები ჩნდება. მაგრამ პატარებს ჯერ არ შეუძლიათ მეტყველების ეფექტურად გამოყენება. მას შემდეგ, რაც ბავშვი ისწავლის საკუთარი მდგომარეობის ახსნას, ის აგებინებს უფროსს საკუთარ განცდებს და მათ დახმარების შესაძლებლობას აძლევს. მაგალითად, 2 წლის გოგონამ ზღაპრის მოსმენისას, წამოიყვირა: – ,,დედა, მეშინია!”. დედამ წიგნი გადადო და პატარას ჩაეხუტა.

 

მასალა მოამზადა: ნინო კერესელიძემ
ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

 

გაზიარება:
fb-share-icon0
Tags : slid